четверг, 2 июля 2020 г.

სამება, ტრიმურტი, ტრიგლავი...



ე.წ. «ქრისტიანული» სამების წარმართულ წარმომავლობაზე ბევრი ნაშრომია დაწერილი და ბევრი სიტყვებია ნათქვამი. იმ ცდომილების გაცნობიერება, რომელიც ამ დოგმასთანაა დაკავშირებული და რომლის კულტივირებასაც 1700 წლის განმავლობაში ახდენენ საეკლესიო ღვთისმეტყველები, სულ უფრო აშკარა ხდება არა მხოლოდ ისტორიკოსებისთვის, არამედ თვითონ ქრისტიანებისთვისაც. განსაკუთრებით ბოლო წლებში შეიმჩნევა სხვადასხვა კონფესიების წარმომადგენელ მორწმუნეებში მოცემული სწავლების გადახედვის და მასზე სრული უარის თქმის ტენდენციის გაძლიერება, როგორც ქრისტეს სწავლების სულისათვის შეუსაბამო სწავლების მიმართ.


ასეთი ტენდენცია ლოგიკურია, რადგან ინტერნეტმა ძალიან ფართო შესაძლებლობები მისცა ადამიანებს რათა გაეცნონ უამრავ სამეცნიერო, ისტორიულ და არქეოლოგიურ წყაროებს, რომლებიც ჯერ კიდევ 10-15 წლის წინ ხელმიუწვდომელი იყო მკითხველთა ფართო წრისათვის. სტრიქონობრივი თარგმანებით ბიბლიის გაცილებით ღრმა ტექსტოლოგიურმა კვლევამ და წმინდა წერილის უძველესი ხელნაწერების ციფრულმა ასლებმა, რომლებიც წამყვან მუზეუმებს თავისუფალ წვდომაში აქვთ გამოქვეყნებული ონლაინ, ასევე მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი სამერთიანობის დოგმატის კრიტიკულ გადახედვას.

სამების უარყოფის ერთერთი ძირითადი მიზეზი გახდა წარმართული სამყაროს მრავალრიცხოვან კულტებში ტრიადების თაყვანისცემის განვითარების ისტორიული ცნობების ხელმისაწვდომობა. სრულიად უგუნური ჩანს მოცემული ფაქტების უარყოფის მცდელობები. ღვთაებრივი ტრიადების საკრალიზაცია ათასწლეულების განმავლობაში იმდენად ჩვეული პრაქტიკა იყო მსოფლიოს რელიგიებსა და მითოლოგიებში, რომ ამაზე საეკლესიო ღვთისმეტყველებიც კი არ დავობენ. თუმცა, ამ დოგმატის მხარდაჭერის მცდელობისას გამოითქმება საწინააღმდეგო აზრი, თითქოსდა «ქრისტიანულ» სამებასა და წარმართულ სამებებს შორის საერთო არაფერია, და ამ უკანასკნელების განვითარება ქაოტურად ხდებოდა. რამდენად საფუძვლიანია მსგავსი მოსაზრება?

სამწუხაროდ, უმეცრება იქნებოდა იმის ვარაუდი, რომ ერების მითოლოგიურ ტრადიციებში სამებების (ტრიადების) რელიგიურ იდეას არანაირი საერთო საფუძველი არ გააჩნია. მრავალ კულტში, იმ ღვთაებების განსხვავებულობისა და სიმრავლის მიუხედავად, რომლებიც სამებებს შეადგენენ, წარმოდგენილია აშკარა საერთო იდეები, რომლებიც ხაზს უსვამენ მათი თაყვანისმცემლების შეხედულებების მსგავსებას ტრიადობის მისტიკურ საკრალურობაზე. სამებების პერსონალიები, მათი თაყვანისმცემლების გაგებაში, ხშირად ხასიათდებოდა როგორც სამყაროს სამ დიდებულ სფეროს ან მატერიის სამ სახეობას შორის არსებული განსხვავებები, რომლებსაც ისინი მართავენ ან ასიმბოლოებენ. წარმართული ტრიადების იდეა პირდაპირ ეხებოდა ადამიანისა და ღვთაების ურთიერთდამოკიდებულებას, როგორც შედეგი, ის ერთმანეთთან აერთიანებდა მის წარსულს, აწმყოსა და მომავალს კოსმოსურ მაშტაბში. მითოლოგიური ეპოსები, რომლებიც ღმერთების ისტორიებს აღწერენ, რა თქმა უნდა, შეიძლება ძირეულად განსხვავდებოდნენ ერთმანეთისაგან, თუმცა სამების თითოეულ იდეაში ყოველთვის იყო ჩადებული ცხოვრების გარკვეული ფილოსოფია, რომელსაც ადამიანისთვის მისი ყოფიერების აზრის წარდგინებაზე ჰქონდა პრეტენზია. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს წარმოდგენები ვერ შემოინახებოდა საუკუნეების განმავლობაში რელიგიური სწავლებების სახით.

ასწლეულებისა და ათასწლეულების განმავლობაში, ის რელიგიური კულტები, რომლებიც ტრიადული ღვთაებრივი სიმბოლოების საკრალურობის გარშემო ფორმირდებოდა, შეიძლება შეცვლილიყო, ტრანსფორმაცია განეცადა ან ერთი მეორითაც კი ჩანაცვლებულიყო. თუმცა, როგორც კაცობრიობის ისტორია აჩვენებს, სამების იდეა იმ რელიგიურ სისტემებშიც კი კულტივირდებოდა, რომლებიც პოლითეიზმს მოიაზრებდნენ ყველაზე ფართო მაშტაბებში (იგივე ინდუიზმი, მაგალითად). ეროვნული ღმერთების პანთეონი შეიძლება ათობით ღვთაებისაგან ყოფილიყო შემდგარი, თუმცა ჩვენ საკვირველი თანმიმდევრობით შეგვიძლია თვალი მივადევნოთ ღვთაებების დასიდან განსაკუთრებული ღმერთების გამოყოფის ფაქტებს განსაკუთრებულ ტრიადებში. ამიტომ რთულია იმ ფაქტთან შედავება, რომ წარმართული სამყარო ყოველთვის მისდევდა სამერთიანობის რელიგიური იდეის კულტივირების ტენდენციებს, მისი გამოვლინების ფორმისაგან დამოუკიდებლად.

