суббота, 30 ноября 2019 г.

ორგანიზაცია თუ "უკონფესიობა"?



 რატომ მიაჩნიათ უკონფესიოებს რომელიმე კონფესიის არჩევა შეცდომად და რატომ არ სურთ მათში ყოფნა? მინდა განვიხილო ერთერთი არგუმენტი, რომელიც მათ საკუთარი არჩევნის სისწორის დასამტკიცებლად მოჰყავთ. ისინი ამბობენ, რომ "ორგანიზაციაში ყოფნისას, რომელსაც არასრულყოფილი ადამიანების ჯგუფი უწევს ხელმძღვანელობას, ორგანიზაციის რიგითი წევრი ვალდებულია ამ ხელმძღვანელი ადამიანების ბიბლიურ თვალსაზრისსა და გაგებას დაეთანხმოს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ისინი წყვეტენ მის ნაცვლად თუ როგორ უნდა ასიამოვნოს ღმერთს და სწორად როგორ უნდა ესმოდეს ბიბლია. ეს კი, თავის მხრივ, ღვთის წინაშე არჩევნის თავისუფლებას არღვევს, რადგან ადამიანი თვითონ კი არ ირჩევს ქრისტიანულ გზას, არამედ მის ნაცვლად სხვები ირჩევენ". 

 ალბათ, მრავალს სმენია მსგავსი მოსაზრება. და ერთი შეხედვით ის ლოგიკური ჩანს. თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ მსგავსი აზრები შეიძლება განსხვავებული ენითა და განსხვავებული ემოციური შეფერილობით იქნას წარმოთქმული, რამაც მკითხველი შეიძლება მცდარ დასკვნებამდე მიიყვანოს. ის მოსაზრება, რომელიც ზემოთ მოვიყვანე, საკმაოდ ზუსტად ირეკლავს თავად უკონფესიოების გამონათქვამებს. მანამ, სანამ მას უფრო დაწვრილებით განვიხილავთ, კარგი იქნება გავიხსენოთ, რომ უკონფესიოს მიზანია არა რომელიმე კონფესიის სარგებლის დანახვება, არამედ მისი უსარგებლობისა და მცდარობის ჩვენება, იმიტომაც არის უკონფესიო. ზუსტად ამიტომაც აძლევენ უკონფესიოები ასეთ ემოციურ ელფერს საკუთარ დასკვნებს, რათა ისეთი შთაბეჭდილება შექმნან, თითქოს ის ადამიანი, რომელიც ორგანიზაციაში იმყოფება, ერთგვარ ციხეში იმყოფება და სრულიად დამოკიდებულია მესამე პირებზე. 



  მაგრამ მოდით ეხლა ვცადოთ ზემოთ მოყვანილ მოსაზრებას უფრო დეტალურად და უარყოფითი ემოციური ელფერის გარეშე შევხედოთ. დავფიქრდეთ, რითაა ყურადსაღები ისეთი გამონათქვამები, როგორც "არასრულყოფილი ადამიანების ჯგუფი უწევს ხელმძღვანელობას", "ორგანიზაციის რიგითი წევრი ვალდებულია ამ ხელმძღვანელი ადამიანების ბიბლიურ თვალსაზრისსა და გაგებას დაეთანხმოს", "ისინი წყვეტენ მის ნაცვლად თუ როგორ [მოიქცეს]", "ადამიანი თვითონ კი არ ირჩევს ქრისტიანულ გზას, არამედ მის ნაცვლად სხვები ირჩევენ"? 

 ამ ფრაზების წაკითხვის შემდეგ, გამოუცდელ მკითხველს კითხვები ებადება: "მართლაც. რატომ უნდა დავეთანხმო ვიღაცის თვალსაზრისს და რატომ უნდა მხელმძღვანელობდეს ვინმე? მაქვს ნების თავისუფლება თუ არა? ჰმ, არასოდეს!" დაახლოებით ზუსტად ასეთ რეაქციაზეა გათვლილი მოცემული მოსაზრება, ანუ რათა ეგრევე იმ აზრისკენ უბიძგოს, რომ საერთოდ ნებისმიერი ორგანიზაცია, აუცილებლად მიმართულია თავისუფლებების შელახვისკენ და საწყალი ადამიანის დამორჩილებისკენ. არ განიმარტება, მაინც და მაინც  ასე რატომ, რადგან ეს ხომ ადამიანს "სწორ" არჩევანს და აზრთა "სწორ" მსვლელობას ჩამოაშორებს. ჩანაფიქრის თანახმად, აზრთა მსვლელობა ორგანიზაციაზე გაბოროტებისაკენ უნდა მიდიოდეს. ბუნებრივია, რომ, სიტუაციის უფრო გლობალურად შეფასების გარეშე, ადამიანს პროტესტის გრძნობა და გულისწყრომა უჩნდება, რადგან ხომ ლოგიკურია, რომ მას არ სურს, რომ ვინმე მართავდეს და სურს, რომ თავისუფალი იყოს.

  თუმცა ასეთი მოსაზრებები "თავისუფლების" ილუზიას მხოლოდ ხატავენ, არ იძლევიან არჩევნის თავისუფლებას და ძალიან მნიშვნელოვან კითხვებზე დაფიქრების დროს: "სინამდვილეში ასეთი ცუდები არიან ყველა, ყველა ორგანიზაცია, და ადამიანების დამორჩილებისაკენ არიან მიმართულნი? მართლა არ შეუძლია და არ აკურთხებს ღმერთი მისი ერთგული მსახურების ჯგუფს, რომლებიც ცდილობენ მისი ერთგულები დარჩნენ და გულწრფელად სურთ სხვებისთვის სიკეთე? ნუთუ შეუძლებელია ადამიანების ისეთი ჯგუფი არსებობდეს, რომელიც მთელი არსებით არიან დაინტერესებულნი ჭეშმარიტების პოვნით და დაინტერესებულებამდე მისი მიტანით? კონფესიის გარეშე ყოფნით, ნამდვილად შესაძლებელია, რომ ღვთისთვის სრულიად მოსაწონი ვიყო, ორგანიზაციაში კი არანაირად?" 

