среда, 19 марта 2014 г.

საჭიროა თუ არა კარდაკარ ქადაგება?



მრავალი ქრისტიანი (არა მხოლოდ იეჰოვას მოწმეები) მიდიან ადამიანებთან სახლებში და ესაუბრებიან სულიერ თემებზე. რატომ აკეთებენ ისინი ამას? განვიხილოთ რამოდენიმე ბიბლიური ადგილი.

იესო ქრისტემ პირადად გაგზავნა თავისი მოწაფეები წყვილ-წყვილად საქადაგებლად (ყველა ხაზგასმა – ჩემია):

ამის შემდეგ აირჩია უფალმა სხვა სამოცდაათი მოწაფეც და წინასწარ წარგზავნა ისინი წყვილ-წყვილად იმ ქალაქებსა თუ სოფლებში, სადაც თვითონ აპირებდა მისვლას. უთხრა მათ: სამკალი ბევრია, მაგრამ ცოტანი არიან მომკალნი. მაშ, ევედრეთ სამკალის პატრონს, რათა მუშაკნი მოავლინოს თავის სამკალში. წადით: აჰა, მე გგზავნით თქვენ, როგორც კრავებს მგლებს შორის  (ლუკა 10:1–3).



ქადაგების დავალება იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ ეს იყო მისი ბოლო სიტყვები, რომლითაც მოწაფეებს მიმართა:

მაშ, წადით, მოიმოწაფეთ ყველა ხალხი და ნათელი ეცით მათ მამის და ძის და სულიწმინდის სახელით; ასწავლეთ მათ დაიცვან ყველაფერი, რაც გამცნეთ; და, აჰა, მე თქვენთანა ვარ დღემუდამ ვიდრე ქვეყნის დასასრულამდე. ამინ (მათე 28:19, 20).

აი რას აკეთებდა მოციქული პავლე:

შაბათ დღეს ქალაქგარეთ, მდინარის პირას გავედით, სადაც სამლოცველო გვეგულებოდა; დავსხედით და გამოველაპარაკეთ იქ თავშეყრილ ქალებს (საქმეები 16:13).

ამაზე ელაპარაკებოდა სინაგოგებში იუდეველებს და მორწმუნეებს, გარეთ კი - იმათ, ვისაც ყოველდღე ხვდებოდა მოედანზე (საქმეები 17:17).

პავლესთვის საზოგადოებრივ ადგილებში უცნობებისთვის ქადაგება იმდენად ჩვეულებრივი მოვლენა იყო, რომ ბიბლია ამას გადმოგვცემს როგორც ჩვეულებრივ ამბავს.

ქადაგების უფლებისათვის მოციქულები მზად იყვნენ გასაჭირიც კი აეტანათ:

მოუხმეს და უბრძანეს მათ, ამიერიდან აღარ ელაპარაკათ და აღარც ესწავლებინათ იესოს სახელით. ხოლო პეტრემ და იოანემ მიუგეს მათ და უთხრეს: თავად განსაჯეთ, რამდენად მართებულია ღვთის წინაშე, რომ უფრო მეტად თქვენ გისმინოთ, ვიდრე ღმერთს. არ შეგვიძლია არ ვთქვათ ის, რაც გვიხილავს და გვსმენია (საქმეები 4:18–20).

საქმეების შემდეგ თავში ჩვენ ვკითხულობთ:

როდესაც მოიყვანეს, სინედრიონში დააყენეს ისინი და მღვდელმთავარმა ჰკითხა მათ: აკი სასტიკად აგიკრძალეთ, რომ აღარ გესწავლებინათ ამ სახელით? და, აჰა, თქვენი მოძღვრებით აგივსიათ იერუსალიმი და გინდათ, რომ ჩვენზე მოიწიოს იმ კაცის სისხლი (საქმეები 5:27, 28).

შევნიშნოთ, რომ პირველმა ქრისტიანებმა სავსებით სწრაფად «აავსეს იერუსალიმი თავისი მოძღვრებით». საეჭვოა ამისათვის დროდადრო, მხოლოდ ახლო ნაცნობებისთვის და თავისუფალ დროს  ქადაგებით მიეღწიათ. თვით ღვთის ანგელოზი უბრძანებს მათ რომ სახალხოდ იქადაგონ:

წადით, დადექით ტაძარში და უქადაგეთ ხალხს ამ სიცოცხლის ყოველი სიტყვა (საქმეები 5:20).

