понедельник, 26 сентября 2022 г.

ღვთის თვალი

 


თქვენ – ათეისტი ხართ, «რეალური ცხოვრებით» ცხოვრობთ და მორწმუნეებს ბნელებად და ახირებულებად მიიჩნევთ. თუმცა მინდა გთხოვოთ რამოდენიმე წუთი დაუთმოთ იმას, რითაც მთელი დღის განმავლობაში, დილიდან საღამომდე შეუჩერებლად სარგებლობთ და შესვენებას მხოლოდ ძილის დროს აკეთებთ. ეს – თქვენი თვალებია. მათზე იშვიათად ფიქრობთ, თუმცა მოდი ეხლა დაფიქრდით.

დიდი ალბათობით კამერით აღჭურვილი ტელეფონი ან ფოტოაპარატი გექნებათ. ამიტომ გეცოდინებათ, რომ ფოტოაპარატის მუშაობის პრინციპი ჩვენი თვალიდანაა აღებული. მაგალითად, ფოტოაპარატის ობიექტივი ბროლის იდეას იმეორებს, რომელშიც სინათლის სხივები გარკვეული კუთხით ფოკუსირდება, შემდეგ კი უკვე თვალის შიგნით უკუმიმართულებით იშლება, რითაც ბადურაზე შემცირებულ გამოსახულებას ქმნის, ოღონდ თავდაყირა (შემდეგ ტვინი სურათს კვლავ უკან ატრიალებს). თუმცა ბროლი ოპტიკის თვალსაზრისით ნებისმიერ ობიექტივზე გაცილებით უფრო სრულყოფილია. ის გაცილებით პატარა, მსუბუქი და პრაქტიკულია და პრაქტიკულად არ ქმნის იმ ხარვეზებს, რომლებიც ყველაზე ძვირადღირებულ ფოტოაპარატებსაც კი ახასიათებს – დისტორსია, აბერაცია, ვინეტირება და ა.შ. როდესაც გვერდითი ხედვით სახლს ხედავთ, არ გეჩვენებათ, რომ გვერდზეა დახრილი, როგორც ეს ფოტოებზე ხდება. სხვათაშორის, ლათინურად ბროლს «lens» ჰქვია – ინგლისურში იგივე სიტყვა ობიექტივს ნიშნავს.

თვალის ბადურა, შესაბამისად, ფოტოაპარატის სენსორის პროტოტიპს წარმოადგენს, თუმცა მისი რეზოლუცია გაცილებით უფრო მაღალია. ზოგიერთი შეფასების თანახმად, ის 400-დან 600 მეგაპიქსელს შეადგენს. ასევე ბადურას, ფოტოფირის თუ ციფრული მატრიცისგან განსხვავებით, ამობურცული ფორმა აქვს და არა ბრტყელი, რაც სივრცეს გაცილებით რაციონალურად იყენებს. მისი სინათლისდამჭერი ელემენტები ორ ტიპად იყოფა: ჩხირები და კოლბები, რომლებიც სხვადასხვა ხასიათის სინათლის ტალღების მიღებაზე არიან პასუხისმგებელი. საშუალოდ ადამიანის თვალის ბადურა 92 მილიონ ჩხირს და 4,5 მილიონ კოლბას შეიცავს. კოლბების წყალობით თქვენ ფერების ათასობით ელფერის გარჩევა შეგიძლიათ, ხოლო ჩხირების მგრძნობელობა ისეთია, რომ ერთ ჩხირს მხოლოდ ორი ფოტონის დაფიქსირება შეუძლია.

