вторник, 7 октября 2014 г.

დაფა და ლურსმნები


უკვე სათვალავი ამერია, თუ რამდენჯერ მომისმენია შემდეგი ორი არგუმენტი, ქრისტეს სიკვდილის იარაღის ფორმასთან დაკავშირებით. ამიტომ გადავწყვიტე ცალკე სტატიაში გამომეტანა ისინი.


1. იესოს თავს ზემოთ იყო წარწერა «იუდეველთა მეფე» (მათე 27:37). ამტკიცებენ, რომ იესოს ხელები რომ მაღლა ჰქონოდა აწეული, მაშინ ბიბლიაში ეწერებოდა «ხელებს ზემოთ» და არა «თავს ზემოთო». შესაბამისად მისი ხელები არ ყოფილა მაღლა აწეულიო.

ჩაატარეთ უბრალო ექსპერიმენტი. დადექით რომელიმე საგნის ქვეშ, მაგალითად ნათურის. ხელები მაღლა ასწიეთ. სად იმყოფება ნათურა – თავს ზემოთ თუ ხელებს ზემოთ? ის ერთდროულად თავსზემოთაც იმყოფება და ხელებს ზემოთაც, ხომ მართალია? ორივე აღწერა სწორი იქნებოდა. იმიტომ რომ ხელების აწევისას ყველაფერი, რაც თავს ზემოთაა, ასევე ხელებს ზემოტაცაა და პირიქით. ეს იმდენად ნათელია, რომ მე ყოველთვის მიკვირს, როცა ამის განმარტება მიწევს. სახარების დამწერს შეეძლო დაეწერა როგორც «თავს ზემოთ», ასევე «ხელებს ზემოთ», ორივე გამოთქმა სწორია და არანაირად არ ეწინააღმდეგება ერთმანეთს.

აქ კიდევ ერთი მომენტიცაა, სუფთა ლინგვისტური. რუსულ ენაში (ისევე როგორც ქართულში) ფრაზა «ხელებს მაღლა» არაბუნებრივია და იშვიათად გამოიყენება. წაარმოიდგინეთ, რომ ვინმე სავარჯიშო ტურნიკზე ჰკიდია და თქვენ იმის აღწერა გსურთ, რაც მის ზევით, ჭერზეა განლაგებული, მაგალითად ლურსმანი. როგორ იტყვით «ხელებს ზემოთ»? საეჭვოა. ასეთი სიტყვათა კავშირი ფრაზეოლოგიურად არადამახასიათებელია რუსული ენისათვის (ასევე ქართულისთვისაც). მეტია იმის ალბათობა, რომ თქვენ იტყვით «თავს ზემოთ». მე არ ვარ ბერძნული ენის სპეციალისტი, მაგრამ სავსებით შესაძლებელია, რომ მასშიც ასეთივე სიტუაცია იყო. შესაძლოა, სახარების დამწერმა იმიტომ დაწერა «თავს ზემოთ», რომ ბერძნული ენისთვის ეს უფრო ბუნებრივი იყო.

გარდა ამისა, დაფა შესაძლოა მართლა თავს ზემოთ იყო მიკრული და არა ხელებს ზემოთ. თუ ქრისტეს ხელები გვერდებიდან იყო ძელზე ცალცალკე მილურსმული, მათ შორის სავსებით შესაძლებელი იქნებოდა დაფის მიმაგრება, მით უმეტეს, თუ ხელებს ზემოთ საკმარისი ადგილი აღარ იყო. მაშინ ის იყო არა ხელებს ზემოთ, არამედ მათ შორის. ასე რომ, დაფა, ქრისტეს სიკვდილის იარაღის ფორმის შესახებ, ფაქტიურად არაფერს არ გვეუბნება.

2. თომამ თქვა: «უკუეთუ არა ვიხილო ხელთა მისთა სახე იგი სამსჭუალთაი», და არა «სამსჭუალისაი» (იოანე 20:25 გ.მთაწმინდელი). ამის საფუძველზე ამტკიცებენ, რომ ლურსმანი ორი იყო და არა ერთი, და შესაბამისად, იესოს ხელები იქით-აქეთ ჰქონდაო გაშლილი.

(მინდა აქვე აღვნიშნო, რომ ლურსმნებს მრავლობით რიცხვში მხოლოდ გ. მთაწმინდელის თარგმანი მოიხსენიებს. სხვა ქართული თარგმანები ამ მუხლს ასე გადმოსცემს: "თუ არ ვიხილავ მის ხელებზე ნალურსმევს").

ეს არგუმენტი ყოველგვარი ლოგიკის არარსებობით მაოცებს. პირველი, ფრაზა «სახე იგი სამსჭუალთაი» არანაირად არ ნიშნავს იმას, რომ ლურსმანი მაინცდამაინც ორი იყო და ვთქვათ, არა რვა. ის მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ლურსმანი ერთზე მეტი იყო. თომას არც ის უთქვია, თუ რამდენი ლურსმანი იყო, არც ის თუ კონკრეტულად რა ადგილებში ჰქონდა ისინი იესოს ჩაჭედებული და არც ის თუ კონკრეტულად როგორი იყო ქრისტეს ხელების განლაგება სასიკვდილო იარაღზე. თომას ამაზე საერთოდ არაფერი უთქვამს. ამიტომ წარმოუდგენლად უცნაური ისაა, რომ ადამიანები კვლავ და კვლავ თომას მიმართავენ სასიკვდილო იარაღის შესახებ ინფორმაციის მისაღებად.

