воскресенье, 29 марта 2015 г.

იონას ნიშანი. რომელ დღეს გააკრეს ბოძზე იესო?



ტრადიციულად მიიჩნევა, რომ იესო პარასკევს ეწამა და მოკვდა. ზუსტად აქედან მომდინარეობს სააღდგომო პარასკევის სახელწოდებაც - "დიდი (წითელი) პარასკევი". ფაქტიურად ყველა ადრეული ქრისტიანი, და ყველა გნოსტიკოსიც კი ერთი აზრისანი იყვნენ ამ საკითხში - წარმოუდგენელი ერთსულოვნებაა, თუ იმ დაპირისპირებებს გავითვალისწინებთ, რომლებიც ქრისტიანობაში ბობოქრობდა II საუკუნიდან მოყოლებული.

მხოლოდ სულ მცირე ხნის წინ დაიწყეს ცალკეულმა მკვლევარებმა სხვა ვერსიების წამოყენება, მაგალითად, რომ იესო ოთხშაბათს გააკრეს ბოძზე. ასეთი შეხედულების მხარდამჭერები იესოს სიტყვების ბუკვალური გაგებიდან გამომდინარეობენ: "როგორც იონა იყო დიდი თევზის მუცელში სამი დღე და სამი ღამე, ასევე კაცის ძე იქნება სამ დღესა და სამ ღამეს დედამიწის გულში". (მათე 12:40) მათი აზრით, ქრისტეს სიკვდილიდან მის აღდგომამდე უნდა გასულიყო ზუსტად 72 საათი - წინააღმდეგ შემთხვევაში იესო ცრუწინასწარმეტყველი აღმოჩნდებოდა. მაგრამ ღირს კი ასეთი პედანტურები ვიყოთ?



"სამი დღე და სამი ღამე"

ტრადიციული შეხედულებისა და დროის იუდაური ათვლის წესის თანახმად, იესო სამი არასრული დღის განმავლობაში იყო მკვდარი - 14 ნისანის ნაწილი, 15 ნისანი სრულად, და 16 ნისანის ნაწილი. ებრაელის გაგებაში ეს სრულიად შეესაბამებოდა აღწერას "სამი დღე და სამი ღამე". როგორ არის ეს შესაძლებელი?

მსგავსი იდიომა “ამდენიღაც დღე და ღამე” ძალიან გავრცელებული იყო ებრაულ ენაში, და პრაქტიკულად არასოდეს აღიქმებოდა პირდაპირი გაგებით. (შეადარე ესთერი 4:16; 5:1) ძნელი არაა იმაში დარწმუნება, რომ წმინდა წერილებში, და მათ შორის სახარებებში, ფრაზები “სამი დღის შემდეგ” და “მესამე დღეს” მონაცვლეობით იხმარება ერთიდაიგივე მნიშვნელობით (დაბადება 40:12, 13, 18-20; 42:17, 18; 2 მატიანე 10:5, 12). ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ძველ დროს მცხოვრები ებრაელების დროის გამოთვლის არაბუკვალურობას. ამასვე მოწმობს წეს-ჩვეულებების შესასრულებლად დროის გამოთვლის მათი პრაქტიკა. ახალშობილი "მერვე დღეს" უნდა წინადაცვეთილიყო, და ის დღის დასრულებამდე რამოდენიმე წუთით ადრეც რომ დაბადებულიყო, ეს მოკლე მონაკვეთი სრულ დღედ ითვლებოდა.[1]


მტკიცებულებებისათვის მოდით რაბინ ელეაზარ ბენ აზარიას მოვმართოთ, რომელიც დაახლოებით ახ.წ. 100 წელს ცხოვრობდა, როგორც ებრაული ლექსიკის მცოდნესა და მატარებელს: “დღე და ღამე შეადგენენ onah [‘დროის მონაკვეთი’], ხოლო onah-ის ნაწილი ისე მიიღება როგორც მთლიანი დღე”.[2] რაბინულ ლიტერატურაში სხვა მაგალითებიცაა, სადაც “სამი დღე და სამი ღამე” იონას 1:7-დან, განიხილება ძველაღთქმისეულ იმ მონაკვეთებთან ერთად, სადაც საუბარია მოვლენებზე, რომლებიც “მესამე დღეს” ხდებოდნენ.[3] “ჩვენც ზუსტად ამ შუქში უნდა გავიგოთ მათეს 12:40”, წერს გერხარდ დილინგი.[4][5]



რას გვიყვება იოანე?

