среда, 19 ноября 2014 г.

იესო, ფარისევლები და ფსალმუნის 110:1



სანამ ფარისევლები ერთად იყვნენ, იესომ ჰკითხა: «რას ფიქრობთ ქრისტეზე? ვისი ძეა?» «დავითის»,— უპასუხეს მათ. მან უთხრა: «მაშ, როგორღა უწოდებს მას შთაგონებით დავითი უფალს, როცა ამბობს: „იეჰოვამ ჩემს უფალს უთხრა: „იჯექი ჩემს მარჯვნივ, სანამ შენს მტრებს შენ ფეხქვეშ არ მოვაქცევ“? თუ დავითი მას "უფალს" უწოდებს, მისი ძე როგორღაა?» პასუხად სიტყვის თქმაც კი ვერავინ შეძლო. იმ დღიდან კითხვის დასმას ვეღარავინ უბედავდა. - მათე 22:41-45
ეს საუბარი 11 ნისანს შედგა - ჩვენი მხსნელის სიკვდილამდე სულ რამოდენიმე დღით ადრე. ფსალმუნის 110:1-ზე მსჯელობით, იესომ ფარისეველებს მისთვის უაზრო შეკითხვებით თავის მობეზრების სურვილი გაუქარვა, ისევე როგორც მანამდე სადუკეველები და ჰეროდეს მომხრეები გააჩუმა (მათე 22:15-34). ალბათ, მან ამით უძვირფასესი საათები გამოითავისუფლა მოსალოდნელ მისიაზე დასაფიქრებლად და თავისი მოწაფეების რწმენაში განსამტკიცებლად.


ცოტა ხნის წინ მე უკვე შევეხე ფსალმუნის 110:1-ის ლინგვისტურ თავისებურებებსა და იმას, თუ როგორ ჰფენენ ეს თავისებურებები შუქს იესოს მიმართ ტიტული kyrios (უფალი = ბატონი) გამოყენებას.* მოკლედ გავიმეორებ. ეს, ებრაული წერილების ყველაზე ხშირად ციტირებადი ტექსტია - ახალ აღთქმაში 20-ზე მეტი ციტირება გვხვდება. რაც იმას ნიშნავს, რომ მას უბრალოდ არ შეიძლება გავლენა არ მოეხდინა იმაზე, რასაც ქრისტიანები გრძნობდნენ და ფიქრობდნენ, როდესაც იესოს უწოდებდნენ kyrios. არადა ზუსტად ამ ფსალმუნში, მასორეტულ ტექსტში დგას ტიტული adoni - ექვივალენტი ფრაზისა kyriо moy, რომლითაც მეფეებს მიმართავდნენ და არა ღმერთს.

აქ ჩვენ განვიხილავთ, თუ თვითონ იესო როგორ მსჯელობდა ამ მუხლის საფუძველზე. რაში მდგომარეობდა მისი მსჯელობის ლოგიკა? იმის თქმა უნდოდა მას, რომ დავითმა იმავე მნიშვნელობით უწოდა ქრისტეს kyrios, რა მნიშვნელობითაც ის იეჰოვას მიმართ გამოიყენება? თუ არა, მისმა პასუხმა რატომ შეაცბუნა ასე ფარისევლები?


