четверг, 27 марта 2014 г.

1 იოანეს 5:7 - ჩამატება თუ აღდგენა?

მათთვის, ვინც თუნდაც მცირე დრო იყოს რაც წმინდა წერილებს იკვლევს, უკვე ცნობილია იმის შესახებ, რომ ბიბლიის გადაწერის ისტორიაში, მრავალი მცდელობა იყო ტექსტის შეგნებულად დამახინჯებისა. ალბათ, ყველაზე ნათელ მაგალითს წარმოადგენს იოანეს პირველი წერილის ტექსტში, ღვთის სამერთობის ფორმულის ჩამატება, რომელიც ცნობილია როგორც Comma Johanneum (იოანეს ფრაზა, შემდგომ უბრალოდ - Comma). ციტირებას გავუკეთებ საპატრიარქოს თარგმანიდან 1 იოანეს 5: 7, 8, სადაც ჩამატებული სიტყვები გამუქებულია:
"ვინაიდან სამნი მოწმობენ ზეცად: მამა, სიტყვა და სული წმინდა; ხოლო ეს სამი ერთია. და სამნი მოწმობენ ქვეყნად: სული წყალი და სისხლი; ხოლო ეს სამი ერთია."

1 იოანეს 5:7-9, სინაის კოდექსი, ბერძ.
წითლად გამოყოფილი სიტყვები: 
"სამნი მოწმობენ: სული, წყალი და სისხლი."
გავრცელებული აზრის თანახმად, პირველ მუხლს ჩანამატით შეიცავს ლათინური ხელნაწერი "Liber Apologeticus" (დაახ. 380) , რომელიც შედგენილია ესპანელი ეპისკოპოსის პრისცილიანეს ან მისი მიმდევარის ინსტამტიემის მიერ. ეს ნაშრომი იმ 11 ტრაქტატს შორის იყო, რომელიც მან და მისმა მოწაფეებმა დაწერეს და რომლებიც 1885 წელს იპოვეს. მას შემდეგ პრისცილიანე ითვლება პირველ ქრისტიან მწერლად, ვის ბიბლიაშიც უკვე იყო Comma (ან მას უნდოდა რომ შთაბეჭდილება შეექმნა, რომ იყო). 

ამასთან დაკავშირებით ბიბლეისტი დენიელ უოლასი ვარაუდობს, რომ რაღაც მომენტში, სავარაუდოდ 250 და 350 წლებს შორის, სადავო მონაკვეთი, ერთერთი ლათინური ასლის მინდორზე მოხვდა, "სულის, წყლისა და სისხლის" ალეგორიული განმარტების სახით და შედეგად რომელიღაც გადამწერმა ეს კომენტარი წერილის ტექსტის ნაწილად აქცია (რაც იშვიათობას არ წარმოადგენდა). შემდგომ ეს ხელნაწერი პრისცილიანის ხელში მოხვდა. არსებობს კიდევ სხვა მოსაზრებაც - რომ Comma, "Liber Apologeticus"-ში ცრუდ იქნა წარმოდგენილი როგორც მუხლი 1 იოანედან, რის შემდეგაც მოხვდა ლათინურ ბიბლიაში. ასეა თუ ისე,  Itala-ში (ძველი ლათინური ვერსია) და ვულგატაში ჩანამატი გამოჩნდა არა უადრეს  V ასწლეულისა, ბერძნული ხელნაწერებში კი - არა უადრეს X საუკუნისა.



როგორც ბრიუს მეცგერმა და მაიკლ მაინარდმა (ეს უკანასკნელი Comma Johanneum-ის დამცველად გვევლინება) დაადასტურეს, "Liber Apologeticus"-ის დაწერამდე 300 წლის განმავლობაში, არცერთ ადრექრისტიანულ მწერალს არ უხსენებია Comma Johanneum როგორც მუხლი 1 იოანეს 5:7-დან. გარდა ამისა, პრისცილიანემდე ამ მუხლის ციტირება არასოდეს მომხდარა სამების სწავლების დასაცავად, რაც 1 იოანეს მაშინ არსებულ ასლებში სადავო ტექსტის არარსებობაზე მიუთითებს. რადგანაც სხვა შემთხვევაში ეს სიტყვები გამოყენებული იქნებოდა, როგორც ღვთის სამერთობის უტყუარი საბუთი.