 გამოუცდელი მკითხველი ასეთ საკითხებს ყოველთვის როდი უფიქრდება. მას გრძნობების თამაშები ეწყება: "ასე როგორ შეიძლება? ეს არასწორია! ზოგიერთი ორგანიზაცია მაინც ცუდია! და საერთოდ, სხვებს როგორ ესმით ბიბლია ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს!", და კიდევ ამის მსგავსი. აი რისკენაა მიმართული პირველ რიგში ასეთი ემოციური ელფერის ფრაზები. ისინი ამ ყველაფრით სიმართლის დასადგენად დაფიქრების, გააზრებისა და გადამოწმების შესაძლებლობას არ იძლევიან. სამაგიეროდ ჯანყის სულს აღვივებენ ღვთისადმი ორგანიზებული თაყვანისცემის თვით მოსაზრების მიმართაც კი და თან გზადაგზა მხოლოდ ერთ სურათს ხატავენ: 

1. ჭეშმარიტი ქრისტიანი მარტო უნდა იყოს. მარტო უნდა გაუწიოს წინააღმდეგობა სატანას, მარტო უნდა შეძლოს ღვთისადმი ერთგულად დარჩენა და მარტო უნდა მიჰყვეს იმ ჭეშმარიტებას, რომელიც ბიბლიაშია ჩაწერილი და რომელიც, როგორც თავად ჰგონია, სწორად ესმის. განა ეს შეუძლებელია? სრულიად შესაძლებელია. ასეთ არჩევანს ღმერთი იწონებს. 

2. ნებისმიერი რელიგიის ხელმძღვანელები წყვეტენ მრევლის მაგივრად რა სწორია და რა არასწორი, რა ეთანხმება ბიბლიას და რა არა. ქრისტიანობაში ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს. ერთი არასრულყოფილი ადამიანის მიერ მეორე არასრულყოფილი ადამიანის ნაცვლად გადაწყვეტილებების მიღება დაუშვებელია. ღმერთი ამას არ იწონებს. 

3. ნებისმიერი რელიგიის ხელმძღვანელები არასრულყოფილი ადამიანები არიან, რომლებიც, ცდებიან და ამით იმას აჩვენებენ, რომ შეუძლებელია მათ ღმერთი ხელმძღვანელობდეს, იმიტომ რომ ის წმინდა სულში არ ცდება, ხოლო რადგან ყველა რელიგია რაღაცაში მაინც შემცდარა, ეს იმას ნიშნავს, რომ შეუძლებელია თანამედროვე ორგანიზაციებს ღმერთი იწონებდეს ან ხელმძღვანელობდეს. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ყველა რელიგია ცუდია. 

  თუმცა მოდით ამ პუნქტებში გარკვევა ვცადოთ იეჰოვას მოწმეების მაგალითზე, რადგან ზოგიერთი უკონფესიო უშუალოდ მათგან გამოვიდა. შევეცადოთ გავერკვეთ, იეჰოვას მოწმეების ორგანიზაციაში ყოფნა მართლა შემზღუდველია, ხოლო უკონფესიობა ღვთისაკენ მიმავალი საუკეთესო გზა? დასაწყისში პირველი პუნქტი განვიხილოთ. 

  1) შესაძლებელია თუ არა დარწმუნებული ვიყოთ იმაში, რომ ქრისტიანს მარტოს შეუძლია ღვთის ერთგული დარჩეს, გაუძლოს სატანის ყველა თავდასხმას, მაგალითი მისცეს სხვა ქრისტიანებს და შესანიშნავად შეასრულოს იესო ქრისტეს დავალებები? მოდით ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად ბიბლიას მივმართოთ. ყველასათვის ცნობილი მუხლები მათეს 28:19,20: 


   "ამიტომ წადით და მოწაფეებად მოამზადეთ ხალხი ყველა ერიდან, მონათლეთ ისინი მამის, ძისა და წმინდა სულის სახელით, ასწავლეთ მათ ყველაფრის დაცვა, რაც მცნებად დაგიდეთ. და აი, მე ყოველდღე თქვენთან ვარ ქვეყნიერების აღსასრულამდე". 

  ამ მუხლებიდან ჩანს, რომ იესო დავალებას იძლევა. საინტერესოა, ვის აძლევს ამ დავალებას? ქრისტიანებს, თავის მიმდევრებს. მაგრამ უკონფესიოებიც ხომ ქრისტიანებს მიაკუთვნებენ თავს. მაშინ შეკითხვა, კონკრეტულად როგორ დაიწყეს დავალების შესრულება იესოს მოწაფეებმა? ორგანიზებულად თუ ცალცალკე (უკონფესიოდ)? ყველა ჩვენგანმა იცის, რომ ორგანიზებულად. უფრო მეტიც, თავად იესო ხელმძღვანელობდა ქრისტიანთა კრებას არა ცალცალკე, არამედ ორგანიზებულად, ანუ ხელმძღვანელობას უწევდა სად წასულიყვნენ საქადაგებლად, რა ელაპარაკათ და ა.შ.  ხელმძღვანელობა ხორციელდებოდა მოციქულების მეშვეობით, რომლებიც იმ დროს კრების სახელმძღვანელო ორგანოს წარმოადგენდნენ, არსებობდა კრებები, არსებობდა ქადაგების გაფართოება, ანუ პირველ ქრისტიანებს მიზანმიმართული საქმიანობა ჰქონდათ. დღეს თუ შეუძლია უკონფესიოს ასეთი მიზანმიმართული საქმიანობით დაკავება? არა. თუმცა ამავდროულად უკონფესიო ამაზე იტყვის: "და რა საჭიროა?" ისეთი მიზანმიმართული ქრისტიანული საქმიანობა, როგორიც პირველ ქრისტიანებს ჰქონდათ, დღეს ღმერთს აღარ სჭირდება, ღმერთი სულის მეშვეობით მოჰფენს ნათელს ყველაფერს, რაც საჭიროა, ვისთვისაც საჭიროა და როგორც საჭიროა. ან ამბობენ, რომ მნიშვნელოვანია თავად გწამდეს სწორად იმ უკონფესიოებთან ერთად, რომლებიც ასევე ცდილობენ, რომ სწორად სწამდეთ და სწორად მიჰყვნენ ბიბლიას.

  მაგრამ მოსაწონია თუ არა ღმერთისთვის ასეთი საქციელი, ასეთი "თავისუფლება”? და რეალურად რას წარმოადგენს უკონფესიოთა "სწორი რწმენა"? რადგან იესომ ხომ თქვა, რომ თავის მიმდევრებთან იქნებოდა ქვეყნიერების აღსასრულემდე, ესე იგი ქადაგებაც ქვეყნიერების აღსასრულამდე გაგრძელდება. 