რას ფიქრობენ ტრინიტარები


ცოტა ხნის წინ, ერთმა მკვლევარმა ასე ახსნა ეს დიალოგი:
"თუ დავითი მას "უფალს" უწოდებს, მისი ძე როგორღაა?" ამ შეკითხვამ ფარისევლები მართლაც ჩიხში შეიყვანა: "პასუხად სიტყვის თქმაც კი ვერავინ შეძლო. იმ დღიდან კითხვის დასმას ვეღარავინ უბედავდა.".(მთ.22:41-46)
[...] უნდა ეთქვათ, საჭიროა გვახსოვდეს, რომ ორიგინალურ სიტყვებს אדני და kyrios, რომლებსაც ხშირად ტიტული "უფალი"-თ თარგმნიან, ერთზე მეტი მნიშვნელობა გააჩნიათ. თანაც საბაზო ლექსიკურ მნიშვნელობას წარმოადგენს "ბატონი". ეს არის და ეს. იმათ კიდე - პირში წყალი ჩაიგუბეს და შერცხვენილები წავიდნენ, რადგან ვეღარ ბედავდნენ შედავებას."
ავტორი ბოლომდე არ ამბობს სათქმელს, მაგრამ როგორც ჩანს ასეთი აზრისაკენ იხრება: ფარისევლები იმიტომ გაჩუმდნენ, რომ იესოს სიტყვები ისე აღიქვეს როგორც წმინდა წერილის იმ ადგილის ციტირება, სადაც ქრისტეს ეწოდება უფალი ყოვლისმპყრობელიმოწინააღმდეგეები თითქოსდა იძულებულნი იყვნენ ეღიარებინათ, რომ ტყუილაუბრალოდ სდებდნენ იესოს ბრალს იმაში, რომ "ღმერთად მოჰქონდა თავი" - რადგან წინასწარმეტყველური ფსალმუნიც კი "უფლად [ღმერთად]" აცხადებდა ქრისტესო (იოანე 5:18; 10:30-33).  დალაგებულად ჟღერს, მაგრამ მოსაზრებებზეა დაფუძნებული, და თავად ავტორი (თითქოს საკუთარ თავზე ხუმრობსო) გვიჩვენებს, თუ რა იოლად შეეძლოთ ფარისევლებს პარირება, იესოს არგუმენტი რომ ამაში მდგომარეობდეს. გარდა ამისა, ვიცნობთ რა ფარისეველება, რომლებიც პატარა რამეზეც კი ქვებს იღებდნენ ეგრევე ხელში, ჩვენ უფრო მწვავე რეაქციის მოლოდინი შეიძლება გვქონოდა, იუდაური მონოთეიზმის მკაცრი ტრადიციის დარღვევის მცდელობაზე. მაგრამ ასევე არსებობს კიდევ სხვა, იესოს ლოგიკისა და ფარისეველების უცნაური რეაქციის ბიბლიური საფუძველი. პირველ ყოვლისა საჭიროა განვსაზღვროთ, რომელმა აზრთა სხვაობამ აღძრა იესო რომ ეს თემა წამოეწია.

რაში მდგომარეობდა აზრთა სხვაობა?


დავაკვირდეთ, რომელი კითხვით დაიწყო იესომ: "რას ფიქრობთ ქრისტეზე? ვისი ძეა?" ანუ, კითხვის ნაცვლად "ვინ არის ქრისტე?" (kyrios / თუ არა kyrios) ყურადღების ცენტრში სხვა შეკითხვა იდგა - "ვისი ძეა ქრისტე?" (ღმერთის / დავითის / ორივესი). ეს ერთადერთი შემთხვევა არაა, როდესაც იესოს სურდა ადამიანებამდე მიეტანა აზრი, რომ ის არის - ქრისტე და ღვთის ძე (მათე 14:33; 16:16, 17; 26:63; 27:40, 43, 54).

მაგრამ ფარისევლები ელოდნენ მესიას, რომელიც უბრალოდ "დავითის ძე" იყო - ჩვეულებრივი ადამიანი მეფე, ძლიერი პოლიტიკური ფიგურა, რომლიც მათ რომის წნეხისაგან დაიხსნიდა. ნებისმიერს, ვინც თავს "ღვთის ძეს" უწოდებდა, ისინი ღვთისმგმობელად თვლიდნენ, რომელიც სიკვდილს იმსახურებდა (მათე 26:63-66; მარკოზი 22:69-71; იოანე 10:33-36; 19:7) ფარისევლების თვალსაზრისით ასეთი მესია - თავისი ადამიანობამდელი არსებობის შესახებ უცნაური იდეებითა და "უტოპიური" ზეციური სამეფოთი, რომელსაც სურვილი არ აქვს ახლავე აიღოს ხელში ძალაუფლება - არა მხოლოდ ვერ პასუხობდა ნაციის არსებულ მოთხოვნილებებს, არამედ საშიშიც კი იყო, რადგან თავის გარშემო ხალხს იკრებდა. ასეთი ქმედება რომის მიერ შეიძლება აღქმული ყოფილიყო როგორც აჟანყება (იოანე 11:48).

