суббота, 30 августа 2014 г.

ყველასთვის ყველაფერი გავხდი



იუდეველებისთვის იუდეველი გავხდი, რათა იუდეველები შემეძინა… სუსტებისთვის სუსტი გავხდი, რათა სუსტები შემეძინა; ყველასთვის ყველაფერი გავხდი, რათა როგორმე მეხსნა ზოგიერთი (1 კორინთელები 9:20, 22)

ხშირად მწერენ, რომ იეჰოვას მოწმეები, ისე არ ქადაგებენ, როგორც მოციქულები ქადაგებდნენო. მოციქულები ქრისტეს ქადაგებდნენ, იეჰოვას მოწმეები კი რაღაც სხვას ქადაგებენო. ამ დასკვნების ავტორებს სრულიად რჩებათ მხედველობიდან, რომ ახალი აღთქმა ძირითადად იმ ხალხისათვის ქადაგებას აღწერს, რომლებიც უკვე თაყვანს სცემდნენ ჭეშმარიტ ღმერთს, კარგად იცოდნენ წმინდა წერილი და მესიას ელოდებოდნენ. მაგრამ დღეს ასეთი ხალხი დედამიწის მოსახლეობის უმნიშვნელო პროცენტს წარმოადგენენ.


კარგი მქადაგებელი იმ აუდიტორიის თავისებურებებს უნდა ითვალისწინებდეს, რომლის წინაშეც გამოდის. მოციქულები კარგი მქადაგებლები იყვნენ. მაგალითად, როდესაც პავლე ბერძნულ-რომაურ წარმართებს უქადაგებს (საქმეების 17-ე თავი), ის აქცენტს ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთზე და კერპების უსარგებლობაზე აკეთებს, ქრისტეს კი სხვათა შორის მოიხსენიებს ერთხელ სულ ბოლოს. გარდა ამისა, ის იესოს სახელითაც (ან ტიტულით) კი არ მოიხსენიებს. პავლეს ფაქტიურად არ უქადაგია ქრისტე. უკვე მხოლოდ ეს ერთი ფაქტი არ გვაძლევს იმის მტკიცების საშუალებას, რომ «მოციქულები მუდამ ქრისტეს ქადაგებდნენ». მაგრამ პავლე სწორად მოიქცა, იმიტომ რომ აზრი არ აქვს ქრისტეზე ელაპარაკო ხალხს, რომლებმაც არაფერი არ იციან ჭეშმარიტ ღმერთზე, მის განზახვებსა და ჩანაფიქრზე. პირობითად რომ ვთქვათ, ესაა აუდიტორიის პირველი ტიპი, რომელიც ახალ აღთქმაშია მოხსენიებული. ის დიდად არაა გავრცელებული ახალაღთქმისეულ ტექსტში.

შედარებით ხშირად ქრისტიანულ წერილებში აუდიტორიის მეორე ტიპს ვხვდებით – ებრაელებსა და ებრაულ პროზელიტებს. ეს ხალხი უკვე თაყვანს სცემდა ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს, იეჰოვას, მათ უკვე იცოდნენ წერილები, მესიის შესახებ წინასწარმეტყველებების ჩათვლით, და უკვე ელოდნენ მესიასა და მის სამეფოს. მათთან ყოველივე ამაზე საუბარი აუცილებელი არ იყო. მესიანური მოლოდინი განსაკუთრებით ძლიერი ზუსტად პირველი საუკუნის პირველ ნახევარში იყო (ლუკა 3:15). იუდეველმა მწიგნობრებმა ისიც კი იცოდნენ, თუ რომელ ქალაქში დაიბადა ის (მათე 2:5). ბუნებრივია, ქრისტიანებს ისღა რჩებოდათ, თავისი თანამემამულეები იმაში დაერწმუნებინათ, რომ იესო ნაზარეთელი იყო ზუსტად ის მესია, რომელსაც ისინი ელოდნენ. ზუსტად ამიტომ შეიძლება შეიქმნას შთაბეჭდილება, რომ მოციქულები მხოლოდ ქრისტეზე ქადაგებდნენ და სხვაზე არაფერზე. მაგრამ მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ქრისტესადმი რწმენა იყო ერთადერთი, რაც იუდეველებს აკლდათ, და ერთადერთი, რაც მოციქულებს განასხვავებდა მათგან. ზუსტად ამიტომაც იყო მათდამი მიმართული ქადაგება ასეთი უბრალო.

მსგავსი აუდიტორიის ტიპიური მაგალითია – ეთიოპელი საჭურისი (საქმეების 8-ე თავი). ის ებრაული პროზელიტი იყო, ეთაყვანებოდა იეჰოვას, იცავდა მოსეს კანონს, კითხულობდა წერილებს. მას არ ესაჭიროებოდა სხვა რელიგიაში გადასვლა, რომელიღაც ახალ ღმერთზე მოსმენა ან მორალურ-ზნეობრივი ღირებულებების შეცვლა. მისთვის საჭირო იყო მხოლოდ იმის დაჯერება, რომ ებრაელი წინასწარმეტყველების მესიანური წინასწარმეტყველებები უკვე იესოზე შესრულდა. რაც კიდევაც გააკეთა ფილიპეს ქადაგების შედეგად.

