четверг, 13 февраля 2014 г.

სიწმინდიდან კერპამდე


ხშირად მწერენ იმის შესახებ, რომ თანამედროვე ხატი – ესაა როგორც ტაძარი, რომელსაც დავითმა თაყვანი სცაო (ფსალმუნი 137:2; ყველა მუხლი მოყვანილია – საპატრიარქოს თარგმანიდან), და შესაბამისად, ხატის წინ დაჩოქება მისაღებიაო. ცოტა ხნის წინ მე უკვე გამოვთქვი ჩემი აზრი ამ თემაზე, მაგრამ აქ კიდევ ერთხელ მინდა მას შევეხო. პირველი, ბიბლიის ყველა თარგმანი როდი გადმოსცემს ამ მუხლს როგორც «თაყვანსვცემ ტაძარს», ხშირად ის ნათარგმნია როგორც «თაყვანსვცემ ტაძრის წინ». მაგრამ რა თქმა უნდა, ყოველთვის შეიძლება თქმა, რომ ხატებს კი არ სცემენ თაყვანს, არამედ «მათ წინ» აღასრულებენ თაყვანისცემას. ტაძარს ვცვლით სხვა წმინდა საგნის ან პიროვნების გამოსახულებით და ამით მივიღებთ ასპროცენტიან ბიბლიურ პარალელს. ასეა? არც მთლად ეგრეა საქმე.



იმისთვის რომ გავიგოთ, რამდენად უსაფუძვლოა ტაძარსა და ხატებს შორის გავლებული პარალელები, შევადგინოთ მათ შორის არსებული სხვაობების სია. (გავითვალისწინოთ ის, რომ დავითს, ტაძარში, მხედველობაში ჰქონდა კარავი. მათ შორის ბევრი საერთოა, და ამიტომ ჩვენს კონტექსტში ისინი დროდადრო ცვლიან ერთმანეთს.)

1) ტაძარი შექმნილი იყო ღვთის დავალებით. იეჰოვამ პირადად აკურთხა სოლომონი, რათა მას ტაძარი აეშენებინა (1 ნეშტთა 17:12; 3 მეფეთა 9:3). მსგავსს ვერაფერს ვკითხულობთ ხატებზე, წმინდა ნაწილებზე და ჯვრებზე. ტაძრისგან განსხვავებით, ხატები ღვთის კურთხევის გარეშე იქმნება.

2) ტაძარი – ერთი იყო. ტაძარი უნიკალური ობიექტი იყო, რომელსაც ანალოგი არ გააჩნდა მსოფლიოში. ძველი სამყარო მრავალ ტაძარს იცნობდა, მაგრამ ჭეშმარიტი ღმერთის ტაძარი მხოლოდ ერთ ეგზემპლიარად იყო წარმოდგენილი. ებრაელთაგან არავინ ატარებდა კისერზე ტაძრის პატარა მაკეტს და არც სახლში აწყობდა კუთხეს ტაძრის გამოსახულებებით. მილიონობით ცალკეული ხატი არსებობს, მრავალ წმინდანს მრავალნაირი ხატები აქვთ, თან ყოველ ხატს უამრავი ასლი გააჩნია და ა.შ. რა საერთო აქვთ ხატებს ტაძართან, თუ ის მილიონობით ეგზემპლარშია?

3) ღმერთმა თვალნათლივ აჩვენა, როდესაც ტაძარი მოიწონა. სოლომონმა როცა ტაძრის მშენებლობა დაასრულა, ღმერთმა აჩვენა, რომ მოიწონა ის, ღრუბლის სახით, ხოლო შემდეგ მოავლინა ცეცხლი, რომელმაც შთანთქა მსხვერპლი (3 მეფეთა 8:10). ეს იყო ღვთისგან კურთხევის დამაჯერებელი მტკიცებულება. ვერაფერ მზგავსს ვერ ვხედავთ თანამედროვე რელიქვიებთან დაკავშირებით. ღმერთს არაფერი უშლიდა ხელს რომ ისტორიის განმავლობაში ერთხელ მაინც, ვთქვათ, ხატის წინ სანთლები აენთო სასწაულებრივად, მაგრამ ასეთიც კი არ მომხდარა.

