суббота, 22 февраля 2014 г.

სიყვარულის პრინციპი



«ვისაც სხვა უყვარს, კანონი შეასრულა» (რომაელები 13:8)

«Love is the answer» (ბარბარა სტრეიზანდი)

თუ არსებობს უდიდესი იდეა, რომლისთვისაც სიცოცხლე და სიკვდილი ღირს, თუ არსებობს სამყაროს უნივერსალური პრინციპი, რომელიც სამყაროსა და ქვეყნიერების ყოველ ატომში აღწევს, თუ არსებობს ერთადერთი კანონი, რომელსაც ძალუძს ყველა დანარჩენის შეცვლა და გაუქმებაც კი, მაშინ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ - სიყვარული. რაც უფრო მეტს ფიქრობ ამ უნივერსალურ პრინციპზე, მიტ უფრო უკეთესად გესმის ჩვენი მასწავლებლის მიერ ნათქვამი ფრაზის სიდიადე იმის შესახებ, რომ ღმერთისა და მოყვასის მიმართ სიყვარული – ესაა მთელი კანონი და წინასწარმეტყველება (მათე 22:37–40). ამ მარტივ ფორმულაშია – ადამიანის მთელი ეთიკური, ზნეობრივი და სოციალური გამოცდილების სათავე, ნებისმიერი რელიგიური და მორალურ-ეთიკური სისტემების მთელი არსი. ესაა იდეალური და ამავდროულად უსასრულოდ უბრალო პოსტულატი: უბრალოდ გიყვარდეს სხვა ქმნილება. თავისი უბრალოების მიუხედავად ის მთლიანად და საკმარისად აღწერს ნებისმიერ ურთიერთობასა და ურთიერთქმედებას, როგორიც კი შეიძლება არსებობდეს ადამიანებს შორის. ვერაფერს ვერ მოვიგონებთ ისეთს, რისი დამატებაც მას არ გააფუჭებდა. სიყვარულის პრინციპის რაციონალიზირების ნებისმიერი მცდელობა, მას გადააქცევს კანონებისა და მითითებების რთულ სისტემად, რომელიც აუცილებლად კრახისთვისაა განწირული. სიყვარულის, თვითონ სიყვარულის გარეშე რაციონალიზაცია, ორჯერ უფრო უარესია.

ძალიან მომწონს დენი დიდროს აფორიზმი: «რელიგია და კანონები – ორი ხელჯოხია, რომლის წართმევაც არ ღირს მისთვის ვისაც სუსტი ფეხები აქვს». მან ამ აფორიზმით რელიგიის ბოსტანში ისროლა ქვა (განათლების ტრადიციებში ეს უფრო ეკლესიის დესპოტიზმის წინააღმდეგ გამოსვლაა). ფრანგი სასწაულად ზუსტად აღნიშნავს კანონების არსს. ისინი საზოგადოების ხელჯოხებია, იმ საზოგადოების რომელიც გადაეჩვია მოყვასის სიყვარულს. ეს სიყვარულის რაციონალიზაციის მცდელობაა, რომელმაც სული დაკარგა.

ერთხელ ერთი ძალიან გულწრფელი და განათლებული იუდაიზმის წარმომადგენელი მიმტკიცებდა, რომ მიუხედავად შემოქმედის და ქმნილების სიკეთისა, კანონები და სახელმწიფო აუცილებელია საზოგადოებისთვის, რადგანაც მასში წესრიგს ამყარებს, ხოლო მის გარეშე ქაოსი იქნებაო. კი მაგრამ რატომ? თუ მე ვიცი, რომ, თუ მოყვასს რამეს წავართმევ, მე მას გულს ვატკენ, მაშინ რად მინდა მე კანონი «არ მოიპარო»? თუ მე ვიცი, რომ კედლის იქით მეზობლები დაძინებას ცდილობენ, რად მინდა მე ოფიციალური აკრძალვა რომ საღამოს 11 საათის შემდეგ არ ვიხმაურო, და რატომ მაინც და მაინც 11? რისთვისაა საჭირო ოფიციალური გადასახადები, თუ ადამიანებს თვითონ და თანაც კეთილი ნებით შეუძლიათ საჭირო მომსახურების საფასურის გადახდა? რისთვისაა საჭირო პოლიცია, არმია, საგადასახადო ინსპექცია და სხვა ნებისმიერი სახელმწიფო ჩინოვნიკი და თვითონ სახელმწიფო, თუ ყოველი ადამიანი სხვა ადამიანის სასიკეთოდ იზრუნებს? რა ქაოსია ეს, რომელიც მხოლოდ იმის გამო დადგება, რომ ხალხს ერთმანეთი ზემოდან მიცემული მითითების გარეშე ეყვარება? პრინციპში სიყვარული გამოუსადეგარს ხდის კანონებს და სახელმწიფოს, და ისინი არც იარსებებდნენ, ჩვენს დიდ მშობლებს რომ არ დაეშვათ შეცდომა ედემის ბაღში.

