четверг, 21 января 2021 г.

ათეიზმის, თეიზმისა და სხვა გაგებების შესახებ: ტაქსონომიის აგების მცდელობა



     ჩვენი განხილვა მინდა იმის ხსენებით დავიწყო, თუ როგორი სახით გასცა პასუხი გამოჩენილმა ფილოსოფოსმა და მათემატიკოსმა ბერტრან რასელმა იეზუიტი-მღვდელმსახურისა და ღვთისმეტყველის, ფრედერიკ კოპლტონის შეკითხვას მათი დისპუტის დასაწყისში ღვთის არსებობასთან დაკავშირებით: «მითხარით, თქვენი პოზიცია - აგნოსტიციზმია თუ ათეიზმი? მე ვგულისხმობ, იმის მტკიცებას ხომ არ დაიწყებთ, რომ ღვთის არარსებობის დამტკიცება შესაძლებელია?» ბ. რასელის პასუხი: «არა, ამის მტკიცებას არ დავიწყებდი: ჩემი პოზიცია - აგნოსტიკოსის პოზიციაა» [1].

    როდესაც ადამიანებთან ბიბლიაზე საუბრის დაწყებას ვცდილობთ, რომელ ჩვენგანს არ მოუსმენია ასეთი პასუხი: «მე ათეისტი ვარ». ბოლო დროს, ჩვეულებრივ, ეჭვს გამოვთქვავ იმასთან დაკავშირებით, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება, და ზოგიერთს ეს აკვირვებს. მაშინ იმის ახსნას ვცდილობ, რომ სიტყვა "ათეისტის" (ღვთის უარყოფა) პირდაპირი მნიშვნელობის შესაბამისად თქვენ ასეთი უარყოფის საფუძველი უნდა გაგაჩნდეთ, რადგან არ შეიძლება რამის უბრალოდ უარყოფა, საფუძვლის გარეშე. ამგვარი პოზიციის გონივრულად და კონსტრუკტიულად მიჩნევა, დამეთანხმებით, რთულია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ადამიანს ასეთ შეკითხვას ვუსვამ: «რა არგუმენტები გაგაჩნიათ ღვთის არარსებობის სასარგებლოდ?» უმრავლეს შემთხვევებშ ადამიანი მზად არ არის ასეთი შეკითხვისათვის, და ირკვევა, რომ არ შეიძლება ამ ადამიანს ათეისტი ეწოდოს ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. 


     სრულიად შესაძლებელია, მოსაუბრემ შეკითხვას შეკითხვითვე უპასუხოს: "და თქვენ რა საფუძველი გაქვთ მისი (ღმერთის) არსებობის სასარგებლოდ?". რა თქმა უნდა, ჩვენი, როგორც ღვთის მსახურების თალსაზრისით, ასეთ შეკითხვებს შეიძლება მხოლოდ მივესალმოთ. ამავდროულად, არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ ადამიანების მიერ ღვთის არსებობის უარყოფის ყველაზე გავრცელებულ მიზეზს წარმოადგენს დამაკმაყოფილებელი პასუხის არქონა შეკითხვაზე იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება შევათანხმოთ მოსიყვარულე ღმერთის არსებობა და დაუსრულებელი ბოროტება და ტანჯვა ადამიანთა საზოგადოებაში. თქმა არ უნდა, რომ ასეთ სიტუაციაშიც კი, თუ შეკითხვა გულწრფელი ბაგეებიდან ისმის, ღვთის მსახურებმა არა მხოლოდ იციან ამ შეკითხვის პასუხი, არამედ ვალდებულნიც კი არიან ის ადამიანს გადასცენ.

      ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, ჩვენი თვალსაზრისით, იმ ადამიანს, რომელიც მზად არ არის იმის მტკიცებულებების მოსაყვანად, რომ ღმერთი არ არსებობს, უფრო სწორი იქნებოდა თუ ურწმუნოს ვუწოდებდით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ურწმუნო და ათეისტი - არ წარმოადგენენ მსგავს გაგებებს. ურწმუნო ღვთის არსებობას არ აღიარებს, მაგალითად, თეისტების მხრიდან ღვთის არსებობასთან დაკავშირებული მტკიცებულებების სისუსტის გამო ან უბრალოდ იმიტომ, რომ სერიოზულად არ უცდია ამ საკითხში გარკვევა, თუმცა მას, ათეისტებისგან განსხვავებით (ამ სიტყვის პირდაპირი მნიშნელობით), როგორც წესი, არ გააჩნია არგუმენტები ღვთის არარსებობის სასარგებლოდ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ყველა ათეისტი - ურწმუნოა, თუმცა ყველა ურწმუნო როდი წარმოადგენს ათეისტს, ანუ გაგება "ურწმუნო" უფრო ფართოა, ვიდრე გაგება "ათეისტი". 

      თუ ამ განსაზღვრებას დავეთანხმებით, მაშინ ეგრეთ წოდებული "ახალი ათეიზმის" ერთერთ "მამას", ინგლისელ ბიოლოგ-ევოლუციონისტ პროფესორ რიჩარდ დოკინზს, უამრავი ნაშრომების ავტორს, რომლებიც ღმერთისა და საერთოდ რელიგიის იდეის კრიტიკისკენაა მიმართული, ვერ ჩავთვლით მთელი სიმკაცრით ათეისტად. და თავად რ. დოკინზიც იძულებული იყო ეღიარებინა ეს ერთერთ ღვთისმსახურთან დებატებში, როდესაც იმას დაეთანხმა, რომ მისი პოზიცია აგნოსტიციზმს უფრო შეესაბამებოდა, ზუსტად ისევე, როგორც ეს ათწლეულებით ადრე მოხდა ზემოთ ნახსენებ ბ. რასელის შემთხვევაში. 

     და აი ჩვენ შევეხეთ კიდევ ერთ გაგებას, რომელიც ღვთის არსებობისადმი ადამიანის დამოკიდებულებას განსაზღვრავს, - "აგნოსტიციზმს". აგნოსტიკოსის პოზიცია, მოკლე მოხაზულობაში ასეთია – ღვთის არსებობის ფაქტის დამტკიცებაც შეუძლებელია და მისი უარყოფაც, ანუ, სხვაგვარად რომ ვთქვათ, ვერასოდეს გაეცემა დადებითი თუ უარყოფითი პასუხი ღვთის არსებობის შესახებ შეკითხვას. ათეისტისა და აგნოსტიკოსის შეხედულებების შედარებისას, შეიძლება ითქვას, რომ სიტყვები «მე არ მაქვს იმის მიზეზი მიმაჩნდეს, რომ ღმერთი არსებობს» მეორეს პოზიციას ახასიათებს, ხოლო სიტყვები «მე იმის მიზეზები გამაჩნია მიმაჩნდეს, რომ ღმერთი არ არსებობს» - პირველის პოზიციაა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, აგნოსტიკოსი, პრინციპში უშვებს ღვთის არსებობის შესაძლებლობას (თუნდაც ძალიან ნაკლებსავარაუდოს, როგორც ზემოთ ნახსენებ რ. დოკინზს მიაჩნია), დარწმუნებული არ არის დადებითი პასუხი «ღმერთი არსებობს» ჭეშმარიტებაში, მაშინ როდესაც ათეისტი, პრინციპში არ უშვებს ღვთის არსებობის შესაძლებლობას, და დარწმუნებულია უარყოფითი პასუხის «ღმერთი არ არსებობს» ჭეშმარიტებაში.

