четверг, 13 августа 2020 г.

პალატინის გრაფიტო - ჯვარცმის თუ წარმართული კულტის აღწერა?



შეუსაბამობები გაგებებში
ვირისთავიანი სეთი-ტიფონის კულტი
სიმბოლო "Y"
ჯვარცმული ფიგურა?
დავუშვათ, ჯვარია. და კვლავ პრობლემა...
დასკვნები


როდესაც წამოიჭრება კითხვა იმასთან დაკავშირებით, იესო ჯვარზე იყო გაკრული თუ ჩვეულებრივ ბოძზე, პირველი ვარიანტის მომხრეები აუცილებლად ახსენებენ ხოლმე ე.წ. «პალატინის გრაფიტოს» მაგალითს. მიიჩნევა, რომ ესაა ჯვარცმული იესოს ყველაზე ადრეული გამოსახულება. რა არის მის შესახებ ცნობილი და ნამდვილად შეიძლება თუ არა ის ჩაითვალოს წყაროდ, რომელიც დროით სახარებისეული მოვლენების "ახლობელია"?

პალატინის გრაფიტო (იგივე «ალექსამენოსის გრაფიტო») წარმოადგენს ნახატს, რომელიც თაბაშირის კედელზეა შესრულებული რომში, პალატინის ბორცვის მიმდებარედ. «ვიკიპედიაში» (რუს.) მოცემულია შემდეგი ინფორმაცია:
 

«გრაფიტი აღმოჩენილი იქნა 1857 წელს, როდესაც პალატინის ბორცვზე აღმოჩენილი იქნა შენობა სახელწოდებით დომუს გელოტიანა. იმპერატორმა კალიგულამ ეს სახლი მასში იმპერატორის სასახლის მოსაწყობად იყიდა, რომელიც კალიგულას სიკვდილის შემდეგ გამოიყენებოდა როგორც პედაგოგიუმი (სკოლა-ინტერნატი) იმპერატორის პაჟებისთვის. [… ] გრაფიტოზე გამოსახულია ჯვარზე გაკრული ადამიანის მსგავსი ფიგურა ვირის თავით. გამოსახულების ზედა მარჯვენა კუთხეში არის სიმბოლო, რომელიც განისაზღვრება ან როგორც ბერძნული ასო ეფსილონი, ან როგორც ტაუ-ჯვარი. გამოსახულების მარცხენა ნაწილში ადამიანია, რომელიც, როგორც ჩანს, ალექსამენოსს, რომაელ ჯარისკაცს ან მცველს წარმოადგენს, ერთ ხელს ისეთი ჟესტით სწევს, რომელიც შესაძლოა, ამ ფიგურისადმი თაყვანისცემას მოიაზრებს. ჯვრის ქვეშ გაკეთებულია წარწერა, რომელიც "დამტვრეული" ბერძნულითაა შესრულებული: «Αλεξαμενος ςεβετε θεον». სიტყვა «ςεβετε» აქ შეიძლება გაგებული იყოს როგორც სიტყვა «ςεβεται»-ის დამწერლობის ვარიანტი (შესაძლოა, ფონეტიკურად მცდარი) ტრადიციულ ბერძნულ ენაზე, რაც «თაყვანისცემას» ნიშნავს. წარწერა სრულად შეიძლება ასე ითარგმნოს «ალექსამენოსი თაყვანს სცემს [თავის] ღმერთს». ზოგი სხვა წყარო შესაძლო თარგმანის ასეთ ვარიანტს გვთავაზობს «ალექსამენოსი ღვთისადმი თაყვანისცემის პროცესში» ან მსგავსი».


ქვემოთ ვხედავთ თავად გამოსახულებას სახელწოდებით «პალატინის გრაფიტო»:




მაშ ასე, მოცემულ გამოსახულებაზე შეგვიძლია დავინახოთ ერთგვარი ტანსაცმელში გამოწყობილი ფიგურა ვირის თავით, რომელიც, როგორც ჩანს, ვიწრო Т-ს მსგავს ნივთზეა მიმაგრებული. ამ ფიგურის ფეხები დამაგრებული არ არის და თავისუფლად დგანან ისეთივე ვიწრო სადგომზე. მისგან მარცხნივ ჩანს ადამიანი, რომელიც ამ არსებისადმი თაყვანისცემის პოზაში დგას. გამოსახულების ქვედა მხარეს მოცემულია წარწერა "დამტვრეულ" ბერძნულ ენაზე, რომელიც მიუთითებს, რომ ადამიანს სახელად ჰქვია ალექსამენოსი და ის თავის ღმერთს სცემს თაყვანს. ფიგურიდან მარჯვნივ მოცემულია იდუმალი ნიშანი «Y».