ყოველივე ეს, ალბათ სულაც არ არის ახალი თქვენთვის. მაგრამ დაახლოებით ერთი წლის წინ, მე დიალოგი მქონდა ერთ ადამიანთან, რომელიც ამ საყოველთაოდ აღიარებულ ვერსიას არ ეთანხმებოდა და იმას ამტკიცებდა, რომ სადავო სიტყვები თავიდანვე მოციქული იოანეს მიერ იქნა დაწერილი, შემდეგ კი ეგრეთ წოდებული "არიანული დროის" ეპოქაში ისინი ამოღებული იქნა ბიბლიიდან. იმ დროს, კონსტანტინეს მემკვიდრემ, თითქოსდა მოახერხა ყველა ბერძნული ხელნაწერის განადგურება, რომელიც Comma-ს შეიცავდა. პირველივე კომენტარში ჩემი თანამოსაუბრე ამტკიცებდა:
"ამ მუხლის კვალი ლათინურ ტრადიციაში უძველესი დროიდან ჩანს. II საუკუნის ბოლოს მას ტერტულიანე ციტირებს, III საუკუნის შუა პერიოდში – წმინდამოწამე კვიპრიანე კართაგენელი , IV საუკუნეში – იდაციუსი, პრისცილიანე..."
ზემოთმოყვანილი ციტატა აღებულია აქედან. მოსკოვის სასულიერო აკადემიის პედაგოგი იური მაკსიმოვი, მართლმადიდებელ მღვდელთან, ვლადისლავ სოხინთან დავაში, რომელმაც ისლამი მიიღო, იცავდა პოზიციას, რომ "ეს მუხლი არ წარმოადგენს გვიანდელ ინტერპრეტაციას", და 2006 წელს დაწერა სტატია Comma Johanneum-ის დასაცავად. ეს ყველაზე ციტირებადი წყაროა მთელ ინტერნეტში. 

პრისცილიანზე სადაო არაფერია, მის შესახებ მაღლა დავწერე. მაგრამ ტერტულიანე? კვიპრიანე? მეორე და მესამე საუკუნეები?! ასეთმა განაცხადებმა ინგტიგაში ჩამაგდო და გადავწყვიტე ამ ავტორების მიერ ამ მუხლის ციტირებასთან დაკავშირებით გამოკვლევის ჩატარება.* შემდგომ მე განვმარტავ, რატომ არ არსებობს იმის მტკიცების საფუძველი, რომ ტერტულიანე და კვიპრიანე იცნობდნენ Comma Johanneum-ს.

შედეგები ასევე შუქს ჰფენს იმას, თუ მესამე და მეოთხე საუკუნეში, რატომ იქნა შეტანილი ბიბლიის ტექსქში სიტყვები, რომლებსაც იოანეს მიაწერენ - სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რა მოტივაცია ამოძრავებდათ გადამწერებს, ვინც ეს გააკეთა. ის ასევე გარკვეულ გაფრთხილებად მოგვემსახურება იმისაგან თავის დასაცავად, რომ ძალიან თავისუფლად არ განვმარტოთ ღვთის სიტყვა და მასში საკუთარი იდეების დადასტურება არ ვეძიოთ (ანუ როგორც ბიბლეისტი იტყოდა, არ დავკავდეთ ეიზეგეზისით). მაშ ასე, მოდით მთავარზე გადავიდეთ: მართალია თუ არა, რომ ტერტულიანე და კვიპრიანე ციტირებდნენ 1 იოანეს 5:7-ს ინტერპრეტაციასთან ერთად? 

ტერტულიანე

ტერტულიანეს (160-220) მიიჩნევენ იმ პიროვნებად, ვინც სამების კონცეფციის განვითარებისთვის პირველი ნაბიჯი გადადგა, თუმცა თეოფილე ანტიოქიელმა სიტყვა ტრიას (ლათინურად თარგმნილია როგორც ტრინიტას) უფრო ადრე, ა.წ. 180 წელს გამოიყენა. თუმცა ტერტულიანეს Comma-ს ავტორობა არასოდეს მიუწერია იოანესთვის. თავის ნაშრომში "პრაქსეასის წინააღმდეგ" (213) სამების დასამტკიცებლად მას წმინდა წერილიდან 332 ადგილი მოჰყავს, მაგრამ მათ შორის არ არის 1 იოანეს 5:7 - მუხლი, რომელსაც შეეძლო მისი მთავარი არგუმენტი გამხდარიყო. რატომ? დასკვნა უბრალოა, იმიტომ რომ იქ არ იყო Comma.

