среда, 21 декабря 2022 г.

ვინ იდგა "ბეთლემის ვარსკვლავის" უკან?

 




ე.წ. «შობის ნათელი დღესასწაულის» მოახლოებისას, როდესაც ათასობით ეკლესიებში ეწყობა იმ მოგვების მინიატურები, რომლებიც იდუმალმა «ბეთლემის ვარსკვლავმა» პატარა იესოსთან მიიყვანა, როგორღაც თავისთავად ჩნდება რამოდენიმე სერიოზული შეკითხვა. «რა ვარსკვლავი იყო ეს? ვინ იყო მისი სულის ჩამდგმელი? რა მიზანს ემსახურებოდა და საბოლოო ჯამში რა შედეგი გამოიწვია?»


მრავალი ქრისტიანი ჩვეულებისამებრ იტყვის, რომ ეს ვარსკვლავი ღმერთის განსაკუთრებული ნიშანი იყო და სხვაგვარად არ შეიძლება ჩაითვალოს, რადგან ის იესოზე, მომავალ მესიაზე მიუთითებდა. მაგრამ, ნამდვილად მიუთითებს ვარსკვლავის ისტორია ღვთის ხელმძღვანელობაზე? მოდი გავარკვიოთ...

უპირველეს ყოვლისა, მათ მივაქციოთ ყურადღება, ვისაც ეს ვარსკვლავი გამოეცხადა. ესენი იყვნენ უშუალოდ წარმართი მაგები, ჯადოქრები. მათეს სახარებაში ამ მაგების სიტყვებს ვხვდებით, რომელთა თანახმადაც სწორედ მათ დაინახეს ეს იდუმალი ვარსკვლავი. მეფე ჰეროდემაც კი, რომელსაც ჯადოქრებმა თავიანთი „აღმოჩენის“ შესახებ უამბეს, არაფერი იცოდა ამ ვარსკვლავის და იმის შესახებ, ის თუ საითმე მოძრაობდა (მათე 2:1-3).


განა ეს პერსონაჟები მაგები და ჯადოქრები იყვნენ? ზუსტად ასეა. საგულისხმოა, რომ ამ უკიდურესად არამიმზიდველი ფაქტის ნიველირებას ხშირად ისეთი სრულიად განსხვავებული აღწერილობითი ეპითეტების გამოყენებით ცდილობენ, როგორიცაა, მაგალითად, „ბრძენკაცები“ ან „ვარსკვლავთმრიცხველები“. თუმცა, თავად სახარების ტექსტი ამ პიროვნებების მიმართ ცალსახად უარყოფით დახასიათებას იყენებს. მათეს სახარების ტექსტი ამ პირებს ბერძნული სიტყვა «მაგოი»-თ (μάγοι, სტრონგის ნომერი: 3097) მოიხსენიებს, რაც პირდაპირი გაგებით «მაგებს», «გრძნეულს», «ქადოქარს» ნიშნავს. თვალსაჩინოებისთვის: ბიბლიაში იგივე სიტყვით მოიხსენიება ელიმა — «გრძნეული, ცრუწინასწარმეტყველი», რომლის შესახებაც მოციქულმა პავლემ თქვა: «ეშმაკის ნაშიერო, ყოველგვარი მზაკვრობითა და ბოროტებით სავსევ, ყოველივე მართლის მტერო (საქმეები 13:3-10). ასევე სრულიად შესაძლებელია, რომ მაგები, რომლებიც «აღმოსავლეთიდან» მოვიდნენ, თავდაპირველად შეიძლება ბაბილონში იმყოფებოდნენ, უძველეს ასტროლოგიურ ცენტრში, რომელიც იუდეიდან აღმოსავლეთით მდებარეობდა. 


