понедельник, 2 июня 2014 г.

აღდგომის კვირა - სამოციქულო ტრადიცია?



ორშაბათს, 2014 წლის 14 აპრილს იეჰოვას მოწმეებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს იესო ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამო. ისინი ამას ყოველწლიურად აკეთებენ, რადგან მიჰყვებიან თვით იესოს პირდაპირ მითითებას: "ეს აკეთეთ ჩემ გასახსენებლად" (ლუკა 22:19). ეს წლისთავი დაკავშირებულია არა აღდგომასთან, არამედ იესოს სიკვდილთან, როგორც ეს 1 კორინთელთა 11:26-დან ჩანს: "ყოველთვის, როცა ამ პურს შეჭამთ და ამ სასმისს შესვამთ, უფლის სიკვდილს აუწყებთ მის მოსვლამდე". ეს დღესასწაული "გარდამავალია" და მისი თარიღის დადგენა იმავე მეთოდით ხდება, რომლითაც ძველი იუდეველები პასექის თარიღს ადგენდნენ. იეჰოვას მოწმეები გახსენების საღამოს მხოლოდ და მხოლოდ მზის ჩასვლის შემდეგ აღნიშნავენ, მთვარის კალენდრით 14 ნისანის დადგომისას, კვირის რომელ დღესაც არ უნდა ემთხვეოდეს ეს საღამო.



მართლმადიდებელი და კათოლიკე ეკლესიები - ქრისტიანულ სამყაროში ყველაზე გავლენიანი დენომინაციები - თავის აღდგომას ყოველთვის იმ კვირა დღეს აღნიშნავენ, რომელიც გაზაფხულის ბუნიობის დღის შემდეგ პირველ სავსემთვარობას მოსდევს. განსხვავებული კალენდრების გამო მათი დღესასწაულები არასოდეს არ ემთხვევა ერთმანეთს და არასოდეს არ ემთხვევა იუდაურ პასექს (ასეა ჩაფიქრებული). საიდან იღებს სათავეს აღდგომის კვირა დღეს აღნიშვნის ჩვეულება? რა ჩვეულებას მისდევდნენ მოციქულები და ისინი ვინც მათ იცნობდა? ამ საკითხში გასარკვევად, ახ.წ. II-IV ასწლეულების, "აღდგომის შესახებ დავების" ადრეული ჩანაწერები დაგვეხმარებიან. საკმაოდ ბევრი ინფორმაცია დააგროვა ამის შესახებ ევსები კესარიელმა, ხოლო რაღაც რაღაცეებს კი სოზომენი და ეპიფანე კვიპროსელიც ამატებენ.

განხეთქილების ისტორია

დღესასწაულის აღნიშვნის დღესთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრება II საუკუნის დასაწყისში გაჩნდა და პირველი რეზონანსი დაახლოებით 155 წელს გამოიწვია, რის გამოც სმირნის ეპისკოპოსი პოლიკარპე რომში გაემგზავრა ეპისკოპოს ანიკეტუსთან (რომელიც რომის მე-11 პაპად მიიჩნევა). იმ დროისთვის რომის კრებებში ევქარისტიას იღებდნენ არა 14 ნისანს , არამედ მის მომდევნო უახლოეს კვირა დღეს, რითაც აქცენტები იესოს სიკვდილიდან, მის აღდგომაზე გადაიტანეს. აზიის ქრისტიანები კი, რომელთა წარმომადგენელიც გახლდათ პოლიკარპე, უცვლელად იცავდნენ 14 ნისანს - დღეს, როდესაც იესომ გახსენების საღამოს აღნიშვნა დაადგინა - მიუხედავად იმისა თუ კვირის რომელ დღეს ემთხვეოდა ის. მოგვიანებით, ამის გამო მათ ლათინური მეტსახელი კვარტოდეციმიანელები (ქართულად "თოთხმეტიანელები") შეარქვეს. რომში ამ შეხვედრისას, ეს ორი ეპისკოპოსი ვერ შეთანხმდნენ, მაგრამ გადაწყვიტეს, რომ ეს დიდ პრობლემად არ ექციათ.

