четверг, 13 марта 2014 г.

მდიდარი და ლაზარე

იგავი მდიდარისა და ლაზარეს შესახებ,რომელიც ლუკას 16:19–31-შია ჩაწერილი, ერთადერთი ადგილია ბიბლიაში, რომელიც ასე თუ ისე ჰგავს "საიქიო" ცხოვრებისა და ტანჯვის მტკიცებულებას. სხვა ამის მწგავსი წერილებში არ არის. თუმცაღა ზუსტადაც რომ «ჰგავს», იმიტომ რომ ფაქტებისა და კონტექსტის ყურადღებით განხილვა ამ მზგავსებასაც ანგრევს. დავიწყოთ იქიდან, რომ ბიბლიაში მრავალი ადგილია, სადაც პირდაპირ და ერთმნიშვნელოვნად ხდება, სიკვდილის შემდეგ, სულიერ სხეულში სიცოცხლის შესაძლებლობის გამორიცხვა. აი რამოდენიმე ასეთი ადგილი (ჩემი მცირე  კომენტარებით):

ეზეკიელი 18:20: სული, რომელიც სცოდავს, მოკვდება (და არა ჯოჯოხეთში გააგრძელებს ტანჯვას).

ეკლესიასტე 9:5, 6: ცოცხლებმა იციან, რომ მოკვდებიან, მკვდრებმა კი არაფერი იციან; არც საზღაური მიეზღვებათ, რადგან მათი ხსოვნა დავიწყებას ეძლევა. ქრება მათი სიყვარული, სიძულვილი და შური; რაც მზის ქვეშ ხდება, აღარაფერში აღარასოდეს ექნებათ წილი. (დავაკვირდეთ, რომ სიძულვილი და შურიც გაქრა – არადა ზუსტად ეს გრძნობები უნდა დაეუფლოს იმათ ვისაც მილიარდობით წელი აწამებენ, მონანიების უფლების გარეშე).

ეკლესიასტე 9:10: …არც საქმე, არც ჩანაფიქრი, არც ცოდნა და არც სიბრძნე არ არის სამარეში სადაც მიდიხარ.

მათე 10:28: ნუ შეგეშინდებათ მათი, ვინც სხეულს კლავს, სულის მოკვლა კი არ შეუძლია. იმისი გეშინოდეთ, ვისაც სულის დაღუპვაც შეუძლია გეენაში და სხეულისაც (როგორც ვხედავთ, სულის მოკვლა შესაძლებელია).

რომაელთა 6:7: ვინაიდან მას, ვინც მოკვდა, ცოდვა მოეხსნა (ხოლო თუ ასეა, რისთვისღა უნდა დაისაჯოს ის?).

რომაელთა 6:23: რადგან ცოდვის საზღაური სიკვდილია, ხოლო ძღვენი, რომელსაც ღმერთი გვაძლევს - მარადიული სიცოცხლე ჩვენი უფლის ქრისტე იესოს მეშვეობით (იმისათვის რომ მარადიულად დაიტანჯო, უნდა გქონდეს მარადიული სიცოცხლე, მარადიული სიცოცხლე კი – ძღვენია, რომელიც ყველას როდი ეძლევა).



მზგავსი ციტატების მოყვანა კიდევ შეგვიძლია გავაგრძელოთ და გავაგრძელოთ, მაგრამ სულის უკვდავების მხარდამჭერებს ურჩევნიათ ყველა მათგანს იგნორირება გაუკეთონ, ხოლო იგავი მდიდარზე და ლაზარეზე და რამოდენიმე სხვა მუხლი, კიდევ უფრო არამდგრადი, მიკროსკოპის ქვეშ ათვალიერონ. ჩვენ თუ გვგონია, რომ ბიბლია მთლად ნათლად ვერ გადმოსცემს ამ საკითხს, მაშინ ავიღოთ შედარებით გვიანი დროის ქრისტიანული ლიტერატურა. მაგალითად, მე-2 საუკუნეში ათენაგორა ათენელი პირდაპირ წერს, რომ სულის სხეულის გარეშე არსებობა შეუძლებელია, სიკვდილი კი შეგვიძლია ძილს შევადაროთ:

ადამიანის ბუნება თუ საერთოდ შედგება უკვდავი სულისაგან და სხეულისაგან, რომელიც მასთან შექმნისასაა შეერთებული; თუ ცალკეულად სულის ბუნებისთვის და ცალკე სხეულისთვის არ უჩუქებია ღმერთს დამოუკიდებლად ყოფნა და სიცოცხლე, არამედ მხოლოდ ადამიანს რომელიც სულისა და ხორცისაგან შედგება, რათა, იმავე ნაწილებით, რომლებისგანაც ისინი შედგებიან, როდესაც იბადებიან და ცხოვრობენ, ამ სიცოცხლის დასასრულისას ერთ, საერთო ბოლოს აღწევდნენ: მაშინ ადამიანში სული და სხეული ერთ ცოცხალ არსებას წარმოადგენს… ამ მიზეზის გამო, ვფიქრობ, ზოგიერთი ძილს – სიკვდილის ძმას ეძახიან, არა იმიტომ, რომ ისინი ერთი წინაპრისაგან წამოვიდნენ, არამედ – მკვდრებისა და მძინარეების ერთ მდგომარეობაში ყოფნის გამო, ყველაფრის მიმართ ერთნაირი სიმშვიდისა და უგრძნობი მდგომარეობის გამო, რაც არსებობს და რაც ხდება და თვით სიცოცხლის არსის მიმართაც კი (მკვდართა აღდგომის შესახებ).

ციტატა ახალი ფილოსოფიური ენციკლოპედიიდან:

ერთერთი პირველი ქრისტიან-აპოლოგეტთაგანი, იუსტინე, თვლიდა, რომ ღმერთი არის სიცოცხლე, სული კი რაღაც არსების მზგავსი რომელსაც შეუძლია ჰქონდეს სიცოცხლე, ანუ ის უბრალოდ ცოცხალი არსებაა. ტატიანა ხაზს უსვამდა, რომ სული მოკვდავია, მაგრამ შესაძლებელია კიდეც არ მოკვდეს (Oratio ad Graecos, 13). ირინეოს ლიონელის თანახმად, სული იმდენ ხანს რჩება, რამდენ ხანსაც ღმერთს ნებავს. კლიმენტი ალექსანდრიელი იმაზე ლაპარაკობს, რომ მხოლოდ და მხოლოდ ღვთაებრივი მადლი ხდის სულს უკვდავს. უკვდავ სულს, როგორც ღვთის საჩუქარს, ასევე მხარს უჭერდნენ ტერტულიანე (De an. 41), გრიგოლ ნოსელი (De creat, horn. 27), ორიგენე («საწყისებზე» II, 8), ლაკტაციუსი (Inst. V 18). ავგუსტინე, რომლის თანახმადაც სული მარადიულ ჭეშმარიტებებშია ჩართული («სულის რაოდენობაზე», თვ. XIII—XIV), ის ხაზს უსვამდა, რომ სულის უკვდავება არაა აბსოლუტური და მას შეიძლება მოკვდავი ვუწოდოთ. პლატონიზმის საპირისპიროდ ის საუბრობდა «სულის სიკვდილზე» და «ხორცის სიკვდილზე», მთელი ადამიანის სიკვდილზე («ღვთის სეტყვის შესახებ», XIII, 12), ორი სიკვდილის შესახებ: «პირველი სიკვდილი, მისი ნების გარეშე სულს განდევნის სხეულიდან; მეორე სიკვდილი კი, მისი ნების გარეშე, სულს დაიჭერს სხეულში» (იქვე, XXI, 3).

როგორც ვხედავთ, მრავალი ათწლეული მას შემდეგ, რაც იესომ მდიდარზე და ლაზარეზე იგავი მოყვა, ქრისტიანები სულაც არ ხსნიდნენ მას ისე, როგორც დღესაა მიღებული. ამ იდეის ქრისტიანობისაგან გაუცხოებას თანამედროვე ღვთისმეტყველებიც კი ხვდებიან. მაგალითად, ჩვენი თანამედროვე, მართლმადიდებელი მღვდელი და ღვთისმეტყველი გ.ვ. ფლოროვსკი წერს: 

ქრისტიანებს, თუ ისინი ქრისტიანები არიან, არ უნდა სწამდეთ უკვდავების ფილოსოფიური თეორიების. მათ საყოველთაო აღდგომის უნდა სწამდეთ. ადამიანი – ქმნილებაა. თვით თავის არსებობას ის ღმერთს უნდა უმადლოდეს. ადამიანის არსებობა არ წარმოადგენს აუცილებლობას. ის – ღვთის მადლია. მაგრამ ღმერთმა ადამიანი საარსებოდ შექმნა, ანუ მარადიულობისათვის. მარადიულობის მიღწევა და მიღება კი მხოლოდ ღმერთთან ერთობითაა შესაძლებელი (ფლოროვსკი გ. დოგმატი და ისტორია. მ., 1998, გვ. 254).