უმნიშვნელოვანესი გაკვეთილი, რომელიც კარგად უნდა ისწავლოს კაცობრიობამ პირველი შეცოდების ისტორიიდან, – ესაა შემოქმედისადმი სიყვარულის დაკარგვის შედეგები. მოდით ერთი წუთით დავფიქრდეთ იმაზე, თუ რა მოხდა არსებითად ედემში. იეჰოვამ ადამი და ევა გააფრთხილა, რომ გარკვეული ხის ნაყოფის ჭამა არ შეიძლებოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ელოდათ სიკვდილი. თუმცა ოპოზიციამ გველის სახით განაცხადა, რომ ღმერთი – მატყუარაა და არავითარი სიკვდილი არ იქნება. ადამის და ევასათვის პრობლემა იმაში მდგომარეობდა, რომ არცერთი მხარის მტკიცებულების გადამოწმება არ შეეძლოთ, ამიტომ ისინი სიტყვაზე უნდა ნდობოდნენ ან იეჰოვას, ან გველს (ამ გველის ჭეშმარიტი ბუნება ჯერ ცნობილი არ იყო). რატომ დაუჯერეს მათ გველს და არა თავის შემოქმედს? ეს პარადოქსულად ჩანს, იეჰოვა მათთვის ხომ მოსიყვარულე და მზრუნველი მამა იყო, რომელთანაც წლების განმავლობაში ჰქონდათ ურთიერთობა და რომელთანაც გარკვეული ურთიერთობა განავითარეს, მოლაპარაკე გველს კი პირველად ხედავდნენ. უკვე თვითონ მოლაპარაკე გველის ფაქტი აჩვენებს, რომ აქ რაღაც მთლად კარგად ვერ იყო. მათ თავისი არჩევანი მხოლოდ იმიტომ გააკეთეს, რომ თავისი მამა არ უყვარდათ იმდენად, რომ მის სიტყვას ნდობოდნენ. ისინი იმდენად მოიცვა ღვთაებრივი სიდიადისა და აკრძალული ცოდნის მიღების ცდუნებამ, რომ მათ დაუშვეს აზრი, რომ მათი მამა – მატყუარაა. აზრი, რომელსაც არცერთი ნადვილად მოსიყვარულე შვილი არ დაუშვებს თავისი მშობლის მიმართ, ყოველ შემთხვევაში ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე მაინც. ხოლო გველს კი მტკიცებულებები არ წარმოუდგენია.