მოგვიანებით, 190 წელს, უთანხმოება გამწვავდა. შედარებით უფრო რადიკალურმა რომის ეპისკოპოსმა ვიქტორმა, ადგილობრივი საბჭოები მოიწვია, რომლებზედაც ყველას ოფიციალურად უნდა დაედასტურებინა აღდგომის რომაული წესით, კვირა დღეს აღნიშვნა. ეპისკოპოსმა პოლიკრატემ, რომელსაც გავლენა ჰქონდა მცირე აზიაში, სადაც ძველებურად იცავდნენ 14 ნისანს, ვიქტორს შემდეგი წერილით გასცა პასუხი:
"ჩვენ მკაცრად ვიცავთ ამ დღესასწაულს, ჩვენ არც არაფერს ვამატებთ და არც არაფერს ვაკლებთ. ასიაში განისვენებენ რწმენის დიდებული მნათობები, რომლებიც აღდგებიან უფლის მოსვლის დღეს, როდესაც ის დიდებით შემოსილი ჩამოვა ციდან და ყველა წმინდანს მოძებნის: ფილიპეს, თორმეტიდან ერთერთს, რომელიც იერაპოლში განისვენებს, მის ორ ქალიშვილს, რომლებიც ქალწულები დაბერდნენ და მის კიდევ ერთ ქალიშვილს, რომელიც წმინდა სულში ცხოვრობდა და ეფესოში განისვენებს; იოანეს, რომელიც უფლის მკერდს იყო მიკრული, რომელიც მღვდელი იყო და დაფას ატარებდა, მოწმეს და მასწავლებელს, რომელიც ეფესოში განისვენებს; ასევე პოლიკარპე სმირნელს, ეპისკოპოსსა და წამებულს, ასევე ფრასეას, ევმენიელ ეპისკოპოსსა და წამებულს, რომელიც სმირნაში განისვენებს. ვილაპარაკო თუ არა საგარისზე, ეპისკოპოსზე და წამებულზე, რომელიც ლაოდიკეაში განისვენებს, ნეტარ პაპირიუსზე, ევნუქ მელიტონზე, სრულიად წმინდა სულში მცხოვრებზე, რომელიც სარდისში განისვენებს და მოელის ზეციდან მოსვლასა და მკვდრეთით აღდგომას. სახარების თანახმად, აღდგომას ყველა მათგანი მეთოთხმეტე დღეს (მთვარის თვის) აღნიშნავდა, არაფერს არღვევდნენ და რწმენის წესს მისდევდნენ. და მეც, პოლიკრატე, ყველაზე მცირე თქვენს შორის, ისე ვიქცევი, როგორც ჩემი ნათესავების მიერ გადმომეცა, იმას მივყვები. ჩემს მოდგმაში შვიდი ადამიანი იყო ეპისკოპოსი, მე მერვე ვარ. და ჩემი ახლობლები ამ დღესასწაულს ყოველთვის მაშინ აღნიშნავდნენ, როდესაც ერი საფუვრიან პურს არ ჭამს. მე, ძმებო, სამოცდა ხუთი წელია რაც უფალში ვცოცხლობ, რაც ძმებთან მაქვს ურთიერთობა მთელი მსოფლიოს მაშტაბით, მთელი წმინდა წერილი წავიკითხე და არავითარი მუქარისა არ შემეშინდება, რადგან ჩემზე დიდებმა თქვეს: "ღმერთს უფრო მეტად უნდა ვმორჩილებდეთ, ვიდრე ადამიანებს".
[...]
"მე შემიძლია ჩამოვთვალო ყველა დამსწრე ეპისკოპოსი, რომლის მოწვევაც თქვენ მირჩიეთ; მე ისინი მოვიწვიე. მე რომ ყველა მათგანის სახელები დავწერო, ძალიან დიდი ჩამონათვალი გამოვა. მათ იციან, თუ როგორი მცირე და არარაობა ვარ, მაგრამ ყველა დაეთანხმა ჩემს წერილს, რადგან იციან, რომ რის ვაივაგლახით კი არ მივაღწიე ჭაღარამდე, არამედ ყოველთვის ისე ვაწყობდი ჩემს ცხოვრებას, რომ ქრისტეს მივყოლოდი". [1]
მაშინ ვიქტორმა "გადაწყვიტა ერთიანად გაერიცხა განსხვავებული აზროვნებისათვის ასიის და მისი შემოგარენი ეკლესიები; ის წერილობით გმობდა ყველა იქაურ ძმას და ყველა მათგანს გარიცხულებად აცხადებდა".[2] ასეთი მწვავე რეაქცია, "აღდგომის შესახებ დავაში" მის მრავალ თანამოაზრესაც კი არ მოეწონა, მათ შორის ირინეოს ლიონელს, რომელმაც ვიქტორს მშვიდობისაკენ მოწოდებით მიმართა:
"სოტერამდე მცხოვრები პრესვიტერები, იმ ეკლესიის წინაპრები, რომელსაც დღეს შენ ხელმძღვანელობ: ანიკეტუსი, პიუსი, ჰიგინიუსი, ტელესფორუსი და სიქსტუსი — თვითონ არ იცავდნენ [14 დღეს] და არც თავისიანებს უანდერძეს. მიუხედავად ამისა მათ, რომელნიც არ იცავდნენ, მშვიდობა ჰქონდათ იმ ძმებთან, რომლებიც იმ ეკლესიებიდან მოდიოდნენ მათთან, სადაც მას იცავდნენ, თუმცა მისი დაცვა, მათ, ვინც მას არ იცავდა, უგუნურებად ეჩვენებოდათ. ამ ჩვეულების გამო არასოდეს არავინ უარუყვიათ; შენი წინამორბედი ეპისკოპოსები, რომლებიც მას არ იცავდნენ, ევქარისტიას იმ ეკლესიის წევრებს უგზავნიდნენ, რომლებიც მას იცავდნენ.