პირველი შეკითხვა: განა ღმერთი დედამიწაზე თავისი ძის დაბადების საუწყებლად წარმართ მაგებს გამოიყენებდა, რომლებიც აშკარა სპირიტიზმით უყვნენ დაკავებული? ასეთი რამის დაჯერება, იმას ნიშნავს, რომ წინააღმდეგობაში შევიდეთ იმ ცნობილ გაფრთხილებასთან, რომელიც ღმერთმა თავის ერს, ისრაელს, მეორე რჯულის 18:10-12-ში მისცა —


«ნუ იქნება შენს შორის თავისი ვაჟისა და ასულის ცეცხლში გამტარებელი, ჯადოქარი, მომნუსხველი, მარჩიელი, მსახვრალი, გრძნებით შემკვრელი, მესულთანე, მჩხიბავი და მკვდართა გამომკითხველი, რადგან საძაგელია უფლისათვის ყოველივე ამის გამკეთებელი და ამ სისაძაგლის გამო დევნის მათ შენგან უფალი, შენი ღმერთი. სრული იყავი უფალთან, შენს ღმერთთან, რადგან ეს ხალხები, რომელთაც შენ განდევნი, გრძნეულებს და ჯადოქრებს უსმენენ, შენთვის კი ამის ნება არ მოუცია უფალს».


«შენთვის კი ამის ნება არ მოუცია უფალს» - ზუსტად ასე, ნათლად და მკაფიოდ არიგებს ღმერთი თავის მსახურებს, რითაც აჩვენებს, რომ არანაირი მსგავსი «მოგვები» და «მაგები» არ იქნებიან არასოდეს ღვთისადმი მსახურების ინსტრუმენტები.  


«ცათა მზომელნი, ვარკვლავთმჭვრეტელნი, ახალ მთვარეთა მცნობელნი... აჰა, ჩალასავით არიან, ცეცხლმა გადაბუგა ისინი, საკუთარი თავიც ვერ იხსნეს ალისაგან» (ესაია 47:13,14).


«თქვენ კი, ნუ დაუჯერებთ ნურც თქვენს წინასწარმეტყველებს, ნურც თქვენს მისნებს, ნურც თქვენს სიზმრებს, ნურც თქვენს მკითხავებს და ნურც თქვენს ჯადოქრებს… რადგან მხოლოდ სიცრუეს გიწინასწარმეტყველებენ ისინი» (იერემია 27:9,10. შეადარეთ მიქა 5:12).


იგივე პრინციპს ვხვდებით ახალ აღთქმაშიც:


«ნუ შეებმებით უცხო უღელში ურწმუნოებთან ერთად; რადგან რა აქვს საერთო სამართლიანობას ურჯულოებასთან? რა აქვს საზიარო ნათელს ბნელთან? რა თანხმობა აქვს ქრისტეს ბელიართან? ან რა წილი აქვს მორწმუნეს ურწმუნოსთან? რა აქვს საერთო ღმერთის ტაძარს კერპებთან? რადგან თქვენ ხართ ცოცხალი ღმერთის ტაძარი, როგორც ღმერთმა თქვა: "დავმკვიდრდები და ვივლი მათ შორის, ვიქნები მათი ღმერთი და ისინი იქნებიან ჩემი ხალხი. ამიტომ გამოდით მათგან და გამოეყავით" - ამბობს უფალი. "უწმინდურს ნუ მიეკარებით» (2 კორინთელები 6:14-17; [სბს-2013]). 


ღმერთი თუ ქრისტიანებსაც მოუწოდებს, რომ თავი შორს დაიჭირონ ნებისმიერი სპირიტული საქმისაგან, განა ის თავისივე სიტყვების წინააღმდეგ წავიდოდა და წარმართ სპირიტებს გამოიყენებდა იმისთვის, რათა მათი მეშვეობით მიექცია ყურადღება მესიაზე?


ყურადღება მიექცია მომავალ მესიაზე… და ზუსტად ამას ეხება მეორე შეკითხვა: კონკრეტულად ვის გადასცეს წარმართმა მაგებმა ინფორმაცია დაბადებული ჩვილის შესახებ? იქნებ, ისინი ისრაელის ქალაქებში და სოფლებში დადიოდნენ და ამ სასიხარულო ცნობას აცხადებდნენ? იქნებ, ისინი ხალხს მოუწოდებდნენ მათ გაჰყოლოდნენ და პირადად ენახათ ის, ვინც ქრისტე უნდა გამხდარიყო? მაგრამ, წმინდა წერილში ამის მსგავსს ვერაფერს ვხედავთ. მაშინაც კი, როდესაც საბოლოო ჯამში იმ ადგილამდე მიაღწიეს, სადაც იესო და მისი მშობლები იმყოფებოდნენ, მაგები კვლავ მარტონი იყვნენ, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მათ მიზანს არ წარმოადგენდა ჩვილის დაბადების ცნობის გაცხადება. 