ედემის აჯანყების შემდეგ სიყვარულის კრიზისი თანდათან ღრმავდება, და მხოლოდ ამით შეიძლება აიხსნას სოციალური, ეკონომიკური, იურიდიული და სახელმწიფო სისტემების მუდმივი გართულება. როდესაც ღვთისგან მოცემული ფეხები არ გვაქვს, ხელჯოხების მოგონება გვიწევს. ასეთ ხელჯოხებად გვევლინებიან კანონები, უხეში ძალა და  სხვა და სხვა საშუალებები ერთი ადამიანისაგან მეორეზე ძალდატანების არსენალიდან. რა თქმა უნდა, ძალის პრინციპსაც მნიშვნელოვანი როლი აკისრია სამყაროში, და შემოქმედი ძალის უდიდეს წყაროს წარმოადგენს, თუმცა ძალა სიყვარულის გარეშე ყოველთვის უაზრო და მახინჯია. ასეთ ძალას მხოლოდ მინიმალური წესრიგის შენარჩუნება შეუძლია საზოგადოებაში – სიკეთის არარსებობისას უზრუნველზოფს მინიმალურ ბოროტებას. ეს უკეთესია, ვიდრე აბსოლუტური ანარქია, რომელიც შეაჩერებდა გადარჩენის ღვთიურ გეგმას: მაგალითად, შეიძლება ყველა ქრისტიანი დაეხოცათ ან ციხეში ჩაესვათ. ზუსტად ამიტომ ეძახის პავლე, ხელისუფლების შეიარაღებულ წარმომადგენელს, ღვთის მსახურს (რომაელთა 13:4). (ეს მუხლი არაა საფუძველი ისეთი დასკვნისა, რომ ქრიასტიანს შეუძლია ხელში აიღოს იარაღი. ბიბლიიდან ჩანს, რომ თავისი ნების შესასრულებმად, ღმერთს ცოდვილთა გამოყენებაც შეუძლია, და ამ გაგებით მათ შეიძლება ეწოდოთ მისი მსახურები.) მაგრამ მინიმალური ბოროტება, მაინც ბოროტებაა. ჩემი ებრაელი თანამოსაუბრე მართალი იყო იმაში, რომ საზოგადოებაში წესრიგის შენარჩუნება მხოლოდ ძალით შეიძლება, იმ პირობით, რომ საზოგადოებას არ გააჩნია სიყვარული. სიყვარულ დაკარგული სზოგადოება უსასრულოდ შორსაა ღვთის პირველი ჩანაფიქრისაგან. უხეშ ძალას შეუძლია  მისი საბოლოო დაღუპვისაგან ხსნა, მაგრამ არ შეუძლია მისი განკურნება. ისევე როგორც ექიმს შეუძლია უსასრულოდ შეიყვანოს, უიმედო ავადმყოფის ორგანიზმში ტკივილგამაყუჩებელი, რომ ცოტათი მაინც შეუმსუბუქოს მას ყოფა, ხოლო მისი დაავადებისგან განკურნება კი არ ძალუძს. 

სიყვარულის კრიზისი საზოგადოების ორგანიზების ყველა დონეზე გვხვდება. რატომაა საჭირო პასპორტი და მრავალი სხვა დოკუმენტი, რომელიც თან სდევს მთელ ჩვენ ცხოვრებას? იმიტომ რომ არავინ არავის არ ენდობა. რატომაა საჭირო არჩევნები? იმიტომ რომ საზოგადოება მრავალ, ერთმანეთში მებრძოლ ბანაკადაა დაყოფილი, რომელთაც არ ძალუძთ და განსაკუთრებით არც სურვილი აქვთ, რომ შეთანხმებამდე მივიდნენ. რატომ თვლის აუცილებლად ნებისმიერი სახელმწიფო, რომ ყავდეს არმია, მიუხედავად იმისა რომ არავისზე თავდასხმას არ გეგმავს? იმიტომ რომ ყოველთვის ეჭვი აქვს თავის მეზობლებზე , რომ ისინი დაესხმიან პირველი თავს. რატომ იღებს ორი ქვეყნის ხალხი იარაღს და იწყებენ ერთმანეთის ხოცვას, თანაც ისე რომ არც იციან რისთვის? იმიტომ რომ სხვა ხალხის ცხოვრებას არ თვლიან ისეთივე მნიშვნელოვან ფასეულობად, როგორადაც თავისი იმპერიის გაფართოვებას (თუ ქვეყანა თავს ესხმის) ან პოლიტიკურ დამოუკიდებლობას (თუ თავს იცავს). რამ გამოიწვია ისეთი დიდი იმპერიების წარმოქმნა, როგორიცაა რუსეთი? მხოლოდ ერთმა რამემ – მმართველთა სიხარბემ, რომელთაც გამუდმებით არ ჰყოფნიდათ ის ტერიტორია და ის ძალაუფლება, რომელიც მათ უკვე ჰქონდათ. ნებისმიერი დიდი სახელმწიფო – ესაა სიხარბის, შურის, გაუმაძღრობის და ყველა ცუდი ნაკლის პროდუქტი, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში აიძულებდნენ მმართველებს ისევ და ისევ ეხოცათ და ეძარცვათ თავისი მოყვასი, წაერთვა მათთვის ქალაქები და ტერიტორიები, დაეჩაგრა ერები. ყოველივე ამის შემდეგ განსაკუთრებით მაკვირვებს ის, რომ ასეთი სახელმწიფო თავს ქრისტიანად და წმინდად აცხადებს.