ოთხშაბათ დღეს ბოძზე გაკვრის თეორიის მხარდასაჭერად, დანარჩენ მუხლებს ამავე შუქში ხსნიან, თანაც დიდი გაჭირვებით. მაგალითად, აცხადებენ, რომ იესოს ბოლო ვახშამი მოწაფეებთან უბრალოდ გამოსამშვიდობებელი ვახშამი იყო, პასექი კი მომდევნო დღეს, ხუთშაბათს აღინიშნებოდაო. ამის მხარდასაჭერად იოანეს სახარებიდან ცალკეული მუხლები მოჰყავთ, ამავდროულად კი სამ დანარჩენ სახარებას იგნორირებას უკეთებენ. სინოპტიკური სახარებებიდან სრულიად ნათლად ჩანს, რომ გახსენების საღამოს დადგენამდე, იესომ ჯერ პასექი აღნიშნა. (მათე 26:17-19; მარკოზი 14:12-16; ლუკა 22:7-16) მაგრამ ჩვენ არ გვაქვს იმის სერიოზული მიზეზი, რომ ეჭვქვეშ დავაყენოთ იოანეს სახარების საიმედოობა, როგორც ამას, მაგალითად, კრიტიკოსები აკეთებენ ტუბინგენის სკოლიდან. განვიხილოთ ცალკეული "ძირითადი მუხლები".

იოანეს 18:28: ...იესო კაიაფასგან მმართვცელის სასახლეში წაიყვანეს. ახალი გათენებული იყო. თვითონ არ შესულან სასახლეში, რომ არ წაბილწულიყვნენ, და პასექის ჭამა შესძლებოდათ.


რადგან პასექი - 14 ნისანი - განუყოფლად კავშირში იყო “უფუარი პურების დღესასწაულთან” - 15 ნისანი და შემდგომი ექვსი დღე (კანონი 16:3), გარკვეული დროის შემდეგ მთელ ამ რვადღიან პერიოდს უწოდებდნენ როგორც "პასექს", ასევე “უფუარობის დღესასწაულს” (ლუკა 22:1; საქმეები 12:3, 4). ამიტომ სავარაუდოა, რომ სიტყვა “პასექში”, რომლის ჭამასაც აპირებდნენ იუდეველები მომდევნო დღეს, სხვა მსხვერპლშენაწირები იგულისხმებოდა, რომლებსაც 15 ნისანსა და მთელი რვადღიანი პერიოდის განმავლობაში სწირავდნენ მსხვერპლად. ასეთი შეხედულება ჰქონდა ალფრედ ედერშტეიმს: “ერთ ნებაყოფლობით მსხვერპლს სწირავდნენ პასექზე, ხოლო მეორეს, სავალდებულოს - მეორე დღეს, 15 ნისანს, უფუარი პურების დღესასწაულის პირველ დღეს. [რიცხვები 28:16-23] ზუსტად ამ მეორე მსხვერპლშესაწირის გამო ეშინოდათ იუდეველებს, რომ ვერ შეჭამდნენ, თუ პილატეს სასამართლო დარბაზში შესვლით წაიბილწავდნენ თავს”.[6] 

სხვა განმარტებებსაც გვთავაზობდნენ. მაგალითად, იუდაიზმის განსხვავებულ განშტოებებს განსხვავებული შეხედულებები ჰქონდათ იმასთან დაკავშირებით, თუ როდის უნდა ეჭამათ საპასექო მსხვერპლი. ეს იმ ბიბლიური მონაკვეთების მცირე უზუსტობებით შეიძლება აიხსნას, რომლებშიც დღესასწაულის თანმიმდევრობაა გადმოცემული. დასაბნევად, საკმარისია თუნდაც მხოლოდ კანონის 16:1-8 წავიკითხოთ (შვიდი თუ რვა დღე?).


