вторник, 1 октября 2019 г.

ბიბლია და ვედები: არსებობს თუ არა მათ შორის ჰარმონია?



         ეს სტატია წარმოადგენს რეაქციას იმ ბროშურაზე, რომელიც მე, თითქმის ერთსაათიანი საუბრის შემდეგ, წასაკითხად ერთმა მამაკაცმა მომცა, რომელიც სამქადაგებლო მსახურებისას შემხვდა. მისი შეხედულებების თანახმად, ის «კრიშნას ცნობიერების საზოგადოების» კონცეფციის მომხრეა (ხალხი ამ რელიგიური ორგანიზაციის წევრებს კრიშნაიდებს ეძახის), თუმცა ამ ორგანიზაციის წევრი არ არის. «კრიშნას ცნობიერების საზოგადოების» მიმდევრებს, ხშირად შეიძლება შეხვდეთ მსხვილი დასახლებული პუნქტების ხალხმრავალ ადგილებში, სადაც ისინი კოლექტიურად ასრულებენ მანტრას «ჰარე კრიშნა…», და ასევე ვედური წერილების შეძენას სთავაზობენ ხალხს, ისეთების, როგორებიცაა «ბჰარაგავატ-გიტა», «შრიმად-ბხაგავატამ» და სხვა.




        მოხსენიებულ ბროშურაზე საუბრისას, უნდა აღინიშნოს, რომ ის, სამწუხაროდ, არანაირ ამოსაცნობ ნიშნებს არ შეიცავს, კონკრეტულად კი: არც ავტორია მითითებული, არც დასახელება აქვს და არც გამოცემის თარიღი და ადგილია ზედ მითითებული. მეორეს მხრივ, ბროშურა სისტემატიური წერილობითი ნაშრომის ყველა დანარჩენ ნიშანს შეიცავს: სათაურს, შესავალს, თავებს და დასკვნას.

        რატომ გამიჩნდა ამ ბროშურის წაკითხვის შემდეგ იმის სურვილი, რომ ასე ვთქვათ, «კალამი ამეღო ხელში»? პასუხი ასეთია: მე-3 გვერდზე ასე განისაზღვრება მისი დაწერის მიზანი: «მოცემული ნაშრომის საბოლოო მიზანი - იმ ჰარმონიის ჩვენებაა, რომელიც ბიბლიასა და ინდოეთის გაცილებით ძველ ვედურ ტესტებს შორის არსებობს». შემდეგ კი ბროშურაში ნათქვამია: «ბიბლიისა და ვედების გზავნილის არსი ერთი და იგივეა: ღვთის მთელი გულით, სულითა და გონებით შეყვარება».

      მაშ ასე, ნამდვილად არსებობს თუ არა ჰარმონია ბიბლიასა და ვედებს შორის?

      აშკარაა, ამ კითხვის პასუხი ბიბლიისა და ვედების შედარების აუცილებლობას მოიაზრებს იმ პრინციპულ საკითხებში, რომლებიც ადამიანის მსოფლმხედველობასა და ღვთისადმი თაყვანისცემის ფორმას აყალიბებს. მაგრამ სანამ ამ საკითხით დავკავდებით, მინდა იმას შევეხო, თუ როგორ არგუმენტაციას იყენებს ხანდახან მის მიერ წამოყენებული მტკიცებულების არგუმენტაციისათვის.  მაგალითად, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ის, რაც ბროშურაშია ჩაწერილი, ჩემი აზრით, ამტკიცებს:

      1) ან იმას, რომ ავტორს არ ესმის ის, რაზეც ბიბლიაშია საუბარი,
      2) ან იმის გააზრებულ მცდელობას, რომ კონტექსტიდან ამოგლეჯის უსინდისო ხერხის გამოყენებით, ბიბლიაში  ჩაწერილი ისე წარმოადგინოს, როგორც ვედებთან თანხმობაში მყოფი.       

      თუ ეს მეორე ვარიანტია, დაე ეს ბროშურის ავტორის სინდისზე იყოს.  

      ნათქვამის ილუსტრირება მაგალითებით მოვახდინოთ.


      მაგალითი პირველი. 30-ე გვერდზე მოყვანილია 2 ტიმოთეს 3:16,17-ში ჩაწერილი სიტყვები «მთელი წმინდა წერილი ღვთისგან არის შთაგონებული და სასარგებლოა სასწავლებლად, შესაგონებლად, გამოსასწორებლად და სიმართლეში აღსაზრდელად, რათა ღვთის კაცი ყველაფერში ჩხედული და ყოველმხრივ მომზადებული იყოს ნებისმიერი კარგი საქმისთვის». შემდეგ ასეთი კომენტარია გაკეთებული: «აქ ნათლადაა ნათქვამი, რომ მიღებული უნდა იქნას ნებისმიერი ჭეშმარიტი წერილი, თუნდაც როგორც დარიგების საფუძველი, მაშინაც კი თუ ის იესოს საქმეებს არ აღწერს. ამიტომ ყველა ქრისტიანი უნდა აღიარებდეს ბხაგავატ-გიტას».

      მაშ ასე, რომელ წმინდა წერილებზე საუბრობს მოციქული პავლე? «ნებისმიერ ჭეშმარიტ წერილზე»? საერთო ჯამში კი, თუმცა საქმე იმაში გახლავთ, რომ პავლესათვის ასეთი ჭეშმარიტი წერილები ის იყო, რასაც დღეს ძველ აღთქმას უწოდებენ, ანუ ბიბლიის ის წიგნები, რომლებიც ქრისტემდე დაიწერა ძველებრაულ და ნაწილობრივ - არამეულ ენებზე. პავლე მანამ, სანამ ქრისტიანი გახდებოდა, ორთოდოქსალური იუდეველი იყო და იმ დაჯგუფებას მიეკუთვნებოდა, რომლებსაც ფარისეველები ეწოდებოდათ და ცნობილები იყვნენ, როგორც იუდაური კანონის თავგამოდებული დამცველები. მაშინაც კი თუ დავუშვებთ კიდეც, რომ პავლეს გაგებული ჰქონდა ვედების, ბუდისტური ტრიპიტაკის, ზოროასტრულ ავესტასა და სხვა რელიგიური წიგნების შესახებ, ის მათ მხოლოდ ისე განიხილავდა, როგორც იუდაიზმისათვის უცხო წერილებს. 

      შემდეგ, სამწუხაროდ, ავტორი კონტექსტის იგნორირებას აკეთებს. იქნებ, ეს უბრალოდ ტექსტის ხარისხიანად გაანალიზების არცოდნის შედეგია ან ელემენტარული უყურადღებობა?  ასეთი ვარიანტის დაშვება სრულიად შესაძლებელია, თუმცა, ბრიშურაში ბიბლიური ფრაგმენტების ანალიზისას კონტექსტის იგნორირების ძალიან ხშირი შემთხვევები ძალაუნებურად სულ სხვა დასკვნისაკენ გვიბიძგებს.