 პირველი საუკუნის შემდეგ და შემდგომ ჩვენს დღეებამდე, როდესაც განდგომილებაში ჩაცვივდნენ, ასეთი შესაძლებლობა (ანუ ქრისტიანული საქმიანობის მთელი მსოფლიო მაშტაბით გაფართოების) თითქმის არ ყოფილა. მაგრამ დღეს ხომ არის. მაგრამ რა იცვლება ამით? შეიძლება თუ არა იმის თქმა, რომ დღეს უკონფესიოები სარგებლობენ ამ შესაძლებლობით და ორგანიზებულად ქადაგებენ, ანდა გარკვეულწილად წინ მიიწევენ ამ მიმართულებით? არა. მათ ასეთი მიზანი არც კი გააჩნიათ, და არც შეუძლიათ, რადგან მათ შორის ერთობა არ არსებობს, რის გამოც თანამშრომლობა შეუძლებელია. ერთს შეიძლება ჯოჯოხეთის სწამდეს, მეორეს არა. ერთს შეიძლება სიკვდილის შემდეგ სიცოცხლის სწამდეს, მეორეს არა. და ამას ჰქვია "ბიბლიის სწორად მიყოლა"? და ვისთან წავლენ ისინი ასეთი "სასიხარულო ცნობით"? როგორ იქადაგებენ ერთ ცნობას, როცა ბიბლია სხვადასხვაგვარად ესმით? ვერანაირად. ხოდა მათაც ესმით ეს, ამიტომ მათთვის ქადაგება შერცხვენითა და უთანხმოებებით დასრულდება, რადგან ერთობა არ აქვთ, ამ ეტაპზე საქადაგებლად სიარულს აზრი არ აქვს. თუმცა კიდეც რომ მოინდომონ რაიმეს შეცვლა და რაიმე სახით ერთ საზოგადოებაში გაერთიანება, მაშინ მათ საორგანიზაციო ზომების გატარება მოუწევთ. გასაგებია, რომ ამაზე წასვლა მათ არ შეუძლიათ, იმიტომ რომ ეს უკვე "ორგანიზაციას" და ხელმძღვანელობას მოიაზრებს. უკონფესიოებს კი მხოლოდ სიტყვა "ორგანიზაცია"-ზეც კი ალერგია აქვთ. და, როგორც ჩანს, მნიშვნელობა არა აქვს, სიკეთის მომტანია ეს თუ ზიანის. უბრალოდ წინააღმდეგები არიან და მორჩა! თავადვე უქმნიან საკუთარ თავს ისეთ სირთულეებს, რომელთა მოგვარებაც შემდეგ თავადვე არ შეუძლიათ.

  მაშ ასე, უკონფესიოებს იესოს დავალების შესრულება არ შეუძლიათ. არც ერთობა აქვთ ერთმანეთს შორის, რადგან ხანდახან მათ მოსაზრებებს შორის განსხვავებები უბრალოდ ზღვარს სცდება (საინტერესოა, ამასაც თავისუფლებას ეძახიან?). ხმას არ ვიღებ მათ შორის ათეისტების გამოჩენაზე. ღვთისადმი ერთგულების დაცვა და სატანისთვის წინააღმდეგობის გაწევაღა დარჩა. მაგრამ უკონფესიოებს, რა თქმა უნდა, შეუძლიათ სცადონ ქრისტიანული საქციელი და ერთგულება შეინარჩუნონ, მაგრამ თუ რეალურად შეხედავენ და საკუთარ თავს გულწრფელად გასცემენ პასუხს, რამდენად კარგად და რამდენად დიდხანს გამოსდით ამის გაკეთება? მე ვფიქრობ, რომ არც თუ დიდი ხნით და სხვებისათვის სრულიად არასამაგალითოდ. რადგან ადამიანი რომელმაც განზრახ მოწყვიტა საკუთარი თავი კონფესიას, სადაც სწავლობდა ბიბლიას, მხნევდებოდა კრების მეშვეობით (ებრაელები 10:24,25), იზრდებოდა სულიერად, ანუ გარკვეული დაცვის ქვეშ მაინც იმყოფებოდა, ეხლა კი წასვლის შემდეგ, ფიქრობს, რომ ქრისტიანული საქციელის ეტალონი გახდება? ვფიქრობ, რომ ვერანაირად. და ყველა მათგანს, ვისაც მათთან ჰქონია ურთიერთობა, თავადვე უნახიათ ის ნაყოფი, რომელიც მათ განავითარეს, ხოლო თუ უფრო სწორად ვიტყვით, მათ მიერ თითქმის ყველა ქრისტიანული თვისების დაკარგვის შედეგი უნახიათ. და ეს რა თქმა უნდა სამწუხაროა. 

 ამიტომ, თუ დავფიქრდებით, ორგანიზაციისაგან გამოყოფას მხოლოდ ზიანი მოაქვს ისევ მათთვის და კიდევ უფრო მეტ სირთულეებს უქმნის, თანაც გადაუჭრელს. ორგანიზაციაში მათ რწმენაში გაძლიერებისა და ღვთისადმი მსახურების შესაძლებლობების გაცილებით მეტი შანსი ჰქონდათ. ორგანიზებული ქრისტიანული საძმოსაგან საკუთარი თავის შეგნებულად მოწყვეტით, უკონფესიოები, პირველ რიგში, სატანის თავდასხმებისა და ცდუნებებისაგან ნაკლებად დაცულები დარჩნენ, რამაც, მეორე რიგში, მათ შორის უთანხმოებები გამოიწვია, შეუძლებელი გახადა ურთიერთ თანამშრომლობა, და მესამე რიგში, საკუთარი ზემოთაღწერილი ქმედებებით, მათ თავადვე შეუქმნეს საკუთარ თავს დაბრკოლებები, რომ გაუმჯობესდნენ და იესოს ის დავალება შეასრულონ, რომლის დანახვაც სურს დღეს ღმერთს. 

 ასე ვთქვათ, ერთგვარი ჯაჭვური რეაქცია წავიდა, არადა სულ პატარა რამიდან დაიწყო, ერთი შეხედვით, "უნიშვნელო რამისაგან” – ორგანიზაციისადმი უკმაყოფილებით და იმის სურვილით, რომ თავად გადაწყვიტონ რა სწორია და რა არასწორი. ხოდა აი შედეგიც. ეხლა იმის განსაზღვრაც კი არ შეუძლიათ, რას ნიშნავს "სწორი”, იმიტომ რომ თითოეულს თავისი განსხვავებული "სწორი” მოსაზრება აქვს. აი რა შედეგამდე მიჰყავს უკონფესიოს ეგრეთ წოდებულ "თავისუფლებას". ნუთუ ღმერთს თავისი მსახურები ასეთები უნდოდა ეხილა?


