среда, 1 февраля 2023 г.

სამშობლოსა და მისი დაცვის შესახებ

 


ყოველთვის სასარგებლოა განსაზღვრებებში გარკვევა. რა არის მამული, ან სამშობლო? ერთი ვარიანტია: ქვეყანა, რომელშიც დავიბადე და გავიზარდე. კარგი, მე სსრკ-ში დავიბადე და გავიზარდე, დღეს კი მის ადგილას სხვა სახელწოდების, სხვა საზღვრების, სხვა დროშის, გერბისა და ჰიმნის, სხვა საზოგადოებრივ-პოლიტიკური წყობისა და იდეოლოგიის მქონე სახელმწიფოა. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ მე ჩემი მამული-სამშობლო დავკარგე? უნდა გამოვიდე თუ არა იარაღით ხელში საქართველოს წინააღმდეგ ჩემი სამშობლოს დასაცავად, რომელიც მან მე წამართვა? ასეთი მოწოდებები ჯერ არ მომისმენია, თუმცა ის სრულიად ჯდება სამშობლოს, როგორც ქვეყნის დაცვის ლოგიკაში.

თუმცაღა ადამიანების უმრავლესობა მაინც იმ მოსაზრებას დაეთანხმება, რომ მამული და სამშობლო – უბრალოდ ქვეყანა კი არა, არამეს გაცილებით რთული გაგებაა, რომელიც კულტურას, ისტორიას, ენას და ა.შ. მოიცავს. ქვეყანა შეიძლება შეიცვალოს, სამშობლო კი დარჩეს. მაშინ პასუხის მეორე ვარიანტი: სამშობლო – ეს კულტურულ-ისტორიული გარემოცვაა. წარმოვიდგინოთ სიტუაცია, რომ რომელიმე სავარაუდო მოწინააღმდეგეს, მაგალითად თურქეთს, ჩვენი მიერთება უნდა, მაგრამ ამავდროულად ჩვენი კულტურის განადგურებას არ აპირებს. ის ჩვენი სახელწოდების დატოვებასაც გვპირდება, დროშისაც, ენისაც და ტერიტორიისაც – თუმცა მხოლოდ ავტონომიის უფლებებით. ის გვეუბნება: «თქვენ შესანიშნავი კულტურა გაქვთ, ჩვენ თქვენი მეგობრები ვართ, თქვენს შევიწროვებას არ დავიწყებთ, მოდით ერთად ვიცხოვროთ, როგორც მოძმე ერებმა – მაგრამ თურქეთის შემადგენლობაში. ჩვენ თქვენში ფულსაც კი ჩავდებთ და განვითარებაში შეგიწყობთ ხელს». საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა იტყვის, რომ ასეთ რამეზე უარის თქმა და იარაღის ხელში აღებაა საჭირო. კულტურულ-ისტორიულ გარემოცვას საფრთხე არ ექმნება, მაგრამ ამავდროულად სამშობლოა საფრთხეში. გამოდის, პასუხის მეორე ვარიანტიც არასწორია.

მესამე ვარიანტი: კულტურულ-ისტორიული გარემოცვა პოლიტიკური სუვერენიტეტის ფარგლებში. თანამედროვე თათრები ავიღოთ. მათი კულტურულ-ისტორიული გარემოცვა – ესაა თათრული კულტურა, თათრების ისტორია, თათრული ენა, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თათარსტანი. მაგრამ თათარსტანს პოლიტიკური სუვერენიტეტი არ გააჩნია. თათრებმა რა უნდა მიიჩნიონ თავის სამშობლოდ? თუ თათარსტანი, ისინი სუვერენიტეტს იღებენ მსხვერპლად, თუ მთელი რუსეთი, ისინი კულტურულ-ისტორიულ გარემოცვას იღებენ მსხვერპლად. ამ ორი კომპონენტის გაერთიანებას ისინი ვერ შეძლებენ. ამგვარად მესამე განსაზღვრებასთან დაკავშირებითაც პრობლემები არსებობს – ის ყოველთვის გამოსადეგი არ არის.