ეს ბევრ რამეში იმით დასტურდება, თუ რამდენად წარმატებული იყო ეკლესიის მიერ ე.წ. «ქრისტიანული» სამების დამკვიდრება წარმართულ ერებში, სადაც წინანდელი რელიგიური კულტურა უკვე იცნობდა სამერთიანობის იდეას საკუთარი ღმერთების სახით. უფრო მეტი სირთულე შეიძლება თავად ახალ სწავლებას გამოეწვია, რომელსაც «ქრისტიანობა» ერქვა, ან მათი სახელების შეცვლის ფაქტს, ვისთვისაც ამჯერად უნდა ეცათ თაყვანი. თუმცა, როგორც ასეთი, სამერთიანობის იდეა საკმაოდ ჩვეული იყო წარმართებისათვის და ამ საკითხში მათგან განსაკუთრებულად არაფერი მოითხოვებოდა ღვთის შესახებ შეხედულების შეცვლა. მხოლოდ ეპოსის ფორმა იცვლებოდა, მათი რელიგიის სახელწოდება იცვლებოდა, წმინდა სახელები იცვლებოდა, თუმცა იმის არსი, თუ ვისთვის უნდა ეცათ მათ თაყვანი, პრინციპში ძველი რჩებოდა – მათ კვლავ «ღვთაებრივ» ტრიადასთან ჰქონდათ საქმე, თუმცა მის განახლებულ გამოვლინებაში.

აქედან გამომდინარეობს აშკარა დასკვნა: ეკლესიამ ვერ გაიმარჯვა, და არც შეეძლო წარმართობის ფუნდამენტალურ საფუძვლებზე გამარჯვება, იმიტომ რომ თვითონ მან (მოციქულთა პერიოდის დასრულებიდან მალევე) დაისესხა წარმართობიდან ეს საფუძვლები. სამების შესახებ სწავლება – ეკლესიის ფუნდამენტალური სწავლებაა. თუმცა თუ ეს დოგმატი, რომელიც არც თავად ქრისტეს უქადაგია და არც მის მოციქულებს, ფესვებით ისტორიულად წარმართული რწმენის სისტემაში მიდის, მაშინ უცნაური იქნებოდა იმაზე ლაპარაკი, თითქოსდა ეკლესიამ ასწავლა წარმართულ მსოფლიოს ქრისტიანობა. ალბათ უფრო პირიქით, წარმართულმა სამყარომ ასწავლა ეკლესიას წარმართული სამების შესახებ.


«[სამების] წარმომავლობა სრულიად წარმართულია» («The Paganism in Our Christianity»).

«სამება — ესაა ცდომილება, რომელიც წარმართული რელიგიებიდან იქნა დასესხებული და ქრისტიანულ რწმენაში იქნა ჩანერგილი» («A Dictionary of Religious Knowledge»).


«სამების შესახებ თეორია, რომელიც IV საუკუნეში ჩამოყალიბდა, პირვანდელი ქრისტიანული სწავლებიდან გადახვევას წარმოადგენდა» («ამერიკული ენციკლოპედია»).


მნიშვნელოვანწილად "ტრიადული" შეხედულებების ქრისტიანულ ღვთისმეტყველებაში ადაპტირებას, ეგვიპტური კულტების პოპულარულმა რელიგიურმა ტრადიციებმა შეუწყო ხელი.

«სამება სრულიად უცხოა ქრისტიანობისთვის და მასში ფარაონთა წარმართული დროიდან მოხვდა» (გარსლავ კრეინი «ძველი ეგვიპტელების რელიგია»).

«ქრისტიანობამ ვერ მოახერხა წარმართობის განადგურება; მან ის შეითვისა. [...] ეგვიპტიდან მოვიდა ღვთაების სამპიროვნების შესახებ წარმოდგენა» (უილ დიურანტი «Die Geschichte der Menschheit»).


«ეგვიპტელი ღვთისმეტყველების ყურადღება პრაქტიკულად მთლიანად სამებისკენ იყო მიპყრობილი... სამ ღმერთს აერთიანებდნენ და მათ ისე ეპყრობოდნენ როგორც ერთ არსებას, მას მხოლობით რიცხვში მიმართავდნენ. ამაში ჩანს პირდაპირი კავშირი ეგვიპტური რელიგიის სულიერ ძალასა და ქრისტიანულ ღვთისმეტყველებას შორის» (ზიგფრიდ მორენცი «Ägyptische Religion»).


ეხლა კი ცოტა უფრო დაწვრილებით წარმართობის "წმინდა სამებების" შესახებ...




ინდუიზმი



ინდუისტურ «სამებებს» თავისი განსხვავებები გააჩნიათ გამოყენებული ფილოსოფიური მიმართულებისა და კულტის აყვავების დროიდან გამომდინარე. ისინი შეიძლება წარმოადგენდნენ, როგორც სამი განსხვავებული ღვთაების გაერთიანებას, ასევე ერთი ღმერთის სამმაგ გამოვლინებას «იპოსტასების» სახით. ინდუისტურ იკონოგრაფიაში ტრიადები გამოსახულია ღვთაებების სამი ცალკეული ფიგურის სახითაც, სამი ფიგურის ერთ ფიგურად შერწყმის სახითაც და სამსახოვანი ერთი სხეულის სახითაც.   

ძველ რიგვედებში განდიდებულია ღმერთი ვიშნუ, რომელმაც ვითომდა სამი ნაბიჯით გაიარა სამყაროს სამი სფერო. მიიჩნევა, რომ მან საკუთარი თავი სამი ფორმით გამოავლინა — როგორც აგნი დედამიწაზე; ინდრა (ვაიუ) ჰაერში; და სურია ცაში. ამიტომ ვიშნუს მოიხსენიებდნენ როგორც «ტრივიკრამა»-ს, ანუ «სამჯერ ნაბიჯგადადგმულს».


უშუალოდ ღმერთ აგნის (ცეცხლის ღმერთს) ვედები ბევრ ყურადღებას უთმობენ. მიიჩნევა, რომ ის დაბადებული იქნა «ტრეტაგნი»-ს («სამი ცეცხლის») ენერგიაში, და ამიტომ ფლობდა სამმაგ ბუნებას და სამმაგ ძალას. ასიმბოლოებს რა ამ ცეცხლოვან ტრიადას, აგნი ხშირად სამი თავით გამოისახება. 


მოგვიანებით ინდუიზმში სამების კიდევ ერთი სახეობა იქნა განვითარებული – მან სახელი «ტრიმურტი» (სანსკრ. त्रिमूर्ति, trimūrti  «სამი სახე») მიიღო. ერთერთ უძველეს ინდურ ეპოსში ტრიმურტის შესახებ ასე წერია: 
"ის, რომელიც არის ვიშნუ, ასევე არის შივაც, და ის, რომელიც არის შივა, ასევე არის ბრაჰმაც: ერთი არსება, თუმცა სამი ღმერთი — შივა, ვიშნუ, ბრაჰმა".


