суббота, 17 сентября 2022 г.

"მე ჩემი ბიბლია მაქვს", ანუ ცოტა რამ "გაბრაზებული ქიშმიშების" შესახებ

 


«მე იმის მჯერა, რაც ჩემ ბიბლიაში წერია», - ამბობს ზოგიერთი მორწმუნე ადამიანი და განსაკუთრებულ აქცენტს სიტყვა «ჩემზე» აკეთებს. ასეთი შეპასუხების მოსმენა ხშირად იმ მომენტებშია შესაძლებელი, როდესაც მათ ისეთ ბიბლიურ მუხლს აჩვენებ, რომელიც იმისგან ოდნავ განსხვავებულად ჟღერს, როგორც ეს მუხლი მათ პირად თარგმანებშია წარმოდგენილი. მაგალითად, როდესაც შენს ბიბლიაში ისეთ მუხლს უკითხავ, რომელშიც ღვთის სახელია მოხსენიებული, შენი მოსაუბრე კი აცხადებს, რომ მის თარგმანში ამ ადგილას ღვთის სახელი კი არა, ტიტული «უფალი» წერია. 


გასაგებია, რომ პრობლემა კონკრეტულ ბიბლიის თარგმანთანაა დაკავშირებული, რომელთა რაოდენობაც ქართულ ენაზე თითქმის ერთ ათეულს აღწევს. ამჯერად მინდა გაგიზიაროთ ზოგიერთი პირადი დასკვნა, რომლებიც იმ ხალხთან საუბრების შედეგად გავაკეთე, რომლებიც ამბობენ, რომ წმინდა წერილს ენდობიან.


 


სულ უფრო ხშირად მიჩნდება შთაბეჭდილება, რომ «მორწმუნეების» განსაზღვრული წრისთვის რეალურად ის უფრო მნიშვნელოვანია, ერთგულება გამოხატონ არა იმდენად ღვთის სიტყვისადმი როგორც ასეთი, რამდენადაც კონკრეტული თარგმანისადმი. განსაკუთრებით, თუ მოცემულ თარგმანს მათ ეკლესიაში, ასე ვთქვათ, «ფორმალურად დამტკიცებული სტატუსი» აქვს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ირკვევა, რომ ასეთი თარგმანი მთლიანად გაჯერებულია მასში შეტანილი შეცდომებითა და უზუსტობებით (რამაც გულწრფელ ქრისტიანში, რა თქმა უნდა, ბიბლიის ისეთი თარგმანის პოვნის სურვილი უნდა აღძრას, რომელიც უფრო ზუსტად გადმოსცემს ღვთის ცნობის არსს), ასეთი ადამიანები რატომღაც მაინც მას ეჭიდებიან, თითქოსდა ტრადიციის სასარგებლოდ სიზუსტეს მსხვერპლად იღებენ. ან იქნებ თარგმანი გახდა ეკლესიის სიმბოლო და სხვა თარგმანის ხელში აღების თანხმობა ავტომატურად რწმენის ღალატს ნიშნავს? თუ ასეა, მაშინ ასეთი პოზიცია ჩემთვის გაუგებარია… 

მოსალოდნელი შემხვედრი შეკითხვა: «აბა, რა სახით შეიძლება ბიბლიის ჩემი თარგმანის სიზუსტის შემოწმება? იქნებ და, პირიქით, გაირკვეს, რომ ჩემი თარგმანია ზუსტი, თქვენი კი – არა?»

პრობლემა არაა! პასუხი იოლია: ტექსტების სიზუსტე სტრიქონობრივი თარგმანით შეამოწმეთ. ბიბლიის სტრიქონობრივი თარგმანები ყველასათვის ხელმისაწვდომი და გამოსაყენებლად მოხერხებულია. (მაგალითად, პროგრამა biblezoom.ru , რომლითაც ბიბლიური ტექსტის მრავალი მკვლევარი სარგებლობს). მათი დახმარებით თქვენ ფაქტიურად ბიბლიის თითოეული მუხლის შემოწმება შეგიძლიათ, შეგიძლიათ მისი ორიგინალი ტექსტი ნახოთ, როგორც ის მანუსკრიპტებშია მოცემული, ასევე ნახოთ ამ უძველეს ტექსტში მოცემული თითოეული სიტყვის ზუსტი თარგმანი. ბევრისთვის მათთვის ჩვეული ბიბლიის თარგმანის პირველწყაროსთან ასეთი შედარება, ნამდვილ აღმოჩენად იქცა! თქვენ თუ ხართ მზად ასეთი გულწრფელი შემოწმებისთვის? 


