среда, 5 февраля 2014 г.

რატომაა ბიბლიის ქართულ თარგმანებში ორი უფალი?





"უფალი - იესო". ადამიანთა უმრავლესობისთვის, რომლებიც ბიბლიას იშვიათად შლიან, ეს ფრაზა ჟღერს როგორც იესოს, თვით ღმერთთან გაიგივება. ზუსტად ეს ხომ არ არის მათ მიერ სამების დოგმატის მასიურად მიღების მიზეზი, ვინც სუსტად იცნობს საღვთო წერილს?

ისტორიულად ისე ჩამოყალიბდა, რომ ქართველი ადამიანის გაგებაში, ტიტული <<უფალი>> ყოვლისშემძლე ღმერთის პირადი ატრიბუტი გახდა. თუ გავითვალისწინებთ, რომ წმინდა წერილებში იესოსაც ხშირად ეწოდება <<უფალი>>, ქართველი ადამიანი, მისი ფილოლოგიური მარაგით, თავისუფლად შეიძლება დაიბნეს. თუ იმასაც გავითვალისწინებთ რომ თვით ბიბლიის მთარგმნელთათვისაც კი არაა იოლი ამოცანა, მაშინ რა უნდა ვთქვათ უბრალო ადამიანზე. რატომ მოხდა ასე? ამ საკითხში რომ გავერკვეთ, მოგვიწევს მოვაწყოთ მცირე ისტორიული და ბიბლიის ფილოლოგიური ექსკურსი.

დავიწყოთ ბიბლიის ყველაზე ძველი ნაწილით, რომელიც უმეტესად ებრაულ ენაზე დაიწერა. დაახლოებით რომელი სიტყვა შეესაბამებოდა იქ ქართულ <<უფალს>>? იყო თუ არა ებრაულ ენაში სხვა სიტყვა - რომელიც ასევე <<უფალს>> ნიშნავდა? შეიცვალა თუ არა რამე ბერძნულ ენაზე გადათარგმნის დროს? ამ კითხვებთან დაკავშირებით ორი მოსაზრება არსებობს, და დასაწყისში ორივეს განვიხილავთ, ხოლო შემდეგ მათ კონტექსტში - მთავარ თემას.



"კონსონანტური" ჰიპოთეზა*


ახ.წ. მე-7 საუკუნემდე ებრაული წერილების ტექსტი კონსონანტური იყო, ანუ შედგებოდა მხოლოდ თანხმოვნებით. ამიტომ არავინ არ იცის ზუსტად, როგორ გამოითქმოდა სიტყვა אדני (DNY, "უფალი"). მაგრამ ის კი უდაოა, რომ ის გამოიყენებოდა როგორც ღმერთი იეჰოვას მიმართ, ასევე პატივსაცემი ადამიანების მიმართ (აბრაამი,დავითი და სხვები). თუ ეს სიტყვა ყველა შემთხვევაში ერთნაირად წარმოითქმოდა (ამასთანავე მნიშვნელობა არა აქვს თუ როგორ), ესე იგი მის მნიშვნელობას, ყოველ ცალკეულ შემთხვევაში, მკითხველი ადგენდა - ნიშნავდა  ის "უზენაეს უფალს" თუ "ბატონ"-ს, რომელიც მეფეთა ტიტულს წარმოადგენდა. თუ ეს ჰიპოთეზა სწორია, მაშინ სიტყვა אדני არ შეიცავდა თავის თავში ღვთაებრივი უპირატესობის იდეას (ქართული <<უფალი>>-სგან განსხვავებით), და წარმოადგენდა ბერძნული kyrios დაახლოებით ეკვივალენტს. ამის შესახებ ცოტა მოგვიანებით. ეხლა კი განვიხილოთ მეორე მოსაზრება.