მოცემული სურათის აზრის ყველაზე გავრცელებული ვარაუდი: ესაა კარიკატურა ქრისტიანზე, რომელიც ჯვარზე გაკრულ იესოს სცემს თაყვანს. ამასთანავე ამტკიცებენ, რომ მოცემული გრაფიტო ჯვრის ფორმის საგანზე გაკვრის ყველაზე ადრეულ გამოსახულებას წარმოადგენს. შედეგად კეთდება დასკვნა, რომ ეს არტეფაქტი იმის მტკიცებულებად შეიძლება იყოს გამოყენებული, რომ ქრისტე ჯვარზე იყო გაკრული.   


შეუსაბამობები გაგებებში


თუმცაღა, ასეთი განმარტების მომხრეები, როგორც წესი, არ ჩქარობენ იმის თქმას, რომ მკვლევართა შორის «პალატინის გრაფიტოსთან» მიმართებით ერთმნიშვნელოვანი დამოკიდებულება არ არსებობს. და ამის რამოდენიმე მიზეზი არსებობს. ჩვენ ძალიან არ ჩავუღრმავდებით დეტალებს, არამედ მხოლოდ ძირითად ნიუანსებს გავახმოვანებთ.

პირველი, თავად ის ფაქტი, რომ სატირული ხასიათის სურათი უშუალოდ რომში იქნა გაკეთებული, წარმოშობს შეკითხვას: მასზე თუ ჯვარცმული ადამიანია გამოსახული, მაშინ რატომაა ის ჩაცმული, და არა რომის წესების მიხედვით, რომლის თანახმადაც დამნაშავეს შიშველს აკრავდნენ? თანაც, ეს ტანსაცმელი აშკარად ისეთივეა, როგორიც გვერდით მდგომ ალექსამენოსს აცვია. ან იქნებ სურათზე სულაც არ არის სიკვდილით დასჯის სცენა ასახული? 

მეორე, სურათზე «ჯვარცმულის» ტანის განლაგება რატომ არ შეესაბამება რეალურად ჯვარცმული ადამიანის მდგომარეობას? მაგალითად, «ჯვარცმულის» ფეხები ბოძზე მიმაგრებული კი არ არის, არამედ თავისუფლად დგანან დამატებით ჰორიზონტალურ სადგამზე. მაშინ როდესაც, როგორც სახარება გვეუბნება, იესოს ფეხები ძელზე იქნა მილურსმული.

მესამე, რატომაა თავად «ჯვარცმა» იმდენად წვრილი, რომ უფრო მეტად იმ ჩვეულებრივ ხის ძელებს ჰგავს, რომლებზეც, მაგალითად, რაიმე ნივთებს ჰკიდებენ? შესაძლებელია თუ არა, რომ სურათი გამოსახავს არა რომელიმე სიკვდილით დასჯილს, არამედ კარკასზე დამაგრებულ რომელიმე ღვთაებას ვირის თავით, რომლის გამოსახულებასაც ეთაყვანებოდა ეს ალექსამენონი?

შედარებისთვის, ყურადღება მიაქციეთ რომის პერიოდის გამოსახულებებს ჯვრისმაგვარი «საკიდებით», რომლებსაც შესაბამისი მიზნებისთვის იყენებდნენ და რომელიც ძალიან ჰგავს მოგვიანებით გამოჩენილ «ჯვარცმას»:



ვირისთავიანი სეთი-ტიფონის კულტი


თუმცა, რამდენად საფუძვლიანად შეიძლება იმაზე საუბარი, რომ ვიღაც ალექსამენონს შეეძლო ვირისთავიანი წარმართული ღვთაებისთვის ეცა თაყვანი? არსებობდა თუ არა ძველი რომის დროს მსგავსი კულტი? «ბროკგაუზისა და ეფრონის ებრაულ ენციკლოპედიაში» ჩვენ ვკითხულობთ:
«ასეთი სერიოზული გაგების შესაძლებლობა იმავე Wünsch-მა დაამტკიცა, როდესაც «პალატინის ჯვარცმა» მაგიური დაფების რიგს შეადარა, რომელიც ახ.წ. 3 საუკუნეში მცხოვრებ იპოდრომის მეეტლის ხელს ეკუთვნოდა, დაფებს, რომლებზეც მეეტლე-კონკურებტების წინააღმდეგ მიმართული შელოცვები ეწერა. ეს შელოცვები მიმართულია დაფებზე გამოსახული ვირისთავიანი დემონის მიმართ, რომლის გაიგივებაც, თავად დაფებისა და სხვა მტკიცებულებების თანახმად, ეგვიპტურ ღმერთ ტიფონი-სეთთან ხდება... ამ ვირისთავიანი ტიფონი-სეთის კულტი ჯერ კიდევ ადრეული ქრისტიანობის ეპოქაში არსებობდა» (განყოფილება "ასინარები - ვირის თაყვანისმცემლები"). 





როგორც ისტორიკოსი ბ.გ. დერევენსკი აღიარებს, "რიგი მკვლევარებისა ამტკიცებენ, რომ აქ ჩვენ სხვა მოვლენას ვაწყდებით, და რომ პალატინის ნახატი – სულაც არ წარმოადგენს ქრისტიანული კულტის კარიკატურას. მხატვარს სულაც არ სურდა ალექსამენის დაცინვა, წინააღმდეგ შემთხვევაში სხვა გრაფიტიში არ უწოდებდა მას «ერთგულს». საქმე იმაში გახლავთ, რომ ალექსამენი სინამდვილეში თაყვანს ვირისთავიან ღვთაებას სცემდა" ("ქრისტიანების შესახებ წარმოდგენა ანტიკურ საზოგადოებაში").

ბ.გ. დერევენსკი მოიხსენიებს არსებულ ვარაუდს იმის შესახებ, რომ ნახატზე გამოსახული ალექსამენონი შეიძლება სიფიანთა გნოსტიკური სექტის წევრი ყოფილიყო. ამავდროულად ისტორიკოსი დაზუსტებას აკეთებს, რომ იმ მოსაზრების მომხრეებს, თითქოს სიფიანები ვირისთავიან სეთი-ტიფონს შესაძლოა ჯვარცმულ იესოსთან აიგივებდნენ, სინამდვილეში არანაირი რეალური ისტორიული მტკიცებულებები არ გააჩნიათ. მისი სიტყვების თანახმად, "ეს მთლიანად მხოლოდ თანამედროვე მკვლევარების მოსაზრებაა
". 




ჩვენთვის საინტერესო საკითხზე უფრო მეტი სინათლის მოფენა იმ დეტალებს შეუძლია, რომლებიც ეგვიპტური ღმერთი სეთის კულტთანაა დაკავშირებული. ისტორიკოს ინნა სმირნოვას, წიგნში "ჯვრის საიდუმლო ისტორია", მოჰყავს ფაქტები, რომლებიც  ჯვრის, როგორც წარმართული სიმბოლოს განვითარებაზე მიუთითებენ, რომელსაც პირდაპირი კავშირი ჰქონდა ღვთაებათა კულტებთან. თანაც, ეგვიპტურ რელიგიურ სისტემაში ჯვარს, განსაკუთრებული მნიშვნელობა ქრისტიანობის გამოჩენამდე დიდი ხნით ადრე გააჩნდა. როდესაც ეგვიპტური ჯვრის - "ანხის" - ყველაზე ცნობილ სახეობაზე საუბრობს, ისტორიკოსი ამბობს, რომ "არსებითად, ის იყო დინასტიკური პერიოდის ყველაზე ძველი ამულეტი". ამავდროულად ი. სმირნოვა მნიშვნელოვან დეტალს უსვამს ხაზს:

"უფრო გვიან პერიოდში ანხს აკავშირებდნენ ღმერთი სეთის შებორკილ გამოსახულებასთან
 (ბერძნები მას ტიფონთან აიგივებდნენ) და, როგორც ასეთი, ავადმყოფს კისერზე ჰკიდებდნენ ამულეტის სახით, რომელსაც საციცოცხლო ძალა უნდა აღედგინა".