საინტერესოა, რომ ტრიმურტი გამოისახებოდა სამი ერთმანეთისაგან განცალკევებული ფიგურის სახითაც და ღვთაების ერთ ფორმაში გაერთიანებითაც.

«ტრიმურტი («სამი სახე»), ტრიმურტის შემადგენლობაში შედიან ბრაჰმა, ვიშნუ და შივა. ყველა მათგანი ერთი ღვთაებრივი არსის გამოვლინებად ითვლებიან, თუმცა ყველა მათგანს განსაზღვრული «საქმიანობის სფერო» აბარია... სამივე ღმერთი ხშირად ერთად გამოისახება: ისინი ან გვერდიგვერდ დგანან, ან მათი სხეულები თითქოს ერთიმეორიდან ამოიზრდებიან» (პეჩორინი ვიქტორ ვლადიმერის ძე; «სამების საიდუმლო»)

«სამების ერთერთი ღმერთია — შივა. ის დამანგრეველ ღმერთად ითვლება. დანარჩენი ორი ღმერთი — ესაა ბრაჰმა, შემოქმედი ღმერთი, და ვიშნუ, დამცველი ღმერთი. [...] სამი ღმერთი ერთ ფორმაშია გაერთიანებული, იმის საჩვენებლად, რომ ეს სამი პროცესი ერთი და იგივეა» (ე. პარტასარატი «The Symbolism of Hindu Gods and Rituals).

«ტრიმურტი – ["სამმაგი სახე" ან "სამი იერის მქონე"], ინდუისტურ მითოლოგიაში ბრაჰმას, ვიშნუსა და შივას ღვთაებრივი ტრიადა, რომლებიც ონტოლოგიურ და ფუნქციონალურ ერთობაში მოიაზრებიან» («მითოლოგიის ენციკლოპედია»).

«ტრიმურტი — სამგვარი სახე იბდუიზმში, რომელიც სამი ღმერთისაგან შედგება: ბრაჰმა, ვიშნუ და შივა. ყველა მათგანი ერთიანი ღვთაებრივი არსის გამოვლინებას წარმოადგენდა, თუმცა განსხვავებულ იპოსტასებს ირეკლავდნენ» («რელიგიური ტერმინები»).

«ტრიმურტი — (სანსკრ. Tri-m û rti, tri = სამი და m û rti = ხატება, სახე, სხეული) — ინდური სამება, რომელიც სამი ღმერთისაგან შედგება: ბრაჰმა, შივასა და ვიშნუსაგან, როგორც ერთი და იგივე უზენაესი ღვთაების სამი განსხვავებული გამოვლინების ფორმა» (ფ.ა. ბროკგაუზისა და ი.ა. ეფრონის ენციკლოპედიური ლექსიკონი).

«ტრიმურტი - ინდუიზმში სამი მთავარი ღმერთის - ბრაჰმა, შივა და ვიშნუ - არსთა ერთობის გამოვლინება, მისი იკონოგრაფიული გამოსახულებაა — ერთი თავი სამი სახით» («დიდი საბჭოთა ენციკლოპედია»).

«ტრიმურტი (სამსახოვანი) - ბრაჰმას, ვიშნუსა და შივას ღვთაებრივი ტრიადა, რომელიც მითოლოგიაში სამყაროს შექმნის, შენარჩუნებისა და დანგრევის ფუნქციას ასრულებს და მოიაზრება როგორც ერთი მთელი. საკუთარ თავში აერთიანებს სამობისა და ღვთაებებისა და ძალების სამერთობის იდეას… იკონოგრაფიაში გამოისახება სამი ღვთაების სახით რომელიც ან გვერდიგვერდ დგანან, ან თითქოსდა ერთიმეორიდან ამოიზრდებიან» (მ.ფ. ალბედილი, ლექსიკონი «ინდუიზმი. ჯაინიზმი. სიქხიზმი»)


შივა - როგორც ტრიმურტის სამი იპოსტასიდან ერთერთი, ასევე იმითაც განსხვავდება, რომ დამოუკიდებლად გააჩნია სამსახოვანი იერი. თანაც, გაცილებით ადრეულ პერიოდშიც კი მას ისე წარმოიდგენდნენ, როგორც სამსახოვან ღვთაებას. ერთერთ მის უძველეს გამოსახულებაზე, რომელსაც მეცნიერებმა "პროტო-შივა" უწოდეს, ის კვლავ იმ სამსახოვანი ღმერთის იერს ინარჩუნებს.


ყურადღება მივაქციოთ იმას, რომ არა მხოლოდ თავად ტრიადა ტრიმურტი, არამედ მის იკონოგრაფიაზე წარმოდგენილი სამკაპიც ხაზს უსვამს წარმართული სამერთიანობის საკრალურ აზრს. სამკაპი, რომელსაც "ტრიშულა" ეწოდება, ყოველთვის შივას უჭირავს ხელში. მისი მნიშვნელობის შესახებ ერთერთ წყაროში ასეთი რამაა ნათქვამი: 

"ტრიშულა (სანსკრ. त्रिशूल triśūla, «სამკბილა») - შივას ერთერთი ძირითადი და ყველაზე მნიშვნელოვანი ატრიბუტი. ასიმბოლოებს ქვეყნიერების ევოლუციის სამ სტადიას (შექმნას, შენარჩუნებას და განადგურებას), სამ დროს (წარსულს, აწმყოს და მომავალს)…"



სამერთიანობის კონცეფციამ თავისი ასახვა ინდუიზმის კიდევ ერთ საკრალურ სიმბოლოში ჰპოვა, რომელსაც დატტატრეია ეწოდება. ერთერთ აღმოსავლურ წყაროში ის ასე ხასიათდება:

"დატტატრეია წარმოადგენს ღმერთების სამების (ტრიმურტი) განსახიერებას: შემოქმედის, მფარველისა და გამანადგურებელის (ბრაჰმას, ვიშნუსა და შივას)... ის უბრალოდ სამების განსახიერებას არ წარმოადგენს – ის განასახიერებს თვით აბსოლუტური ჭეშმარიტებისა და რეალობის გზასა და მიზანს. ის თავად წარმოადგენს ჭეშმარიტებას".


ტრიმურტის კლასიკური გამოსახულებიდან განსხვავებით, დატტატრეია, როგორც წესი, წარმოდგენილია ღვთაებით რომელსაც ერთი საერთო ტანი, სამი ერთნაირი სახე და ექვსი ხელი აქვს, ხანდახან წმინდა ცხოველებთან ერთად. 




