понедельник, 5 сентября 2022 г.

ომი და მშვიდობა

 "ომის ყველაზე საშინელი სისასტიკე იმაში მდგომარეობს, რომ ის მამაკაცების ჯგუფს იმის გაკეთებას აიძულებს, რასაც ისინი სათითაოდ მთელი თავისი არსებით გაუწევდნენ წინააღმდეგობას." (ელენ კი "ომი და მშვიდობა და მომავალი", 1916)

 

რა შეიძლება ომის საშინელებებზე უარესი იყოს, როდესაც ათასობით ან სულაც მილიონობით ადამიანი იშლება ჭკუიდან და უსაშინლესი ზიზღი უჩნდებათ მათ მიმართ, ვინც არასოდეს არც კი უნახავთ?

 

ომის შედეგები არასოდეს შეედრება იმ მიზნებს, რომელსაც მისი გამჩაღებლები ისახავენ.

 

ადამიანებმა უძველესი დროიდან იციან, რომ როგორც ცეცხლს ვერ ჩააქრობ ცეცხლით, ასევე შეუძლებელია ბოროტების ომით დამარცხება. მაგრამ ომები მაინც ათასწლეულებია გრძელდება და ისინი ერთმანეთს ცვლიან.

 

 


 

 

მაშინ რატომ ომობენ ადამიანები, ეს ხომ ასეთი უბრალო ჭეშმარიტებებია? ყველას ყველაფერი ესმის, მაგრამ ადამიანები მაინც აგრძელებენ ომს, ხოცვას, ძარცვას და გაუპატიურებას. თანაც ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ამას დასასრული არასოდეს ექნება.

 

შეიძლება თუ არა ომების შეწყვეტა?

 

კი მაგრამ, ნუთუ არაფრის გაკეთება არ შეიძლება იმისთვის, რათა ყველა ეს საშინელი ომები შეწყდეს, და რომ ეს განტოლება -"ომი და მშვიდობა" - ამ უკანასკნელის სასარგებლოდ გადაწყდეს?

 

შეიძლება. თუმცა პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანების უმრავლესობამ უბრალოდ არ იცის, ეს როგორ გააკეთოს. ან უფრო სწორად არ სურთ და არ შეუძლიათ იმ უბრალო და გენიალური გადაწყვეტილების მიღება, რომელსაც ერთხელ და სამუდამოდ შეუძლია დედამიწაზე ყველა ომის შეწყვეტა. კი მაგრამ რა გადაწყვეტილებაა ეს? მოდით ამაზე ვიმსჯელოთ.

 

რეალური შემთხვევა:  ერთხელ, როდესაც სანკტ-პეტერბურგის მახლობლად ვცხოვრობდი, იმ მატარებელზე დამაგვიანდა, რომელიც ჩემს ქალაქში მიდიოდა. მნიშვნელოვანი შეხვედრა გამიცდა და ამიტომ სახლისკენ ნაღვლიანი მივაბიჯებდი. რადგან სწრაფად დავდივარ, ძალიან მალე ერთ ქალბატონს წამოვეწიე, რომელიც იგივე მიმართულებით მიდიოდა. რაღაც ბუნებრივად გამოველაპარაკეთ ერთმანეთს, ასე რომ სადღაც მესამე წუთზე უკვე საუბარი სულიერ თემაზე გადავიტანე.

 

საინტერესო ქალბატონი გამოდგა, ბიბლიას კითხულობდა და უამრავი შეკითხვა გააჩნდა. ვინაიდან არც მე მეჩქარებოდა სადმე და არც მას, ორივე ყურისაკენ წავედით და თან სულიერ თემებზე საუბარს ვაგრძელებდით. ჩვენ დაახლოებით 3 საათი ვისაუბრეთ, ასე რომ გული უკვე საერთოდ არ მწყდებოდა, მატარებელზე რომ დავაგვიანე.

 

ძალიან ბევრ რამეზე ვესაუბრე, როგორც იტყვიან, დაბადებიდან გამოცხადებამდე, მრავალ სადაო თემას შევეხე. ერთერთ ასეთ სადაო თემას ქრისტიანის ომებში მონაწილეობასა და სამხედრო სამსახურზე უარის თქმას წარმოადგენდა.

 

ამ ქალბატონს, ისევე როგორც ჩემი ქვეყნის ბევრ სხვა წარმომადგენელს, უბრალოდ არ შეეძლო ამ აზრის გათავისება: "როგორ შეიძლება ჯარში არ მსახურება? მაშინ სამშობლოს ვინ დაიცავს? მტერი რომ დაგვესხას თავს?" და ასე შემდეგ...

