понедельник, 19 декабря 2022 г.

რამდენი სახელი აქვს ღმერთს?

 



რამდენი სახელი აქვს ღმერთს? ეს ძალიან საინტერესო შეკითხვაა. მისი პასუხები ხშირად საკმაოდ საოცარ ფორმებს იძენენ, რომლებიც ფილოსოფიის და ლამის აშკარა სოფისტიკის სფეროში გადადის. მაგალითად, მართლმადიდებლურ «ბიბლიოლოგიურ ლექსიკონში» ის მოსაზრება, თითქოს ღმერთს ბევრი სახელი აქვს, ასეთი განმარტებით დასტურდება:

 

«ღვთის სახელები, მათ შორის წმინდა ტეტრაგრამა, არსებითად მხოლოდ სიმბოლური პროექციაა ტრანსცენდენტულისა იმანენტურში, მხოლოდ ღვთების შეხება, წყვდიადის წამიერად გამანათებელი, მზის სხივები, რომელიც თვალს გვჭრის და შეხედვის საშუალებას არ გვაძლევს. ესაა სქემატური ანაბეჭდი ღვთაებრივისა ადამიანურში».

 

იმდენადვე ლამაზად წერია, რამდენადაც დამაბნევლად და გაუგებრად. და მაინც, პოზიცია — «ღმერთს ბევრი სახელი აქვს» — მორწმუნეებს შორის ძალიან გავრცელებულია. რა გაეწყობა, ეს თუ ასეა, მაშინ ალბათ თავად ღმერთსაც უნდა გამოეთქვა მსგავსი აზრი ბიბლიაში. განა იმ ადამიანებს, ვინც მის სიტყვას კითხულობენ, არ უნდა ჰქონდეთ ამ საკითხთან დაკავშირებით მკაფიო გაგება?

ზუსტად ამიტომ ერთ უბრალო კითხვას დავსვამთ: არის თუ არა წმინდა წერილში ერთი ადგილი მაინც, სადაც ღვთის სახელებზეა საუბარი? ანუ არა სახელზე (მხოლობით რიცხვში), არამედ უშუალოდ სახელებზე (მრავლობით რიცხვში)?


მე ბევრჯერ ვხვდები ბიბლიაში მითითებას ღვთის სახელის შესახებ. კერძოდ:

 

«… სიმართლის კვალზე დამაყენებს თავისი სახელის გულისათვის» (ფსალმუნები 22:3).

 

«…რომ იცოდეს ქვეყნიერების ყველა ხალხმა შენი სახელი და ეშინოდეს შენი, როგორც შენს ერს, ისრაელს; იცოდეს ყველამ, რომ შენი სახელით იწოდება ეს სახლი» (3 მეფეები 8:43).

 

«…იმ შენ მორჩილთა ლოცვების მიმართ, შენი სახელისადმი მოწიწება რომ უყვართ» (ნეემია 1:11).


იესო მსგავსი სახითვე ასწავლიდა ლოცვას: «მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმინდა იყოს სახელი შენი» (მათე 6:9)

ასევე: «გამოვუცხადე შენი სახელი ადამიანებს, რომლებიც მომეცა ქვეყნისაგან» (იოანე 17:6)


ფაქტიურად ათასობით მაგალითის მოყვანა შეიძლება. და ყველა მათგანში მხოლოდ და მხოლოდ ერთ სახელზეა ლაპარაკი.

ასე რომ შეკითხვა: არის თუ არა ბიბლიაში ისეთი მუხლები, რომლებშიც ასეთივე სახით იქნებოდა საუბარი ღვთის რამოდენიმე ან თუნდაც მრავალ სახელზე? შეხვედრია თუ არა ბიბლიის მკითხველი იმის მაგალითებს, რომ ღმერთს დავუშვათ სადმე ეთქვას, «ეს ჩემი სახელებია»«ჩემი სახელების გულისთვის» ან «რათა იცოდნენ ჩემი სახელები», და ამის მსგავსი? ეს პარადოქსული ჩანს, მაგრამ არცერთ მათგანს, ვინც «ღვთის მრავალი სახელების» თეორიას აჟღერებს, წმინდა წერილიდან არცერთი მსგავსი მაგალითის მოყვანა არ შეუძლია. როგორც ირკვევა, ეს თეორია მხოლოდ თეორიად რჩება, რომელიც მხოლოდ მისი მომხრეების ფანტაზიებში არსებობს და არანაირი მტკიცებულება არ გააჩნია ბიბლიაში.


