суббота, 1 марта 2014 г.

სიკვდილი: მეგობარი თუ მტერი



მხოლოდ სიცოცხლე გვაყენებს ტკივილს. სიკვდილი მტკივნეული არაა. სიკვდილი — დაძინებაა. სიკვდილი — ეს ბოლოა, მოსვენებაა. მაშ რატომ არ უნდა მას სიკვდილი? (ჯეკ ლონდონი, «სიცოცხლის სიყვარული»)

ერთი ბლოგერი, როდესაც მარადიულ სიცოცხლეზე მსჯელობდა, წერდა:

წარმოიდგინეთ ადამიანის საშინელი ხვედრი, რომელსაც მარადიული სიცოცხლე აქვს მისჯილი. ვის სჭირდება რაიმე მარადიული? მარადიულობა მხოლოდ იმისთვის გამოდგება, ვინც მარადიულად არსებობს. ის შეიძლება იყოს ღმერთი ან შეიძლება იყვნენ სულები, მაგრამ არანაირად ადამიანი, რომელიც მიჩვეულია დროის თვლას.


ძალიან გავრცელებული მოსაზრებაა. ხშირად მას ემატება არგუმენტი, რომ მარადიულად ცხოვრება «მოსაწყენი» და «უინტერესოა». ზოგიერთი უფრო შორს მიდის; ერთმა ცნობილმა ბიზნესმენმა, მრწამსით ბუდისტმა, სიკვდილს «სიცოცხლის უდიდესი გამოგონება» უწოდა. ეს სუფთა ბუდისტურად ჟღერს, მაგრამ თქვენ თუ ხართ მზად რომ ეს იდეა მთელი გულით მიიღოთ? ეს ბიზნესმენიც კი, მიუხედავად თავისი შეხედულებებისა, უამრავ ფულს ხარჯავდა მკურნალობაზე.

ეს მოსაზრებები ერთდროულად რამოდინემე მიზეზით მაკვირვებს. პირველი: თუ მარადიული სიცოცხლე ასეთი მოსაწყენია, რატომ ეძებს კაცობრიობა მთელი მისი ისტორიის განმავლობაში მარადიული სიცოცხლის საშუალებებს? ყოველგვარი გამაახალგაზრდავებელი ელექსირები, ფილოსოფიური ქვები, გამაახალგაზრდავებელი ვაშლები ფოლკლორში და მითოლოგიაში ზუსტად იმდენი ხანია არსებობს, რამდენიც ადამიანს თავი ახსოვს. რომ აღარაფერი ვთქვათ რელიგიებზე, რომელთა უმრავლესობაც მიმართულია უკვდავების მიღებისაკენ ამა თუ იმ ფორმით. თუ ის ასეთი «საშინელი ხვედრია», მაშინ რატომ ილტვის ადამიანი ასე ჯიუტად ამ მიზნის მისაღწევად?

თუ სიკვდილი – სიცოცხლის უდიდესი მოგონებაა, რატომ არ მივილტვით არცერთი ჩვენთაგანი მისკენ, რატომ ვმკურნალობთ და რატომ ვხარჯავთ ფულს მედიცინაზე, რატომაა თვითმკვლელობა ასეთი იშვიათი? არცერთ საღად მოაზროვნე ადამიანს არ უნდა სიკვდილი, თუ რაიმე განუკურნებელი დაავადებით არ იტანჯება. ადამიანი ცდილობს გადარჩეს ნებისმიერ, ყველაზე ექსტრემალურ მდგომარეობაშიც კი. მეცნიერებისთვის დიდი ხანია რაც ცნობილია, რომ თვითგადარჩენის ინსტინქტი – ერთერთი უძლიერესია. მრავალი ლიტერატორი, ისეთები როგორიც ლონდონია, სიცოცხლის სურვილს განადიდებდნენ როგორც უდიდეს ძალას, რომელსაც ადამიანისა და მის გარშემო მდგომარეობის შეცვლა ძალუძს. მაგრამ ამასთანავე მარადიულად სიცოცხლე – «მოსაწყენი» და «საშინელი ხვედრია»? კარგი ერთი?

თუნდაც ადამიანი მიჩვეულია დროის თვლას, მაგრამ ვინ თქვა, რომ ეს ანგარიში უნდა სრულდებოდეს? ადამიანმა უკვე ათასწლეულებია რაც უსასრულო მათემატიკა და უსასრულო ხაზების კონცეფცია იცის. რაში მდგომარეობს აქ პრობლემა?

