среда, 12 февраля 2014 г.

ჯოჯოხეთის პრობლემები


ჩემთვის რელიგიასთან მიმართებაში ყველაზე დიდ გამოცანას ყოველთვის წარმოადგენდა ჯოჯოხეთის საკითხი, რატომ სწამს ამდენ ხალხს ის ღმერთი, რომელიც მარადიულად აწამებს თავის შექმნილებს. ამ კონცეფციის აბსურდულობა, უსამართლობა და უგუნურება უბრალოდ განცვიფრებას იწვევს, თმები ყალყზე მიდგება – მაგრამ მილიარდობით ადამიანი მშვიდად ათავსებს თავის მსოფლმხედველობაში მარადიულ ტანჯვასა და სამართლიან და მოსიყვარულე შემოქმედს.

დიახ, ჯოჯოხეთს სხვა და სხვა ინტერპრეტაცია აქვს, პრიმიტიულ-ხალხურიდან დაწყებული - ეშმაკებით და გავარვარებული ტაფებით, და გააზრებულ-ღვთისმეტყველურამდე - რომელსაც აქცენტი მარადიული ტანჯვიდან გადააქვს აბსტრაქტულ, მარადიულად ღვთისგან ჩამოშორებაზე. ერთ კონფესიაშიც კი ჯოჯოხეთი შეიძლება სხვადასხვანაირად განმარტონ, იმის გათვალისწინებით როგორი აუდიტორია ისმენს ამას, ამისთვის იყენებენ სხვადასხვა წყაროს, ორატორის პირადი სურვილისამებრ. მაგრამ როგორც არ უნდა ახსნან ის, ჯოჯოხეთს მაინც რჩება სამი სერიოზული პრობლემა.



პირველი პრობლემა: ესაა მონანიების შეუძლებლობა. ბიბლიის თანახმად, ყველა ადამიანს აქვს მონანიების, მოქცევის და პატიების მიღების საშუალება (ესაია 1:18). ამის შესაძლებლობა ყოველთვის აქვს ადამიანს, სანამ ის არსებობს. მაგრამ ჯოჯოხეთში მიტევება მოქმედებას წყვეტს: ადამიანი ძველებურად აგრძელებს არსებობას, მაგრამ ღმერთი აბსოლუტურ იგნორირებას უკეთებს მას. რატომ ხდება ასე? არსებობს რაიმე ბიბლიური ახსნა იმისა, თუ რატომ უკეთებს იგნორირებას ღმერთი თავის ქმნილებას? მითუმეტეს, რომ ჯოჯოხეთში ნებისმიერი ცოდვილი მოინანიებს, თუ პირველივე წამში არა, ძალიან მოკლე დროში მაინც. მაგრამ არა, მას ეუბნებიან რომ მატარებელი წასულია. შედეგად ჩვენ ვიღებთ საშინელ სურათს: ღმერთის მილიარდობით ქმნილება, მილიონობით წლების განმავლობაში შეჰღაღადებს მას პატიებას – მაგრამ ყოველივე უშედეგოა, ის დაყრუვდა და დამუნჯდა. მას არა მხოლოდ ის არ უნდა რომ აპატიოს და სამოთხეში შეუშვას ისინი, არამედ არ სურს რომ უბრალოდ შეწყვიტოს მათი ტანჯული არსებობა, რაც მისთვის არავითარ სირთულეს არ წარმოადგენს. ამის გააზრება შეგიძლიათ ისე რომ ჟრუანტელმა არ დაგიაროთ? შეიძლება ასეთი ღმერთის განდიდება, მისი სიყვარულისა და მიმტევებლობისათვის?