"მასორეტული" ჰიპოთეზა


როცა მასორეტებმა მოიგონეს ხმოვანთა სისტემა, სიტყვამ אדני  ბიბლიაში ორნაირი ჟღერადობა მიიღო - Adonai და adoni.[1] ჟღერადობა Adonai მხოლოდ ღმერთი იეჰოვას - იესო ქრისტეს  მამის, მიმართებაში გვხვდება. მორფოლოგიურად ეს ტიტული წარმოადგენს adoni-ის მრავლობით ფორმას, რომელიც ითარგმნება როგორც "ჩემი უფალი". ასეთი სახით, Adonai სიტყვასიტყვით ნიშნავს "ჩემი უფლები". ესაა ეგრეთწოდებული სიდიადის მრავლობითი [2], რომელიც ფართოდ გამოიყენებოდა ებრაულ ენაში. მისი აზრის უფრო ზუსტად გადმოცემა შეიძლება ფრაზით "უზენაესი უფალი". მაშასადამე, მასორეტები თვლიდნენ, რომ იყო ორი სიტყვა - ერთი იყო ღვთის წმინდა ტიტული(ქართული <<უფალი>>-ს მსგავსად), ხოლო მეორე - საერო ადამიანის ტიტული (როგორც ქართული <<ბატონი>>). ჩვენ დაზუსტებით არ ვიცით, მასორეტებმა მოიგონეს ეს განსხვავებული წარმოთქმა თუ მანამდე არსებობდა. მაგრამ თვითონ ისინი თვლიდნენ, რომ ფაქიზად გადმოსცეს პირვანდელი ტრადიცია.

როგორი მდგომარეობა უკავია იესოს იეჰოვასთან მიმართებაში, 110-ე ფსალმუნის თანახმად?


ამ ორი ჰიპოტეზის მხედველობაში მიღებით, შეგვიძლია დავსვათ კითხვა: იესოს რომ ძველ აღთქმისეულ დროს ეცხოვრა, როგორი ებრაული ტიტულით მიმართავდნენ მას მისი მოწაფეები? ეს კითხვა სპეკულაცია იქნებოდა, რომ არა ის ფაქტი, რომ იესოს წინასწარმეტყველურად ეწოდა ეს სახელი ფსალმუნის 110:1-ში (109:1 სგ), სადაც ნათქვამია: "იეჰოვამ ჩემს უფალს უთხრა" (შეადარე მათე 22:44). რა სიტყვა იდგა თავდაპირველად სიტყვა "უფლის" ნაცვლად? როგორც ხელნაწერები გვიმოწმებენ - ეს იყო ზუსტად ის სიტყვა אדני (DNY).[3] რას გვამცნობს ეს ტიტული, იესოს მდგომარეობაზე იეჰოვასთან მიმართებაში

თუ კონსონანტური ჰიპოთეზა სწორია, მაშინ განმსაზღვრელი უნდა იყოს კონტექსტი. თუ სიტყვა אדני ერთნაირად წარმოითქმებოდა როგორც ღმერთის ასევე ადამიანების მიმართ, მაშინ ის ვერ შეასრულებდა უნიკალური იდენტიფიკატორის როლს და აღნიშნავდა "ჩემ უფალ"-ს ძალიან ფართო გაგებით. რადგან იეჰოვა მიმართავს დავითის אדני-ს სიტყვებით "იჯექი ჩემს მარჯვნივ...", უკვე მარტო ეს სიტყვები აჩვენებს, მასზე იეჰოვას აღმატებულებას. გასაგებია, რომ დავითთან მიმართებაში אדני - ზემდგომი "უფალია", მაგრამ ეს ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ის "უზენაესი უფალია". როგორც 1 მეფეთა 24:6-ში (მცხეთური ხელნაწერი) ჩანს, დავითი ტიტულით אדני საულსაც მიმართავდა, და ეს მიანიშნებდა უბრალოდ საულის, როგორც ღვთის ცხებული მეფის, უფრო მაღალ მდგომარეობაზე, რომელიც ამასთანავე ემორჩილებოდა ღმერთს. წინასწარმეტყველებაში, რომელსაც ჩვენ განვიხილავთ, אדני - ესაა მესიანური მეფე, რომელსაც დავითი თავის თავზე მაღლა აყენებს.[4] 

ხოლო თუ ამ მუხლს განვიხილავთ "მასორეტული" ჰიპოთეზის შუქში, როგორ დასკვნებამდე მივალთ ამ შემთხვევაში? როგორი ჟღერადობა აქვს ამ სიტყვას მასორეტულ ტექსტში? მკითხველს შეუძლია საკუთარი თვალით ნახოს, რომ ეს არის adoni ("ჩემი ბატონი") - ჩვეულებრივი სამეფო ტიტული. ამავე დროს ჩვენ არსად არ გვხვდება მასორეტულ ტექსტში, რომ მრავლობითი ჟღერადობა Adonai მიმართული იყოს ადამიანისადმი.