  2) კიდევ ერთი მოსაზრება, რომელიც იმის დასამტკიცებლად გამოიყენება, რომ დღეს შეუძლებელია ორგანიზაცია ღვთისაგან იყოს, იმაში მდგომარეობს, რომ "გარკვეულ ორგანიზაციას არასრულყოფილი ადამიანების ჯგუფი უწევს ხელმძღვანელობას და ორგანიზაციის რიგითი წევრი ვალდებულია ამ ხელმძღვანელი ადამიანების ბიბლიურ თვალსაზრისსა და გაგებას დაეთანხმოს. ეს კი არასწორია". რა თქმა უნდა, ეს მოსაზრება ასეთი სიტყვებით და ასეთი სახით საკმაოდ არასასიამოვნოდ გამოიყურება, რადგან ისეთ აზრს ჩააგონებს, რომ ხელმძღვანელობა მხოლოდ იმას აკეთებს, რომ თავის მრევლს აიძულებს შეხედულებები მიიღონ, ეს კი ნამდვილად არამიმზიდველია. გარდა ამისა, მსგავსი მოსაზრება ჩვენთვის შეუმჩნევლად სპობს იმის ყველანაირ ვარიანტს, რომ ხელმძღვანელობა შეიძლება კარგი და სიკეთის მომტანი იყოს, თითქოს ეს შეუძლებელი იყოს. ანუ თუ ხელმძღვანელ ორგანოს არასრულყოფილი ადამიანები შეადგენენ, მაშინ უკვე მნიშვნელობა არ აქვს, კარგი განზრახვები აქვთ მათ მრევლის მიმართ თუ არა, სხვებზე უკეთ მიჰყვებიან ისინი ბიბლიას თუ არა, ყველაზე სწორად ესმით მათ ის თუ არა, ამას უკვე მნიშვნელობა არ აქვს, ისინი უკვე ყველა მტყუანი და ცუდია. რატომ? იმიტომ რომ არასრულყოფილი ადამიანები არიან. აი ასეთია მათი ლოგიკა. 

 საერთოდ კი, როდესაც არასრულყოფილი ადამიანების ხელმძღვანელობის შესახებ ამგვარი მოსაზრება გესმის, სურვილი გიჩნდება, რომ მოსაუბრეს ჰკითხო: "უკაცრავად, და თქვენ საერთოდ როგორ წარმოგიდგენიათ ორგანიზაცია, რომელშიც ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელები უშუალოდ ხელმძღვანელობით არ არიან დაკავებულები და არც რჩევებს აძლევს სამწყსოს, არც გაფრთხილებებს და იმას, როგორ მოიქცნენ სწორად და არ ასწავლიან სხვებს ბიბლიურ ჭეშმარიტებას, თუ რა არის არასწორი?" ეს ორი ურთიერთგამომრიცხავი ალტერნატივებია. თუ ორგანიზაციის ხელმძღვანელობა ასეთი რამეებით არ არის დაკავებული და არ ასწავლის, მაშინ ეს უკვე ხელმძღვანელობა არაა და ის კი, რასაც ისინი ხელმძღვანელობენ, ორგანიზაცია არაა. მორჩა და გათავდა. ხელმძღვანელობა ზუსტადაც რომ იმისთვისაა შექმნილი, წესრიგი რომ იყოს. წესრიგი მოიაზრებს გარკვეული წესების მიყოლას, რომლებიც ხელმძღვანელებისაგან მომდინარეობს. ამის წყალობითაა შესაძლებელი მიზანმიმართული საქმიანობა და დიდი სარგებლის მიღება. ცუდის თუ კარგის, თითოეული თავად წყვეტს. საუბარი ჯერჯერობით ამაზე არაა.

  იეჰოვას მოწმეების ხელმძღვანელობა არავის დასდევს იმისათვის, რომ საკუთარი რწმენა მოახვიოს თავს და არ აიძულებს ადამიანებს, რომ მათ წესებს მიჰყვნენ და ბიბლიის მათ გაგებას დაემორჩილონ. მოწმეები იმის გაცნობას ვთავაზობთ, რასაც ჩვენ მივიჩნევთ ჭეშმარიტებად, შემდეგ კი, თუ ადამიანი ეთანხმება, რომ ეს ჭეშმარიტებაა და თანახმაა, რომ ასეთი მრწამსი მიიღოს, ის მონათლული იეჰოვას მოწმე ხდება, რითაც აჩვენებს, რომ გააზრებულად შეუერთდა მსოფლიო ქრისტიანულ საძმოს და ყველაფერში ეთანხმება მათ, მათ შორის ხელმძღვანელობასაც. ასევე ნათლობით ის აჩვენებს, რომ ეთანხმება იმას, რომ მოწმეებს წმინდა სული ხელმძღვანელობს (მონათვლის კანდიდატის ერთერთი შეკითხვა ზუსტად ასე ჟღერს). ეს არჩევანი სრულიად გააზრებულად კეთდება, ბიბლიის სერიოზული შესწავლის შემდეგ. 

 მათ, ვინც ამას გაუაზრებლად აკეთებენ, ან უბრალოდ მონათვლა სურთ ან ჯერ არ არიან მზად, მონათვლის უფლებას არ აძლევენ. პირადად მე ვიცი რამოდენიმე შემთხვევა, როდესაც პირდაპირ უთხრეს ადამიანებს, რომ ისინი ვერ გახდებოდნენ მოწმეები მანამ, სანამ საკუთარ ცხოვრებას ბიბლიასთან არ მოიყვანდნენ თანხმობაში. თუმცა მათ სურდათ მოწმეები რომ ყოფილიყვნენ, მაგრამ მე მათ ვუთხარი, რომ მათ ასე უბრალოდ მაინც არ მისცემდნენ მონათვლის უფლებას. ისეთებიც ვიცი, რომლებმაც ბიბლია შეისწავლეს, მაგრამ ჯერ კიდევ არ შეესაბამებიან, და არც მათ აძლევენ მონათვლის უფლებას. ეს აჩვენებს, რომ ჩვენ არ დავდევთ ადამიანებს, ოღონდ კი მოწმეები გახდნენ. პირიქით, ჩვენ ძალიან არ გვსურს, რომ ადამიანები გაუაზრებლად ხდებოდნენ იეჰოვას მოწმეები. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ასეთი "მოწმეები” იეჰოვას ნამდვილად არ სჭირდება. ეს არის თითოეული ადამიანის აბსოლუტურად გააზრებული პირადი არჩევანი, რომელსაც ის დამოუკიდებლად იღებს. ხოლო თუ თავად სურს და თავად წყვეტს მოწმეებს შეუერთდეს, იმიტომ რომ მიაჩნია, მათ აქვთ ჭეშმარიტება, განა სწორია ასეთ შემთხვევაში იმის თქმა, რომ მას ვიღაცამ რაღაც თავისი მოახვია თავს? გონიერ ადამიანს ესმის, რომ არა.