მეორე პრობლემა – ბოროტების მარადიულობაში მოთავსება. თავიდან ღმერთის ყველა ქმნილება «ძალიან კარგი» იყო (დაბადება 1:31) საბოლოოდ ნებისმიერი ბოროტება მოისპობა და შემოქმედება ისევ გახდება «კარგი». ბიბლია პირდაპირ ლაპარაკობს დროზე, როდესაც აღარ იქნება «არც ტირილი, არც გოდება» (გამოცხადება 21:4). მაგრამ არა, ჩვენ გვეუბნებიან, რომ გოდება და ტირილი მარადიულად იქნებაო. ღმერთმა შექმნა გოდებისა და ტირილის ადგილი რომლის განადგურებაც შეუძლებელია, მოათავსა იგი მარადიულობაში და არასოდეს მოსპობსო მას. მაშინაც კი, თუ ეს უბედურები ფიზიკურად არ იტანჯებიან და უბრალოდ «ჩამოცილებული არიან ღვთისგან», ისინი ნებისმიერ შემთხვევაში განიცდიან გლოვას, დარდს და გაბოროტებას (იმის გამო, რომ ის არ პატიობს მათ) და კიდევ მრავალ უარყოფით გრძნობას. ბოლოს და ბოლოს, როდესაც მიხვდებიან რომ რაიმეს შეცვლა შეუძლებელია, ისინი განრისხდებიან ღმერთზე და წყევლას დაუწყებენ მას – ასე ემატება მარადიული ღვთისგმობა, გამომავალი მილიარდობით ბაგიდან. მთელი ეს ბოროტება, დროებითიდან გადაიქცევა მუდმივად, ის გამყარდება და მოთავსდება მარადიულობაში როგორც ღვთის ქმნილების შეუცვლელი ატრიბუტი. უბრალოდ რომ მოისპონ ცოდვილები, ბოროტება წარსულს ჩაბარდებოდა; აქ კი ის მუდამ აწმყოშია, მუდამ, აქ და ამ წუთას. შემოქმედება აღარაა «ძალიან კარგი» და ასეთი აღარასოდეს იქნება. კეთილმა ღმერთმა შექმნა მარადიული ბოროტების წყარო. მიიღეთ ეს, შეეგუეთ ამას. რამდენად კეთილია თვითონ ღმერთი ამის შემდეგ? შემოქმედება ხომ - შემოქმედის თვისებების ანარეკლია. ეს გადაუჭრელი დილემაა, ფილოსოფიურადაც, თეოლოგიურადაც და ზნეობრივადაც.

მესამე პრობლემა – არათანაბარი სასჯელი. სავსებით გაუგებარია, განსაზღვრულ დროში ჩადენილი ცოდვისთვის რატომ უნდა იტანჯოს პიროვნებამ განუსაზღვრელი ვადით. ადამიანმა, თუნდაც 100 წლის განმავლობაში რომ ჩაიდინოს უმძიმესი ცოდვები, სამართლიანია მისი დასჯა – მარტო დაუფიქრდით – მთელი მარადიულობის განმავლობაში? ეს არაა მილიარდი წელი, არც ტრილიონია, არც კვადრილიონი და არც კვადრილიონ კვადრილიონი, ეს განუსაზღვრელად მეტია – მარადიულობა. სასჯელის უსამართლობა და არათანაფარდობა უბრალოდ შოკის მომგვრელია, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ცოდვილებმა უკვე მილიარდი წლების წინ «მოიხადეს სასჯელის ვადა», ყველაფერი მოინანიეს და ეხლა უბრალოდ სიკვდილი უნდათ, იმიტომ რომ სამოთხის კარი დაკეტილია მათთვის.

ჯოჯოხეთის შესახებ სწავლება სრულიად ამახინჯებს, სამყაროს, როგორც კარგი საცხოვრებელი ადგილის, კონცეფციას, რომელიც თავისი შემოქმედის კარგ თვისებებს ირეკლავს. ის სრულიად ანგრევს ყველა ზნეობრივ თვისებას, რომლებიც ბიბლიიდანაა ცნობილი: სამართლიანობა, შემწყნარებლობა, თანაგრძნობა, სიყვარული. საკმარისია ვირწმუნოთ ჯოჯოხეთი, და შეგვიძლია ეს თვისებები მსოფლმხედველობის სანაგვეზე გადავყაროთ, იმიტომ რომ მაშინ ბიბლიის ფურცლებზე ღმერთი წარმოდგენილია როგორც ფარისეველი. ის ერთს ამბობს, ხოლო სულ სხვას კი აკეთებს. ასეთი რელიგია სავსებით მოკლებულია აზრს. საკმარისია ვირწმუნოთ ჯოჯოხეთი, რომ ეს იქცევა საკმარის მიზეზად, რომ უარვყოთ რელიგია და ათეისტები გავხდეთ.

ბიბლია რომ უდაოდ ასწავლიდეს ჯოჯოხეთის შესახებ, იმ სახით როგორი სახითაც დღეს ფართოდ სწამთ, მე უარს ვიტყოდი ასეთი რელიგიის წევრობაზე. საბედნიეროდ, ის ამას არ ასწავლის (დაბადება 3:19; ეკლესიასტე 9:5,10; გამოცხადება 20: 13,14;) და მე შემიძლია სუფთა სინდისით მჯეროდეს შემოქმედების მარადიული სიკეთისა. იმიტომ რომ ესაა ადამიანის მთავარი სულიერი მოთხოვნილება, ასე არაა?


-------------------------------------------------------------


თარგმნილია: chivchalov.blogspot.com


ასევე წაიკითხეთ:


Комментариев нет:

Отправить комментарий