4) ტაძარი წარმოადგენდა ღვთის თანდასწრების სიმბოლურ ადგილს. ძალიან მნიშვნელოვანი მუხლია 3 მეფეთა 9:3: «მე ვაკურთხე ეს სახლი, შენ რომ ააშენე ჩემი სახელის დასამკვიდრებლად უკუნისამდე; ჩემი თვალი და გული მუდამჟამს მანდ იქნება». თუ ღმერთის «თვალი და გული» იმყოფება რომელიმე ადგილზე, შეიძლება ღმერთს თაყვანი სცე ასეთ ადგილთან? რა თქმა უნდა! მაგრამ, ნუთუ ღვთის «თვალები და გული» ყველა იმ მილიონობით ხატშია, რომლებიც ეკლესიებში და საეკლესიო მაღაზიებშია?

5) ტაძარს არავინ ყიდდა. დღევანდელ ხატებზე მშვენიერი ბიზნესია აწყობილი. საინტერესოა, რას იტყოდა ღმერთი, ებრაელებს რომ ტაძრის მინიატურული მაკეტების დამზადება დაეწყოთ და შემდეგ მათი გაყიდვის ბიზნესი აეწყოთ?

ბიბლიაში კიდევ ერთი წმინდა საგნის მაგალითია, თანაც უფრო ნათელი, ვიდრე ტაძარი, კიდობანი ან ქერუბიმები კიდობანზე. ამ საგანს განკურნების ძალაც კი ჰქონდა. ესაა მოსეს სპილენძის გველი:

უთხრა უფალმა მოსეს: გააკეთე უნასი და დაამაგრე კეტზე. შეხედავს თუ არა მას ნაკბენი განიკურნება. გააკეთა მოსემ სპილენძის გველი და დაამაგრა იგი კეტზე. როცა კი უკბენდა გველი ვინმეს, შეხედავდა კაცი ამ სპილენძის გველს და იკურნებოდა (რიცხვნი 21:8, 9).

ყურადღება მივაქციოთ, რომ აქ ღმერთმა პირადად უთხრა მოსეს რომ სპილენძის გველი გაეკეთებინა და პირადად უბრძანა მისთვის შეეხედათ განსაკურნავად. შეიძლება იმაზე დიდი სიწმინდე იყოს რამე, რომელიც ღვთისმოშიშმა ადამიანმა, პირადად ღვთის დავალებით შექმნა, მითუმეტეს რომ ის საშუალებას აძლევდა ხალხს სიკვდილისგან ეხსნათ თავი? მაგრამ, მიუხედავად ამისა, არცერთ ხატის დამცველს არ მოჰყავს ის პარალელის სახით. ამის მიზეზი ჩაწერილია 4 მეფეთა 18:4-ში:

მან (ხიზკიამ) გააუქმა გორაკები, დალეწა სვეტები, აჩეხა აშერა და დაამტვრია სპილენძის გველი, მოსეს გაკეთებული, რადგან იმ დრომდე საკმეველს უკმევდნენ მას ისრაელიანები და ნეხუშთანს უწოდებდნენ.

სპილენძის გველის შემთხვევაში ვხედავთ საგნის ტიპიურ ევოლუციას, სიწმინდიდან კერპამდე. იმან, რაც თავიდან სანქცირებული იყო ღმერთის მიერ, დროთა განმავლობაში ტიპიური წარმართული კერპის თვისებები შეიძინა: მასიური თაყვანისცემა, საკუთარი სახელის შეძენა (ნეხუშთანი) და ამ საგნის გარშემო სპეციალური რიტუალის ფორმირება (საკმევლის კმევა). მართალმა ხიზკიამ შენიშნა ეს ტენდენცია და აღკვეთა იგი, მაგრამ ალბათ ეს არ იყო იოლი, სპილენძის გველი ხომ მნიშვნელოვანი ისტორიული რელიქვია იყო. თანამედროვე რელიქვიებიც იკრებენ თავის გარშემო მილიონიან აუდიტორიებს; გააჩნიათ საკუთარი სახელები, განსხვავებული მათზე გამოსახული პიროვნების სახელისა (მაგალითად:«ათონის ივერიის ღვთისმშობლის ხატი»); მათაც უკმევენ ყოველ ტაძარში. სახეზეა ზუსტად მსგავსი ტენდენცია, ისაც რომ დავუშვათ, რომ თავიდან ამ საგნებში არ იყო არაფერი ცუდი.