მრავალრიცხოვან ძველეგვიპტურ გამოსახულებებზე სეთი გამუდმებით უკეთებს დემონსტრირებას ეგვიპტურ ჯვარს-"ანხი", მარადიული სიცოცხლის წარმართულ სიმბოლოს ("ანხი" ორი ნაწილისგან შედგებოდა: ტაუ-ჯვრისგან, როგორც სიცოცხლის სიმბოლო, და წრისგან, როგორც მარადისობის სიმბოლო). ეგვიპტური მითოლოგიის თანახმად, ვირისთავიანი ღმერთი სეთი (ბერძ. ტიფონი, ჰეროდოტეს და პლუტარქეს თანახმად) ხანგრძლივ ორთაბრძოლაში ჩაება ღმერთ ჰოროსთან, თუმცა, დამარცხდა, დატყვევებული და შებორკილი იქნა. გარკვეული დროის შემდეგ სეთი აღიდგენს თავის ძალას და კვლავ იწყებს ჰოროსთან ბრძოლას. საბოლოო ჯამში ორივე ღვთაება იღებს ძალაუფლებას ეგვიპტეზე, შესაბამისად, მისი ორ ნაწილად გაყოფის შემდეგ.

ზემოთ განხილული ინფორმაციიდან გამომდინარე, განსაზღვრული დასკვნების გაკეთება შეგვიძლია. როგორც უკვე აღნიშნული იყო, ღვთაება სეთის (ტიფონის) თაყვანისცემის კულტი ადრეული ქრისტიანობის ეპოქაშიც არსებობდა
. ეგვიპტელი ღმერთების პანთეონში სეთი, როგორც წესი, წარმოდგენილი იყო ადამიანის ტანით, მაგრამ ვირის თავით. წარუმატებელი ორთაბრძოლის შემდეგ სეთი დატყვევებული და შებორკილი იქნა. სეთის კულტი ეგვიპტური ჯვრის სიმბოლოსთან იყო დაკავშირებული.




მოცემული კულტის ზემოთაღწერილი თავისებურებების გათვალისწინებით, იმის საფუძვლიანი მიზეზები ჩნდება ვიფიქროთ, რომ პალატინის გრაფიტოზე გამოსახულია ტიფონი-სეთის კულტის მიმდევარი, რომელიც თავისი ღვთაების წინაშე ასრულებს თაყვანისცემის მოქმედებას. ასეთ შემთხვევაში სრულიად ლოგიკური ჩანს ის, რომ ვირისთავა ღვთაების ფიგურას ტანსაცმელი აცვია და არაა შიშველი, როგორც ძელზე გაკრული მსხვერპლნი. საგნის ფორმა, რომლის ფონზეცაა გამოსახული ღვთაების ფიგურა, ძალიან ჰგავს წარმართული ძველეგვიპტური ჯვრის ფორმას. შესაბამისად, საუბარი შეიძლება იყოს არა ჯვარცმაზე, არამედ ალექსამენოსის მიერ შესრულებული თაყვანისცემის სიმბოლურ მნიშვნელობაზე. სრულიად შესაძლებელია, რომ მოცემული პოზა შეიძლება ჯაჭვებით შებორკილი სეთის სცენაზე მითითებაც იყოს, რომელიც თავის მოწინააღმდეგე ჰორო
სს ჩაუვარდა ტყვედ.