      მაშ ასე, რა უნდა გაეთვალისწინებინა ბროშურის ავტორს ამ შემხვევაში? სულ რაღაც ორი ბიბლიური მუხლი: «შენ კი კვლავაც იმას მიჰყევი, რაც გისწავლია და რაშიც დარწმუნებულხარ, რადგან იცი, რა ხალხისგან ისწავლე, თანაც ჩვილობიდანვე იცი წმინდა წერილები, რომლებსაც ქრისტე იესოში რწმენით შეუძლია შენი დაბრძენება გადასარჩენად» (2 ტიმოთე 3:14,15).

      ამ ფრაგმენტში საუბარია იმაზე, რომ ტიმოთემ, ვისკენაცაა მიმართული ეს სიტყვები, «ჩვილობიდანვე იცი[ს] წმინდა წერილები». რომელი წმინდა წერილები? ისევ და ისევ – ძველიაღთქმისეული. და “რა ხალხისგან ისწავლ[ა მან]”? ბებიისა და დედისაგან, რომლებიც, მანამ სანამ ქრისტიანები გახდებოდნენ, იუდაიზმს იზიარებდნენ და საკუთარ შეხედულებებს ძველაღთქმისეულ წერილებზე აფუძნებდნენ (2 ტიმოთე 1:5). გარდა ამისა, აქ იმაზე მახვილდება ყურადღება, რომ კონკრეტულად ამ წმინდა წერილებს «ქრისტე იესოში რწმენით შეუძლია შენი დაბრძენება გადასარჩენად». ვედებს თუ შეუძლია, თუ მათაც იმ წერილებს მივაწერთ, რომლებსაც თითქოსდა პავლე მოიაზრებდა სხვა წერილებთან ერთად (რასაც ბროშურის ავტორი ამტკიცებს), «ქრისტე იესოში რწმენით შეუძლია შენი დაბრძენება გადასარჩენად»? აშკარაა, რომ არა, რადგან საეჭვოა ვედებში იესო ქრისტეზე მიდიოდეს საუბარი.

       ამიტომ ავტორის ფრაზა «აქ ნათლადაა ნათქვამი, რომ მიღებული უნდა იქნას ნებისმიერი ჭეშმარიტი წერილი» - უნდა ვაღიაროთ, რომ ეს საკმაოდ დაუდევარი მცდელობაა იმისა, რომ სასურველი სინამდვილედ გაასაღოს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ავტორის დასკვნა «ამიტომ ყველა ქრისტიანი უნდა აღიარებდეს ბხაგავატ-გიტას» უბრალოდ უსაფუძვლოა.


      მაგალითი მეორე (უფრო სწორად, რამოდენიმე მაგალითი ერთი საკითხის ფარგლებში). ისინი ეხება თვალსაზრისს იმის შესახებ, რომ ბიბლია უარყოფითად უყურებს საკვებში ხორცის გამოყენებას.

      ეხლავე ავღნიშნავ, რომ აქ მიზანს იმის ჩვენება არ წარმოადგენს, რომ განაცხადი იმის შესახებ, თითქოს ბიბლია უარყოფითად უყურებს საკვებში ხორცის გამოყენებას, არასწორია და მხოლოდ იმის ჩვენება მსურს, რომ უსაფუძვლოა ის არგუმენტები, რომლებიც ამ მოსაზრების მხარდასაჭერადაა მოყვანილი და რომლებიც თითქოსდა ბიბლიაზეა დაფუძნებული. თანაც ეს უსაფუძვლობა, როგორც ზემოთ უკვე ითქვა, კონტექსტის იგნორირებაში მდგომარეობს.

      მაგალითად, ბროშურის მე-8 გვერდზე ვკითხულობთ: «მწყრების შემთხვევა, რომლებიც ღმერთმა ისრაელის ძეებს მას მერე გაუგზავნა, რაც მათ მანანას გაუსინჯეს გემო (რიცხვები 11:31), - იმ ციტატის კარგი მაგალითია, რომელიც კონტექსტს არ შეესაბამება. სინამდვილეში, 31-ე და 32-ე მუხლები აღწერენ მწყრების ამ გამოჩენის მომენტსა და შემდგომ ნადიმს. თუმცა ასევე 33-ე მუხლის წაკითხვაც აუცილებელია იმისათვის, რომ აბზაცის მთელი შინაარსი გავიგოთ: “ჯერაც კბილებში ჰქონდათ ხორცი, შეჭმა ვერ მოასწრეს, რომ აღინთო უფლის რისხვა ხალხზე და მუსრი გაავლო უფალმა ხალხს”. ანუ ის არანაირად არ იყო კმაყოფილი იმით, რომ ისინი ხორცის მჭამელები იყვნენ».

      უნდა აღინიშნოს, რომ თავად ბროშურის ავტორი, როგორც ამ განხილვიდან გამომდინარეობს, კონტექსტის გათვალისწინების მომხრეა: ის მათ, ვინც რიცხვების 11:31,32-ის საფუძველზე მიიჩნევს, რომ ხორცის ჭამა დასაშვებია, მოუწოდებს ყურადღება გაამახვილონ იმაზე, რის შესახებაც 33-ე მუხლშია საუბარი. ძალიანაც კარგი. თუმცა დასკვნა, რომლამდეც ავტორი მიდის, რომ ღმერთი «რანაირად არ იყო კმაყოფილი იმით, რომ ისინი ხორცის მჭამელები იყვნენ», სინამდვილეს არ შეესაბამება. რატომ? რატომ და იმიტომ, რომ მაშინ როდესაც ბროშურის ავტორი სხვებს კონტექსტის გათვალისწინებისაკენ მოუწოდებს, რატომღაც თვითონ ამ წესს არ მიჰყვება. 

      კონტექსტი, როგორც ცნობილია, შეიძლება იყოს როგორც ახლომდებარე, ასევე შორეული, იგივეს თქმა შეიძლება მთელი ბიბლიის კონტექსტზეც. მაშ რაზე საუბრობს კონტექსტი? რიცხვების მე-11 თავის 4-დან - მე-6 მუხლამდე ნათქვამია: «ჭრელი ბრბო, მათ შორის რომ იყო, აჰყვა გულისთქმას. ატირდნენ ისრაელიანებიც და ამბობდნენ: «ვინ გვაჭმევს ხორცს? გვაგონდება თევზი, მუქთად რომ ვჭამდით ეგვიპტეში, კიტრები, ნესვები, პრასა, ხახვი და ნიორი. ახლა კი სული გვძვრება, არაფერია მანანას გარდა ჩვენს თვალწინ». ეს კი ღვთის რეაქციაა ამ სიტუაციაზე: «შეჭამთ არა ერთ, ორ, ხუთ, ათ და ოც დღეს, არამედ მთელ თვეს, სანამ ნესტოებიდან არ გადმოგივათ და არ შეგზიზღდებათ, რადგან უარყავით იეჰოვა, რომელიც თქვენს შორისაა და რომელსაც შესტიროდით, რატომ წამოვედითო ეგვიპტიდან?“» (რიცხვები 11:19,20).

