пятница, 7 марта 2014 г.

ეკლესია და ჯოჯოხეთის ბჭენი



ავაშენებ ჩემს ეკლესიას, და ჯოჯოხეთის ბჭენი ვერ სძლევენ მას (მათე 16:18).

მე თქვენთანა ვარ დღემუდამ ვიდრე ქვეყნის დასასრულამდე (მათე 28:20).

იესოს ეს უბრალო სიტყვები ხშირად ასე ესმით: ქრისტე შექმნის ისეთ ეკლესიას, რომელიც იარსებებს შეუწყვეტლად, ქრისტედან დღევანდელ დღემდე, მის არსებობაში არ იქნება პაუზები, იქნება დიდი, ცნობილი და გავლენიანი, იდომინირებს ყველა დანარჩენზე და მასში იქნება სამოციქულო მემკვიდრეობა. საკვირველი ახსნაა, თუ იმას გავითვალისწინებთ რომ ამ ორ მუხლში, ამ მტკიცებულებებიდან არცერთი არ არის.



იმისათვის რომ ამაში დავრწმუნდეთ, საკმარისია მუხლები ისე წავიკითხოთ, როგორც დაწერილია. ქრისტემ პეტრეს უთხრა ეკლესიის შექმნის შესახებ. რაც მოხდა კიდეც, და ამ ეკლესიის წარმატებების შესახებ ჩვენ წიგნ მოციქულთა საქმეებში ვკითხულობთ. მაგრამ ქრისტეს არაფერი უთქვია პეტრესთვის იმის შესახებ, თუ რა მოუვიდოდა ამ ეკლესიას შორეულ მომავალში. ამ საკითხს სხვა ბიბლიური მუხლები ჰფენენ შუქს. მაგალითად, ეკლესიაში მოვიდოდნენ «მძვინვარე მგლები, რომლებიც არ დაინდობენ სამწყსოს» (საქმეების 20:29), ასევე «განდგომილება» და «წარწყმედის ძე, წინააღმდგომი და ყოველივე იმაზე აღზევებული, რაც სახელდებულია ღმერთად თუ სათაყვანებელ არსად» (2 თესალონიკელთა 2:3, 4). სიტუაცია იმდენად გაუარესდებოდა, რომ იესომ ისიც კი იკითხა: «ძე კაცისა, როდესაც მოვა, ჰპოვებს კი რწმენას ამქვეყნად?» (ლუკა 18:8). ეს ნიშნავს, რომ ყველაფერი მთლად კარგად არ იქნებოდა. თუმცა ჩვენ შეგვიძლია დარწმუნებულები ვიყოთ, რომ ქრისტეს მოწაფეების საქმიანობის შედეგები დედამიწაზე ტრიუმფალური იქნება. დღეს ბიბლია – მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული წიგნია (რაც, სხვათაშორის, მიღწეულია არა მართლმადიდებელი და კათოლიკე ეკლესიის წყალობით, არამედ უფრო ზუსტად რომ ითქვას მათი სურვილის საწინააღმდეგოდ), იეჰოვას მოწმეები კი მთელი მსოფლიოს მაშტაბით უპრეცენდენტო ბიბლიურ საგანმანათლებლო პროგრამას ახორციელებენ, რითაც საქმით ამტკიცებენ ქრისტიანული სწავლების სიცოცხლისუნარიანობას. ყოველივე ეს ვერ გაჩნდებოდა მოულოდნელად და სუფთა ფურცლიდან, ყოველგვარი შესავალი-ისტორიის გარეშე. ეს კი ნიშნავს, რომ ქრისტე მართლაც ყოველთვის თავის მოწაფეებთან იყო.

როგორ გავიგოთ სიტყვები იმის შესახებ, რომ ეკლესიას ვერ სძლევენ «ჯოჯოხეთის ბჭენი» (ბერძ. გადესი)? ეს ნიშნავს სიკვდილზე გამარჯვებას. მერთლამიდებლებს და კათოლიკეებს «ჯოჯოხეთის ბჭენი» ფართო გაგებით ესმით, როგორც ჭეშმარიტების ყველა მტერი, თუმცა იესო ყველა მტერზე როდი საუბრობდა, არამედ მხოლოდ ერთზე – ჯოჯოხეთზე, ანუ სიკვდილზე. ადრე ეს მტერი ყველას აკავებდა, ვინც მასში ხვდებოდა, თუმცა ქრისტემ პირველმა დაარღვია მისი კლიტეები, ხოლო შემდეგ კი ამას მისი მოწაფეებიც გააკეთებენ (1 კორინთელთა 15:20–23). ჯოჯოხეთს აღარ აქვს ძალაუფლება ქრისტეს მოწაფეების ეკლესიაზე. «სად არის, სიკვდილო, ნესტარი შენი? სად არის, ჯოჯოხეთო, ძლევა შენი?» – ამბობს პავლე, როდესაც ქრისტეს სიტყვებს იმეორებს მათეს 16:18-დან.