ბუდიზმი




საკრალური სამმაგი სახის შესახებ წარმოდგენა ბუდიზმშიც გვხვდება. 
ბუდიზმის მიმდევრებთან ამ სწავლებას «ტრიკაია» ჰქვია (სანსკრ. त्रिकाय, "tri" – სამი; "kāya" - "სხეული").


«ბუდა სამ მდგომარეობაში წარმოდგება», - ნათქვამია "ბუდისტურ ენციკლოპედიაში".

ბუდისტურ წყაროებში შემდეგი განმარტებაა მოცემული: 
«ბუდას სამი სხეული, ტრიკაია (trikāya, «სამი სხეული») — სამერთიანი არსი, ანუ ბუდას ყოფიერების სამი საშუალება. მახაიანის სწავლების თანახმად, ბუდა თავს სამ ასპექტში ავლენს».

ბუდიზმის მკვლევარი, სანსკრიტისა და ტიბეტური ენის მცოდნე ფრანჩესკა ფრიმანტლი, ამ ტერმინს ასეთ კომენტარს უკეთებს:

«ტრიკაია — ესაა მხოლობითი რიცხვის არსებითი სახელი, იმიტომ რომ სამი კაია ერთმანეთისაგან განუყოფელია და ერთი მთლიანის სამ განზომილებას წარმოადგენს»  («მოელვარე სიცარიელე. "ტიბეტური მკვდრების წიგნის" ინტერპრეტაცია»)


ბუდიზმის სულიერ და ვიზუალურ სიმბოლიკაში ასევე არსებობს იდეა, რომელსაც "ტრირატნა" ჰქვია. ერთერთ ბუდისტურ წყაროში მის შესახებ ნათქვამია:

"ტრირატნა (სანსკრ. त्रिरत्न, triratna, «სამი ძვირფასეულობა»; პალი: Tiratana; ჩინ. სანბაო; იაპ. სამპო) — ბუდიზმში — ბუდისტური დოქტრინის სამი ძვირფასეულობა: ბუდა
, დხარმა (კანონი), სანგხა (თემი). ტრირატნა ბუდისტის ერთგვარ რწმენის სიმბოლოს წარმოადგენს. ბუდას როგორც მასწავლებლისა და წინამძღოლის, მისი დხარმას როგორც კანონის და სანგხუს როგორც თანამოაზრეთა საზოგადოების აღქმა, ბუდისტური მსოფლმხედველობის განუყოფელ ატრიბუტს წარმოადგენს".

"ტრადიციულად ტრირატნა გამოისახება სამმაგი სიმბოლოს სახით: სამკბილა ტრიშულის, რომელსაც ალმასის ტოტი (ვაჯრა) აქვს შემოვლებული და მოთავსებულია ჩაკრის ყვავილის ზემოთ ლოტოსის ყვავილთან ერთად. ამ სიმბოლოს სხვა ვარიანტია — სამი სხვადასხვა ფერის გამჭვირვალე სფერო, უფრო ხშირად სამი წრის სახით".





შუმერი, ბაბილონი, ასურეთი



როგორც მეცნიერები მიიჩნევენ, ღვთაებრივი ტრიადების კულტი ჯერ კიდევ უძველესი შუმერული ცივილიზაციიდან მოყოლებული გამოიყენებოდა პრაქტიკაში, რომლის შთამომავლებიც შემდეგ ბაბილონი და ასურეთი გახდნენ. ცნობილი სამებებიდან ყველაზე ძველის შესახებ, ბრიტანელი აღმოსავლეთმცოდნე-ასირიოლოგი, პროფესორი საგს ჰენრი შემდეგს წერს:  

«შუმერო-აქადური რელიგიის  სამი ათასწლიანი არსებობის განმავლობაში, პანთეონის სათავეში იდგა ღმერთი ანუ (შუმერული ან)… ანუს გარდა კიდევ იყო მისი ძლევამოსილი ვაჟი ენლილი (ან ელილი), სიტყვასიტყვით – «ქარის მბრძანებელი»… პანთეონის სათავეში მდგომი დიდებული ღმერთებიდან მესამე, სხვადასხვა სახელებითაა ცნობილი: მათგან ორი ძირითადია – ენკი – «ბატონი კი» (კი ნიშნავს ან «დედამიწას», ან «მიწისქვეშა სამყაროს») და ეა – «წყლის სახლის ღმერთი».


შუმერული ღმერთების კიდევ ერთ ტრიადას საგს ჰენრი ასე აღწერს:

«ღვთაებების მეორე ჯგუფს შეადგენდნენ მზე, მთვარე და პლანეტა ვენერა, რომელთა შუმერული და სემიტური სახელებიც შესაბამისად იყო უტუ (ან შალაშ), ნანნა (ან სინ), ინნინ (ანუ იშთარი). აქ კვლავ ტრიადაზე მსურს საუბარი, გაგება «ტრიადა» თუ იმაზე გაცილებით მეტს ნიშნავს, ვიდრე უბრალოდ სამ ერთეულს» (საგს ჰენრი «ბაბილონის დიდებულება. შუამდინარეთის ძველი ცივილიზაციის ისტორია»).


«მსოფლიო სამ ნაწილად იყო გაყოფილი, რომელთაგან თითოეულიც თითო ღმერთის სამფლობელო გახდა. ანუს წილი ზეცა გახდა. ენლილმა დედამიწა მიიღო. ეა წყლების მმართველი გახდა. ყველამ ერთად დიდებული ღმერთების ტრიადა შეადგინეს» («Larousse Encyclopedia of Mythology»).


ძველი მსოფლიოს ცნობილი ისტორიკოსი ბ.ა. ტურაევიც აღწერს შუმერული ცივილიზაციის გაღმერთებული ტრიადების თავისებურებებს:

"პანთეონის სათავეში დადგა უზენაესი სუმერიული კოსმოსური ტრიადა, რომელიც ძველი ღმერთებისგან შედგებოდა: ანუ, ენლილი (ელილი, ილილი) და ეა, რომელიც სამყაროს სამ ნაწილს განასახიარებდა. ანუ — მიუწვდომელი და შორეული იყო; ენლილი — ძლევამოსილი და მეფური; ეა — უბრძენესი და წმინდა.
[…]
ძე, მთვარის ღმერთი, სხვაგვარად ნანარი, რომელსაც თავდაპირველად ურში და ხარანში სცემდნენ თაყვანს და, რომელმაც ურის დინასტიის ხანგრძლივი ბატონობის წყალობით, ბაბილონელების რელიგიურ შეგნებაში ერთერთი ყველაზე გამოჩენილი ადგილი დაიკავა, ნიპურელი ენლილის ვაჟად მიიჩნეოდა, სადაც მასთან და მის ცოლთან, ნინლილთან ერთად, უზენაეს ტრიადას ქმნიდა" (ბ.ა. ტურაევი «ძველი აღმოსავლეთის ისტორია»).