თუმცა ერთადერთს ვის გადასცეს სპირიტებმა იესოს დაბადების შესახებ ცნობა? წარმართ ჰეროდეს! თანაც ის ისრაელიანი კი არა, იდუმეელი იყო, ედომელი ერის წარმომადგენელი. თავისთვის მოულოდნელ ამ ინფორმაციაზე ჰეროდეს რეაქცია ცნობილია: გაგონილმა ცნობამ მასში სიხარული კი არა, უძლიერესი შფოთვა გამოიწვია (მათე 2:3). ჰეროდემ სპირიტების მეშვეობით ბავშვის გაცილებით ზუსტი ადგილმდებარეობის დადგენა სცადა, რის შემდეგაც ბრძანება გასცა და «მოაკვლევინა ყოველი ყრმა ორი წლისა და უმცროსი ბეთლემსა და მთელ მის საზღვრებში, იმ დროის მიხედვით, რომელიც მოგვებისაგან შეიტყო» (მათე 2:16).


უცნაური არ გეჩვენებათ მოვლენების ესეთი განვითარება, თუ ვიფიქრებთ, რომ მაგები და თავად ის ვარსკვლავი ღვთის მიერ იყვნენ მართულნი? ღმერთს რომ სდომებოდა, რომ უცნობი წარმართი სპირიტები მომავალ მესიასთან მისულიყვნენ, მაშინ რა აზრი ჰქონდა იმას, რომ ისინი ვარსკვლავმა ჯერ სასტიკ მმართველთან მიიყვანა, რომელმაც იმ მომენტამდე არაფერი იცოდა ამ ფაქტის შესახებ, ხოლო როდესაც გაიგო, ბავშვის განადგურების გადაწყვეტილება მიიღო? უფრო უარესიც, საბოლოო ჯამში მან უამრავი პატარა ბავშვის სასტიკი მკვლელობის ბრძანება გასცა! შეუძლია ვინმეს იმის თქმა, რომ მასიური მკვლელობისკენ ჰეროდეს პროვოცირება ღვთის ჩანაფიქრის ნაწილი იყო? 


ასევე ყურადღებას იქცევს კიდევ ერთი უცნაური დეტალიც. ჰეროდესთან მისვლის შემდეგ, მაგები მას კითხვას უსვამენ: «სად არის იუდეველთა მეფე, რომელიც იშვა? რადგან ვიხილეთ მისი ვარსკვლავი აღმოსავლეთში და მოვედით, რათა თაყვანი ვცეთ მას» (მათე 2:2). როგორც ამ სიტყვებიდან ჩანს, მაგები მთელი ამ დროის განმავლობაში ვარსკვლავს ხედავდნენ, მაგრამ თავისი მარშრუტის საბოლოო წერტილი არ იცოდნენ. ზუსტად ამიტომ უსვამენ შეკითხვას ჰეროდეს. აშკარაა, რომ ამ მომენტიდან მათ მეფის მხარდაჭერის იმედი აქვთ და ისიც მზადყოფნით ერთვება ძიების პროცესში. მომდევნო 4-6 მუხლებში ჩვენ ვხედავთ, რომ ჰეროდეს კონსულტაციას მღვდლებთან და მწიგნობრებთან გადის, რომლებიც იმ ქალაქს ადგენენ, რომელშიც მომავალი მესია უნდა იმყოფებოდეს. შემდეგ ჰეროდე მაგებს მათი მარშრუტის საბოლოო წერტილს უთითებს, «წარგზავნა ისინი ბეთლემს» და მითითებას აძლევს «ზუსტად გამოიკითხონ იმ ყრმის ამბავი» (მუხლი 8).

