пятница, 14 февраля 2014 г.

ბიბლიის ღმერთს სცემს თაყვანს ქრისტიანული სამყარო?



ნებისმიერი, ვინც აღმსარებლობით მონოთეისტურ ან აბრაამულ რელიგიას ეკუთვნის, დაეთანხმება ფორმულას «ღმერთი ერთია». ჩვენ ეს ფრაზა გამუდმებით გვესმის. როგორც მანტრა, მას ხშირად გვიმეორებენ სულიერი ძებნის, კვლევის, შედარების აუცილებლობის თავიდან ასაცილებლად. რატომ უნდა ეძებო რამე, თუ ღმერთი მაინც ერთია? მაგრამ, თუ ცოტა ღრმად ჩავიხედავთ, აღმოჩნდება, რომ ყველა რელიგიას განსხვავებულად ესმის ღმერთი და არცერთს არ უნდა დათმობებზე წასვლა. და რახან ასეა, შეიძლება იმის მტკიცება, რომ განსხვავებული რელიგიები მართლაც ერთი და იგივე ღმერთს ეთაყვანებიან? საერთოდ, რა ნიშნებით უნდა ვიმსჯელოთ ღმერთების იგივეობაზე ან სხვაობაზე სხვადასხვა რელიგიაში?

მე გთავაზობთ განვიხილოთ სამი ძირითადი ნიშანი, რომლითაც ჩვენ ვანსხვავებთ ერთ პირს მეორისგან: სახელი, ფიზიკური თვისებები და პიროვნული თვისებები. ვთქვათ, თუ ერთ ადამიანს ჰქვია პეტრე, ხოლო მეორეს პავლე, ერთი ქერაა, მეორე შავგვრემანი, ერთი კეთილია, ხოლო მეორე ბოროტი, მაშინ დიდი ალბათობით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ეს ორი, სხვადასხვა პიროვნებაა და არა ერთი და იგივე.

ამავე ნიშნებით შევადაროთ ბიბლიის ღმერთი და ქრისტიანული სამყაროს ეკლესიების ღმერთი. ქრისტიანულ სამყაროში მე ვგულისხმობ ყველა თანამედროვე რელიგიებისა და კონფესიების ნაკრებს, რომლთა ფესვებიც რომის იმპერიის სახელმწიფო ეკლესიიდან იღებეს სათავეს. დღეს მას მრავალი მემკვიდრე ჰყავს, მაგრამ გაგება ღმერთის შესახებ თითქმის ყველას ერთნაირი აქვთ.



1) სახელი

ალბათ, ესაა ნებისმიერი ორი პირის განმასხვავებელი ყველაზე აშკარა ფორმალური ნიშანი, მათ შორის ღმერთებისაც. თუ ერთ რელიგიაში თაყვანს სცემენ ბრაჰმას, ხოლო მეორეში – კრიშნას, მაშინ ნათელია, რომ ეს ორი სხვადასხვა ღმერთია და არა ერთი.

ბიბლიის ღმერთი ატარებს სახელს იეჰოვა. ღმერთის სხვა დანარჩენი აღმნიშვნელი წარმოადგენს ეპითეტებს, ანუ, საზოგადო სახელებს და არა საკუთარ სახელს. ქართულის გარდა, მრავალ ენაზე თარგმნილ მართლმადიდებლურ ბიბლიებშიც კი შეგვიძლია ის ამოვიკითხოთ. მაგალითად რუსულ სინოდალურ თარგმანში ვკითხულობთ: «Господь муж брани, Иегова имя Ему» (გამოსვლა 15:3). ბიბლიაში ღვთის სახელი უფრო მეტჯერ მოიხსენიება ვიდრე ყველა ეპითეტი ერთად აღებული - ეს აღსანიშნავი ფაქტია. ღვთის სახელის შესახებ ასწავლიდა რელიგიის ყველაზე დიდებული მასწავლებელი ისტორიაში  – იესო ქრისტე (მათე 6:9; იოანე 17:6), ამასთანავე მას არასოდეს გამოუყენებია ფრაზა «ღვთის სახელები» მრავლობით რიცხვში, არამედ იყენებდა მხოლობით რიცხვს. 

ქრისტიანული სამყარო, მიჰყვება ელინიზმის ტრადიციებს და ეთაყვანება უსახელო ღმერთს. ქართულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ, სხვა მართლმადიდებლური ეკლესიებისგან განსხვავევით, სრულებით ამოიღო ღვთის სახელი ყველა თარგმანიდან. კათოლიკურმა ეკლესიამ ექვსი წლის წინ ოფიციალურად აკრძალა მისი გამოყენება ღვთისმსახურებაში. მსგავსი პოზიციები უკავიათ პროტესტანტთა უმეტესობას, მცირე გამონაკლისებით.