განვიხილოთ მითითება საპასექო მსხვერპლის "ორ საღამოს შორის" დაკვლის შესახებ. (გამოსვლა 12:6) სამარიტელებსა და კარაიმებს ეს ესმოდათ როგორც მზის ფაქტიური ჩასვლისა და დაბნელებას შორის პერიოდი, ამიტომ საპასექო მსხვერპლს სწირავდნენ 14 ნისანის დამდეგს, ანუ მაშინვე რაც 13 ნისანს მზე ჩავიდოდა (როგორც ეს იესომ და მისმა მოწაფეებმა გააკეთეს). მაშინ როდესაც ფარისევლები და თალმუდისტები (ყოველ შემთხვევაში მოგვიანებით) თვლიდნენ, რომ საპასექო მსხვერპლი დაკლული უნდა ყოფილიყო 14 ნისანის დასასრულსმზის ჩასვლის დაწყებასა და მზის ფაქტიურ ჩასვლას შორის, ხოლო მისი ჭამა უკვე 15 ნისანს უნდა მომხდარიყო. ამგვარად მათ ერთმანეთში გააერთიანეს პასექი და უფუარი პურების დღესასწაულის პირველი დღე, და დღესასწაულის მათი აღნიშვნა გრძელდებოდა შვიდი სრული დღე და არა რვა.

აღსანიშნავია, რომ დღეს იუდეველების უმეტესობა პასექს 15 ნისანს აღნიშნავს, ზოგიერთები კი - გადაბმით ორ დღეს, 14 და 15. ასეთ განსხვავებულ გაგებებს, პრინციპში, იესოს დღეებშიც შეიძლება უკვე ეარსება. ამასთანავე გამორიცხული არაა, რომ მხვერპლშესაწირავების დიდი რაოდენობის გამო ლევიანები თავს ვერ ართმევდნენ ერთ საღამოს, ამიტომ იძულებულნი იყვნენ ხალხის დარჩენილ ნახევარს მეორე საღამოს მომსახურებოდნენ, მათ შორის სულიერ "ელიტასაც", რომლის შესახებაც იოანეს 18:28-ში ვკითხულობთ. (შეადარე 2 მატიანე 35:10-14)

იოანე 19:14: ...ამ დროს მიმდინარეობდა მზადება პასექისთვის. მეექვსე საათი იქნებოდა. პილატემ იუდეველებს უთხრა: «აი თქვენი მეფე!»

როგორ უკვე განვიხილეთ, ეს იმ საპასექო ვახშმის შემდგომი დღე იყო, რომლიც იესომ და მოწაფეებმა ჭამეს წინა საღამოს. მსგავს გამონათქვამებს ჩვენ 31 და 42 მუხლებში ვხვდებით. აქ ბერძნული სიტყვა paraskeue გადმოცემულია როგორც “მზადება”. ეს სიტყვა, როგორც ჩანს, აღნიშნავს არა პასექის წინა პერიოდს, არამედ დღეს, რომელიც წინ უსწრებს შაბათს, რომელიც იმ წელს "დიდებული" იყო, უფრო ზუსტად კი: მხოლოდ 15 ნისანი კი არ იყო - უფუარი პურების დღესასწაულის პირველი დღე, არამედ ასევე ყოველკვირეული შაბათიც.[7]

სხვა სიტყვებით იოანეს აზრები ასე შეიძლება გადმოვცეთ: “პასექის პარასკევი იყო” ან "საპასექო პარასკევი", ანუ პარასკევი საპასექო პერიოდის დროს. სიტყვა paraskeue ტექნიკური ტერმინი იყო - ის პრაქტიკულად ყოველთვის "პარასკევს" აღნიშნავდა ბიბლიაში და მთელ ადრექრისტიანულ ლიტერატურაში, და არასოდეს გამოიყენებოდა "პასექის წინადღის" მნიშვნელობით.[8] 


ესაა ყველაზე ლოგიკური, მაგრამ არა ერთადერთი შესაძლო ახსნა. რჩება ალბათობა, რომ მუხლი იუდეველთა ზოგიერთი ჯგუფის მიერ პასექის 15 ნისანს აღნიშვნაზე მიუთითებს, როგორც ზემოთ იყო ახსნილი იოანეს 18:28-ის განხილვისას.

იოანე 19:31...სამზადისის დღე იყო და გვამები წამების ბოძებზე რომ არ დარჩენილიყო შაბათს (რადგან ის დიდი შაბათი იყო [тот субботний день был великим]), იუდეველებმა პილატეს სთხოვეს, რომ წვივები გადაემტვრიათ მათთვის და ჩამოეხსნათ. 