  გარდა ამისა, მრავალი უკონფესიო უბრალოდ არც კი უშვებს, შეცდომით ან განზრახ, იმის შესაძლო ვარიანტს, რომ არსებულ ორგანიზაციებს შორის არსებობს ხელმძღვანელობა, რომელიც მართლა დაინტერესებულია საკუთარი თანამორწმუნეების მიერ ბიბლიის საუკეთესო გაგებით და რომელიც ცდილობს, რომ ეს გაგება სამწყსომდე რაც შეიძლება უკეთ მიიტანოს. უკონფესიოები ამ ვარიანტს უბრალოდ იცილებენ და არ სურთ მისი აღიარება, როგორც მათთვის არასახარბიელო ვარიანტის. ისინი უარყოფენ, რომ დედამიწაზე შეიძლება არსებობდეს ხელმძღვანელობა, რომელსაც მართლა ძალიან უყვარს ღმერთი და სურს, რომ ღვთის ერთგული ადამიანები ერთ შეკრულ საძმოში შეკრიბოს, რათა ყველა ერთი ოჯახივით იყოს, ყველა იყოს თანაბარი და ყველას ერთმანეთი უყვარდეს. ამ ფაქტს კვლავ უბრალოდ იცილებენ და მორჩა. რატომღაც არ ეძებენ. არასრულყოფილი ხელმძღვანელობაა, ესე იგი, შეუძლებელია.

  საერთოდ კი, უკონფესიოებთან მიმართებით სიტუაცია გაცილებით იოლადაა. ისინი, ვინც მოწმეებისაგან წავიდნენ და საკუთარ თავს უკონფესიოებად მიიჩნევენ, არ ეძებენ და არ უერთდებიან ღვთისთვის სასურველ (მათი აზრით) რომელიმე სხვა კონფესიას, არა იმიტომ რომ უკვე გაერკვნენ კონფესიებში, ყველაფერი აწონ-დაწონეს, შეაფასეს და ფიქრობენ, რომ ასეთი კონფესიები არ არსებობენ, არამედ იმიტომ რომ მათ არ სურთ რაიმე კონფესიების ძებნა, შედარება, რომელი მათგანი შეესაბამება ჭეშმარიტებას და რომელი არა, და ასე შემდეგ. ამას ხომ დრო სჭირდება, რომ ეძებო, ძალისხმევა მოახმარო და საკუთარი თავი შეცვალო, რაიმეს მოერგო! ვაიდა ის ჭეშმარიტება, რომელსაც იპოვის, ძალიან მომთხოვნი აღმოჩნდეს მათ მიმართ? იქნებ ის იმაზე უფრო გაცილებით მომთხოვნი აღმოჩნდეს, ვიდრე ახლანდელია? დიახ, დიახ. ზუსტად აქ ჩანს მათი ნამდვილი მოტივები. უკონფესიობა ესაა ღვთისადმი მსახურების "მოსახერხებელი ვარიანტი", თანაც ამავდროულად თითქმის არაფრის კეთება არაა საჭირო, მთავარია სრულიად გწამდეს იმის, რომ ეს იმაზე უკეთესია, ვიდრე რომელიმე ორგანიზაციაში იყო. აბსურდია… 


  3) მესამე და, ალბათ, უკონფესიოთა ყველაზე გავრცელებული მოსაზრება იმისა, თუ რატომაა ცუდი იმყოფებოდე არგანიზაციაში რომელსაც არასრულყოფილი ადამიანები ხელმძღვანელობენ, იმაში მდგომარეობს, რომ "არასრულყოფილი ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ ღვის წმინდა სული მართავთ და ღვთისაგან მომდინარე არხი გააჩნიათ, თუმცა ამავდროულად ცდებიან, სინამდვილეში შეუძლებელია მათ ღვთის სული ხელმძღვანელობდეს და საერთოდ მატყუარები არიან, რადგან ღვთის სული არ ცდება და შეუძლებელია რაიმე არასწორად ახსნას".

 მათი შეცდომა, ვინც ასე მიიჩნევს, იმაში მდგომარეობს, რომ მათი მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა გამოიყურებოდეს ღვთის სულით მართვა, ძალიან გაზვიადებულია ამის განსასაზღვრად, ამიტომ მათ იმის ხილვა სურთ, რისი არსებობაც დღეს ფაქტიურად შეუძლებელია. ეს, დაახლოებით, ისეთივე სიტუაციაა, როგორც ათეისტების შემთხვევაში, რომლებიც ამბობენ: "მაჩვენეთ ღმერთი და ვიწამებ". თუმცა სხვა მრავალი საშუალება არსებობს, მაგრამ ათეისტს მაინცდამაინც მის დანახვა სურს, ვისი დანახვაც შეუძლებელია. 

 სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მრავალი უკონფესიო, რომელიც მოწმეებს აკრიტიკებს, ფიქრობს, რომ წმინდა სულით ხელმძღვანელობაში მხოლოდ და მხოლოდ რაღაც ზებუნებრივი გამოცხადებები იგულისხმება, რომლებმაც მაშინვე უნდა გახადონ აშკარა მთელი ბიბლიური ჭეშმარიტება, 100 პროცენტით. ისინი ფიქრობენ, რომ ღვთის ერთგული ხალხი არასოდეს არ უნდა ცდებოდეს, ამიტომ მაშინვე ცნობილი უნდა გახდეს მთელ პლანეტაზე, რომელსაც სატანა მართავს, როგორც ჭეშმარიტი ღვთის ერი, რათა ყველა ხალხი და მთავარი თითს იშვერდეს მათკენ და ამბობდეს: "ყველამ შეხედეთ, აი ღვთის ხალხი, ერთადერთი, ესაა ყველაზე ჭეშმარიტი ხალხი, რადგან ამ ხალხს ღმერთმა მაშინვე ყველაფერი გაუხსნა! ყველა მათ შეუერთდით ხალხო, იმიტომ რომ მათთან ბიბლიის 100 პროცენტით სწორი გაგებაა!". ასეთი სცენარების ხილვა სურთ უკონფესიოებს? ნუთუ მათ მიაჩნიათ, რომ ამას ასე იოლად დაუშვებს სატანა? მისი სასწაულებით იესოც კი არ აღიარა უმრავლესობამ (საქმეები 13:27), და პირველ ქრისტიანებსაც მათი სასწაულებით ხოცავდნენ და წვავდნენ. ეხლა კი მსოფლიო უბრალოდ უნდა ადგეს და ჭეშმარიტი ქრისტიანები აღიაროს?

