четверг, 13 февраля 2014 г.

უილიამ ბარკლი იოანეს 10:30-ზე


ახლა კი ჩვენ მივედით ყველაზე დიდ განაცხადთან: «მე და მამა – ერთი ვართ». რას ნიშნავს ეს? აბსოლუტურ საიდუმლოს წარმოადგენს ეს ჩვენთვის თუ ჩვენ შეგვიძლია რამე გავიგოთ ამ აბლანდულ გაგებაში, რომლის გამოც იბრძოდნენ და კამათობდნენ რწმენის სიმბოლოების შემდგენლები? აუცილებელია ვიყოთ ღვთისმეტყველი ან ფილოსოფოსი, იმისთვის რომ გავიგოთ ამ საოცარი განაცხადის თუნდაც მცირედი მნიშვნელობა?

განმარტებისთვის თუ ისევ ბიბლიას მივმართავთ, ჩვენ ვნახავთ, რომ ფაქტიურად ეს იმდენად ადვილია, რომ სულ უბრალო გონებაც კი მიხვდება ამ განაცხადის აზრს. მოდით ვნახოთ იესოს ლოცვა თავისი მიმდევრებისთვის, რომელიც მან წარმოთქვა თავისი ტანჯვის წინ. იქ ჩვენ ასეთ სიტყვებს ვპოულობთ: «წმინდა მამაო! დაიცავი ისინი შენი სახელით, ვინც მე მომეცი, რათა იყვნენ ჩვენსავით ერთნი» (იოანე 17,11).

იესოს ქრისტიანთა ერთობა ისე ესმოდა, როგორც მასსა და მამა ღმერთს შორის ერთობა. ის აგრძელებს: «მარტო მათთვის როდი გევედრები, არამედ ყველასთვის, ვისაც ვწამვარ მათივე სიტყვით. რათა ყველანი ერთი იყვნენ, როგორც შენ, მამაო, ჩემში, ხოლო მე - შენში, და ირწმუნოს ქვეყანამ რომ შენ მომავლინე. დიდება, რომელიც შენ მომეცი, მე მათ მივეცი, რათა იყვნენ ჩვენსავით ერთი» (იოანე 17,20-22). იესო უბრალოდ და გასაგებად ლაპარაკობს, ისე, რომ ვერანაირად ვერ შეგეშლება, რომ ქრისტიანული ცხოვრების მიზანი ძირითადად მდგომარეობს იმაში, რომ ქრისტიანები ისევე იყვნენ ერთმანეთში ერთნი, როგორც ისაა ერთი თავის ზეციერ მამასთან.

როგორია ის ერთობა, რომელიც უნდა მეფობდეს მორწმუნე ქრისტიანთა შორის? ამ ერთობის საიდუმლოებას წარმოადგენს - სიყვარული. «ახალ მცნებას გაძლევთ: გიყვარდეთ ერთმანეთი. და როგორც მე შეგიყვარეთ, ასევე გიყვარდეთ თქვენც ერთმანეთი» (იოანე 13,34). მათ ვისაც ქრისტე სწამთ ერთნი არიან, იმიტომ რომ უყვართ ერთმანეთი, და ასევე იესო და მამაც ერთნი არიან იმიტომ, რომ მას უყვარს მამა. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია უფრო შორს წავიდეთ. რა არის ის ერთადერთი, რითაც სიყვარული იცდება? ისევ ქრისტეს სიტყვებს მივმართოთ. «თუ დაიცავთ ჩემს მცნებებს, დარჩებით ჩემს სიყვარულში; როგორც მე დავიცავი მამაჩემის მცნებანი და ვრჩები მის სიყვარულში» (იოანე 15,10). «ვისაც ვუყვარვარ, დაიცავს ჩემს სიტყვას, და მამაჩემი შეიყვარებს მას: ჩვენც მივალთ და მასთან დავივანებთ. ვისაც არ ვუყვარვარ, არ იცავს ჩემს სიტყვებს; ხოლო სიტყვებს, რომელსაც ისმენთ, ჩემი კი არ არის, არამედ ჩემი მომავლინებელი მამისა» (იოანე 14,23.24). «თუ გიყვარვართ, დაიცავით ჩემი მცნებანი» (იოანე 14,15). «ვისაც აქვს ჩემი მცნებანი და იცავს მათ, მას ვუყვარვარ, ხოლო ვისაც მე ვუყვარვარ, შეიყვარებს მას მამაჩემი; მეც შევიყვარებ და ჩემს თავს გამოვუცხადებ მას» (იოანე 14,21).

აი ზუსტად ამაშია საქმის არსი. ერთობა - სიყვარულია, ხოლო სიყვარულის დამამტკიცებელი არის მორჩილება. ქრისტიანები მაშინ არიან ერთნი, როდესაც მათ შორის არის სიყვარულის კავშირი, და როდესაც ისინი ემორჩილებიან იესოს სიტყვებს. იესო ერთია ღმერთთან, იმიტომ რომ ემორჩილებოდა და უყვარდა ის ისე როგორც არავის სხვას. მისი ღმერთთან ერთობა – ესაა სრულყოფილი სიყვარულის ერთობა, რომელსაც სრულყოფილ მორჩილებამდე მიჰყავს. როცა იესომ თქვა: «მე და მამა – ერთი ვართ», ის არ ტრიალებდა ფილოსოფიის, მეტაფიზიკის და აბსტრაქციის სამყაროში, არამედ ტრიალებდა პირადი ურთიერთობის სამყაროში. არავის ძალუძს ბოლომდე გაიგოს, თუ რას ნიშნავს «ერთარსი», ის კი ყველასათვის გასაგებია, რას ნიშნავს გულთა ერთობა. იესოს და მამის ერთობა ორი ფაქტით გამოიკვეთა: სრულყოფილი სიყვარულით და სრულყოფილი მორჩილებით. ის და ღმერთი ერთი იყვნენ, იმიტომ რომ მას უყვარდა ის და ემორჩილებოდა მას, და იმიტომ მოგვევლინა ქვეყნად, რომ ისეთებად გავეხადეთ, როგორიც თვითონ იყო.

«ახალი აღთქმის კომენტარები», უილიამ ბარკლი , ცნობილი ბრიტანელი ღვთისმეტყველი და ბიბლეისტი.


----------------------------------------------------------

თარგმნილია: chivchalov.blogspot.com


ასევე წაიკითხეთ: 


იოანე და ტრინიტარული მითები

ციტატები სამებაზე

70 კითხვა მათთვის ვისაც სწამს სამება

Комментариев нет:

Отправить комментарий