ახლო აღმოსავლეთისა და მცირე აზიის ტერიტორიაზე ქრისტიანობამდელ ეპოქაში სხვა წარმართული ტრიადებიც იყო ცნობილი. მაგალითად, სირიულ პალმირას თავისი სამებები ჰყავდა, რომელსაც განსაკუთრებულ პატივს მიაგებდნენ.


«ღმერთების ტრიადაში შედიოდნენ ბაალშამემი — მალაკბელი — აგლიბოლი, რომლებიც პალმირას პანთეონში (ბელის — იარიხბოლის — და აგლიბოლის ტრიადასთან ერთად) ყველაზე შესამჩნევ ადგილს იკავებდნენ» ("ძველი მსოფლიო. ენციკლოპედიური ლექსიკონი").   


ХХ საუკუნის დასაწყისში, მაქს ფონ ოპენჰაიმის არქეოლოგიური ექსპედიციის წყალობით, აღმოჩენილი იქნა ძველი ხეთური ტრიადა: ორ ლომსა და ერთ ხარზე მდგომი ღმერთი ტეშუბა, მისი მეუღლე ქალღმერთი ხებატი და ვაჟი შარუმი. 






ზოროასტრიზმი



ღმერთთა ტრიადების იდეას ძველ ზოროასტრულ რელიგიაშიც იყენებდნენ პრაქტიკაში.

"ზარატუშტრას მიმდევრებს უზენაესი ღვთაების არსებობის სწამდათ, «ცხოველების, წყლისა და მცენარეების შემოქმედი» აჰურამაზდასი («ყოვლისმხედველი მბრძანებელი»), რომლის გვედითაც მისი დამხმარეები იმყოფებოდნენ არტუ ვაჰიშტა და ვოხუ მანუ, რომლებიც კეთილ მატერიალურ ძალებს განასახიერებდნენ — ცეცხლს და საქონელს. ისინივე მოიაზრებოდნენ როგორც აბსტრაქტული გაგებები სულიერი სფეროდან — სიტყვა და საქმე. აჰურამაზდა, არტუ ვაჰიშტა და ვოხუ მანა ზეციერი ღმერთების სამებას შეადგენდნენ... იგივე სამება მოიაზრებოდა თავის მხრივ როგორც სოციალური და მორალური კატეგორიები: მყარი ძალაუფლება, ერთგულება, ჯანმრთელობა, სასიცოცხლო ძალა" (ა.ი. ნემიროვსკი «ძველი აღმოსავლეთის მითები და ლეგენდები»).

"ხელშეკრულებისა და თანხმობის განსახიერებას და დამცველს ავესტიურ მითოლოგიაში ღმერთი მითრა წარმოადგენდა. მითრას თაყვანს სცემდნენ როგორც ადამიანებს შორის თანხმობის დამცველს, როგორც ყოველგვარი დავებისა და გაუგებრობების მტერს, საზღვრების გამასწორებელს, საზოგადოებრივი სტაბილურობის დამცველს. მოგვიანებით მზესთან გაიგივების შემდეგ, ის ასევე გახდა ღმერთი, რომელიც სიცოცხლეს და ვაჟებს სჩუქნიდა. მითრას დამხმარეებად მიიჩნეოდნენ «წყლის შთამომავალი» აპატ ნაპატი (ღვთაება, რომელიც იტალიურ ნეპტუნს ენათესავება), და ასევე ბაგა" (იქვე).


საინტერესოა, რომ ზოროასტრიზმი ასევე "ბოროტ ტრიადასაც" მოიაზრებდა, რომელიც "კეთილს" უპირისპირდებოდა.


"აჰურამაზდას, როგორც ავესტიური მითოლოგიის უზენაეს ღვთაებას და კეთილი ძალების წინამძღოლს, ანგრო-მაინიუ («ბოროტი აზრი») უპირისპირდება, რომელშიც ბოროტი ძალების მეთაურს ხედავდნენ. ანგრო-მაინიუ (არიმანი) ბოროტი სამების წევრად მოიაზრებოდა, რომელშიც მის გარდა შედიოდნენ დრუჯა («ბოროტი სიტყვა») და აიშმა («ბოროტი საქმე»)" (იქვე).




საბერძნეთი


მთავარ ბერძნულ სამებას წარმოადგენდნენ ღმერთები, ძმები - ზევსი, პოსეიდონი და ჰადესი. თითოეული მათგანი სამი სამყაროს ძლევამოსილებას ასიმბოლოებდა: ზეცის, ზღვის და მიწისქვეშეთის (მიცვალებულთა სამეფოს აზრით). 


ძველბერძნული რელიგია მრავალი საუკუნის განმავლობაში ინარჩუნებდა ჰეკატეს კულტს, რომელიც სამერთიანი ქალღმერთის უძველეს ბერძნულ ფორმად მიიჩნევა. ის გამოისახებოდა სამი შეერთებული სხეულითა და სამი თავით, რაც, როგორც მიიჩნევა, მიუთითებდა მის დამაკავშირებელ როლზე ზეცას, მიწასა და მიწისქვეშა სამყაროს შორის. ეს კულტი მნიშვნელოვანწილად მისტიკურ აზრს ატარებდა და ხშირად უხილავ სულებთან და ჯადოქრობასთან ასოცირდებოდა. ერთ წყაროში ნათქვამია: 
"ასეთ გასამებასთან დაკავშირებით ჰეკატემ ისეთი ეპითეტები შეიძინა, როგორებიცაა «დივა ტრიფორმის» (სამსახოვანი ქალღმერთი), «ტერგემინა» (სამმაგი) და «ტრიცეპს» (სამთავიანი)".


ჰეკატეს სახე, თავის მხრივ, დროდადრო სხვა ქალღმერთებთან ასოცირდებოდა, რომლებიც ტრიადებში იყვნენ გაერთიანებულნი.





რომი



ქრისტიანობამდელი დროის რომის რელიგიური სისტემა ცნობილი იყო თავისი სამებებით. პირველ რიგში აქ უნდა ვახსენოთ ე.წ. "არქაული ტრიადა", ანუ «ყველაზე ძველი რომაული ტრიადა: იუპიტერი, მარსი, კვირინი» (მ. ელიადე «რწმენისა და რელიგიური იდეების ისტორია. ტომი 2: გაუტამა ბუდადან ქრისტიანობის ტრიუმფამდე»).