  საერთოდ კი უკონფესიოები ერთგავი მაქსიმალისტები არიან, რომლებიც სპეციალურად აზვიადებენ სიტყვების აზრს იქ, სადაც ამის გაკეთება არ ღირს, იქ კი სადაც ღირს, ამცირებენ. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ისინი მოწმეებში იმას ვერ ხედავენ, რისი დანახვაც სურთ. და არა იმიტომ, რომ მოწმეებს ეს არ აქვთ, არამედ იმიტომ რომ ეს საერთოდ არ არსებობს და დღეს შეუძლებელია მისი არსებობა. შეუძლებელია მისი არსებობა, მაგრამ უკონფესიოებს ამის ნახვა მაინც უნდათ, შემდეგ კი უკვირთ, რატომ ვერ პოულობენ ამას მოწმეებთან. აი ასეთი პარადოქსია. 

 ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია განვსაზღვროთ, როგორ მართავს ღმერთი დღეს თავისი სულით, რათა შემდეგ გავიგოთ, თუ სინამდვილეში ვის უწევს ხელმძღვანელობას. ამაზე თუ შევჩერდებით, მაშინ მრავალი დაეთანხმება (და მათ შორის უკონფესიოებიც) იმას, რომ დღეს ზებუნებრივი სახით ღვთის სული არავის ხელმძრვანელობს, ანუ არავის აძლევს იმ ზებუნებრივ ნიჭებს, რომლებსაც პირველ ქრისტიანებს აძლევდა: განკურნების, ენებზე ლაპარაკის, წინასწარმეტყველების, მკვდრების აღდგენისა და სხვადასხვა ხილვებისა და გამოცხადებების ხილვის ნიჭებს. ყველაფერ ამას ღმერთი დღეს არ აძლევს არც უკონფესიოებს და არც სხვა რომელიმე კონფესიას. და ეს ყველაფერი მშვენივრად ესმით. ასეთ შემთხვევაში კი ჩვენ ორი გზა გვაქვს. ან ასეთი ნიჭების არარსებობა მივიჩნიოთ იმად, რომ ღმერთი თავის სულს არავის არ აძლევს, თუმცა ასეთი თვალსაზრისით ათეიზმამდე სულ ორი ნაბიჯია, რადაც იქცნენ კიდევ ზოგიერთი უკონფესიოები; ან უნდა ვაღიაროთ, რომ ღვთის წმინდა სული მოქმედებს, ოღონდ არა ისეთი სახით როგორც ადრე, და მხოლოდ ამის შემდეგ განვსაზღვროთ თუ კონკრეტულად ვის ხელმძღვანელობს. 

  მაგრამ მოდით, თავიდან, ის განვსაზღვროთ, თუ როგორ მოქმედებს ის. თუ ზებუნებრივი სახით არა, ესე იგი აშკარაა, რომ ღვთის წმინდა სულის მოქმედების ხილვა შესაძლებელია, მაგალითად, გარკვეულ შეცდომებზე და არასწორ სწავლებებზე მუშაობის შედეგებში, ქრისტიანთა მოქმედებების კარგ ნაყოფებში (გალატელები 5:22,23), ერთგულებასა და ერთ გუნდად შეკრულობაზე დაკვირვებით, რომლებსაც ქრისტიანები რაიმე სარგებლის გამო კი არ ავლენენ, არამედ ღვთის სიყვარულის გამო, იმიტომ რომ ესმით, რომ ეს სწორია, და ღმერთს ერთ დიდ ოჯახად ემსახურებიან, როგორც ეს პირველი ქრისტიანების შემთხვევაში იყო. თუ ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილს ღვთის სულის ხელმძღვანელობის შედეგებად ვაღიარებთ, მაშინ უბრალოდ იმის გაგებაღა გვრჩება, თუ ვინ შეესაბამება ამ ყველაფერს და ვინ არა. 

 თუ იეჰოვას მოწმეების მსოფლიო კრებას შევადარებთ მათ, ვინც მათგან გამოვიდა და უკონფესიო გახდა, შეგვიძლია თუ არა იმის თქმა, რომ უკონფესიოთა საქმიანობა ღვთის წმინდა სულის ასეთ ზემოქმედებას აჩვენებს? აშკარაა, რომ არა. ისინი არ არსებობენ როგორც ქრისტიანთა ჯგუფი, მათ არ აქვთ ერთიანი სწორი სწავლება, არ აქვთ ერთიანი სწორი საქმიანობა და არც მიზანმიმართული თანამშრომლობა გააჩნიათ. როგორ უხელმძრვანელებს მათ ღვთის სული, თუ მათ, უკაცრავად და, თავადაც კი არ იციან, ეხლა რა უნდათ და საით მიდიან? უხელმძრვანელებს მათ ღმერთი, თუ ისინი ამას ეწინააღმდეგებიან? თუ შეგნებულად ეწინააღმდეგებიან, მაშინ საეჭვოა. მაგრამ კარგია, რომ იეჰოვა ყველა ადამიანის გულს ხედავს და ხედავს მათაც, ვისაც უბრალოდ მართლა გზა აებნა და ჯერ კიდევ სურს ჭეშმარიტების პოვნა. იეჰოვა ასეთ ხალხს არ მიატოვებს. ასეთი ხალხი, ეჭვგარეშეა, რომ ძალიან ძვირფასები არიან მისთვის (2 პეტრე 3:9). 

