пятница, 6 января 2023 г.

"სექტანტი" ბიბლიით... გარშემო მხოლოდ "სექტანტები" არიან!

 




«ჩვენ დიდი შეცდომა დავუშვით ― ჩვენი წმინდა წერილი, ჩვენი ბიბლია სექტანტებს მივეცით. ქუჩაში ან ავტობუსში მყოფი ადამიანი ბიბლიით ხელში, 99% შემთხვევაში სექტანტი აღმოჩნდება. ჩვენ ეს უნდა გამოვასწოროთ  ―  უნდა დავიწყოთ წმინდა წერილის კითხვა, უნდა ვიცოდეთ საკუთარი რწმენის საფუძვლები, რათა სექტანტებთან საუბრისას მკაფიოდ და მედგრად დავიცვათ ეკლესიის პოზიცია». 

«ექსპერტის, მღვდელი ანტონ სკრინნიკოვის, სტავროპოლის მიტროპოლიის ოფიციალური საიტის მთავარი რედაქტორის» ასეთი სიტყვები იყო მოყვანილი საინფორმაციო გამოცემა «Русская планета»-ს საიტზე. რთული არ არის იმის მიხვედრა, რომ სტატია იეჰოვას მოწმეებს ეხებოდა. საერთო ჯამში, ტიპიური სტატიაა «ანტისექტანტურ» სტილში, რომლებითაც დღეს უკვე ვერავის გააოცებ და რომლის გვერდის ავლაც მშვიდად შეიძლება. თუმცაღა მღვდლის სიტყვები პირადად მე ერთგვარ მარგალიტად მომეჩვენა ამგვარი სტატიების საერთო ფონზე. საკუთარ თავს უფლებას მივცემ ცოტაოდენი ვიმსჯელო მის გარშემო…


დაუყოვნებლივ გამიჩნდა შეკითხვა მღვდლის ამ ფრაზასთან დაკავშირებით «ჩვენი წმინდა წერილი, ჩვენი ბიბლია სექტანტებს მივეცით». ძალიან საინტერესო ფრაზაა! კერძოდ, რას ნიშნავს ფრაზა «ჩვენი ბიბლია»? იქნებ, ბიბლიის მართლმადიდებლური გამოცემა იყო ნაგულისხმევი? კი მაგრამ, მას ხომ ნებისმიერი საეკლესიო მაღაზია მზადყოფნით გაყიდის (!) ნებისმიერზე, მეც ასე ვიტყვი, «სექტანტზე», მთავარია მან დახლზე სათანადო ოდენობის თანხა დადოს. მაშ ვის სდებენ ბრალს? მეორეს მხრივ, იეჰოვას მოწმეები უკვე დიდი ხანია რაც თავისი ახალი ქვეყნიერების თარგმანით სარგებლობენ და არანაირ პრეტენზიას არ აცხადებენ მართლმადიდებლურ თარგმანზე.

ან იქნებ საუბარი მაინც სხვა რამეს ეხებოდა? იმას ხომ არ განიცდის «ექსპერტი», რომ მართლმადიდებელი მრევლის საერთო მასაში წმინდა წერილის კვლევის სურვილის გასაოცარი არარსებობა შეიმჩნევა? რამდენი მათგანი შეძლებს მიქას მათესგან გარჩევას, ვინც თავს «მართლმადიდებლად» აცხადებს? მათგან განსხვავებით იეჰოვას მოწმეები ბიბლიას საკუთარი ცხოვრების გზამკვლევად მიიჩნევენ. ტყუილად როდი ეწოდება ერთერთი რელიგიათმცოდნის მიერ დაწერილ წიგნს, რომელიც მოწმეებს ეძღვნება: «ხალხზე, რომლებიც არასოდეს იშორებენ ბიბლიას». 

