пятница, 30 декабря 2022 г.

ადამიანის ცხოვრება

 

ხვალ რომ ათეისტი გავხდე, ჩემთვის გადაუჭრელი დილემის წინაშე აღმოვჩნდები. დილით გავიღვიძებ და არ მეცოდინება, რატომ უნდა ვაკეთო რამე, თუნდაც ვისადილო. მე თუ მხოლოდ ბიოლოგიური მასის გროვა ვარ, რომელიც უჯრედებისაგან შედგება და რომლებიც თანდათანობით თვითგანახლების შესაძლებლობას კარგავენ, ისე რომ მალე მიწაში დამმარხავენ, – რა საჭიროა რამისკენ ლტოლვა და რამის კეთება, ან რაიმე ფასეულობებზე ორიენტირება? მე თუ სიკვდილმისჯილთა საკანში ვზივარ და უბრალოდ საათს შევცქერი, მაშინ რაღა დამრჩენია? რა საჭიროა ნებისმიერი პრობლემების მოგვარება? რა საჭიროა საერთოდ ყველაფერი?

ეს ჩემი აზრი არ არის, ის მრავალმა ადამიანმა გააჟღერა. ის ოდნავ განსხვავებულად გამოთქვა ფიოდორ დოესტოევსკიმ რომანი «ძმები კარამაზოვების» გმირის პირით: «ღმერთი თუ არ არსებობს, ყველაფერი ნებადართულია». ღმერთი თუ არ არსებობს, მაშინ არც არანაირი მყარი ფასულობები არ არსებობს. შესაბამისად, არც შეზღუდვები არსებობს – შეგიძლია აკეთო ყველაფერი, რაც გინდა.

რა მიშლის ხელს იმ ყველაფრის კეთებაში, რაც მინდა (და იმ ყველაფრის არ კეთებაში, რაც არ მინდა), სამყაროში თუ შემთხვევით გავჩნდი, დროის სასაცილოდ მოკლე პერიოდის მანძილზე ვარსებობ, შემდეგ კი გარანტირებულად და უკვალოდ გავქრები? მე არ მიარსებია უსაზღვროდ დიდი დროის განმავლობაში წარსულში და არც უსაზღვროდ დიდი დროის განმავლობაში ვიარსებებ მომავალში. ამ ორ წერტილს შორის მე რაღაც პატარა, თითქმის ნულის ტოლი (მარადიულობასთან შედარებით) დროის მონაკვეთი მაჩუქეს, რათა ცოტაოდენი ვიფართხალო და გარკვეული როლი ვითამაშო. არარსებობიდან - არსებობაში და პირიქით ეს ნახტომი, ძალიან საეჭვო საჩუქრად გამოიყურება. არარსებობა – ნორმაა. არსებობა – ანომალია, თანაც ამოუხსნელი ათეიზმის თვალსაზრისით (ამ დრომდე არ არსებობს ცოცხალი მეტერიის თავისთავად ჩასახვის საფუძვლიანი მეცნიერული ახსნა). ეს თამაშის მართლაც ყველა წესია? იქნებ, კიდევ ერთი ფურცელი არსებობს ან წვრილი შრიფტითაა სადმე რამე მიწერილი? როგორც ჩანს, არა. მაშინ ეს თამაშის წესები კი არა, მათი არარსებობაა. ეს ნებისმიერი ცხოვრებისეული ორიენტირის არარსებობაა.

