вторник, 4 ноября 2014 г.

რელიგია პასუხების გარეშე - აზრს მოკლებული რელიგიაა



ამ დღეებში გაკვირვებულმა წავიკითხე, რომ მართლმადიდებლობაში პასუხი არ აქვთ კითხვაზე, რატომ უშვებს ღმერთი ბოროტებასა და ტანჯვას. პროტიერეი ვ. ჩაპლინმა ამ თემაზე გრძელი და ვრცელი სტატია დაწერა, მაგრამ სულ ბოლოს ის წერს:

იმ კითხვაზე პასუხი, რომელსაც დღეს თქვენს წინაშე ვაყენებ, მე, რაღა თქმა უნდა, არ მაქვს – ისევე როგორც, ის არ აქვს ადამიანების უმრავლესობას, ეკლესიის შიგნით თუ გარეთ.


მე ხშირად მომისმენია იმის შესახებ, რომ მართლმადიდებლობაში ისეთი სიღრმეა, ისეთი სივრცე და ისეთი სილამაზეა. მაგრამ, შეხედე, ასეთ მნიშვნელოვან შეკითხვაზე პასუხი კი არ ყოფილა. აბა რა საჭიროა მაშინ მთელი ეს სიღრმე? სტატიის დანარჩენი შინაარსი დაახლოებით შემდეგ აზრს მოიცავს: ბოროტება და ტანჯვა თუ არ მოგწონთ, ეს თქვენი პრობლემაა.

იქნებ ვ. ჩაპლინი ცუდადაა გარკვეული ამ საკითხში? მე მცირე ძიება ვაწარმოე ამ თემაზე ინტერნეტში. აი ამ კითხვას რომელიღაც ეპისკოპოსი პასუხობს. არც აქაა პასუხი. თავიდან არქიეპისკოპოსი ამბობს, რომ პირადად ღმერთი არაა პასუხისმგებელი ბოროტებაზე (რაც სწორია), ბოლოს მოუწოდებს საიქიო ცხოვრების რწმენისაკენ, მაგრამ მაინც არ ხსნის, თუ რატომ უშვებს ღმერთი ბოროტებას და თუ როგორ შევუთანხმოთ ღვთის სიკეთე ქვეყნიერებაში არსებულ ბოროტებასთან.

აი კიდევ ერთი, ერთ-ერთი ეპისკოპოსის ძალიან გრძელი სტატია. ეს მოცემულთაგან ყველაზე გრძელია. აქაც არის საღი აზრები (თანდაყოლილი ცოდვის შესახებ, რომელიც ადამმა გადმოგვცა), თუმცა კონკრეტულად კითხვაზე, რატომ უშვებს ღმერთი ბოროტებას, პასუხი მხოლოდ ერთ აბზაცშია მოცემული. თანაც ნახეთ, როგორი სასწაული პასუხია:

[ტანჯვა] ღვთისაგანაა დაშვებული, რათა მან ცოდვისაგან განგვწმინდოს. ჩვენს სულს, რომელიც ცოდვისგანაა წაბილწული, სხვაგვარად განწმენდა არ ძალუძს. როგორც ჩამჯდარი ჭუჭყის ამოღებას ვერ შევძლებდით ჯაგრისის გარეშე, ზუსტად ასევე ასუფთავებს ტანჯვა სულში ჩამჯდარ ცოდვის ჭუჭყს, ის ჩვენი განწმენდის აზრს ატარებს, ის ასრულყოფილებს ადამიანს. რადგან როდესაც ადამიანი იტანჯება, ის თავის სიყვარულს ავლენს, და ეს ტანჯვის კიდევ ერთ აზრს წარმოადგენს.

ესე იგი, უდანაშაულო ადამიანები იმიტომ იღუპებიან ომებში, ჩამოვარდნილ თვითმფრინავებში და სტიქიურ უბედურებებში, რომ სხვაგვარად მათი სული არ განიწმინდება. რას იფიქრებს ნებისმიერი ის ადამიანი, რომელიც დაღუპულ ახლობელს გლოვობს, ასეთ პასუხს რომ მოისმენს? რას გააკეთებს გარდაცვლილი ბავშვის მშობელი, როდესაც "მამაოსაგან" მოისმენს, რომ ეს აუცილებელი იყო მისი სულის განსაწმენდად? მართალია, გამობრუნდება და წამოვა ასეთი ეკლესიიდან, იმიტომ რომ სრულიად გაუცრუვდება იმედი მასში. მრავალი ზუსტად ამას აკეთებს კიდეც.

მართლმადიდებელი ეკლესია მარტო როდია ამ საქმეში. არც თუ დიდი ხნის წინ ანგლიკანური ეკლესიის თავკაცმა განაცხადა, რომ მას უჭირს ღვთის არსებობის დაჯერება… აბა გამოიცანით, რატომ. «იმ უსამართლობის გამო, რომელიც ქვეყვიერებაშია გაბატონებული». ეს არქიეპისკოპოსის სიტყვებია, მთელი ეკლესიის ხელმძღვანელის. მაშ მის მრევლზე რაღა უნდა ვთქვათ?

«ამ დღეებში დილის სირბილისას რაღაცაზე ვლოცულობდი და ყოვლადძლიერის მისამართით კითხვა დამებადა: შეხედე, ეს ყოველივე ძალიან კარგია, მაგრამ ნუთუ დრო არაა რაიმე გააკეთო, თუ აქ ხარ?» – გვიყვება ეპისკოპოსი. ასევე ანგლიკანური ეკლესიის თავმა გაგვიმხილა, რომ სხვადასხვა ცხოვრებისეულ სიტუაციებში არაერთხელ დაბადებია კითხვა: თუ ღმერთი არსებობს, სად არის ის?