«იუპიტერთან ერთად მარსი და კვირინი რომის ყველაზე ძლევამოსილი ღმერთების არქაულ ტრიადას შეადგენდნენ» (დ.ა. ლაზარჩუკი "ძველი რომის მითები და გადმოცემები").


ამავდროულად, რომს ჰყავდა წმინდა სამება, რომელსაც თაყვანს გაცილებით დაბალი სოციალური მდგომარეობის წარმომადგენლები სცემდნენ.

"ავენტინური ტრიადა" (ძვ.წ. 496 წ., ასევე ცნობილია როგორც «პლებეური ტრიადა» ანუ «აგრარული ტრიადა») წარმოდგენილი იყო ღვთაებებით ცერერა, ლიბერი და ლიბერა. ის ითვლებოდა რომის პლებსის - უბრალო ხალხის წარმომადგენლების მფარველად. 

თუმცა, «ეს ტრიადა ძალიან ადრე შეერწყა ღმერთების - დემეტრას, დიონისეს (ბახუსი) და პერსეფონეს (პროზერპინა) სამებას» (მ. ელიადე «რწმენისა და რელიგიური იდეების ისტორია»).


დროთა განმავლობაში ე.წ. "არქაული ტრიადა" ჩაანაცვლა სამებამ, რომელიც ცნობილია როგორც "კაპიტოლიური ტრიადა".  

«ეტრუსკების ბატონობის პერიოდში ადრინდელი ტრიადა იუპიტერი-მარსი-კვირინი შეიცვალა სხვა, ტარკვინიუსთა დროს განმტკიცებული ტრიადით იუპიტერი-იუნონა-მინერვა» (მ. ელიადე «რწმენისა და რელიგიური იდეების ისტორია»).

«კაპიტოლიური ტრიადა - ძველ რომში სამი უმნიშვნელოვანესი ღმერთის ერთობლიობა, რომლებსაც კაპიტოლიის ტაძარში (კაპიტოლიაზე) სცემდნენ თაყვანს. კაპიტოლიურ ტრიადას შეადგენდნენ იუპიტერი, იუნონა და მინერვა» ("დიდი საბჭოთა ენციკლოპედია").






                                                          ეგვიპტე



ძველი ეგვიპტე განსაკუთრებით მდიდარი იყო იმ ღვთაებების მაგალითებით, რომლებიც სამებებში ერთიანდებოდნენ. ოსირისი, მისი ცოლი ისიდა და ვაჟი ჰოროსი ეგვიპტის ყველაზე ცნობილ სამებას შეადგენდნენ. ამასთანავე, ტრიადები შეიძლება ჩამოყალიბებულიყო ტერიტორიული ნიშნის მიხედვით, იმ ქალაქის ადგილმდებარეობის მიხედვით, რომლის მცხოვრებლებიც განსაკუთრებულ პატივს მიაგებდნენ ასეთ ღმერთებს. 





სლავები



"ტრიგლავი — ბალტიელი სლავების სამთავიანი ღვთაება. სამი თავი ასიმბოლოებდა ტრიგლავის სამ სამეფოზე - ზეცაზე, მიწაზე და ქვესკნელზე ბატონობას, ხანდახან მას უზენაესი ღმერთი ეწოდება. ტრიგლავი თანმიმდევრულადაა დაკავშირებული გასამებულ სიმბოლიკასთან" ("სლავური მითოლოგიის ლექსიკონი").


"სლავურ ერთღმერთიანობას ჰყავდა თავისი სამება, უფრო ზუსტად, საუბარი უნდა იყოს მრავალ სამებებზე... სლავები ტრიგლავს სამი სამეფოს მბრძანებლად თვლიდნენ – ზეციური, მიწიერი და მიწიქვეშა" (ალექსანდრე ელისეევი "რუსეთის ნათლობა").


არსებობს მოსაზრება, რომ ტრიგლავი საკუთარ თავში სხვა სლავური ღვთაებების ტრიადის ასოცირებას ახდენდა.

"სვაროგი, პერუნი და სვეტოვიტი შეადგენენ წარმართულ სამებას" (ა.ა. კულიკოვი "ძველი სლავების კოსმოსური მითოლოგია").


ყურადღებას იქცევს ის ფაქტი, რომ საეკლესიო სამების დღესასწაული არსებითად სლავური ტრიგლავის დღესასწაულის ჩანაცვლებას წარმოადგენს, იმიტომ რომ ორივე მათგანი პრაქტიკულად ერთ დროს აღინიშნება.



ევროპა



«გერმანული ღმერთები პირველ რიგში ბუნების ღმერთები იყვნენ. როგორც უკვე აღნიშნული იყო, ტაციტუსი გერმანელთა ღმერთებს შორის გამოყოფდა უფრო მეტად თაყვანსაცემთა ტრიადას, და მათ რომაული სახელებით მოიხსენიებდა: მერკური, მარსი, ჰერკულესი. ზოგიერთი მკვლევარის აზრით, ეს ღმერთები იყვნენ ვოტანი, თივაზი და თორი, სხვები მიიჩნევენ, რომ, ვოტანისა და თივაზის გარდა, ტრიადაში ფრეირიც შედიოდა» (ვ.დ. კარამაზოვი «მსოფლიო რელიგიების საერთო ისტორია»).


"ბოლო სამი ღმერთი, ანუ პერკუნი, პოტრიმპოსი და პოკლიუსი, ლიტვურ წმინდა სამებას შეადგენდნენ. მთავარ ლიტვურ საწმინდარში, რომოვში, ისინი ყოველთვის ერთად იდგნენ: პერკუნი შუაში, პოტრიმპოსი – მარჯვნივ, ხოლო პოკლიუსი – მარცხნივ" (პავლე ბრიანცევი "ლიტვური სახელმწიფო").


ასევე მრავალრიცხოვანმა კელტურმა კულტებმაც დატოვეს ტრიადების თაყვანისცემის მტკიცებულებები. ისინი ისე იყვნენ წარმოდგენილი, როგორც სამსახოვანი ღვთაებების უკვე ჩვეული ვარიანტები...


...და ასევე სამებების განსაკუთრებული სახეობებით, რომლებსაც მეცნიერებმა "სამი დედის კულტები" უწოდეს. დროთა განმავლობაში რომაელმა ლეგიონერებმა, რომლებიც ევროპის ტერიტორიიდან დაპყრობითი მსვლელობებიდან ბრუნდებოდნენ, თაყვანისცემის ეს ობიექტები იმპერიის მცხოვრებლებისთვისაც ცნობილი გახადეს. 




