воскресенье, 23 февраля 2014 г.

დრო ქვეყნიერებისთვის



არსებობს აზრი, რომ ქრისტიანობა რეალური ცხოვრებისათვის გამოუსადეგარია. აი მხოლოდ რამოდენიმე მაგალითი.

ქრისტიანობა გვასწავლის რომ არ შეიძლება განსჯა და ბოროტებაზე ბოროტებითვე სამაგიეროს მიგება – ქვეყნიერებაში უნდა არსებობდნენ მოსამართლეები, ციხეები და სასჯელები, რომლის გარეშეც კრიმინალური ანარქია გაბატონდება.

ქრისტიანობა მტრის სიყვარულს გვასწავლის – სამყაროს ვერ წარმოუდგენია თავი არმიის გარეშე, რომელიც კონკრეტულად მტრის გასანადგურებლადაა შექმნილი.

ქრისტიანობა გვასწავლის რომ არ მოვახდინოთ განსხვავება ნაციონალური ნიშნით – ქვეყნიერება ასწავლის, რომ ყოველ ერს უნდა ჰქონდეს თავისი ტერიტორია, რომელიც ნებისმიერი საშუალებით უნდა დაიცვას.

ქრისტიანობა გვასწავლის რომ ვიცხოვროთ ვერცხლისმოყვარეობის გარეშე და არ გამოვეკიდოთ სიმდიდრეს – თანამედროვე ეკონომიკა და სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესი მთლიანად აგებულია სიხარბეზე და შემოსავლის მუდმივ ზრდაზე.

ქრისტიანობა პატიოსნებისა და ადამიანებს შორის ურთიერთობაში პირდაპირობის ძალიან მაღალ სტანდარტს გვიყენებს – პოლიტიკა, განსაკუთრებით გარე, შეუძლებელია თვალთმაქცობის, კომპრომისების და ინტრიგების გარეშე.

ქრისტიანობა გვასწავლის არ მოვიპაროთ – სოციალური სახელმწიფოს თეორია, რომელშიც ფულს ართმევენ ერთს და აძლევენ მეორეს, პირდაპირ ესაზღვრება ქურდობას.

ქრისტიანობა გვასწავლის ვეცადოთ მშვიდობა ვიქონიოთ ყველა ადამიანთან – ბიზნესი და პოლიტიკა გულისხმობს მწვავე დაპირისპირებას ჯგუფებს შორის (პარტიებს და კომპანიებს შორის).

ქრისტიანობა გვასწავლის არ ვაიძულოთ და არ ჩავერიოთ სხვის ცხოვრებაში – ნებისმიერი სახელმწიფო როგორც ასეთი წარმოადგენს სხვა არაფერს, თუ არა იძულებისა და ჩარევის ფორმას.

ყოველივე ეს მრავალ სკეპტიკოსს აიძულებს გააკეთონ დასკვნა, რომ ქრისტიანობა – ესაა ეფემერული, იდეალისტური სწავლება, რომელიც გამოუსადეგარია რეალურ ცხოვრებაში, რელიგია არის ახირებულებისთვის და მთვარეულებისთვის. ჩვენ რომ ავიღოთ ქრისტიანობა და თანმიმდევრულად გადავიტანოთ რეალურ ცხოვრებაში, ის გააჩანაგებს და ძირს დასცემს ჩვენთვის ცნობილი ცივილიზაციის ყველა საფუძველს. იუდაიზმის ან ისლამის ბაზაზე შეიძლება მძლავრი და სიცოცხლისუნარიანი სახელმწიფოს შექმნა, ხოლო ქრისტიანობის ბაზაზე სახელმწიფო უბრალოდ გაქრება, იმიტომ რომ მეზობლებთან სამხედრო და ეკონომიკური თვალსაზრისით წააგებს. ქრისტიანობა კონკურენტუუნაროა სხვა სოციალურ თეორიებთან მიმერთებაში, ამტკიცებენ სკეპტიკოსები.

