понедельник, 24 февраля 2014 г.

ნუ შეგეშინდება თვალსაზრისთა სიმრავლის



მრავალ ათეისტს და იმ ადამიანებს ვინც ქრისტიანობით ინტერესდებიან აფერხებს მასში არსებული თვალსაზრისის სიმრავლე. ხშირად მოისმენთ: თქვენ იმდენი განსხვავებული თვალსაზრისი გაქვთ, იმდენი სადაო საკითხი, რომ სურვილიც არ მაქვს მათ ჩავუღრმავდე, მაგას სჯობია ყველაფერზე ხელი ჩავიქნიო და დინების მიმართულებით ვიცურო. კი, მოსაზრებების სიმრავლეს ხელს უწყობს ნიჰილიზმი – ეს ფსიქოლოგიური ფენომენი ცალკე გამოკვლევას იმსახურებს. რაც უფრო მეტი მოსაზრებაა, მით უფრო მეტად ახდენს ეს ჩვენს დეზორიენტაციას და მით უფრო მეტად გვინდა დისტანცია დავიკავოთ ყველა მათგანისგან, ჩავიკეტოთ ჩვენს ნაჭუჭში და მხოლოდ მუცლის გასახარად ვიცხოვროთ. აქ მე ვერ დაგეთანხმებით, იმიტომ, რომ  სჯობია მსოფლმხედველობის საკითხებში თუნდაც რაიმე მოსაზრება გქონდეს, ვიდრე საერთოდ არანაირი. თუმცა ქრისტიანობასთან დაკავშირებით ყველაფერი უფრო იოლადაა, ვიდრე შეიძლება მოგვეჩვენოს.

აი მხოლოდ ერთი ახალთ-ახალი მაგალითი. შოტლანდიის ეპისკოპალური ეკლესიის მღვდელი-ქალბატონები (!!!) შეწუხებული არიან, იმის გამო, თუ რატომ მოიხსენიებენ დღემდე ღმერთს მამრობითი სქესით. ისინი აღშფოთებულნი არიან იმის გამო, რომ სიტყვები «ღმერთი» და «უფალი» – მამრობითი სქესისაა, რომ ღმერთს მოიხსენიებენ მამად, და არა დედად, ხოლო ინგლისურ სიტყვაში «კაცობრიობა» (mankind) (ისევე როგორც ქართულში) არის ნაწილაკი «კაცი». მათ, შედეგად, თავისი ეკლესიის ხელმძღვანელობისაგან, მიაღწიეს საკუთარი ღვთისმსახურების ჩინის შექმნას, რომელშიც ისეთი სიტყვები, როგორებიცაა მაგალითად «უფალი» და «მამა», შეიცვლება განუსაძღვრელი სიტყვებით «შემოქმედი» და «მხსნელი», ხოლო სიტყვა «კაცობრიობა» (ის, იესომ თავისი სიკვდილით რომ იხსნა) შეიცვლება სიტყვით «მსოფლიო». და ეჭვიც არ მაქვს, რომ ისინი სავსებით გულწრფელები არიან. შემდეგი ნაბიჯი, ალბათ, ბიბლიის კორექტირება იქნება.

როგორ ფიქრობთ, მოცემული შემთხვევა, რამდენად ალალი მიდგომაა ბიბლიის შესწავლისადმი? როგორ ფიქრობთ, სერიოზული და ბუნებრივი ბიბლიური თვალსაზრისია ეს? თუ გეცინებათ და გესმით, რომ აქ ადგილი აქვს ქრისტიანობისა და დასავლეთში გაბატონებული ფემინიზმის შეჯახებას? რა თქმა უნდა, აუცილებელი არ არის რელიგიათმცოდნე ვიყოთ, იმისათვის რომ მივხვდეთ: ზუსტადაც მეორე. მაგრამ ეხლა წარმოიდგინეთ, რომ გავიდა ათასი, ან მოდით ორი ათასი წელი, ფემინიზმმა ტრიუმფალური ზეგავლენა მოახდინა მსოფლიო ისტორიაზე და ყველა ეკლესიამ დაიწყო უსქესო-ღმერთის თაყვანისცემა, რომელმაც დედამიწაზე გამოგზავნა უსქესო ჰერმოფროდიტი (ძე იყო ის თუ ასული, ეს ღვთიური საიდუმლოებაა), ბიბლია სათანადოდ გადაწერილია, ხოლო ის მცირედი, ვინც ძველ ტრადიციულ «მამრობით» წესს დაუბრუნდნენ, აცხადებენ ერეტიკოსებად და სექტანტებად. სულ სხვა სურათი გამოდის, და ძალიან დიიიიდი გაბედულება უნდა გქონდეს, ეჭვი რომ შეიტანო ასეთ ფემინისტურ ქრისტიანობაში, ის ხომ საყოველთაოდ მიღებული გახდა! მას ხომ 2000 წლის ტრადიცია აქვს!