      როგორც ვხედავთ, ღვთის უკმაყოფილება გამოიწვია არა თავად ხორცის ჭამის ფაქტმა, რაზეც ბროშურის ავტორი აკეთებს აქცენტს, არამედ იმან, რომ ისრაელიანებმა «უარყვეს იეჰოვა» (მუხლი 20), უმადურობა გამოავლინეს მასთან მიმართებით – ღმერთი მათზე გამუდმებით ზრუნავდა, ისინი კი წუწუნებდნენ და ეგვიპტეში დაბრუნებაც კი უნდოდათ, სადაც მონობაში იყვნენ, მაგრამ სამაგიეროდ იმას ჭამდნენ, რაც მოუნდებოდათ.

       შემდეგ, მე- 11 გვერდზე ბროშურის ავტორი ციტირებას უკეთებს დაბადების 9:4-5-ს«ოღონდ ხორცი მის სულთან - სისხლთან - ერთად არ ჭამოთ. თქვენს სისხლსაც მოვიკითხავ, ყველა ცოცხალ ქმნილებას მოვკითხავ მას;», შემდეგ კი ასეთ კომენტარს უკეთებს: «უფალი ამბობს, რომ ადამიანისთვის ხორცის ჭამა არ შეიძლება, ხოლო ის თუ მაინც გააკეთებს ამას, მაშინ საკუთარი სიცოცხლით გადაიხდის. ის მისი მეშვეობით იქნება მოკლული, ვისაც კლავს. ამას კარმა ეწოდება». 

       ბროშურის ავტორის მიერ გაკეთებულ დასკვნასთან დაკავშირებით შეუძლებელია კითხვა არ გაჩნდეს: «და რატომ არ გაითვალისწინა მან კონტექსტი, ანუ ის რატომ არ გააკეთა, რისკენაც სხვებს მიუწოდებს?» რატომ გაუკეთა ავტორმა იგნორირება იმას, რაც მე-3 მუხლშია ჩაწერილი: «საჭმელად გქონდეთ ყველა ცოცხალი ცხოველი და თქვენი იყოს მთელი მწვანე მცენარეულობაც»? რადგან მე-4 და მე-5 მუხლებში ჩაწერილი ხომ - მე-3 მუხლში ჩაწერილი აზრის გაგრძელებაა. ასე რომ, თუ უახლოეს კონტექსტს გავითვალისწინებთ, დასკვნა ასეთია: ადამიანისთვის ნებადართულია (მაგრამ, ხაზი გავუსვათ, ესაა არა ვალდებულება, არამედ ნებადართულობა) საკვებად ხორცის გამოყენება, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხორციდან სათანადო წესით იქნება მოცილებული სისხლი. იმის შესახებ, თუ რატომაა აუცილებელი მოკლული ცხოველიდან სისხლის მოცილება, ბევრჯერაა საუბარი ძველ აღთქმაში, თუმცა ეს ცალკე (და ძალიან მნიშვნელოვანი!) საკითხია.

        იქვე, მე-11 გვერდზე ავტორი ციტირებს ესაიას 1:11,15-ს«რად მინდა მე თქვენი შესაწირავები? – ამბობს უფალი. – გავძეხი სრულადდასაწველი ვერძებით და მსუქანი მოზვრების ლურთებით; აღარ მსურს კურატების, ცხვრებისა და ვაცების სისხლი... და როცა ხელს გამომიშვერთ, მე თვალს აგარიდებთ, და რამდენიც არ უნდა ილოცოთ, არ მოგისმენთ, რადგან სისხლითაა დასვრილი თქვენი ხელები». ამას ასეთი კომენტარი მოსდევს:«ეს გვიჩვენებს, რომ ღმერთი ხორცის მჭამელების ლოცვებსაც კი არ ისმენს».

       აი თურმე რაშია საქმე! რა უნდა ვთქვათ? თუ ყურადღებით წავიკითხავთ ესაიადან მოყვანილ ციტატას, დავინახავთ რომ აქ, პირველ რიგში, საუბარია არა ხორცის საკვებად გამოყენებაზე, არამედ მის მსხვერპლად მიტანაზე, ამიტომ ავტორის დასკვნა ლოგიკის წესების ელემენტარული დარღვევითაა გაკეთებული: დასკვნა არანაირი სახით არაა დაკავშირებული მოყვანილ სიტყვებთან. თუმცა არც ესაა მთავარი. უფრო მნიშვნელოვანი ისაა, რომ ბროშურის ავტორი კვლავ იგნორირებას უკეთებს კონტექსტს. ამგვარად, ესაიას 1:2-4-ში წერია: «ისმინე, ზეცავ, და ყური დაუგდე, დედამიწავ, იეჰოვა ლაპარაკობს: “ძეები გავზარდე და აღვზარდე, ისინი კი განმიდგნენ. ხარი თავის მყიდველს სცნობს და ვირი – თავისი პატრონის ბაგას, ისრაელი კი არ მიცნობს, შეუგნებლად იქცევა ჩემი ხალხი”.  ვაი ცოდვილ ერს, დანაშაულით დამძიმებულ ხალხს, ბოროტმოქმედ შთამომავლობას, დამღუპველ ძეებს! მიატოვეს იეჰოვა, უპატივცემულოდ მოექცნენ ისრაელის წმინდას, ზურგი აქციეს მას». ხოლო მე-16 და მე-17 მუხლებში ნათქვამია: «განიბანეთ, განიწმინდეთ, მომაშორეთ თქვენი ცუდი საქმეები თვალთაგან; შეწყვიტეთ ბოროტების კეთება.   ისწავლეთ სიკეთის კეთება, ეძებეთ სამართალი, გაკიცხეთ მჩაგვრელი, სამართალი გაუჩინეთ უმამო ბავშვს, განიხილეთ ქვრივის საქმე». 

      მაშ რაზეა საუბარი, თუ კონტექსტს გავითვალისწინებთ? სინამდვილეში ღმერთი მათ მსხვერპლსა და ლოცვებს არ იღებს, ვინც ბოროტებას სჩადის, იმის ნაცვლად, რომ სიკეთე აკეთოს და მის მითითებებს მიჰყვეს.