  მაშ ასე, ჩვენ დავინახეთ, რომ წმინდა სულის მოქმედების დანახვა და შეცნობა სინამდვილეში შესაძლებელია. თუმცა კითხვა წამოიჭრება, შესაძლებელია თუ არა, რომ ღმერთი დღეს თავისი სულით ხელმძღვანელობდეს ადამიანთა ჯგუფს, რომლებსაც შეცდომები დაუშვიათ და არც დღეს არიან დაცულები შეცდომებისაგან, მაგრამ სურთ ერთგულად ემსახურონ ღმერთს და მიაჩნიათ, რომ ღმერთმა ისინი ამოირჩია? როდესაც ამ შეკითხვას უკონფესიო წაიკითხავს, დიდი ალბათობით "არა”-ს იტყვის, ვიდრე "კი”-ს, ალბათ ისე, რომ არც კი დაფიქრდება. მაგრამ რატომ? კითხვა ხომ ძალიან იოლია, რატომ არა? რატომაა ეს შეუძლებელი? შეუძლებელია იმიტომ, რომ ღმერთი ზებუნებრივი სახით არ ჰფენს ნათელს გარკვეულ საიდუმლოებებს, მაგრამ სურს, რომ ხალხმა მისი ნება იცოდეს და ამისათვის ბიბლია დატოვა? ჩვენ ხომ უკვე გავერკვიეთ იმაში, რომ ისე, როგორც ეს უკონფესიოებს სურთ, ღმერთი ჭეშმარიტებას ერთ წამში არ ჰფენს ნათელს, ადამიანთა სპეციალური ჯგუფისთვის და თანაც მთელი 100 პროცენტით. მაგრამ განა ეს იმას ნიშნავს, რომ მას სხვა გზებით არ შეუძლია ჭეშმარიტებისაკენ მიმართვა და მისი დაცვა? არა. ღმერთი ზუსტადაც რომ ასე აკეთებს, ის დროს იძლევა გასარკვევად, უშვებს, რომ შეცდომები დაუშვან მათ, ვინც მისი ნების შესრულებას ცდილობენ, იმისათვის, რომ მათი ნამდვილი მოტივები და ერთიანობა გამოავლინოს და, რათა მრავალწლიანი სირთულეების შემდეგ დაინახოს, ზუსტად ბიბლიის მიხედვით თუ ცხოვრობენ ისინი, ცდილობენ თუ არა რომ კვლავ მთელი გულით გააგრძელონ ღვთისადმი მსახურება, და ასევე, სწორი მოტივები აქვთ მათ თუ არა? და თუ ქრისტიანთა ასეთი ჯგუფი იკვეთება, განა ღმერთი ვერ მოძებნის საშუალებას, არა ზებუნებრივს, არამედ სხვა სახით წარმართოს ეს ხალხი ჭეშმარიტებისაკენ, მხარი დაუჭიროს მათ და გულწრფელი ადამიანები მიიზიდოს მათკენ? მე ვფიქრობ, რომ ღმერთს აქვს ამის გაკეთების საფუძველი, და დღეს ის ზუსტად ასეც იქცევა. 

  უკონფესიოებს უყვართ იმის თქმა, რომ მოწმეებს არაერთხელ დაუშვიათ შეცდომები, ღვთის სახელით ლაპარაკობენ და საკუთარ თავს ღვთის რჩეულ ხალხად აცხადებენო. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ღმერთი მათ არ ხელმძღვანელობს და შეუძლებელია ისინი იყვნენ ჭეშმარიტი ქრისტიანებიო. თუმცა ეს არც თუ მთლად სწორი მტკიცებულებაა, რადგან მასში განსაზღვრული არ არის ის, თუ რას ნიშნავს ჭეშმარიტებაში ყოფნა. ჭეშმარიტებაში ყოფნა ხომ შეცდომების დაშვების შემთხვევაშიც შეიძლება, ასე არ არის? ღვთის რჩეულიც შეიძლება იყო და შეცდომებს უშვებდე, ხომ ასეა? შეიძლება, იმიტომ რომ ისინიც კი, ვისაც პირადად ღმერთი ირჩევდა, არასრულყოფილ ადამიანებად რჩებოდნენ და ამის უამრავი ბიბლიური მაგალითი არსებობს. 

 მაშინ რა არის განმსაზღვრელი? მოტივები, საქმეები და განწყობა! ის კი არ არის ჭეშმარიტებაში, ვინც ყველაფერს უცბათ მიხვდა რატომღაც, არამედ ის, ვისაც მიზნად აქვს დასახული ბიბლიური ჭეშმარიტება ეძებოს, იპოვოს, და მის შესაბამისად შეიცვალოს, ეცადოს სწორ გზაზე დარჩეს, მაშინაც კი თუ ამისათვის დიდ მსხვერპლზე მოუწევს წასვლა. ამიტომ მე მიმაჩნია, რომ თუ ასეთი კეთილშობილური მიზნები გექნება, მაგრამ არ გექნება 100 პროცენტიანი ბიბლიური სწორი ცოდნა, ღმერთი მაინც წარგმართავს და ასეთ ჯგუფს დარწმუნებით შეუძლია თქვას, რომ ის სწორ გზაზეა და ის ღმერთმა აირჩია და იწონებს.

 მოწმეებში მე ვხედავ დიდ გულწრფელ სურვილს, მიუხედავად შეცდომებისა, წინ იარონ და გამოასწორონ ისინი, მათ ეს ძალიან სურთ და ამას სიცოცხლეს უძღვნიან, ეს კი ძალიან ბევრ რამეს მეუბნება. მოწმეები, უკონფესიოებისაგან განსხვავებით, წინ მოძრაობას განაგრძობენ და თან იციან საით უნდა წავიდნენ, თუმცა შეცდომებიც შეიძლება დაუშვან, მაგრამ იმის წყალობით, რომ ისინი გამუდმებით საკუთარ თავზე მუშაობენ, ისინი ასწორებენ საკუთარ შეცდომებს. უკონფესიოები კი ამ შეცდომებისათვის აკრიტიკებენ მათ. სამაგიეროდ თვითონ "არ უშვებენ შეცდომებს". დიახ, შეცდომით არაფერი დამიწერია, უკონფესიოები ახალ შეცდომებს არ უშვებენ. და ვერც დაუშვებენ, იმიტომ რომ დღემდე ერთ დიდ ძველ შეცდომაში სხედან, რომელსაც უკონფესიობა ჰქვია, რომელიც მათ წინ წასვლის და უკეთესი და უკეთესის გახდომის საშუალებას არ აძლევს. სწავლებებში შეცდომებისათვის იეჰოვას მოწმეების კრიტიკისას, უკონფესიოებს ამ შეცდომების დადებითი მხარეები ავიწყდებათ, კონკრეტულად კი ის, რომ ისინი გამოსწორებული იქნენ, და ზუსტადაც ამ შეცდომების გამოსწორების წყალობით შეესაბამებიან მოწმეები ჭეშმარიტებას სულ უფრო უკეთ და უკეთ. უკონფესიოებს თუ გააჩნიათ ასეთი პერსპექტივა? არა, იმიტომ რომ ისინი საერთოდ არსაით არ მოძრაობენ, იმისთვის კი, რამე რომ შეცვალო, მოძრაობაა საჭირო. თუმცა საიდუმლოდ გეტყვით, რომ შეცდომების გამოსწორების საკითხზე საუბარი მათ არ უყვართ და ისინი ყველანაირად ცდილობენ უშუალოდ შეცდომებზე გააკეთონ აქცენტი და არა მათ გამოსწორებაზე, და იმაზე, თუ რა შედეგი მოიტანა ამან. აი ასეთი საინტერესო მიდგომა აქვთ მათ. სხვათაშორის, ზუსტად ამიტომაც ვუწოდებ მათ ხშირად კრიტიკოსებს, იმიტომ რომ მოწმეებთან ისინი ყველაფერს შავ ფერში ხედავენ, ჩვევა აქვთ უკვე ასეთი, მხოლოდ შეცდომები დაინახონ და გამუდმებით მათზე ილაპარაკონ ფორუმებზე იქნება ეს თუ სოციალურ ქსელში. ხოლო გამოსწორდა თუ არა ეს შეცდომები, მათ არ აინტერესებთ. არადა სამწუხაროა. ზუსტად ის მოწმობს იმაზე, რომ იეჰოვას მოწმეები სწორ გზას ადგანან, რაც მათ არ აინტერესებთ. 
  