     შევნიშნოთ, რომ პირველად ტერმინი "აგნოსტიკოსი" ღვთის არსებობის საკითხთან დაკავშირებით გამოიყენა XIX საუკუნეში მცხოვრებმა ინგლისელმა მეცნიერმა-ზოოლოგმა, დარვინის თეორიისა და მეცნიერების პოპულარიზატორმა, ტომას გეკსლიმ (ხაკსლი). როგორც თანამედროვე ინგლისელი ფიზიკოსი და ღვთისმეტყველი ჯონ პოლკინხორნი წერს საკუთარ წიგნში  «მეცნიერება და ღვთისმეტყველება. შესავალი», ტ. გეკსლი «ტერმინი "აგნოსტიკოსის" გამოყენებას არჩევდა მათ მიმართ, ვინც, თავად მის მსგავსად, მიიჩნევდა, რომ ღვთის არსებობის საკითხთან დაკავშირებით ცალსახა პასუხი შეუძლებელია არსებობდეს» [2].

     თითქოსდა, ამ სამი კატეგორიით (თეისტი, ათეისტი, აგნოსტიკოსი) შეგვიძლია ღვთის არსებობის საკითხისადმი ადამიანების დამოკიდებულების აღწერა. მაგალითად, ასეთ მტკიცებულებას ვპოულობთ მართლმადიდებელი მღვდლის, ც. ჟელუდკოვის სიტყვებში მისი მიმოწერის დროს (ფაქტიურად, წერილობითი დისპუტისას) ათეისტური შეხედულებების მოზიარესთან, მეცნიერ-ასტროფიზიკოსთან კ. ლუბარსკისთან, რომელიც ადამიანთა უფლებების დაცვისათვის ბრძოლის საქმიანობის გამო, მორდოვიის ბანაკში იხდიდა სასჯელს 1970-იან წლებში [3]. 

     თუმცა, გაცილებით უფრო ყურადღებიანი დაკვირვების შემთხვევაში, აღმოვაჩენთ ადამიანებს, რომელთა შეხედულებებიც ღვთის არსებობის საკითხთან დაკავშირებით არცერთი კატეგორიის ქვეშ არ ექცევა. სანამ მათ შესახებ ვისაუბრებთ, ტერმინი "თეისტი"-ს განსაზღვრებაში უნდა გავერკვეთ. ერთი შეხედვით, აქ ისედაც ყველაფერი ნათელია: თეისტი – ეს არის ის, ვინც ღვთის არსებობას აღიარებს. პრინციპში, შეგვეძლო ასეთ განსაზღვრებას დავთანხმებულიყავით, თუმცა ის ძალიან ფართო იქნებოდა, რადგან მიესადაგებოდა იმ ხალხსაც, რომელთაც სწამთ ღმერთის, როგორც შემოქმედისა და გონიერი პიროვნების, რომელსაც სურს ურთიერთობა ჰქონდეს თავის მიწიერ შვილებთან (რაც დამახასიათებელია ეგრეთ წოდებული აბრაამული რელიგიებისათვის: იუდაიზმისთვის, ქრისტიანობისა და ისლამისთვის და გარკვეულწილად ინდუიზმისთვის), ასევე მათაც, ვისაც მიაჩნია, რომ ღმერთს საერთოდ არ აინტერესებს მის მიერ შექმნილი ადამიანები. ამიტომ ფაქტიურად თეისტებად საყოველთაოდ მათ მიიჩნევენ, ვისაც სწამს ღმერთის, როგორც შემოქმედისა და გონიერი პიროვნების, რომელსაც ადამიანებთან ურთიერთობის სურვილი აქვს, ხოლო მათ, ვინც, თუმცა შემოქმედად ღმერთს აღიარებენ, მაგრამ არ სწამთ, რომ ღმერთს ჩვენ ვაინტერესებთ და ჩვენს ცხოვრებაზე გავლენას ახდენს, დეისტებს ეძახიან. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დეისტების წარმოდგენის თანახმად, ღმერთმა, სამყაროს შექმნისა და მისი კანონების დადგენის შემდეგ, სამყარო თავის ნებაზე მიუშვა.