ყოველივე ამის გათვალისწინებით სავსებით ნათელია, რომ ქადაგება – ეს ქრიატიანული ცხოვრების ისეთივე განუყოფელი ნაწილია, როგორც ბიბლიის კითხვა, ლოცვა და ქრისტიანულ შეხვედრებზე დასწრება. განვმეორდები, ეს ძალიან ბევრ ჯგუფს ესმის, მათ შორის მართლმადიდებლებს. აი რა თქვა რუსეთის პატრიარქმა კირილემ:

ზუსტად იმ მისიონერულ კონცეფციაში, რომელზეც ჩვენ ვსაუბრიბთ, იქნა შემოღებული ტერმინი «საეროთა მისიონერული პასუხისმგებლობა», რომელიც ითვალისწინებს, რომ არა მხოლოდ სასულიეროები უნდა იძლეოდნენ დამწყემსვისა და დასწავლების მაგალითს, არამედ ქრისტეს სხეულის ყველა ასო, ყოველი ქრისტიანი მართლაც ვალდებულია თავისი ლეპტა შეიტანოს ამ წმინდა და მნიშვნელოვან საქმეში… საუბარია იმაზე, რომ ყველა მრევლში — რა თქმა უნდა, მისი შესაძლებლობიდან გამომდინარე, რადგან ზოგიერთი მრევლი ძალიან მცირე და სუსტია, — მუშაობდეს საგანმანათლებლო, სოციალური და ახალგაზრდული პროგრამები. ამ მიმართულებებს მე დავუმატებდი, რა თქმა უნდა, ასევე მისიონერულ საქმიანობას.

მათ კათოლიკებიც ბაძავენ:

როგორც ჩანს, [ეკლესიები] ძალიან ზედაპირულად უდგებიან იმას, რაც მოწმეების ძირითად საქმიანობას წარმოადგენს, – ადამიანების სახლებში მონახულება. ზუსტად ასეთ მეთოდს იყენებდნენ ადრეული ეკლესიის მოციქულები. ეკლესიებისაგან განსხვავებით, რომლებიც ხშირად მხოლოდ იმით შემოიფარგლებიან, რომ თავის ტაძრებს აგებენ, ხალხს ზარის რეკვითა და კათედრიდან ქადაგებით მოუწოდებენ, ისინი [მოწმეები] მოციქულთა ტაქტიკას მიჰყვებიან: ისინი კარდაკარ დადიან და ნებისმიერ შესაძლებლობას იყენებენ ხალხისთვის დასამოწმებლად (El Catolicismo, 14 სექტემბერი 1975, გვ. 14).

აი რაზეა საუბარი, წიგნში, მჭერმეტყველური დასახელებით «ნებისმიერი – მსახურია»:

მსახურებას, რომელიც ღმერთმა თვითოეულ მორწმუნეს ინდივიდუალურად მისცა, ვერცერთი პასტორი ვერ შეასრულებს. სამწუხაროდ, ეკლესიაში, საუკუნების განმავლობაში არსებულმა აზროვნებამ, ეკლესიის 500 წევრის დავალება ერთადერთი პასტორის დავალებად აქცია. ადრეულ ეკლესიაში სხვაგვარად იყო. მორწმუნეები სიტყვას ქადაგებდნენ ყველგან, სადაც კი მიდიოდნენ (Oscar Feucht. Everyone a Minister).

სამწუხაროდ, კონფესიების უმრავლესობას ამ ხაზის გასატარებლად თანმიმდევრობა არ ჰყოფნის და ჩვეულებრივ ყველაფერი სიტყვებად რჩება. მათ კარგად ადამიანური საქმეები გამოსდით  (მშენებლობა, ბიზნესი, პოლიტიკა, ღონისძიებების მოწყობა და ა.შ.), მაგრამ როდესაც საკითხი ღვთის საქმეზე მიდგება, ისინი ჩიხში შედიან. მრავალი კონფესია გადამეტებულად ბიუროკრატიზირებულია, ზედმეტად მოშვებულია, ზედმეტად არიან ბიზნესით დაკავებული ან ძალიან ეშინიათ სამწყსო არ დააფრთხონ რამე იმაზე რთულით, ვიდრე ეპიზოდურად ღვთისმსახურებებზე დასწრებაა. ამასთანავე ქადაგება –ესაა ღვთისადმი და ადამიანებისადმი სიყვარულის გამოვლინების ყველაზე კონცენტრირებული და აქტიური ფორმა (მათე 22:36–40). ქადაგებით, ჩვენ ერთდროულად ღმერთს განვადიდებთ და ხალხს ვეხმარებით გადარჩენაში. ეს, ღვთის საქმით დაკავებულობის წარმოუდგენელ გრძობას იძლევა – გრძნობას, რომელიც სხვა არცერთს არ ჰგავს.