ეს მაგალითი გვაჩვენებს, რომ ქრისტიანობაში მრავალი თვალსაზრისი სერიოზული და პატიოსანი კვლევების შედეგად და ჭეშმარიტი ღმერთის შეცნობისკენ ლტოლვის სურვილით კი არ გაჩნდა, არამედ უბრალოდ მომენტის, მოდის, კონიუქტურის ზემოქმედების გამო, მაგრამ დროთა განმავლობაში ფესვი გაიდგა და მიიღო ტრადიციულის იმუნიტეტი. ჩვენ დღეს ადვილად ამოვიცნობთ ამ მოდის ფაქტორებს, როდესაც ვხედავთ დისონანსს ჩვენთვის ნაცნობ ქრისტიანობასა და რაიმე რადიკალურად ახალს შორის, რომელიც მასთან მკვეთრ კონტრასტშია, მაგალითად ფემინიზმი. მაგრამ ჩვენთვის ძნელია იმის გაგება, რომ იმ მრავალ თვალსაზრისებსაც, რომელიც უკვე დიდი ხანია რაც მიღებულია ქრისტიანობაში, შეიძლება ზუსტად ასეთივე წარმომავლობა ჰქონდეს. რაღაც მომენტში ქრისტიანობა შეიძლება შეჯახებოდა მოდის მორიგ სიახლეს, რაღაც ისეთს, რაც დროის იმ მომენტში ხალხის უმრავლესობის აზროვნებაზე ახდენდა დიდ გავლენას, და ქრისტიანი მოაზროვნეები დაჰყვნენ დროის ზეწოლას და დაჰყვნენ ცდუნებას რომ განეახლებინათ, უფრო მიმზიდველი  და უფრო თანამედროვე გაეხადათ სწავლება. ან შეიძლება ისინი მოეცვა სიბრმავეს, გონებადაბინდულობას, სიგიჟეს თუ გინდათ. ნებისმიერ შემთხვევაში ეს არ იყო სერიოზული, პატიოსანი და საპასუხისმგებლო გამოკვლევის შედეგი.

ხშირად ხდებოდა თუ არა ეს? ძალიან ხშირად! იმიტომ რომ სრულიად გაუგებარია, როგორ უნდა წაიკითხო ბიბლიის ტექსტი ისე, რომ მიხვიდე დასკვნამდე, რომ ღმერთს სამი სახე აქვს, ან რომ ერთმა ქრისტიანმა მეორეზე უნდა ილოცოს, ან რომ ღმერთი მთელი მარადიულობის განმავლობაში ტანხავს თავის ქმნილებას და ა.შ. ეს და კიდევ მრავალი ამის მსგავსი ვერ გახდებოდა ბიბლიური ტექსტის უბრალო კვლევის შედეგი; ნათელია, რომ მათ სხვა წარმომავლობა აქვთ. იმავე სამებაზე რომ ვილაპარაკოთ, მე ვერ ვპოულობ სხვა ახსნას, გარდა პლატონისა და მისი ტრიადოლოგიისადმი მიმართული მოდისა (არადა მე მართლა ვკითხულობდი ქრისტიანობის ისტორიას და ვცდილობდი ამ სწავლებაში დამენახა რაციონალური მარცვალი). სხვა შემთხვევებში ეს იყო მოდა აღმოსავლეთ ფილოსოფიის, რომის სამართლის, ბიზანტიური წეს-ჩვეულებების, ხალხური ცრურწმენებისა და ასე შემდეგ. ქრისტიანობას იმდენად დიდი ისტორია აქვს, ის იმდენი ხალხის აზრებს ფლობდა, რომ მან მოასწრო უდიდესი რაოდენობით, ყველა სახის იდეებსა და მოსაზრებებთან შეხება.