მე ტყუილად როდი ვაკეთებ თემიდან ამხელა გადახვევას. არსებობს მტკიცებულებების დიდი რაოდენობა იმისა, რომ ღვთის ჭეშმარიტ თაყვანისმცემლებს არასოდეს არ სწამდათ "საიქიო" ცხოვრების შესახებ, წარმართული იდეებისა. ისინი მის დასადასტურებლად არასოდეს არ იყენებდნენ იგავს მდიდარსა და ლაზარეს შესახებ, როგორც ამას დღეს აკეთებენ. სიტუაციამ მხოლოდ მე-2 საუკუნისკენ დაიწყო ცვლა, თანაც ამ იდეამ სრულიადაც ვერ გაიმარჯვა. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს ამის შესახებ, როდესაც ჩვენ მდიდარსა და ლაზარეზე იგავს განვიხილავთ, და არ დავხუჭოთ ამაზე თვალი. სავსებით უცნაურია, რომ ზოგიერთისთვის ერთმა იგავმა შეიძლება ამდენი საპირისპირო მტკიცებულება გადაწონოს. მაშინ ის მთელ ბიბლიურ და ისტორიულ კონტექსტს დაუპირისპირდება, რაც შეუძლებელია. შესაბამისად, საჭიროა ალტერნატიული ახსნის მოძებნა. და ასეთიც არსებობს.

პირველი, არსებობდნენ თუ არა მდიდარი და ლაზარე სინამდვილეში? არა – ეს იგავია და არა მონათხრობი, რომელიც რეალურ მოვლენებზეა დაფუძნებული. იერუსალიმურ ბიბლიაში ნათქვამია (სქოლიოში): «თხრობის სახით წარმოდგენილი იგავი, რომელშიც საუბარი არ არის რეალურ ადამიანებზე». არც იესოს, არც მის მოციქულებს არასოდეს არ უთქვამთ, რომ სიკვდილის შემდეგ ცოდვილი რაიმე ისეთ ადგილას ხვდება, სადაც მას მარადიულად აწამებენ მონანიების უფლების გარეშე. მაგრამ მიუხედავად ამისა ჩვენ მაინც მოვისმენთ, თუ როგორ იყენებს ზოგი ამ იგავს, როგორც რეალური მოვლენების აღწერას.

ყურადღება მივაქციოთ შეუსაბამობების მთელ რიგს, რომლებიც იგავის პირდაპირი გაგებით წაკითხვისას ჩნდება. ის როგორც მინიმუმ ოთხია: 1) ყველა კარგი ადამიანი აბრაამის წიაღში ხვდება; 2) ცოდვილთა ტანჯვის შემსუბუქება სულ რაღაც ერთი წვეთი წყლითაა შესაძლებელი (და საერთოდ იქ არის წყალი); 3) ტანჯული ცოდვილები მართლებს ხედავენ და თავისუფლად შეუძლიათ მათთან საუბარი; 4) ჯოჯოხეთში მდიდარი «ტანჯვას» განიცდის, მაშინ როდესაც იობის 14:13-ში ლაპარაკია ჯოჯოხეთზე, როგორც დასვენებისა და მოსვენების ადგილზე, ხოლო საქმეების 2:31-ში ჩვენ იმის შესახებ ვკითხულობთ, რომ ქრისტეც კი იყო ჯოჯოხეთში. რამდენად გავს ეს ყოველივე რეალური ჯოჯოხეთის აღწერას? საერთოდ არ გავს.

დავუკვირდეთ, რომ იგავში არაა ნახსენები სიტყვა «ზეცა». შესაბამისად, შეუძლებელია ამ იგავის იმის დასამტკიცებლად გამოყენება, რომ აბრაამი, ლაზარე ან კიდევ ვინმე სხვა ზეცაში მოხვდა. მასში არცერთხელ არაა ნახსენები სიტყვა «სული», რაც მას უსარგებლოს ხდის სულისა და სხეულის განცალკევებით არსებობის დასამტკიცებლად. უბრალოდ საკვირველია, რომ ამ იგავს სულის ზეცაში მოხვედრის დასამტკიცებლად იყენებენ მაშინ, როდესაც მასში ამ სიტყვებიდან არცერთი არაა ნახსენები.