ნეტარი პოლიკარპე, ანიკეტუსის დროს რომში იყო; რაღაც რაღაცეებში ისინი ცოტა ვერ თანხმდებოდნენ ხოლმე, მაგრამ მაშინვე მშვიდობიანად რიგდებოდნენ, რადგან ამ მთავარ საკითხზე დავაც კი არ სურდათ; ვერც ანიკეტუსი არწმუნებდა პოლიკარპს რომ მიეტოვეინა ის, რასაც ყოველთვის იცავდნენ იოანე, ჩვენი უფლის მოწაფე და დანარჩენი მოციქულები, რომლებთან ურთიერთობაც ჰქონდა პოლიკარპეს; და ვერც პოლიკარპე ანიკეტუსს, რომელიც ამბობდა, რომ ის ვალდებული იყო, რომ თავისი წინამორბედების წეს-ჩვეულებები დაეცვა. მიუხედავად ამისა, მათ ერთმანეთთან ურთიერთობა ჰქონდათ; ანიკეტუსი, რა თქმა უნდა პატივისცემის გამო, უფლებას აძლევდა პოლიკარპეს, რომ მის ეკლესიაში ევქარისტია შეესრულებინა და ისინი ერთმანეთში და მთელ ეკლესიაში მშვიდობით შორდებოდნენ ერთმანეთს, როგორც ამ წესის დამცველები, ისე არ დამცველები". [3]
სამარცხვინოდ ცნობილ I ნიკეის კრებაზე, 325 წელს, საკითხი საბოლოოდ იქნა გადაწყვეტილი - სახარებისეული გადმოცემისა და მოციქულთა ტრადიციის საპირისპიროდ და რომისა და უმრავლესობის ტრადიციის სასარგებლოდ, თანაც დაუფარავი ანტისემიტური მოტივებით. იმპერატორმა კონსტანტინემ დაადგინა, რომ ამიერიდან ყველა ეკლესია ვალდებულია აღდგომა კვირა დღეს აღნიშნოს, და ყველა "თანამორწმუნეს" შემდეგი შემადგენლობის წერილი გაუგზავნა:
როდესაც საქმე აღდგომის უწმინდეს დღეზე მიდგა, საერთო თანხმობით მიჩნეული იქნა მიზანშეწონილად, რომ ეს დღესასწაული ყველას მიერ, ყველგან ერთი და იგივე დღეს იქნეს აღნიშნული. რადგან, რა შეიძლება იმაზე უფრო ღირსეული, უფრო საპატიო და შესაფერისი იყოს, ვიდრე იმ დღესასწაულის, რომლისგანაც უკვდავების იმედს ვიღებთ, ყველას მიერ და ყველგან ერთნაირი წესითა და განსაზღვრული წესით აღნიშვნა.
და ჭეშმარიტად, უპირველეს ყოვლისა, ყველას უკიდურეს უღირსობად მოეჩვენა ის გარემოება, რომ ამ უწმინდესი ღონისძიების აღნიშვნისას ჩვენ იუდეველთა წეს-ჩვეულებას უნდა მივყოლოდით, რომლებმაც, ოოო საძაგელი არამზადები! მას შემდეგ რაც საკუთარი ხელები საშინელი დანაშაულით შებღალეს, დამსახურებულად არიან დაბრმავებულნი თავის გონებაში. 
ამიტომ შესაბამისად, ვუარყავით რა ამ ერის პრაქტიკა, უნდა მარადვყოთ მომავალ საუკუნეებში ამ ჩვეულების უფრო კანონიერი წესრიგით აღნიშვნა, რომელსაც ჩვენ უფლის ტანჯვის პირველივე დღიდან, დღევანდელ დღემდე ვინახავდით. და დაე არაფერი საერთო არ გვქონდეს მეტად მტრულად განწყობილ იუდეველ ნაძირალებთან. ჩვენ სხვაგვარი მეთოდი მივიღეთ ჩვენი მხსნელისაგან. ჩვენი უწმინდესი რელიგიისათვის, უფრო კანონიერი და შესაფერისი გზაა გახსნილი. ამ გზის ერსულოვნად მიყოლით, მოდით თავი ავარიდოთ, ჩემო ღრმად პატივცემულო ძმებო, ამ უსაძაგლეს საზოგადოებებს. [4]