  მოდით შევაჯამოთ: ყოველივე ზემოთ თქმულიდან ჩანს, რომ უკონფესიობა, რომელიც, უკონფესიოების აზრით, არასაჭირო საორგანიზაციო ზომებისა და შეცდომებისაგან თავისუფლება უნდა ყოფილიყო, ალბათ უფრო ქრისტიანობის ჩიხურ მიმართულებად იქცა. ჩიხური იმიტომ, რომ მას არსაით არ მიჰყავს. მას არავითარი პერსპექტივები არ აქვს, მათ შორის კარგებიც კი. თუმცა ამგვარი "თავისუფლება" მათთვის სასიკვდილო აღმოჩნდა სულიერი გაგებით, რადგან უკონფესიოებად გახდომით, მათ საკუთარი თავი დიდი საფრთხის წინაშე დააყენეს და ასე აგრძელებენ, რადგან პირისპირ დარჩნენ სატანის მახეების წინაშე. ამიტომ არცაა გასაკვირი ის, რომ ისინი ძალიან მალე "ცივდებიან" და სრულად წყვეტენ სამაგალითო ქრისტიანული საქციელის ჩვენებას და ისინი სულ უფრო ერწყმიან ქვეყნიერებას. კი, ეს გაცილებით უფრო ადვილია, ვიდრე ორგანიზაციაში ყოფნა, და გარკვეული აზრით ეს ის "თავისუფლებაა", როგორიც მათ სურდათ. მაგრამ რა არის ასეთი თავისუფლების შედეგი? თუ სულიერი სიკვდილი, მაშინ უკაცრავად, მე ასეთი თავისუფლება არ მჭირდება. მირჩევნია საორგანიზაციო პირობებში დავრჩე და ღვთისადმი ერთგულება შევინარჩუნო, ვიდრე ყველაფერზე და ყველაზე უარი ვთქვა და დავიღუპო. 

 ამის დანახვა მაგალითით შეგვიძლია. უკონფესიოებისათვის რომ კარგად გასაგები იყოს, მოდით პირობითად წარმოვიდგინოთ, რომ ორგანიზაცია, მართლა გალიაა. თქვენ ამ გალიაში იმყოფებით. თითქოსდა გარკვეულწილად ზღუდავს თქვენს თავისუფლებას და გამოსვლა გინდათ, მეტი თავისუფლების მისაღებად. მაგრამ როდესაც ჩვენ გვესმის, რომ გალიის მიღმა ლომი დასეირნობს (ბიბლიაში ვინაა ნაგულისხმები მბრდღვინავ ლომში ყველამ კარგად იცის) მაშინ როგორ დაუწყებთ ყურებას იმ ადგილს, სადაც იმყოფებით? როგორც გალიას, რომელიც თქვენს თავისუფლებას ზღუდავს, თუ როგორც დამცავ ზღუდეს? ალბათ უფრო როგორც მეორეს. ამიტომ, ისეთი ნაჩქარევი არჩევნის გაკეთებისას, როგორსაც უკონფესიოები აკეთებენ, მათ იმ საფრთხის შესახებ ავიწყდებათ, რომელიც ასეთ არჩევანთანაა დაკავშირებული, ხოლო ის კი, რაც მათ თავს რეალობაში ხდება, მართლაც აჩვენებს, რომ სჯობდა ორგანიზაციიდან არ წასულიყვნენ. წასვლას რომ კარგი ნაყოფები მოეტანა, ეს შესამჩნევი იქნებოდა. მაგრამ, ყველაფერი პირიქითაა. 

  ჩვენ ასევე დავინახეთ, რომ უკონფესიოთა არგუმენტების დეტალური განხილვისას ნათელი ხდება, რომ ასეთი გზა ღვთისათვის მოსაწონი არ არის, და ის არ გაუძღვება ჭეშმარიტებისაკენ მათ, ვისაც განსხვავებული "ჭეშმარიტება" აქვთ და ვისაც არაფრის შეცვლა არ სურს. ამ მხრივ ორგანიზაცია გაცილებით უკეთ შეესაბამება ღვთის ნებას, რადგან მისი მეშვეობით ღმერთს საკუთარი მსახურების წარმართვაც შეუძლია და მათი უკეთეობისაკენ შეცვლაც. მხოლოდ ისღა რჩება, სწორი ოგანიზაცია ავირჩიოთ. უკონფესიოებს კი ვერსაით წარმართავ და შეცვლი, იმიტომ რომ მათ თვითონ აღუმართეს ამას ზღუდე და თავადვე ეწინააღმდეგებიან ამას. თუმცა კარგი იქნება, თუ ამ ყველაფრიდან სარგებელს ამოვიღებთ, კონკრეტულად კი, უფლებას არ მივცემთ მსგავს ფრაზებს, რომ ჩვენს გრძნობებს დაეუფლონ და დასკვნების გაკეთებას არ ვიჩქარებთ. გარიცხული უკონფესიოების მრავალი ბრალდება გრძნობებით თამაშზეა აგებული, ისინი ცდილობენ ორგანიზაციაში დარჩენილებს დაანახონ, რომ მათ "ლახავენ", "აიძულებენ" და ამის მსგავსი, რათა მათ გრძნობები აუფორიაქონ. ამიტომ, თუ არ ვიჩქარებთ, არამედ ავწონ-დავწონით ნებისმიერ ბრალდებას, მაშინ იმ საფრთხის თავიდან აცილებას შევძლებთ, რომ გრძნობებს არ ავყვეთ და წავიდეთ, როგორც ეს ოდესღაც მათ უმრავლესობას დაემართა.

(მაქსიმ მ.)
---------------------------------------------------

ნათარგმნია: jwapologetica.blogspot.com

Комментариев нет:

Отправить комментарий