სამშობლო – ესაა რაღაც ძალიან ეფემერული და რთულად განსასაზღვრი. განა უცნაური არ არის, რომ ამავდროულად ყველა ერთსულოვანია იმაში, რომ მისთვის ბრძოლაა საჭირო? ბრძოლა სიტუაციაში, რომელშიც ჩვენ არც დავის საგნის განსაზღვრა შეგვიძლია და არც მისი მიზანი. ის განსაზღვრებები, რომლის ჩამოყალიბებაც რის ვაი-ვაგლახით ხერხდება, ყოველთვის სუფთა პოლიტიკურია. სამშობლოს დაცვა – ყოველთვის რაიმე არსის პოლიტიკური სუვერენიტეტის დაცვაა, ტერიტორიული იქნება ის, კულტურული თუ რომელიმე სხვა. შესაბამისად, მე ვალდებული ვარ ვაღიარო, რომ სამშობლოს დაცვა – ესაა პოლიტიკური მკვლელობის პოლიტკორექტური სინონიმი, ანუ სიკვდილით დასჯა არასწორი პოლიტიკური შეხედულებებისთვის. პოლიტიკური მკვლელობის სხვა სახეობას ტერორიზმი წარმოადგენს. (სხვათა შორის, სამშობლოს დაცვის მიზნით ტერორიზმზე რა აზრი უნდა გაგვაჩნდეს? კავკასიელი თვითმკვლელების ბოლო ტერაქტები გაიხსენეთ – ისინიც თავის სამშობლოს იცავდნენ. ისინი რუსეთს თავის მტრად მიიჩნევენ, მასთან ომს აწარმოებენ და მტრულად განწყობილ სამოქალაქო მოსახლეობაზე მიაქვთ დარტყმები, როგორც ეს ყველა ომში ხდება.)

მე მიყვარს ჩემი სამშობლო. ქართული კლასიკური ლიტერატურის, მუსიკის, ცეკვის, სამზარეულოს და საბჭოთა კინოს დიდი მოტრფიალე ვარ, ძალიან ნაზ გრძნობებს განვიცდი იმ ადგილების მიმართ, სადაც გავიზარდე. თუმცა მე ძალიან მშვიდი დამოკიდებულება მაქვს იმის მიმართ, თუ როგორაა რუკაზე ჩემი სამშობლოს საზღვრები დახატული. ასე რომ არ მესმის, რატომ უნდა დავხოცო ადამიანები იმის გამო, რომ ამ კულტურას და ამ ადგილებს პოლიტიკური სუვერენიტეტი, შიდა პოლიტიკის უფლება, გაერო-ს წევრობა და ა.შ. ჰქონდეს. მე არ მესმის, რატომ უნდა მივიჩნიო ვინმე სიკვდილის ღირსად მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემი და მისი აზრები ჩემი სამშობლოს პოლიტიკურ წყობასთან დაკავშირებულ საკითხებში ერთმანეთს არ ემთხვევა. ნუთუ ეს ყველაფერი ამდენი ხალხის სიცოცხლეზე მნიშვნელოვანია? თანაც გაკვირვების მეტს არაფერს იწვევს ის, რომ ამას ის ქრისტიანული ლიდერები იწონებენ, რომლებსაც ყველა ადამიანებისთვის (ეროვნებისგან და პოლიტიკური შეხედულებებისგან დამოუკიდებლად) სიცოცხლე უნდა მოჰქონდეთ და არა სიკვდილი. ამას ის ეკლესიებიც კი აკეთებენ, რომლებიც საკუთარ «მსოფლიო» ხასიათს უსვამენ ხაზს, ანუ ყველა შემთხვევაში პოლიტიკურ და ტერიტორიულ დავებზე მაღლა უნდა იდგნენ.

საერთოდ, ვინ თქვა, რომ თითოეულ ერს თავისი სუვერენული ქვეყანა უნდა ჰქონდეს? ვინ დაამტკიცა, რომ ეს სწორია? რით სჯობია ეს მთელი დედამიწის ზურგზე ერთი ქვეყნის არსებობას? ასეთი ქვეყანა როგორც მინიმუმ სუფთა ეკონომიკურადაა სასარგებლო, რადგან თავდაცვის გიგანტური ხარჯების აუცილებლობა ქრება. გარდა ამისა, ამ ვარიანტს ბიბლიაც მხარს უჭერს:

ზეციერი ღმერთი დაამყარებს სამეფოს, რომელიც უკუნისამდე არ დაიქცევა და მისი ხელმწიფება სხვა ხალხში არ გადავა; იგი შემუსრავს, და დააქცევს ყველა სამეფოს, თავად კი უკუნისამდე იდგება (დანიელი 2:44).

ღმერთო! შენი სამართალი მიეცი მეფეს და შენი სიმართლე - მეფის ძეს… იბატონებს ზღვიდან ზღვამდე და მდინარიდან დედამიწის კიდემდე… და ყველა მეფე თაყვანსა სცემს მას, ყველა ხალხი დაემორჩილება (ფსალმუნები 71:1, 8, 11).