პეტრე და პავლე კვირა დღეს აღნიშნავდნენ?

ზოგირთები შეიძლება შეგვედაონ, რომ აღდგომის კვირა დღეს აღნიშვნის ტრადიცია - რომაული კი არის, მაგრამ ის ასევე სამოციქულოცაა, რადგან ის პეტრესა და პავლესაგან მოდის, რომლებიც რომის ეკლესიის ფუძემდებლებად ითვლებიანო. მსგავსი მოსაზრებების გათვალისწინებით, მოდით ეს საკითხი ამ კუთხითაც განვიხილოთ. როგორც ჩანს, მსგავსი მოსაზრება ჰქონდა ევსები კესარიელს, რომელიც IV ასწლეულის დასაწყისში წერდა 190 წელს მომხდარი მოვლენების შესახებ:
ამ დროს სავსებით მნიშვნელოვანი საკითხის გადახედვა დაიწყეს: ასიის ყველა ეკლესია, ვითომდა ძალიან ძველ გადმოცემაზე დაყრდნობით, მიიჩნევდა, რომ გადამრჩენი აღდგომის დღესასწაული, მთვარის თვის მეთოთხმეტე დღეს უნდა აღნიშნულიყო, იმ თვეში რომელშიც იუდეველებს დაევალათ კრავის დაკვლა; კვირის რა დღესაც არ უნდა დამთხვეოდა თოთხმეტი, მარხვა უნდა შემწყდარიყო. ასეთი წეს-ჩვეულება მსოფლიოს დანარჩენ ეკლესიებში არ ჰქონიათ; მოციქულთა გადმოცემის თანახმად ისინი დღემდე შემონახულ ჩვეულებას იცავდნენ: მარხვის შეწყვეტა მხოლოდ ჩვენი მხსნელის აღდგომის დღეს შეიძლება[5]
დააკვირდით, ევსები როგორ ასუსტებს კვარტოდეციმიანელთა არგუმენტს: "... ვითომდა ძალიან ძველ გადმოცემაზე დაყრდნობით...". და თანაც ამავდროულად აღდგომის კვირა დღეს "მოციქულთა გადმოცემას" უწოდებს. ევსების ასეთმა შეხედულებამ არ უნდა გაგვაოცოს, რადგან მთელ ამ წიგნს გასდევს წითელ ხაზად რომაელი ეპისკოპოსების მოციქულთა მემკვიდრეობის იდეა. [6] მაგრამ უკვე შემდგომ თავში მას მოჰყავს ირინეოსის ვიქტორისადმი მიწერილი წერილი (იხ. ზემოთ), და მას დამახინჯებების გარეშე გადმოსცემს, როგორც ეს ისტორიკოსს შეეფერება. თუ გავითვალისწინებთ, რომ აღდგომის შესახებ დავაში ირინეოსი, მისი კვირა დღეს აღნიშვნის მიმხრე იყო, მისი ჩვენება განსაკუთრებით სარწმუნოა. 

