среда, 12 февраля 2014 г.

ღმერთზე სამართლიანი?

                      


ქრისტიან გნოსტიკოსებს ორი ღმერთის სწამდათ: ძველი აღთქმის და ახალი აღთქმის. პირველს, იეჰოვას, ისინი ლამის სატანასთან აიგივებდნენ, ხოლო მეორეში ისინი ხედავდნენ იესო ქრისტეს მამას და თვლიდნენ უფრო უზენაეს, ჭეშმარიტ ღმერთად. შუა საუკუნეებში ამ მოსაზრებას მხარს უჭერდნენ კატარები და ზოგიერთი სხვა ჯგუფი, და თითქმის დღემდეც სადღაც მაინც მოისმენთ ამის მზგავს მოსაზრებებს. ძველი აღთქმის ღმერთი არის სასტიკი, შეუწყნარებელი, აიძულებს ბავშვების დახოცვას, აწყობს ერთა გენოციდს (1 სამუელი 15:3), ხოლო ახალი აღთქმის ღმერთი - ეს უკვე სიყვარული და მიტევებაა. ეს მრავალს აბნევს, ხოლო ზოგი, ამის გამო, ბიბლიის მიმართ გულგრილი ხდება. 

საკვირველი ისაა, რომ არავის აღაშფოთებს ის, რომ ღმერთი პრინციპში უშვებს სიკვდილს, სიკვდილი - ეს ხომ სასჯელია ღვთისგან, და სასჯელია ყველასთვის და არა მარტო ბოროტთათვის.

ასევე საკვირველია ის, რომ ის ხალხი, ვინც ასე ფიქრობს, ამართლებს, ვთქვათ, მეორე მსოფლიო ომის მფრინავებს, რომლებიც ბომბებს ჰყრიდნენ მშვიდობიან გერმანელ ქალთა და ბავშვთა თავებზე. ამას იმით ხსნიან, რომ ისინი ამას მნიშვნელოვანი მიზნისთვის აკეთებდნენ, და ამიტომ სწორად იქცეოდნენო. მფრინავებს ან არტილერისტებს შეეძლოთ დაებომბათ მტრული მოსახლეობა იმის გაურჩევლად და გაურკვევლად, ვინ მართალი იყო და ვინ დამნაშავე, ხოლო ყოვლისშემძლე ღმერთს ეს განზრახ ეკრძალება, მიუხედავად იმისა რომ ზუსტად ღმერთს შეუძლია მართლაც გარჩევით დასჯა. იგივე ხალხი, რომელიც აღშფოთებულნი არიან ღმერთის სისასტიკით, ხმას აძლევენ პოლიტიკურ ლიდერებს, რომლებიც იარაღს აწვდიან და ატომურ ელექტრო სადგურებს უშენებენ მუსულმანურ ქვეყნებს, რომლებიც მეორე ჰოლოკოსტის მოწყობას გეგმავენ.



ასევე უცნაურია, რომ პრეტენზიები გამოითქმება ქანაანის ერების განადგურების ეპიზოდებზე, მაგრამ არავინ გამოთქვამს პრეტენზიას, მაგალითად, მსოფლიო წარღვნაზე, ანდა სოდომისა და გომორას განადგურებაზე. არავინაა იმის წინააღმდეგი, რომ ქრისტემ ხალხები დაყო თხებად და ცხვრებად და თხების სამუდამო განადგურებას აპირებს. კი მაგრამ, ეს ყველაფერი ხომ - ერთი და იგივეა, ესაა ღვთის მიერ ცოდვილთა გასამართლების მომენტები. არც ხალხი, არც მოსე, არც ისრაელიანი მსაჯულები არ ყოფილან ამ უღმრთოთა გასამართლების ავტორები - ამას აკეთებდა პირადად იეჰოვა, ხოლო ხალხი მხოლოდ აღასრულებდა მის ნებას, მეტი არაფერი. ასეთი გაგებით არავითარი განსხვავება არ არის ქანაანელი ერების განადგურებას, წარღვნას და სოდომისა და გომორას, იერიქონის განადგურებას, ანანია და საპფირას სიკვდილსა და არმაგედონს შორის. ღმერთს შეუძლია თავისი სამართალი თვითონ აღასრულოს, და ასევე  შეუძლია მისი აღსრულება ანგელოზებს ან ადამიანებს დაავალოს. მაგალითად, არმაგედონი დავალებული ექნებათ იესოს და ანგელოზებს (2 თესალონიკელთა 1:6-10). ასურელთა არმიის განადგურება ანგელოზს დაევალა (ესაია 37:36). სავსებით შესაძლებელია, რომ დანარჩენი სასჯელების აღსრულებაც, წარღვნიდან დაწყებული, ანგელოზებს ჰქონდათ დავალებული. ხოლო უწმინდური ერების განადგურება დავალებული ჰქონდა ხალხს, და რა მერე? ესე იგი, ღმერთმა ჩათვალა, რომ ადამიანები სავსებით გაართმევდნენ თავს ამ საქმეს. ისინი თავისი ბოროტი სურვილის გამო კი არ ხოცავდნენ, არამედ ყოვლისშემძლე ღმერთის გადაწყვეტილებით, რომელიც აუცილებელი იყო და არ ექვემდებარებოდა განხილვას. ეს იყო მნიშვნელოვანი წმინდა მისია. ზუსტად ამიტომ იყო ისრაელი ხალხის ყველა ომი წმინდა და ღვთისმოსაწონი, თანამედროვე ომებისაგან განსხვავებით.