ეხლა, როდესაც ბავშვის დაბადების შესახებ სასტიკმა ჰეროდემ იცის, იესოს ადგილმდებარეობისკენ ნებისმიერი მომდევნო გადაადგილება სულ უფრო და უფრო მეტად სახიფათო ხდება მისთვის. ეს ვარსკვლავი რომ ღვთის მიერ მართული ყოფილიყო, უცნაური იქნებოდა მაგები ჯერ ჰეროდესათან რომ მიეყვანა და მისთვის იესოს განადგურების გადაწყვეტილების მიღება ეიძულებინა. მით უმეტეს გაუგებარი იქნებოდა, მტრების მიერ ასეთი სასტიკი გეგმის მიღების შემდეგ, ღმერთს რომ მაგების თავისი ძისკენ წაყვანა გაეგრძელებინა. თუმცა, მე-9 მუხლში ვკითხულობთ: «ვარსკვლავი, რომელიც აღმოსავლეთში იხილეს, წინ მიუძღოდა მათ, სანამ არ მივიდა და არ დაადგა იმ ადგილს, სადაც იყო ყრმა». სამწუხაროა, თუმცა იმაში, როგორც მოვლენები ვითარდებოდა, იმის სულ უფრო ნაკლები საფუძველია, რომ ამაში ღვთის ხელი დავინახოთ. პირიქით, სულ უფრო აშკარად ჩანს კონკრეტულად დაგეგმილი ჩანაფიქრი, რომელიც ნაბიჯ-ნაბიჯ აახლოებდა საშინელ მოვლენებს.  


შემდეგი შეკითხვა: როგორი წარმოდგენები ჰქონდათ წარმართ სპირიტებს მათთვის გამოცხადებული ვარსკვლავის მიზანთან დაკავშირებით? იქნებ, მათ იმის გაგება მიეცათ, რომ დაბადებული ბავშვი, რომელთანაც ისინი ვარსკვლავს მიჰყავდა, ღვთის წარმოგზავნილი მომავალი მესია იყო, კაცობრიობის მომავალი მხსნელი? მათთვის რომ მართლაც ღვთის სულს გაეწია ხელმძღვანელობა, მაშინ მათ ზუსტად ასეთი სწორი წარმოდგენა ექნებოდათ მასთან დაკავშირებით, ვისაც ისინი ეძებდნენ. ამაში კი სხვა მაგალითები გვარწმუნებენ, როდესაც ღმერთი მართლა ავლენდა თავის ხელმძღვანელობას და მის მიერ არჩეულ ადამიანებს თავისი ძისკენ მიუთითებდა.


პირველ რიგში, ყურადღებას ის ფაქტი იპყრობს, რომ მესიის დაბადების შესახებ ხალხისთვის ცნობის გადასაცემად ღმერთი კარგად ცნობილ მეთოდს იყენებდა – ის ამ მიზნით ანგელოზებს გზავნიდა და ზუსტად ისინი გადასცემდნენ ადამიანებს მნიშვნელოვან ცნობასღმერთი არანაირ ასტრონომიულ (უფრო ზუსტად, ასტროლოგიურ, სპირიტისტულ) მეთოდებს არ იყენებდა.

და მეორე, როდესაც ანგელოზი ჯერ მარიამს გამოეცხადა სასიხარულო ცნობით და შემდეგ კი მინდორში მყოფ მწყემსებს, ისინი ისმენდნენ ბავშვზე მითითებებს როგორც «ღვთის ძეზე», «უზენაესის ძეზე», «მარადიული სამეფოს მეფეზე», «მხსნელზე, რომელიც არის ქრისტე უფალი». მწყემსებს, რომლებსაც ანგელოზებმა ბავშვის შესახებ აუწყეს, საიდუმლოდ არ შეუნახიათ ეს ცნობა. «და როდესაც ნახეს, აუწყეს მათ ის, რაც ემცნოთ ამ ჩვილის შესახებ. და ყველა, ვინც ისმენდა, გაკვირვებული იყო მწყემსების ნაამბობით» (ლუკა 2:17,18).


