понедельник, 10 февраля 2014 г.

იესო: შექმნილია თუ შობილია?

             




ყოველთვის მაკვირვებდა ტრინიტარული თეზისი იმის შესახებ, რომ იესო შობილია და არა შექმნილი. ის აბსურდულია როგორც ლოგიკურად, ასევე ბიბლიურად და ლინგვისტურად. აქ დევს რევოლუციური იდეა იმის შესახებ, რომ ზმნები შობა, კეთება და შექმნა სინონიმები კი არა, ფაქტიურად ანტონიმებია.

ახალ აღთქმაში ბერძნული სიტყვა γεννάω (გენნაო) და მისგან წამოსული სიტყვები, იესოს მიმართ ოთხჯერ გამოიყენება: ესენია საქმეების 13:33, 1 იოანეს 5:1, ებრაელთა 1:5 და 5:5 . ვნახოთ ამ სიტყვის მნიშვნელობა დვორეცსკის ლექსიკონში : «შობა, ქვეყნად მოვლინება, წარმოშობა, შექმნა». ანუ, თეოლოგიურად რომ ვთქვათ, ოთხივე ეს ბიბლიური ადგილი შეიძლება გადაითარგმნოს, ისე როგორც: შობა და ქვეყნად მოვლინება, ასევე როგორც: შექმნა. სუფთა ლინგვისტურად ეს სწორი იქნება.



სიტყვა "გენნაო"-ს გამოყენება შეიძლება ყოველთვის, როდესაც საუბარია რაიმეზე, რაც არ არსებობდა, მაგრამ რაღაც მომენტში დაიწყო არსებობა. ზუსტად ამ სიტყვიდან წამოვიდა მრავალ ევროპულ ენაში და მათ შორის ქართულშიც, სიტყვა გენერირება. რას აკეთებს გენერატორი? ქმნის ელექტრო დენს (ან სხვა რამეს). ამ წუთას ელექტრო დენი არ იყო, მაგრამ ჩავრთეთ გენერატორი და ის წარმოიშვა. მან გენერირება მოახდინა ანუ წარმოქმნა ელექტრო დენი, ხოლო უფრო პოეტურად შეგვიძლია ვთქვათ, შექმნა ან ქვეყნად მოავლინა. ეს სიტყვები ყველა ენაში სინონიმებს წარმოადგენენ, უბრალოდ განსხვევდებიან ემოციურ-ექსპრესიული ფერების სტილით.

ხანდახან შეიძლება გაიგოთ: კი მაგრამ იესოსთან მიმართებაში, რატომ არ გამოიყენება სხვა სიტყვა ბიბლიაში, რომელიც ითარგმნება როგორც შექმნა ან წარმოქმნა, მაგალითად ისეთები როგორებიცაა κτίζω ან κατεργάζομαι? პირველი: ეს მთლად სიმართლეს არ შეეფერება: კოლოსელების 1:15-ში იესოს ეწოდება პირმშო ყოველი ქმნილებისა, ხოლო გამოცხადების 3:14-ში - დასაბამი ღვთის ქმნილებისა. ოჯახის პირველი ბავშვი (პირმშო) სხვა ბავშვებისგან მხოლოდ რიცხვით განსხვავდება, მაგრამ არა ბუნებით, ხოლო ის, ვინც ყველა ქმნილების პირმშოა, თავისთავად წარმოადგენს ქმნილებას. მეორე: ანგელოზებზე, დემონებზე და სატანაზეც არ წერია რომ შექმნილები არიან. სად ვკითხულობთ ბიბლიაში რომ სატანა ღმერთმა შექმნა? არსად, მაგრამ ამ ფაქტში რატომღაც არავის ეპარება ეჭვი. ალბათ, ბიბლიის ავტორები ამაზე არ საუბრობენ უბრალოდ იმიტომ, რომ ეს ისედაც ცნობილად ითვლებოდა და არ საჭიროებდა განხილვას.

შემოქმედის უშობლობა, უქმნელობა და დაუსაბამობა და სხვა დანარჩენის შობილობა და შექმნადობა - ეს მონოთეიზმის აქსიომაა. დღეს ეს კარგად ესმით იუდეველებსა და მუსულმანებს, და სადღაც მე-4 საუკუნემდე კარგად ესმოდათ ქრისტიანებსაც. რწმენის ერთერთ უძველეს სიმბოლოში, ეგრეთწოდებულ მოციქულთა რწმენის სიმბოლოში, იესოს არაშექმნილობაზე ჯერ არაფერია ნათქვამი, ეს იდეა პირველად ფიქსირდება მხოლოდ ნიკეის სიმბოლოში. როგორც ჩანს ნიკეამდე ქრისტიანებს ესმოდათ: შობილი ისაა, რასაც გააჩნდა დასაწყისი; დასაწყისის არ მქონე არ შობილა და ესაა ღმერთი. ეს მონოთეიზმის ძველი და უბრალო აქსიომაა, რომლის განსაზღვრებაც არცერთ ახალი აღთქმის ავტორს არ უცდია, მიაჩნდათ რა რომ ის ისედაც ნათელი იყო. მაგრამ უცბათ ის ნაკლებ ნათელი გახდა და ქრისტიანებმა გადაწყვიტეს  გაეწირათ ის სხვა მიზნებისთვის.