უნდა მოახდინოს თუ არა ამ ყოველივემ ჩვენი დეზორიენტაცია დღეს, უნდა ჩაგვინერგოს ამან ქრისტიანობის შესწავლისადმი შიში? რა თქმა უნდა, არა, იმიტომ რომ  მრავალი დამკვიდრებული თვალსაზრისი ზუსტად ისევე სასაცილოა და ისევე არაორგანულია ქრისტიანობისთვის, როგორც შოტლანდიური ფემინიზმი. დღეს მთელი გულით გვეცინება ანაფორიან ფემინისტებზე, ჩვენ მზად ვართ ისინი ახირებულებად ჩავთვალოთ და ხელი ჩავიქნიოთ მათზე, როგორც უაზრო ანეგდოტზე – მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია რომ ასევე გავიცინოთ ნიკეის ტრინიტარებზე და ბიზანტიელ ხატთთაყვანისმცემლებზე. რატომ არ შეგვიძლია? მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვეზე ზეგავლენას ახდენს ამ ტრადიციების მრავალსაუკუნოვანი ისტორია. მაგრამ ჩვენ თუ არ შეგვეშინდება და ისტორიას ცოტა უკან «გადავახვევთ» და გავყვებით მრავალი თვალსაზრისის წარმოშობას, ჩვენ ადვილად დავინახავთ, რომ სინამდვილეში ქრისტიანობაში გაცილებით ნაკლები ორაზროვნებაა, ვიდრე გვგონია, ხოლო მთლიანი სურათი კი გაცილებით ნათელი და გასაგებია. ჩვენ იოლად დავინახავთ, რომ რწმენის ყველა ძირითადი დებულება ერთმნიშვნელოვანია. ჩვენ დავინახავთ, თუ რამდენად ნათელ, მთლიან, მშვენიერ და დამაჯერებელ მშვიდობის სურათს წარმოადგენს იესოს სწავლება, ხოლო რამოდენიმე არცთუ მთლად ნათელი შტრიხები, სადღაც კუთხეში ან პერიფერიაზე, არაფერს ცვლის ამ სურათში.

რომ ღმერთი და ბიბლია არ არიან დამნაშავე იმაში, რომ ქრისტიანული სამყარო მოსაზრებების ასეთ აჯაფსანდალს წარმოადგენს. რომ ბიბლია არაა დამნაშავე იმაში, რომ რაღაც მომენტში ქრისტიანობაში დაუბერა, როგორც ორპირმა ქარმა, მილიონობით იდეამ და აზრებმა, და ამ აზრთა უმრავლესობამ განიცადეს ევოლუცია იმწუთიერი სასაცილოდან - ტრადიციულ და საპატიომდე. რომ ბიბლია არ არის დამნაშავე იმაში, რომ ქრისტიანობა პროსპექტად იქცა და მას მიასკდა უამრავი ხალხი, რომლებმაც დაიწყეს მასზე თავისი იდეოლოგიური, პოლიტიკური და ქრისტესაგან ძალიან შორს მდგომი ამოცანების ჩამოკიდება. ამის მიზეზები სულ სხვა რამეშია. და მადლობა ღმერთს იმისათვის, რომ ნებისმიერ პატიოსან მკვლევარს სავსებით შეუძლია  მათში გარკვევა.

-----------------------------------------------------------------------

თარგმნილია: http://chivchalov.blogspot.com


ასევე წაიკითხეთ:


იესო: შექმნილია თუ შობილია?

კითხვები მართლმადიდებლურ ეკლესიას

სასიხარულო ცნობა: სამი ვერსია

Комментариев нет:

Отправить комментарий