 

ეს საკითხი ძალიან სწრაფად გადავჭერით. მე მას უბრალოდ ვკითხე:

 

- როგორ ფიქრობთ, რამდენი ტყვიამფრქვევის, ტანკის, თვითმფრონავის, რაკეტისა და ბომბის დამზადებაა საჭირო, დედამიწაზე რომ ომები შეწყდეს?

 

ქალბატონი დაფიქრდა და დაახლოებით 10 წამის შემდეგ თქვა: "ყველაფერი გავიგე."

 

ის საკმაოდ ჭკვიანი იყო იმისთვის, რათა უბრალო ჭეშმარიტებას მიმხვდარიყო:

 

ნამდვილი მშვიდობა იქ კი არ არის, სადაც დაცული ხარ, არამედ იქ, სადაც დაცვა არ გჭირდება!

 

ნამდვილი მშვიდობა იქ კი არ არის, სადაც ომის გარეშე ერთი დღე იცოცხლე, არამედ იქ, სადაც დარწმუნებული ხარ, რომ ხვალ მშვიდობიანი დღე გათენდება.

 

შეიძლება თუ არა ქრისტიანებისთვის ომში მონაწილეობა?

 

იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი ქვეყანა "ქრისტიანულად" ითვლება, იმის მოლოდინი არსებობს, რომ ყველა იესოს მსგავსად უნდა აზროვნებდეს:

 

იესომ უთხრა მას: "ჩააგე მახვილი, რადგან მახვილის ამღები მახვილითვე დაიღუპება!". (მათე 26:52)

 

თუმცა ჩვენს ქვეყანაში ყველაზე აღიარებულმა რელიგიამ რატომღაც დაივიწყა თავისი “ღმერთის” ეს უბრალო მითითება და როგორც წინათ, ასევე დღეს, იმ იარაღს აკურთხებს და განწმენდს, რომლითაც სახელმწიფოს დაქირავებული მკვლელები სრულიად უდანაშაულო ადამიანებს დახოცავენ.

 


 

 

უკვე მესმის შეპასუხება: აბა საომრად თუ არავინ წავა, უბრალოდ დაგვიპყრობენ, დაგვიმონებენ, ...ან, შესაძლოა, უბრალოდ მოგვსპონ როგორც ერი.

 

თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ როდესაც იმის შესახებ ვსაუბრობთ, რომ ომში მონაწილეობაზე უარის თქმაა საჭირო, ჩვენ მსოფლიოს ყველა ხალხზე ვსაუბრობთ. განა სხვა ქვეყნებში მცხოვრებ ხალხს მოსწონს ომი? ისინი რა ჩვენზე სულელები არიან და არ ესმით ეს უბრალო ჭეშმარიტება?

 

ვის სჭირდება ომები?

 

თუმცა, რა თქმა უნდა, დღეს ასეთი სასწაული არ მოხდება, იმიტომ რომ თითოეული ადამიანი და თითოეული ქვეყანა თავის მეზობელს არ ენდობა. უნდა გვესმოდეს, რომ თანამედროვე ქვეყნების ყველა მმართველები  - ამბიციური, ძალაუფლების მოყვარული, ამაყი და ხშირად ხარბი ადამიანები არიან.

 

სხვებს ძალაუფლებაში მოსვლა დღეს უბრალოდ არ შეუძლიათ. ასე რომ თითოეული, რადგან სხვა დანარჩენებს არ ენდობა, არასოდეს გადადგამს ასეთ კეთილშობილურ ნაბიჯს და არც საკუთარ თავს განაიარაღებს და არც ჯარს დაითხოვს.

 

თვალსაჩინო მაგალითი: ეს ჰგავს სიტუაციას, როდესაც ორმა დამნაშავემ ერთმანეთს იარაღი დაუმიზნა და არცერთ მათგანს არ შეუძლია იარაღის პირველი დაშვება, რომ მშვიდობიანად დაშორდნენ ერთმანეთს. ორივე მათგანმა იცის, რომ მისი მოწინააღმდეგე - გამოუსწორებელი ნაძირალაა, და, თუ პირველი დაუშვებს იარაღს, ის მას მაშინვე მოკლავს.

 

ასე რომ დგანან ასე ერთმანეთისკენ იარაღმიმართულები, სანამ რომელიმეს ნერვები არ უმტყუვნებს და სასხლეტს არ გამოკრავს თითს. შემდეგ კი წავიდაა...

 


 

 

რაღა თქმა უნდა, თვითონ მმართველები პირადად არასოდეს ომობენ. ისინი ამისთვის თავის ერს იყენებენ, თავის "საზარბაზნე ხორცს", რომელიც, ჩვეულებრივ დაუფიქრებლად ასრულებს მათ სასტიკ ბრძანებებს. სათითაოდ ყველა ადამიანმა რომ უარი განაცხადოს თავისი მმართველების დანაშაულებრივი ბრძანებების შესრულებაზე და საომრად არ წავიდეს, მაშინ ომი უბრალოდ არ იქნებოდა.