       და ბოლოს კიდევ ერთი მაგალითი. მე-11 გვერდზე ბროშურის ავტორი ციტირებს  ფრაგმენტს ესაიას 66:3-დან«რაღა ხარის დამკვლელი და რაღა კაცისმკვლელი» და შემდეგ ასეთ კომენტარს უკეთებს ამ ნაწყვეტს: «ეს გვიჩვენებს, რომ ძროხების მოკვლა ადამიანის მოკვლის ტოლფასია». როგორც ვხედავთ, ძალიან სერიოზული დასკვნაა. მაგრამ მართლა ეს არის ნაგულისხმები ციტირებულ ნაწყვეტში? ამის გარკვევაში კვლავ კონტექსტი დაგვეხმარება. პირველ რიგში, ავღნიშნავთ, რომ ბროშურის ავტორს მე-3 მუხლის მხოლოდ ნაწილი მოჰყავს, რადგან შემდეგ ამ მუხლში ნათქვამია: «რაღა ცხვრის შემწირველი და რაღა ძაღლისთვის კისრის გადამმტვრეველი, რაღა ძღვნის მომტანი და რაღა ღორის სისხლის შემწირველი! რაღა გუნდრუკის სამახსოვროდ შემწირველი და რაღა კურთხევის ჯადოქრული სიტყვებით წარმომთქმელი! თავად აირჩიეს თავიანთი გზა და მათ სულს სისაძაგლეები სიამოვნებს». მაშ ასე, აქ საუბარია არა ხარის მოკვლაზე მისი ხორცის საკვებად გამოყენების მიზნით, არამედ მსხვერპლშეწირვის ერთერთი ფორმის შესახებ, რომელიც ღვთის თვალში მოწონებას არ იმსახურებდა ისრაელიანთა მორალური დეგრადაციის გამო, როგორც ამას მე-4 მუხლი განმარტავს: «მეც სასტიკად მოვეპყრობი მათ. იმას მოვაწევ, რაც აშინებთ, რადგან ვუხმობდი და არავინ მპასუხობდა, ველაპარაკებოდი და არავინ მისმენდა. ბოროტებას სჩადიოდნენ ჩემს თვალში და იმას ირჩევდნენ, რაც არ მომწონდა».

        სამწუხაროდ, ავტორი ამ შემთხვევაშიც თავისთვის მოსახერხებელ დასკვნებს აკეთებს, კონტექსტის იგნორირებით. 

        ვფიქრობ, მოყვანილი მაგალითები საკმარისია იმისათვის, რომ ბროშურის ავტორის არგუმენტაციის უსაფუძვლობა დავინახოთ. რა თქმა უნდა, ყოველივე ზემოთ ნათქვამის ისე განხილვა არ შეიძლება, როგორც «კრიშნას ცნობიერების საზოგადოების» ყველა მიმდევრის იმაში ბრალდების საფუძვლისა, რომ ყველა მათგანი უსინდისოდ იყენებს არგუმენტაციას ქრისტიანთა შორის საკუთარი შეხედულებების გავრცელების მიზნით. თუ კიდეც შეიძლება პრეტენზიები არსებობდეს, ისიც მხოლოდ ბროშურის ავტორის მიმართ, რომელმაც, სამწუხაროდ, გადაწყვიტა უცნობი დარჩენილიყო.


        ხოლო რაც შეეხება უშუალოდ ბიბლიის თვასაზრისს საკვებად ხორცის გამოყენებასთან დაკავშირებით, უფრო დაზუსტებით ამის შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ სტატიაში «შეიძლება თუ არა ხორცის ჭამა?» ჟურნალი «გამოიღვიძეთ!» 1997 წლის 8 აგვისტოს ნომერში გვ.18-20 (რუს.).


         ეხლა კი შეგვიძლია დასმულ შეკითხვას დავუბრუნდეთ: მართლა არსებობს თუ არა ჰარმონია ბიბლიასა და ვედებს შორის?

         თავიდანვე ვიტყვი, რომ ჩემი შეხედულებით, ბიბლიასა და ვედებს შორის გაუვალი  უფსკრულია. მე მესმის, რომ ეს კატეგორიული განაცხადია და მას დასაბუთება სჭირდება.  ჩემი აზრით, ბიბლია და ვედები პრინციპულად განსხვავებულად პასუხობენ ადამიანის მსოფლმხედველობის განმსაზღვრელ და ღვთისადმი თაყვანისცემასთან დაკავშირებულ ისეთ შეკითხვებს, როგორებიცაა: «ვინ არის ღმერთი?», «ვინ იყო იესო ქრისტე და რა როლი აკისრია მას ღვთის განზრახვაში?», «რაში მდგომარეობს ღვთის ჩანაფიქრი ადამიანების მიმართ და რაში მდგომარეობს ადამიანის დანიშნულება?», «რატომ არსებობს ბოროტება და სიკვდილი?».

       შევეცდები რაც შეიძლება ლაკონური ვიყო, რადგან ამ შეკითხვებზე პასუხები შეიძლება ძალიან ვრცელი იყოს.

        მაშ ასე, ვინ არის ღმერთი ბიბლიის თვალსაზრისით და ვედების თვალსაზრისით?

        თუ მოკლედ ვიტყვით, მაშინ ღმერთი – ესაა მარადიული, ყოვლისშემძლე, ყოვლისმცოდნე და სიკეთით აღსავსე პიროვნება, რომელსაც სულიერი ბუნება აქვს («ღმერთი სულია» (იოანე 4:24) რომელმაც შექმნა სულიერი და მატერიალური სამყარო («შენ ღირსი ხარ, იეჰოვა, ჩვენო ღმერთო, რომ მიიღო დიდება, პატივი და ძლიერება, რადგან ყველაფერი შენ შექმენი, შენი ნებით არსებობს და შეიქმნა» (გამოცხადება 4:11)). იმ თვალსაზრისისგან განსხვავებით, რომ ღმერთმა, თუმცა კი შექმნა სამყარო, მაგრამ გულგრილია იმ ყველაფრის მიმართ, რაც მასში ხდება, ბიბლია იმაზე საუბრობს, რომ ღმერთს უყვარს მის მიერ შექმნილი ადამიანები და სურს, რომ ადამიანებმა, მის მიერ მიცემული არჩევანის თავისუფლებით ხელმძღვანელობით, იცხოვრონ მისი ნორმების თანახმად და მასთან ნდობით აღსავსე ურთიერთობა ჰქონდეთ. ღვთის მთავარი თვისება – სიყვარულია («ღმერთი სიყვარულია» (1 იოანე 4:8,16)). ღმერთი ისმენს ადამიანების ლოცვებს და მუდამ დგავს საპასუხო ნაბიჯს მათკენ, ვინც გულწრფელად ეძებს მას («ლოცვების მომსმენო, შენთან მოვა ყოველი ხორციელი… ბედნიერია ის, ვისაც აირჩევ და დაიახლოებ» (ფსალმუნები 65:2,4)«მუდამ მასზე დაამყარეთ იმედი, ხალხო, გული გადმოუღვარეთ მას. ღმერთია ჩვენი თავშესაფარი» (ფსალმუნები 62:8)«ნურაფერზე დაიწყებთ წუხილს, არამედ ლოცვით, ვედრებითა და მადლიერებით აცნობეთ ყველა თქვენი სათხოვარი ღმერთს და ღვთის მშვიდობა, რომელიც ნებისმიერ აზრს აღემატება, დაიცავს თქვენს გულებსა და გონებას ქრისტე იესოს მეშვეობით» (ფილიპელები 4:6,7)). 