ვინაა ის ხალხი, ვისთან «წუთისოფლის აღსასრულამდე» ყოფნასაც დაჰპირდა ქრისტე? მათი განსაზღვრა არ შეიძლება მრავალრიცხოვნობით ან გავლენიანობით. პირველ საუკუნეში ქრისტიანები საძულველ უმცირესობას წარმოადგენდნენ, რომელთაც სერიოზულად არავინ აღიქვამდა, და არ არსებობს ბიბლიური საფუძველი იმისა, ვივარაუდოთ, რომ ეს მდგომარეობა შემდგომში შეიცვალა. ქრისტე და მოციქულები პირდაპირ აფრთხილებდნენ, რომ ქრისტიანები მოძულებულები და დევნილები იქნებოდნენ (იოანე 15:20; 2 ტიმოთე 3:12). ქრისტიანული ეკლესია ვერ გახდება დიდი, მრავალრიცხოვანი და მითუმეტეს სახელმწიფო რელიგია, თუნდაც მარტო მათეს 7:14-ში ჩაწერილი სიტყვების გამო: «ვიწროა ბჭე და ძნელია გზა, რომელსაც მივყავართ სიცოცხლისაკენ, და მცირედნი ჰპოვებენ მას». ქრისტიანობა იყო, არის და იქნება ვიწრო გზა, არაპოპულარული სწავლება, რომელიც უმრავლესობას არ აინტერესებს. ახალ აღთქმაში ვერსად წავიკითხავთ, რომ ქრისტიანობის ისტორიის გარკვეულ მომენტში ვიწრო გზა ფარტოდ იქცევა, რომ ქრისტიანები საზოგადოების პატივსაცემი წევრები იქნებიან, რომ გაბატონდებიან ამ საზოგადოებაში, მოიხვეჭენ ადმინისტრაციულ რესურსს, გავლენას, უძრავ ქონებასა და მთავრობის მაღალ ეშელონებში კავშირებს. პირიქით, ეს ყველაფერი ეწინაამდეგება ქრისტეს სიტყვებს იმის შესახებ, რომ მისი მოწაფეები «არ არიან ამქვეყნისანი» (იოანე 15:19; 17:16).

ვერც იმის შესახებ წავიკითხავთ, რომ ქრისტიანები მთელი ისტორიის განმავლობაში პაუზების გარეშე იარსებებდნენ. უნდა ავღნიშნოთ: ქრისტეს სიტყვები, რომ ყოველთვის თავის მოწაფეებთან იქნებოდა, არ ნიშნავს, რომ მისი მოწაფეები ყოველთვის იქნებოდნენ. ქრისტე ყოველთვის იქნება თავის მოწაფეებთან, როდესაც ეს მოწაფეები იარსებებდნენ. მაგალითად, სახანძრო სამსახური ვალდებულია ყველა შემოსულ ზარზე მოახდინოს რეაგირება. მაგრამ ნუთუ ეს იმას ნიშნავს, რომ მეხანძრეები 24 საათის განმავლობაში ივლიან ქალაქში და ტყუილად დაწვავენ ბენზინს? რა თქმა უნდა, არა. თუ გამოძახება არ არის, ისინი უსაქმოდ იჯდებიან და ეს არ იქნება მათი ვალდებულებების დარღვევა. თუ ქრისტეს მოწაფეები გარკვეული დროის მანძილზე უბრალოდ არ არსებობენ, ის უბრალოდ ვერავისთან იქნება. ეს ძალიან უბრალო ლოგიკაა. საჭიროა უბრალოდ ის წავიკითხოთ, რაც წერია.

მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია ისიც გვესმოდეს, რომ თუ ჩვენ არ ვიცით რომელიმე ადამიანებზე ან ჯგუფებზე, ეს იმას არ ნიშნავს რომ ისინი არ არსებობდნენ. მართლმადიდებლურმა და კათოლიკურმა ეკლესიებმა ისეთი ძალა მოიკრიბეს, რომ მათთვის წინააღმდეგობის გაწევა ძალიან რთული იყო. ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, არცერთ ჯგუფს არ შეეძლო ხანგრძლივად არსებობა, თავისი შრომების გამოქვეყნება და თავისი შეხედულებების გავრცელება. ყველაფერი ფესვიანად იჭრებოდა, ხშირად ასეთი ჯგუფების ლიდერების ფიზიკური განადგურებით. ეკლესია უფრო შედეგიანად, თავისი კონკურენტების ლიტერატურის განადგურებას ახერხებდა. მაგალითად, ჩვენამდე არიანეს არცერთ ნაშრომს არ მოუღწევია (თუ ცალკეულ ფრაგმენტებს არ ჩავთვლით), მითუმეტეს, რომ ის მე-4 საუკუნის ერთერთი წამყვანი ღვთისმეტყველი იყო. ეკლესია არიანეს დანატოვარს თუ ასე გაუსწორდა, რისი თქმა შეიძლება სხვებზე, უფრო ნაკლებად შესამჩნევ პერსონაჟებზე? საერთოდ, შეხედეთ რა დონის ირონიაა: ჯერ ეკლესია ყველა ხელმისაწვდომი საშუალებით უსწორდება «ერეტიკოსებს» და ანადგურებს მათ ტექსტებს, შემდეგ კი არგუმენტი მოჰყავს, რომ ჩვენ არაფერი ვიცით ამ ხალხზე და მათ შეხედულებებზე.