    დეისტების გარდა, რომლებიც თეისტების-ათეისტების-აგნოსტიკოსების ტრიადაში ვერ თავსდება, ადამიანთა ისეთი კატეგორიაც უნდა ვახსენოთ, როგორებიც არიან აპათეისტები. ეს სიტყვა საკუთარ წარმომავლობას ორ სიტყვას უნდა უმადლოდეს: «აპათია» და «ათეიზმი» (აპათეიზმი = აპათია + ათეიზმი). აპათეისტები აპათიურები არიან რელიგიური რწმენის მიმართ და ღვთის არსებობის საკითხს ისე განიხილავენ, როგორც მათი სიცოცხლისთვის არავითარი მნიშვნელობის მქონეს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მათ არ აინტერესებთ შეკითხვა, არსებობს ღმერთი თუ არა, და, როგორც შედეგი, ისინი ვერ ხედავენ და არც ეძებენ მტკიცებულებებს არც ღვთის არსებობის სასარგებლოდ (რაც მათ თეისტებისა და დეისტებისაგან განასხვავებს) და არც მისი არარსებობის სასარგებლოდ (რაც მათ ათეისტებისგან განასხვავებს). 

    მაგრამ უნდა გამოვყოთ ადამიანები, რომლებიც ასეთ პოზიციას ემხრობიან, ცალკეულ კატეგორიაში, თუ ისინი უბრალოდ ათეისტების ერთერთ სახეობად უნდა მივიჩნიოთ? ალბათ, იარსებებს მოსაზრებები როგორც პირველი, ასევე მეორე თვალსაზრისის სასარგებლოდ. მაგალითად, აპათეისტებს თუ უბრალოდ ათეისტების სახეობად ჩავთვლით, მაშინ, ჩვენი შეხედულებით, საჭიროა დამატებითი ნიშანთვისების შემოტანა, რომლითაც შესაძლებელი იქნება მათი ათეისტებისგან განსხვავება, ამ სიტყვის მიღებული მნიშვნელობით. ჩვენი აზრით, აპათეისტს შეიძლება პასიური ათეისტი ეწოდოს, «კლასიკური» ათეისტისგან განსხვავებით, რომელსაც ღვთის არსებობის ფაქტის უარყოფის აქტიური პოზიცია ახასიათებს. ამიტომ ასეთ აქტიურ ათეისტს უფრო მიუდგებოდა ტერმინი "ანტითეისტი" – ზუსტად ასეთ ფორმულირებას აძლევდა საკუთარ ცხოვრებისეულ პოზიციას ამერიკელი ჟურნალისტი, პუბლიცისტი და მწერალი კრისტოფერ ხიტჩენსი (1945 – 2011), რომელსაც, ზემოთ ნახსენებ რ. დოკინზთან, ასევე სემ ჰარისთან (ამერიკელი პუბლიცისტი, რომლის სპეციალიზაციასაც წარმოადგენს ფილოსოფიის, რელიგიისა და ნეირობიოლოგიის სფეროები) და დენიელ დენეტთან  (ამერიკელი ფილოსოფოსი, რომლის სპეციალიზაციასაც წარმოადგენს ფილოსოფია და ბიოლოგია) ერთად "ახალი ათეიზმის" "მამების" რიცხვს მიაწერენ [4].

     აქედან გამომდინარე, ჩვენი აზრით, გაგებების რიცხვი რომ არ გავზარდოთ, კარგი იქნება თუ განხილული გაგებების "ათეისტი"-ს და "აპათეისტი"-ს ჩარჩოებში დავრჩებით.

     შეიძლება ვიფიქროთ, რომ აპათეისტების პოზიცია გარკვეულწილად აგნოსტიკოსების პოზიციას ჰგავს, თუმცა ერთი და იგივე მაინც არ არის. აპათეისტსა და აგნოსტიკოსს შორის განსხვავება, ჩვენი მოსაზრებით, იმაში მდგომარეობს, რომ, შეკითხვაზე პასუხის გაცემისას «არსებობს თუ არა ღმერთი?», აგნოსტიკოსი ამბობს: «არ ვიცი და პრინციპში ვერც ვერასოდეს გავიგებ ამას», ხოლო აპათეისტი:  «ეგ საერთოდ არ მაინტერესებს» («ჩემთვის სულერთია»).  