სამართლიანია კი ღმერთის მხრიდან ცოდვილთა დასჯა? რატომაც არა? ისინი აღუდგნენ თავის შემოქმედს. ადამიანმა ძალიან კარგად იცის, რომ თუ აღუდგები შენს შემოქმედს, ის წაგართმევს სიცოცხლის უფლებას – ეს მკაფოდ ითქვა ჯერ კიდევ ედემში. მწარმოებლის გარანტია რომ მიიღო, საჭიროა დაიცვა გარანტიის პირობები. ღვთის მიერ შექმნილ სამყაროში საცხოვრებლად, უნდა დაიცვა მისი პირობები და პატივი სცე მის ავტორიტეტს. ეს სავსებით სამართლიანი და ლოგიკურია. მითუმეტეს, რომ ეს პირობები ძალიან იოლი და ბუნებრივია, ისინი დაფუძნებულია უბრალო პრინციპზე, გიყვარდეს ღმერთი და მოყვასი. ქანაანის ერები კი საშინელ საქმეებს სჩადიოდნენ, შესაწირავის სახით სწირავდნენ ადამიანებს, რითაც შეურაცხჰყოფდნენ ღმერთს და ტანჯვას აყენებდნენ მოყვასს. თუ იეჰოვამ გადაუდებლად მოქმედება გადაწყვიტა, იმისათვის რომ ეს ერები მიწის პირისაგან აღეგავა, რაშია აქ სამართლიანობის დარღვევა?

ღმერთი მხოლოდ სიყვარული როდია, ის ასევე «შთამნთქმელი ცეცხლიცაა» (ფსალმუნი 18:8 აქ). არა მხოლოდ გულმოწყალე, არამედ სამართლიანიც. მოდით განვიხილოთ საპირისპირო ვარიანტი: რა იქნებოდა, ღმერთი რომ არასოდეს სჯიდეს ცოდვილებს? შესაძლოა, ჩვენ დღეს არ ვყოფილიყავით, იმიტომ რომ ნოეს დროინდელი ნეფილიმები მთელ კაცობრიობას ტერორში ამოხდიდნენ სულს. ღმერთს რომ ისრაელებისთვის არ მიეცა უფლება ეომათ მეზობელ აგრესიულ ერებთან, შესაძლოა, დღეს არ გვქონოდა ბიბლია, იმიტომ რომ არავინ იქნებოდა ვისაც ის უნდა დაეწერა. ალბათ, არ იქნებოდა ქრისტე, იმიტომ რომ არ იარსებებდა ღვთისმოშიში ხალხი, რომელშიც ის შეძლებდა დაბადებას და გაზრდას. ხალხი გამუდმებით შემოქმედის ნების წინააღმდეგ ივლიდა და მუდამ დაიხოცებოდა, და არ დარჩებოდა არავითარი იმედი. არ იქნებოდა თავად რელიგიაც, იმიტომ რომ რა აზრი აქვს თაყვანი სცე ღმერთს, რომელიც არ სჯის ცოდვისათვის და არ აღადგენს სამართლიანობას? ეს უკვე დეიზმია, თეორია გულგრილ ღმერთზე, რომელიც ათეიზმის ძალიან ახლო მეზობელია.

