суббота, 15 февраля 2014 г.

ვინ არის ახალი აღთქმის ადრესატი?



ზეციური და მიწიერი იმედების შესახებ სწავლების (რომელიც ბიბლიაზეა დაფუძნებული) მოწინააღმდეგეებს, ხშირად მოჰყავთ ასეთი სახის არგუმენტი: «ახალი აღთქმა დაიწერა ყველა დროის ყველა ქრისტიანისთვის, ხოლო იეჰოვას მოწმეები (მრავალი სხვაც) მიიჩნევენ, რომ ზოგიერთი მუხლი მათ ეხებათ».

პირდაპირ რომ ვთქვათ, ეს მტკიცებულება არასწორია. რა თქმა უნდა, ახალი აღთქმა სასარგებლო და სიცოცხლის გადამრჩენ ინფორმაციას შეიცავს, მაგრამ მოდით ნუ დაგვავიწყდება, რომ მისი ტექსტი არ დაწერილა კონკრეტულად თანამედროვე მკითხველისათვის. ქრისტეს ყველა სახარებისეული დარიგება წარმოითქვა მისი მოწაფეებისთვის და იმ კონკრეტული ხალხისათვის ვინც მას უსმენდა. მოციქულთა ყველა წერილი დაწერილია კონკრეტული პირების მისამართით, რომლებიც შორეულ წარსულში ცხოვრობდნენ: ტიმოთეს, ტიტეს, ფილიმონის, რომაელი ქრისტიანების, კორინთელი ქრისტიანების, ეფესოელი ქრისტიანების და ა.შ. ებრაელთა მიმართ წერილი დაიწერა ებრაელი ქრისტიანებისთვის. იოანეს მეორე წერილის ადრესატი ვიღაც «ქალბატონია» (1:1), ხოლო მესამე წერილის – ქრისტიანი სახელად გაიუსი (1:1). იაკობის წერილი დაწერილია «თორმეტი ტომისთვის» (1:1). პეტრეს პირველი წერილის ადრესატები არიან პონტოს, გალატიის, კაპადოკიის, ასიისა და ბითვინიის კრებები (1:1). მხოლოდ სამ წერილში არ არის მითითებული აშკარა ადრესატი, ესენია – 2 პეტრე, 1 იოანე და იუდა, მაგრამ ისინიც პირველი საუკუნის კონკრეტული კრებებისთვის დაიწერა. საქმეები – ისტორიული მონათხრობია, მაგრამ მასაც კი ყავს ადრესატი, თეოფილე (1:1). გამოცხადება – ხილვების კრებულია მოციქულ იოანესთვის. მასში იესო ასევე მიმართავს მცირე აზიის ზოგიერთ კრებას.



სუფთა ფორმალურად, თანამედროვე მკითხველი არ წარმოადგენს  ამ ტექსტის ადრესატს, მიუხედავად იმისა, რომ ის მისთვის ძალიან სასარგებლოა. მაგრამ სარგებელი და ადრესაცია – ერთი და იგივე არ არის. ტექსტიდან სარგებლის მიღება მხოლოდ ადრესატს როდი შეუძლია, არამედ ხალხის უფრო ფართო წრეს. არსებობს ღია წერილების ჟანრი, როდესაც ერთი ადამიანი წერილს წერს მეორეს, მაგრამ მას აქვეყნებს ჟურნალში ან გაზეთში. ამით ნათელს ხდის, რომ წერილი სასარგებლოა ყველასთვის, და არა მარტო ადრესატითვის. თუ რაში გამოიხატება ეს სარგებელი – ეს სხვა საკითხია. თითქმის არავინ აყენებს ეჭვქვეშ ძველი აღთქმის სასარგებლოობას, მაგრამ ყველას ესმის, რომ ის ებრაელთა დაწერილია, ებრაელებისთვის და ებრაელებზე, განსაკუთრებით მოსეს კანონის ნაწილში.