ზუსტად ასეთივე მაგალითს ვხედავთ კაცის შემთხვევაში «სახელად სიმეონი, კაცი მართალი და ღვთისმოშიში, რომელიც მოელოდა ისრაელის ნუგეშისცემას, და სულიწმინდა იყო მასზე. სულიწმიდისგან ჰქონდა ნაუწყები, რომ არ იხილავდა სიკვდილს უფლის ცხებულის ხილვამდე» (ლუკა 2:25,26). ასევე ვკითხულობთ, რომ «ჰანნა წინასწარმეტყველი… ადიდებდა ღმერთს და აუწყებდა ყრმაზე ყველას, ვინც კი მოელოდა გამოსყიდვას იერუსალიმში» (ლუკა 2:36-38).


ყველა ეს შემთხვევა — ღვთის ჭეშმარიტი ხელმძღვანელობის მაგალითებია, რომელთა შედეგადაც ადამიანებს ესმოდათ, თუ ვინ უნდა გამხდარიყო იესო. და არა მხოლოდ ესმოდათ, არამედ სხვებსაც უმოწმებდნენ ამის შესახებ. მაგრამ რას ვხედავთ წარმართი მაგების შემთხვევაში? როგორც ზემოთ შეგვეძლო დავრწმუნებულიყავით, ისინი მანამდე სდუმდნენ, სანამ ეს ინფორმაცია უშუალოდ სასტიკ მეფე ჰეროდეს არ გადასცეს, რამაც ის იესოზე ნადირობისაკენ აღძრა. გარდა ამისა, თვითონ მაგების სიტყვებიდან ჩანს, რომ მათ სრულიად განსხვავებული წარმოდგენა ჰქონდათ ბავშვის როლთან დაკავშირებით. ისინი მას მხოლოდ იმ პიროვნებად აღიქვავდნენ, ვინც იუდეის მეფე უნდა გამხდარიყო (მათე 2:2). შემდეგომ ნამდვილი რწმენის არმქონე იუდეველებს ზუსტად ამ როლში სურდათ იესოს ხილვა, უნდოდათ «მოეტაცებინათ და გაემეფებინათ» (იოანე 6:15). ზუსტად ასეთი წარმოდგენა იქცა ერთერთ მთავარ ბრალდებად იესოს მისამართით მისი სიკვდილით დასჯის წინ (იოანე 19:12-16). პასუხად იესომ თქვა: «ჩემი მეფობა არ არის ამ ქვეყნიერებისაგან. ჩემი მეფობა რომ ამ ქვეყნიერებისაგან ყოფილიყო, მაშინ ჩემი მხლებლები იბრძოლებდნენ, რომ იუდეველებს ხელში არ ჩავვარდნოდი. ჩემი მეფობა სააქაო არ არის» (იოანე 18:36).


დასკვნა ნათელია: იესო საკუთარ თავს მორიგ იუდეველ მეფედ არ აღიქვავდა. მან იცოდა, რომ ზეციური სამეფოს მეფე უნდა გამხდარიყო. თუმცა წარმართი მაგები მას ზუსტადაც რომ მომავალ იუდეველ მმართველად აღიქვავდნენ. ზუსტად ასეთმა წარმოდგენებმა წარმოქმნა შფოთვა მეფე ჰეროდეში, რომელმაც დაბადებულ ბავშვში სამეფო ტახტზე მისი და მისი შთამომავლების მომავალი კონკურენტი დაინახა. და ასეთივე მეფედ სურდათ მისი ხილვა რწმენის არმქონე იუდეველებსაც, რომლებმაც შემდეგ ის უარყვეს. განა უცნაური არ არის, რომ ვარსკვლავით მართულ ასტროლოგებს ჩვილის როლის სწორი გაგება არ ჰქონდათ, მაშინ როდესაც ჭეშმარიტი გამოცხადებების შემთხვევებში სახარების სხვა პერსონაჟები ნათლად აცნობიერებდნენ ბავშვის მომავალ მესიანურ როლს? თუმცა, პასუხი თავისთავად ჩნდება…


მეფე ჰეროდეს რეაქცია ქვეყნიერების ნამდვილი მმართველის - სატანის რეაქციის მხოლოდ მცირედ ანარეკლს წარმოადგენდა. ასტროლოგებისგან განსხვავებით, მას ძალიანაც კარგად ესმოდა, თუ რა ბავშვი დაიბადა იოსებისა და მარიამის ოჯახში. ეშმაკმა იცოდა, რომ ღვთის სულ პირველი წინასწარმეტყველური მითითების თანახმად, ეს ბავშვი გახდებოდა ის, ვინც მას «თავს გაუჭეჭყავდა».