    ასევე უნდა ვახსენოთ ადამიანთა ისეთი კატეგორია, როგორებიც არიან პანთეისტები.  ეს სიტყვა თავის წარმოშობას ორ ძველბერძნულ სიტყვას უნდა უმადლოდეს: «პან» (ყველაფერი, ნებისმიერი) და «თეოს» (ღმერთი). ამგვარად, პანთეისტები არ იღებენ ღვთის, როგორც პიროვნებისა და შემოქმედის იდეას, ღმერთს ბუნებასთან აიგივებენ და აქცენტს ბუნების ან სამყაროს  თვითმყოფადობაზე აკეთებენ. მაგალითად, ერთ გამოცემაში [5] აღნიშნულია, რომ «თითქმის ყველა ინდუისტური რელიგიური სისტემები, რომლებიც სავსენი არიან ღრმა რელიგიური გრძნობებით, უშუალოდ პანთეიზმთან, სამყაროს გონიერ ღვთაებრივობასთან არიან დაკავშირებული».

    ნათქვამის გათვალისწინებით, ჩვენი აზრით, აპათეისტები, ათეისტებთან, აგნოსტიკოსებთან, დეისტებთან და პანთეისტებთან ერთად, შეგვიძლია ზემოთ უკვე ნახსენებ ურწმუნოთა კატეგორიას მივაკუთვნოთ.


    ამასთან დაკავშირებით შეიძლება კითხვა გაჩნდეს: «რატომ შეიძლება დეისტების ურწმუნოთა კატეგორიისადმი მიკუთვნება, თუ ისინი აღიარებენ ღმერთის, როგორც პიროვნების არსებობის ფაქტს?». თუ მორწმუნედ ჩავთვლით მას, ვინც ღვთის, როგორც პიროვნების არსებობის ფაქტს აღიარებს იმისდა მიუხედავად, აინტერესებს თუ არა მას ადამიანები, მაშინ, რა თქმა უნდა, დეისტს შეგვიძლია მორწმუნე ვუწოდოთ. თუმცა, როგორც წესი, მორწმუნე ადამიანის გაგებაში იმაზე მეტი მოიაზრება, ვიდრე იმის აღიარება, რომ ღმერთი არსებობს. მორწმუნე ადამიანისთვის სპეციფიურს წარმოადგენს ღვთისადმი თაყვანისცემის აქტები და წმინდა წერილების ავტორიტეტის აღიარება, რასაც ვერანაირად ვერ ვიტყვით დეისტებზე. ამიტომ სრულიად ლოგიკურია, ჩვენი შეხედულებით, დეიზმის მიმდევრების ურწმუნოთა რიგთან მიკუთვნება. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მორწმუნეები მხოლოდ თეისტები შეიძლება იყვნენ. მოდით განვმარტოთ.

    მაგალითად, ადამიანები, რომლებიც ბუდიზმს მისდევენ (უკიდურეს შემთხვევაში, მის ზოგიერთ სახეობას),  ჩამოთვლილი კატეგორიებიდან არცერთში არ ხვდებიან იმ მიზეზის გამო, რომ ბუდისტის მსოფლმედველობაში პრინციპში არ არსებობს ღვთის გაგების ადგილი მისი ნებისმიერი სახით (ღმერთი იქნება ეს, როგორც პიროვნება თუ ერთგვარი აბსტრაქტული პირველმიზეზი ან ზეპიროვნული აბსოლუტი). მაგალითად, წიგნში  «იესო და ბუდა. ცხოვრების და სწავლების შედარება» ნათქვამია: «… ადრეული ბუდიზმი არ არის ათეისტური (გარკვეულ დონეზე ის აღიარებს ღმერთების სამყაროს) და არც თეისტურია (ის არ აღიარებს მათ ძალაუფლებას), თუმცა, ყოველ შემთხვევაში, პარათეისტურია (თეიზმის საზღვრებს სცდება) ან სუპრათეისტურია (საკუთარ თავს ღმერთებზე მაღლა აყენებს: ბუდას თაყვანს სცემენ როგორც ღმერთებისა და ადამიანების უფალს). თუმცა ადრეულ ბუდიზმში არ არსებობს (თუ ბრაჰმას არ ჩავთვლით) ღმერთი როგორც სამყაროს შემოქმედი, როგორც ყოვლისშემძლე არსება, რომელიც დამოუკიდებლად და უპირობოდ არსებობს» [6]. 