ლინგვისტიკა ყოველთვის წინ უძღვის ღვთისმეტყველებას. თავიდან მე ვიღებ ტექსტს, ვადგენ მის აზრს, ვუტარებ ანალიზს, და მხოლოდ ამის შემდეგ ვაკეთებ რაიმე ღვთისმეტყველურ დასკვნებს. საკუთარი თავის მოციქულებთან და ადრეულ ქრისტიანებთან გაიგივება – ესაა ღვთისმეტყველური დასკვნა, და არა წაკითხულის პირდაპირი გაგება. ასეთი დასკვნის გასაკეთებლად უნდა არსებობდეს საფუძველი. სანამ არ ვიპოვით ამ საფუძველს, ჩვენ ზუსტად ისეთ სიტუაციაში ვიმყოფებით, როგორშიც იმყოფება, პრეზიდენტისთვის მიწერილი ღია წერილის მკითხველი. მკითხველი წარმოადგენს გარეშე მკვლევარს და არა ადრესატს. მას რა თქმა უნდა, შეუძლია გადაწყვიტოს, რომ ისიც პრეზიდენტია, მაგრამ საამისოდ მას უნდა ჰქონდეს საფუძველი. სანამ ისინი არაა ნაპოვნი, ასეთი გაიგივება როგორც მინიმუმ თავმდაბლობის უქონლობაა.

მაგალითად, როდესაც მე ვკითხულობ, რომ ქრისტე ჰპირდება მოციქულებს, რომ თავისთან წაიყვანს, რათა ისინიც იქ იყვნენ, სადაც ის იქნება (იოანე 14:3), მე არ მაქვს საფუძველი რომ ეს სიტყვები ავტომატურად ჩემს თავზე მივიღო. შეიძლება გამოვიცნო, მაგრამ შეიძლება შეცდომა დავუშვა. იმის დასადგენად, ვიქნები თუ არა იქ, სადაც იესოა, მე უნდა გამოვიკვლიო ბიბლიის სწავლება (და არა მარტო ახალი აღთქმა) მთელ მის კონტექსტებში, რის შემდეგაც გავაკეთო დასკვნები ღვთისმეტყველების მსგავსად. მე არ შემიძლია ავტომატურად საკუთარ თავზე მივიღო ქრისტეს სიტყვები, რომელიც წარმოთქმული იყო მოციქულთა მიმართ. რა უფლებით? საჭიროა ვიპოვო პასუხები მთელ რიგ ღვთისმეტყველურ კითხვებზე: არსებობენ თუ არა სხვა ადამიანები, მოციქულთა გარდა, რომელთაც აქვთ ასეთივე იმედი? რამდენნი არიან ისინი? როგორ ვიპოვო ისინი? შემიძლია მათ შორის მოხვედრა? როგორ გავაკეთო ეს? და ა.შ. სანამ ამ კითხვებზე პასუხებს ვერ ვიპოვი, ბიბლიის მთელი კონტექსტის გაანალიზებით, მე არა მაქვს უფლება, ქრისტეს ეს სიტყვები ჩემი მისამართით გავიგო. ზუსტად ისე, როგორც არ ვჩქარობთ წინადაცვეთას ან ღვთისთვის ცხოველური მსხვერპლის შეწირვას, რახან ეს მოსეს კანონში წერია.

მაგრამ დავსვათ მნიშვნელოვანი კითხვა: ლაპარაკობდა თუ არა ქრისტე თავის მიმდევრებზე განზოგადოებულად, ისე რომ არ მიმართავდა არავის პირადად, ისე რომ ჩვენ შეგვიძლია ამ  კატეგორიაში ჩვენი თავიც ჩავრთოთ? დიახ, და რაც აღსანიშნავია – ასეთი შემთხვევებში ის ხშირად არ მოიხსენიებს ზეციურ მოწოდებას. ის ლაპარაკობს მარადიულ სიცოცხლეზე ან სხვა რომელიმე საზოგადო კურთხევებზე, რომელსაც არ  აზუსტებს, ზეცაში მოხდება ეს თუ დედამიწაზე. განვიხილოთ რამოდენიმე მაგალითი:

ვინაიდან ისე შეიყვარა ღმერთმა ქვეყანა, რომ მისცა თავისი მხოლოდშობილი ძე, რათა ყოველი მისი მორწმუნე კი არ წარწყმდეს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე (იოანე 3:16).

ვინაიდან ვიწროა ბჭე და ძნელია გზა, რომელსაც მივყავართ სიცოცხლისაკენ, და მცირედნი ჰპოვებენ მას (მათე 7:14).

და წავლენ… მართალნი - საუკუნო სიცოცხლეში (მათე 25:46).

მოდით ჩემთან ყოველი მაშვრალნი და ტვირთმძიმენი და მე მოგიფონებთ თქვენ (მათე 11:28).

უთხრა მას იესომ: მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე; ვერავინ მივა მამაჩემთან თუ არა ჩემს მიერ (იოანე 14:6).