ნუთუ უკლებლივ ყველა ამალეკელი (ან სხვა რომელიმე განადგურებული ერი) ცოდვილი იყო? როგორც ჩანს, კი, რამდენადაც ამაზე, აბრაამისა და იეჰოვას დიალოგიდან შეგვიძლია ვიმსჯელოთ, როდესაც სოდომის შესახებ საუბრობდნენ (დაბადება 18). ეს ჭკუის სასწავლებელი ისტორია გვიჩვენებს, რომ იეჰოვა არ დაუშვებს ერთი მართლის სიკვდილსაც კი ცოდვილებთან ერთად. მთელ სოდომში და გომორაში, ერთი მართალიც კი არ იყო, რომელიც იეჰოვას თვალში სიცოცხლეს იმსახურებდა. აქედან გამომდინარე, ასევე იყო ამალეკელთა შემთხვევაშიც.

აუცილებელია გვახსოვდეს, რომ ძველი ცივილიზაციები მონოკულტურულები იყვნენ, დღევანდელი თანამედროვე ატომიზირებული საზოგადოებისგან განსხვავებით, სადაც რამდენი ადამიანიცაა იმდენი აზრია. ძველად ასე არ იყო. ერთ ერს ჰქონდა ერთი კულტურა, ერთი იდეოლოგია და ერთი რელიგია, რომელსაც ამ ერის ყველა წევრი მისდევდა. განხვავებულად მოაზროვნეები უბრალოდ არ არსებობდნენ: მათ ან განდევნიდნენ, ან სიკვდილით სჯიდნენ. ამალეკელებში რაღაც სასწაულად რომ გაჩენილიყო ერთი მართალი მაინც, ის უცბადვე იქნებოდა გაუცხოებული და საუკეთესო შემთხვევაში, იძულებული იქნებოდა ემიგრაციაში წასულიყო. რის შედეგადაც ის ვეღარ მოკვდებოდა ისრაელიანთა ხელით. ეს პრინციპი კარგადაა ჩამოყალიბებული 1 მეფეთა 15:6-ში «უთხრა საულმა კენიელებს: ადექით და განუდექით, გაშორდით ამალეკელებს, რომ მათთან ერთად თქვენც არ გაგანადგუროთ, რადგან სიკეთე გაქვთ გაკეთებული მთელი ისრაელისთვის, როცა ის ეგვიპტიდან გამოდიოდა.».

თუ მართალი როგორღაც აღმოჩნდება ცოდვილთა შორის, ის რაც შეიძლება მალე უნდა «გაშორდეს» მათ. თუ ის დიდი ხანი რჩება მათ შორის და არ შორდება, მაშინ არის შანსი რომ მათი ხვედრი გაიზიაროს – რაც აუცილებლად ლოტსაც დაემართებოდა, ანგელოზებს რომ არ დაეჩქარებინათ და თითქმის ძალით არ გამოეყვანათ სოდომიდან. ასევე ნოე გამოეყო დანარჩენ ცოდვილ ქვეყნიერებას კიდობანში შესვლით; ასევე 1-ლი საუკუნის ქრისტიანები გამოეყვნენ იერუსალიმს, როდესაც ის რომაელთა მახვილით დაეცა; ასევე ქრისტიანები დღესაც ეყოფიან ამ წუთისოფელს სულიერი გაგებით, რათა არ გაიზიარონ მისი ხვედრი არმაგედონში. მართლის ცოდვილთაგან გამოყოფა - ღვთის სამართლის, ყველა დროის, უნივერსალური პრინციპია.