ჯონ გილი (1697-1771), მიუხედავად ყველაფრისა, მაინც ცდილობს რომ ტერტულიანეს ერთი ფრაზა წარმოადგინოს როგორც ციტატა 1 იოანეს 5:7-დან. მაგრამ წარმოადგენ კი ის ციტატას? მოდით ტერტულიანეს ეს სიტყვები კონტექსტში განვიხილოთ: "ასეთი სახით კავშირი მამასა და ძეს და ძესა და ნუგეშიმცემელს შორის წარმოადგენს სამ ერთმანეთთან დაკავშირებულს, რომლებიც, ამავდროულად, [უკვე განსხვავდებიან] ერთი მეორისაგან. და რომლებიც ერთობაში არიან და არა ერთია [qui tres unum sunt, non unus], ისევე როგორც ნათქვამია: მე და მამა - ერთი ვართ, არსის ერთობით და არა რიცხობრივი ერთობით". (Tertullianus. Adversus Praxean.25:1)   

ხოლო აი შესადარებლად ტექსტი 1 იოანეს 5:7, 8  Itala-დან (ძველი ლათინური ბიბლია, V ასწლეულის შემდგომი პერიოდი), ინტერპრეტაციით, რომელიც ჩასმულია ბრჭყალებში და გამოყოფილია კურსივით: "Quoniam tres sunt, [qui testimonium dant in coelo: pater, verbum, et spiritus sanctus: et hi tres unum sunt. Et tres sunt, qui testimonium dant in terra]: spiritus, et aqua, et sanguis: et hi tres unum sunt".

რას ვხედავთ შედარებისას? პირველი, ტერტულიანე იყენებს სიტყვას qui (რომლებიც) ნაცვლად სიტყვისა hi (ეს[ესენი]), ციტირებისას კი, ზუსტ გამეორებას უნდა მოველოდეთ. მეორე, unum და unus (ერთნი და ერთიშორის აზრობრივი განსხვავების საჩვენებლად ის ციტირებს იოანეს 10:30-ს, რაც აბსოლუტურად ზედმეტი იქნებოდა, იმ შემთხვევაში თუ მანამდე მოყვანილი სიტყვები 1 იოანეს 5:7-დან იქნებოდა მოყვანილი. მესამე, განსახილველი სიტყვები მას პირდაპირ სასაუბრო ტექსტში უზის და არა ციტატაში. ისინი მწობრად ერწყმიან კონტექსტს. ეს მონაკვეთი არ გვაძლებს იმის მტკიცების საფუძველს, რომ ტერტულიანე იცნობდა Comma Johanneum-ს.

კვიპრიანე

დაახლოებით ა.წ. 250 წელს, კვიპრიანე კართაგენელი წერს: «და კვლავ მამაზე, ძეზე და წმინდა სულზე დაწერილია: და ეს სამი ერთია». ("Et iterum de Patre et Filio et Spiritu sancto scriptum est: Et hi tres unum sunt",  De unitate ecclesiae, ტრაქტატი 1, განყოფილება 6). ჯერ იქიდან დავიწყოთ, რომ ზოგიერთები ამ სიტყვებს ფალსიფიცირებულად თვლიან და თვლიან რომ კვიპრიანეს საერთოდ არ უთქვამს ეს. მაგრამ რომც დავუშვათ, რომ ეს სიტყვები კვიპრიანემ დაწერა და ესაა ნაწყვეტი 1 იოანეს 5:7, 8-დანაა აღებული, მაშინ რომელი ნაწყვეტი იყო ფაქტიურად ციტატა? დენიელ უოლასი დამაჯერებლად გვიჩვენებს, რომ პირდაპირ ციტატად შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ ფრაზა "და ეს სამი ერთია" (Et hi tres unum sunt). 

ახლა კი კიდევ ერთხელ შევხედოთ ბიბლია Itala-ს ტექსტს"Quoniam tres sunt, [qui testimonium dant in coelo: pater, verbum, et spiritus sanctus: et hi tres unum sunt. Et tres sunt, qui testimonium dant in terra]: spiritus, et aqua, et sanguis: et hi tres unum sunt". 

ყურადღება მიაქციეთ, რომ 1 იოანეს მეხუთე თავში ეს სიტყვები არა მხოლოდ Comma-ში გვხვდება, არამედ ასევე ორიგინალ ტექსტშიც მე-8 მუხლის ბოლო ნაწილში, სადაც საუბარია "სულზე, წყალზე და სისხლზე". ამიტომ დიდი ალბათობით შეიძლება დავასკვნათ, რომ კვიპრიანე ზუსტად ამ ნაწილს ციტირებს. კი მაგრამ რატომ იყენებს კვიპრიანე ამ სიტყვებს "მამა, ძე და წმინდა სულთან" მიმართებაში? სავარაუდოდ, ასეთი იყო იოანეს მიერ მოხსენიებული "სულის, წყლისა და სისხლის" მისი პირადი ალეგორიული განმარტება. ამის შესახებ მხოლოდ ვარაუდების გამოთქმა თუ შეიძლება, იტყვით თქვენ? არამც და არამც.