ზემოთ გაჟღერებულ შეკითხვაზე მკაფიო პასუხის გაუცემლად, «ღვთის მრავალი სახელის» თეორიის მომხრეები სხვა არგუმენტს იყენებენ. ისინი ასეთ რამეს ამბობენ: «ბიბლიაში ღმერთს «უფალი», «ყოვლისშემძლე», «მამა», «მეუფე», «შემოქმედი» და ასე შემდეგ ეწოდება. ეს ყველაფერი — მისი სახელებია». რა გაეწყობა, ჩვენ აქაც გვიწევს ბიბლიური თხრობისადმი უყურადღებო დამოკიდებულების ფაქტის კონსტატაცია.

ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილი წარმოადგენს არა ღვთის პირადი სახელების მაგალითებს, არამედ ტიტულებს, რომლებიც მის თვისობრივ მახასიათებლებს, მდგომარეობას და ძლევამოსილებას უსვამს ხაზს. ზუსტად ისევე, როგორც ნებისმიერი ადამიანი ფლობს აღწერილობით მახასიათებლებს – მაგალითად, «მამაკაცი», «ქმარი», «მშობელი», «სპეციალისტი», «მძღოლი» და ა.შ. ყველა ეს თვისება თანაბრად შეიძლება ერთი და იგივე ადამიანს ეკუთვნოდეს. მიუხედავად ამისა, არცერთი მათგანი არ იქნება მისი პირადი სახელი. შეკითხვაზე: «რა გქვია?» არავინ გიპასუხებს: «მე მამაკაცი მქვია» ან «მე ფანჯრების მონტაჟის სპეციალისტი მქვია». მსგავსი პასუხი აბსურდულად გაიჟღერებდა. ჩვენ ერთმანეთში არ ვურევთ აღწერილობით მახასიათებლებს და პირად სახელს! მახასიათებლები და ტიტულები არასოდეს წარმოადგენს ადამიანის სახელის ჩამანაცვლებელს.

ანალოგიური სახით ბიბლიაც მრავალ ტიტულს იყენებს, რომლებიც ღვთის თვისებებს და პოტენციალს ააშკარავებს. ზემოთ ჩამოთვლილი სახელწოდებები — «ყოვლისშემძლე», «მეუფე» ან «შემოქმედი» — ღვთის მსგავსი ტიტულების მრავალი მაგალითებიდან რამოდენიმეს წარმოადგენს. თუმცა, კონკრეტულ კითხვაზე: «რა ჰქვია ღმერთს?» წმინდა წერილი მის პირად სახელზე მითითებით გვპასუხობს, რომელიც ღვთის სიტყვაში ნებისმიერ ტიტულზე გაცილებით ბევრჯერაა ნახსენები — დაახლოებით 7000-ჯერ. ეს სახელია — «იეჰოვა». ამავდროულად ღმერთი აბსოლუტურად კონკრეტულად საუბრობს მასზე, როგორც თავის პირად სახელზე, რომელიც ყველა ადამიანმა უნდა იცოდეს.


«იეჰოვამ, თქვენი მამა-პაპის, აბრაამის, ისაკისა და იაკობის, ღმერთმა გამომგზავნა-თქო თქვენთან. ეს არის ჩემი სახელი მარადიულად და ამ სახელით უნდა ვიხსენიებოდე თაობიდან თაობაში» (გამოსვლა 3:15, ახალი ქვეყნიერების თარგმანი).

«რათა იცოდეს ხალხმა, რომ შენი სახელია იეჰოვა და მხოლოდ შენ ხარ უზენაესი მთელ დედამიწაზე» (ფსალმუნები 83:18, ახალი ქვეყნიერების თარგმანი).

«მაშინ მივცემ ხალხებს სუფთა ენას, რათა მოუხმონ იეჰოვას სახელს, რათა ერთსულოვნად ემსახურონ მას» (სოფონია 3:9, ახალი ქვეყნიერების თარგმანი).

«მე ვარ იეჰოვა; ეს არის ჩემი სახელი» (ესაია 42:8, ახალი ქვეყნიერების თარგმანი).