უსახელო ღმერთის ტრადიცია სათავეს ელინიზმიდან იღებს. ამ ტრადიციის ერთერთი მთავარი გამტარებელი იყო იუდეველი ფილოსოფოსი ფილონ ალექსანდრიელი. ის ქრისტეს თანამედროვე იყო, მაგრამ არ იცნობდა მის სწავლებებს. ფილონმა დიდი ზეგავლენა იქონია მრავალ «ეკლესიის მამაზე», რომლებიც იმ რელიგიის დოქტრინაზე მუშაობდნენ, რომელიც შემდგომ რომის ოფიციალური რელიგია გახდა. აი როგორ აღწერს ფილონის შეხედულებებს ისტორიკოსი მ. ოპიონკოვი («ფილოსოფიის ისტორია»):

ფილონის ფილოსოფია წარმოადგენდა პლატონიზმის ნაირსახეობას სტოიციზმის ძლიერი მინარევებით. ფილონის სისტემის ამომავალი პუნქტია ღვთაების იდეა. ერთის მხრივ, ღმერთი ყველაფერზე მაღლა დგას. არავითარი გაგება, არავითარი სახელი არ შეესაბამება მის სიდიადეს. ღმერთი უსახელოა, უთვისებო და მიუწვდომელია. მხოლოდ იმის ცოდნაა შესაძლებელი, რომ ის არსებობს, და არა იმის თუ როგორია ის.

როგორც ვხედავთ, ეს მკვეთრ კონტრასტშია ბიბლიური, ძველი აღთქმის ღმერთის წარმოდგენებთან და სავსებით ჰგავს ნიკეის ქრისტიანობის შედარებით გვიანდელ იდეებს.

ამავდროულად ქრისტიანულმა სამყარომ თავისი ღმერთისთვის ახალი ეპითეტი შემოიღო, რომელიც არ არის ბიბლიაში – წმინდა სამება. ამ ღვთაებისადმი მიძღვნილია ასეულობით ტაძარი, ხატი, ლოცვა, გალობა.

2) ფიზიკური თვისებები

ბიბლიის ღმერთი, ქრისტიანული ღმერთისაგან, ისეთი ფუნდამენტალური თვისებით განსხვავდება, როგორიცაა რაოდენობა. ბიბლიის ღმერთი ერთია – უბრალოდ ერთი, ყოველგვარი დაზუსტებების გარეშე (მეორე რჯული 6:4). ქრისტიანული სამყაროს ღმერთიც ერთია ნომინალურად, მხოლოდ მრავალი დაზუსტებებით: ის ერთარსია და არა ერთი პიროვნება; რამოდენიმე პიროვნებაა, რომლებიც წარმოადგენენ «ღმერთებს», მაგრამ ამავდროულად მისტიკურად ისინი სხვადასხვა ღმერთები კი არ არიან, არამედ ერთი ღმერთი. სახეზეა სერიოზული და ხარისხიანი განსხვავება.

ქრისტიანული სამყაროს ღმერთის კიდევ ერთი უნიკალური თვისებაა – პარადოქსულობა. ისეთი უბრალო (მაგრამ მნიშვნელოვანი) კითხვაც კი, როგორიცაა «ვინ არის შენი ღმერთი?», რიგით მორწმუნეს გადაუჭრელი დილემის წინაშე აყენებს. იესო ქრისტე? მაგრამ ის, ღვთის ძეა. მაშინ, ალბათ, ღმერთი – ის ხომ ქრისტეს მამაა? მაგრამ მამა – არაა სრული ღმერთი, არამედ მხოლოდ მესამედი. მაშინ წმინდა სამება – აი ეს არის ნამდვილად ღმერთი. კი მაგრამ, როგორ შეიძლება იესო იყოს სამების ძე და მისი ნაწილი ერთდროულად? იმის მცდელობა, რომ გაარკვიო ვის უნდა სცე თაყვანი, რუბიკის კუბის აწყობას გვაგონებს. ამ პრობლემის გადასაჭრელად საჭიროა ორიგენეს დონის ტვინი გქონდეს, ან სულ მცირე დოქტორის ხარისხი ღვთისმეტყველებაში.

ხშირად ისმის ასეთი ფრაზა, რომ მარტო იეჰოვას მოწმეები ვერ იგებენ სამებას, იმიტომ რომ არ აქვთ წმინდა სული და არ არიან ხელახლა შობილნი, მაგრამ საკმარისია მათ მოინანიონ და ხელახლა იშვან, რომ მათ მაშინვე მიეცემათ სამების გაგება. მაგრამ პრობლემა იცით რაშია, სამება თვითონ მათაც არ ესმით ვისაც სამების სწამს, ვისაც თითქოსდა მონანიებულიც აქვთ და ხელახლადაც არიან შობილი. მაგალითად, კათოლიკე ღვთისმეტყველი ჯოზეფ ბრაკენი (Joseph Bracken), რომელსაც დიდ პატივს სცემენ მსოფლიო მაშტაბით, თავის წიგნში «What Are They Saying About the Trinity?» წერს:

ღვდლები, რომლებმაც ამდენი ძალა დახარჯეს… სემინარებში, სამების შესასწავლად, როგორც მოსალოდნელიც იყო, ვერ ბედავდნენ მრევლთან ამ სწავლებაზე კათედრიდან საუბარს, სამების დღესასწაულის დღესაც კი… რატომ უნდა მოვაბეზროთ ხალხს თავი, ამბობდნენ ისინი, იმით რასაც ისინი მაინც ვერ გაიგებენ?