თანამედროვე სიტუაციის განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ დღეს აუდიტორიის ამ ორი ტიპის, უკიდურესად ცოტა წარმომადგენელი არსებობს. წარმართი-პოლითეისტები არიან აფრიკასა და ინდოეთში, სამაგიეროდ სხვა ქვეყნებში ისინი თითქმის არ არიან (რუსეთში არიან სლავური ღვთაებების თაყვანისმცემლები, მაგრამ პირადად მე მათ არ შევხვედრივარ). მესიის მომლოდინე ებრაელები მრავალ ქვეყანაში არიან, მაგრამ ისინი ძალიან ცოტანი არიან. ისრაელშიც კი ყველა ებრაელსაც კი ვერ წარმოუდგენია კარგად, ვინ არის მესია, და მის მოსვლას ელოდება. რა თქმა უნდა, მე თუ ასეთ ადამიანს შევხვდები, მე მას ზუსტად ისევე ვუქადაგებ, როგორც მოციქულები – მოვუწოდებ, რომ იესო მიიღოს ქრისტედ, მხსნელად და უფლად.

რუსეთისა და უმეტესი სხვა ქვეყნების ტიპიური მაცხოვრებელი – ეს აუდიტორიის მესამე ტიპია. ეს არც წარმართი-პოლითეისტია, რომელიც გამოგონილ ღმერთებს ეთაყვანება, და არც ებრაელია, რომლიც კარგად იცნობს ჭეშმარიტ ღმერთს და მესიას მოელის. ესაა ელინიზირებული ქრისტიანული სამყაროს პასიური მიმდევარი, რომელიც ძნელად აცნობიერებს, თუ ვის ეთაყვანება და რას მოელის მომავლისაგან. პრინციპში ასეთი აუდიტორია ახალი აღთქმის ეპოქაში არ იყო, ამიტომ ჩვენ ვერსად ვერ შევძლებთ იმის წაკითხვას, თუ როგორ ქადაგებდნენ ასეთ სიტუაციაში მოციქულები. ჩვენ თვითონ უნდა მოვარგოთ სასიხარულო ცნობა ასეთ აუდიტორიას, მისი თავისებურებებისა და დღევანდელი სიტუაციის გათვალისწინებით.

ასეთ ადამიანს თუ უბრალოდ შევთავაზებთ ქრისტე იწამოს ან «გულში მიიღოს ის», დიდი შანსია ასეთი რამ გვითხრას: «მადლობა, უკვე მივიღე» – და ისევ ისე გააგრძელებს ცხოვრებას, როგორც ცხოვრობდა. ასეთი ქადაგება აზრს მოკლებულია, ის ვერაფერს აღწევს. თანამედროვე კონფესიები, ადამიანებისათვის «ქრისტეს მიღების» შეთავაზებით, ჯიუტად უკეთებენ იგნორირებას იმ ფაქტს, რომ ისინი პრინციპულად სხვა რელიგიურ-ისტორიულ სიტუაციაში იმყოფებიან, ვიდრე პირველი საუკუნის იუდეაში იყო. იუდეველებმა იცოდნენ მესიის შესახებ წინასწარმეტყველებები და ელოდნენ მის სამეფოს; თანამედროვე მცხოვრებლებმა არ იციან მესიის შესახებ წინასწარმერტყველებები და არ ელიან მის სამეფოს – ვინ უნდა მიიღონ მათ? პირველი ქრისტიანების კომუნიკატიური გზავნილი იყო: «მიიღეთ იესო როგორც ის მესია, რომელსაც ელოდებით». თანამედროვე მიმღები არ ელოდება მესიას, და ეს გზავნილი მასთან მიმართებაში არაკორექტულია. რა სტატუსით უნდა მიიღოს მან იესო?

კი, დღეს თითქმის ყველას გაუგია ქრისტეს შესახებ და მრავალ ქვეყანაში მრავალს სწამს მისი, მაგრამ ამასთანავე მათ სრულიად არ ესმით, ვინ არის ის. თანამედროვე მასიურ აზროვნებაში ქრისტე – გაუგებარი არსებითი სახელების კრებულია. ყველამ იცის, რომ ის ძეა, მაგრამ არ იცის, კონკრეტულად ვისი. იციან, რომ ის მხსნელია, მაგრამ არ იციან, რისგან იხსნა მან. იციან, რომ ის მეფეა, მაგრამ არ იციან, სად და როგორ მეფობს ის. იციან, რომ ის გზაა, მაგრამ არ იციან, თუ სად მიჰყავს მას. ქრისტე თითქოს უბრალოდ თავისთვის არსებობს, ის სრულიად ამოგლეჯილია მთელი ბიბლიური კონტექსტიდან. ასეთ ამოგლეჯილ და ავტონომიურ მდგომარეობაში ქრისტესადმი რწმენა სრულიად აზრსმოკლებულია, ეს ორი სიტყვისადმი ბრმა რწმენაა, რომელთაგანაც მეორე გვარად მიიჩნევა. ნაწილობრივ ეს იმასთანაა დაკავშირებული, რომ ბიბლიის ნაცვლად ადამიანები ახალ ნაჭერს კითხულობენ.