იგავის მიზანი – სრულიად დიდაქტიკურია, პირველ რიგში ესაა თვალნათელი მაგალითი. იესოს მიზანი ის არაა რომ მოყვეს, თუ რა ხდება სიკვდილის შემდეგ. მიზანი რომ ეს ყოფილიყო, მის მონათხრობში არ იქნებოდა ამდენი აშკარა პარადოქსი და შეუსაბამობა. მდიდარისა და ლაზარეს შესახებ იგავი ისევე შორსაა რეალობიდან, როგორც მაგალითი თვალში მორის შესახებ (მათე 7:4) ან აქლემის შესახებ რომელიც ცდილობს ნემსის ყუნწში გაძრომას (მათე 19:24). მაგრამ აქლემისა და ნემსის შესახებ მაგალითი რატომღაც არავის მოჰყავს იმის გაკვეთილად თუ როგორ უნდა მოუარო სინამდვილეში აქლემს. იესოს უყვარდა ჰიპერბოლები და ნათელი ილუსტრაციები, რომლებიც ზუსტად ხვდებოდნენ მიზანში და მაშინვე გადასცემდნენ საჭირო აზრებს.

როგორც ყოველთვის, აზრის გაგებაში კონტექსტი გვეხმარება. იგავის წინ ჩვენ ვკითხულობთ: «ისმენდნენ ყოველივე ამას ვერცხლისმოყვარე ფარისევლები და დასცინოდნენ მას» (ლუკა 16:14). იესომ იგავი მდიდარზე და ლაზარეზე, ფარისეველთა ვერცხლისმოყვარეობის საპასუხოდ მოყვა (ანუ მდიდართა საპასუხოდ), რომლებმაც ღვთის თვალში კეთილგანწყობა დაკარგეს. სხვა მხრივ კი, უბრალო ადამიანები, რომელთაც ღატაკი ლაზარე ასიმბოლოებს, ხშირად აღმოჩნდებიან ხოლმე სულიერად მგრძნობიარე და ღვთის მოწონებას იმსახურებენ. შედეგად ზუსტად ისინი აღმოჩნდებიან აბრაამის, «ღვთის მეგობრისა» და «ყველა ხალხის კურთხევის» წყაროს, ნამდვილი შვილები და სულიერი მემკვიდრეები (იაკობი 2:23; გალატელთა 3:8).

მდიდარსა და ლაზარეს შესახებ იგავს, ძალიან ახლო პროტოტიპი გააჩნია, იესოს სხვა, უფრო მოკლე მაგალითში:

მრავალნი მოვლენ აღმოსავლეთით და დასავლეთით, და აბრაამთან, ისააკსა და იაკობთან ერთად დასხდებიან ცათა სასუფეველში; ხოლო სასუფევლის ძენი გარესკნელის ბნელში გაიყრებიან; და იქნება იქ ტირილი და კბილთა ღრჭიალი (მათე 8:11, 12).

იესომ ეს მას შემდეგ თქვა, რაც დაინახა, თუ რომაელმა ასისთავმა, არაებრაელმა, როგორ გამოავლინა მის მიმართ დიდი რწმენა. ჩვენ ისევ ზუსტად იგივე აზრს ვხედავთ: ისინი, ვისაც სერიოზულად არ აღიქვამდნენ, ვინც ხშირად სძულდათ, ყველაზე დიდ ჯილდოს მიიღებენ, მაშინ როდესაც «სასუფევლის ძენი» – წარმოშობით ებრაელები, მაგრამ სულიერად მკვდრები, – გატეხილ ჭიშკართან დარჩებიან. რამდენიც არ უნდა იტანჯონ და «კბილები აღრჭიალონ», ყველაფერი ამაო იქნება. და ბოლოს, ამაზევეა ცნობილი და კიდევ უფრო მოკლე გამონათქვამი: «მრავალი პირველი იქნება უკანასკნელი, და უკანასკნელი - პირველი» (მათე 19:30). იგავში მდიდარსა და ლაზარეს შესახებ – ზუსტად იგივე აზრებია, მხოლოდ უფრო გაშლილი სახით, დამატებითი წვრილმანებით, დიალოგებითა და დეკორაციებით, ასე ვთქვათ. შეეცადეთ წარმოიდგინოთ, თუ როგორ გამოიყურებიან და რას გრძნობენ «გარესკნელის ბნელში გადაყრილი სასუფევლის ძენი» – და თქვენ მიიღებთ, მდიდარისა და ლაზარეს იგავის მზგავს რამეს. გუშინ სასუფევლის ძე იყავი, დღეს კი გადაგაგდეს – სიდიადიდან ტალახში აღმოჩნდი. ვინ არ დაიტანჯება და არ ააღრჭიალებს კბილებს მსგავს სიტუაციაში?