სეპტუაგინტა - ებრაული წერილების ბერძნული თარგმანი


ეხლა მოდით გავიგოთ, როგორ მოხდა ტიტულის אדני ბერძნულად თარგმნა. და კვლავ, ეს საკითხი უნდა განვიხილოთ ორ პოზიციაში - "კონსონანტური" და "მასორეტული" - რომლებიც ზემოთაა მოცემული. მთავარი კითხვა - იცოდნენ თუ არა სეპტუაგინტის მთარგმნელებმა, რა სხვაობაა გამოთქმაში אדני (Adonai / adoni) როდესაც იგი მიმართულია ღმერთისადმი და როდესაც მიმართულია ადამიანისადმი?

"კონსონანტური" ჰიპოთეზის თანახმად. იმის სასარგებლოდ,რომ სეპტუაგინტის მთარგმნელებმა არაფერი იცოდნენ ამ სხვაობაზე და אדני აღიქვამდნენ როგორც ერთ სიტყვას, და არა ორს, მეტყველებს ის ფაქტი,რომ მათ თითქმის თანმიმდევრულად გადათარგმნეს ეს სიტყვა ერთი ბერძნული ეკვივალენტით - kyrios.  თუმცა ბერძნულ კოინე-ში - სეპტუაგინტის ენაში - არ იყო სიდიადის მრავლობითი, მას ჰქონდა სულ მცირე ორი სიტყვა მნიშვნელობით "უფალი" -  despotes და kyrios.  ამ სწავლული კაცებისთვის რომ ცნობილი ყოფილიყო ებრაული אדני ორი განსხვავებული ჟღერადობა, მათი მხრიდან ლოგიკური იქნებოდა ბერძნული ორი განსხვავებული ეკვივალენტის გამოყენება.

Despotes აღნიშნავდა მას, ვისი მმართველობაც არის უსაზღვრო, აბსოლუტური. და მიუხედავად იმისა რომ ის უნდა გამოყენებულიყო და გამოიყენებოდა ადამიანების მიმართ, ჩვეულებრივ ესენი იყვნენ მონათმფლობელები, რომლებიც მონებს განკარგავდნენ ისე როგორც სურდათ და ამ დროს არავის წინაშე არ იყვნენ პასუხისმგებელნი. ვინმეზე  აბსოლუტური დომინირება - ამ სიტყვის ძირითადი იდეაა.

kyrios-ის მნიშვნელობა უფრო ფართო იყო: უბრალო მოკრძალებითი, ჩვენებური "ბატონო..."-თი დაწყებული და დამთავრებული იმით ვისაც დიდი ძალაუფლება გააჩნდა, როგორც მასწავლებელს ან როგორც მმართველს. იესო ძალიან ხშირად იყენებდა ამ სიტყვას მონათმფლობელთა მიმართ, მაგრამ ის არ შემოიფარგლებოდა ამ ვიწრო მნიშვნელობით. საინტერესოა, რომ სიტყვები  despotes და kyrios არ წარმოადგენდნენ საკრალურ ტიტულებს - ანუ წმინდა ტიტულებს, რომელთა გამოყენებაც დასაშვებია მხოლოდ რელიგიურ კონტექსტში და რელიგიურ თაყვანისცემაში. ამით ისინი პრინციპულად განსხვავდებოდნენ ქართული <<უფალი>>-საგან, რომელმაც პირადი სახელის სტატუსი შეიძინა და ყოვლისშემძლე ღმერთის გამომრჩევად იქცა.

მაშ ასე, אדני -ი სეპტუაგინტაში გადათარგმნეს ძირითადად როგორც kyrios. ოთხი შემთხვევის გამოკლებით,[5] მთარგმნელებმა ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს 300-ზე მეტ ადგილზე, სადაც ტიტული იეჰოვას ეხება. ასევე, ამავე სიტყვით გადმოსცეს თითქმის ყველა ადგილი სადაც ადამიანთა მიმართაა გამოყენებული, მათ შორისაა იესოს ტიტულიც ფსალმუნების 110:1 (109:1 სთ). ეს იმაზე მიგვითითებს, რომ მათ არ იცოდნენ იმ ზღვარის შესახებ რომელიც არის იეჰოვას უნიკალურ ტიტულსა და ადამიანი მეფეების ჩვეულებრივ ტიტულს შორის. ამ შემთხვევაში, მკითხველს თვითონ უნდა გაეკეთებინა დასკვნა, რა ძალას ფლობდა ტიტული kyrios ამა თუ იმ ადგილას, რაც თითქმის არ განსხვავდებოდა אדני-ის სიტუაციისგან.

