вторник, 25 февраля 2014 г.

ურწმუნოების პლანეტა



რაც უფრო ბევრს ვფიქრობ მიზეზებზე, რომლებიც ადამიანებს ღმერთთან მისვლაში უშლიან ხელს, მით უფრო კარგად მესმის, რომ ამის მხოლოდ ერთი მიზეზი არსებობს – ურწმუნოება. ადამიანმა რომ სრულად, მთელი თავისი გულით იწამოს ის, რის შესახებაც ბიბლიის ფურცლებზე ვკითხულობთ, რომ იწამოს ყოვლისშემძლე და კეთილი ღმერთის, რომელსაც შეუძლია და უნდა მისი დახმარება, მაშინ მისი ცხოვრება 180 გრადუსით შეიცვლებოდა. მთელი მისი ფასეულობებისა და პრიორიტეტების სისტემა, მთელი მისი ცხოვრების წყობილება, ქვეყნიერებასთან, ადამიანებთან, პრობლემებთან, საკუთარ თავთან დამოკიდებულება – ყველაფერი ძირეულად შეირყეოდა, გადალაგდებოდა და სულ სხვა წყობის მიხედვით დალაგდებოდა. ის უკვე ვეღარასოდეს იტყვის, რომ მას ღმერთისთვის «დრო არ აქვს», იმიტომ რომ მიხვდება: ყველაფერი, რითაც აქამდე იყო დაკავებული, მარადიულობის გვერდით – არაფერია, და მხოლოდ ეხლა დაიწყო მან ნამდვილი ცხოვრება. მას არ დააინტერესებს გარშემომყოფთა აზრი, იმიტომ რომ მისთვის მნიშვნელოვანი იქნება მხოლოდ ერთი პიროვნების აზრი – ღმერთისა. მას უკვე ვერ შეაშინებ სიტყვით «სექტა», იმიტომ რომ ის გულგრილია ვიღაცის მოგონილი იარლიყების მიმართ. იესო ტყუილად როდი ამბობს, რომ რწმენას მთების დაძვრა შეუძლია (მათე 17:20). ზუსტადაც რწმენას, ხოლო ყველაფერი დანარჩენი მისი შედეგებია.

რწმენის სრულ არარსებობას ვხედავ თითქმის ყველა ადამიანის თვალებში, ვისთან ლაპარაკიც მიხდება. ეს ადამიანი გულწრფელად ფიქრობს, რომ მე იმიტომ მივედი რომ ვაიძულო რწმენა შეიცვალოს – მართლმადიდებლობიდან რაიმე სხვაზე. და ხშირად ძალიან რთულია მისთვის იმის ახსნა, თუ რამდენად ცდება. მას არ აქვს მართლმადიდებლური რწმენა, იმიტომ რომ მას არავითარი რწმენა არა აქვს. ის საკუთარი თავისთვის ცხოვრობს, თავისი სიამოვნებისთვის, თავისი ფიზიკური მოთხოვნილებებისთვის, თავისივე სპონტანურად შექმნილი ცხოვრებისეული შეხედულებებით, რომელიც შემთხვევითი წყაროებიდან შეითვისა – ძირითადად ესენია: სკოლის "აჯაფსანდალი", ტელევიზორი და მეზობლების აზრი. მას ვიღაც მითოლოგიური სექტანტების ეშინია, რომლებიც მას რომელიღაც სექტაში ჩაითრევენ – რა თქმა უნდა, არ ჩაითრევენ, იმიტომ რომ სექტაში ღმერთი უნდა გწამდეს, მას კი არ სწამს.