მე ვეთანხმები, რომ მარადიულობაზე დაფიქრებამ შეიძლება მოკრძალებული თრთოლვა და გარკვეული ჟრჟოლა გამოიწვიოს ჩვენში, მაგრამ ეს მხოლოდ იმიტომ, რომ მარადიულობა, ისევე როგორც ნებისმიერი უსასრულო კატეგორია, ჩვენთვის წარმოუდგენელია, ჩვენთვის ძნელია გონებით ჩავწვდეთ მას, როგორც რაიმე რეალურს. მაგრამ ნუთუ ამ წარმოუდგენლობას შეუძლია თქვენი სიცოცხლისადმი სურვილი გაანადგუროს? აბსოლუტურად აბსურდული დასკვნაა. კითხვა იმაში არ მდგომარეობს, გვინდა თუ არა მარადიულად ცხოვრება, არამედ იმაში, გვინდა თუ არა სიკვდილი. არა იმაში, რამდენი წელი გვინდა რომ ვიცოცხლოთ, არამედ იმაში, რამდენი წლის შემდეგ გვინდა სიკვდილი. რამდენი მილიარდი წელიც არ უნდა ვიცოცხლოთ, ჩვენ ვერასოდეს ვერ ვიტყვით: «მორჩა, საკმარისია» – და ვერ დავიხლით შუბლში ტყვიას. როგორ უნდა «მოგწყინდეს» სიცოცხლე ისე, რომ თავი მოიკლა? ცოდვილი ადამიანებიც ვართ ხოლმე ხანდახან მოწყენილები, მაგრამ ნუთუ ასეთ სიტუაციაში თვითმკვლელობაზე ფიქრობთ? თუ უბრალოდ რაიმე საქმეს პოულობთ რომ გული გადააყოლოთ? მოწყენისა და წარმოუდგენელი მარადიულობის შესახებ, ნებისმიერი თეორიული მსჯელობა, თვითგადარჩენის უბრალო პტაქტიკულ ინსტინქტზე იმსხვრევა.

როდესაც ჩვენთვის ახლობელი ადამიანი კვდება, ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ მისი ხსოვნის უკვდავყოფას, ვუკეთებთ მას სასაფლაოს და ძეგლს, ვინახავთ მის სურათებს და ა.შ. დასაფლავება და სასაფლაო – სიკვდილის არაბუნებრივობის საუკეთესო მტკიცებულებებია. ჩვენ ძალიან გვჭირდება, რომ ადამიანის სიკვდილის შემდეგ რაღაც რჩებოდეს. რატომ არ შეგვიძლია უბრალოდ დავმარხოთ ადამიანი და დავივიწყოთ მის შესახებ, არამედ ვცდილობთ ამ ქვეყნად მისი არსებობა გავახანგრძლივოთ თუნდაც რაიმე სიმბოლოებში? რატომ იმართება დასაფლავება ხშირად ძვირფასი ატრიბუტებითა და პომპეზური ცერემონიების თანხლებით? პატივს მივაგებთ მის ხსოვნას? კი მაგრამ მკვდრებს უკვე აღარ სჭირდებათ ჩვენი ხსოვნა. ეს ხსოვნის პატივი მხოლოდ მათთვისაა, ცოცხლებისთვის, რომელთაც არ უნდათ და არ შეუძლიათ სიკვდილთან შეგუება და მრავალი საშუალება მოიგონეს იმისთვის რომ როგორმე კონპენსირება გაუკეთონ მას, თუნდაც მხოლოდ ფსიქოლოგიური.

ადამიანისთვის სიკვდილის აზრი არაბუნებრივია, მთელი მისი ცხოვრება – ესაა სიკვილისაგან უსასრულო გაქცევა. საკუთარი მეს საბოლოოდ გაქრობის ღრმა გააზრებამ ადამიანი შეიძლება აპათიამდე, იმედგაცრუებამდე და სულიერ კრახამდე მიიყვანოს. სიკვდილის გამართლების ნებისმიერი საშუალებები – ეს მხოლოდ გარდაუვალთან შერიგებაა ალტერნატივის არარსებობის დროს, საკუთარ თავში ამ აზრის რაციონალიზაციაა, რომ როგორმე მაინც დავატკბოთ ის, რათა საბოლოოდ ჭკუიდან არ შევიშალოთ. და ასე ჩვენ ვიგონებთ ინტელექტუალურ თავდასაძვრენებს, საკუთარ თავს ვატყუებთ, ვიგონებთ რა რთულ ფილოსოფიურ ახსნებს იმისა, რისი ახსნაც სინამდვილეში შეუძლებელია.

მაგრამ ალტერნატივა არის. ბუდიზმისგან განსხვავებით, ბიბლია პირდაპირ ამბობს, რომ სიკვდილი – მტერია, და ეს მტერი დამარცხებული იქნება (1 კორინთელთა 15:26; გამოცხადება 20:13, 14). მხოლოდ ეს პასუხია ნამდვილად ლოგიკური და ნამდვილად გვათბობს. სხვა რამის დაჯერება უბრალოდ არ გვინდა. ან ღირს კი?


---------------------------------------------------------------------

თარგმნილია: http://chivchalov.blogspot.com


ასევე წაიკითხეთ:

ჯოჯოხეთის პრობლემები

ქრისტიანობა მოქმედებაში

Комментариев нет:

Отправить комментарий