ენციკლოპედიაში «A Dictionary of Religious Knowledge» ნათქვამია:

მორწმუნენი რომელთაც სწამთ დოგმატი სამების შესახებ, ვერ თანხმდებიან იმაზე, თუ კონკრეტულად როგორ უნდა განისაზღვროს ეს სწავლება, ანუ, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, კონკრეტულად როგორ უნდა მოხდეს მისი ახსნა-განმარტება.

სხვა მხრივ, ისინი ვისაც არ სწამს ეს დოგმატი, ადვილად თანხმდებიან იმაზე, თუ როგორად უნდა წარმოვიდგინოთ ღმერთი და როგორ უნდა გავუგოთ მას. ბიბლიის ღმერთი თავის თაყვანისმცემლებს არ ემალება პარადოქსების უკან. კი, «გონებამიუწვდომელნი არიან მისი მსჯავრნი და მიუკვლეველი მისი გზანი» (რომაელთა 11:33) – მაგრამ მხოლოდ მსჯავრნი და გზანი, და არა თვითონ ღმერთი. ადამიანს არ შეუძლია თავისი შემოქმედი აღიქვას როგორც პარადოქსი იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ თავადაა შექმნილი მის ხატებად და მსგავსებად.

3) პიროვნული თვისებები

ბიბლიის ღმერთს აქვს ისეთი აღმატებული თვისებები, როგორებიცაა სიყვარული და სამართლიანობა (1 იოანე 4:8; ფსალმუნი 118:137). ქრისტიანული სამყაროს ღმერთს ისინი არ გააჩნია, ან, თუ გააჩნია, შერჩევით ავლენს მათ, იმიტომ რომ გადაწყვეტილი აქვს მარადიულად ტანჯოს ისინი ვინც თვითონ შექმნა. მან ამისათვის სპეციალური ადგილი შექმნა რომელსაც ჰქვია «ჯოჯოხეთი» და არ აპირებს მის გაუქმებას. ბროშურაში, მართლმადიდებლურ მისიონერულ საიტზე ნათქვამია:

ისინი კი, ვინც ღმერთს სხვა რამე ამჯობინა და არ შეუერთდა მას მართლმადიდებლურ ეკლესიაში, მარადიულად იქნებიან ჩამოცილებულნი ჭეშმარიტ სიკეთესა და სიხარულს, სატანჯველში. სიკვდილის შემდეგ სხვა შანსი არ იარსებებს.

თქვენ როგორ გგონიათ, რას სთხოვენ ღმერთს ის უბედური ტანჯულები, რომლებსაც არაა აქვთ სამოთხეში მოხვედრის შანსი? რა თქმა უნდა, სიკვდილს. ისინი ღმერთს ევედრებიან უბრალოდ შეწყვიტოს მათი არსებობა, გაუშვას არარაობაში – უბრალო მადლია, სულ იოლი. მაგრამ ღმერთი უარს ეუბნება მათ ამ მცირედზეც კი. ეს გვიჩვენებს რომ მას არ გააჩნია სიყვარული მისი შემოქმედების მიმართ.

სამართლიანია ადამიანის დასჯა კვადრილიონი წლის განმავლობაში, ცოდვებისათვის რომელსაც ის 70 წლის განმავლობაში სჩადიოდა? ასეთი სასჯელი შეუფარდებელია. არასრულყოფილ ადამიანურ სისტემაშიც კი იშვიათია უვადო სასჯელები. ხოლო დამნაშავეებს კარგი საქციელის და გამოსწორების შემთხვევაში ამინისტიას უცხადებენ. ჩვენ ვხედავთ, რომ ქრისტიანული სამყაროს ღმერთს აშკარად არა აქვს სამართლიანობა. მან ან არ იცის როგორ დასაჯოს სამართლიანად, ან უბრალოდ არ უნდა ამის გაკეთება.

დასკვნა

მაშ ასე, ბიბლიის ღმერთი და ქვეყნიერების ღმერთი განსხვავდებიან ყველა ძირითადი ფორმალური ნიშნით. მათ განსხვავებული სახელები აქვთ, მათ განსხვავებული ფიზიკური თვისებები და ატრიბუტები აქვთ, მათ განსხვავებული პიროვნული თვისებები აქვთ. ჩვენ უბრალოდ საფუძველი არ გვაქვს, დავასკვნათ, რომ ეს ერთი და იგივე ღმერთია. ქრისტიანული სამყარო არ ემსახურება იმავე ღმერთს, რომელსაც ემსახურებოდნენ ქრისტე, მოციქულები და წინასწარმეტყველები, არამედ ემსახურებიან სხვას.

აი თუ რომელია მათგან უკეთესი – ეს უკვე თქვენი გადასაწყვეტია.

-------------------------------------------------------------

თარგმნილია: chivchalov.blogspot.com


ასევე წაიკითხეთ:


70 კითხვა მათთვის ვისაც სწამს სამება

არ დასცდეს ის თქვენ ბაგეებს

ჯოჯოხეთის პრობლემები

Комментариев нет:

Отправить комментарий