вторник, 11 февраля 2014 г.

რატომ დადიან ისინი

                        




თუ სასიხარულო ცნობას ვაუწყებ, არა მაქვს კვეხნის მიზეზი, რადგან ეს
 აუცილებლად უნდა გავაკეთო. ვაი მე, თუ არ ვაუწყებ სასიხარულო ცნობას! (1 კორ. 9:16)

რატომ დადიხართ? რა გინდათ საერთოდ? მეტი საქმე არ გაქვთ? – ამ და სხვა დამამცირებელ გამოთქმებს ხშირად ისმენენ თავისი მისამართით ადამიანები, რომლებმაც გადაწყვიტეს მოყვასთან მისვლა, რათა მას ესაუბრონ ქრისტეზე. ზოგიერთ აღშფოთებულს ალალად არ ესმის, რატომ აკეთებენ ისინი ამას, უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ ისინი ამას ფულის ან სხვა რაიმე სახის მოგების მიზნით აკეთებენ. უმრავლესობა არასოდეს არ დაიჯერებს, რომ ანაზღაურების გარეშეც შეიძლება ამის გაკეთება, ნებაყოფლობით და საკუთარი თავისუფალი დროის ხარჯზე. ამ ხალხსაც შეიძლება გაუგო: ისინი ცხოვრობენ სამყაროში, რომელსაც გამორჩენა მართავს, რომელშიც ყველა ხვრელიდან რეკლამა და აგიტაცია იღვრება, მათ გული აუცრუვდათ და აღარ სჯერათ უანგარობის, მას ძველმოდურ მითად თვლიან.


პირადად მე მოხარული ვიქნებოდი, ჩემთან რომ მოდიოდნენ სხვადასხვა რელიგიისა და კონფესიის ადამიანები, ღვთის შესახებ სალაპარაკოდ. ვისაუბრებდით კულტურულად, გავცვლიდით ჩვენს მოსაზრებებს და მეგობრულად დავშორდებოდით ერთმანეთს. ჩემთვის აუცილებელი არაა ისინი რამეში დავარწმუნო; ის სწამდეთ, რაც სურთ. ჩემთვის უბრალოდ სასიამოვნოა, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებისთვისაც უმნიშვნელო არ ვარ მე და ჩემი გადარჩენა.

როგორც წესი, საჯარო ქადაგებასთან იეჰოვას მოწმეები ასოცირდებიან, მაგრამ ისინი ერთადერთები არ არიან, იმ ადამიანებს შორის ვინც ამას აკეთებს. კრიშნაიტები, მორმონები, კათოლიკები და მრავალი პროტესტანტული ეკლესიები პერიოდულად დადიან სახლებში და აწყობენ აქციებს, ყიდიან ლიტერატურას ან იწვევენ ხალხს ღონისძიებებზე. უბრალოდ იეჰოვას მოწმეები – ერთადერთები არიან, ვისთანაც ეს აქცია შეუწყვეტლად მიმდინარეობს 1930 წლიდან. მთელ ცივილიზებულ სამყაროში, რელიგიური ჯგუფების ასეთი აქტივობა, დიდი ხანია ნორმად იქცა და არავისგან არ აღიქმება მტრულად.

ქადაგება – ეს ქრისტიანობის სულია. ბიბლიის ფურცლებზე ჩვენ ვხედავთ, როგორ ქადაგებენ ქრისტიანები ბაზარში და მდინარის ნაპირზე, მათ არ გააჩნდათ უცხო ადამიანთან გამოლაპარაკების შიში (საქმეები 16:13; 17:17). ქრისტიანული ქადაგება, თავისი დიდი მნიშვნელობის გამო, არის და უნდა იყოს საჯარო. დიდი ქრისტიანი მწერალი თეოდორე დოსტოევსკი, რომანს "ეშმაკნი" იმით ამთავრებს, რომ მთავარი გმირი, მდიდარი მიწის მესაკუთრე ქალბატონი, სახარების საქადაგებლად მიემგზავრება, და ამაში ხედავს ავტორი მისი სულიერ-მორალური ევოლუციის მწვერვალს. ქრისტიანს უცხო ადამიანთან მისვლის შეიძლება ეშინოდეს იმ შემთხვევაში, თუ თვითონ არ არის დარწმუნებული გადასაცემი ცნობის მნიშვნელოვნებაში. ვინაიდან რა შეიძლება იყოს უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე სხვა ადამიანის გადარჩენა: არა მარტო ცოდვისა და სიკვდილისგან გადარჩენა, არამედ იმედგაცრუებისგან, უკმაყოფილების გრძნობისგან, უიმედობისგან, უსიხარულო და უაზრო არსებობისგან, ხვალინდელი დღის გაურკვეველი მოლოდინისგან, ახლობლისადმი შურისგან, დაცემული თვითშეფასებისგან - ყველაფერი იმისგან, რისგანაც მხოლოდ ქრისტეს შეუძლია გადარჩენა და არა ფულს? ნუთუ ეს არაა ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე სასარგებლო სამუშაო, რომელიც კი შეიძლება არსებობდეს? ნუთუ ის არაა ყველაზე აქტუალური თანამედროვე საზოგადოებისთვის?

