среда, 25 февраля 2015 г.

სამშობლოს დაცვა ძველ აღთქმაში? ყურადღებით წავიკითხოთ


ომსა და «სამშობლოს დაცვას» ხშირად ძველი აღთქმით ამართლებენ. მისი ყურადღებით წაკითხვისას იოლი შესამჩნევია, თუ რამდენად უსაფუძვლოა ასეთი არგუმენტები. ომებს, რომლებსაც ძველი ისრაელიანები აწარმოებდნენ, ძალიან ცოტა რამ აქვთ საერთო თანამედროვე ომებთან. დავიწყოთ იქიდან, რომ ყველა ეს ომები პირველ რიგში ღმერთის ომები იყო, რომელიც თავისი ერისათვის იბრძოდა: (ყველა ბიბლიური მუხლი მოყვანილია საპატრიარქოს გამოცემიდან)



…ნუ გეშინიათ მათი, რადგან უფალი, ჩვენი ღმერთი, იბრძვის თქვენთვის (მეორე რჯული 3:22).

იცოდე დღეს, რომ უფალი, შენი ღმერთი, წინ გიძღვის, როგორც შთამთქმელი ცეცხლი; ის გაანადგურებს მათ და მოდრეკს მათ შენს წინაშე, და შენ განდევნი მათ და ადრე და მალე გადააშენებ, როგორც უფალმა გითხრა (მეორე რჯული 9:3).

იესო ნავეს ძისა და შემდგომი მსაჯულების მიერ ქანაანის დაპყრობა, ქანაანელ ერებზე იეჰოვას განაჩენის პირდაპირი შესრულება იყო, რომლებიც ძალადობაში და უზნეობაში იყვნენ ჩაფლულნი. ეს არ ყოფილა ომი თანამედროვე გაგებით (ან კიდევ გენოციდი, როგორც ამბობენ ხოლმე). ეს იყო ღვთის განაჩენი უწმინდურებზე, თავისი მიწიერი მსახურების მეშვეობით:

თქვა უფალმა: აჰა, ვდებ აღთქმას: მთელი შენი ხალხის წინაშე მოვახდენ სასწაულებს, როგორიც არცერთ ქვეყანაში და არცერთ ხალხში არ მომხდარა. დაინახავს მთელი ხალხი, რომლის წიაღშიც იმყოფები, თუ რა საშინელია ის საქმე, რომელსაც უფალი გიყოფს; დაიხსომე, რასაც ახლა გიბრძანებ: აჰა, ავყრი თქვენგან ამორეველებს, ქანაანელებს, ხეთელებს, ფერიზელებს, ხივიელებს და იებუსეველებს (გამოსვლა 34:10,11).

…შენი სიმართლისა და შენი გულწრფელობის გამო კი არ მიდიხარ მათი ქვეყნის დასამკვიდრებლად, არამედ მათი სიბოროტის გამო აყრის შენგან უფალი ამ ხალხებს (მეორე რჯული 9:5).

ისრაელის გამარჯვება სრულიად იყო დამოკიდებული ღვთის კურთხევაზე და სხვაზე არაფერზე. ნებისმიერი საომარი მოქმედების წარმატებას განსაზღვრავდა არა ჯარის რიცხობრიობა, არა მომზადება, არა სტრატეგია, არამედ მხოლოდ ღვთის მხარდაჭერა, რომელიც, თავის მხრივ, ყოველთვის ერისა და მისი ლიდერების სწორად მოქცევის შედეგს წარმოადგენდა.

უფლის სული იყო მასზე და გახდა იგი ისრაელის მსაჯული. გავიდა სალაშქროდ და ხელში ჩაუგდო უფალმა ქუშან-რიშთაიმი, არამის მეფე. სძლია მისმა ხელმა ქუშან-რიშთაიმს (მსაჯული 3:10).