ბოროტება და ტანჯვა – ეს ფუჭი თეორიული საკითხი როდია გონების სავარჯიშოდ. ეს ყველაზე ცხოვრებისეული და საჭირბოროტო საკითხია, რომელიც კი შეიძლება არსებობდეს. ის პირდაპირაა დაკავშირებული სიცოცხლის აზრთან, მთელ სამყაროსთან ჩვენს გარშემო და მასში ადამიანის ადგილთან. თუ რელიგიას არ ძალუძს მასზე ნათელი და დამაკმაყოფილებელი პასუხის გაცემა, მაშინ საერთოდ რისი გაკეთება შეუძლია მას ადამიანისათვის? რისთვის უნდა დაუძახო "მამაოს" ქელეხში და რისთვის უნდა გადაუხადო საკმაოდ საგრძნობი თანხა ზიარებისთვის, თუ მას იმის ახსნა არ შეუძლია, თუ რატომ მოკვდა ეს ადამიანი და როგორ უყურებს ღმერთი ყოველივე ამას? აბა რითაა ის დაკავებული თავის სამსახურში?

ის აგრეთვე იზოლირებული საკითხი როდია, ის პირდაპირ კავშირშია სხვა დანარჩენ უმნიშვნელოვანეს ბიბლიურ სწავლებებთან. ისინი ერთმანეთზეა მიბმული, როგორც გირლანდები. ჩვენ თუ ერთი არ გვესმის, ჩვენ ვერც სხვა დანარჩენებს მივხვდებით. თუ ჩვენ არ გვესმის, რატომ უშვებს ღმერთი ბოროტებას, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ არ გვესმის იმ მოვლენების მნიშვნელობა, რომლებიც ედემის ბაღში მოხდა ისტორიის განთიადისას. ჩვენ თუ ედემის ბაღში მომხდარი მოვლენების მნიშვნელობა არ გვესმის, მაშინ ჩვენ არც ჯაჭვის მეორე ბოლოსი - ღვთის სამეფოს შესახებ სწავლების არ გვესმის, რომელიც პირდაპირ გამომდინარეობს ბოროტების პრობლემიდან, იმიტომ რომ ამ პრობლემაზე ღვთის პასუხს წარმოადგენს. ჯამში, ჩვენ საერთოდ არაფერი არ გვესმის. ჩვენ ბიბლიაში ყველაზე მნიშვნელოვანის გვერდით მივფრინავთ და ცარიელ რიტუალიზმზე ვაკეთებთ დაშვებას, რომელიც მილიონობით უმნიშვნელო საქმეებს აკეთებს და მნიშვნელოვანს კი არცერთს. 

დღეს მრავალი ეკლესია აქტიურად ებრძვის ათეიზმს, მატერიალიზმს, გეი-აღლუმებს, ერთსქესიან ქორწინებებს, აბორტებს, ყველაფრის დაშვებულობას, დასავლური საზოგადოების სეკულარიზაციას და ა.შ. ყველა ამ პრობლემას ერთი სახელი აქვს: უღმრთოობა. ან ათეიზმი, ბერძნული მანერით. ადამიანები ყოველივე ჩამოთვლილით მაშინ კავდებიან, როდესაც ღვთის გარეშე იწყებენ ცხოვრებას. ეკლესიები ამას ხვდებიან. მაგრამ მათთვის კარგი იქნება თუ კიდევ ერთ რამეს მიხვდებიან – რატომ გაჩნდა ეს უღვთოობა, გვიანი რენესანსიდან მოყოლებული, რატომ გაჩნდნენ მილიონობით ათეისტები და მრავალ საზოგადოებებში ათეიზმი რატომ იქცა ნორმად. ეს იმიტომ სულაც არ მომხდარა, რომ ვიღაც უცბად მიხვდა, რომ ადამიანი შეიძლება მაიმუნისაგან წარმოქმნილიყო. ათეიზმის სიღრმისეული მიზეზები მეცნიერული კი არა, არამედ სულიერ-ზნეობრივია. ადამიანების მასებს იმედი გაუცრუვდათ ეკლესიების მიმართ, რომლებმაც დაკარგეს მათი სულიერ-ზნეობრივი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების უნარი. მაიმუნები აქ აბსოლუტურად მეორადი საკითხია.

ეკლესიებს თუ წარმატებით უნდათ მსოფლიო ბოროტებას შეებრძოლონ, მათ სარკეში უნდა ჩაიხედონ. ტრიბუნიდან მხილება კი არაა საჭირო, არამედ თავად უნდა გახდნენ კეთილი მწყემსები – ადამიანებს დამაკმაყოფილებელი პასუხები, რეალური ნუგეში და ნათელი ხელმძღვანელობა მისცენ. ამ შემთხვევაში ეკლესიებს კვლავ დაუბრუნდებათ დაკარგული აზრი და ყველა მათი გზააბნეული შვილები დაბრუნდებიან. სხვათაშორის, საზიზღარი «სექტების» პრობლემაც გაქრება.

მაგრამ, ეს მატარებელი დიდი ხანია რაც წავიდა. 

---------------------------------------------------------

თარგმნილია: chivchalov.blogspot.com

Комментариев нет:

Отправить комментарий