понедельник, 3 марта 2014 г.

ქრისტე და სახელების რეიტინგი


უკვე განვიხილე ერთი მუხლი, რომელიც იესოსა და იეჰოვას სახელების «ურთიერთცვლის» დასამტკიცებლად მოჰყავთ, – საქმეების 4:12. დღეს მინდა კიდევ ერთი მზგავსი ადგილი განვიხილო:


ამის გამო ღმერთმა ის უფრო მეტად აამაღლა და მიანიჭა ყველა სახელზე აღმატებული სახელი, რათა იესოს სახელით მუხლი მოიდრიკოს ყველამ, ვინც ზეცაში, დედამიწაზე თუ მიწის ქვეშ არის, და ყველა ენამ საჯაროდ აღიაროს, რომ იესო ქრისტე არის უფალი, ღვთის, მამის სადიდებლად (ფილიპელთა 2:9–11).

შეიძლება თუ არა ამ მუხლებიდან გამომდინარე იმის მტკიცება, რომ იესოს სახელი «ყველა სახელზე აღმატებულია», ნიშნავს ეს, რომ მისი სახელი და თვითონ იესოც იეჰოვას სახელზე მაღლა დგას (ან რომ მისი თანაარსია)? დიახ, თუ იგნორირებას გავუკეთებთ კონტექსტს და ლინგვისტურ ფაქტორებს. პირველი: ქართული სიტყვა «ყველა» (ასევე «ყველანი», «ყველაფერი» და მათი მონათესავეები) თითქმის არასოდეს არ გამოიყენება აბსოლუტური გაგებით. მაგალითად, თუ ბავშვი ცდილობს რაიმე საქციელის დამალვას, მამა კი ეუბნება მას: «მე ყველაფერი ვიცი», ეს არანაირად არ ნიშნავს, რომ მამამ აბსოლუტურად ყველაფერი იცის, მაგალითად ის თუ რამდენი ატომია სამყაროში. არამედ მან იცის ის, რაც აღნიშნულ საკითხს ეხება, ის რასაც მოცემულ კონტექსტში აქვს მნიშვნელობა.

იგივეა ბერძნული სიტყვა «პას» (ყველა, ყველაფერი, სუყველა, ყოველი) შემთხვევაშიც. განვიხილოთ რამოდენიმე მაგალითი:

  • მაშ, ეძებეთ უპირველესად უფლის სასუფეველი და სიმართლე მისი, და ყოველივე ეს მოგეცემათ თქვენ (მათე 6:33): ნათელია, რომ მოგეცემათ არა აბსოლუტურად ყველაფერი, არამედ მხოლოდ ის, რაზეც წინა ორ მუხლშია საუბარი, კონკრეტულად კი «რა ვჭამოთ, რა ვსვათ ან რით შევიმოსოთ».
  • ხოლო მეღორეები გაიქცნენ, ქალაქში მივიდნენ და მოჰყვნენ ყველაფერს, რაც შეემთხვა ეშმაკეულებს (მათე 8:33): გასაგებია, რომ მეღორეებს ყველაფერი არ მოუყოლიათ რაც დედამიწაზე მომხდარა, არამედ მხოლოდ მოცემულ სიტუაციაზე.
  • და მოივლიდა იესო ყველა ქალაქსა და დაბას (მათე 9:35): ვინაიდან იესოს განსაზღვრულად არ შეეძლო მსოფლიოს ყველა ქალაქსა და დაბაში სიარული, გასაგებია, რომ ნავარაუდევია მხოლოდ იუდას ტერიტორია.
  • ყოველგვარი ბოროტების ფესვი ვერცხლისმოყვარეობაა (1 ტიმოთე 6:10): ვფიქრობ, ყველას ესმის, რომ თუმცა ვერცხლისმოყვარეობა – მრავალი ბოროტების ფესვია, ის აშკარად არაა უკლებლივ ყველა ბოროტების ფესვი.
  • ყველაფერი მას დაუმორჩილა და ფეხქვეშ დაუმხო. ხოლო რაკი ითქვა, რომ ყველაფერი მას ემორჩილება, ცხადია, მის გარდა, ვინც ყველაფერი დაუმორჩილა მას (1 კორინთელთა 15:27): ძალიან საინტერესო მაგალითია, მოციქული პირდაპირ ხსნის, რომ სიტყვა «ყველაფერს» გამონაკლისი გააჩნია.