წავიდა ხალხიდან სამიათასამდე კაცი, მაგრამ უკუექცნენ ჰაღაის ხალხს… თქვა იესომ: ეჰა, უფალო ღმერთო! რისთვის გადმოგყავდა ეს ხალხი იორდანეზე, თუ ამორეველთა ხელში ჩააგდებდი და დაღუპავდი… უთხრა უფალმა იესოს: ადექი, რატომ ხარ პირქვე დამხობილი? შესცოდა ისრაელმა (იესო ნავეს ძე 7:4, 7, 10, 11).

ბრძოლამდე ისრაელიანები სპეციალურად სთხოვდნენ ღმერთს კურთხევებს:

უთხრა გედეონმა ღმერთს: თუ ჩემი ხელით იხსნი ისრაელს, როგორც მეუბნებოდი, მაშინ საწმისს გავშლი კალოზე: თუ ცვარი მხოლოდ საწმისზე იდება, მთელი მიწა კი მშრალი იქნება, ვირწმუნებ, რომ ჩემი ხელით იხსნი ისრაელს, როგორც მეუბნებოდი (მსაჯული 6:36, 37).

ჰკითხეს ისრაელიანებმა უფალს… ისევ გავიდე, ჩემს ძმასთან, ბენიამინთან საბრძოლველად? უთხრა უფალმა: გაილაშქრეთ; რადგან ხვალ ხელში ჩაგაგდებინებთ მას (მსაჯული 20:27, 28).

ღმერთს ყოველთვის სურდა, რომ ებრაელებს კარგად გაეგოთ, თუ რატომ იგებენ ან აგებენ ისინი ომებს:

უთხრა უფალმა გედეონს: ძალზე ბევრი ხალხი გყავს. არ ჩავაგდებ ამათ ხელში მიდიანს, რომ არ გამიდიდგულდეს ისრაელი, არ თქვა, ჩემმა ხელმა მიხსნაო (მსაჯული 7:2).

ხშირად იეჰოვა ერეოდა სიტუაციაში და უწმინდურებს ზებუნებრივი ძალით ანადგურებდა:

გავიდა უფლის ანგელოზი და მუსრი გაავლო აშურის ბანაკში ასოთხმოცდახუთი ათას კაცს. ადგნენ დილით და, აჰა, მკვდარია ყველა (ესაია 37:36).

ისრაელიანებს დავალებული ჰქონდათ გაეშვათ ჯარიდან ყველა, ვისაც ბრძოლა არ შეეძლო, გარკვეული მიზეზების გამო ან თუნდაც უბრალოდ არ უნდოდა ბრძოლა:

რჯულისკაცებმა კი ასე უთხრან ხალხს: ვინც ახალი სახლი ააშენა და არ გაუნათლავს, წავიდეს და შინ დაბრუნდეს, რომ ბრძოლაში არ მოკვდეს და სხვამ არ განათლოს იგი; ვინც ვაზი დარგო და ვერ მოიწია, წავიდეს და შინ დაბრუნდეს, რომ ბრძოლაში არ მოკვდეს და სხვამ არ მოიწიოს იგი; ვინც ქალი დანიშნა და არ მოუყვანია, წავიდეს და შინ დაბრუნდეს, რომ ბრძოლაში არ მოკვდეს და ქალი სხვამ არ წაიყვანოს. კიდევ ელაპარაკონ რჯულისკაცები ხალხს და უთხრან: ვინც მშიშარაა და გულით ძაბუნი, წავიდეს და შინ დაბრუნდეს, რომ მოძმეებსაც არ დაუძაბუნოს გული თავისავით (მეორე რჯული 20:5–8).

და ბოლოს, ღმერთი ისრაელიანებს ერთგულებისათვის ომების არქონით კურთხევას დაჰპირდა:

როცა ავყრი ხალხებს შენგან და გაგიფართოებ საზღვრებს, აღარავინ დაეხარბება შენს მიწას, თუ წელიწადში სამგზის ეჩვენები უფალს, შენს ღმერთს (გამოსვლა 34:24).