არ ღირს თავის მოტყუება, ფიქრით, რომ თანამედროვე დემოკრატიებში ყველა პრობლემა მოგვარებულია. დესპოტიზმსა და დემოკრატიას შორის განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ პირველი – ესაა ერთის დიქტატურა დანარჩენებზე, ხოლო მეორე – უმრავლესობის დიქტატურა უმცირესობაზე. (ხშირად ისე ხდება, რომ უმრავლესობის აზრი ხელოვნურად ყალიბდება მთავრობის მიერ, და ასეთ შემთხვევაში დემოკრატიასა და დესპოტიზმს შორის უკვე არანაირი განსხვავება არ არის). აბსოლუტურად თავისუფალი ქვეყნების მაგალითი არ არსებობს: ვთქვათ, შვეიცარიაშიც კი, აკრძალულია მინარეთების მშენებლობა. ყველა მოქალაქე ვალდებულია დაიცვას უამრავი კანონი და დადგენილება, რომელსაც შეიძლება ეთანხმება, მაგრამ შეიძლება არ ეთანხმება – მხოლოდ იმიტომ, რომ იმ უმცირესობაში მოხვდა, რომელსაც მხარი არ დაუჭერია ამ კანონისათვის. მაგალითად, მე არ მჯერა საპენსიო თეორემის და არ მინდა მისი მიღება, მაგრამ ვერცერთ სახელმწიფოში ვერ ვიტყვი უარს საპენსიო ფონდის გადასახადების გადახდაზე. რომელი ეთიკური საფუძველით ახვევს უმრავლესობა უმცირესობას თავის ნებას? რატომ არ შეიძლება ყველას მიეცეს უფლება ისე იცხოვროს, როგორც მას სურს, დაბადებიდან სიკვდილამდე გაბრიყვებისა და ვიღაცისთვის სასურველ სტერეოტიპებსა და მოდელებში მოქცევის გარეშე? მხოლოდ ერთი მიზეზის გამო: სახელმწიფოს ესმის, რომ ასეთ შემთხვევაში გაქრება ძალაუფლების როლი, მაგრამ ვინ იტყვის ნებაყოფლობით უარს ძალაუფლებაზე მთელი თავისი დივიდენდებით? ნებისმიერ სახელმწიფოში არსებობს სახელმწიფო იდეოლოგია, რომელიც ან ძალით, ან პროპაგანდით და განათლებით ინერგება. ნებისმიერი სახელმწიფო კრებს გადასახადებს, რათა დააფინანსონ პროექტები, რომელთა უმრავლესობაც საერთოდ არ აინტერესებს გადამხდელთა უმრავლესობას, და ახდენენ ამ თანხების იმ ჯგუფებზე გადანაწილებას, რომლებზეც მომავალი არჩევნების შედეგებია დამოკიდებული. ნებისმიერი სახელმწიფო ღიად ყიდულობს ამომრჩეველთა ლოიალობას სოციალური დახმარებების, პენსიებისა და გარანტიების საშუალებით, რათა იყიდოს მათი თანხმობა იმ პოლიტიკის მიმართ, რომელსაც სხვა შემთხვევაში ისინი არ მოიწონებდნენ.

სახელმწიფო – ესაა გარკვეული იძულებების ინსტიტუტი. ესაა ხელოვნური კონსტრუქცია, რომელიც ლეგიტიმაციას უკეთებს ერთი ხალხის ჯგუფის მეორეზე ძალადობას. ძველი ისრაელიც არ იყო გამონაკლისი: ღმერთი ტყუილად როდი გაბრაზდა, როდესაც ერმა მეფე მოითხოვა თავისთვის (1 მეფეთა 8 თავი). ამის შემდეგ იშვიათად თუ იყო ისრაელის ან იუდეის ისეთი მეფე, რომელიც არ ემორჩილებოდა ცდუნებას შეევიწროვებინა თავისი თვისტომი. შესაძლოა, თვითონ მოქალაქეებსაც ეშინიათ თავსმოხვეული სახელმწიფო ზრუნვის გარეშე ცხოვრება, იმიტომ რომ მასში გარკვეულ დაცვასა და სტაბილურობას ხედავენ. მაგრამ რატომ ხდება ასე? მხოლოდ იმიტომ, რომ ხალხს მეტად აღარ სჯერა  სიყვარულის, როგორც თანაცხოვრების ერთადერთი და მთავარი პრინციპისა. იმიტომ რომ ადამიანის და მთლიანობაში კაცობრიობის ზნეობრივი და სულიერი დეგრადაცია მოხდა.