კი მაგრამ, ჩვილთა დახოცვა როგორ შეიძლება, კითხულობს მრავალი. ჩვილთა უმანკოების თეორემა ფართოდაა გავრცელებული და ბევრი მას აქსიომად აღიქვამს, მაგრამ მისი სისწორე ბიბლიაში არ დასტურდება. «ვინაიდან ყველამ შესცოდა და მოკლებული არიან ღვთის დიდებას» (რომაელთა 3:23). მორჩა – ანუ ჩვილებმაც. ადამის ცოდვა შთამომავლობით მხოლოდ ზრდასრულებზე როდი გადმოვიდა, არამედ ასევე ჩვილებზეც. ადამის ნებისმიერი შთამომავალი, იბადება რა ქვეყნად, უკვე ცოდვილია და ავტომატურად იღებს სასიკვდილო განაჩენს დაბადების მომენტში. და ამ განაჩენთან ერთად ის იღებს ათწლეულებით (ან ვისაც როგორ გაუმართლებს) გადავადებას. ასე რომ, არავითარი ჩვილთა უმანკოება არ არსებობს, სხვა შემთხვევაში არ დაიბადებოდნენ მკვდარი ბავშვები და არ იარსებებდა თანდაყოლილი დაავადებები. რა ვქნათ, ასეა შექმნილი სამყარო, ცოდვილი შობს მხოლოდ ცოდვილს. და თუ ყველა ადამიანი დაბადებიდანვე ცოდვილია, დაბადებიდანვე სასიკვდილო განაჩენი აქვს და უბრალოდ გადავადებით სარგებლობს, შეგვიძლია განვიკითხოთ იეჰოვა, თუ ის გადაწყვეტს, რომ ვინმეს გაუუქმოს ეს გადავადება გარკვეული მიზეზის გამო, მაგალითად იმისათვის რომ საბოლოოდ ამოძირკვოს უწმინდური კულტურა? გადავადება – წარმოადგენს სასამართლოს მხრიდან გამოვლენილ წყალობას, და არა დამნაშავის განუყოფელ უფლებას. სასამართლო ვალდებული არაა გადაავადოს სასიკვდილო განაჩენი.

ამას გარდა, ფორმალური სამართლიანობიდან გამომდინარე იეჰოვას შეუძლია ნებისმიერ დროს წაართვას სიცოცხლე, დედამიწაზე მცხოვრებ ნებისმიერ ადამიანს ყოველგვარი ახსნა განმარტების გარეშე, თუ რატომ გააკეთა ეს, და ეს არ იქნება უსამართლობა. შეუბრალებლობაა? – შესაძლოა კი, მაგრამ არა უსამართლობა. ღმერთი ვალდებული არაა მოწყალება გამოავლინოს ცოდვილების მიმართ. მას შეუძლია მისი გამოვლენა, მაგრამ შეუძლია არ გამოავლინოს, თუმცა ჩვენი გასარჩევი არაა მისი გადაწყვეტილებები და არც ისაა სწორი გაგვანაწყენონ მათ. საერთოდ, ძალიან რთული კითხვაა: ვალდებულია თუ არა რამით ღმერთი ცოდვილების წინაშე, თუ ყველაფერი რასაც ის მათთვის აკეთებს მისი წყალობა და დაუმსახურებელი სიკეთეა მათ მიმართ.

რა თქმა უნდა, იეჰოვა -  ეს არაა ძველი აღთქმის ან ახალი აღთქმის ღმერთი, არამედ ერთადერთია და მისი ნება უცვლელია მარადიულობაში. ძველ აღთქმაში მან წარღვნა მოავლინა, ხოლო ახალში მოავლენს არმაგედონს. ძველში მან ამალეკელები და სოდომელები გაანადგურა, ახალში - მეფე ჰეროდე, ანანია და საპფირა (საქმეები 12:23; 5:1-10). იესოს თითქმის ყველა სწავლებას პარალელები აქვს ძველ აღთქმაში. იმავე «ძველი აღთქმის ღმერთმა», რომელმაც ამალეკელები მოსპო, სიამოვნებით შეიწყალა ნინეველები. მანვე თქვა შემდეგი სიტყვები: «განა მახარებს ბოროტის სიკვდილი?! - ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა, - განა ის არ გამახარებს, რომ მობრუნდეს თავისი გზიდან და იცოცხლოს?!» (ეზეკიელი 18:23).

ავიღოთ მოსეს კანონი: ის დღემდე წარმოადგენს საზოგადოებრივი წყობის მაღალზნეობრივ ეტალონს. ესაა იდეალური ბალანსი სიყვარულსა და სამართლიან სასჯელს შორის, სამართლიან სასჯელსა და მოწყალებას შორის. კანონი მოითხოვდა მოყვასის სიყვარულს და კრძალავდა მოყვასისადმი შურს (გამოასვლა 20:17). მიწის გაქირავება დაშვებული იყო მხოლოდ დროებით, ზეიმის წლამდე, რაც იცავდა მიწისმფლობელთა უფლებებს  (ლევიანთა 27:24). გათვალისწინებული იყო განუზრახველი (შემთხვევითი) მკვლელობისას თავდაცვის საშუალებები (რიცხვნი 35:6). ებრაელს არ ჰქონდა უფლება დაემონებინა სხვა ებრაელი შვიდ წელზე მეტი ვადით, თანაც ამ დროს მას უნდა მოპყრობოდა როგორც თავის ძმას (გამოსვლა 21:2). ებრაული საზოგადოება იყო ერთადერთი, ძველ კულტურათა შორის, სადაც თითქმის არ არსებობდა მონობის ინსტიტუტი. ყოველივე ეს უპრეცენდენტოა ძველი მსოფლიოსთვის. «განიბანეთ, განიწმინდეთ, მომაშორეთ თქვენი ცუდი საქმეები თვალთაგან, შეწყვიტეთ ცუდი საქმეების კეთება. ისწავლეთ სიკეთის კეთება, ეძებეთ სამართალი, გაკიცხეთ მჩაგვრელი, სამართალი გაუჩინეთ უმამო ბავშვებს, განიხილეთ ქვრივის საქმე» (ესაია 1:16–17).