ირინეოსის სიტყვებიდან ჩანს, რომ კვარტოდეციმიანელთა ჩვეულება დაფუძნებულია სულ მცირე სამი მოციქულის გადმოცემაზე, იოანეს ჩათვლით, რომელმაც ცხოვრების ბოლო წლები მცირე აზიაში გაატარა. და პირიქით, ის არ საუბრობს "კვირა დღის" ტრადიციაზე, როგორც მოციქულთა გადმოცემაზე, არამედ ამ ჩვეულებას წინა ეპისკოპოსებს მიაწერს. მათ შორის "ანიკეტუსს, პიუსს, ჰიგინიუსს, ტელესფორუსი და სიქსტუსს ", რომლებიც "თვითონ არ იცავდნენ [14 დღეს] და არც თავისიანებს უანდერძეს". დააკვირდით, რომ ქსისტუსი (ან სიქსტუსი) პირველი იყო, ვის შესახებაც, როგორც საკვირაო აღდგომის მომხრის შესახებ, ცნობილი გახდა ირინეოსისთვის. თუ გავითვალისწინებთ, რომ მისი ეპისკოპოსობა (115-125 წწ.) იმპერატორ ადრიანეს მმართველობას ემთხვევა, სავსებით რეალისტურია ვივარაუდოთ, რომ ზუსტად სიქსტუსმა გადაიტანა აღდგომის დღესასწაული კვირა დღეზე. ადრიანე იუდეველების დაუნდობელ დისკრიმინაციას ეწეოდა და მისი მმართველობისას ქრისტიანებს რომის იმპერიაში, განსაკუთრები კი დედაქალაქში, დიდი ცდუნება ჰქონდათ იმისა, რომ უარეყოთ ყოველივე ის, რაც მათ იუდეველებთან აკავშირებდა. [7] მათ შორის - სერობის, იუდეველთა პასექის დღეს აღნიშვნა.

შემდგომ თავში ევსები ასევე მოიხსენიებს ეპისკოპოსების მიერ პალესტინის კრებაზე მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელიც სააღდგომო დავის მოსაგვარებლად იქნა მოწვეული:
პალესტინელი ეპისკოპოსები: ახლახანს ჩვენგან მოხსენიებული ნარკისე და თეოფილე, კასიუსი, ტიროსელი ეპისკოპოსი, კლარ პტოლემეიდელი და სხვები,—ერთად შეიკრიბნენ და მემკვიდრეობით შემონახული აღდგომის აღნიშვნის სამოციქულო გადმოცემებზე დიდი ხნის მსჯელობის შემდეგ, ასეთი სიტყვებით გადმოსცემენ თავის დასკვნას:  
"შეეცადეთ ყველა ეკლესიაში გაგზავნოთ ჩვენი გზავნილის სიები, რათა ჩვენ არ ვიყოთ მათ სულებზე პასუხისმგებელი, ვინც ადვილად ვარდება ცდომილებაში. გატყობინებთ: ალექსანდრიაში დღესასწაულს იმავე დღეს აღნიშნავენ, რომელ დღესაც ჩვენ ავღნიშნავთ. ჩვენგან მათთან იგზავნება შეტყობინებები, მათგან ჩვენთან, ასე რომ ჩვენ წმინდა დღეს შეთანხმებულად და ერთად ავღნიშნავთ". [8] 
აი თურმე რაშია საქმე... მოციქულთა გადმოცემების შესახებ "დიდი ხნის მსჯელობის" შემდეგ ეპისკოპოსებმა იმაზე დამაჯერებელი ვერაფერი ვერ იპოვეს, ვიდრე ალექსანდრიის ეკლესიის პრაქტიკის მაგალითად მოყვანაა. როგორც ჩანს, თვითონ მოციქულთა გადმოცემაში არ არსებობდა კვირა დღეს აღდგომის აღნიშვნის საფუძველი, სხვა შემთხვევაში საუკეთესო არგუმენტი მათი პირდაპირ ციტირება იქნებოდა. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, რომ იმ ეპისკოპოსთა შემადგენლობაში, რომლებმაც 190 წელს ეს გადაწყვეტილება მიიღეს, უმეტესობას უკვე აღარ წარმოადგენდნენ იუდეველები. 135 წელს ადრიანეს მიერ ბარ-კოხბის შეთქმულების ჩახშობის შემდეგ იერუსალიმის ეკლესიის შემადგენლობაში უპირატესად არაებრაელები შედიოდნენ და განაგებდნენ. ამიტომ მათთვის არაფერს არ წარმოადგენდა 14 ნისანის აღნიშვნის ტრადიციაზე უარის თქმა, რომელიც ასე ახლობელი იყო მოციქულთათვის.