დაე ვიღაცას არ სჯეროდეს და არ იზიარებდეს ამ შეხედულებას – სწორია, ასეც უნდა იყოს ცივილურ სახელმწიფოში. მაგრამ არ შეიძლება სხვა ხალხის გასამართლება იმის გამო, რომ მათ სურვილი აქვთ დაგვეხმარონ ისეთი საშუალებით, რომელიც ჩვენ არ მოგვწონს. ერთმა ტელეწამყვანმა და საზოგადო მოღვაწემ სწორად აღნიშნა: «რა თქმა უნდა, იეჰოვას მოწმეები მრავალს აღიზიანებენ, იმიტომ რომ ქადაგება – მათი საქმიანობის უმთავრესი ფაქტორია… მაგრამ მოთმინება გვმართებს, როგორც იესომ დაგვავალა». ზუსტადაც მოთმინება. არაფერი საშინელება არ არის იმაში, რომ ერთი ადამიანი მეორეს რაღაცას სთავაზობს, და მითუმეტეს უფასოდ და უანგაროდ. არაფერია იმაში რთული, რომ წელიწადში ერთხელ ან თუნდაც ორჯერ კარი გავუღოთ იეჰოვას მოწმეებს და თუ არ გვაინტერესებს, უბრალოდ ვუთხრათ: «გმადლობთ, მაგრამ არ მაინტერესებს». 

კი მაგრამ, რისი თქმა შეიძლება ადამიანზე, რომელიც დგება და მიდის ადამიანებთან, იმისთვის რომ გადაუშალოს სახარება და ესაუბროს გადარჩენაზე? როგორ დახასიათებას აძლევს ეს მას მორალური და სოციალური მხრიდან? პირველი: ნათელია, რომ ეს ძალიან რელიგიური ადამიანია, რომლისთვისაც რწმენა ცარიელი სიტყვა არ არის. მის ცხოვრებაში არის მაღალი იდეა, რის გამოც ის მსხვერპლზე მიდის. მას გააჩნია მკაფიო ფასეულობები, გათავისებული ცხოვრებისეული პოზიცია და უანგარობის ნიჭი. ასეთი ადამიანი გარანტირებულად არ იქცევა დამნაშავედ, ლოთად, ნარკომანად, თვითმკვლელად. იმიტომ რომ ასეთებად მხოლოდ ისინი იქცევიან, ვინც არ იცის რისთვის ცხოვრობს ამქვეყნად.

მორალურიდან გამომდინარეობს სოციალური: საზოგადოება მხოლოდ მოიგებს, თუ ასეთი ხალხი უფრო მეტი იქნება. და აბსოლუტურად არა აქვს მნიშვნელობა, მართლები არიან თუ არა ისინი თავის რწმენაში. შეიძლება არ დავეთანხმოთ რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან ეკოლოგიური მოძრაობების აქტივისტებს, მაგრამ პატივისცემას იმსახურებს თვითონ ის ფაქტი, რომ ისინი - აქტივისტები არიან. აქტივიზმი – ეს არის სამოქალაქო საზოგადოების საწყისი და თვითშეგნება. ეს სამყარო იმით კი არ ხდება უკეთესი, რომ ხალხი უყურებს ტელევიზორს ან სამსახურში დადის იმისათვის რომ ტელევიზორი იყიდოს. ის უკეთესი ხდება იმით, რომ მასში არიან ადამიანები, რომლებიც მზად არიან გამორთონ ტელევიზორი, ადგნენ სავარძლიდან და წავიდნენ სხვა ადამიანებისათვის რამის გასაკეთებლად. დაე იყვნენ ისინი, დაე «იარონ». ისინი უსაქმურობის გამო არ აკეთებენ ამას. მათ უბრალოდ სხვაგვარად არ შეუძლიათ.

-------------------------------------------------------------------

თარგმნილია: chivchalov.blogspot.com


ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ:


Комментариев нет:

Отправить комментарий