და ბოლოს, კიდევ ერთი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ თანამედროვე აუდიტორიის უმრავლესობამ ისიც კი არ იცის, თუ ვისი წარმოგზავნილი იყო ქრისტე და ვისი სწავლება მოუტანა მან ადამიანებს. ის ამბობდა: «რასაც ვასწავლი, ჩემი კი არ არის, არამედ ჩემი გამომგზავნელისაა» (იოანე 7:16). შევნიშნოთ, ეს სწავლება – მისი არაა. მაშ ვისია? დღეს ამ საკითხში ტოტალურ გაუთვითცნობიერებას აქვს ადგილი, და ესეც დიდი პრობლემაა, რომლის გადაჭრისკენაც უნდა იქნეს მიმართული თანამედროვე ქადაგება. ძველი წარმართების მსგავსად, თანამედროვე ადამიანიც ახსნას საჭიროებს, თუ ვინ არის ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთი, რით განსხვავდება ის ყველა დანარჩენისაგან, რა ჰქვია მას, თვისებები, ჩანაფიქრები. ეს ელემენტი მესამე ტიპის აუდიტორიას პირველთან აახლოებს.

როგორც არ უნდა იყოს, თანამედროვე ქადაგება ბრმად არ უნდა ახდენდეს პირველი საუკუნის ქრისტიანების მეთოდების კოპირებას, იმიტომ რომ ისინი ისეთ საძირკველზე აშენებდნენ, როგორიც დღეს აღარ არის. დღეს ქადაგება უფრო მეტად მოცულობითი უნდა იყოს, ის არ უნდა შემოიფარგლებოდეს მხოლოდ იესო ქრისტეთი, არამედ უნდა აშუქებდეს ღვთის ჩანაფიქრსა და განზრახვებს ფართე ბიბლიურ კონტექსტში, აი ია-დან დაწყებული. ქრისტე – ესაა სახურავი, რომელიც ბიბლიური ცნობის შენობას აგვირგვინებს, მაგრამ სახურავამდე ჯერ კედლებისა და საძირკველის აშენებაა საჭირო. მოციქულები კედლის ყველაზე მაღალ სართულზე იდგნენ, ჩვენ კი შიშველ მიწაზე ვდგევართ, სადაც საძირკველიც კი არაა ჩასხმული. როდესაც ქრისტიანობამ იუდევლობის საზღვრები გადაკვეთა, ეს სახლი დაინგრა და მისი ხელახლა აშენებაა საჭირო.

ქრისტესთან ერთად აქცენტი უნდა გაკეთდეს ღვთის სამეფოზე, როგორც მისი ქადაგებისა და ყველა მესიანური წინასწარმეტყველებების ცენტრალურ იდეაზე (ლუკა 1:32; 4:43). საჭიროა ვაჩვენოთ, თუ როგორაა დაკავშირებული ეს სამეფო ჭეშმარიტი ღვთის თვისებებთან და კაცობრიობის მიმართ მის ჩანაფიქრთან. ჩვენმა აუდიტორიამ უნდა იცოდეს, რომ სიტყვა «ქრისტე» ნიშნავს «ცხებულს», ანუ მეფეს, და თუ რომელ სამეფოზეა საუბარი. მნიშვნელოვანია იმის ახსნა, თუ კონკრეტულად ვინ სცხო ის, რადგან შეუძლებელია საკუთარი თავის ცხება. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს რელიგია-ფანტომი, რომელიც ყოველგვარ აზრსა და შინაარსსაა მოკლებული. სამწუხაროა, რომ ასეთი რელიგია-ფანტომის სწამს მილიონებს. მათთვის ქრისტე – უბრალოდ სიმბოლოა, ნახატია კედელზე.

სასიხარულო ცნობის ქადაგებაში არავითარი უნივერსალური შაბლონი არ არსებობს, რომელიც ავტომატურად შეიძლება გადაიცეს ნებისმიერ სიტუაციაში. აზრი არ აქვს იეჰოვაზე ელაპარაკო ებრაელ-ხასიდს ან მართლმადიდებელს შესთავაზო იესო ქრისტე იწამოს. ჩვენ მოციქულებს უნდა ვბაძავდეთ და ჩვენი ცნობა თანამოსაუბრეს უნდა მოვარგოთ, იმის გათვალისწინებით, თუ უკვე რა იცის მან. ჩემს მიერ მოყვანილის გარდა სხვა აუდიტორიებიც არსებობს, მაგალითად ათეისტები და მუსლიმანები. საერთოდ კი, რამდენი ადამიანიცაა, იმდენივეა მიდგომა.

---------------------------------------------------------------------------

თარგმნილია: chivchalov.blogspot.ru


ასევე წაიკითხეთ:

სასიხარულო ცნობა. რის შესახებ?

იესო არის ქრისტე

ახალი ნაჭერი

Комментариев нет:

Отправить комментарий