понедельник, 1 сентября 2014 г.

ღმერთი და შეცდომები


არ არსებობს მართალი კაცი დედამიწაზე, 
რომელიც კარგს აკეთებდეს და არ სცოდავდეს
 (ეკლესიასტე 7:20)

ძალიან ხშირად შეიძლება ასეთი თვალსაზრისის მოსმენა: «იმისათვის რომ ღმერთს ემსახურო, უშეცდომო და იდეალური უნდა იყო. თუ ადამიანების რომელიმე ჯგუფი თვლის, რომ ღმერთი მათ იწონებს და კეთილგანწყობილია მათდამი, ის უშეცდომო და იდეალური უნდა იყოს, ნებისმიერი შეცდომა კი მისი კეთილგანწყობის დაკარგვას გამოიწვევს». ამ შეხედულებას ერთდროულად სამი პრობლემა აქვს: ბიბლიური, ლოგიკური და ზნეობრივი.



  • პირველი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ეს თვალსაზრისი არ ეთანხმება ბიბლიას. ისრაელი ერი ძალიან სერიოზულ შეცდომებს უშვებდა, მაგრამ დიდი ხნის განმავლობაში, ასწლეულების განმავლობაში, რჩემოდა ღვთის რჩეულ ერად. ქრისტიანულ კრებაშიც მრავალი პრობლემა იყო, რაც, მაგალითად, იმ კრიტიკიდან ჩანს, რომლითაც იესომ მიმართა რიგ კრებებს გამოცხადების პირველ თავებში. თუმცაღა ახალ აღთქმაში ჩვენ ვერსად ვერ წავიკითხავთ, რომ ასეთი პრობლემების გამო საჭირო იყო კრების დატოვება.
  • ლოგიკური პრობლემა: ღმერთი თუ ყველა ცალკე აღებულ ქრისტიანს პატიობს შეცდომებს, მაშინ რატომ არ შეუძლია აპატიოს ქრისტიანებს როგორც ჯგუფს? ყველა ჩვენთაგანი დაეთანხმება, რომ «ჩვენ ყველა ხშირად ვცდებით» (იაკობი 3:2), მაგრამ ჩვენ ყოველთვის ვიმედოვნებთ და გვჯერა, რომ ღმერთი მზადაა გვაპატიოს – სხვაგვარად მთელი ჩვენი რელიგია უბრალოდ აზრს მოკლებულია. მაგრამ თუ ეს ასეა, მაშინ რა იცვლება ინდივიდიუმის დონიდან ჯგუფის დონეზე გადასვლისას? რატომ წყვეტს ღმერთი მიტევებას მხოლოდ იმის გამო, რომ რამოდენიმე ქრისტიანი ერთად შეიკრიბა, მით უმეტეს რომ ეს მისთვის მოსაწონი საქციელია (ებრაელები 10:25)? ეს სრული აბსურდია.
  • და ბოლოს, ზნეობრივი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ ღმერთს სავსებით სასტიკ რაღაცეებში ვდებთ ბრალს. თუ მისადმი მსახურებისათვის უშეცდომობაა საჭირო, გამოდის, რომ ღმერთი ადამიანებს რეალურად შეუძლებელ მოთხოვნებს უყენებს. ასეთი ღმერთი უკვე არა მოსიყვარულე, არამედ სასტიკია, ის უბრალოდ ადამიანებს დასცინის. ასეთი ღმერთის მიბაძვის სურვილი აღარ გიჩნდება, არც მისი შეყვარება გსურს. ასეთი სასტიკი ღმერთის თაყვანისცემა ადამიანსაც აუცილებლად მიიყვანს გაბოროტებამდე და სისასტიკემდე.

მაგრამ შეუცდომლობა თუ მიუღწეველია, მაშინ, იქნებ, აზრი არ არქვს რომელიმე ჯგუფთან გაერთიანებას? თუ ყველა ცდება, მაშინ რა აზრი აქვს სადმე სიარულს, რაიმე ღონისძიებების მხარდაჭერას? ადამიანური თვალსაზრისით – შეიძლება ასეც არის, მაგრამ ღმერთი ყველაფერს სხვაგვარად უყურებს. გავიხსენოთ ბიბლიური მცნება: «ნუ მივატოვებთ ჩვენს შესაკრებელს, როგორც ზოგიერთებს სჩვევიათ, არამედ გავამხნევოთ [ერთმანეთი]» (ებრაელები 10:25). იცოდა ღმერთმა, რომ კრება შეცდომებს დაუშვებდა? რა თქმა უნდა, იცოდა. მაგრამ ამავდროულად მაინც მიგვითითა რომ არ მიგვეტოვებინა კრება. შესაბამისად, არასრულყოფილ კრებასას კი მოაქვს გარკვეული სარგებელი. ჩვენ თუ ღვთის თვალით გვსურს რომ ვუყუროთ ამა თუ იმ საკითხს, ჩვენ თავმდაბლურად გავაგრძელებთ მისი ნების შესრულებას, მაშინაც კი თუ ეს ვინმეს არალოგიკური ჰგონია.