        ეთანხმება თუ არა ღვთის შესახებ ამგვარი გაგება ვედების სწავლებას? აშკარაა, რომ არა, რადგან, ვედების რელიგიის თანახმად, ღმერთი – ესაა ბრახმანი, ზეპიროვნული აბსოლუტი, არსობის პირველპრინციპი, ტრანსცენდენტური და იმანენტური რეალობა, რომელიც გამოდის როგორც მთელი ქმნილების ღვთაებრივი საფუძველი. შეიძლება თუ არა ლოცვით მივმართოთ ვედების ღმერთს, როგორც მოსიყვარულე მამას, რომელიც ძალიანაა დაინტერესებული თავისი მიწიერი შვილებით, გული გადმოვღვაროთ მის წინაშე, ჩვენი ფარული აზრები და გრძნობები გავუზიაროთ, ვთხოვოთ მოგვცეს სიბრძნე, ხელმძღვანელობა გაგვიწიოს და გადაწყვეტილებების მიღებაში დაგვეხმაროს, და თან დარწმუნებულები ვიყოთ, რომ ის გვისმენს? შეგახსენებთ, რომ ბროშურის მე-3 გვერდზე ნათქვამია, რომ «ბიბლიისა და ვედების გზავნილის არსი ერთი და იგივეა: ღვთის მთელი გულით, სულითა და გონებით შეყვარება». როგორ შეიძლება იმ ღმერთის, რომელიც ზეპიროვნულ აბსოლუტს წარმოადგენს, «მთელი გულით, სულითა და გონებით» შეყვარება?

        შემდეგი შეკითხვა: ვინ იყო იესო ქრისტე და რა როლი აკისრია მას ღვთის განზრახვაში

        ვედებზე დაფუძნებული რელიგიის თვასაზრისით, იესო ქრისტე – ესაა, რამას, კრიშნასა და ბუდას მსაგავსი, ბრახმან-აბსოლუტის ერთერთი ღვთაებრივი განსახიერება დროის კონკრეტულ პერიოდში და კონკრეტულ კულტურაში (როგორც მინიმუმ ასე მიაჩნდა სვამი ვივეკანანდას, ერთერთ გამოჩენილ ვედურ ფილოსოფოსს (1863-1902)). 

        ბიბლიის თვალსაზრისით, იესო ქრისტე – ესაა ღვთის დესპანი, მესია (ცხებული), რომელსაც, ღვთაებრივი ბუნება კი ჰქონდა, მაგრამ თავად ღვთისაგან განსხვავდებოდა, (მანამ, სანამ ადამიანად დაიბადებოდა) იყო პირველი სულიერი ქმნილება, ღვთის  («სიტყვა»), რომლის მეშვეობითაც ღვთის მიერ იქნა შექმნილი მთელი სულიერი და მატერიალური სამყარო: «ის უხილავი ღვთის ანარეკლია, პირმშო ყველა ქმნილებას შორის.  მისი მონაწილეობით შეიქმნა სხვა ყველაფერი ცაში და დედამიწაზე, ხილული და უხილავი, იქნება ეს ტახტები თუ ბატონობები, მთავრობები თუ ძალაუფლებები. ყველაფერი მისი მონაწილეობით და მისთვის შეიქმნა. ის არის ყველაფერზე უწინ, მისი მონაწილეობით გაჩნდა ყველაფერი» (კოლოსელები 1:15-17).  

  იესოს დედამიწაზე მოსვლის მიზანი ნაჩვენებია იოანეს 3:16-ში«ღმერთმა ქვეყნიერება ისე შეიყვარა, რომ თავისი მხოლოდშობილი ძე მისცა, რათა ვისაც ის სწამს, არ დაიღუპოს, არამედ მარადიული სიცოცხლე  ჰქონდეს». გარდა ამისა, თავად იესომ თქვა: «მე იმიტომ დავიბადე და იმიტომ მოვედი ქვეყნიერებაზე, რომ ჭეშმარიტების შესახებ დამემოწმებინა» (იოანე 18:37). ამგვარად, ღვთის განზრახვებში იესო ქრისტეს როლი განსაკუთრებულია – აი რა არის ნათქვამი მის შესახებ: «სხვა არავისში არ არის ხსნა, რადგან არ არსებობს ცის ქვეშ ადამიანებისთვის მიცემული სხვა სახელი, რომლითაც გადავრჩებით» (საქმეები 4:12).   

         დღეს ცოდვა, რომელიც კაცობრიობის ღვთისაგან განმდგარი დიდი მშობლებისაგან მივიღეთ შთამომავლობით, წარმოადგენს ზღუდეს, რომელიც ადამიანს ღმერთს აშორებს. მაგრამ ქრისტიანისთვის ეს ბარიერი იესო ქრისტეს გამომსყიდველური მსხვერპლით იძლევა: «ღმერთი კი თავის სიყვარულს იმით გვიჩვენებს, რომ ქრისტე მოკვდა ჩვენთვის, როცა ჯერ კიდევ ცოდვილნი ვიყავით» (რომაელები 5:8);  «ვინაიდან, რომ მოკვდა, ის ერთხელ მოკვდა ცოდვისთვის, ხოლო რომ ცოცხლობს, ღვთისთვის ცოცხლობს» (რომაელები 6:10). ასევე იესო ქრისტესთან დაკავშირებით საყურადღებოა მოციქული პავლეს შემდეგი სიტყვები, რომლებიც ათენის მცხოვრებლების მისამართით ითქვა: «ღმერთმა უგულებელყო უმეცრების დრო და ახლა ყველას ყველგან ეუბნება, რომ მოინანიონ. ვინაიდან დანიშნა დღე, რომ თავისი განზრახვის თანახმად სიმართლით გაასამართლოს მსოფლიო თავის მიერ დანიშნული კაცის მეშვეობით და ამაში იმით დაარწმუნა ყველა, რომ მკვდრეთით აღადგინა იგი» (საქმეები 17:30,31).