თუმცაღა, ზოგიერთები ისეთ გადაწყვეტილებას იღებენ, რომელიც პირველი ქრისტიანების «კეთილშობილური» პოზიციისგან განსხვავდება, რომლებიც «მთელი გულმოდგინებით... ყოველდღე არჩევდნენ წერილს, ასეა თუ არა ესო» (საქმეები 17:11. შეადარეთ 1 თესალონიკელები 5:21). ასეთი პირები, პირიქით, უარს ამბობენ მათ თარგმანებში გადმოცემული სიტყვების გადამოწმებაზე. ისინი დაახლოებით ასეთ რამეს ამბობენ: «ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, რამდენად ზუსტია ჩემი თარგმანი. მთავარი ისაა, რომ ის ბიბლიაა…» ჩემი აზრით, ეს საკმაოდ უცნაური თავის მართლებაა. და აი რატომ…

თუნდაც ის ჩვეულებრივი ლიტერატურული ნაწარმოებები რომ ავიღოთ, რომლებიც თავდაპირველად სხვა ენაზე დაიწერა, მათი ღირსების რეალურად შეფასების შესაძლებლობა პირდაპირ კავშირშია ჩვენთვის გასაგებ ენაზე მათი თარგმნის ხარისხთან. მაგალითის სახით ავიღოთ ცნობილი რუსი კლასიკოსის, ა.პ. ჩეხოვის ნაწარმოებები, რომლის ნაშრომებიც 100-ზე მეტ ენაზეა ნათარგმნი. საინტერესოა, რომ თვითონ მწერალი ხანდახან უკიდურესად ნეგატიურად ეხმაურებოდა თავისი ნაწარმოებების თარგმანების ღირსებებს, კერძოდ, გერმანულ და ფრანგულ ენებზე. არანაკლებ «ჩავარდნილ» მაგალითებს შეიცავენ ასევე ზოგიერთი ინგლისური ვერსიებიც. მაგალითად, ერთერთ მსგავს ვარიანტში ჩეხოვის ფრაზა «Тебя, брат, заела среда» [შენ, ძმაო, ოთხშაბათმა ჩაგითრია] მოულოდნელად იქცა ფრაზად  «შენ ამ დღეს (ალბათ, ოთხშაბათს) მარცხენა ფეხით ადექი…» ცნობილი «Каштанка» [წაბლისფერი] კი მოულოდნელად «каштановое дерево» [წაბლის ხე] იქცა… ზოგიერთ სხვა თარგმანებში მთარგმნელები მთელი ფრაზების გამოტოვებასაც კი უშვებდნენ, სახელებს ამახინჯებდნენ, გეოგრაფიულ და ისტორიულ გაგებებს ურევდნენ და კიდევ მრავალ უხეშ შეცდომებს უშვებდნენ. მხოლოდ იმის წარმოდგენა შეგვიძლია, თუ რამდენად «სწორად» აღიქვავდა ჩეხოვს ასეთი თარგმანების შემდეგ უცხო ენაზე მოლაპარაკე ხალხი. მიუხედავად ამისა, თავშიც კი არავის მოუვა ამის თქმა: «მერე რა? ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, რამდენად ზუსტია ასეთი თარგმანი. მთავარია, რომ ყდაზე "ჩეხოვი" აწერია…»

სხვათა შორის, ამერიკელი მწერალი ჯონ სტეინბეკი, ავტორი ცნობილი რომანისა "მრისხანების მტევნები", შოკში იყო, როდესაც გაიგო, რომ იაპონელმა მთარგმნელებმა მისი წიგნი ასეთი სახელწოდებით გამოსცეს «გაბრაზებული ქიშმიშები». არადა, თითქმის გამოიცნეს… 

ცალკე შემთხვევაა – ჩინელი მეწარმეების მიერ თავისი ფრაზების რუსულად თარგმნის მაგალითები. არადა თითქოს აქაც ყველაფერი თითქმის სწორია. თუმცა ამ «თითქმისს» რუსი ადამიანი ან ჩიხში შეჰყავს, ან მასში თავშეუკავებელ სიცილს იწვევს… 



არავითარ შემთხვევაში არ მინდა საკითხის გაზვიადება, თუმცა საკითხის პრინციპი, ვფიქრობ, სრულიად გასაგებია. თუ რომელიმე წიგნის რაიმე თარგმანი არსებობს, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ ეს თარგმანი ზუსტია. ზუსტად ასევე მდგომარეობს საქმე ბიბლიის თარგმანებთან დაკავშირებით. თვითონ თარგმანის არსებობის ფაქტი ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმ ხარისხსა და სიზუსტეს, რომელიც ადამიანებამდე ღვთის სიტყვის სწორად მისატანადაა საჭირო. 

ისიც არანაკლებ მნიშვნელოვან როლს ასრულებს, თუ რომელი წყაროდან იქნა გაკეთებული ეს თარგმანი. ანუ, შესაძლოა, ამ წყაროდან გაკეთებული თარგმანი ზუსტია, მაგრამ თავად წყაროს მისამართით არსებობს სერიოზული შეკითხვები. კერძოდ, თუ რამდენად ზუსტად გადმოსცემს ის ბიბლიის თავდაპირველ ტექსტს? 