მაგრამ ნუთუ ეს ასე ცუდია?

ქრისტიანობა შეუთავსებელია ქვეყნიერებასთან ზუსტად იმ დონით, რამდენითაც ეს ქვეყნიერება დაშორებულია შემოქმედის პირველ ჩანაფიქრს. აქ ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ რას ავიღებთ მაგალითად. ქრისტე სატანისთვის მეტად შეუფერებელია ან პირიქით? ქრისტიანობა და ქვეყნიერება ისე შეეფერება ერთმანეთს, როგორც საპონი და ჭუჭყი: ეს ორი დაპირისპირებული მხარეა. ან ქრისტე განდევნის სატანას, ან პირიქით – მათ შორის მეზობლობა შეუძლებელია. თუ ქრისტე განდევნის სატანას, მაშინ ადამიანში იღვიძებს სინდისი და მის შიგნით ისევ ღვთის მსგავსება იწყებს ბრწყინვას, რომელიც დღეს ღრმადაა დამარხული. ამის შემდეგ ადამიანი სავსებით ბუნებრივად მიდის დასკვნამდე, რომ მას არაფერი აქვს საერთო ამ ქვეყნიერებასთან, მას არ უნდა მისი წესებით თამაში.

ზუსტად ამიტომ ქრისტიანობას არაფერი აქვს სათქმელი იმაზე, თუ როგორ უნდა იყოს მოწყობილი ეს ქვეყნიერება. ვის უნდა დაუჭირო მხარი არჩევნებში? კაპიტალიზმი უნდა იყოს თუ სოციალიზმი, მონარქია თუ დემოკრატია? საჭიროა სიკვდილით დასჯა თუ არა? დამნაშავეები ციხეში უნდა ჩასვან თუ შეიწყალონ? ქვეყნებად უნდა დაიყონ და მათთვის უნდა ეომონ ერთმანეთს თუ არა? უნდა განვითარდეს ტექნიკა და ურბანიზაცია თუ დედა ბუნებას უნდა დავუბრუნდეთ? ამ და სხვა მრავალ კითხვებზე პასუხს ქრისტიანობა უბრალოდ არ სცემს პასუხს, და არა იმიტომ, რომ არ იცის, არამედ იმიტომ რომ არ თვლის საჭიროდ რომ მათ დრო დაუთმოს. მე ვფიქრობ, რომ ქრისტეს, ნებისმიერ ამ კითხვაზე, გენიალური პასუხის გაცემა შეეძლო. მას შეეძლო გენიალურად აეხსნა, როგორ უნდა მოეწყოს სწორად საზოგადოება – დღევანდელი, და არა მომავალი, – თანაც ისე რომ უკეთესის მოგონებას ვერ შევძლებდით. მაგრამ რატომღაც მან ეს არ გააკეთა. ესე იგი, ეს საკითხები მას უბრალოდ არ აინტერესებდა. რატომ? იმიტომ რომ მან იცოდა, რომ ერთხელაც ისინი დაკარგავდნენ აქტუალობას, და არ უნდოდა დროის ხარჯვა ზომების მიღებაზე, სანამ არ მოსულა საამისო დრო. მას არ უნდოდა თავის გარშემო სამყაროს მოწყობა, იმიტომ რომ ძალისა და დროის გამოყენების გაცილებით უკეთესი საშუალება იცოდა.

ქრისტიანობის რეალურ ცხოვრებაში მოჩვენებითი გამოუსადეგარობა ეს უბრალოდ ქრისტიანის სურვილია არ დახარჯოს დრო ამ ქვეყნიერებაზე, რომელიც წარსულისკენ მიდის.

-----------------------------------------------------------------

თარგმნილია: http://chivchalov.blogspot.com

ასევე წაიკითხეთ:


დანიშნულება ცაში

იეჰოვას მოწმეები და ვაქცინაცია

ქრისტიანობა როგორც მოწაფეობა

Комментариев нет:

Отправить комментарий