ფარისევლების ასეთი მიწიერი "პოლიტიკური სახარება" ეწინააღმდეგებოდა წმინდა წერილებს და მრავალი ადამიანის რწმენას ანგრევდა. მაგალითად, ფარისევლებთან ამ ბოლო საუბრამდე რამოდენიმე დღით ადრე ბრბო, იერუსალიმში შემავალ იესოს, როგორც მეფეს - "დავითის ძეს" ეგებებოდა. რა მოლოდინიც არ უნდა ჰქონოდათ მათ იესოსაგან, მათ უმეტესობას აშკარად იმედები გაუცრუვდა (მათე 27:20-25). ეს "ფარისეველთა საფუარის" მავნე შედეგი იყო.

იესოს მსჯელობის ლოგიკა


მოდით გავაგრძელოთ იესოს მსჯელობაზე დაკვირვება. ის კითხვას სვავს: "მაშ, როგორღა უწოდებს მას შთაგონებით დავითი უფალს?" აქ ჩანს, რომ ფარისევლები ეთანხმებიან იმას, რომ დავითი ქრისტეს უწოდებს kyrio moy (ჩემი უფალი = ჩემი ბატონი). ბიბლიიდან ჩანს, რომ ებრაელები ამ ტიტულს, მაღალი მდგომარეობის მქონე - ყველაზე ხშირად მეფისადმი, მიმართვისას იყენებდნენ. დავითს, რადგან მეფე იყო, ხშირად ესმოდა თავის მისამართით ასეთი მიმართვა და თავად მიმართავდა ასე საულს, როდესაც ის ჯერ კიდევ მეფე იყო (1 სამუელი 24:6). ამიტომ, იმისათვის რომ დავითის მიმართვა მესიის მიმართ kyrio moy მართებული ყოფილიყო, მას მასთან ერთად, მის ეპოქაში უნდა ეცხოვრა და მასზე აღმატებული მდგომარეობა სჭეროდა. მაგრამ მეფეს რომ ასე თავისი შთამომავლისთვის ეწოდებინა, მით უმეტეს ჯერ არ დაბადებულისათვის - ეს უპრეცენდენტო შემთხვევა იქნებოდა.** აქედან იესო დასკვნას აკეთებს: "თუ დავითი მას "უფალს" უწოდებს, მისი ძე როგორღაა?"  ამგვარად, ქრისტე ერთდროულად "დავითის ძეც" და "დავითის უფალიც" მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ყოფილიყო, თუ თავიდან სულიერ სამყაროში ცხოვრობდა და მაღალი მდგომარეობა ეკავა, ხოლო შემდგომ კი დედამიწაზე დაიბადა დავითის ხაზში.*** ხოლო ეს კი იმასაც ნიშნავს, რომ ის ასევე ღვთის ძეც იყო.

ფსალმუნის 110:1-ის გამოყენებით, იესომ ფარისევლები და მწიგნობრები იმაში ამხილა, რომ ისინი იმ მესიას არ ელოდნენ და ქადაგებდნენ, რომლიც ღმერთმა დაჰპირდა. მას სურდა ხაზი გაესვა, რომ მესიისთვის გარდა მნიშვნელოვანი ბიბლიური კრიტერიუმისა - ყოფილიყო "დავითის ძე", კიდევ უფრო მნიშვნელოვანი პირობა იყო - ყოფილიყო ასევე "ღვთის ძეც", რომელიც ზეციდან ჩამოვიდა (ლუკა 1:28). მხოლოდ ამ პირობით შეეძლო მას სრულყოფილად შეესრულებინა ღვთის ნება: გამხდარიყო ცოდვის "შესაბამისი გამოსასყიდი", ცაში დაბრუნებიდან ათასწლეულების შემდეგ კი - ადამიანები სრულყოფილებამდე მიეყვანა როგორც მეფესა და მღვდელმთავარს.