თვალის ფერადი გარსი – ეს გახლავთ ბუნებრივი დიაფრაგმა, რომელიც განათებიდან გამომდინარე გუგის დიამეტრს ზრდის ან ამცირებს. ასე ხდება სინათლის ნაკადის ინტენსივობის დარეგულირება. თვალის ზუსტად ამ თავისებურების წყალობით შეგიძლიათ ძალიან განათებული ქუჩიდან ბნელ სივრცეში შესვლა და სიბნელისთვის თვალის უცბათ შეჩვევა ისე, რომ სინათლის წყაროს სრული არარსებობის შემთხვევაშიც კი დაინახოთ. უკან გამოსვლისას, მხედველობას არ კარგავთ და კვლავ ნორმალურად ხედავთ. თანაც ეს ყველაფერი სრულიად ავტომატურად, თქვენი მხრიდან ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე ხდება, ხშირად თქვენგან სრულიად დამოუკიდებლად. თქვენ არ გჭირდებათ და არც ფიქრობთ ყოველ წუთში: «მაშ ასე, თვალის გუგის რა დიამეტრი დავაყენო ეხლა?» ანუ თქვენი ბადურა ამავდროულად განათების განმსაზღვრელი სენსორის ფუნქციასაც ასრულებს, რომელიც, სხვათაშორის, ყველა მობილურ მოწყობილობას როდი აქვს.

ჟურნალ «Popular Photography»-ში ეწერა: «ადამიანის თვალები დეტალების გაცილებით დიდ დიაპაზონს იჭერენ, ვიდრე ფირი. ისინი სამ განზომილებაში ხედავენ, უკიდურესად ფართე კუთხით, ხარვეზების გარეშე, უწყვეტ მოძრაობაში… კამერის ადამიანის თვალთან შედარება უსამართლობაა. ადამიანის თვალი, ალბათ უფრო — ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი მოწინავე სუპერკომპიუტერია, ინფორმაციის დამუშავების, სიჩქარეებისა და მუშაობის რეჟიმებით აღჭურვილი, რომელიც ბევრად სჯობია ადამიანის მიერ შექმნილ ნებისმიერ აპარატს, კომპიუტერს თუ კამერას».

იმ მახასიათებლების კამერა რომ შეექმნათ, როგორიც ადამიანის თვალს აქვს, ის წარმოუდგენლად ძვირი ეღირებოდა. თქვენ კი სრულიად უფასოდ გაჩუქეს, თანაც ორ ეგზემპლარად. სხვათა შორის, ორი თვალის წყალობით ბონუსად კიდევ მანძილსაზომსაც იღებთ – საგნებამდე არსებული მანძილის დადგენის ხელსაწყოს. ასე რომ, თუ ისეთი აზრი გესტუმრებათ, რომ ღმერთს პირადად თქვენთვის არაფერი მოუცია და ცხოვრებაში ყველაფერს თვითონ მიაღწიეთ, სცადეთ, თვალები დახუჭოთ და ასეთ მდგომარეობაში წახვიდეთ მაღაზიაში და სურსათი იყიდოთ სადილისთვის.

თუმცა ამჯერად ამაზე არ ვსაუბრობ. ყოველივე ზემოთთქმულის გათვალისწინებით, გთხოვთ, რომ ერთ შეკითხვას უპასუხოთ. უპასუხოთ არა ჩემთვის, არამედ პირადად თქვენთვის, იმიტომ რომ ყველაზე პატიოსან პასუხებს მხოლოდ საკუთარ თავს ვცემთ. გჯერათ თუ არა, რომ თქვენი თვალი ევოლუციის, ანუ შემთხვევითი, უმიზეზო და ქაოტური მუტაციებისა და შეცდომების შედეგად გაჩნდა?