მაგრამ რატომ მაინც და მაინც კარდაკარ?

ნუთუ საკმარისი არ არის ხალხთან ქუჩაში ლაპარაკი ან უბრალოდ ლიტერატურის სტენდებით დგომა? ყველაფერი ჩვენს მოტივებსა და მიზნებზეა დამოკიდებული. ჩვენ თუ ნამდვილად გვინდა ხალხის დახმარება, ამისათვის ყველაზე ეფექტურ მეთოდებს გამოვძებნით. მაგალითად, თუ ადამიანებთან კარდაკარ ვივლით, დროთა განმავლობაში მთელი ქალაქის მაცხოვრებლებთან შევძლებთ გასაუბრებას, რისი გაკეთებაც ქუჩაში შეუძლებელია. შემდეგ, ქუჩაში ხალხი ჩვეულებრივ ჩქარობენ, სამსახურში კი დაკავებულები არიან;  საშინაო ვითარება – ყველაზე ხელსაყრელია სულიერ თემებზე სასაუბროდ. საერთოდ ამ საკითხში, მკაცრი წესები არ არსებობს, ყველაფერი ლოგიკიდან და საღი აზრიდან გამომდინარეობს. უბრალოდ იქ წასვლაა საჭირო, სადაც ხალხია და მათთვის კომფორტულ პირობებში საუბარი.

ისევ ბიბლიას მივმართოთ:

ტაძარსა თუ სახლებში ყოველდღე დაუცხრომლად ასწავლიდნენ და ახარებდნენ იესო ქრისტეს (საქმეები 5:42).

ცოტა მოგვიანებით მოციქული პავლე იტყვის:

არაფერი დამიშურებია, რაც კი რამეში წაგადგებოდათ, სახალხოდ თუ სახლებში რომ არ მექადაგა და მესწავლებინა თქვენთვის (საქმეები 20:20).

ამ ორ მუხლში გამოყენებული ბერძნული წინდებული (კამა) გამოყენებულია განცალკევებითი მნიშვნელობით, როგორც «სახლიდან სახლში». იგივე მნიშვნელობით გამოიყენება იგი ლუკას 8:1-ში, სადაც ნათქვამია, რომ იესო ქადაგებდა «ქალაქებსა და სოფლებში». აი ასეთი კომენტარი აქვს საქმეების 20:20-ს რანდოლფ ეგერის კომენტარებში:

პავლე ასწავლიდა «სახალხოდ [დემოსია] და სახლებში (განმანაწილებელი [კამა] ბრალდებითი ბრუნვა). პავლემ ეფესოში სამი წელი გაატარა. მან მოინახულა ყოველი სახლი ანუ ყველა ადამიანს უქადაგა (მუხლი 26). სახეზეა სახარების კარდაკარ და საზოგადო თავშეყრის ადგილებში ქადაგების ბიბლიური უფლებამოსილება.

იგივე აზრი ჟღერს წიგნში «ყოველდღიური ცხოვრება ბიბლიურ დროში»:

პავლე თავისი ხელობით დაკავებული იყო ჩვეულებრივ გარიჟრაჟიდან დილის 11 საათამდე (საქმეები 20:34, 35), იმ დრომდე, როდესაც ტირანი დასწავლებას ამთავრებდა; შემდგომ, დილის 11 საათიდან დღის 4 საათამდე, ის ქადაგებდა დარბაზში, განხილვებს აწარმოებდა დამხმარეებთან ერთად... ხოლო დღის 4 საათიდან გვიან საღამომდე კი კარდაკარ დადიოდა და ხალხს სასიხარულო ცნობაზე უყვებოდა (საქმეები 20:20, 21, 31). საკვირველი მხოლოდ ისაა, როდისღა ასწრებდა ის ჭამას და ძილს (Bailey A. E. Daily Life in Bible Times. 1943. გვ. 308)

კიდევ ერთი ბიბლიური კომენტარი:

პირველი საუკუნის ქრისტიანები თავიდანვე გამოირჩეოდნენ სახარების კარდაკარ გავრცელებით (ნახე საქმეები 2:46; 5:42)… [პავლემ] საფუძვლიანად შეასრულა თავისი მოვალეობა როგორც იუდეველებთან დაკავშირებით, ასევე ეფესოელ წარმართებთან დაკავშირებით და ისინი პატიების გარეშე რჩებოდნენ, თუ თავის ცოდვებში იხოცებოდნენ (The Wesleyan Bible Commentary, ტომი 4, გვ. 642, 643).