აზრი არ აქვს წარმართული ტრიადების ყველა მაგალითების ხელახლა გადმოცემას, რადგან ეს ამოცანა საკმაოდ ხანგრძლივ ჩამონათვალს და ღმერთი-სამებების უამრავი დამატებითი გამოსახულებების მოყვანას მოითხოვდა. ვფიქრობ, რომ სხვადასხვა დროის, კულტურისა და რელიგიური სისტემის წარმომადგენელი წარმართების მიერ სამების იდეის კულტივირების ფაქტი, თავისთავად უდავოს წარმოადგენს. 



ფილოსოფია




დამასრულებელი მაგალითის სახით შეგვიძლია ვახსენოთ ტრინიტარული დოგმატიკა, რომელიც ძველბერძნული ფილოსოფიის ბაზაზე განვითარდა. ჯერ კიდევ პლატონს ჰქონდა გამოყვანილი "სუფთა იდეის, სუფთა მატერიისა და მეორადი მატერიის ტრიადა" (ა.ფ. ლოსევი "კომენტარები პლატონის დიალოგებზე"). მანვე ჩაუყარა საფუძველი იმ ტრიადის დოგმატიკას, რომელიც შემდგომ ნეოპლატონიზმის მიერ იქნა განვითარებული.

«ნეოპლატონიზმის დამახასიათებელ ნაკვთებს იერარქიულად მოწყობილი სამყაროს შესახებ სწავლება წარმოადგენს, რომელიც მისთვის მიუწვდომელი პირველსაწყისის მიერ იქნა შექმნილი, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სულის საკუთარ საწყისთან «ასვლის» თემას, მუშავდება ღვთაებასთან (თეურგიები) შეერთების პრაქტიკული საშუალებები წარმართული კულტების საფუძველზე, აქედან გამომდინარე მყარი ინტერესი მისტიციზმისადმი, რიცხვთა პითაგორისეული სიმბოლიკისადმი» (ენციკლოპედია «Кругосвет»).

ნეოპლატონიზმის ამ "რიცხვთა სიმბოლიკაში", როგორც რთული არ არის მიხვედრა, უმთავრესად ტრიადა იქცა. თავის მხრივ, ნეოპლატონისტური ტრიადის ყველაზე ცნობილი პოპულარიზატორი ფილოსოფოსი პლოტინი გახდა, «რომელიც სამყაროს ისე უყურებდა, როგორც ღვთაებრივი იპოსტასების (ერთობა\მსოფლიო გონება\მსოფლიო სული) ძირითადი ტრიადის დიალექტიკურ განვითარებას» (დ.მ. ნიკოლაევი «ნეოპლატონიზმი და ღმერთების ტრიადები»).


«ნეოპლატონისტებისთვის დამახასიათებელი იყო სწავლება სამი იპოსტასის შესახებ.  სამყაროზე “ტრიადული” შეხედულება თავის საწყისს ჯერ კიდევ პლატონისგან იღებს» ("პლოტინის ფილოსოფია და პრაქტიკული ღვთისმეტყველების ჩამოყალიბება").

ნეოპლატონიზმის ტრიადა ამავდროულად დანარჩენი წარმართული ტრიადებისაგან იმით განსხვავდებოდა, რომ ის მიზნად არ ისახავდა კონკრეტული ღმერთების იდენტიფიკაციას, არამედ ცდილობდა კოსმოლოგიურ დონეზე აეხსნა სამყაროს ფორმირება. ნეოპლატონური ტრიადის მეტაფიზიკა მოიაზრებდა ერთგვარ ვერტიკალურ სტრუქტურას, რომლის თავშიც იდგა "ერთობა" (პირველმიზეზი), შემდეგ - "მსოფლიო გონება", რომლის შემდეგაც, შესაბამისად, "მსოფლიო სული" იყო განთავსებული.


ნეოპლატონური ტრიადა, შესაძლოა, არატიპიურად გამოიყურება წარმართული სამებების რელიგიური კულტების ფონზე. თუმცა, სინამდვილეში მისი არატიპიურობის მიღმა, გარკვეული აზრით "უპირატესობა" იმალებოდა, იმიტომ რომ ეს იდეა უკვე ირეკლავდა არა იმდენად რელიგიურ, რამდენადაც ერთგვარ მეცნიერულ-ფილოსოფიურ წარმოდგენებს. ანტიკური ეპოქის დასავლურ ცივილიზაციაში ადამიანი "განათლებულად" ვერ ჩაითვლებოდა ფილოსოფიური ცოდნის ფლობის გარეშე. არისტოტელეს, პლატონის, ადრეული ქრისტიანობის ეპოქაში კი - ნეოპლატონიზმის - სწავლებებზე წარმოდგენის ქონა, სწორი აღზრდისა და ერუდირებულობის ნიშნად ითვლებოდა. შემდგომ ეს მნიშნელოვანწილად ცუდ სამსახურს გაუწევს ქრისტიანული "ეკლესიის მამებს", რომლებიც, ფილოსოფიით მოხიბლულები, ჩამოაყალიბებენ "ტრინიტარულ ღვთისმეტყველებას" და ეკლესიის მიერ "წმინდა სამების" დოქტრინის მიღებას ჩაუყრიან საფუძველს. 

  


შედარებები




მიზნად თუ წარმართული კულტებისა და ე.წ. "ქრისტიანული ხელოვნების" ტრიადების გამოსახულებების იკონოგრაფიულ შედარებას დავისახავთ, უნებლიე დასკვნის გაკეთება გიწევს, თუ რა პარადოქსული მსგავსება არსებობს სამერთიანი ღვთაებების აღქმასთან დაკავშირებით. რამდენიც გვინდა იმდენი შეგვიძლია ვიდავოთ იმის შესახებ, თუ რამდენად არ ჰგავს "სამების ბუნება" - "ტრიადების ბუნებას", თუმცა იკონოგრაფიის საბოლოო პროდუქტი თვითონვე მეტყველებს საკუთარ თავზე. ერთნიც და მეორენიც, ყველაფრიდან გამომდინარე, თავის უმაღლეს ძალებს პრაქტიკულად იდენტურად ხედავდნენ. მკითხველს შეუძლია საკუთარი თვალით დარწმუნდეს...