       როგორც ვხედავთ, იესოს ცნობა – უნივერსალურია, ის ყველა ადამიანს ეხებოდა და არა მხოლოდ მათ, ვინც იმ ისტორიულ-კულტურულ გარემოში ცხოვრობდა. გარდა ამისა, ბიბლიის თანახმად, საკმარისია ადამიანმა იესო ქრისტეს გამომსყიდველური მსხვერპლი მიიღოს, მას შეუძლია მარადიული სიცოცხლის ღვთიური ძღვენი მიიღოს.       რა თქმა უნდა, ეს არანაირად არ ეთანხმება ვედების სწავლებას. 

        შემდეგ, რაში მდგომარეობს ღვთის ჩანაფიქრი ადამიანების მიმართ და რაში მდგომარეობს ადამიანის დანიშნულება

        ვედების რელიგიის თვალსაზრისით, ეს საკითხი, აშკარად ადამიანური პიროვნული არსის საკითხთან და ასევე რეინკარნაციის გაგებასთანაა დაკავშირებული.

         ვედების რელიგიის თვალსაზრისი კრიშნას სიტყვებითაა გამოხატული, რომლებიც არჯუნისადმია მიმართული: «არ არსებობს ისეთი დრო, როდესაც მე არ ვარსებობდი, შენ და ყველა ეს მეფე, ყველა ჩვენთაგანი მომავალშიც არ შევწყვეტთ არსებობას» (ბხაგავად-გიტა 2:12). ანუ ინდივიდუალურ სულს დასაწყისი არ აქვს – ის ყოველთვის არსებობდა და ყოველთვის იარსებებს. 

  ბიბლიის თვალსაზრისით, ადამიანური პიროვნების არსებობას დასაბამი აქვს:«დაიწყო იეჰოვა ღმერთმა ადამიანის შექმნა მიწის მტვრისაგან, ჩაჰბერა ნესტოებში სიცოცხლის სუნთქვა და ადამიანი ცოცხალ სულად იქცა» (დაბადება 2:7). გარდა ამისა, ბიბლიის თანახმად, ადამიანურ პიროვნებას დასასრულიც შეიძლება ჰქონდეს – მათ, ვინც ბოროტებას სჩადიოდა, განზრახ ამბობდა ღვთის გზებით სიარულზე უარს და ღვთისაგან დამოუკიდებელი ცხოვრებით ცხოვრობდა, მარადიული არარსებობა ელით: «მართლები დაიმკვიდრებენ დედამიწას და უმწიკვლოები დარჩებიან მასზე, ხოლო ბოროტები მოისპობიან დედამიწიდან და ვერაგები აღმოიფხვრებიან მისგან» (იგავები 2:21,22)«როცა მოვა კაცის ძე ანგელოზებთან ერთად თავისი დიდებით, მაშინ თავის დიდებულ ტახტზე დაჯდება. შეიკრიბება მის წინაშე ყველა ხალხი და გამოაცალკევებს ადამიანებს ერთმანეთისგან, როგორც მწყემსი აცალკევებს ცხვრებს თხებისგან. ცხვრებს მარჯვნივ დაიყენებს, თხებს კი – მარცხნივ … მაშინ მეფე თავის მარჯვნივ მდგომთ ეტყვის: “მოდით, მამაჩემისგან კურთხეულნო, დაიმკვიდრეთ ქვეყნიერების შექმნიდან თქვენთვის გამზადებული სამეფო …”. მაშინ თავის მარცხნივ მდგომთაც ეტყვის: “წადით აქედან, დაწყევლილებო, მარადიულ ცეცხლში, რომელიც ეშმაკისა და მისი ანგელოზებისათვის არის გამზადებული …”.  და ესენი მარადიულად მოიკვეთებიან, მართლები კი მარადიულად იცოცხლებენ» (მათე 25:31-33, 34, 41, 46). 

        იმ საკითხის კარგი განხილვა, ეთანხმება თუ არა რეინკარნაციის სწავლება ბიბლიას, ან, უფრო სწორად, არსებობს თუ არა ეს სწავლება ბიბლიაში, როგორც ამას ზოგიერთები ამტკიცებენ, მოცემულია მ. ალბრეხტის ინგლისურენოვანი წიგნის მე-4 თავში სახელწოდებით: «რეინკარნაცია: მოძრაობა “ახალი ერა”-ს დოქტრინის ქრისტიანული კრიტიკა». ამ მასალაში, ძირითადად, ყურადღება შემდეგ  წინააღმდეგობაზე მახვილდება: «რეინკარნაციის სწავლების მომხრეები ხანდახან არათანმიმდევრულობის ხაფანგში იმაზე ადრე აღმოჩნდებიან ხოლმე, ვიდრე გააცნობიერებენ, რომ ის დაიხურა: არ შეიძლება ბიბლიას თან წმინდანთა წერილების რედაქტირებული ნაკრები უწოდო და ამავდროულად კონტექსტიდან ამოგლეჯილი ბიბლიური ნაწყვეტები გამოიყენო გარდასახვის თეორიის დასამტკიცებლად. თუ წმინდა მამებმა ბიბლიიდან რეინკარნაციის ფესვიანად ამოძირკვა გადაწყვიტეს, ისინი სავარაუდოდ იესოს სიტყვებსაც წაშლიდნენ იოანე ნათლისმცემლისა და ელიას შესახებ. მოსაზრება, რომ რეინკარნაცია ბიბლიაში არის, მკვეთრად განსხვავდება რეინკარნაციის მრავალი მომხრის მტკიცებულებებისგან, რომ ეს სწავლება ბიბლიიდან ამოღებული ან ანათემას იქნა გადაცემული საეკლესიო კრებებზე. არ შეიძლება ერთდროულად ერთსაც ამტკიცებდე და მეორესაც».

       ამასთან დაკავშირებით ჩემი მხრიდან შემდეგს დავამატებ. ლაზარეს სიკვდილთან და მკვდრეთით აღდგომასთან დაკავშირებული სიტუაცია, რომელიც იოანეს სახარების მე-11 თავშია აღწერილი, ყველანაირ საფუძველს გვაძლევს მიგვაჩნდეს, რომ იესო არ ასწავლიდა სულის გარდასახვის იდეის შესახებ, და ეს იდეა უცხო იყო იმ ხალხისთვისაც, ვინც მის გარშემო ტრიალებდა. ფრაგმენტი მოვიყვანოთ ამ თავიდან: «მართამ უთხრა იესოს: “უფალო, აქ რომ ყოფილიყავი, ჩემი ძმა არ მოკვდებოდა, მაგრამ ახლა ვიცი, რომ რაც არ უნდა სთხოვო ღმერთს, ღმერთი მოგცემს”. იესომ უთხრა მას: “აღდგება შენი ძმა”.  მართამ მიუგო: “ვიცი, რომ აღდგება აღდგომისას, უკანასკნელ დღეს”. იესომ უთხრა: “მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე. ვისაც მე ვწამვარ, რომც მოკვდეს, გაცოცხლდება”» (იოანე 11:21-25).