ძელზე ოთხშაბათს გაკვრის იდეის მომხრეები ამტკიცებენ, რომ აქ სიტყვა "შაბათში [субботний день]" პასექის დღე იგულისხმება და არა ყოველკვირეული შამათი. თითქოსდა სინამდვილეში ეს ხუთშაბათი იყო. თუმცა ეს არანაირად არ ეთანხმება დანარჩენ სახარებებს, რომლებიც ადგილს არ ტოვებენ ორი შაბათისთვის ქრისტეს სიკვდილსა და მის აღდგომას შორის. გარდა ამისა, 14 ნისანი ბიბლიაში არსადაა აღწერილი როგორც დასვენების შაბათი, 15 და 21 ნისანისგან განსხვავებით, რომლების დროსაც, პირდაპირი მითითება იქნა მიცემული, "არ იმუშაოთ". (ლევიანები 23:6-8)


სტრაკმა და ბილერბეკმა რაბინული ლიტერატურიდან წარმოადგინეს მაგალითები, სადაც ყოველკვირეულ შაბათს  "დიდი დღე" ეწოდებოდა (megale hemera), თუ ის 15 ან 16 ნისანს ემთხვეოდა.[9] როგორც ჩარლზ ტორეი განმარტავს, ასეთ შემთხვევებში ''[ყოველკვირეული შაბათის] დამახასიათებელი ზეიმურობა მნიშვნელოვნად ძლიერდებოდა უმნიშვნელოვანესი წლიური დღესასწაულის აღნიშვნით".[10]


დამატებითი სირთულეები


მათეს 26:17...უფუარობის დღესასწაულის პირველ დღეს იესოსთან მოწაფეები მივიდნენ და ჰკითხეს: «სად გინდა, რომ საჭმელად მოგიმზადოთ პასექი?» (ასევე მარკოზის 14:12)

თუმცა ეს მუხლები არ წარმოადგენს განსაკუთრებულად საინტერესოს ოთხშაბათ დღეს ძელზე გაკვრის მხარდასაჭერად, მაგრამ ღვთის სიტყვის მოყვარულებს მისი გაგებაც სურთ. აქ გამოყენებული გამოთქმა “პირველი დღე” ასევე შეიძლება გადმოცემული იქნას როგორც “ერთი დღით ადრე”. აქ გამოყენებულ ბერძნულ სიტყვასთან დაკავშირებით, რომელიც თარგმნილია სიტყვით "პირველი", სქოლიო NWT-ში გვატყობინებს: “ან ’ერთი დღით ადრე’. ბერძნული სიტყვის [protos] ამგვარი გადმოცემა, რომელსაც მოსდევს სიტყვა ნათესაობით ბრუნვაში, ეთანხმება იოანეს 1:15,30-ის ასეთი კონსტრუქციის აზრსა და თარგმნას, უფრო ზუსტად კი ‘ჩემამდე [protos] არსებობდა’”. ლიდელისა და სკოტის ბერძნულ-ინგლისური ლექსიკონის თანახმად, “[protos] გამოიყენება იქ, სადაც უნდა მოველოდეთ [proteros (‘წინანდელი, წინათ’)]”.[11] იმ დროს პასექი უფუარი პურების დღესასწაულის პირველ დღედ ითვლებოდა. ამიტომ ორიგინალი ბერძნული ენა - იუდაურ ტრადიციებთან შერწყმით - საშუალებას გვაძლევს მივიჩნიოთ, რომ მოწაფეებმა იესოს პასექის წინ დაუსვეს კითხვა.[7]

მარკოზი 16:1, 2: ...შაბათი რომ გავიდა, მაგდალელმა მარიამმა, იაკობის დედამ მარიამმა და სალომემ სურნელოვანი მცენარეები იყიდეს, რომ მისულიყვნენ და მისთვის ეცხოთ. კვირის პირველ დღეს, დილით ადრე, როცა მზე ამოვიდა, ისინი სამარხთან მივიდნენ. 
ლუკა 23:56—24:1...შემდეგ დაბრუნდნენ [სამარხიდან], რათა სურნელოვანი მცენარეები და ნელსაცხებლები მოემზადებინათ. შაბათს კი მცნების თანახმად დაისვენეს. კვირის პირველ დღეს დილაუთენია გაემართნენ სამარხისკენ და თან წაიღეს მომზადებული სურნელოვანი მცენარეები.

შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ მარკოზი და ლუკა ერთმანეთს ეწინააღმდეგებიან. "72 საათის" მომხრეები ამის ახსნას შემდეგნაირად ცდილობენ, თითქოს იმ კვირაში ცერემონიალური და ყოველკვირეული შაბათები არ ემთხვეოდნენ ერთმანეთს, და რომ ეს თითქოსდა ადასტურებს იესოს ოთხშაბათ დღეს დასჯის შეხედულებას. მათი აზრით, მარკოზი და ლუკა ორ სხვადასხვა შაბათზე საუბრობენ, და რომ ქალებმა ბალახები პირველი შაბათის შემდეგ, ოღონდ მეორე შაბათის დადგომამდე იყიდეს. ისინი დღეებს შემდეგნაირად ითვლიან: ძელზე გაკვრა და დამარხვა მოხდა ოთხშაბათს მზის ჩასვლამდე (14 ნისანი), ხუთშაბათი ითვლებოდა ცერემონიალურ შაბათად (15 ნისანი), შემდეგი დღე იყო პარასკევი (16 ნისანი) და ზუსტადაც პარასკევს იყიდეს და მოამზადეს ქალებმა სურნელოვანი ბალახები, იესო აღდგა შაბათს მზის ჩასვლემდე (17 ნისანი), კვირა დილით კი (18 ნისანი) იესოს სხეულის საცხებად მივიდნენ.

ეს შეხედულება არალოგიკურია, იმიტომ რომ კვირის ამგვარი განრიგის შემთხვევაში ქალებს არაფერი უშლიდა ხელს, რომ იესოს სხეულისთვის პარასკევს ეცხოთ, იმის მაგივრად რომ კვირისათვის ელოდათ და დილაადრიან წასულიყვნენ სამარხთან. მითუმეტეს, რომ სამნახევარი დღის შემდეგ სხეულიდ დამუშავებას თითქმის აზრი აღარ ჰქონდა. (შეადარე იოანე 11:39). უფრო გონივრულია დავასკვნათ, რომ ორივე სახარების მწერალი ერთიდაიგივე (ყოველკვირეულ) შაბათზე საუბრობენ, უბრალოდ ქალებმა სურნელოვანი ბალახების ნაწილის მომზადება პარასკევს მოასწრეს, ხოლო დარჩენილი ნაწილი კი კვირა დილას იყიდეს როდესაც სამარხისაკენ მიდიოდნენ.[12] 

შეჯამებისას, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ იესომ თავისი პოლო პასექი პარასკევის დამდეგს, 14 ნისანს, აღნიშნა და მოგვიანებით იმავე დღეს იქნა ძელზე გაკრული. "მესამე დღეს" ის აღდგა, რითაც "იონას ნიშანი" წარმოადგინა, როგორც დაჰპირდა.


_____________________

1 THE TIME OF THE CRUCIFIXION AND RESURRECTION, Samuele Bacchiocchi.
2 იერუსალიმური თალმუდი, შაბბატ 9.3; ასევე შეადარე ბაბილონური თალმუდი, პესახიმ 4ა.
3 Midrash Rabbah: Genesis 56,1 (on Gen 22:4); Genesis 91,7 (on Gen 42:17-18); Esther 9,2 (on Esther 5:1). 
4 Theological Dictionary of the New Testament (Grand Rapids, 1974), vol. II, p. 950
5 დაწვრილებით ნახე Watchtower, 1944, pp. 86-88.
6 The Temple, 1874, pp. 186, 187. (წყარო: Insight on the Scriptures, v. 2, p. 583) აღსანიშნავია, რომ კანონის 16:3-ში შედარებით ზუსტ თარგმანებში ასეთი აზრია გადმოცემული: "შენ არ უნდა ჭამო მასთან ერთად [პასექთან] არაფერი საფუვრიანი შვიდი დღის განმავლობაში". ეს გვიჩვენებს, რომ პასექი შეიძლება იმ სხვა მსხვერპლებისთვისაც ეწოდებინათ, რომლებიც ამ შვიდი დღის განმავლობაში სწირავდნენ. (Exposition of the Entire Bible by John Gill [1746-63])
7 Insight on the Scriptures, v. 2, p. 583.
8 დაწვრილებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ წიგნს THE TIME OF THE CRUCIFIXION AND RESURRECTION, Samuele Bacchiocchi. ასევე იხილეთ იოანე 19:14, 31, 42 საპატრიარქოს თარგმანში.
9 H. L. Strack and P. Billerbec, Kommentar zum Neuen Testament aus Talmud und Midrash(Munich, 1922-1928), vol. 2, pp. 581f. and 847.
10 Charles C. Torrey (n. 4), p. 235.
11 გადახედული გამოცემა, H. Jones, Oxford, 1968, p. 1535
12 Watchtower, 1973 12/15 p. 766; Gill's Exposition of the Entire Bible, Mark 16.
-------------------------------------------------

ნათარგმნია: bibleapology.blogspot.com

Комментариев нет:

Отправить комментарий