სამებებისა და ტრიადების გამოსახულებების უზარმაზარ მასას, პირობითად მათი გამოსახვის სტილისტიკის მიხედვით დავყოფთ. თავდაპირველად გამოვყოფთ ჯგუფს, რომელშიც ღვთაებრივი ტრიადები გამოსახულია როგორც "შერეულიპოსტასური", ან "სამსახოვანი", ანუ ერთი თავით, რომელსაც სამი სახე აქვს (თუმცა მხოლოდ ოთხი საერთო თვალი). ქვემოთ ვხედავთ წარმართული სამსახოვანი ტრიადების რამოდენიმე მაგალითს...


შემდეგ კი შეგვიძლია ვიხილოთ ე.წ. "ქრისტიანული" სამსახოვანი წმინდა სამების მრავალრიცხოვანი მაგალითები...







ცალკე გამოვყოთ წმინდა სამების მართლმადიდებლური სამსახოვანი "შერეულიპოსტასური" გამოსახულებები...


ტრიადების შემდეგი ჯგუფია - ე.წ. "სამთავიანი" ტრიადები. თავიდან მათ წარმართულ ვარიანტებს გავეცნოთ...






შემდგომ ჩვენ შეგვიძლია ვიხილოთ სამთავიანი სამებების "ქრისტიანული" ანალოგები...




ქვემოთ მოცემულ ილუსტრაციებზე შეგვიძლია დამატებითი მაგალითები ვნახოთ: სამსახოვანი (სამთავიანი) ტრიადები ექვსი ხელით. ზედა სამი - ეს კლასიკური წარმართული სამებებია; ქვემოთ - ექვსხელიანი "ქრისტიანული" ტრიადები...



ტრიადები შარავანდით. ზემოთ წარმართული ტრიადები, ქვემოთ - "ქრისტიანული"...


ბოლოს, რაზეც ყურადღებას მივაქცევთ, ესაა ტრიადული სიმბოლიკის აშკარა ურთიერთკავშირი, რომელიც წარმართულ და ე.წ. "ქრისტიანულ" ტრადიციებში შეიმჩნევა. ჩვენ შეგვიძლია "ღვთაებრივი სამებების" საკრალური გამოსახულებები შევადაროთ, რომლებიც სამკუთხედის სახითაა შესრულებული. ზედა ნაწილში წარმოდგენილია სიმბოლო «დივა ტრიფორმის» (სამსახოვანი ქალღმერთი), რომელსაც თაყვანს სცემდნენ ჯერ ბერძნულ, შემდეგ კი რომაულ კულტურაში. მის ქვეშ - "წმინდა სამების" ცნობილი საეკლესიო სიმბოლოებია ანალოგიური სამკუთხედის ფორმის.


სამკუთხედის გარდა, სამერთიანობის იდეას წარმართულ კულტებში ტრადიციულად სამი წრის ან სფეროს სიმბოლოთი ესმებოდა ხაზი. ზედა ნაწილში ჩვენ ვხედავთ ბუდისტური გასამების სიმბოლოს "ტრირატნას" მაგალითებს. ქვემოთ - "ქრისტიანული" სამების საეკლესიო სიმბოლიკას.






დასკვნა



თავის ღვთივშთაგონებულ სიტყვაში ღმერთი თავის თავს არც "სამებად" მოიხსენიებს და არც
 "სამერთიანად". ჩვენ ბიბლიაში ვერ ვიპოვით ვერც სხვა შესაბამის ეპითეტებს, რომლებიც ღმერთთან მიმართებით იქნებოდა დაწერილი - მაგალითად, "სამარსიანი", "სამიპოსტასიანი" და ამის მსგავსი. პირიქით, საკუთარი თავის შესახებ ღმერთი საუბრობს როგორც "ერთ" ღმერთზე, და ზუსტად ასეთ წინადადებას შეიცავს წმინდა წერილი საკმაოდ ბევრჯერ (კანონი [მრ.რჯ.] 6:4; 1 ტიმოთე 2:5).


ამავდროულად, როგორც შეგვეძლო დავრწმუნებულიყავით, "სამერთიანობის" იდეა ძველთაგანვე ახასიათებდა მრავალ წარმართულ კულტს. ცრუ ღმერთების თაყვანისმცემლებს საუკუნეებისა და ათასწლეულების განმავლობაში, მიუხედავად საკუთარი კულტურული კუთვნილებისა, სამერთიანი ღმერთების თაყვანისცემის ან ცალკეული ღვთაებების წმინდა სამებებში გაერთიანებისათვის დამახასიათებელი მისტიკური ტენდენცია გააჩნდათ. პრაქტიკულად ყველა ერს, რომელიც ძველი ისრაელის გარშემო ცხოვრობდა, გააჩნდა ტრიადების მსგავსი კულტები, რითაც პირდაპირ უპირისპირდებოდნენ ჭეშმარიტი ღმერთი იეჰოვას მკაცრად მონოთეისტურ ფორმას. 

არც ქრისტემ, არც მოციქულებმა და არც ქრისტიანთა პირველმა თაობებმა, არაფერი იცოდნენ "წმინდა სამების" შესახებ, რომლის თაყვანისცემასაც ეკლესია იესოს სიკვდილიდან და მკვდრეთით აღდგომიდან 300 წლის შემდეგ იწყებს. საკმაოდ დიდი დრო უნდა გასულიყო, სანამ საეკლესიო ღვთისმეტყველები, რომლებიც გაიზარდნენ არა იუდაურ, არამედ წარმართულ საზოგადოებაში, და თანაც ელინისტური აზრის სულში იყვნენ აღზრდილნი, თანდათანობით დაიწყებდნენ იმ იდეების შემუშავებას, რომლებიც ღვთაებრივი არსის აღქმის იმ იდეების მსგავსი იქნებოდა, რომლებიც წარმართებთან იყო მიღებული. 

ეკლესიის მიერ "იმპერიის რელიგიის" სტატუსის მიღების შემდეგ, ის ისეთი "ქრისტიანების" მასებით გაივსო, რომლებსაც საკუთარი პიროვნება არ გარდაუქმნიათ. გუშინდელი წარმართები ცუდად ერკვეოდნენ "ქრისტიანული" ღვთისმეტყველების დეტალებში, თუმცა ჯერ კიდევ კარგად ახსოვდათ ღვთაებრივი ტრიადების ჩვეული ტრადიციები. ეკლესიის "წმინდა სამება" მოსახერხებელი ინსტრუმენტი გახდა ყოფილი წარმართების სახელმწიფო რელიგიის ახალ ფორმაში "ადაპტაციისთვის". რელიგიის, რომელიც, სულ უფრო ნაკლებად ჰგავდა იმ სწავლებას, რომელიც იესომ დატოვა...
---------------------------------------------------------

ნათარგმნია: sergeiivanov.blogspot.com

Комментариев нет:

Отправить комментарий