იმ მოსაზრების საწინააღმდეგო ბოლო საბუთად, რომ თითქოსდა პეტრე და პავლე კვირა დღეს აღნიშვნას ასწავლიდნენ, მოვიყვანთ ნაწყვეტს ეპიფანე კვიპროსელის (403 წლამდე) წიგნიდან "პანარიონი" (რაც თარგმანში ნიშნავს "აფთიაქს"). ქვემოთ მოყვანილ ნაწყვეტში ის ცდილობს ავდიანელების განსხვავებული აზრების გაქარწყლებას, რომლებიც განსაზღვრულ დროს 14 ნისანის აღნიშვნას დაუბრუნდნენ:
თავისი სწავლების მხარდასაჭერად ავდიანელები მიუთითებენ მოციქულთა დადგენილებებზე, რომელთაც მრავალი ეჭვქვეშ აყენებს; მაგრამ მათი უარყოფა არ შეიძლება, რადგან მათშია ის ყველაფერი, რაც ეკლესიის კეთილ სახელს შეეხება, და არაფერია ისეთი, რაც რწმენას, მის აღსარებას, ეკლესიის მართვას და წესებს ეწინააღმდეგება. იმ გამონათქვამს კი, რომელიც აღდგომის სწავლების დასადასტურებლადაა მოყვანილი, ზემოთნახსენები ავდიანელები ცუდად ხსნიან და უმეცრების გამო არასწორად ესმით. რადგან მოციქულები იმავე დადგენილებებში შემდეგ განმარტებას აკეთებენ: თქვენ ნუ შეადგენთ განსაზღვრებებს, არამედ დღესასწაული მაშინ აღნიშნეთ, როდესაც მას აღნიშნავენ თქვენი ძმები, არსებულნი წინადაცვეთიდან; მათთან ერთად აღასრულეთ. არ უთქვამთ: თქვენი ძმები, არსებულნი წინადაცვეთაში, არამედ წინადაცვეთიდან, რათა ეჩვენებინათ, რომ მას შემდეგ რაც წინადაცვეთიდან ეკლესიაში გადმოვიდნენ ხელმძღვანელები გახდნენ, და რათა ერთნი მეორესთან თანხმობაში მოსულიყვნენ, ანუ, რათა ზოგს სხვა დროს რომ არ აღესრულებინათ დღესასწაული და ზოგს - სხვა დროს. რადგან მთელი მათი ზრუნვა ეკლესიის გაერთიანებისაკენ იყო მიმართული, რათა არ ყოფილიყო განხეთქილებები და დაყოფები. ავდიანელები კი, რადგან არ ესმოდათ მოციქულთა აზრები და დადგენილებებში მოყვანილი სიტყვები, ფიქრობდნენ, რომ პასექი იუდეველებთან ერთად უნდა შესრულებულიყო. ამავდროულად წინადაცვეთილთაგან თხუთმეტი კაცი ეპისკოპოსი გახდა [135 წლამდე], და როდესაც ეპისკოპოსები წინადაცვეთილთაგან დანიშნული იქნენ იერუსალიმში, მთელ მსოფლიოს უნდა მიებაძა მათთვის და პასექი მათთან ერთად უნდა აღენიშნათ,  რათა ყოფილიყო ერთსულოვნება, ერთიანი მოძღვრება და დღესასწაულის ერთიანი შესრულება. მაგრამ მამების მცდელობა იმისა, რომ ადამიანთა აზრები ეკლესიის გაერთიანებამდე მიეყვანათ, რომელსაც ამდენი ხნის განმავლობაში ვერ ეღირსა შესრულება, ღვთის წყალობით კონსტანტინეს დროს შეძლო შესრულება ერთსულოვნებისათვის.
მოციქულთა დადგენილებები, რომლებიც იმ დროისთვის იყო ხელმისაწვდომი, პირდაპირ ამოწმებდნენ, რომ მოციქულთა შორის, მათ შორის პეტრესა და პავლეს შორის, არსებობდა ერთიანი აზრი - აღნიშვნა უნდა მომხდარიყო 14 ნისანს. ხოლო რეფორმების მთავარი სულის ჩამდგმელები არაებრაელი "ქრისტიანები" იყვნენ. ამგვარად ეპიფანემ, ავდიანელთა შეხედულებების გაქარწყლების მცდელობით, ძვირფასი ინფორმაცია დაგვიტოვა. ამგვარად მან საკუთარი ეკლესია ამხილა, გაერთიანებისაკენ ლტოლვის საბაბით მოციქულთა დადგენილებების შეცვლაში.