როგორც ვხედავთ, ქართულშიც და ძველბერძნულშიც სიტყვა «ყველა» და მისი მონათესავე სიტყვები არ ნიშნავენ «აბსოლუტურად ყველას ან ყველაფერს სამყაროში». აზრის გასაგებად კონტექსტი უნდა იქნას გათვალისწინებული. რაზე საუბრობს ფილიპელთა 2:9-ის კონტექსტი? ყურადღება მივაქციოთ ორ აზრს: «ღმერთმა აღამაღლა ქრისტე» და «სახელი მისცა». თუ ერთი სახე «აღამაღლებს» მეორეს და მას რაღაცას «აძლევს», მაშინ პირველი განსაზღვრულად მეორეზე მაღალია და მეტი ძალაუფლება გააჩნია. თუ ორი სახე სრულებით ერთმანეთის თანასწორია (თან მითუმეტეს იდენტური), მაშინ ერთს არ შეუძლია მეორის ამაღლება და რამე ისეთის მიცემა, რაც მას არ აქვს.

შესაბამისად, პავლეს მხედველობაში აქვს, რომ იესომ ყველაზე დიდი სახელი მიიღო რელიგიურ ავტორიტეტთა – წინასწარმეტყველთა, მოძღვართა, წინამძღოლთა შორის, და არანაირად არ აპირისპირებს იესოს ღმერთთან, მითუმეტეს რომ იესო თვითონ აღიარებდა, რომ მისი მამა მასზე დიდი იყო (იოანე 14:28). იესოს სახელი მოსეს, მუჰამედის, ბუდის და ნებისმიერი სხვა რელიგიური მოაზროვნის სახელზე მაღლა დგას ისტორიაში, რომელთაც ხალხი ჭეშმარიტების ძიაბისას მიჰყვებიან. ებრაელები საუკუნეების განმავლობაში მიჰყვებოდნენ მოსეს, რომლის სახელსაც ყველაზე დიდებულად თვლიდნენ, მაგრამ ეხლა პავლე წერს, რომ სიტუაცია შეიცვალა. მოვიდა ვიღაც უფრო დიდებული, ვიდრე მოსე. და ყურადღება მივაქციოთ, რომ მე-11 მუხლის თანახმად, ჩვენ ამისათვის იმას განვადიდებთ, ვინც ქრისტეს ასეთი დიადი სახელი მისცა, – ღმერთს. იესო თვითონ განადიდებს თავის მამასა და მის სახელს (გამოცხადება 3:12; 14:1).

ზემოთ მოყვანილ მუხლში 1 კორინთელთა 15:27-ში, თვითონ პავლემაც ნათლად თქვა, რომ თუმცა ღმერთმა «ყოველივე» ქრისტეს დაუმორჩილა, თვითონ არ დამორჩილებია მას. კი მაგრამ ნუთუ უნდა ვიფიქროთ, რომ პავლე თავის სხვა წერილში სხვანაირად ფიქრობდა?

სხვათა შორის, მარტო ის ფაქტი, რომ იესოს რაღაც არ გააჩნდა, ხოლო შემდეგ მიიღო, უკვე იმაზე მეტყველებს, რომ ის არ შეიძლება ყოვლისშემძლე ღმერთი იყოს. ყოვლისშემძლე ღმერთს არ შეიძლება რაიმე არ ჰქონდეს, ხოლო შემდეგ ის ვიღაცისგან მიიღოს, იმისგან ვისაც ეს აქვს. ის არ შეიძლება ვინმეს მიერ იქნას «ამაღლებული». მე-8 მუხლის თანახმად, ეს ყოველივე უკვე მისი აღდგომის შემდეგ ხდებოდა, ანუ ზეცაში. თუნდაც არა თვითონ ღმერთმა, არამედ მისმა რომელიმე ჰიპოსტასმა, სახემ ან განსახიერებამ მიიღო რაღაც, რასაც ადრე არ ფლობდა, ან დაიკავა მდგომარეობა, რომელსაც ადრე არ იკავებდა, – ეს უკვე არ გვაძლევს იმის თქმის უფლებას, რომ ის ღვთის თანაბარი ან მასთან საერთო ბუნებისაა. აი რატომ არ ვურჩევ ტრინიტარებს ფილიპელთა 2:9-ის ტრინიტარულ დისკუსიებში მოხსენიებას.

-----------------------------------------------------------------------

თარგმნილია: http://chivchalov.blogspot.com

ასევე წაიკითხეთ:

70 კითხვა მათთვის ვისაც სწამს სამება

ასწავლიდა თუ არა პეტრე, რომ ქრისტეს სახელი იეჰოვას სახელს ცვლის?

ციტატები სამებაზე

Комментариев нет:

Отправить комментарий