უფლის დიდი შიში ჰქონდა ყველა იმ ქვეყნის სამეფოს, იუდას ირგვლივ რომ იყო, და არ ებრძოდნენ იოშაფატს (2 ნეშტთა 17:10).

ეს ძალზედ მნიშვნელოვანი მომენტია, რომელსაც ხშირად თავს არიდებენ. ისრაელიანები რომ ერთგულნი ყოფილიყვნენ, ქანაანის პირველი დაპყრობის შემდეგ მათ საერთოდ აღარ მოუწევდათ ბრძოლა, იმიტომ რომ გარშემომყოფ ერებს «უფლის შიში» შებორკავდა. რაც ხდებოდა კიდეც ცალკეული მსაჯულებისა და მეფეების პერიოდებში, როდესაც მშვიდობიანობა ათწლეულობით გრძელდებოდა. სამწუხაროდ, ასეთი პერიოდები ყოველთვის მალე მთავრდებოდა, ღმერთი ართმევდა თავის დაცვას და ებრაელები კვლავ დამბყრობელთა ხელში ვარდებოდნენ, რის შემდეგაც მათ კვლავ უწევდათ ბრძოლა. 

ამავე მიზეზის გამო უბრძანა ღმერთმა თავის ერს «არ ეყოლიებინათ ბევრი ცხენი» – მისადმი ერთგულების შემთხვევაში მათ ყოლას უბრალოდ აზრი არ ექნებოდა. ისრაელი შეძლებდა გამხდარიყო ერთადერთი ერი, რომელსაც არმია არ ეყოლებოდა:

ოღონდ [მეფემ] არ იყოლიოს ბევრი ცხენი და არ დააბრუნოს ხალხი ეგვიპტისკენ ცხენების მოსამრავლებლად (მეორე რჯული 17:16).

ხოლო ბიბლია რას გვასწავლის «სამშობლოს დაცვასთან» დაკავშირებით? მკითხველებს აქაც სიურპრიზი ელით: ებრაელები არასოდეს იცავდნენ სამშობლოს. პირველი, ძალიან ძნელად შეგვიძლია ქანაანს ვუწოდოთ მათი სამშობლო. არც აბრაამი, არც ისააკი, არც იაკობი, არც მოსე და არც იესო ნავეს ძე არ დაბადებულა ამ მიწაზე. დღევანდელი სიტყვებით რომ ვთქვათ, ისინი ოკუპანტები და აგრესორები იყვნენ. მაშ რაღატომ იცავდნენ ისინი მას? სუფთა რელიგიური მიზეზების გამო. მოდით იფთახის წერილი წავიკითხოთ ყამონიანთა მეფის მიმართ, რომელმაც ებრაელებს თავისი მიწის დაპყრობაში დასდო ბრალი და უკან მოითხოვა ის. იფთახი პასუხობს:

უფალმა, ისრაელის ღმერთმა, ხელში ჩაუგდო ისრაელს სიხონი და მთელი მისი ხალხი და მან გაწყვიტა ისინი; დაიმკვიდრა ისრაელმა ამორეველთა მთელი ქვეყანა, იმათი, ვინც იმ ქვეყანაში ცხოვრობდა; დაიმკვიდრეს ამორეველთა მთელი მიწა-წყალი არნონიდან იაბოკამდე და უდაბნოდან იორდანემდე. ასე აჰყარა უფალმა, ისრაელის ღმერთმა, ამორეველები თავისი ერის ისრაელის წინაშე, შენ კი სამკვიდრებელში ეცილები მას? ხომ ფლობ იმას, რაც დაგიმკვიდრა ქამოშმა, შენმა ღმერთმა? ჩვენც ვფლობთ ყველაფერს, რაც უფალს, ჩვენს ღმერთს, დაუმკვიდრებია ჩვენთვის (მსაჯული 11:21–24).