"მასორეტული" ჰიპოთეზის თანახმად. "მასორეტული" ჰიპოთეზის მომხრეები ფიქრობენ, რომ ორი ჟღერადობა (Adonai / adoni) ცნობილი იყო სეპტუაგინტის მთარგმნელთათვის და მათ ასახეს კიდეც ის, თუმცა თავისებური მეთოდით... მაშ ასე, თუ אדני მოცემული იყო ტეტრაგრამატონთან ერთად, ისინი მუდამ თარგმნიდნენ უბრალოდ როგორც  kyrios (ან იშვიათ შემთხვევაში despotes). ხოლო ზუსტი ბერძნული ეკვივალენტით  kyrios moy ("ჩემი უფალი") ისინი თარგმნიდნენ მხოლოდ ტეტრაგრამატონისგან ცალკე მდგომ  אדני. []6. დავუშვათ, ეს ადასტურებს, რომ მათთვის ცნობილი იყო ებრაული ორი სიტყვა. მაგრამ ასეთ სიტუაციაშიც კი, როგორც ჩანს, ეს სხვაობა მათთვის უმნიშვნელოს წარმოადგენდა. ხოლო თუ რატომ, ამის შესახებ არაფერი ვიცით.

როგორიც არ უნდა ყოფილიყო მიზეზი - მასორეტებამდე אדני-ის ორი ჟღერადობის არარსებობა თუ მათი მხრიდან ამ განსხვავების იგნორირება - ფაქტი ისაა რომ სეპტუაგინტაში Adonai-სა და Adoni-ს შორის ზღვარი არ აღინიშნება. მაშინაც კი,თუ არსებულ სხვაობას იგნორირებას უკეთებდნენ - ეს არ იყო დიდი დარღვევა. პირველი:  სავარაუდო სხვაობა ეხებოდა გამოთქმას და არა წერის ფორმას. მეორე: ბერძნულ kyrios  ჰქონდა მნიშვნელობათა ფართო სპექტრი, და უბრალოდ კიდევ უფრო გაზარდეს ეს სპექტრი, ჩართეს რა მასში "უზენაესი უფალი". ბერძნულენოვანმა ებრაელებმა,მოგვიანებით კი ქრისტიანებმა, კარგად შეითვისეს ეს ახალი რეფერენტი და ისწავლეს იმის გარჩევა, თუ ვისზეა საუბარი კონკრეტულ მონაკვეთში - იეჰოვაზე, იესოზე თუ უბრალოდ რომელიმე პატივსაცემ ადამიანზე. ეს სიტუაცია დაახლოებით, კონსონანტური სიტყვის אדני მრავალმნიშვნელობას ჰგავდა - მკითხველი თვითონ წყვეტდა, თუ როგორი აზრობრივი დატვირთვა ჰქონდა ამ ტიტულს ამა თუ იმ შემთხვევაში (ან თუ როგორი ფორმით უნდა წაკითხულიყო ის).

 უფრო მეტ მავნებლობად, მოგვიანებით სეპტუაგინტაში ღმერთის პირადი სახელის შეცვლა იქცა, რომელიც ტეტრაგრამატონით აღინიშნებოდა. რით ჩაანაცვლეს ის? დიახ,დიახ ისევ და ისევ kyrios-ით. ამან იმ შედეგამდე მიგვიყვანა, რომ ნაცვლად "უზენაესი უფალი იეჰოვა" (ან "უფალი იეჰოვა"), მკითხველი ხვდებოდა ტავტოლოგიას "kyrios kyrios". ასევე ამან მიგვიყვანა იქამდე რომ წაიშალა ზღვარი, ებრაულ წერილებში "უფალი იეჰოვა"-სა და ბერძნულ წერილებში "უფალი ქრისტე"-ს შორის.

ბიბლიის ქართული თარგმანები


ქართველი მკითხველისთვის ეს ყველაფერი უფრო სავალალოდ შემობრუნდა. საპატრიარქოს თარგმანის მთარგმნელებმა გადაწყვიტეს אדני და kyrios ,ძველსა და ახალ აღთქმაში არ გადაეთარგმნათ ერთი ეკვივალენტით "უფალი", არამედ ორი სიტყვით - უნიკალური ტიტულით "უფალი" და საერთო ტიტულით "მეუფე". როგორც ჩანს, ამით მათ სურდათ დიფერენცირება მოეხდინათ შემოქმედისა - შექმნილისაგან, და ეს იქნებოდა სწორი და სასარგებლო, რომ არა ერთი "მაგრამ", რომელმაც ეს ნაბიჯი აქცია მკითხველებისთვის გაწეულ "დათვურ სამსახურად". გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ სად რომელი სიტყვა უნდა ჩაესვათ, მთარგმნელებმა მიიღეს არა მასორეტული ტექსტის მიხედვით, არამედ მართლმადიდებლური დოგმატიკის კარნახით.