«მადლობდეთ იეჰოვას, მოუხმეთ მის სახელს, აუწყეთ ხალხებს მისი საქმეების შესახებ! გააცხადეთ, რომ განდიდებულია მისი სახელი. უგალობეთ იეჰოვას» (ესაია 12:4,5, ახალი ქვეყნიერების თარგმანი).

«კვლავაც იდიდოს იეჰოვას სახელმა» (იობი 1:21, ახალი ქვეყნიერების თარგმანი).

«ლაშქართა ღმერთი იეჰოვა, იეჰოვაა მისი მოსახსენიებელი სახელი» (ოსია 12:5, ახალი ქვეყნიერების თარგმანი).


 

ღვთის პირად სახელსა (იეჰოვა) და მის ტიტულებს შორის განსხვავებებს მრავალი ბიბლიის მკვლევარი უსვამს ხაზს.

 

ჯერ კიდევ XVIII საუკუნეში ინგლისელი თეოლოგი ჰოპტონ ჰეიზი წერდა: 

«იეჰოვა — ღვთის პირადი სახელია იუდეველებთან; იმ ერთადერთის, ვისაც ისინი თაყვანს სცემდნენ; როგორც ამას ასევე ქრისტე და მისი მოციქულებიც აკეთებდნენ».

 

პრინსტონის საღვთისმეტყველო სემინარიის პროფესორმა, ბენჟამინ უორფილდმა, გამოცემაში «პრესვიტერიანული და რეფორმატორული მიმოხილვა», როდესაც ბიბლიის თარგმანებში ღვთის პირადი სახელის შენარჩუნებას შეეხო, აღნიშნა: 

«ჩვენ არ გვესმის, რატომ განსხვავდება ამ თემასთან დაკავშირებული მოსაზრებები ასე ძალიან. ეს უფლის პირადი სახელია, რომელიც თვითონ აირჩია და თავის ერს გადასცა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ სახელის აღწერილობითი ტიტულით ჩანაცვლებამ უზარმაზარი დანაკარგი გამოიწვია» (Benjamin B. Warfield, The Presbyterian and Reformed Review).

 

თომას ო. ლამბდინი, სემიტური ენების სპეციალისტი, ტეტრაგრამატონზე საუბრისას, ასეთ დასკვნას აკეთებს: 

« יהוה YHWH — ღვთის პირადი სახელია» («ძველებრაული ენის სახელმძღვანელო» / Thomas O. Lambdin, Introduction to Biblical Hebrew).  

 

ღვთის სახელისადმი მიძღვნილ თავის ნაშრომში, ანალოგიურ დასკვნას აკეთებს ასევე არქიეპისკოპოსი თეოფანე პოლტავსკი (ბისტროვი):

«ტეტრაგრამა ღვთის პირადი სახელია» ("ტეტრაგრამა, ანუ ძველიაღთქმისეული ღვთის სახელი "יהוה").

«ძველ აღთქმაში ღმერთს პირადი სახელიც აქვს – იაჰვე, რომელიც წერილობით თანხმოვანი ასოებით ი-ჰ-ვ-ჰ აღინიშნებოდა» (ბროკგაუზის ბიბლიური ენციკლოპედია).

 

«ისრაელის ღმერთი მისი პირადი სახელით უფრო ხშირად მოიხსენიება, ვიდრე ყველა სხვა ტიტულებით ერთად აღებული» (მაკკენზის ბიბლიური ლექსიკონი / McKenzie Dictionary of the Biblep.316).

 

«[იეჰოვა] ყოველთვის საკუთარი სახელია, რომელიც მიუთითებს ღმერთ-პიროვნებაზე და მხოლოდ მასზე, მაშინ როდესაც „ელოჰიმ“ — ეს უფრო საერთო არსებითი სახელია, რომელიც, როგორც წესი, უზენაესზე მიუთითებს, მაგრამ არა მხოლოდ მასზე. [...] ებრაელს შეუძლია სიტყვა „ელოჰიმი“ განსაზღვრული არტიკლით გამოიყენოს, რაც ჭეშმარიტ ღმერთზე მიუთითებს ყველა ცრუ ღმერთების საპირისპიროდ; თუმცა ის არასოდეს არ გამოიყენებს განსაზღვრული არტიკლით სახელ იეჰოვას, რადგან იეჰოვა — მხოლოდ ჭეშმარიტი ღმერთის სახელია. ის ხშირად ამბობს „ჩემი ღმერთი“... თუმცა ის არასოდეს იტყვის „ჩემი იეჰოვა“, რადგან, როდესაც ამბობს „ჩემი ღმერთი“, ის იეჰოვას გულისხმობს. ის „ისრაელის ღმერთზე“ ლაპარაკობს, თუმცა „ისრაელის იეჰოვაზე“ არასოდეს, რადგან სხვა იეჰოვა არ არსებობს. ის „ცოცხალ ღმერთზე“ ლაპარაკობს, თუმცა „ცოცხალ იეჰოვაზე“ არასოდეს, რადგან მას იეჰოვას სხვა მდგომარეობაში წარმოდგენა არ შეუძლია» (P. Fairbairn, The Imperial Bible-Dictionary).