წერილების ალეგორიული განმარტებებისადმი ასეთი თავისუფალი მიდგომა იშვიათობას არ წარმოადგენდა ადრეული მამებისათვის. მაგალითად, აი ასე განმარტავდა ავგუსტინე, რომელიც IV-V საუკუნეებში ცხოვრობდა, იმავე "სულის, წყლისა და სისხლის" გაგებას. ხელნაწერში "მაქსიმინეს წინააღმდეგ" (Contra Maximinum episcopum Arianorum, II. 22:3), სამების დაცვისას და 1 იოანეს 5:8-ს ციტირებისას, მას პარალელები მოჰყავს: 
  • სული - ესაა მამა 
  • სისხლი - ესაა ძე 
  • წყალი - ესაა წმინდა სული 
გამორიცხული არაა, რომ ავგუსტინემ ასეთი განმარტება, მანამდე მცხოვრებ მამებს დაესესხა, თვით კვიპრიანეს ჩათვლით. აღსანიშნავია, რომ ავგუსტინეს ბიბლიაში, როგორც ჩანს, არ იყო Comma Johanneum, წინააღმდეგ შემთხვევაში ის პირდაპირ ამ სიტყვების ციტირებას მოახდენდა, ასეთი უცნაური ანალოგიების მოყვანის სანაცვლოდ.

დასკვნა. არ არსებობს იმის ვარაუდის სერიოზული მიზეზები, რომ ტერტულიანეს და კვიპრიანეს წმინდა წერილების პირად ეგზემპლარებში ეწერა ტექსტი "...ზეცად: მამა, სიტყვა და სული წმინდა; ხოლო ეს სამი ერთია. და სამნი მოწმობენ ქვეყნად:...". მაგრამ სამაგიეროდ ძალიან სერიოზული საფუძველი გაგვაჩნია, რომ ტერტულიანეს და სხვა მრავალ ქრისტიანულ ფილოსოფოსს მივაწეროთ ალეგორიული აზრის ჩადება სიტყვებში "ვინაიდან სამნი მოწმობენ  სული წყალი და სისხლი; ხოლო ეს სამი ერთია."** როგორც სტატიის დასაწყისში ავღნიშნეთ, ეს მოსაზრებები, როგორც ჩანს ლათინურენოვანი გადამწერებიდან ერთერთს იმდენად საინტერესოდ და მნიშვნელოვნად მოეჩვენა, რომ მან ისინი ბიბლიის ერთი ეგზემპლარის მინდორზე დაიტანა როგორც დანართი, საიდანაც მხოლოდ ერთი ნაბიჯიღა რჩებოდა იმისათვის, რომ ეს ფანტაზიები მოციქულის ღვთივშთაგონებულ სიტყვებად ექციათ. 

______________________________________________________________

"წმინდა წერილების სხვა ადგილების მსგავსად, უმეცარნი და არამტკიცენი თავიანთ დასაღუპავად ამახინჯებენ

(2 პეტრე 3:16)
______________________________________________________________


ღვთის სიტყვის დამახინჯების ამ ისტორიას დღემდე სავალალო შედეგები მოაქვს. დღემდე, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ზოგიერთი ღვთისმეტყველი ისტორიის გადაწერას ცდილობს იმისათვის, რომ Comma Johanneum გაასაღოს ღვთივშთაგონებულ სიტყვებად, მათი მომხრეები კი სასტიკად იცავენ მსგავს შეხედულებებს. დაე ყველა ჩვენგანისათვის ეს გაკვეთილი იყოს, რათა "არ გავცდეთ დაწერილის ჩარჩოებს", და არ დავიწყოთ ბიბლიაში ისეთი პარალელების, წინასწარმეტყველური სახეობების და ალეგორიების ძებნა, რომელიც მასში არ არის და რომელიც მხოლოდ თქვენი ფანტაზიის ნაყოფს წარმოადგენს. მოდით მთელი გულით მივყვეთ ჯანსაღ სიტყვებს და გვახსოვდეს სიტყვები 1 პეტრეს 1:25-დან: "იეჰოვას სიტყვა კი მარადიულად რჩება."

______________________

* იმის მიუხედავად, რომ საიტის ავტორმაც კი მაკსიმოვის სტატია შეაფასა როგორც "უსაფუძვლო და პირდაპირი ფალსიფიკაციების შემცველი", მოსაზრებები ტერტულიანეზე და კვიპრიანეზე სხვა ავტორებმაც გამოიყენეს, რის გამოც ისინი იმსახურებენ განხილვას. 

** პასუხი კითხვაზე: რა სახით ამოწმებენ წყალი, სისხლი და სული, რომ "იესო - ღვთის ძეა"? თქვენ შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ: "საგუშაგო კოშკი" 15 დეკემბერი 2008 წ. გვ. 27-29.

---------------------------------------------------

თარგმნილია: bibleapology.blogspot.com


ასევე წაიკითხეთ:

70 კითხვა მათთვის ვისაც სწამს სამება

ღმერთი თუ ადამიანი - დაამატეთ გემოვნებით

უილიამ ბარკლი იოანეს 10:30-ზე

Комментариев нет:

Отправить комментарий