«მე მტრობას ჩამოვაგდებ შენსა და დედაკაცს შორის, და შენს მოდგმასა და დედაკაცის მოდგმას შორის: მისი მოდგმა თავს გაგიჭეჭყავს; შენ კი მას ქუსლს დაუგესლავ!» (დაბადება 3:15).


სატანამ მომავალი მესიის «დაგესვლის» დაწყება დედამიწაზე მისი დაბადებისთანავე გადაწყვიტა. ზუსტად ამით განიმარტება წარმართი მაგების გამოყენებით განხორციელებული ქმედებები, რომლებმაც მისგან საჭირო «გამოცხადება» მიიღეს, იდუმალი ვარსკვლავი და მისი მიმართულება უპირველეს ყოვლისა სასტიკი ჰეროდესკენ, რათა ის ინფორმირებული ყოფილიყო და ბავშვის განადგურებით დაინტერესებულიყო. 


ეშმაკის შესახებ იესო ამბობდა: «ის კაცისმკვლელი იყო თავიდანვე და ჭეშმარიტებაში ვერ დადგა, რადგან არაა მასში ჭეშმარიტება. როდესაც სიცრუეს ამბობს, თავისას ამბობს, რადგან ცრუა იგი და სიცრუის მამა» (იოანე 8:44). ჯერ კიდევ ედემში მომხდარი მოვლენებიდან ის არის «დიდი ურჩხული, ძველი გველი, რომელსაც ეწოდება ეშმაკი და სატანა, მთელი მსოფლიოს მაცდუნებელი» (გამოცხადება 12:9). თუ ქრისტიანებისთვისაც კი აქტუალური რჩებოდა ის, რომ შეიძლება ეშმაკს შეეცდინა ისინი, მაშინ წარმართ მედიუმებზე რაღა შეიძლება ითქვას? (2 კორინთელები 11:3).


სატანამ ვარსკვლავი და სპირიტები გამოიყენა იმისათვის, რათა მათი მეშვეობით წამოეწყო ისრაელში მომავალი მესიის განადგურების პროცესი, და მნიშვნელობა არ ჰქონდა იმას, რომ თავად მაგები ამას ვერ აცნობიერებდნენ. ცბიერი დახელოვნებულად ბაძავს ღვთის მეთოდებს, «ჭეშმარიტებასთან ახლოს მყოფ» ვარიანტებს ქმნის, რომლებსაც შემდეგ იმისათვის იყენებს, რათა ხალხი ცდუნებაში შეიყვანოს. ბიბლია ეშმაკის ასეთი სუროგატების შესახებ ისე საუბრობს, როგორც «სხვა სახარებაზე» (გალატელები 1:6).


«მაგრამ თუნდაც ჩვენ, ან ანგელოზმა ზეციდან გახაროთ არა ის, რაც ჩვენ გახარეთ, შეჩვენებული იყოს» (გალატელები 1:8).


«რადგან ესენი არიან ცრუმოციქულები, მზაკვარი მუშაკები, რომლებსაც ქრისტეს მოციქულებად მოაქვთ თავი. და არ არის ეს საკვირველი, რადგან თვით სატანაც ხომ სინათლის ანგელოზის სახეს იღებს. ამიტომ დიდი რამ არ არის, თუ მისი მსახურნიც სიმართლის მსახურებად გარდაისახებიან. მაგრამ მათი ბოლო მათი საქმეებისამებრ იქნება» (2 კორინთელები 11:13-15).