ქრისტეს მთელი ამ სწავლების მიზანი ერთია – ადამიანთა ორი ჯგუფის ნამდვილი სახის გამოვლენა და მათი შეცვლილი მდგომარეობის ჩვენება, მისგან გამომდინარე შედეგებით, ერთისთვის ჯილდოს სახით, ხოლო მეორისთვის ტანჯვის სახით. ფარისეველთა ტანჯვა ჯერ კიდევ მათ სიცოცხლეში დაიწყო, როდესაც იესო სავსებით მკაცრი ფორმებით სდებდა მათ ბრალს, როდესაც ააშკარავებდა მათ სიცრუეს, თვალთმაქცობას, იმ როლის შეუსაბამობას, რომელიც თავის თავზე აიღეს. ფარისევლები პირდაპირი გაგებით აღრჭიალებდნენ კბილებს სტეფანეზე და სხვა ქრისტიანებზე (საქმეები. 7:54).

ვინმე იტყვის: კი, მაგრამ მდიდარი და ლაზარე დაიხოცნენ, უბრალოდ ადგილები არ გაუცვლიათ მათ. ყურადღება მივაქციოთ, რომ პარალელურ დარიგებაში მათეს 8:11, 12 (ციტატა მოვიყვანეთ ზემოთ) იგივე აზრისას, სიკვდილი საერთოდ არ მოიხსენიება. შესაბამისად, საუბარი იმდენად სიკვდილზე როდია, რამდენადაც მდგომარეობის შეცვლაზე, და ეს არ გახლავთ ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ბიბლიაში სიკვდილს მზგავსი აზრი აქვს. ქრისტიანები «მოკვდნენ ცოდვისათვის» (რომაელთა 6:2). წყალში სრული ჩაძირვით ნათლობა (როგორიც სინამდვილეში უნდა იყოს ნათლობა) მოგვაგონებს სიკვდილსა და დამარხვას – ადამიანი მოკვდა ძველი ცხოვრებისთვის და ახალი დაიწყო. იგავში სიკვდილი ვერ იქნება პირდაპირი გაგებით კიდევ იმიტომ, რომ მდიდარი და ლაზარე ადამიანთა ჯგუფების სიმბოლოები არიან, რომლებიც მათ ტიპს ესადაგება. ეს «სიკვდილი» ამ ორივე ჯგუფისათვის ქრისტეს ქადაგებისას და პირველი ქრისტიანების საქმიანობისას დადგა. რელიგიისგან მდიდართა სამყაროს ბოლო დაუდგა, მათთვის ჩვეული ცხოვრებისეული წყობა წამოინგრა, ხოლო ამ პროცესის პიკი იერუსალიმის ტაძრის დანგრევა გახდა, 70 წელს.

ამ ყოველივეს პარალელურად, «ლაზარეთა» უთვალავი რაოდენობა – მეთევზეები, დედები, გაუნათლებელი უბრალო ადამიანები და (ოოო საშინელება) არაებრაელებიც კი, – სულიწმინდის ძღვენს იღებენ, ახდენენ სასწაულებს, კურნავენ და აღადგენენ მკვდრებს, ერთი სიტყვით, აკეთებენ ყოველივე იმას, რისი გაკეთებაც მდიდრებს არასოდეს შეეძლოთ. სულის სიღრმეში მდიდრები უკვე ხვდებოდნენ, თუ ვინაა სინამდვილეში აბრაამის წიაღში, და ვის ელოდა ბნელი. მათ შესაძლოა სურდათ რაიმეს შეცვლა, მაგრამ უკვე გვიანი იყო. მათ ცალკეულ წარმომადგენლებს კიდევ შეეძლოთ ქრისტიანობასთან შეერთება, მაგრამ როგორც ჯგუფი, როგორც რელიგიურ-ნაციონალური სისტემა ისინი განწირულები იყვნენ. ზუსტად ეს, და არა "საიქიო" სამყაროს წყობაა იესოს იგავის ნამდვილი შინაარსი, რომელიც წინასწარმეტყველური გამოდგა. ზუსდატ ამაში მდგომარეობს მისი ისტორიული და სულიერი აზრი.

-----------------------------------------------------------

თარგმნილია: http://chivchalov.blogspot.com

ასევე წაიკითხეთ:

ჯოჯოხეთის პრობლემები

ექსკურსია ჯოჯოხეთში

ბიბლიის ღმერთს სცემს თაყვანს ქრისტიანული სამყარო?

Комментариев нет:

Отправить комментарий