სხვა მხრივ, სახარების გარეშე ყველაფერი უფრო ცუდად იქნებოდა. მრავალი რამ, რაც ჩვენთვის ჩვეულია, ქრისტიანიზაციის პირდაპირი შედეგია. ძველმა სამყარომ არ იცოდა რა იყო უფასო მედიცინა და განათლება, სამაშველო და სახანძრო სამსახურები, ობოლთა და უსახლკაროთა თავშესაფრები, მომხმარებელთა უფლებების დამცველი კომიტეტები, უდანაშაულობის პრეზუმციები, კონფლიქტების დიპლომატიური გზით მოგვარების თეორიები, ტელევიზორები და მაცივრები ციხეებში, საზოგადოებრივ ადგილებში სპეციალური მოწყობილობები ინვალიდთათვის და კიდევ ათასი ნორმა და დებულება, რომლებიც მიმართულია ათასი «უფლებისა და თავისუფლების» დაცვისაკენ. როგორ წარმოიშვა ეს ყველაფერი ევროპელი ბარბაროსების თავში, რომლებმაც სულ ცოტა ხნის წინ სიხარულით გაძარცვეს რომი, იმ დროის ცივილიზაციის ავანგარდი? პირველი ბიბლიოთეკები, სკოლები და საავადმყოფოები შექმნილი იქნა ეკლესიებთან, და დღემდე სამედიცინო მომვლელებს «დებად» მოიხსენიებენ. ევროპულ ცივილიზაციაში თანდათანობითი ჰუმანიზაცია და ზნე-ჩვეულებათა შერბილება – ეს დიდად, ქრისტიანიზაციის შედეგია, ხოლო ქრისტიანიზაცია კი – ესაა მცდელობა საზოგადოების სიყვარულის პრინციპთან დაბრუნებისა, რათა სიყვარული ისევ ქცეულიყო საზოგადოებრივი წყობის მთავარ იდეად. ქრისტე რომ არა, სავსებით შესაძლებელია, ერთმანეთი დღემდე ხის კეტებით გვეცემა ნებისმიერი მიზეზით, ხოლო უფლებები და თავისუფლებები ზუსტად ამ კეტის ზომის პროპორციულები იქნებოდნენ.

ყველაფერი ეს გვახარებს და იმედს გვინერგავს. ეს იმაზე მეტყველებს, რომ სიყვარული იმდენად ამოუძირკვავია ადამიანის ბუნებიდან, რომ მასზე ვერ გაიმარჯვა ათასწლეულების დეგრადაციამაც კი. საუკუნე ნახევრის განმავლობაში ევოლუციის თეორემამაც კი ვერ დაარწმუნა ადამიანი იმაში, რომ არსებობისათვის ბრძოლა, ძლიერის სუსტის ხარჯზე გადარჩენა – სიცოცხლის მთავარი პრინციპია. ეს თვალნათლივ აჩვენებს, რომ შემოქმედი არასოდეს არ ივიწყებს ქმნილებას და ყოველთვის აძლევს შეღავათს. შეუძლებელია ვერ დავინახოთ კავშირი იმას შორის, რომ ბიბლია წარმოადგენს მსოფლიოში ყველაზე გავრცელებულ და წაკითხვად წიგნს, და ისეთი დოკუმენტების წარმოქმნას შორის, როგორიცაა ადამიანის უფლებათა დეკლარაცია, რომელიც ყოველ აბზაცში ფაქტიურად აფრქვევს სიყვარულს. წარმართულ ან თანმიმდევრულ ათეისტურ საზოგადოებაში ასეთი დოკუმენტის წარმოქმნა წარმოუდგენელი იქნებოდა.