მათთვის მთავარ კრიტერიუმს წარმოადგენდა უბრალო წესი: სადაც საუბარია ღმერთზე ან იესოზე - იქ ვსვავთ "უფალს" (ისინი ხომ მათ თანასწორებად თვლიდნენ), ხოლო სადაც საუბარია დანარჩენ ხალხზე - იქ ვსვავთ "მეუფეს". მოდი გავყვეთ აზრის თანდათანობით ცვლას ფსალმუნის 110:1-ში(109:1სთ), და ყურადღება მივაქციოთ, რა დიდ გადახრას აკეთებს სეპტუაგინტიდან, განსაკუთრებით საპატრიარქოს თარგმანი, რათა იესო გაუტოლოს იეჰოვას: 

  • ებრაული კონსონანტური ტექსტი: "უთხრა იეჰოვამ  לאדני (L-DNY, უფალს) ჩემსას..." 
  • სეპტუაგინტის ორიგინალი: "უთხრა იეჰოვამ to kyrio moy (უფალს (ბატონს)ჩემსას)..."
  • დამახინჯებული სეპტუაგინტა: "უთხრა kyrios (უფალმა) to kyrio moy (უფალს ჩემსას)..."
  • მასორეტული ებრაული ტექსტი: "უთხრა იეჰოვამ לַֽאדֹנִ֗י (l-adoni, უფალს) ჩემსას"
  • ქართული საპატრიარქოს თარგმანი: "უთხრა უფალმა მეუფეს ჩემსას".
როგორც უკვე ითქვა, ქართულ ლექსიკაში ტიტულმა "უფალი" შეიძინა პირადი სახელის სტატუსი და ფაქტიურად იქცა ღმერთის აღმნიშვნელ სიტყვად. ამას ეთანხმება ყველა ქართული განმარტებითი ლექსიკონი. პრაქტიკა აჩვენებს რომ ეს თავიდან ხელს უშლის გულწრფელ მკითხველს გაარჩიოს ძის როლი მამასთან მიმართებაში.

დავფიქრდეთ, რა სასწაული ქმედებები უნდა მოახდინოს მკითხველმა თავის ტვინში, რომ საკუთარ თავს აუხსნას, რომ არის ორი უფალი, რომ "უფალი" - სულაც არ წარმოადგენს საკუთარ სახელს, როგორც ის ადრე ფიქრობდა, მიუხედავად იმისა რომ ამ ორის გარდა ეს სახელი არავის  არ ჰქვია, და რომ ერთი უფალი მეორე უფალზე დაბლა დგას.  რთულია, მაგრამ მაინც ახერხებენ.... მაგრამ ამ შრომის თავიდან აცილება შეიძლებოდა იმით, რომ თარგმანში მხოლოდ იესოს მიმართ გამოიყენებდნენ სიტყვას "უფალი" (როგორც ძველ ტექსტებშია მოცემული).

ასეა თუ ისე, როცა ბიბლიას ვკითხულობთ, უნდა გვახსოვდეს, რომ ორიგინალურ სიტყვებს  אדני და kyrios, რომლებიც ხშირად ითარგმნება როგორც ტიტული "უფალი", მნიშვნელობის უფრო ფარტო სპექტრი აქვთ. ამასთანავე მათი საბაზო ლექსიკური მნიშვნელობაა "ბატონი". და როცა მოციქულები მიმართავდნენ იესოს ასე, არ ატანდნენ ამ სიტყვას იმავე მნიშვნელობას, რასაც იეჰოვას მიმართებაში ატანდნენ. შეფარდებით ქართულად, იესოს მიმართ შეგვიძლია გამოვიყენო "უფალი" - მეფე, რომელსაც ძალაუფლება იეჰოვასგანა აქვს მიცემული. ხოლო იეჰოვასთან მიმართებაში - "უზენაესი უფალი". ამიტომ, როდესაც მოციქული ამბობს, რომ ჩვენ გვყავს "ერთი kyrios, იესო ქრისტე" (1 კორ 8:6), ეს არ მოდის წინააღმდეგობაში იმ ფაქტთან, რომ მას და ჩვენ გვყავს კიდევ ერთი "უზენაესი უფალი" - იეჰოვა.


