вторник, 25 февраля 2014 г.

ახალი ნაჭერი




ერთ-ერთ ფორუმზე, სადაც გარკვეული ბიბლიური სწავლების სიმართლეს არკვევდნენ, ერთერთმა ფორუმელმა გააკეთა მსგავსი კომენტარი: "ხალხო, რაღა დროს ძველი აღთქმაა? შეეშვით რა. საუკეთესო რამ რაც ღმერთის ნებით დაიწერა ესაა ახალი აღთქმა".

ძალიან საზიანოა «ახალი აღთქმის»  «ძველი აღთქმისაგან» ჩამოჭრა და მისი ცალკე შესწავლა. ერთის მხრივ, ასეთი გამოცემების ავტორებს შეიძლება გაუგო: ბიბლია ისედაც დიდია, ებრაელი ერის ისტორია ძალიან ირიბად ეხება ქრისტიანობას, მოსეს კანონმა კი სულ მთლად დაკარგა ძალა. თუმცა ამ შემთხვევაში ჩვენ იესოს სწავლებას ისეთი რელიგიური და ისტორიული კონტექსტიდან ვჭრით, რომელშიც ის ჟღერდა და რომლის გარეშეც ის ვერ იქნებოდა გაგებული.

პირველი ქრისტიანები არ იყვნენ აბორიგენები, რომელთა ცოდნაც ღვთის და მისი ჩანაფიქრის შესახებ ნულს უტოლდებოდა, ასე რომ მათთვის საჭირო არ იყო სწავლის სუფთა ფურცლიდან დაწყება. იშვიათი გამონაკლისების გარდა იესო მუდამ იმაზე ლაპარაკობდა, რაც მსმენელისთვის უკვე ცნობილი იყო. ერთი ღმერთი, სიცოცხლე და სიკვდილი, ცოდვა და მსხვერპლი, სამოთხე და ჯოჯოხეთი, ყველა ერის აბრაამში კურთხევა, დავითის სახლიდან დიდებული მეფის მოსვლა – ეს ყველაფერი ის ანბანი იყო, რომელიც ნებისმიერმა ებრაელმა იცოდა ჩვილობიდან. ზუსტად ამიტომ არ ხსნის ახალი აღთქმა მრავალ  საკვანძო გაგებას – ისინი უბრალოდ ისე მოიხსენიება როგორც უკვე ცხადი რამ, იმიტომ რომ იესოს ებრაული აუდიტორია მათ უკვე კარგად იცნობს. მაგრამ ამას ვერ ვიტყვით თანამედროვე მკითხველზე, რომელსაც ახალ აღთქმას აძლევენ ან უფრო ხშირად მხოლოდ სახარებებს.

ბერძნული და ებრაული წერილების განუყოფლობა უკვე იმ სიტყვებიდანვე ჩანს, რომელიც ანგელოზმა გაბრიელმა უთხრა მარიამს: «დიდი იქნება იგი (იესო) და უზენაესის ძედ იწოდება, და მისცემს ღმერთი მამამისის, დავითის, ტახტს. საუკუნოდ იმეფებს იაკობის სახლზე და არ იქნება დასასრული მისი სუფევისა» (ლუკა 1:32–33). დავითის ტახტი? იაკობის სახლი? საუკუნო მეფობა? მარიამისგან განსხვავებით, ახალი მკითხველისთვის ეს სიტყვები არაფრის მთქმელია, ჩინურია.

ქრისტიანული წერილები ახალი ქრისტიანებისკენ კი არაა მიმართული, არამედ ღვთის რჩეული და განსწავლული ერისადმი. პავლე მოციქული «წარმართული» კრებებისადმი მიწერილ წერილებშიც კი თავისუფლად ოპერირებს იუდაიზმის ტერმინოლოგიით, რადგანაც იმ დროს ეს კრებები ძირითადად იუდეველი პროზელიტებისაგან შედგებოდა. ახალი აღთქმის ავტორები იმ საფუძველზე აგრძელებენ შენებას, რომელიც უკვე ათასწლეულების განმავლობაში შენდებოდა, აბრაამიდან – ყველა მორწმუნის მამისაგან, დაწყებული, მოციქული პავლეს სიტყვების თანახმად (რომაელთა 4:11,16). და იმისათვის რომ შევძლოთ ამ საძირკვლამდე ასვლა, ჩვენ აი-ია-დან უნდა დავიწყოთ. მესიის შესახებ სწავლების გაგება შეუძლებელია ფსალმუნების გარეშე, სამეფოს შესახებ – დანიელის გარეშე, ცოდვის შესახებ – დაბადების წიგნის გარეშე, სამოთხის შესახებ – ესაიას გარეშე. თქვენ ეს ყველაფერი წაგართვეს, ქაღალდის ეკონომიის მიზნით. ქაღალდი კი დაზოგეს, მაგრამ გადარჩენის შესახებ რა ვთქვათ?

პრობლემას ასევე დასახელებაც აღრმავებს, «ძველი». როდესაც წიგნის სახელი ასე გამანადგურებლად ჟღერს, მისი წაკითხვის სურვილი საერთოდ გეკარგება. მითუმეტეს დღეს, როდესაც ძველი არაფერია მოდაში. ეს სახელწოდება სრულიად მცდარია. ძველი შეიძლება მხოლოდ მოსეს კანონს ვუწოდოთ, რომელიც იესოს მსხვერპლითა და შეთანხმებით გაუქმდა, მაგრამ ებრაული წერილები გაცილებით მეტს მოიცავენ, ვიდრე მოსეს კანონია. ისინი გვიყვებიან სამყაროს შექმნის, წარღვნის, ღმერთის მართალ ადამიანებთან ურთიერთობის შესახებ, რომლებიც მოსემდე დიდი ხნით ადრე ცხოვრობდნენ, ღვთის უცვლელი ნორმებისა და ფასეულობების შესახებ, შეიცავენ მარავალრიცხოვან ზნეობრივ გაკვეთილებსა და მაგალითებს, გვაჩვენებენ მომავლის წინასწარმეტყველურ სურათებს. ყოველივე ეს არასოდეს არც ყოფილა და არც იქნება «ძველი».

ახალი აღთქმის, მთლიანი ღვთის სიტყვისაგან ჩამოჭრა, აიოლებს მის დამახინჯებასა და მის თვითნებურად ახსნა-განმარტებას. ყოველთვის შეიძლება თქმა: «აი ხედავთ, ღვთის სამეფოზეა საუბარი. როგორ, თქვენ არ იცით, რა არის ღვთის სამეფო? ეს უსხეულო სულების საიქიო სამყაროა, ეს ხომ ნათელია. და თუ ვინმე მოკვდება, უნდა ვთქვათ: „სასუფეველი დაუმკვიდროს ღმერთმა“». და ადამიანს უწევს სიტყვის დაჯერება და თქმა «სასუფეველი დაუმკვიდროს ღმერთმა», მას ხომ საძირკველი არ აქვს, იმისათვის რომ დაჯდეს და შეამოწმოს. ამ საფუძვლების გარეშე ძალიან იოლია რწმენით მანიპულირება, რასაც მთელი თავისი ისტორიის განმავლობაში წარმატებით ახორციელებენ ქრისტიანული სამყაროს ლიდერები.

-----------------------------------------------------------------------

თარგმნილია: http://chivchalov.blogspot.com


ასევე წაიკითხეთ:


თქვენი ბიბლია?

ბიბლიის საპატრიარქოს თარგმანის დამახინჯებული (შეცვლილი) ადგილები (რამოდენიმე მაგალითი)

ციტატები ჯვრის შესახებ

Комментариев нет:

Отправить комментарий