უკვე ველოდები კლასიკურ შეკითხვას: მაშინ რას იზავ, სახლში რომ ბანდიტები შემოგიცვივდნენ, შენს ოჯახის წევრებზე იძალადონ და ა.შ. როდესაც ასეთ თემებზე ვწერ, ეს შეკითხვა ყოველთვის ისმება კომენტარებში, თანაც არაერთხელ. მაგრამ თავდაცვა და პოლიტიკური სუვერენიტეტის დაცვა – ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული რამაა, ორი განსხვავებული მოტივაცია მკვლელობისთვის. მათ შორის არსებული ზღვარი შეიძლება სქელიც იყოს და თხელიც, თუმცა ეს ყოველთვის განსხვავებული სიტუაციებია, რომელთა ერთნაირად განხილვაც არ შეიძლება. ინდივიდის (ან ოჯახის) დონეზე თავდაცვა სრულიად ლოგიკური რამაა, ეს თვითგადარჩენის ინსტინქტის ბუნებრივი გაგრძელებაა. ბიბლია თავდაცვას არ განიკითხავს. ჩვეულებრივ ამისათვის თავდამსხმელის მოკვლა აუცილებელი არაა. თავდაცვის მნიშვნელოვან ნაწილს სახიფათო სიტუაციებისთვის თავის არიდება და საშიში რაიონებიდან გაქცევა წარმოადგენს. საუკეთესო თავდაცვა დროული მოქმედებაა და არა მუშტების ქნევა. ეს ომის სიტუაციაშიც სრულიად გამოყენებადია. 

მეორეს მხრივ, პოლიტიკური სუვერენიტეტის სამხედრო საშუალებებით დაცვა ეფემერული თეორიაა, რომელიც იმ ძალებისა და წრეების მიერაა გამოგონილი, რომელთა ინტერესებსაც ინდივიდების (და თუნდაც კულტურების) გადარჩენასთან პირდაპირი შეხება არ აქვს. ხშირად ეს ინტერესები სრულიად ეწინააღმდეგებიან გადარჩენას. მაგალითად, ომიდან სხვა ქვეყანაში გაქცევა ლაჩრობად ცხადდება, ფრონტზე სიკვდილი კი გმირობას წარმოადგენს, თუმცა პირველი სუფთა წყლის თავდაცვას წარმოადგენს, მეორე კი თვითმკვლელობასთან ახლობლობს. სამშობლოს დაცვა და თავდაცვა ყველაზე ხშირად ერთმანეთს გამორიცხავენ: შესაძლებელია ან სამშობლოს დაცვა, ან თავდაცვა, ორივე ერთად კი არანაირად. ამიტომ არგუმენტები იმ ბანდიტების შესახებ, რომლებიც შეიძლება სახლში შემოგვეჭრან, ან იმ მძარცველების და ხულიგნების შესახებ, რომლებიც შეიძლება ბნელ ქუჩაში დაგვხვდნენ, სამშობლოს დაცვის საკითხთან სრულიად გამოუსადეგარია.


ბევრს არ მოსწონს, როცა ასეთ თემებზე ვწერ. მათთვის სამშობლო ომდენად წმინდა გაგებაა, რომ ამ თემაზე ემოციების გარეშე დალაპარაკების ნებისმიერი მცდელობა ფუჭი საქმეა. თუმცა ჩემთვის წმინდა მხოლოდ ისაა, რაც ღვთის სიტყვაში წერია, სხვა დანარჩენი კი ჩემში მოწიწების გრძობას არ აღძრავს, იმიტომ რომ არ მინდა ახალი კერპები შევიქმნა. არავისი შეურაცხყოფა არ მინდა, მხოლოდ იმის სურვილი მაქვს, რომ ადამიანებმა უფრო მეტად იმსჯელონ ამ საკითხზე, მეტი გააანალიზონ, უბრალოდ ვაშას ძახილის ნაცვლად. მშვიდად და ჭკვიანურად გააანალიზონ, ტვინის იმ რეფლექსების გათიშვით, რომლებიც ბავშვობიდან ბლოკავენ ამ საკითხზე მსჯელობას, როგორც რაღაც დაუშვებელზე და წმინდაზე. ადამიანი – მოაზროვნე არსებაა, თუნდაც ეს ყველას არ მოსწონდეს. ამ საკითხზე საღად აზროვნებას თუ ვისწავლით – ყველა ჩვენთაგანი, მთელი კაცობრიობა, – მაშინ ყველა ჩვენთაგანის სამშობლო მხოლოდ მოიგებს ამით. ხოლო თუ არ ვისწავლით, კვლავაც გავაგრძელებთ ერთმანეთის ხოცვას იმ ნებისმიერი მიზეზის გამო, რომელიც კი თავში მოგვივა, სამშობლო იქნება ეს თუ სხვა რამ.
----------------------------------------------------

ნათარგმნიაchivchalov.blogspot.com/

Комментариев нет:

Отправить комментарий