 

მაგალითად, გასულ საუკუნეში ყველა გერმანელს რომ არ დაეჭირა მხარი ჰიტლერისთვის, განა მოხდებოდა მეორე მსოფლიო ომი? რა თქმა უნდა, არა!

 

რატომ იქცევიან ადამიანები მხეცებად?

 

მაგრამ მათ მხარი დაუჭირეს, და იმიტომ კი არა, რომ ისინი ყველა ასეთი სასტიკები და არაადამიანები იყვნენ, არამედ იმიტომ, რომ ამ ომის დაწყებამდე რამოდენიმე წლით ადრე დაიწყეს ამ ხალხისთვის ტვინის გამორეცხვა, ან, როგორც დღესაა მოდაში - ზომბირება, რომ გერმანელები - რჩეული ერი იყო, ყველა დანარჩენი კი  - დაბალ საფეხურზე მდგომი!

 

და რომ ღვთის წინაშე მათი წმინდა ვალი იყო დედამიწის ამ ბარბაროსებისგან და არაადამიანებისგან გაწმენდა.

 


 

 

როდესაც ომის შემდეგ უბრალო გერმანელები იძულებით მიჰყავდათ "ექსკურსიებზესაკონცენტრაციო ბანაკებში, რომლის კედლებთანაც ისინი ფაქტობრივად ცხოვრობდნენ, და მათ გვამების მთებს აჩვენებდნენ, მრავალ მათგანს უბრალოდ გული მისდიოდა. ისინი მოატყუეს, და ეს სანახაობა მათთვის უბრალოდ იმ რეჟიმის საშინელი დანაშაულის მტკიცებულება იყო, რომელსაც ისინი ასე თავგამოდებით უჭერდნენ მხარს.

 

ასეთივე სურათი იყო სსრკ-შიც. ადამიანებმა მხოლოდ წლების შემდეგ გაიგეს, რომ იმ ადამიანის რეჟიმს იცავდნენ, რომელმაც სისხლისღვრაში ჰიტლერს ბევრად აჯობა. ჰიტლერი უცხოებს ხოცავდა, სტალინი კი თავისებს.

 

ზუსტად სტალინმა მოიგონა პირველმა საკონცენტრაციო ბანაკები და მილიონობით ჩვენი თანამემამულე გაანადგურა, რომლებიც სრულიად არაფერში არ იყვნენ დამნაშავე. ზუსტად ამიტომ ზოგიერთი ადამიანი, როდესაც ამის შესახებ შეიტყვეს, დარწმუნებულები იყვნენ, რომ ჰიტლერი დამპყრობელი კი არა, პირიქით, მხსნელი იყო. ორი ბოროტებიდან ადამიანი ჩვეულებრივ ნაკლები ბოროტების არჩევას ცდილობს.

 

ყველა ეს ფაქტი მხოლოდ ერთ რამეზე მეტყველებს: დღეს სამართლიანი ომები არ არსებობს!

 

მაგრამ, როგორც ნაციტურ გერმანიაში, ისე სსრკ-ში მცხოვრებ ყველა ადამიანს რომ სცოდნოდა რეალური სურათი, მათ რომ ის სცოდნოდათ, თუ სადამდე მიიყვანდა ეს ყველაფერი, მაშინ, შესაძლოა, მათ ერთმანეთთან არც კი ეომათ?

 


წარწერა სურათზე: ჩვენ მშვიდობას მოვითხოვთ! 

 

"ჩვენმა ჯარისკაცებმა რომ იცოდნენ რის გამო ვომობთ, ვერცერთი ომის წარმოება ვერ გახდებოდა შესაძლებელი." (ფრიდრიხ დიდი)

 

არა, დიდი ალბათობით ეს არაფერს არ შეცვლიდა. რატომ?

 

რატომ არ წყდება ომები?

 

ომი - არამზადებისთვის ყოველთვის ხელსაყრელი საქმეა, კორუფციონერი პოლიტიკოსებით დაწყებული და საზიზღარი მარადიორებით დამთავრებული. ზუსტად ასეთი ადამიანები იწყებენ ომებს სარგებლის ნახვის, ძალაუფლების მიღების მიზნით, რადგან იციან, რომ პირადად ისინი და მათი ახლობლები ამ ყველაფერში პირდაპირ მონაწილეობას არ მიიღებენ.