და მაინც, ღმერთმა შეძლო «ეშმაკის საქმეების დარღვევა» (1 იოანე 3:8). მათეს 2:12-ში ნათქვამია, რომ სიტუაციაში ღმერთი ჩაერია და იესოსთან მისულ წარმართებს უბრძანა, ჰეროდესთან აღარ დაბრუნებულიყვნენ და სხვა გზით წასულიყვნენ, რაც გააკეთეს კიდეც. ეს ხარბი წინასწარმეტყველი ბალაამის შემთხვევას გვაგონებს, რომელიც გზაზე ღმერთმა შეაჩერა და გააფრთხილა, რომ მოაბელი მეფე ბალაკის თხოვნა არ შეესრულებინა (რიცხვები 22:9-14).


თუმცა, სატანის მიერ დაწყებულმა პროცესმა მრავალი უბედურების მოტანა მოასწრო. იესოს ოჯახს სასწრაფოდ მოუწია მშობლიური მხარის დატოვება და გაქცევა. შემდგომ ეშმაკის მიერ შთაგონებული ჰეროდეს ქმედებები პატარა ბავშვების მასიური განადგურების მიზეზი გახდა. და ეს ყველაფერი – იმ ვითომ «გამოცხადების» და იდუმალი ვარსკვლავის «ხელმძღვანელობის» შედეგია, რომელიც წარმართმა მაგებმა მიიღეს.  


სატანა – სიცრუის ოსტატია. ის წარსულშიც მატყუარა იყო, დღესაც მილიონებს ატყუებს და კიდევ უფრო მეტად გამოიყენებს ტყუილს მომავალში.


«…სატანის მოქმედებით, ყოველგვარი ძალით, ცრუ ნიშნებითა და სასწაულებით, და უსამართლობის ყველა საცთურით დაღუპვის გზაზე მყოფთათვის იმის გამო, რომ მათ არ შეითვისეს ჭეშმარიტების სიყვარული თავის სახსნელად. ამისთვის უგზავნის მათ ღმერთი მაცდუნებელ ქმედებას, რომ ირწმუნონ სიცრუე» (2 თესალონიკელები 2:9-11).


ეშმაკის ერთერთ ყველაზე სასურველ სამიზნეს ისინი წარმოადგენენ, რომლებიც თავს ქრისტიანებად მიიჩნევენ. ასე რომ მან მრავალი მათგანის დარწმუნება შეძლო იმ ცრუ წარმოდგენებში, რომლებსაც ის ვითომდა «ქრისტიანულებად» ასაღებს. მსგავს «ქრისტიანობასთან ახლოს მდგომ» მითებს შორისაა იმის რწმენაც, თითქოსდა ე.წ. «ბეთლემის ვარსკვლავი» ჭეშმარიტი ღვთის მიერ ინიცირებულ მოვლენას წარმოადგენდა და რომელიც წარმართ მაგებს ჩვილი იესოსკენ მიუძღოდა. თუმცა, ჩვენ ვიცით, რა გამოიწვია ამან შედეგად: მომავალი მესიის სიცოცხლისთვის საფრთხის შექმნა, მოახლოებული საფრთხის გამო სასწრაფო თავშესაფრის ძებნა შორეულ მხარეში და ასევე მრავალი პატარა ბავშვის სასტიკი მკვლელობა. თუ ვიფიქრებთ, რომ ეს ვარსკვლავი ღვთის ჩანაფიქრის ნაწილი იყო, მაშინ ასეთ ჩანაფიქრში აშკარად სერიოზული ხარვეზი იქნა დაშვებული. მაგრამ ღმერთმა შეუძლებელია შეცდომა დაუშვას, და ის არც უსამართლობის მიზეზი შეიძლება იყოს.

ამიტომ ერთადერთი ლოგიკური დასკვნა, რომელთანაც შეიძლება მივიდეთ, ესაა გაგება, რომ იმ მოვლენების უკან, რომლებიც ვარსკვლავთან და სპირიტების მოქმედებასთანაა დაკავშირებული, ღმერთი კი არა, მისი მოწინააღმდეგე – სატანა იდგა. მსგავსი დასკვნის მიზეზები ზემოთ უკვე განვიხილეთ.

----------------------------------------------------------------------

ავტორი: სერგეი ივანოვი

Комментариев нет:

Отправить комментарий