სხვათა შორის, მღვდლის მომდევნო აზრს ნამდვილად ვერ შეედავები: «ქუჩაში ან ავტობუსში მყოფი ადამიანი ბიბლიით, 99% შემთხვევაში სექტანტი აღმოჩნდება». რაც შეეხება «სექტანტს», რა თქმა უნდა, ეს ცალკე თემაა. როგორც ცნობილია, პირველ ქრისტიანებს მაშინდელი «ტრადიციული რელიგიების» წარმომადგენლებიც «სექტანტებს» ეძახოდნენ (საქმეები 24:14; 28:22). თუმცა, ეხლა ამაზე როდი ვსაუბრობთ. 

შემხვედრი შეკითხვა: და ვინ არის იმაში დამნაშავე, რომ ჩვეულებრივ ვერც ქუჩაში და ვერც ავტობუსში მართლმადიდებელს ბიბლიით ხელში ვერ ნახავ? იქნებ, ისევ და ისევ «სექტანტები»? იქნებ ეს წყეულები, მართლმორწმუნე გამვლელებს ხელიდან ართმევენ წმინდა წერილის ტომებს ან უჩუმრად აცლიან ჩანთებიდან სახარებებს? პასუხი იგივეა: «წმინდა სიტყვიდან მომდინარე სუფთა რძისადმი», ანუ ღვთის სიტყვის (1 პეტრე 2:2) კითხვისადმი ლტოლვის არარსებობა. და არავითარი «სექტანტები» არ არიან ამაში დამნაშავე. უფრო, პირიქით, ისინი ცდილობენ ადამიანები იმისკენ აღძრან, რომ ყურადღება მიაქციონ ბიბლიას, თუმცა ასეთი სურვილი მათ რატომღაც არ გააჩნიათ. როგორც ჩანს, ცუდად აღუძრავენ მისადმი ინტერესს საეკლესიო ღვთისმსახურებებზე, იმიტომ რომ მრევლი პირჯვის წერასა და სანთლების დანთებას უფრო დიდი ინტერესით უდგება, ვიდრე წმინდა წერილის კითხვას.

«ჩვენ ეს უნდა გამოვასწოროთ  ―  უნდა დავიწყოთ წმინდა წერილის კითხვა, უნდა ვიცოდეთ საკუთარი რწმენის საფუძვლები…», - ამბობს «ექსპერტი».

იცით, გულწრფელად ვიტყვი, ძალიან მოხარული ვიქნებოდი, ეკლესია თუ საკუთარ მრევლს  «წმინდა წერილის კითხვას და საკუთარი რწმენის საფუძვლების ცოდნას» მიაჩვევდა. პირველი, როგორც იტყვიან, თავად ღმერთმა დაგვავალა (იესო ნავეს ძე 1:8). მეორე – საკუთარი რწმენის საფუძვლების ცოდნა – ასევე შეასრულებდა თავის საქმეს, თუნდაც იმიტომ, რომ ასეთ შემთხვევაში ადამიანი იმაზე ფიქრს დაიწყებდა, თუ რისი სწამს და რატომ სწამს. 

დღეს, ჩემი აზრით, საზოგადოების კოლოსალური პრობლემა – აქტიური რელიგიური ცხოვრებისადმი, სულიერი ძიებისადმი აპათიაა. რთულია რწმენის ფაქტზე ლაპარაკი. უფრო რეალური ადამიანების ღვთისმოსაობის ფაქტია. ეს კი, როგორც ოდესაში იტყვიან, სრულიად განსხვავებული რამეებია. ადამიანები ჯვრებს ატარებენ, ხატებს ყიდულობენ, ეკლესიებთან ჩავლისას პირჯვარს იწერენ და ასე შემდეგ… თუმცა კითხვაზე «იცით თუ არა, რისკენ მოგვიწოდა იესომ?» მტკიცედ პასუხობენ: «ეს არ მაინტერესებს». ჯამში მრავალი ასეთი «მორწმუნისათვის» მათი რწმენა ბიბლიური ქრისტიანობის სფეროდან იმ სფეროში გადადის, რომელიც უფრო მეტად ცრურწმენებზე დაფუძნებულ რიტუალიზმს მოგვაგონებს, სადაც ძირითად როლს უწმინდური ძალის მიმართ შიში და იმ იმედით ემოციური კმაყოფილების სურვილი თამაშობს, რომ ღმერთს მხოლოდ განსაზღვრული რიტუალის შესრულების ფაქტი სჭირდება. თუმცა ბიბლიური გზავნილი, რომ «[ღმერთს] სურს, ყველანაირი ადამიანი გადარჩეს და ჭეშმარიტების საფუძვლიანი ცოდნა მიიღოს» მათთვის უცხო და მოუხერხებელი რჩება (1 ტიმოთე 2:4).