როდესაც ხატების დასაცავად ბიბლიური პარალელები მოჰყავთ, ერთი რამ არ მესმის: მთავარი პრობლემა თვითონ გამოსახულება არაა როგორც ასეთი, პრობლემა ისაა, თუ რა ხდება მის გარშემო. სპილენძის გველის მაგალითზე ჩვენ ვხედავთ, რომ ნებისმიერი საგანი, თუნდაც თავიდან ღვთისმოსაწონი, შეიძლება გადაიქცეს კერპად და სისაძაგლედ, თუ ძალიან დიდ ყურადღებას მიიქცევს. ღმერთი ტყუილად როდი იცავდა ასე თავგამოდებით, თავის ერს მეზობელთა წარმართული კერპთაყვანისმცემლობისაგან. გავიხსენოთ, რომ არც კარავში და არც ტაძარში არ იყო არაფერი, თანამედროვე ხატთა მსგავსი. ცოდვილი ადამიანი მიდრეკილია ხილვით სიარულისკენ, და არა რწმენით, ის მიდრეკილია ყველაფერი მატერიალურისკენ, ფიზიკურად მომხიბვლელისაკენ. ეს მატერიალურისაკენ სწრაფვა აშორებს უხილავი ღმერთისადმი თაყვანისმცემლობას, რომელიც იმყოფება სულიერ, უფრო მაღალ სამყაროში, აქცევს რა რელიგიას ჯადოქრობის ფორმად – ვინაიდან სიწმინდეებს, სულიერისგან განსხვავებით, შესაძლებელია ფიზიკურად დაეუფლო. ტყუილად არ იყვნენ წარმართული რელიგიები ასე მჭიდროდ გადანასკვული მაგიასა და სპირიტიზმთან. საკმარისია ხელში ავიღოთ მატერიალური სიწმინდე, რომ ჩნდება ძალიან დიდი სურვილი დაეუფლო ღვთაებრივ ძალას, რომელიც მასშია, გაანთავისუფლო ის, ისწავლო მისი მართვა. ადამიანი უკვე იყურება არა ზევით, არამედ ქვევით, მან ხომ აქ  დაიმონა ღმერთი, დედამიწაზე. ამას მიჰყავს უფრო დიდ ცდუნებებთან, ხოლო ამ სიწმინდის მეპატრონეები და დამცველები უზარმაზარ ძალაუფლებას იღებენ გარშემომყოფებზე, რითაც აუცილებლად სარგებლობენ ბოროტად.

ქრისტიანული სამყაროს ლიდერებს შეუძლიათ მიჰბაძონ ხიზკიას და მტკიცედ გაასუფთაონ თავისი თაყვანისმცემლობა ნებისმიერი, კერპთაყვანისმცემლობის ცალკეული გამოვლინებებისგანაც კი. მათ შეეძლოთ მაგალითი ისლამიდან აეღოთ, სადაც ძალიან კარგად ესმით ეს საფრთხე. ისლამს კი ცოტა მეტი მოსდის ამ საკითხში, მაგრამ სჯობს ბევრი მოგივიდეს ვიდრე ცოტა. ამის მაგივრად მათ ურჩევნიათ საზღვარზე იარონ, რომელიც ჰყოფს მკურნალ გველსა და ნეხუშთანს, და ამბობენ: არაუშავს, იქნებ გაგვივიდეს. მაგრამ ეს ზღვარი იმდენად მყიფეა, რომ ის ფაქტიურად არ ჩანს. ეს ყველასთვის ძალიან დიდი რისკია, ვინც კი ამ ფორმის თაყვანისცემაში იღებს მონაწილეობას.


---------------------------------------------------------

თარგმნილია: chivchalov.blogspot.com

ასევე წაიკითხეთ:


კითხვები მართლმადიდებლურ ეკლესიას

ციტატები ჯვრის შესახებ

Комментариев нет:

Отправить комментарий