მოგვიანებით მხედართმთავარმა იოაბმა თქვა:

…გამაგრდი და მტკიცედ იდექი ჩვენი ხალხისათვის და უფლის, ჩვენი ღმერთის ქალაქებისთვის. უფალმა ქმნას, რაც ენებოს (2 მეფეთა 10:12).

აი რისთვის ომობდნენ ისრაელიანები – «ჩვენი ღმერთის სამკვიდრებელისთვის» და «ჩვენი ღმერთის ქალაქებისთვის». მათთვის ნაკლებსავარაუდოა ცნობილი ყოფილიყო სამშობლოს დაცვის თანამედროვე პოლიტიკური და ნაციონალისტური გაგება. მათ ღმერთისაგან მიიღეს მიწა დასამკვიდრებლად და ეს მნიშვნელოვანი რელიგიური საკითხი იყო. ეს წმინდა მიწა იყო, რომელიც არსებითად ღმერთს ეკუთვნოდა, მაშინ როდესაც ისრაელიანები ღმერთის ქონებას იცავდნენ. ამ მიწის დაცვას სუფთა რელიგიური მნიშვნელობა ჰქონდა და წმინდა რელიგიური ფასეულობების გამო ხდებოდა, და ამაზე იყო პირდაპირ მათი ღმერთთან ურთიერთობა დამოკიდებული (რაც, სხვათაშორის, მკვეთრად შეიცვალა ქრისტიანულ ეპოქაში – არც ქრისტე და არც მოციქულები არ მოუწოდებდნენ უცხო დამპყრობლებისაგან იუდეის ომით დაბრუნებას, რითაც ძველაღთქმისეულ ლოგიკას ამსხვრევდნენ, რომლის თანახმადაც დამპყრობლებთან ბრძოლა ყოველთვის სწორ ქმედებად ითვლებოდა).

ფაქტი იმაში მდგომარეობს, რომ ისრაელი ერი საერთოდ არ აწარმოებდა ომებს, ამ სიტყვის ტრადიციული გაგებით. ეს უნიკალური მოვლენა იყო, რომელსაც ანალოგი არ ჰქონია ისტორიაში არც მანამდე და არც მას შემდეგ. ღმერთი ადამიანების მეშვეობით იბრძოდა, ხშირად კი ადამიანების ნაცვლადაც. ღმერთი კი სამშობლოსთვის, დამოუკიდებლობისათვის ან ტერიტორიული მთლიანობისთვის კი არ იბრძოდა – მას არ სჭირდება ეს ადამიანური სათამაშოები, – არამედ იმ სამკვიდროსთვის, რომელიც მან აბრაამის შთამომავლებს მისცა, იმიტომ რომ მასთან (და მათთან) განსაკუთრებული კვანძებითა და ფიცით იყო შეკრული, რომელსაც მაშტაბური ისტორიული მნიშვნელობა ჰქონდა:

იმის გამო კი არ მოგისურვა და გამოგარჩია უფალმა, რომ სხვა ხალხებზე მრავალრიცხოვანი იყავი, შენ ხომ ყველა ხალხზე მცირერიცხოვანი ხარ, არამედ იმის გამო, რომ უყვარდით უფალს და ინახავდა თქვენს მამა-პაპასთან დადებულ ფიცს. გამოგიყვანათ უფალმა ძლიერი ხელით და გიხსნათ მონობის სახლიდან, ეგვიპტის მეფის, ფარაონის ხელიდან (მეორე რჯული 7:7, 8).

თავს გეფიცები, ამბობს უფალი, რაკი ეს საქმე გააკეთე, რაკი მხოლოდშობილი შენი შვილი გამოიმეტე ჩემთვის, კურთხევით გაკურთხებ და გიმრავლებ შთამომავლობას ცის ვარსკვლავებივით და ზღვის ქვიშასავით; დაიმკვიდრებს შენი შთამომავლობა შენს მტერთა ქალაქებს; იკურთხებიან შენი შთამომავლობის წყალობით ქვეყნიერნი, რადგან შეისმინე ჩემი სიტყვა (დაბადება 22:16–18).