       როგორც ვხედავთ, მართას სწამდა არა სულის გარდასახვის, არამედ მკვდრეთით აღდგომის «უკანასკნელ დღეს», და იესოს არ დაუწყია მისთვის აზრების შესწორება, მიუხედავად იმისა, რომ იმისათვის ყველაზე საჭირო სიტუაცია იყო, რათა მართასავის საქმის ჭეშმარიტი მდგომარეობა ეჩვენებინა, თუ იმას დავუშვებთ, რომ იესო რეინკარნაციის იდეას უჭერდა მხარს. და საერთოდ, შეუძლებელია იესო ამ იდეის მხარდამჭერი ყოფილიყო, რადგან თავადვე საუბრობდა იმის შესახებ, რომ უკანასკნელ დღეს მკვდრებს აღადგენდა: «რადგან მამაჩემის ნება ის არის, რომ ყველას, ვინც ძეს იხილავს და ირწმუნებს, მარადიული სიცოცხლე ჰქონდეს, და მე აღვადგენ მას უკანასკნელ დღეს» (იოანე 6:40);  «ჩემთან ვერავინ მოვა, თუ მამამ, ჩემმა გამომგზავნელმა, არ მიიზიდა, და მე აღვადგენ მას უკანასკნელ დღეს» (იოანე 6:44)

       და ბოლოს, მტკიცება ებრაელების 9:27-დან იმის შესახებ, რომ «ადამიანები კვდებიან ერთხელ, შემდეგ კი სასამართლოა», გამორიცხავს პიროვნების მრავალჯერ გარდასახვის იდეას.


       ამ საკითხის შეჯამება გავაკეთოთ: ვედების რელიგიის თვალსაზრისით, თითოეული ჯივის (ინდივიდუალური სული) მიზანია – მოკშის (მატერიალური საზრუნავისაგან განთავისუფლება) მიღწევა, სანსარის (გარდასახვის) წრის გაწყვეტით, და, ბოლოს და ბოლოს, – საკუთარი პირველმიზეზით ბრაჰმანს შეერწყას, ვედების თანახმად, მატერიალური სამყარო წარმავალია, წარმოადგენს დროებით მოვლენას ან საერთოდ – მაიას (ილუზიას). ამავდროულად, ბიბლიის თვასაზრისით, ღვთის ჩანაფიქრი იმაში მდგომარეობს, რათა მართალმა, ღვთის მორჩილმა ადამიანებმა მარადიულად იცხოვრონ სამოთხედ ქცეულ დედამიწაზე, გამუდმებით ღმერთს დაუახლოვდნენ, გასრულყოფილდნენ და უფრო მეტად გაამრავლონ ჰარმონია სამყაროში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ღვთის მიერ ერთხელ შექმნილი მატერიალური სამყარო მარადიულად იარსებებს: «მართლები დაიმკვიდრებენ დედამიწას და მარადიულად იცხოვრებენ მასზე» (ფსალმუნები 37:29).

        აქ პრინციპული განსხვავებაა: ბხაგავატ-გიტას თვალსაზრისით მატერიალური სამყარო – ესაა «სკვერნა» (კრიშნას სიტყვები: «ის გულწრფელადაა დაკავებული იოგას პრაქტიკით და ბოლოს და ბოლოს, მრავალი სიცოცხლის შემდეგ, სრულიად იწმინდება მატერიალური სკვერნისგან, სულიერ სრულყოფილებას იძენს და უზენაეს მიზანს აღწევს» (ბხაგავატ-გიტა 6:45)), ხოლო ბიბლიის თვალსაზრისით – ეს ასე არ არის: «აი რას ამბობს იეჰოვა, ცის შემოქმედი, ჭეშმარიტი ღმერთი, დედამიწის შემქმნელი და შემოქმედი, რომელმაც განამტკიცა იგი და ტყუილაუბრალოდ არ შეუქმნია, დასასახლებლად შექმნა» (ესაია 45:18)«იეჰოვასია ზეცა, დედამიწა კი ადამიანთა ძეებს მისცა» (ფსალმუნები 115:16). ბიბლიაში ნათქვამია, რომ დადგება დრო, როდესაც «დედამიწა იეჰოვას ცოდნით აივსება, როგორც ზღვაა წყლით სავსე» (ესაია 11:9)

        როგორც ვხედავთ, ბიბლიასა და ვედებს შორის ამ საკითხშიც – გაუვალი უფსკრულია.

        და ბოლოს, რატომ არსებობს ბოროტება და სიკვდილი?

        ალბათ, ეს იმ კითხვათაგან ერთერთია, რომლებსაც, ადამიანები მთელი ისტორიის განმავლობაში სვავენ. და ამ კიხვის პასუხზე ძალიან ბევრია დამოკიდებული, ფაქტიურად, ადამიანის ცხოვრებისეული გზა. 

        ბიბლიის თვასაზრისი ასეთია. ღმერთმა ადამიანები სრულყოფლები შექმნა. ბოროტება და სიკვდილი მაშინ გაჩნდა, როდესაც შეცოდება მოხდა – როდესაც პირველმა ადამიანებმა ღვთისადმი დაუმორჩილებლობა გამოავლინეს, სიკეთისა და ბოროტების შეცნობის ხის ნაყოფის შეჭმით («უბრძანა იეჰოვა ღმერთმა კაცს: "ბაღის ყოველი ხიდან შეგიძლია ჭამო, რამდენიც გესიამოვნება, მაგრამ სიკეთისა და ბოროტების შეცნობის ხიდან არ ჭამო, რადგან რა დღესაც შეჭამ, იმ დღესვე მოკვდები”» (დაბადება 2:16,17)«როგორც ერთი ადამიანის მეშვეობით შემოვიდა ცოდვა ქვეყნიერებაში და ცოდვის მეშვეობით – სიკვდილი, ამგვარად სიკვდილი გავრცელდა ყველა ადამიანზე…» (რომაელები 5:12)). 

       გარდა ადამიანების ცოდვილი არსისა, რომელიც ბოროტების, სიხარბის, შურის, ძალადობის, შეუწყნარებლობის, უზნეობისა და ა.შ. წყაროს წარმოადგენს, რომლებსაც ტანჯვამდე და სიკვდილამდე მივყავართ, არსებობს ბოროტებისა და ტანჯვის კიდევ ერთი წყარო, რომლის შესახებაც ბიბლია საუბრობს, ვედები კი არაფერს (!!!) ამბობს მის შესახებ, - ეშმაკი – ძლევამოსილი სულიერი პიროვნება, რომელმაც ღვთის წინააღმდეგ გაილაშქრა კაცობრიობის ისტორიის გარიჟრაჟზე («ვაი მიწასა და ზღვას, ვინაიდან თქვენთან ჩამოვიდა ეშმაკი, დიდად განრისხებული, რადგან იცის, რომ დრო ცოტაღა დარჩა» (გამოცხადება 12:12)). 