სიმბოლო "Y"


ამასთან დაკავშირებით პასუხგაუცემელი რჩება შეკითხვა: რას ნიშნავს სიმბოლო "Y", რომელიც გამოსახულების ზედა მარჯვენა კუთხეშია მოცემული. ისტორიკოსებს ამ შეკითხვაზე მკაფიო პასუხი არ გააჩნიათ. თუ ღვთაება სეთის თაყვანისცემის ვერსიას გავყვებით, მაშინ მოცემული კულტის კიდევ ერთ დამახასიათებელ დეტალს უნდა მივაქციოთ ყურადღება. ძველეგვიპტურ გამოსახულებებზე ამ ვირისთავა ღმერთს ხელში ხშირად განსაკუთრებული კვერთხი უჭირავს, რომლის ქვედა მხარეც გაყოფილია, მას "სკიპტრა ვასი" ჰქვია. ასეთივე სკიპტრები აქვთ ეგვიპტური პანთეონის სხვა ღვთაებებსაც. როგორც ეგვიპტოლოგი, ნაშრომის 
«ეგვიპტური მითოლოგია» ავტორი მაქს მიულერი აღნიშნავს«მამრობითი ღვთაებების ეს კვერთხები, მთავრდება სეთის თავით ცხოველის სახით [...] ყველა მამრობითი და ზოგიერთი მდედრობითი სქესის ღვთაება ატარებს სკიპტრას, რომელიც მისი თავით მთავრდება».


ამასთან დაკავშირებით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ნიშანი "Y" შეიძლება ღვთაება სეთის სიმბოლო ყოფილიყო, რომელშიც "სკიპტრა ვასი" იგულისხმებოდა.




სიმბოლო "Y" მნიშვნელობასთან დაკავშირებული ეს დასკვნა დამატებით დასაბუთებას იღებს იმ არსებული გამოსახულებების გათვალისწინებით, რომლებზეც სეთის დასჯის სცენებია აღბეჭდილი, რომელიც ჰორუსმა და სხვა ღვთაებებმა აღასრულეს. ყურადღება მიაქციეთ ქვემოთ მოცემულ ილუსტრაციას:



გამოსახულების ცენტრში ჩვენ ვხედავთ ბოძზე ან ლატანზე მიბმულ ვირისთავა ღვთაება სეთს მისი დასჯის მომენტში. ამ ბოძს ჩვენთვის უკვე ნაცნობი სიმბოლო "Y"-ის ფორმა აქვს. შესაძლოა, ბოძის ეს ფორმა პირდაპირ "სკიპტრა ვასის" ფორმაზე მიუთითებს, რომელსაც თვით სეთის თავი ამშვენებს. უნდა ვივარაუდოთ, რომ ძელის ასეთი გარეგანი ფორმის გამოყენება სეთის გასამართლებას და მისი წინანდელი ძლევამოსილების დამხობას ასიმბოლოებდა. 

  


მოცემული პუნქტის განხილვის დასასრულს, პალატინის გრაფიტოზე გამოყენებული სიმბოლო "Y"-ის გაგების კიდევ ერთი ვერსია უნდა მოვიხსენიოთ. გ.ბ. დერევენსკის დასკვნის თანახმად "იდუმალი ნიშანი «Y» ბოძზე გაკრულის თავის მარჯვნივ, ძალიან ჰგავს მიწისქვეშეთის სამეფოს ორი გზის სიმბოლოს, რომლებიც სიფიანურ მაგიურ დაფებზე გვხვდება. კერძოდ, ის ნიშანი «8»-ის სახითაა წარმოდგენილი დაფაზე, რომელიც III საუკუნეს მიეკუთვნება და რომელზეც შელოცვის ტექსტის გასწვრივ გამოსახულია ვირისთავა დემონი დაირით ერთ ხელში და ჯოხით მეორე ხელში".

როგორც შეგვიძლია დავრწმუნდეთ, მოცემული სიმბოლოს გამოყენების ფაქტი საკმაოდ სერიოზული დონით აღგვძრავს იმისკენ, რომ თავად გრაფიტო ისე აღვიქვათ, როგორც აშკარად არაქრისტიანული კულტის აღწერა. ყველა განხილულ შემთხვევებში, აღნიშნულ ნიშანს ოკულტურ პრაქტიკებთან ჰქონდა პირდაპირი კავშირი, რომელთა ცენტრშიც ვირისთავიანი მაგიური არსება იდგა. როგორც ეგვიპტოლოგმა მაქს მიულერმა შენიშნა«როდესაც სეთი ერთგვარ სატანად გადაიქცა, მისი სახელი დიდი მონდომებით დაისესხეს აკრძალულ მაგიაში» («ეგვიპტური მოთოლოგია»). პირობითი აღნიშვნის გაკეთებისას, სურათის ავტორს, როგორც ჩანს, ალექსამენოსის თაყვანისცემის შესაბამისი ხასიათისთვის უნდოდა ხაზის გასმა. 