ბიბლეისტი უ. ბ. რაილი შემდეგნაირად ხსნის მოციქული პავლეს სიტყვებს საქმეების 20:20-დან:

ეს უბრალოდ ნიშნავდა: «მე თქვენგან იმას მოველი, რომ თქვენ იმის კეთება განაგრძოთ, რისი კეთებაც მე დავიწყე, ასევე ასწავლოთ ის, რასაც მე ვასწავლიდი და მე თქვენგან მოველი რომ ისევე გაუძლოთ, როგორც მე ვუძლებდი; რომ ასწავლოთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე საჯაროდ, როგორც მე ვაკეთებდი, ქუჩებში და კარდაკარ, და ასეთი სახით დაუმოწმოთ იუდეველებსა და ბერძნებს ღვთის წინაშე მონანიებისა და ჩვენი უფლის იესო ქრისტეს რწმენის შესახებ, რადგანაც მთავარი მონანიება და რწმენაა!»

კიდევ ერთი კომენტატორი, ედვინ რაისი:

ის არ კმაყოფილდებოდა იმით, რომ მხოლოდ სინაგოგებში და ქუჩებში წარმოეთქვა მოხსენებები. ის ყოველთვის გულმოდგინედ «ასწავლიდა კარდაკარ». ის ბოროტს კარდაკარ, ადამიანიდან ადამიანამდე სიარულით ებრძოდა, პირისპირ, რათა ქრისტესთვის მოეპოვებინა ადამიანები.

ხოლო ბიბლეისტი ჯოზეფ ალექსანდრი აღიარებს:

ეკლესიამ ჯერ ვერაფერი ვერ მოიფიქრა ისეთი, რითაც საჯაროდ და კარდაკარ მსახურებას ჩაანაცვლებდა, თანაც ისეთი რაც მათსავით ეფექტური იქნება.

ზოგისთვის საკმარისი არ არის ეს ნათელი ბიბლიური და ისტორიული მტკიცებულებები და თხოულობენ რომ ვაჩვენოთ კონკრეტული ადგილი, სადაც რაიმე ამის მზგავსი ეწერება: ყველა ქრისტიანი ვალდებულია, რომ რეგულარულად კარდაკარ იქადაგოს. არის ეს გონივრული? ასეთი ფორმალური მიდგომით ფაქტიურად იმ ყველაფრის უარყოფა შეიძლება, რაც ქრისტიანობაში სწორად და ღვთისმოსაწონად ითვლება. მაგალითად, ჩვენ ვერსად ვერ წავიკითხავთ, რომ ბიბლიის ყოველდღიური კითხვაა საჭირო, მაგრამ მიუხედავად ამისა, ცოტა თუ მოიძებნება ისეთი ქრისტიანი ვინც არ ეთანხმება ბიბლიის კითხვის აუცილებლობას. ანდა, ვთქვათ, ბიბლიაში არაა მოთხოვნა რომ ჭამის წინ ვილოცოთ, მაგრამ ეს უნივერსალური საერთოქრისტიანული ტრადიციაა. ბიბლია – ეს არა მხოლოდ პირდაპირი ინსტრუქციებია, არამედ ასევე საერთო პრინციპები, მაგალითები, პრიორიტეტები და პრეცედენტები, რომლებიც ერთობლივად უნდა გავითვალისწინოთ. მნიშვნელოვანია გვესმოდეს, თუ როგორი უნდა იყოს ქრისტიანული ცხოვრების წესი, როგორც ასეთი.

მრავალი ეკლესიური ტრადიციებისაგან განსხვავებით, კარდაკარ მსახურებას მყარი ბიბლიური საფუძველი გააჩნია. ესაა ქადაგების მოციქულთა მეთოდი და ამავდროულად ესაა ქადაგების ყველაზე ეფექტური მეთოდი. როდესაც რაიმე უფრო ეფექტური იქნება გამოგონილი, მაშინ შეგვიძლია უარი ვთქვათ მასზე. მაგრამ ჯერჯერობით, ბოლო 2000 წლის განმავლობაში, ის ძველებურად, სასიხარულო ცნობის გადაცემის ყველაზე კარგი მეთოდია.

------------------------------------------------------------

თარგმნილია: http://chivchalov.blogspot.com

ასევე წაიკითხეთ:

რატომ დადიან ისინი

სასიხარულო ცნობა. რის შესახებ?

არ გაიკეთო...... ვინ?

Комментариев нет:

Отправить комментарий