       სიკვდილთან დაკავშირებით ბიბლიის თვალსაზრისი ასეთია: «უკანასკნელი მტერი, რომელსაც ბოლო მოეღება, სიკვდილია» (1 კორინთელები 15:26). ბიბლიის თანახმად, ღმერთი «სამუდამოდ შთანთქავს სიკვდილს და ყველა სახიდან მოსწმენდს ცრემლს უზენაესი უფალი იეჰოვა» (ესაია 25:8), ასევე ღმერთი «მოსწმედს მათ ყოველ ცრემლს თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი, აღარც გლოვა, გოდება და ტკივილი» (გამოცხადება 21:4).

       ასე ესმის თუ არა ბოროტებისა და სიკვდილის მიზეზები და სიკვდილისადმი ღვთის დამოკიდებულება ვედების რელიგიასაც? აშკარაა, რომ არა. მაგალითად, ზემოთ ნახსენებმა სვამი ვივეკანანდამ ერთერთ თავის საუბარში ასეთი რამ თქვა: «ჩვენ იმაში გვიჭირს, რომ ჩვენი ჭეშმარიტი "მე" სიკეთისა და ბოროტების ზღვარსმიღმა იმყოფება: ჩვენ ამ ორი ურთიერთმარეგულირებელი საწყისების ღრმა გამოკვლევა გვჭირდება, რათა მივიდეთ დასკვნამდე, რომ ორივე მათგანი ერთნაირად აუცილებელია. გაორების იდეა ჯერ კიდევ ძველ სპარსებში იყო გავრცელებული. არსებითად, სიკეთე და ბოროტება – ერთი და იგივეა და ის მხოლოდ ჩვენს აზროვნებაშია ფესვგადგმული. ჩვენი აზროვნება თუ გაწონასწორებულია, მაშინ არც სიკეთეს და არც ბოროტებას არ შეუძლია მასზე ზემოქმედების მოხდენა. სრულიად თავისუფლები იყავით – და მაშინ ვერაფერი შეგბოჭავთ და თავისუფლებითა და ნეტარებით დატკბობას შეძლებთ». 

       ასე რომ, ერთერთი ყველაზე გამოჩენილი ვედური ფილოსოფოსის მოსაზრების თანახმად, სიკეთე და ბოროტება «ერთნაირად აუცილებელია» და «სიკეთე და ბოროტება – ერთი და იგივეა და ის მხოლოდ ჩვენს აზროვნებაშია ფესვგადგმული».      

         და ბიბლია რას ამბობს ამასთან დაკავშირებით? ბიბლია ამ გაგებებს ერთმანეთთან აპირისპირებს«კარგი ეძებეთ და არა ცუდი, რათა იცოცხლოთ და იეჰოვა, ლაშქართა ღმერთი იყოს თქვენთან, როგორც თქვენ ამბობთ კიდეც. შეიძულეთ ის, რაც ცუდია და შეიყვარეთ ის, რაც კარგია» (ამოსი 5:14,15). ასევე, ღვთის მცნებებისაგან განმდგარ ისრაელიანებზე საუბრისას, ღმერთი ამბობს: «სიკეთის მოძულენი ხართ და ბოროტების მოყვარულნი» (მიქა 3:2). კიდევ ერთი მაგალითი ასეთი ურთიერთდაპირისპირებისა: «გასაჭირსა და ვაებას მიუზღავს ყოველი ადამიანის სულს, რომელიც ბოროტებას სჩადის, … დიდებას, პატივსა და მშვიდობას კი მიაგებს ყველას, ვინც კარგს აკეთებს» (რომაელები 2:9,10). გარდა ამისა, ყურადღება უნდა მივაქციოთ შემდეგ აზრსაც: «ვაი მათ, ვინც კარგს ცუდს უწოდებს და ცუდს - კარგს» (ესაია 5:20).

         ეხლა ყურადღება მივაქციოთ მოწოდებას «სრულიად თავისუფლები იყავით». თავისუფლები რისგან? ან ვისგან?! განა იგივემ არ გაიჟღერა გველის (ეშმაკის) პირიდან ედემის ბაღში: «უთხრა გველმა ქალს: “მართლა გითხრათ ღმერთმა, ბაღის ყველა ხიდან არ ჭამოთო?” ქალმა გველს მიუგო: “ბაღის ხის ნაყოფები შეგვიძლია ვჭამოთ, მაგრამ იმ ხის ნაყოფზე, რომელიც ბაღის შუაგულში დგას, ღმერთმა გვითხრა: „არ შეჭამოთ, არც კი შეეხოთ, რომ არ მოკვდეთო“”. ამაზე გველმა უთხრა ქალს: “არა, არ მოკვდებით. იცის ღმერთმა, რომ რა დღესაც შეჭამთ მის ნაყოფს, თვალი აგეხილებათ და ღმერთივით სიკეთისა და ბოროტების მცოდნენი გახდებით”»? (დაბადება 3:1-5). 

       სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეშმაკმა ღვთის მიერ შექმნილი ადამიანები წაახალისა, რომ ღვთისაგან დამოუკიდებლები (თავისუფლები!) ყოფილიყვნენ, რათა თვითონ ყოფილიყვნენ, «ღმერთივით სიკეთისა და ბოროტების მცოდნენი».

       და ამ საკითხშიც ბიბლიასა და ვედებს შორის – გაუვალი უფსკრულია.

       ამგვარად, ბიბლიისა და ვედების სწავლებების მოკლე ანალიზიც კი აჩვენებს, რომ მათ შორის ჰარმონია შეუძლებელია არსებობდეს.

       რა თქმა უნდა, საუკეთესო ვარიანტი როდია – რომელიმე საკითხის განხილვის ისეთი დასკვნით დასრულება, რომელსაც ნეგატიური ელფერი დასდევს, ამიტომ ჩვენს განხილვას ასე დავასრულებთ: ღვთის სიტყვის ცოდნა გვეხმარება, რომ სიმართლე გავარჩიოთ სიცრუისგან და დავეხმაროთ იმ მოაზროვნე ადამიანებს, რომლებიც მზად არიან ფაქტებს თვალი გაუსწორონ, მიიღონ ცოდნა იეჰოვას შესახებ, რომლსაც მასთან მარადიული ურთიერთობებისაკენ მივყავართ.


იგორ ლისენკო (igor.v.lysenko@gmail.com)
---------------------------------------------------------

ნათარგმნია: jwapologetica.blogspot.com

Комментариев нет:

Отправить комментарий