არადა ძალიან ხშირად – ვიცით! როდესაც გვესმის რაღაც მზგავსი: «ქრისტიანებს ორიათასი წლის განმავლობაში სწამდათ სამების ან სულის უკვდავების, და აი მე-19 საუკუნეში გამოჩნდნენ ეს იეჰოვას მოწმეები და ყველაფრი გადაკეთება გადაწყვიტეს», ასეთი არგუმენტი ცუდ ინფორმირებულობას აჩვენებს. მთელი ისტორიის განმავლობაში, ბიბლიური სწავლებები  მრავალ ხალხს ესმოდა ზუსტად ისე, როგორც დღეს იეჰოვას მოწმეებს ესმით. ყოველთვის იყო ხალხი, რომელიც უარყოფდა სამებას. დღეს მარტო ევროპაში და აშშ-ში მოქმედებს ასობით უნიტარული ეკლესია და მათაც დიდი ხნის ისტორია აქვთ. ქრისტიანობაში უნიტარული ტრადიცია, ტრინიტარულზე ახალგაზრდა როდია. ყოველთვის იყვნენ ადამიანები, რომელთაც სწამდათ სამოთხის დედამიწაზე და არ იღებდნენ მარადიული ტანჯვის ადგილის, ჯოჯოხეთის იდეას. თუ ღვთის სახელზე ვილაპარაკებთ, ეს სახელი სულ მცირე ხნის წინ ძალიან ფართოდ იყო ცნობილი ევროპაში, მას იყენებდნენ ტაძრების ინტერიერში, მას თავისუფლად იყენებდა ინტელიგენცია, მათ შორის რუსეთშიც. და ასეთ ხალხს თუ ერთად მოვაგროვებთ, მათმა რიცხვმა სავსებით შეიძლება მილიონები შეადგინოს. მათ შორის ძალიან ცნობილებიც იყვნენ, მაგალითად ისააკ ნიუტონი და ჯონ მილტონი. იეჰოვას მოწმეებს ახალი არაფერი მოუგონიათ, თუ ვილაპარაკებთ ბიბლიის ძირითად სწავლებებზე, რომელიც იმას განსაზღვრავს, რასაც ჭეშმარიტება ჰქვია. დიახ, მათ აქვთ ცალკეული სპეციფიური ინტერპრეტაციები, მაგრამ ის აბსოლუტურად ყველას აქვს. ნებისმიერ ჯგუფს თავისი სპეციფიკა გააჩნია.

ქრისტეს სიტყვებში ვკითხულობთ თუ არა რაიმეს სამოციქულო მემკვიდრეობის შესახებ? არა, ისევე როგორც ბიბლიის არცერთ სხვა წიგნში. ქრისტე შეჰპირდა რომ იმათთან იქნებოდა, ვინც «შეიკრიბება მისი სახელით» (მათე 18:20). ამიტომ ადამიანებს, რომლებიც ისტორიის განმავლობაში ქრისტეს სახელით იკრიბებოდნენ, შესაძლოა არ სცნობოდათ ერთმანეთი ან არ გააჩნდათ ერთი ორგანიზაციის ფორმალური წევრობა, მაგრამ ჩვენ თუ გვჯერა ბიბლიის, ჩვენ გვწამს, რომ ქრისტეს შეეძლო მათთან ყოფილიყო. შესაბამისად, ზუსტად ისინი იყვნენ «ეკლესია» ისტორიის იმ მომენტში და მათაც შეიტანეს თავისი წვლილი ღვთის საქმეში.

იესოს უბრალო სიტყვები ეკლესიის დაფუძნებაზე, მოწაფეთა კურთხევაზე და სიკვდილზე გამარჯვებაზე დღეს საღვთისმეტყველო თეორიებადაა ქცეული, რომლებსაც მთელი რიგი არაბიბლიური სწავლებების გასამართლებლად იყენებენ, ისეთების როგორებიცაა: სამოციქულო მემკვიდრეობა, სახელმწიფო ეკლესია, უმრავლესობის ქრისტიანობა. ჩვენ გვთავაზობენ იმის გვჯეროდეს, რომ ორგანიზაციები, რომლებიც ჭეშმარიტებას განუდგნენ და პოლიტიკაში, კორუფციაში, ომებში, წარმართობაში და სხვა მზგავს ქვეყნიურ საქმეებში ჩაეფლნენ, ქრისტეს კანონიერ მემკვიდრეებს წარმოადგენენ მხოლოდ იმიტომ, რომ მათ საუკუნეების ისტორია, დიდი გავლენა და ბევრი მიმდევარი ყავთ. მაგრამ მე მგონია, რომ ეს სამი ფაქტორი ყველაზე ბოლო ადგილებზე დგანან იმ ფაქტორების სიაში, რომლითაც ქრისტე ხელმძღვანელობს თავისი წარმომადგენლების არჩევისას.

------------------------------------------------------------------

თარგმნილია: http://chivchalov.blogspot.com




Комментариев нет:

Отправить комментарий