        

ჯვარცმული ფიგურა?


შეიძლება ვინმე შეგვედავოს: განა ვირისთავა ფიგურის მდგომარეობა მისი ჯვარცმის ფაქტზე არ მიუთითებს? სულაც არ არის აუცილებელი. როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, პრიმიტიულ ნახატზე შეიძლება წარმოდგენილი ყოფილიყო ალექსამენოსის თაყვანისცემის სცენა ბოძებზე მიმაგრებული ჰიბრიდული ღვთაების წინაშე, რაც, შესაძლოა, რეალურად ხდებოდა მის კულტში. თავად ის ფაქტი, რომ ღვთაების ხელები ამ დროს აქეთ-იქეთაა გაშლილი, სრულიად ჩვეულ რელიგიურ ჟესტს წარმოადგენს. კერძოდ, ეგვიპტურ გამოსახულებებში ჩვენ მრავალი მსგავსი მაგალითების ნახვა შეგვიძლია.




ქვემოთ მოცემულ ილუსტრაციებზე წარმოდგენილია ეგვიპტური ჯვარი-"ანხი" აქეთ-იქეთ გაშლილი ხელებით, და თან თითოეულ ხელში ჩვენთვის უკვე ცნობილი "სკიპტრა ვასი" უჭირავს. ჰგავს ჯვარცმას? თუმცა ეს მაინც არ არის ჯვარცმა...





კიდევ ერთხელ გავიხსენოთ ვირისთავა სეთი-ტიფონის გამოსახულება ძველი მაგიური სურათებიდან:




ზემოთ განხილული ფაქტების გათვალისწინებით, რომლებიც პალატინის გრაფიტოს სცენის მისტიკურ ეგვიპტურ კულტებთან მსგავსებაზე მიუთითებენ, გასაგები ხდება, რომ ამ სურათზე წარმოდგენილი გამოსახულება, შესაძლოა სულაც არ მოიაზრებდეს ვირისთავა ჰიბრიდული ღვთაების ჯვარცმას.




დავუშვათ, ჯვარია. თუმცა კვლავ პრობლემაა...



ასეა თუ ისე, ვფიქრობ, მაინც გამოჩნდებიან ისეთები, ვინც გავრცელებულ ვერსიას დაიცავენ, რომ პალატინის გრაფიტოზე ჯვარცმული ქრისტეს კარიკატურაა გამოსახული. მიუხედავად ყველა საპირისპირო ფაქტებისა. სინამდვილეში, უცნობმა ავტორმა ხომ სულ მცირედაც კი არ იზრუნა იმაზე, რათა ნათელი მოეფინა, თუ კონკრეტულად რომელი კულტის დაცინვას აპირებდა და უშუალოდ ვის გულისხმობდა ზოომორფულ ფიგურაში. 


კარგი, მოდით პერსონალურად განვიხილოთ ეს ვერსია. წარმოვიდგინოთ, რომ გრაფიტოზე მართლაც იესო იყო გამოსახული ვირის თავით, თანაც, ჯვარზე გაკრული. მაშინ ასეთ შემთხვევაში არსებობს თუ არა იმის საფუძველი, რომ მოცემული გამოსახულება იმის მტკიცებულებად იქნეს გამოყენებული, რომ ქრისტე ჯვრის ფორმის სასიკვდილო იარაღზე იყო გაკრული? და, რაც მთავარია, შეიძლება თუ არა ამ გრაფიტოს ეწოდოს იმის "ყველაზე ადრეული" მტკიცებულება, რომ იესო ჯვარზე მოკვდა? სამწუხაროდ არა. და აი რატომ...

ჩვეულებრივ ჯვრის მომხრეები იშველიებენ პალატინის გრაფიტოს და მას ლამის ახ.წ. I საუკუნის ბოლოთი და II საუკუნის დასაწყისით ათარიღებენ. თუმცა რეალობა ისეთია, რომ სპეციალისტები ძირითადად ამ გამოსახულებას მხოლოდ ახ.წ. III საუკუნეს მიაკუთვნებენ. ეს გარემოება კი ძირეულად ცვლის სიტუაციას. 