 

«იუდაური ცრურწმენა, რომელიც ღვთის სახელს [Jehovah] იმდენად წმინდად მიიჩნევს, რომ მისი წარმოთქმა არ შეიძლება, მეტად აღარ უნდა იყოს გადამწყვეტი ძველი აღთქმის ინგლისურ თუ სხვა ენებზე გაკეთებულ თარგმანებში... ეს პირადი სახელი, რომელიც მრავალ წმინდა საქმეებთანაა დაკავშირებული, დღეს უკვე კვლავ აღდგენილია წმინდა ტექსტში იმ ადგილებზე, სადაც მას არსებობის უდავო უფლება გააჩნია» (American Standard Version, 1901. ბიბლიის თარგმანის წინასიტყვაობა).

 

საგულისხმოა, რომ მიშნაში, გამოსყიდვის დღის იუდაური დღესასწაულის აღწერისას, ღვთის პირადი სახელის შესახებ ასეა ნათქვამი: 

«მღვდლები და ხალხი კი, რომლებიც აზარში [ეზოში] იდგნენ, საკუთარი სახელის გაგონებისას, რომელსაც მღვდელმთავარი წარმოთქვამდა, ქედს იხრიდნენ, ძირს იხრებოდნენ, მიწაზე ეცემოდნენ და ამბობდნენ: „კურთხეულია დიდებული, მეფური სახელი უკუნითი უკუნისამდე“» (იომა 6:2).

ამგვარად, «იეჰოვა» — ეს არის არა ღვთის მრავალ ტიტულთაგან ერთერთი, არამედ მისი პირადი სახელი. ზუსტად ამ სახელით გამოყოფს ღმერთი თავის თავს იმ სხვა მრავალი «ღმერთებისა და უფლების» ფონზე, რომლებიც ამჟამინდელი სისტემის რელიგიურ სივრცეში არსებობენ (1 კორინთელები 8:4-6).



კერძოდ, რა განსხვავებაა ტიტულებსა და პირად სახელს შორის? ტიტულები, რომლებიც ღმერთს ახასიათებენ, ამავდროულად ბიბლიაში შეიძლება სხვა პირების მიმართაც იყოს გამოყენებული. მაგალითად, სიტყვა «ღმერთი» წმინდა წერილში მხოლოდ ჭეშმარიტ ღმერთს როდი შეეხება, არამედ ასევე ანგელოზებს, ადამიანებს, მუცელს და სატანასაც კი (2 კორინთელები 4:4; ფილიპელები 3:19). აქედან გასაგები ხდება, რომ სიტყვა «ღმერთი» თავისთავად შეუძლებელია პირადი სახელი იყოს

ან «უფალი» — რომელიც პირდაპირი მნიშვნელობით «ბატონს», «პატრონს» ნიშნავს, ეს სიტყვა წმინდა წერილში მხოლოდ ჭეშმარიტი უფლის მიმართ კი არა, არამედ სხვა პირების მიმართაც გამოიყენება. მაგალითისთვის, სიტყვა «ბაალი», რომელსაც ბიბლია წარმართთა ღვთაებების მიმართ იყენებს, პირდაპირი მნიშვნელობით «უფალს» ანუ «ბატონს» ნიშნავს, რაც მცირედით თუ განსხვავდება თანამედროვე მორწმუნეების ჩვევისაგან მხოლოდ «უფალის» წარმოთქმით რომ იფარგლებიან და ღვთის პირად სახელს იგნორირებას უკეთებენ. აშკარაა, რომ ღვთის პირადი სახელი და მისი აღწერილობითი მახასიათებლები ერთი და იგივე არ არის.