სიყვარულის კვალი აშკარად ჩანს ყველა სახის ქმნილებაში ჩვენს გარშემო და თვითონ ჩვენშიც. რატომ არჩევს ჩვენი თვალი ამდენ ფერს, რასაც არავითარი პრაქტიკული მნიშვნელობა არ აქვს? რატომაა ბუნებაში ამდენი სასწაული არომატი და შეგრძნებები, რომლებიც ისეთი მათრობელი ექსტრაქტებით ავსებენ ჩვენს ფილტვებს, რომელსაც ვერაფერს შეადარებ? რატომ ჩამორჩება ჩვენი ერთი თითი სხვა დანარჩენს 90 გრადუსით, თუ იმიტომ არა, რომ გაგვიადვილდეს საგნებით მანიპულირება? რისთვისაა ასე ბევრი საკვირველი ხილი, როდესაც შეიძლება ადამიანს უბრალოდ მივცეთ ცილები, ნახშირწყლები და ვიტამინები უგემური ნაცრისფერი მასის სახით? რატომ არიან ბავშვები და პატარა ცხოველები ასეთი სასაცილონი? რატომაა ჩვენთვის ჩვეული და გარშემომყოფი სამყარო ისე შექმნილი, რომ გამუდმებით გავიხაროთ ყოველდღიურობით? სიყვარულითაა განმსჭვალული მთელი შემოქმედება დნმ-ის მოლეკულიდან ადამიანის ტვინამდე, და რამდენად ამორალურია ამ ყველაფრის მიწერა ბრმა და გულგრილი შემთხვევისათვის. სიყვარული – ესაა შემოქმედების თავი და თავი, როგორც ბიბლიის ერთი ყველაზე ყოვლისმომცველი მუხლი ამბობს: «ღმერთი სიყვარულია» (1 იოანე 4:8). თუნდაც მხოლოდ ამიტომაა შეუძლებელი იმის დაჯერება, რომ დედამიწა განადგურდება ატომურ, ასტრონომიულ ან სხვა კატაკლიზმისას.

შრომა არ ქმნის ადამიანს ადამიანად, არამედ მხოლოდ სიყვარული. მხოლოდ მაშინ როდესაც ადამიანი სხვისთვის აკეთებს რამეს, ის თავის ცხოვრებაში შემოქმედების მთავარი პრინციპის რეალიზებას ახდენს და შემოქმედს ჰბაძავს, რითაც თავის ცხოვრებას აზრით ავსებს. როცა ის თავისი თავისთვის აკეთებს რამეს, ის არაფრით განსხვავდება ცხოველებისაგან – რომლებიც ლამაზები კი არიან, მაგრამ აბსოლუტურად ეგოისტური ქმნილებები არიან. სიყვარული ხდის ადამიანს ქრისტიანად. თუ ქრისტიანი ვერ აცნობიერებს, რომ ის თავის ეკლესიაში მხოლოდ იმიტომაა, რომ უყვარს ღმერთი და მოყვასი, და არ არსებობს სხვა მიზეზი ამის გარდა – ის მასში დიდხანს ვერ გაჩერდება. მხოლოდ ღვთისადმი სიყვარული იძლევა იმის გაგებას, რომ მარადიულობის გვერდით პოლიტიკა, ნაციონალიზმი, პატრიოტიზმი და სხვა მრავალი რამ, რაც მილიონების გონებას განაგებს – ესაა ამაოება, რომელიც დროის ერთი წამის ფასიც არ ღირს. მხოლოდ იესოსადმი სიყვარული და მისი ტანჯვისადმი თანაგრძნობა, რომელიც მან ჩვენს ნაცვლად განიცადა (და რომელიც ჩვენ უფრო მეტად დავიმსახურეთ), გვაიძულებს ისევ და ისევ ვიაროთ მის ნაკვალევზე, სირთულეების მიუხედავად. მხოლოდ მოყვასისადმი სიყვარული გვაიძულებს კვლავ და კვლავ ველაპარაკოთ მას გადარჩენაზე, როდესაც მისგან სამაგიეროდ არაფერს ვიღებთ, გარდა დევნისა და ლანძღვა-გინებისა.

მსოფლიოს სილამაზე ვერ გადაარჩენს. არამედ მხოლოდ სიყვარული. ის უკან ედემში მიგვიყვანს, იმიტომ რომ შეუძლებელია, რომ მოსიყვარულე შემოქმედმა დაივიწყოს თავისი ქმნილება. მაშინაც კი თუ გარშემო საშინელი ჯოჯოხეთი გამეფდება, დარჩება კლდე. ჭეშმარიტების, სამართლიანობის და უპირველეს ყოვლისა - სიყვარულის კლდე.

--------------------------------------------------------------------------------

თარგმნილია: http://chivchalov.blogspot.com


ასევე წაიკითხეთ:


ღმერთზე სამართლიანი?

კრება - ციხესიმაგრეა

რა არის კარგი?

Комментариев нет:

Отправить комментарий