და აქ ჩვენ მივადექით არსს. შეიძლება გაბედულად ითქვას, რომ ისრაელიანები თავის მიწას იმიტომ იცავდნენ, რათა მომავალში მთელ კაცობრიობას შესაძლებლობა ჰქონოდა, ცოდვების მიტევება მიეღო მესიის წყალობით, რომელიც ამ მიწაზე დაიბადა, ღვთისმოშიშ ოჯახში. იცავდა რა სამკვიდროს, რომელიც აბრაამს მისცა, ღმერთი «ქვეყნიერების» სიცოცხლესა და მარადიულ კურთხევას იცავდა, როგორც მაშინდელის, ისე მათი ვინც მომავალში იცხოვრებდა. აი რაში მდგომარეობს იმ ომების ნამდვილი არსი, რომლებზეც დღეს დროდადრო იცინიან და რომლების გამოც ღმერთს სასტიკს უწოდებენ, რადგან არ ესმით აბრაამთან, მის «თესლთან» და მთლიანობაში კაცობრიობასთან მიმართებით მისი ჩანაფიქრი.

თანამედროვე რელიგიური ლიდერების მცდელობები, ომები ბიბლიის ციტირებით გაამართლონ და ძველ ისრაელიანებს გაუთანაბრდნენ უბრალოდ სასაცილოა. არსებობს თუ არა დღეს რაიმე სახის განსაკუთრებული ურთიერთობა ღმერთსა და ადამიანებს შორის ნაციონალური ან წარმოშობის ნიშნით? არსებობს თუ არა კავშირი ომებში გამარჯვებებსა და ერის საქციელს შორის? აძლევს თუ არა ვინმეს ღმერთი პირდაპირ მითითებას, რომ ვინმეს ებრძოლოს? ეხმარება თუ არა ის მებრძოლ მხარეებს ზებუნებრივი სახით, აგზავნის თუ არა თავის ანგელოზებს მათ დასახმარებლად? სთხოვენ თუ არა მეომარი მხარეები ღმერთს კურთხევას და იღებენ თუ არა მას თვალნათლივ? აკურთხებს თუ არა ღმერთი "წმინდა" ერებს ხანგრძლივი მშვიდობით, და რომელია ეს ქვეყნები? ამცირებენ თუ არა ქვეყნები თავის არმიებს მინიმუმამდე? უშვებენ თუ არა არმიიდან ყველას, ვისაც არ უნდა ომში მონაწილეობა? ერთ ქვეყანას მაინც თუ მისცა ღმერთმა სამკვიდროდ მიწა? წარმოადგენს თუ არა დღეს რომელიმე მიწა წმინდას – სუფთა რელიგიური და არა ამ სიტყვის პროპაგანდისტულ პოლიტიკური გაგებით? გავლენას ახდენს თუ არა ნებისმიერი თანამედროვე ქვეყნის დაცვა მთელი მსოფლიოს ბედ-იღბალზე?

ყველა კითხვის პასუხია: არა. არცერთი თანამედროვე არმია და ქვეყანა, ისრაელის ჩათვლით, არ შეესაბამება იმ ომების პრაქტიკულად არცერთ პრინციპს, რომელთა შესახებაც ებრაულ წერილებში ვკითხულობთ, და მით უმეტეს არ შეესაბამება მათ დანიშნულებას.

-----------------------------------------------------------------------------------

თარგმნილია: chivchalov.blogspot.com


ასევე წაიკითხეთ:

ვინ არ არის დღეს "ამ ქვეყნიერების ნაწილი"?

რელიგია პასუხების გარეშე - აზრს მოკლებული რელიგიაა

სიკვდილი 17%-ით

Комментариев нет:

Отправить комментарий