აი უკვე რამოდენიმე წელია რაც ერთი და იგივე კითხვას მისვამენ: თუ რომელიმე ჯგუფი ამტკიცებს, რომ ის ღვთისგანაა კურთხეული, როგორ შეიძლება ის საერთოდ უშვებდეს შეცდომებს? როგორ შეიძლება შეცდომის დაშვება, თუ შენ ღმერთი გხელმძღვანელობს? ასეთი კითხვები იმის გამო წარმოიშობა, რომ ჩვენ ერთმანეთში გვერევა გაგებები «კურთხევა» და «შეუცდომლობა». მათ არაფერი აქვთ საერთო, გარდა ბოლო ასო-ბგერისა. ბიბლიის ფურცლებზე ჩვენ მრავალჯერ ვკითხულობთ, რომ ღმერთი დაპირებას იძლევა მხარი დაუჭიროს, დაეხმაროს, გაამაგროს და ა.შ. თავისი ერი, მაგრამ ვერსად ვერ ვკითხულობთ იმას, რომ ის ყველანაირი შეცდომებისაგან დაგვიცავს ჩვენ. გავიხსენოთ, მაგალითად, როგორი შეცდომები დაუშვა დავითმა, მაგრამ ღმერთი მასთან იყო მისი სიცოცხლის ბოლომდე. ეს უბრალოდ ბიბლიის ყურადღებით წაკითხვისა და წაკითხულზე დაფიქრების პრობლემაა.

ეს იგივეა როგორც ოჯახში: რამდენიც არ უნდა არიგონ მშობლებმა თავისი შვილები, ისინი მაინც აუცილებლად დაუშვებენ შეცდომებს. მაგრამ ნუთუ მშობლები პირველივე შეცდომის შემდეგ სახლიდან გარეთ გამოყრიან შვილებს? არა, სანამ ეს შეცდომები დასაშვების ზღვარზეა და გონივრულ ფარგლებს არ სცდება, მშობლებს კვლავს ეყვარებათ თავისი შვილები და კვლავ გააგრძელებენ მათ დარიგებას. ზუსტად ასევეა ქრისტიანულ კრებაშიც: სანამ ის ღვთის მოსაწონ თვისებებს ავლენს და მის შესახებ ჭეშმარიტებას არ ამახინჯებს («ჭეშმარიტება» და «ყოველი ბიბლიური მუხლის სწორად გაგება» კი აბსოლუტურად ერთი და იგივე არაა), უაზრობაა იმის ფიქრი, რომ ღმერთმა შეწყვიტა მისი კურთხევა და თავისი ნების შესასრულებლად გამოყენება.

მოდით მეორე მხრიდან შევხედოთ: თუ არც ღმერთის კეთილგანყობილებაა, არც მისი დახმარებაა, არც მისი ხელმძღვანელობაა, არც მისი წმინდა სულია, მაშინ რა აზრია ქრისტიანობაში და რელიგიაში? რა აზრი აქვს ლოცვით მიმართო ღმერთს, თუ ის არ გვისმენს ჩვენი შეცდომების გამო? რა აზრი აქვს მისი სიტყვის კვლევას, თუ ის არ დაგვეხმარება მის გაგებაში? რა აზრი აქვს სადმე შეკრებას, რაიმეს კეთებას, რაიმე მიზნისაკენ სწრაფვას, თუ ჩვენმა ცოდვილმა ბუნებამ სამუდამოდ ჩამოგვაცილა ღვთის კეთილგანწყობას? წარმოიდგინეთ, რომ რომელიმე მღვდელი ან პასტორი გამოდის სცენაზე და ამბობს: «ჩვენ ამა და ამაში შევცდით, და ამიტომ ღმერთი ჩვენთან აღარაა, ამიტომ ჩვენ უბრალოდ ადამიანური ინტერესების წრე გვაქვს, – მაგრამ მოდით მაინც ვილოცოთ და მაინც დავიწყოთ ჩვენი ღვთისმსახურება». ნუთუ აბსურდული არაა? მთელი ქრისტიანობის აზრი მხოლოდ იმაში მდგომარეობს, რომ ღმერთი იწონებს და მხარს უჭერს იმას, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. მე თუ არ მჯერა, რომ ღმერთი გვიჭერს მხარს მეც და იმ ჯგუფსაც, რომელშიც გავერთიანდი, მაშინ რით განვსხვავდები ათეისტისაგან? ასეთ შემთხვევაში მე მხოლოდ შეცოდებას ვიმსახურებ.

მე სპეციალურად არ ვიხსენიებ აქ კონკრეტული რელიგიური ჯგუფების სახელებს, იმიტომ რომ ეს ისეთი საერთო საკითხებია, რომლებიც ყველა კონფესიას ეხება. მრავალი ქრისტიანული ეკლესიები თვლიან საკუთარ თავს ჭეშმარიტად და ღვთისაგან კურთხეულად. მაგალითად, მართლმადიდებელი ეკლესია საკუთარ თავს უწოდებს «ღმერთკაცის ორგანიზმს» (პუნქტი I.2). და ეს სწორია, ესაა ქრისტიანობის ერთადერთი მოდელი, რომელიც ახალი აღთქმიდანაა ცნობილი. და ასეთი ეკლესიების მისამართითაც ზუსტად ისევე შეიძლება ბრალდების სროლა იმაში, რომ რადგან ისინი რაღაცაში შეცდნენ ან გარკვეული საკითხები არ ესმოდათ ბოლომდე, მათთან არ არის ღმერთი. ამ ბრალდების წაყენება პირველი საუკუნის ქრისტიანული კრებისთვისაც შეიძლება. აი რატომაა ეს ბრალდება არა რომელიმე ცალკეული კონფესიის წინააღმდეგ წაყენებული, არამედ მთლიანად ქრისტიანობის წინააღმდეგ. ეს ანტიქრისტიანული გამოხტომაა ათეისტური ბანაკიდან.

--------------------------------------------------------------------------------

თარგმნილია: chivchalov.blogspot.com


ასევე წაიკითხეთ:

«ცრუწინასწარმეტყველებების» თეორიის პრობლემები

ქრისტიანული თავისუფლების ძიებაში

Комментариев нет:

Отправить комментарий