 


როდესაც ეს გარემოება გვესმის, ეს ეჭვქვეშ აყენებს ზოგიერთი თეორეტიკოსის მცდელობებს, რომ ღვთის ტიტულები მის პირად სახელებად გაასაღონ. სხვადასხვა წყაროებში ხანდახან გრძელი სიების ნახვა შეიძლება საერთო სახელწოდებით «ღმერთის სახელები», თუმცა მათში წარმოდგენილი სიტყვები სხვა არაფერია, თუ არა ტიტულები. თანაც, მსგავსი მაგალითები გაბედულად შეიძლება ორ კატეგორიად გაიყოს. პირველ კატეგორიაში შედიან ისეთი ტიტულები, როგორებიცაა «ღმერთი», «შემოქმედი», «მეუფე», «უფალი» და სხვა. 

მეორე კატეგორია კი ხელოვნურ ფორმას წარმოადგენს, რომელიც ბიბლიის მთარგმნელების მიერ ღვთის პირადი სახელის ტიტული «უფალით» ჩანაცვლებამ გამოიწვია. ამ კატეგორიას განეკუთვნებიან ისეთი ფორმები, როგორიცაა «უფალი ღმერთი» ან «ცაბაოთ უფალი». ასეთი ფორმების ხელოვნურობა უკვე იქიდან ჩანს, რომ ძველ ბიბლიურ ხელნაწერებში ეს ადგილები სულ სხვაგვარადაა წარმოდგენილი: არა როგორც «უფალი ღმერთი», არამედ როგორც «იეჰოვა ღმერთი»; და არა როგორც «ცაბაოთ უფალი», არამედ როგორც «ცაბაოთ იეჰოვა».


მაგალითად, ზოგჯერ შეიძლება იმას შევხვდეთ, თუ ღვთის 
«მრავალი სახელის» თეორიის ესა თუ ის მომხრე როგორ ამტკიცებს, დაახლოებით ასეთ რამეს: «ღვთის პირად სახელს სიტყვა "უფალი" წარმოადგენს, იმიტომ რომ ბიბლიაში ჩვენ ვკითხულობთ: "მე ვარ უფალი, ეს არის ჩემი სახელი"». თუმცა, ეს და ამის მსგავსი რიგი განაცხადები სინამდვილეში ფაქტების დამახინჯების ნათელ მაგალითებს წარმოადგენენ. ამის დამტკიცება კი არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, საკმარისია უბრალოდ ივრითზე შესრულებული პირველწყაროების ტექსტებს მივმართოთ. ზემოთ ციტირებული ესაიას 42:8 მუხლის უძველეს ტექსტში სიტყვა «უფალი» არ გვხვდება, მის ნაცვლად ტეტრაგრამატონი – ღვთის პირადი სახელი (ებრ. "იეხოვა") წერია. ზუსტად ამიტომ ესაიას 42:8 რეალურად ასე ჟღერს "მე ვარ იეჰოვა, ეს არის ჩემი სახელი", მაშინ როდესაც გაჟღერებული ვარიანტი, რომელშიც «უფალია» გამოყენებული, ბიბლიის საპატრიარქოს გამოცემიდანაა აღებული, რომელშიც ღვთის პირადი სახელი ტიტული «უფალით» იქნა ჩანაცვლებული. და ასეთი ხელოვნური ფორმების მაგალითები, რომლებიც ღვთის პირად სახელს ტიტულებით ანაცვლებენ, საკმაოდ ბევრია.




ზუსტად ასეთივე ხელოვნურ მეტამორფოზას ვხედავთ ბიბლიის რიგ თარგმანებში ფრაზა 
«ცაბაოთ უფალის» გამოყენების შემთხვევებშიც, რომლებიც ანალოგიური სახით ცდილობენ მის ღვთის «ერთ-ერთ სახელად» გასაღებას. ამასთანავე, როგორც შეგვიძლია მივხვდეთ, ძველ ტექსტში ეს ფრაზა სხვაგვარადაა წარმოდგენილი, კერძოდ კი როგორც «ლაშქართა იეჰოვა», რაც შესაბამისად ზეციური ანგელოზების ლაშქრების იეჰოვასადმი კუთვნილებას უსვამს ხაზს.