და მაშინ რა მნიშვნელობა აქვს, რომ დაავადებები, კორუფცია, ცუდი ეკონომიკა, ადამიანის უფლებების დარღვევა, კლიმატური ცვლილებები, შიმშილი, პანდემიები ან ომები არსებობს? რა საჭიროა ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრება, თამბაქოს მოწევისთვის თავის დანებება, ალკოჰოლის არ დალევა და სპორტით დაკავება, თუ მაინც მოკვდები თუ ხვალ არა, ზეგ მაინც, სამაგიეროდ დღეს მაინც შეგიძლია უამრავი სიამოვნების მიღება? ბავშვები როგორ უნდა აღვზარდოთ? როგორ და რისთვის უნდა ვასწავლოთ მათ ნებისმიერი ფასეულობები, დავიცვათ ისინი ცუდი საზოგადოებისგან, ავუხსნათ, რატომ უნდა იყვნენ პატიოსნები, შრომისმოყვარეები, უფროსებს პატივი სცენ და ა.შ.? დაე ბავშვებმა ის აკეთონ, რაც სურთ, რადგან ისინიც ხომ დაიხოცებიან. საერთოდ რა საჭიროა შვილების ყოლა? რა აზრი აქვს შობადობის ამ უსასრულო ციკლს და ახალი და ახალი ადამიანების სიკვდილს?

ვინმე იტყვის: ადამიანთა სახეობა რომ გაგრძელდეს, სამყაროში რომ გონიერმა სიცოცხლემ იარსებოს და ყვაოდეს. ეს ალბათ მნიშვნელოვანი მიზნებია, მაგრამ პირადად მე მათგან არც მცხელა და არც მცივა. თუ ადამიანთა სახეობას ან გონიერ სიცოცხლეს არსებობა სურს, წინააღმდეგი არ ვარ და მოხარულიც კი ვარ მათ გამო. დაე ამისათვის რამე აკეთონ. მაგრამ ეს პირადად მე არავითარ მოტივაციას არ მაძლევს, რომ რაიმე საქმით დავკავდე ჩემს პირად უაზრო ცხოვრებაში.

სიკვდილი – ესაა cancel culture-ის, კულტურის უარყოფის აპოთეოზი. სიკვდილი ჩვენთვის ცნობილ ყველა ფასეულობებს უარყოფს და ანულებს. კოორდინატების მთელი შკალა, სადაც მორალი, ზნეობრიობა, სათნოება, იდეალები და მიზნები არსებობს – ყველაფერი ის, რაც ადამიანს ადამიანად აქცევს და არა ჭიაყელად, – უქმდება, ნულდება და შინაარსს კარგავს. ადამიანს წყლიდან მშრალ ნაპირზე აგდებს, როგორც თევზს, ის იქ იბრძვის, პირით ჰაერის ჩაყლაპვას ცდილობს, ჰაერი კი არ არის. ასეთ მდგომარეობაში მას, როგორც ზომბის, ჯერ კიდევ შეუძლია სიარული და ლაპარაკი – მაგრამ არა ცხოვრება.

ათეიზმი ტყუილად მოელის მორწმუნეებისგან «ღვთის არსებობის» რაიმე სპეციალურ მტკიცებულებებს. საქმე საერთოდ ამაში არ მდგომარეობს, და ასეთი მტკიცებულებები პრინციპში საჭირო არ არის. პრაქტიკაში ადამიანისთვის საკმარისია მხოლოდ საკუთარ სიცოცხლეზე და სიკვდილზე დაფიქრება, რათა სწორ დასკვნებამდე მივიდეს. სიკვდილი ადამიანს ჯერ კიდევ მანამდე ანულებს, სანამ ის მოკვდება. ჩემი აზრით, თანმიმდევრულ ათეისტ-მატერიალისტს უბრალოდ ჯერ ბოლომდე არ აქვს ნაფიქრი სიკვდილის პრობლემაზე. ისინი ცდილობენ ის თავიდან მოიშორონ და ასე ვთქვათ, მის გარშემო იცხოვრონ, მის მხარეს არ გაიხედონ, თუმცა არც მისი უარყოფა შეუძლიათ. ეს გონებაში არსებულ შავ ხვრელს წააგავს – რომ არ ჩაგითრიოს, მისგან შორს უნდა გეჭიროს თავი. 20 და თუნდაც 30 წლის ადამიანს სიკვდილი ვერც კი წარმოუდგენია როგორც რაღაც რეალური და ისეთი რამ, რაც პირადად მასაც ეხება. აბა მოზარდს ჰკითხეთ, სიკვდილზე რას ფიქრობს, პასუხად ის მხოლოდ გაიცინებს. მოხუცები კვდებიან, მე ხომ მოხუცი არ ვარ. ასე რომ, სიკვდილზე ფიქრის გარეშე, მას როგორღაც არსებობა და გარკვეული რწმენის ქონაც კი გამოსდის.