 

"მოხუცები ომებს უცხადებენ ერთმანეთს, სასიკვდილოდ კი ახალგაზრდები მიდიან." (ჰერბერტ გუვერი)

 

თუმცა ომი რომ დაიწყო, ისე უნდა მოაწყო, რომ უბრალო ადამიანებმა თვითონ მოინდომონ ან იძულებული გახდნენ, რომ იომონ. ამისათვის ბავშვებს უკვე ჩვილობიდანვე ჩააგონებენ სხვა ერებთან მიმართებით მათი ერის უპირატესობას, მათში პატრიოტიზმს ავითარებენ, ჩააგონებენ, რომ სამშობლო - წმინდაა და სამშობლოსთვის სიცოცხლის გაღება - ყველაზე დიდი გმირობაა.

 

ბიჭებს ჩააგონებენ, რომ ისინი სამშობლოს დამცველები არიან. ისინი საგნებს საკუთარ სახელებს არ უწოდებენ, რადგან ფაქტობრივად ყველა ჯარისკაცი - ხომ პროფესიონალი მკვლელია, არც მეტი და არც ნაკლები.

 

ტყუილად როდია ნათქვამი, რომ "ომში პირველი სიმართლე კვდება".

 


 

 

წარწერა სურათებზე: “ჩვენ - უდაბნოს აყვავებულ მხარედ ვაქცევთ. ისინი კი - ქალაქებსა და სოფლებს უდაბნოდ აქცევენ.

 

ამ პროპაგანდას რომ წინააღმდეგობა გავუწიოთ და საკუთარი სინდისის წინააღმდეგ არ წავიდეთ, უდიდესი სიმამაცეა საჭირო, რომელიც ღრმა რწმენაზე უნდა იყოს დაფუძნებული.

 

მაგრამ, ვინაიდან ადამიანების უმრავლესობას ნამდვილი რწმენა არ გააჩნია, ქრისტიანული ფასეულობები მათ გაბატონებულმა რელიგიამ დაუმალა, ეს უბრალო ადამიანები არჩევანის წინაშე დგანან: ან შენ მოკლავ, ან შენ მოგკლავენ - ყოველთვის პირველს ირჩევენ.

 

ზუსტად ამიტომ, მაშინაც კი როდესაც სიმართლე იციან, უმრავლესობას იმის ეშინია "მოღალატე" არ გახდეს. გაცილებით უფრო ადვილია ნაძირალა იყო და ამით, შესაძლოა, საკუთარი საცოდავი სიცოცხლე შეინარჩუნო.

 

მაგალითად, კარგადაა ცნობილი, რომ ქრისტეს პირველი მიმდევრები ჯარში არ მიდიოდნენ:

 

«ქრისტიანები უარს ამბობდნენ რომის მოქალაქეების ზოგიერთი ვალდებულებების შესრულებაზე ... სამხედრო სამსახურს ისე [უყურებდნენ] როგორც საკუთარი რწმენის ღალატს. ისინი უარს ამბობდნენ პოლიტიკური თანამდებობების დაკავებაზე. ისინი უარს ამბობდნენ იმპერატორის თაყვანისცემაზე». (On the Road to Civilization — A World History (ჰეკელი და სიგმენი, 19З7 ., გვ. 2З7, 2З8)

 

იმ დროს ქრისტიანებს მყარი რწმენა ჰქონდათ და იცოდნენ, რომ სიცოცხლის ქრისტესთვის გაწირვა უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე თავისი უპატიოსნო მმართველებისთვის. მმართველებს მათთვის მხოლოდ სიკვდილის ჩუქება შეეძლოთ, ღმერთს კი ერთგულებისთვის მარადიული სიცოცხლით დაჯილდოვება.

 

განა დღესაც იგივე მოლოდინი არ არსებობს ქრისტეს ნამდვილი მიმდევრებისგან? განა არ უნდა მიატოვონ მათ თავისი მახვილი და მშვიდობიანი ცხოვრება არ უნდა ისწავლონ?

 

...თავიანთი მახვილებისგან სახნისებს გამოჭედავენ და შუბებისგან — სასხლავებს. ერი ერზე აღარ აღმართავს მახვილს და აღარ ისწავლიან ომს. (ესაია 2:4)

 

ცნობილმა მხედართმთავარმა ალექსანდრე სუვოროვმა ერთხელ თქვა:

 

"ომები მხოლოდ მაშინ დასრულდება, როდესაც უკანასკნელი ჯარისკაცი დაიმარხება..."

 

დამარხე საკუთარ თავში ჯარისკაცი, რადგან მკვლელები ღვთის სამეფოს ვერ დაიმკვიდრებენ

-----------------------------------------------------------

ნათარგმნია: teonote.com

Комментариев нет:

Отправить комментарий