მინიმუმ სამჯერ ლაპარაკობს იესო პირდაპირ დედამიწაზე. ლუკას 23:43-ში ის ბოროტმოქმედს ჰპირდება სამოთხეში აღდგენას, ხოლო ებრაელები სამოთხედ მხოლოდ ერთს თვლიდნენ – ბაღს, სადაც ცხოვრობდნენ ადამი და ევა. არავითარი სხვა სამოთხე ებრაელთათვის ცნობილი არ იყო. უფრო პირდაპირ იესო ლაპარაკობს მათეს 5:5-ში: «ნეტარ არიან თვინიერნი, ვინაიდან ისინი დაიმკვიდრებენ მიწას». მას ხელს არაფერი უშლიდა რომ ეთქვა: «დაიმკვიდრებენ ზეცას», მაგრამ მან პირდაპირ თქვა - მიწას. ცნობილ ლოცვაში «მამაო ჩვენო» იესო ასწავლიდა ელოცათ, რათა ყოფილიყო ღვთის ნება ცაში და დედამიწაზე (მათე 6:10).

მოციქულებიც ლაპარაკობენ ცვლილებებზე, რომლებიც მოხდება დედამიწაზე:

ხოლო ჩვენ, აღთქმისამებრ, მოველით ახალ ცათა და ახალ მიწას, სადაც დამკვიდრდება სიმართლე (2 პეტრე 3:13).

მერე ვიხილე ახალი ცა და ახალი მიწა, რადგანაც პირველი ცა და პირველი მიწა გადაეგო, და ზღვა აღარ არის (გამოცხადება 21:1).

…განეგო ჟამთა სისრულე და ყოველივე ზეციურისა და მიწიერისთვის თავი მოეყარა ქრისტეში (ეფესელთა 1:10).

რათა მისი მეშვეობით, შემოერიგებინა ყოველი და მისი ჯვრის სისხლით დაეცხრო ყველაფერი - მიწიერიც და ზეციერიც (კოლასელთა 1:20).

რათა მეფეებად და ჩვენი ღმერთის მღვდლებად გექციეთ; და ვიმეფებთ დედამიწაზე (გამოცხადება 5:10).

და მესმოდა, რომ ყოველი ქმნილება, რომელიც არის ცაში თუ მიწაზე, მიწის ქვეშ თუ ზღვაში, და ყველაფერი, რაც არის მათში, ამას ამბობდა: ტახტზე მჯდომარესა და კრავს კურთხევა და პატივი, დიდება და ძლიერება უკუნითი უკუნისამდე (გამოცხადება 5:13).

როგორც ვხედავთ, არანაირად არ შეიძლება ვამტკიცოთ, რომ ახალი აღთქმა ლაპარაკობს მხოლოდ ზეცაზე. იმ შემთხვევებში, როდესაც იესო და მოციქულები ზეციერ მოწოდებაზე საუბრობენ, ისინი თავის აუდიტორიას მიმართავენ. კარგმა მასწავლებელმა ყოველთვის უნდა გაითვალისწინოს მიზნობრივი აუდიტორია, იესო და მოციქულები კი კარგი მასწავლებლები იყვნენ.

ის თუ როგორ აღვიქვამთ ბიბლიას, ძალიანაა დამოკიდებული იმ დადგენილებებზე და წინასწარშექმნილ აზრებზე, რომლებსაც ჩვენ ისეთ აქსიომებად მივიჩნევთ, რომლებიც განხილვას არ ექვემდებარებიან. ასეთ აქსიომებს შეუმჩნევლად შეუძლიათ ავნონ ღვთის სიტყვის კვლევას, განსაკუთრებით მაშინ თუ ჩვენ მათ ვერ ვამჩნევთ. ზოგი აქსიომის გადახედვა შეიძლება და აუცილებელიცაა მისი გადახედვა. ერთერთი მათგანია – მტკიცება «ბიბლია – ეს პირადად ჩემთვის გამოგზავნილი წერილია». ასე მხოლოდ გადატანითი მნიშვნელობით შეიძლება ლაპარაკი. «დაბალ დონეზე», ტექსტის დონეზე, ბიბლია – ესაა წიგნების კრებული, რომლებიც დაწერილია განსაზღვრული ავტორების მიერ, განსაზღვრული აუდიტორიისთვის, განსაზღვრულ ისტორიულ სიტუაციაში. ჩვენ თუ ეს გვავიწყდება, შეიძლება არასწორ დასკვნებამდე მივიდეთ და ვერც კი მივხვდეთ.

-------------------------------------------------------------------------------

თარგმნილია: http://chivchalov.blogspot.com

ასევე წაიკითხეთ:


იესო არის ქრისტე

დანიშნულება ცაში

ჯოჯოხეთის პრობლემები

Комментариев нет:

Отправить комментарий