    ამავდროულად, ზოგიერთი ბუდისტი თაყვანისცემის აქტს აღარსრულებს მათთვის სპეციფიური სახით და პრაქტიკულად ყველა ბუდისტი, მეტნაკლებად, აღიარებს საკუთარი წმინდა წერილების ავტორიტეტს. ამ გაგებით, ჩვენი აზრით, სამართლიანი იქნება თუ მათ მორწმუნეებად მივიჩნევთ.


    ასეთი სახით, შემდეგი სურათი იხატება.

    ყველა ურწმუნო ადამიანი როდია ათეისტი ან აგნოსტიკოსი - ის შეიძლება აპათეისტი (ურწმუნო ადამიანთა შორის, როგორც ჩანს, უმრავლესობა ასეთი ადამიანია), დეისტი ან პანთეისტი იყოს. ამასთანავე, ადამიანი თუ ღმერთს აღიარებს, როგორც პიროვნებას და შემოქმედს, ის შეიძლება სულაც არ იყოს მორწმუნე (მაგალითად, დეისტი). ამავდროულად, ღმერთის, როგორც პიროვნებისა და შემოქმედის არაღიარება, არ ხდის ადამიანს ავტომატურად ურწმუნოს (მაგალითად, ადრეული ბუდიზმის მიმდევრები).

     ამ გარემოების ცოდნა დაგვეხმარება, რომ უკეთ ვიყოთ მომზადებული იმისათვის, რათა საუკეთესო არგუმენტები მოვამზადოთ იმ ადამიანებთან დასამოწმებლად, რომლებსაც განსხვავებული მსოფლმხედველური პოზიცია გააჩნიათ ღვთის არსებობის საკითხთან დაკავშირებით.



წყაროების სია
(ყველა წყარო რუსულ ენაზეა)

1. ბ. რასელი - რატომ არ ვარ ქრისტიანი: რჩეული ათეისტური ნაწარმოებები / ინგ. თარგ. –  М.: Политиздат, 1987. – გვ. 284. 
 2. ჯ. პოლკინხორნი - მეცნიერება და ღვთისმეტყველება. შესავალი (სერია: «ღვთისმეტყველება და მეცნიერება»). – М.: გამომცემლობა ББИ, 2004. - გვ.17.
 3. კ. ლუბარსკი, ს. ჟელუდკოვი - ღმერთთან ერთად თუ ღვთის გარეშე? // მეცნიერება და რელიგია. – 1990. - №11. – გვ.4-7.    
 4. ვ.ვ. სლეპცოვა - "ახალი ათეიზმი" როგორც თანამედროვე თავისუფალი აზროვნების ფენომენი // მოსკოვის უნივერსიტეტის მაცნე. სერია 7. "ფილოსოფია". – 2015. - №1. - გვ. 107-118.
 5. პროფ. დიაკ. ვ. ზენკოვსკი. აპოლოგეტიკა. – К.: სრულიად უკრაინის ეგზარქოსის, კიევისა და გალიციის მიტროპოლიტის გამომცემლობა, 1990. – გვ. 41.
 6. უ. ლუცი, ა. მიხაელსი - იესო და ბუდა. ცხოვრებისა და სწავლების შედარება (სერია «დიალოგი»)  / გერმ. თარგმ. ა. ლუკიანოვამ. – М.: გამომცემლობა ББИ, 2005. – გვ.164-165.  


igor.v.lysenko@gmail.com
იგორ ლისენკო
------------------------------------------------------------------

ნათარგმნია: jwapologetica.blogspot.com

Комментариев нет:

Отправить комментарий