-------------------------------------------
* დასახელებები "კონსონანტური ჰიპოთეზა" და "მასორეტული ჰიპოთეზა", რომლებიც გამოყენებულია სტატიაში, არ წარმოადგენენ ტექსტოლოგიაში მიღებულ ფორმებს. უბრალოდ ლაკონურობისთვის დავარქვით მათ ასე.


1 იოლი შესამჩნევია, რომ Adonai (אֲדֹנָי) და adoni (אדֹנִ֗י) ერთმანეთისგან მხოლოდ ვოკალიზაციით განსხვავდებიან. მრავალთა აზრით, ხმოვანთა სისტემის შექმნამდე არსებობდა სხვა მეთოდები ამ სიტყვების გასარჩევად, და მასორეტებმა კი არ მოიგონეს, არამედ ასახეს ჟღერადობა, რომელიც საუკუნეების მანძილზე არსებობდა. მაგალითად, თუ სიტყვა იდგა ტეტრაგრამატონთან ერთად, ეს წარმოადგენდა იმის გასაღებს რომ წაკითხულიყო იგი როგორც Adonai, მაშინ როდესაც დანარჩენ ადგილებში კითხულობდნენ adoni

 ან pluralis excellentiae. ალბათ, ერთადერთი ადგილი, სადაც Adonai გამოიყენება როგორც ჩვეულებრივი მრავლობითი რიცხვი "ჩემი უფლები" ბუნებრივ კონტექსტში - ესაა დაბადება 19:2 (אֲדֹנַ֗י), მაგრამ მასორეტებმა განასხვავეს ის მოკლე ხმოვნით a
უნდა აღინიშნოს, რომ ძირეული სიტყვა adon (უფალი), როცა გამოიყენება გარკვეული არტიკლით (ha-Adon), ეხება მხოლოდ იეჰოვას და შეიძლება გადაითარგმნოს როგორც "[ჭეშმარიტი] უფალი". ასეთი ფორმით ძვ.აღ-ში მხოლოდ 9-ჯერ გვხვდება: გამოსვლა 23:17; გამოსვლა 34:23; ესაია 1:24; ესაია 3:1; ესაია 10:16, 33; ესაია 19:4; მიქა 4:13; მალაქია 3:1.

3 სიტყვასიტყვით L-DNY, სადაც პრეფიქსი L (ლამედ) შეესაბამება წინდებულს "к". ამავე პრეფიქსით ტიტული გვხვდება მსგავს კონტექსტში 1 სამუელი 24:6 და 1 სამუელის 25:28 , ისევე როგორც კიდევ ათეულ ადგილას. უნდა აღინიშნოს, რომ მკვდარი ზღვის გრაგნილთა შორის ჯერ ნაპოვნი არ არის კონკრეტულად 110-ე ფსალმუნი, ამიტომ დასკვნების გაკეთება მხოლოდ მასორეტული ტექსტისა და მაკვდარი ზღვის სხვა გრაგნილების შედარებით შეგვიძლია.

თარგუმიც ადასტურებს, რომ ძველი დროის იუდეველები ტიტულს אדני , წერილის ამ ადგილას არ ციტირებდნენ როგორც "უზენაესი უფალი". იქ ასახულია ისეთი აზრი, რომ დავითი მიმართავს საკუთარ თავს მესამე პირში, ხოლო ერთერთი "მტერი", რომელიც მის ფერხთ დაემხობა - ესაა საული.

5 მხოლოდ ოთხ მუხლში არჩიეს ეკვივალენტი  despotes. (დაბადება 15:2, 8; იერემია 1:6; 4:10) ამ ორ ადგილას ამ სიტყვად გადათარგმნეს ტიტული ha-Adon. (ესაია 3:1; 10:33) 

6 სეპტუაგინტაში ფსალმუნის 110:1-ში ვპოულობთ ზუსტად kurioV mou, რაც მხარს უჭერს მასორეტულ ჰიპოთეზას და გამოთქმას adoni

==================================================



თარგმნილია: bibleapology.blogspot.com

ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ:

ღმერთის სახელი საუკეთესო მასორეტულ თექსტებში


Комментариев нет:

Отправить комментарий