 

«ფრაზა "ცაბაოთ უფალი (იაჰვე)" წარმოადგენს ღვთის გადაუთარგმნელ ებრაულ ტიტულს. სიტყვა "ცაბაოთი" [ებრ. ცევაოთ] – წარმოადგენს სიტყვა ცავა-ს – "ჯარი", "ლაშქარი" - მრავლობით ფორმას. ამ ტიტულს დაბადების წიგნიდან რუთის წიგნამდე ვერ ვხვდებით, მას ვხვდებით მეფეების წიგნში, ნეშტთა წიგნებში, ფსალმუნებსა და წინასწარმეტყველთა წიგნებში. ლაშქარში შეიძლება იგულისხმებოდეს როგორც ისრაელიანთა ლაშქარი (1მეფ. 17:45), ასევე ვარსკვლავთა გროვები ან ანგელოზების არმია. თუმცა, დიდი ალბათობით, სწორი უფრო ანგელოზების არმიაა» (ბროკგაუზის ბიბლიური ენციკლოპედია).

 

ამგვარად, ამ სტატიაში განვიხილეთ საკითხი: «რამდენი სახელი აქვს ღმერთს?» თუ ერთმანეთისგან განსხვავებული სუბიექტური განცხადებებისგან დისტანცირებას მოვახდენთ და უშუალოდ ბიბლიაზე მოვახდენთ კონცენტრირებას, მაშინ ერთმნიშვნელოვან დასკვნამდე მივდივართ: ღმერთს ბევრი ტიტული და აღწერილობითი მახასიათებლები აქვს, თუმცა ღვთის პირად სახელს მხოლოდ ერთი წარმოადგენს – «იეჰოვა». ეს სახელი წმინდა წერილში დაახლოებით 7 ათასჯერაა წარმოდგენილი, იმაზე გაცილებით ხშირად, ვიდრე ნებისმიერი ტიტული.

ღმერთი მრავალგზის უსვამს ხაზს, რომ ადამიანები მას ამ სახელით უნდა იცნობდნენ. სამწუხაროდ, ბიბლიის სხვადასხვა თარგმანებში ღვთის ეს მითითება დარღვეული იქნა, რის შედეგსაც ტექსტის აშკარა კორექტირება და ღვთის საკუთარი სახელის ტიტულებით («უფალი» ან «ღმერთი») ჩანაცვლება წარმოადგენს. გარდა ამისა, ღვთის «ბევრი სახელის» თეორიის მომხრეები იმაში დარწმუნებას ცდილობენ, რომ ვითომდა ტიტულებიც ასევე ღვთის პირად სახელებს წარმოადგენენ. თუმცა, შეუძლებელია პირად სახელს წარმოადგენდეს ის, რასაც ბიბლია არა მხოლოდ ჭეშმარიტ ღმერთთან მიმართებით იყენებს როგორც ტიტულებს, არამედ სხვა პიროვნებების მიმართაც – ადამიანების, ანგელოზებისა და ღვთაებების, ეგრეთ წოდებული «ღმერთებისა» და «უფლების» მიმართ (1 კორინთელები 8:5). გარდა ამისა, ხშირად «ღვთის სახელად» ცდილობენ გაასაღონ მთარგმნელების მიერ ხელოვნურად შექმნილი ფორმები, რომლებიც ივრითზე შესრულებულ პირველწყაროებში არ გვხვდება, მაგალითად «უფალი ღმერთი» ან «ცაბაოთ უფალი».

და რაც არანაკლებმნიშვნელოვანია, «ღვთის ბევრი სახელის თეორიას» ერთ უბრალო შეკითხვაზე არ შეუძლია პასუხის გაცემა: არის თუ არა ბიბლიაში ისეთი მუხლები, რომლებშიც ღვთის რამოდენიმე ან თუნდაც მრავალ სახელზე იქნება საუბარი? შეხვედრია თუ არა მკითხველი ბიბლიაში ამის მსგავს ფრაზებს «ეს ჩემი სახელებია», «ჩემი სახელების გულისთვის» ან «რათა იცოდნენ ჩემი სახელები» (ანუ სახელებზე მრავლობით რიცხვში საუბარს)? წმინდა წერილში მსგავს მაგალითებს ვერ ვპოულობთ. პირიქით, ბიბლია ღვთის სახელთან დაკავშირებით ყოველთვის და მხოლოდ მხოლობით რიცხვში საუბრობს. და ეს სახელია – «იეჰოვა».

------------------------------------

ნათარგმნია: biblesvet.blogspot.com

Комментариев нет:

Отправить комментарий