«ექსპერტი» განმარტავს, თუ რატომ მიიჩნევს აუცილებლად მრევლის სულიერი დონის ამაღლებას: «…რათა სექტანტებთან საუბრისას მკაფიოდ და მედგრად დავიცვათ ეკლესიის პოზიცია».

აქაც მხოლოდ «მომხრე» ვარ! დამეთანხმეთ, ძალიან იშვიათი მოვლენაა, რომ ეკლესიის მრევლის წევრი მზად იყოს «მკაფიოდ და მედგრად» განმარტოს ბიბლიის მეშვეობით საკუთარი რელიგიური მრწამსის არსი. უკიდურესად იშვიათი მოვლენაა! პირიქით, როგორც წესი, მსგავსი დიალოგის პერსპექტივა შესამჩნევად აშინებს ასეთ ადამიანს, რაც არცაა გასაკვირი: მან იცის როდის და რა შემთხვევაში რომელი ლოცვა უნდა წაიკითხოს, თუმცა ბიბლია რომელი მხრიდან უნდა გადაშალოს – მისთვის უკვე სერიოზული საკითხია! მრევლის წევრებს რომ მოუწოდებდნენ ბიბლიით ხელში (რა თქმა უნდა, გადაშლილი) იეჰოვას მოწმეებთან საუბრები დაიწყონ, ამ უკანასკნელებისთვის ეს უდიდესი საჩუქარი იქნებოდა! ადამიანთან ბიბლიურ თემაზე დიალოგის დაწყება – განა სიხარულის მიზეზი არ არის?

თუმცა რაღაც მკარნახობს, რომ ასეთი რამ არასოდეს მოხდება. და ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს. პირველი, თავად მრევლი, როგორც უკვე აღინიშნა, მსგავს საკითხებში სავსებით ინფანტილურია. რაში სჭირდება ეს? მეორე, თავიდან მღვდლებს უნდა აიძულონ საკუთარ თავზე მრევლის სწავლების დამატებითი ვალდებულებები აიღონ. ან მათ რაში სჭირდებათ ეს? და, მესამე, ყველაზე მთავარი: ასეთი სვლა თავიდანვე წამგებიანი იქნება, იმიტომ რომ მრევლის იმისკენ მოწოდება, რომ წმინდა წერილის საფუძველზე იეჰოვას მოწმეებთან დაიწყონ დიალოგი, მხოლოდ ერთს შეიძლება ნიშნავდეს – იმ სიტუაციის გამეორებას, რომელიც სახარებებში და საქმეების წიგნშია აღწერილი, როდესაც უამრავი ხალხი ტოვებდა საკუთარ რელიგიურ ტრადიციებს და ე.წ. «სექტანტებს» უერთდებოდნენ მოციქულებისა და პირველი ქრისტიანების სახით. ეს კი ეკლესიას მით უმეტეს არ სჭირდება.

ამიტომ, სამწუხაროდ, ზემოთმოყვანილი მღვდლის სიტყვები, როგორც ჩანს, სიტყვებადვე დარჩება. ეჭვი მეპარება ეკლესიამ თავისი მრევლისთვის სერიოზული ბიბლიური განათლების და იეჰოვას მოწმეებთან გონივრული დიალოგის გადაწყვეტილება მიიღოს. თვითომ მრევლის წევრებიც არ გამოირჩევიან დიდი სურვილით. არადა კარგი იქნებოდა…
-----------------------------------------------------------

ნათარგმნია: sergeiivanov.blogspot.com

Комментариев нет:

Отправить комментарий