ღმერთმა შეგვქმნა ჩვენ თავის ანარეკლად და მსგავსებად, და არა ჩვენ ღმერთი ჩვენს ანარეკლად და მსგავსებად. ჩვენი მორალი, ჩვენი ლოგიკა, ჩვენი ეთიკა ვერასოდეს დადგება ჩვენი შემოქმედის ლოგიკაზე, მორალზე და ეთიკაზე მაღლა. ყველაფერი, რასაც შემოქმედი აკეთებს, განსაზღვრულად სწორია. ღმერთია მორალის, ლოგიკის, ეთიკის, სამართლიანობის, ზნეობრიობის, სიბრძნის და ყველა მსგავსი ნიჭის ერთადერთი ეტალონი. ეტალონს ვერ გაუსწრებ, იმიტომ რომ ის ეტალონია, ათვლის წერტილია. ამ საკითხის ღრმა გაგება გვაჩვენა აბრაამმა, როდესაც დასთანხმდა საკუთარი შვილი მოეკლა ღმერთის მოთხოვნით (დაბადება 22:2,3). შვილი გადარჩა, ჩვენ კი ღვთის ერთგულების შესანიშნავი მაგალითი და ქრისტეს უდიდესი წინასახეობა მივიღეთ.

უაზრობაა ეცადო გახდე ღმერთზე სამართლიანი. თუ მისი მოქმედებებიდან რომელიმე ჩვენში უთანხმოებას იწვევს, პრობლემა ჩვენშია და არა ღმერთში. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ამ პრობლემაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში ზიანს მხოლოდ საკუთარ თავს მოვუტანთ.

განაგრძო იეჰოვამ და უთხრა იობს: «უნდა ედავებოდეს ყოვლისშემძლეს შარიანი კაცი? ღვთის მამხილებელმა თავად გასცეს პასუხი». მიუგო იობმა იეჰოვას: «არარაობა გავხდი. რა გიპასუხო? პირზე მაქვს ხელი აფარებული. ერთხელ ვილაპარაკე და პასუხად აღარაფერს ვიტყვი, მეორეჯერაც, მაგრამ აღარაფერს დავამატებ».

ქარიშხლიდან იეჰოვამ იობს სთხოვა: «ვაჟკაცივით შემოისარტყლე წელი, შეგეკითხები და მიპასუხე. ნუთუ დაუკარგავს ძალა ჩემს სამართალს? ნუთუ ბოროტად გამომაცხადებ, შენ რომ მართალი გამოხვიდე? ნუთუ ისეთი მკლავი გაქვს როგორც ჭეშმარიტ ღმერთს? შეგიძლია მისი მსგავსი ხმით დაიგრგვინო? …

მიუგო იუბმა იეჰოვას: «ახლა ვიცი, რომ ყველაფრის გაკეთება შეგიძლია. არ არსებობს შენთვის განუხორციელებელი განზრახვა. ამბობდი, ვინ არის ეს, უცოდინარობით რომ აბნელებსო განზრახულს? ვლაპარაკობდი, მაგრამ არ მესმოდა ის, რაც ჩემთვის მეტად გასაოცარი და ჩაუწვდომელია. ამბობდი, მომისმინე და მე ვილაპარაკებო, შეგეკითხები და მიპასუხეო. ყურმოკვრით მქონდა შენზე გაგონილი, მაგრამ ახლა ნამდვილად გხედავს ჩემი თვალი. ამიტომ უკან მიმაქვს ჩემი სიტყვები და მტვერსა და ნაცარში ვინანიებ».

(იობი 40:1–9; 42:1–6)

---------------------------------------------

თარგმნილია: chivchalov.blogspot.com


ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ:


ღმერთთან გააზრებული თამანშრომლობა 

Комментариев нет:

Отправить комментарий