ათეიზმი ამტკიცებს, რომ ადამიანმა რეალობა ისეთი უნდა მიიღოს, როგორიც არის, მათ შორის საკუთარი სიკვდილიც. მაგრამ, რეალობის პრაგმატულ ახსნაზე ჩაციკვლით, ათეიზმი კიდევ ერთ შეცდომას უშვებს – ადამიანს სულიერი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზე ეუბნება უარს. ადამიანის უბრალოდ გონიერ ცხოველად, ორგანული მოლეკულების კარგად ორგანიზებულ გროვად მიჩნევა არ შეიძლება, რომელსაც მხოლოდ კვება და გამრავლება ადარდებს. ცხოველებისგან განსხვავებით, ადამიანს თვითშეგნება, მარადიულობაზე მსჯელობის ნიჭი და რაღაც დიდთან სულიერი კავშირის შეგრძნება აქვს. აკადემიკოსმა ანდრეი სახაროვმა ეს აზრი ასე გადმოსცა: «მე არ შემიძლია სამყაროს და ადამიანის ცხოვოვრების რაიმე გააზრებული საწყისის გარეშე წარმოდგენა, სულიერი სითბოს წყაროს გარეშე, რომელიც მატერიისა და მისი კანონების მიღმაა. სავარაუდოდ, ასეთ გრძნობას შეიძლება რელიგიური ეწოდოს».

ეს რელიგიური გრძნობა, რომელიც რთულად იხსნება თვითწარმოშობითა და ევოლუციით, ყველა ერს, ეპოქასა და კულტურას გასდევს. ზუსტად ამიტომ არსებობს ამდენი რელიგია, სხვადასხვა სახის სულიერი პრაქტიკა, ფილოსოფია და თეორია – ჩვენ გვინდა ვგრძნობდეთ სულიერ კავშირს რამესთან ან ვინმესთან, ვინც ჩვენზე დიდია, ვინც დროის მიღმაა და ვინც მნიშვნელოვან აზრს სძენს ჩვენს არსებობას. ჩვენ ამის სურვილი გვაქვს. ცხოვრებაში არსებობს სულიერი განზომილება, რომელშიც ყველა ის ძირითადი ფასეულობებია თავმოყრილი, რომელიც იმავე დიდისაგან მომდინარეობს, ვისგანაც ჩვენ. მხოლოდ ეს ხსნის იმას, თუ რატომ გვიჭირს სიკვდილის აზრის მიღება – ჩვენი თუ ჩვენი ახლობლების, – და ადამიანების უმრავლესობას, თუნდაც ურწმუნოებს, სულის სიღრმეში უნდათ იმის სწამდეთ, რომ სიკვდილის შემდეგ რაღაც არსებობს. თანმიმდევრული ათეისტი-მატერიალისტების რიცხვი ისე მცირეა, რომ ისინი წითელ წიგნში უნდა შევიტანოთ და გავუფრთხილდეთ.

თითოეული ჩვენგანი, სინამდვილეში, არჩევანს რელიგიასა და ათეიზმს შორის კი არა, ნორმალურ ცხოვრებასა და იმ ცხოვრებას შორის აკეთებს, რომელსაც სიკვდილი ანულებს. ადამიანის ცხოვრებასა და ჭიაყელას ცხოვრებას შორის.

--------------------------------------------------

ნათარგმნია: chivchalov.blogspot.com

Комментариев нет:

Отправить комментарий