შემდეგ, აბსოლუტურად შეუძლებელია ლურსმნების რაოდენობით ხელების განლაგების დადგენა. ლურსმნებთან დაკავშირებით მხოლოდ ერთი რამის თქმა შეიძლება დარწმუნებით: ლურსმანი თუ ერთი იყო, მაშინ ხელები ვერანაირად ვერ იქნებოდნენ გაშლილი (რადგან ერთი ლურსმნით იყვნენ მიჭედებული). ამის მეტი არანაირი მტკიცებულების მოყვანა არ შეიძლება. ხოლო რამდენადაც, თომას სიტყვების თანახმად, ლურსმანი ერთზე მეტი იყო, ხელები შეიძლება ყოფილიყო როგორც გაშლილი, ასევე შეერთებული, ჩვენ ამის შესახებ არაფერი არ ვიცით. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენთვის უცნობია, თუ კონკრეტულად როგორ იყო მილურსმული ხელები ძელზე. ისინი შეიძლება გვერდი-გვერდ იყვნენ მილურსმული, ცალცალკე (აი ასე), შეიძლება ძელის ორივე მხრიდან ყოფილიყვნენ მიჭედებული (აი ასე). არსებობს ვერსია იმის შესახებაც, რომ შესაძლოა ქრისტეს ხელები ოდნავ გაშლილი ყოფილიყო, როგორც ასო-ბგერა Y. ყველა ამ შემთხვევაში მინიმუმ ორი ლურსმანი იქნებოდა საჭირო.

ასეა თუ ისე, ჩვენ ძალიან მწირი ინფორმაცია გვაქვს ძელზე სიკვდილით დასჯის რომაულ მეთოდებზე, იმისათვის რომ კატეგორიული დასკვნები გავაკეთოთ ამ თემასთან დაკავშირებით. სამაგიეროდ ჩვენ ვიცით, რომ ეს მეთოდები თვითნებური და სავსებით მრავალფეროვანი იყო. რომაელები სიკვდილით სჯიდნენ არა აუცილებელი დადგენილი წესით, არამედ როგორც მოუხერხდებოდათ. მთავარ მიზანს ის წარმოადგენდა – რომ საიმედოდ დაემაგრებინათ ადამიანი ძელზე (სტაუროსზე), და ამ მიზანს ისე ასრულებდნენ, როგორც შეეძლოთ. რომელიმე რომაელს შეიძლება რამოდენიმე დამატებითი ლურსმანიც კი ჩაერტყა საიმედოობისათვის.

აქ კიდევ ერთი საინტერესო კითხვა იბადება: თვითონ თომამ თუ იცოდა, რამდენი ლურსმანი იყო ნახმარი? საეჭვოა, იმიტომ რომ ის არ დასწრებია ქრისტეს სიკვდილით დასჯას. მან უბრალოდ თქვა «სახე იგი სამსჭუალთაი», ყოველგვარი კონკრეტიზაციის გარეშე. ეს უბრალო ფაქტი სრულიად ანგრევს თომას მეშვეობით ჯვრის მტკიცებულების ხაზს, იმიტომ რომ არ შეიძლება იმ ადამიანის ციტირება, რომელმაც თავადაც არ იცის, თუ რამდენი ლურსმანი იყო სინამდვილეში ნახმარი. ლურსმანი შეიძლება ერთიც კი ყოფილიყო. ამიტომ თომაზე და ლურსმნებზე საუბარი თავიდანვე აზრს მოკლებულია, ასე რომ მე შემეძლო არც კი დამეწერა წინა სამი აბზაცი.

ფაქტი ფაქტად რჩება: ბიბლიაში არ არსებობს არცერთი მტკიცებულება იმისა, რომ ქრისტეს სიკვდილის იარაღი ჯვრისმაგვარი ფორმის იყო. ამის ნებისმიერი მტკიცებულება, წარმოსახვითი იქნება ის თუ რეალური, მხოლოდ არაბიბლიური წარმომავლობის შეიძლება იყოს. არაბიბლიური წარმომავლობის მტკიცებულებები კი იმითაა სერიოზულად გართულებული, რომ ადრეულმა ქრისტიანებმაც კი არ იცოდნენ ზუსტად, თუ რა ფორმის იყო ქრისტეს სიკვდილის იარაღი, რაც განსხვავებული ვერსიების სიმრავლითაც დასტურდება. მაგრამ ეს უკვე სულ სხვა საუბრის თემაა.

-------------------------------------------------------------------------------

თარგმნილია: chivchalov.blogspot.com


ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ:

ციტატები ჯვრის შესახებ

რაზე გააკრეს იესო?

ჯვარი: სიწმინდეა თუ ცდომილება?

1 комментарий:

  1. ახალი ქვეყნიერების ბერძნულ თარგმანშიც სიტყვა თავია გამოყენებული :)

    ОтветитьУдалить