ვინმე იტყვის: ღმერთი შობს მხოლოდ ღმერთს – თითქოს ღმერთი თავისი გვარის მიხედვით მრავლდებოდეს, როგორც ადამიანი და ცხოველი მრავლდება. კი მაგრამ, მოციქული იოანე ექვსჯერ ლაპარაკობს იმაზე, რომ ღმერთი შობს ადამიანსაც, თანაც იყენებს იგივე სიტყვას "გენნეო": 1 იოანე 2:29; 3:9; 4:7; 5:1,4,18.  ფსალმინის 89:2-ში ნათქვამია, «მთები დაიბადნენ» – აქ გამოყენებულია იგივე ებრაული სიტყვა, რომელიც აღნიშნავს მშობიარობას და ადამიანის გაჩენას. როგორც ვხედავთ, ღმერთი შობს როგორც მთებს ასევე ადამიანებს. იმის მაგივრად რომ ავაგოთ პარადოქსული თეორია იმის შესახებ, როგორ შობს ერთი ღმერთი მეორე ღმერთს, აქედან გამომდინარე მონოთეიზმის გადაუჭრელი პრობლემებით, უფრო იოლი არაა დავასკვნათ, რომ ბიბლია სიტყვას შობა იყენებს შექმნის მნიშვნელობით? მთელი ბიბლიური კონტექსტი გვიჩვენებს, რომ ეს სიტყვები სინონიმურია და ურთიერთცვალებადია ნებისმიერ კონტექსტში, ნებისმიერი სუბიექტის შემთხვევაში. ვინაიდან ადამიანზეც შეიძლება ითქვას, რომ ის შეიქმნა ან წარმოიქმნა დაბადების მომენტში.

არა მარტო ბიბლიაში,არამედ საერთოდ ბერძნულ ლიტერატურაში, დაბადებულის და შექმნილის მნიშველობები არასოდეს დაპირისპირებიან ერთმანეთს. მაგრამ იესოსთვის მოულოდნელად გამონაკლისი კეთდება, სრულიად თვითნებურად და ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე. იუდეველი, მუსულმანი და ქრისტიანი-უნიტარი დარწმუნებულები არიან: ყველა შობილს აქვს დასაწყისი. ქრისტიანი-ტრინიტარი ამატებს: იესოს გარდა. მისი აზრით, მთები, ცხოველები, ადამიანები, ანგელოზები, დემონები, სატანა - შობილი და შექმნილი არიან, აი იესო კი შობილი, მაგრამ არა შექმნილი. რატომ? ეს არ იხსნება. ისე, უბრალოდ.

მაგრამ ნებისმიერმა რელიგიის ისტორიკოსმა იცის, რატომ: ქრისტიანებს ძალიან უნდოდათ ჩაეწვინათ იოანეს ლოგოსი პლატონური ტრიადოლოგიის საწოლში. ისე ძლიერ უნდოდათ, რომ ბერძნულ ლექსიკონზე მოუწიათ ოპერაციის ჩატარება. ბიბლიის განმარტებისას ძალიან სახიფათოა სიტყვების გავრცელებული მნიშვნელობის შეცვლა, ვინაიდან ეს კარს ხსნის ნებისმიერი, სრულიად თვითნებური განმარტებისთვის. სიტყვების, საჭირო მნიშვნელობით - საჭირო ადგილას, შეცვლით, ბიბლიაში შეგვიძლია ჩავწეროთ უცხოპლანეტელებზე, ბუებზე (ბავშვებს რომ ვაშინევთ), და რაც მოგვესურვება, რასაც მოდა მოითხოვს ამ წუთას. ერთია – მივმართოთ ხატოვან ენას, ხოლო სულ სხვაა - შევცვალოთ სიტყვების საბაზო, პირვანდელი მნიშვნელობა. ყოველთვის, როდესაც ბიბლიის ინტერპრეტაციისას ან თარგმნისას, იძულებული ვართ შევცვალოთ სიტყვების მნიშვნელობა, მითუმეტეს მის საპირისპირო მნიშვნელობაზე, ეს სერიოზულად უნდა გვძაბავდეს. ამის გაკეთებას სჯობია რომ მოვერიდოთ, თუ არ არსებობს ძალიან მნიშვნელოვანი, აშკარა მიზეზი, რომელიც მკვეთრადაა ფორმულირებული ბიბლიაში.

-------------------------------------------------------------------------

თარგმნილია: chivchalov.blogspot.com

ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ:




Комментариев нет:

Отправить комментарий