ამასთან დაკავშირებით მახსენდება ერთი სახელოვანი პროტესტანტი მქადაგებლის გამოსვლის მაგალითი, რომელმაც განაცხადა, რომ მოციქულებს შეუძლებელია ღვთის სახელი (იეჰოვა) გამოეყენებინათ თავის მსახურებაში, იმიტომ რომ ისინი სეპტუაგინტით (წმინდა წერილის ბერძნული თარგმანი) სარგებლობდნენ, სეპტუაგინტაში კი, ვითომდა, ეს სახელი არ წერიაო. მქადაგებელი ცდებოდა, რადგან, როგორც ჩანს, არ იცოდა, რომ სეპტუაგინტის ყველა ხელნაწერში, ძვ.წ. II საუკუნიდან ახ.წ.  
საუკუნემდე პერიოდში (ანუ მოციქულთა პერიოდის ჩათვლით) ტეტრაგრამატონი (იეჰოვას სახელი) წერია. და მხოლოდ ახ.წ. II საუკუნის პირველი მესამედიდან დაიწყო სეპტუაგინტის თარგმანების შემდგომ ასლებში ღვთის სახელმა გაქრობა გადამწერების წყალობით. 


აქედან დასკვნა – მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ბიბლიური ტექსტის სწორად თარგმნა, არამედ ამის ყველაზე საიმედო და სარწმუნო ხელნაწერებიდან გაკეთება! წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება ისეთი კაზუსური სიტუაცია შეიქმნას, რომელიც იმას ემსგავსება, როდესაც ადამიანი უცხო ენის შესწავლას გუგლ-თარჯიმნის მეშვეობით გადაწყვეტს. ამ საქმეზე შეიძლება უამრავი დრო და ძალა დახარჯოს, პატიოსნად იზეპიროს მთელი ონლაინ-მასალა, შემდეგ კი იმ უცხოელს, რომელსაც მისი საერთოდ არ ესმის ის უმტკიცოს, რომ მან მისი ენა მასზე უკეთ იცის. 

ბიბლიურ თარგმანებთან დაკავშირებითაც ასეა – მნიშვნელოვანი ის კი არაა, რომ მე ბიბლიის თარგმანი მაქვს (ან შეიძლება ერთდროულად რამოდენიმეც კი), არამედ ის, თუ რამდენად ზუსტად გადმოსცემენ ისინი ბიბლიურ ტექსტს უძველესი სანდო ხელნაწერებიდან. თუ როგორ გადაამოწმოს ეს უბრალო, უძველესი ენების არმცოდნე ადამიანმა, უკვე ვთქვით – თავისი თარგმანი ბიბლიის სტრიქონობრივ თარგმანებთან შეადაროს, რომლებიც ზუსტად იმ ხელნაწერების ტექსტებს შეიცავენ და ასევე, ყოველი კონკრეტულად აღებული მუხლის ყოველი სიტყვის აზრსა და ვარიანტებს გადმოსცემენ. 

როგორც შედეგი, ის ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ ვითომდა, მის ბიბლიაში ღვთის სახელი არ წერია, დამოუკიდევლად შეძლებს იმაში დარწმუნებას, რომ ბიბლიაში ეს სახელი თურმე წერია და, თანაც, ლამის 7 000-ჯერ! ხოლო ის თუ მისი თარგმანიდან რატომ იქნა ეს სახელი ამოშლილი, უკვე ცალკე სერიოზული შეკითხვაა! შეკითხვა მთარგმნელების მისამართითაც და მათი მისამართითაც, ვინც ასეთი თარგმანის «სისწორეს» უჭერს მხარს…

მაგრამ, საკუთარი თარგმანის ძველ ბიბლიურ ტექსტებთან შედარებამ, მხოლოდ ის დამახინჯება როდი შეიძლება გამოააშკარაოს, რომელიც ღვთის სიტყვიდან ღვთის სახელის წაშლას შეეხება. მაგალითად, საყოველთაოდ ცნობილია, რომ თუნდაც იგივე საპატრიარქოს თარგმანში ბიბლიური მუხლების დამახინჯების უამრავი მაგალითია. ამაში დასარწმუნებლად შეგიძლიათ ქვემოთ მოცემულ ბმულზე გადახვიდეთ: 

ბიბლიის საპატრიარქოს თარგმანის დამახინჯებული (შეცვლილი) ადგილები (რამოდენიმე მაგალითი)


ჩემი დასკვნა: იმ ადამიანისთვის, რომელსაც მთელი გულით უყვარს ღვთის სიტყვის სიწმინდე, მნიშვნელოვანია არა ტრადიციის მხარეს დგომა, არამედ ბიბლიური ჭეშმარიტების გაგებისკენ სწრაფვა. არა ცალკე აღებული რომელიმე თარგმანის დაცვა (ხშირად უკვე დიდი ხნის მოძველებულის და მასში გამოვლენილი უამრავი შეცდომის შემცველის), არამედ იმის სურვილის ქონა, რომ წმინდა წერილი ისეთი შეიცნოს, როგორც ის თავდაპირველად იყო ჩაფიქრებული. წინააღმდეგ შემთხვევაში ადამიანი რისკავს, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში იმტვრიოს თავი "გაბრაზებულ ქიშმიშებზე"...

--------------------------------------

ნათარგმნია: biblesvet.blogspot.com


ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ:

უფალო, შეგვიწყალე ასეთი თარგმანისთვის

რატომაა ბიბლიის ქართულ თარგმანებში ორი უფალი?

თქვენი ბიბლია?

Комментариев нет:

Отправить комментарий