მე კი მინდა რომ რამენაირად დავეხმარო მას ამ რწმენის შეძენაში, უბრალოდ ღვთისადმი რწმენის შეძენაში, კონფესიებისა და სიმბოლოების გარეშე. არა «ღმერთის გულში» რწმენის ან «ღმერთი-ბუნების», არამედ ცოცხალი და პიროვნება ღმერთის, რომლის ნების გარეშეც ერთი ღერი თმაც კი არ ვარდება ადამიანის თავიდან, რომელსაც ამ ადამიანისთვის ისეთი სიკეთეების გაკეთება ძალუძს, რომლის წარმოდგენაც კი რთულია მისთვის. ღმერთის როგორც პიროვნების, რომელსაც აქვს სახელი, თვისებები, გრძნობები, რომელსაც შეუძლია გახარება და დანაღვლიანება, ამ ადამიანის ცხოვრების თვალყურის დევნება. ღმერთის – ამ ადამიანის მამის, რომელიც ყოველ წამს ელის გზააბნეული შვილის დაბრუნებას. ხოლო როდესაც დაბრუნდება, მან თვითონ აირჩიოს ნებისმიერი რელიგია, რომელიც მას მოეწონება, ეს უკვე მეორე და მესამე კატეგორიის საკითხებია. თუ ის იმ რელიგიას ისეთი ძლიერი რწმენით იწამებს, რომელიც მის ცხოვრებას შეცვლის, თუ ღმერთი მისი ცხოვრების ცენტრი გახდება, – მე მაშინ ვიფიქრებ, რომ ტყუილად არ მივსულვარ მასთან. მაგრამ ადამიანი არ ბრუნდება, იმიტომ რომ არ სწამს. არ სწამს და ამის გამო უბედურია, ვინაიდან მას მხოლოდ ღმერთის კი არ სწამს, არამედ ასევე არ სწამს ზნეობის, ფასეულობების, იდეალების. და მე თითქმის არ ვიცი, რითი დავეხმარო მას.

რაღაც დაემართა თანამედროვე ადამიანს. ბიბლიის ფურცლებზე, განსაკუთრებით მის პირველ წიგნებში, ვხედავთ, რა ძლიერ განსხვავდებოდა ძველი ადამიანი თანამედროვე ადამიანისაგან. მისთვის შემოქმედის არსებობა, ყოველივეს პირველმიზეზის, ზნეობისა და სულიერების დასაბამის, აქსიომა იყო, რომელსაც არ სჭირდება არავითარი მეცნიერული ან სხვა მეთოდებით დამტკიცება. თანამედროვე ადამიანმა კი უარყო შემოქმედიც, მიზეზიც, ზნეობრივი საწყისიც, ჩაეჭიდა მეცნიერულად დამტკიცებულ ღვთის არარსებობას, როგორც ხავსს და გაურბის ყოველივეს, რაც რელიგიასთანაა კავშირში. ჩვენ სულ სხვა მსოფლიოში ვცხოვრობთ, სხვა განზომილებაში, რომელშიც რწმენა რაღაც ძალიან ეგზოტიკურ რამედ იქცა, ისეთივედ როგორც მაკრამე და ესპერანტო.

მე, რა თქმა უნდა, არ ვლაპარაკობ მირონმდენი ხატებისადმი რწმენაზე, წმინდა წყალზე და ფაღარათის საწინააღმდეგო ლოცვებზე. მე მხედველობაში მაქვს ის რწმენა, რომლითაც აბრაამმა მიატოვა ქალაქის კომფორტი და მოხეტიალედ იქცა, ხოლო მოგვიანებით მზად იყო საკუთარი შვილი შეეწირა, მიუხედავად იმისა რომ ვერ ხვდებოდა რისთვის. ის რწმენა, რომლის გამოც იობმა ყველაფერი დაკარგა და ერთი წამით არ შეჰპარვია ეჭვი ღვთის სამართლიანობასა და სიკეთეში. ის რწმენა, რომლის წყალობითაც ნოე ათწლეულების განმავლობაში ასრულებდა ისეთ სამუშაოს, რომელსაც დღეს არავინ არ მოკიდებდა ხელს მილიონ დოლარადაც კი. ყველა ამ ხალხს სჯეროდა, რომ ღვთისა და მისი ნების გარდა მათ ცხოვრებაში არაფერი არ არის და არც შეიძლებოდა ყოფილიყო. ასეთი რწმენა მარტო აბრაამის შთამომავლებს არ ჰქონიათ, ეს იყო წარღვნისშემდგომი ადამიანის ტიპიური მენტალობა. სადაა დღეს ეს მენტალობა? გაიცრიცა, როგორც ძველი მანუსკრიპტების ფურცლები. და მხოლოდ არქეოლოგები და სიძველის მოყვარულები ათვალიერებენ მას ცნობისმოყვარეობით, როგორც მორიგ უიშვიათეს აღმოჩენას.

ურწმუნოების მსოფლიო აპოფეოზი – აი აღსასრულის ერთერთი ნიშანი.

-----------------------------------------------------------------------

თარგმნილია: http://chivchalov.blogspot.com


ასევე წაიკითხეთ:

ათეიზმი და ფასეულობები

ვის სჭირდება მტკიცებულებები?

რა არის კარგი?

Комментариев нет:

Отправить комментарий