ერთსულოვანი სიჩუმით ფარისევლებმა აღიარეს, რომ თვით წმინდა წერილი ამხელდა მესიის შესახებ მათ არასრულფასოვან წარმოდგენებს, მათ შეცვლას კი ისინი არ აპირებდნენ. "თუ ფაქტები ხელს გვიშლიან - მით უარესი ფაქტებისათვის". რადგან მათ არ შეეძლოთ თავისი შეხედულებების დაცვა, მათ გადაწყვიტეს არ განეხილათ ისინი - ჯიუტი ადამიანების ჩვეული რეაქცია. აქედან მოყოლებული მათ ეშინოდათ იესოსთვის კითხვების დასმა, რათა კიდევ ერთხელ არ გამოეაშკარავებინათ საკუთარი არასულიერება და წერილების გაგების ასეთი სერიოზული არქონა. მათ იფიქრეს, რომ უფრო იოლი იყო მოეკლათ იესო, ვიდრე გადაერწმუნებინათ ან დასთანხმებოდნენ მას.

_________________________

* უბრალოებისთვის მე გამოვიყენებ ებრაული სიტყვის ბერძნულ ექვივალენტს. დეტალები იხილეთ აქ.
** ცხადია, იესოს ოპონენტები აღიარებდნენ 110-ე ფსალმუნს მესიანურ წინასწარმეტყველებად. მაგრამ საინტერესოა, რომ იმ პარადოქსის გამო, რომელზეც იესომ გაამახვილა ყურადღება, ზოგიერთმა რაბინმა გადაწყვიტა, რომ ტიტული kyrio moy-ს გამოყენებისას, დავითი საკუთარ თავს გულისხმობდა. ეს შეხედულება არეკლილია თარგუმებში - თანახის განმარტებით გადმოცემებში არამეულ ენაზე. აი წაკითხვის სამი განსხვავებული ვარიანტი: 
  • უფალმა თქვა თავის დადგენილებაში, რომ მე გამხდის თავისი ისრაელის ბატონად, მაგრამ მან მითხრა: "მოიცადე, სანამ საული მოკვდება ბენიამინის შტოდან, რადგან ერთი მმართველობა არ უნდა ხელყოფდეს მეორეს, და ამის შემდეგ შენს მტრებს შენს ფეხის სადგამად ვაქცევ". 
  • უფალმა თქვა თავის დადგენილებაში, რომ ბატონობას მომცემს იმის სანაცვლოდ, რომ თორას სწავლებას მოვეკიდები. "ჩემს ხელმარჯვნივ დაელოდე, სანამ შენს მტრებს შენი ფეხის სადგამად არ ვაქცევ". 
  • უფალმა თქვა თავის დადგენილებაში, რომ მე დამნიშნავს ისრაელის მმართველად, მაგრამ უფალმა მითხრა: "მოიცადე, სანამ საული ბენიამინის შტოდან დატოვებს სამყაროს; და ამის შემდეგ მიიღებ მემკვიდრეობად სამეფო ძალაუფლებას, და მე ვაქცევ შენს მტრებს შენი ფეხის სადგამად".
*** ესაიას 11:1, 10 წინასწარმეტყველება კიდევ ერთხელ ახდენს იმავე აზრის ილუსტრირებას - რომ იესო ერთდროულად "დავითის ძეცაა", და (რაღაც გაგებით) მისი "მამაც". მას ეწოდება «ყლორტი იესეს ძირკვიდან» და ამავდროულად «იესეს ფესვი». მსგავსად, იოანეს 8:56-58-ში იესო აბრაამს უწოდებს "მამათქვენი", და "აბრაამამდე" თავის არსებობაზე საუბრობს.

-------------------------------------------------------

Комментариев нет:

Отправить комментарий