ამ განდგომილების ჭეშმარიტი მიზეზი, იუდეველთა წინააღმდეგ დაწყებული დევნები, შემდეგ კი იუდეველების მიმართ კონსტანტინეს დაუფარავი ზიზღი გახდა. ანტისემიტიზმმა გამოიწვია 14 ნისანის უარყოფა და აღდგომის კვირა დღეს აღნიშვნის დადგენა. და თუმცა თავიდან ეს შესაძლოა უწყინარ ვარიაციად ჩანდა, საბოლოო შედეგად მან ჩვენი მხსნელის მიერ დადგენილი მცნების რღვევამდე მიიყვანა ისინი, მცნებისა რომლის თანახმადაც უნდა მოხდეს მისი გამომსყიდველური სიკვდილის გახსენება. ამის სანაცვლოდ აქცენტი მის აღდგომაზე გადაიტანეს, რადგან ნელნელა დაივიწყეს სწავლება გამოსასყიდის შესახებ. ამიტომ პაპებისა და ეპისკოპოსების თანმიმდევრობა, რომლებსაც პრეტენზია აქვთ მოციქულთა მემკვიდრეობაზე, ესტაფეტის ისეთ მორბენლებს შეიძლება შევადაროთ, რომლებმაც შეჯიბრის დასაწყისშივე დაკარგეს გადასაცემი ჯოხი, მაგრამ ყველანაირი წესების მიუხედავად მაინც აგრძელებენ სირბილს.

__________________________

2 იქვე.
3 იქვე.
6 მოგვიანებით ასეთივე თვალსაზრისი ჰქონდა სოზომენსაც, რომელიც დაახლოებით 450 წელს წერდა: "და მე მგონია, რომ ვიქტორმა, რომის მაშინდელმა ეპისკოპოსმა, და პოლიკარპე სმირნელმა სავსებით ბრძნულად გადაწყვიტეს ძველად, ამ საკითხზე წამოჭრილი დავა: რადგან როდესაც დასავლელი იუდეველები მიიჩნევდნენ, რომ არ უნდა მოეძულებინათ პეტრესა და პავლეს გადმოცემა, აზიელები კი ამტკიცებდნენ, რომ საჭირო იყო ევანგელისტი იოანეს მიყოლა; მაშინ ხსენებულმა ეპისკოპოსებმა ერთმანეთის თანხმობით განსაზღვრეს, რომ არც ერთი და არც მეორე, პასექის თავისი წეს-ჩვეულებით აღნიშვნის მიუხედავად, არ ჩამოცილებულიყვნენ ორმხრივ ურთიერთობას". - სოზომენი, საეკლესიო ისტორია, წიგნი 7, თავი 19 (რუს.).
7 იხილეთ ს. ბაჩიოჩი, From Sabbath to Sunday, თავები. 5-7.
9 ეპიფანე კვიპროსელი, პანარიონი, ავდიანელთა განხეთქილების წინააღმდეგ (რუს.), პარაგრაფი. 10.

თარგმნილია: http://bibleapology.blogspot.com
------------------------------------------------

ასევე წაიკითხეთ:



Комментариев нет:

Отправить комментарий