ევოლუციონისტებიც კი აღიარებენ, რომ თვალის კოლოსალური, უბრალოდ წარმოუდგენელი სირთულე – ევოლუციისთვის პრობლემას წარმოადგენს. თავად ჩარლზ დარვინი წერდა: «იმის ვარაუდი, რომ თვალი… ბუნებრივი გადარჩევის შედეგად შეიძლებოდა გამომუშავებულიყო, გუმწრფელად ვაღიარებ, უკიდურესი დონის უგუნურებად შეიძლება მოგვეჩვენოს». თვალი ისეთი რაოდენობის ერთმანეთზე დამოკიდებული დეტალებისაგან შედგება, რომელთაგან თითოეულიც თავისთავად წარმოუდგენლად რთულია, და ყველა ერთად ისეთ სიმფონიას ქმნიან, რომ თვალს უბრალოდ არ შეეძლო თანდათანობით განვითარება, ნაბიჯ-ნაბიჯ. ნახევარი თვალი და თუნდაც თვალის 90% ვერ შეძლებდა მუშაობას და ტვინში მხედველობითი ინფორმაციის გაგზავნას, ამიტომ ასეთ «ნახევართვალს» გადარჩევის პროცესში გადარჩენა არ შეეძლო. პირველი რომელი გაჩნდა, ბადურა თუ ბროლი? და რა მომენტში შეუერთდა მათ მხედველობის ნერვი? თვალი შეიძლება მხოლოდ სრულიად მზა ფორმით გაჩენილიყო, რასაც თეორიის თეორია არ ითვალისწინებს. არ არსებობს თვალის ევოლუციის არავითარი მეცნიერული და ექსპერიმენტალურად დადასტურებული მტკიცებულებები, ყველა მსგავსი «მტკიცებულება» მხოლოდ ჰიპოთეზებისა და ვარაუდების დონეზე არსებობს. არადა თვალი – ურთულესი ბიოლოგიური კონსტრუქციების მრავალი მაგალითიდან მხოლოდ ერთია. ის, თუ თვალი როგორ მუშაობს ტვინთან ერთობაში ოპტიკური ინფორმაციის მიღების, დამუშავებისა და შენახვის საკითხში, საერთოდ ადამიანური აზროვნების მიღმაა.

ასე რომ, გჯერათ თუ არა ორი ფანტასტიკური ოპტიკური ხელსაწყოს ევოლუციის, რომელიც ცხვირის ორივე მხარეს სრულიად შემთხვევით გაგიჩნდათ? თუ თქვენი პატიოსანი და დარწმუნებული პასუხია: კი – თქვენთან მეტი შეკითხვა არ მაქვს. თუ თქვენი პასუხია: არა, ან ბოლომდე არ ხართ დარწმუნებული, – მაშინ თქვენ უკვე აღარ შეგიძლიათ სუფთა სინდისით ათეისტების რიგებში თავის ჩაწერა, ჩემო ძვირფასო მეგობარო. საკუთარ თავში ამის აღიარების პატიოსნება იპოვეთ. თუმცა, აღიარების შემდეგ, ნუ შეგრცხვებათ ამის. ამაში სასირცხვილო და საუბედურო არაფერია. გონიერი კონსტრუქტორის არსებობა არცერთ მეცნიერულ თეორიას არ ეწინააღმდეგება. ამის მრავალ მეცნიერს სწამს, თანაც ზუსტად იმიტომ, რომ ეს მათ საკუთარი თავის წინაშე პატიოსნად დარჩენის საშუალებას აძლევს. საკუთარი თავის წინაშე პატიოსნება კი ძვირფასი რამაა. ყველას როდი აქვს ამის საშუალება.

მაგრამ მერე როგორღა უნდა იცხოვროთ ისე, როგორ ცხოვრებასაც ხართ მიჩვეული? ეს რთულია. რადგან გონიერი შემოქმედის არსებობა ყველაფერს ძირეულად ცვლის. კოორდინატების მთელ სისტემას. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ შემოქმედს გარკვეული მოსაზრება გააჩნია იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი ცხოვრებით ცხოვრობთ. ეს მოსაზრება შეიძლება თქვენი აზრისგან განსხვავდებოდეს. ეს ასევე იმასაც ნიშნავს, რომ როგორც თქვენს შემოქმედს, მას თქვენთან დაკავშირებით გარკვეული ჩანაფიქრი და დანიშნულება აქვს მის სამყაროში. და ალბათ მას ასევე ფასეული რჩევებიც აქვს, რომლებსაც თქვენი ცხოვრების გაუმჯობესება დღესვე შეუძლია.

----------------------------------------------------------

ნათარგმნია: chivchalov.blogspot.com

Комментариев нет:

Отправить комментарий