ისტორიკოსები თანხმობაში არიან იმასთან დაკავშირებით, რომ ქრისტიანთა პირველი თაობები პალესტინასა თუ ევროპაში არ იყენებდნენ ჯვრის სიმბოლოს. სამოციქულო ეკლესია არ იცნობდა და პრაქტიკაში არ იყენებდა ამ გამოსახულებას. თუმცა ახ.წ. III საუკუნეში ეგვიპტელი ქრისტიანი-კოპტები, რომლებიც ისტორიულად იცნობდნენ ეგვიპტის უძველეს და ყველაზე პოპულარულ რელიგიურ სიმბოლოს - ჯვარ "ტაუ"-ს ფორმით და განსაკუთრებით კი "ყულფიან ტაუს" ("ანხი") - საკუთარი პრაქტიკისთვის სესხულობენ მას და, ასე ვთქვათ "ქრისტიანულად ნათლავენ". მალევე, ჩრდილოეთი აფრიკიდან ჯვრის სიმბოლო დანარჩენ ქრისტიანულ თემებშიც აღწევს და ხდება სიმბოლო, რომელიც ვითომდა ჯვარცმული ქრისტეს ფორმას აღწერს. 
  
«[ორი ძელისაგან შემდგარი ჯვრის ფორმამ] დასაბამი აიღო ძველ ქალდეაში და გამოიყენებოდა როგორც იქ, ასევე მეზობელ ქვეყნებში, ეგვიპტის ჩათვლით, როგორც ღმერთი თამუზის სიმბოლო (მისტიკური ასო ტაუს, მისი სახელის პირველი ასოს სახით). ახ.წ. III საუკუნის შუა პერიოდისთვის ეკლესიებმა ან გადაუხვიეს ქრისტიანული რწმენის ზოგიერთი სწავლებებიდან, ან დაამახინჯეს ისინი. იმისათვის, რათა განდგომილი საეკლესიო სისტემის პოზიციები გაემაგრებინათ, ეკლესიები წარმართებს სულიერი ხელახალი შობის გარეშე იღებდნენ და საკუთარი წარმართული ნიშნებისა და სიმბოლოების შენარჩუნების უფლებას აძლევდნენ. ამგვარად, ასო ტაუ, ანუ Т, ... ქრისტეს ჯვრის აღსანიშნავად იქნა გადმოღებული» (ახალი აღთქმის სიტყვების განმარტებითი ლექსიკონი» უ.ე. ვაინი / Vine W.E. «An Expository Dictionary of New Testament Words». ლონდონი, 1962, ტ. I, გვ.256).

«ასო «ტაუ»-ს ფორმის ჯვარი ფართოდ გამოიყენებოდა ეგვიპტეში. მოგვიანებით ეგვიპტელმა ქრისტიანებმა (კოპტებმა), რომლებიც მოხიბლულნი იყვნენ მისი ფორმით და შესაძლოა მისი სიმბოლური მნიშვნელობითაც კი, ის ისე აღიქვეს, როგორც ჯვრის ნიშანი» (რალფ ვუდროუ «მართლა ქრისტიანული სიმბოლოა ჯვარი?»).

«ქრისტიანებმა ის ეგვიპტელებისაგან დაისესხეს როგორც მომავალი საიქიო, ნეტარი სიცოცხლის ემბლემა. ასე რომ «ტაუ-ჯვრის» გამოსახულება, რომელიც ძირითადად ქრისტიანულ სამარხებზე გვხვდება, სულაც არ აღნიშნავს იესო ქრისტეს ჯვარს» (ა. დრევსი «მითი ქრისტეს შესახებ»).

«როგორც ჩანს, ეს წარმართული სიმბოლო [ჯვარი] პირველად ეგვიპტის ქრისტიანულ ეკლესიაში გაჩნდა, ისევე როგორც მთლიანად აფრიკაში. ტერტულიანეს მესამე საუკუნის შუა პერიოდით დათარიღებული სიტყვები გვიჩვენებს, თუ რა ძლიერ იყო ამ დროს კართაგენის ეკლესია ძველი საფუარით დასნებოვნებული. ამ წარმართული სიმბოლოთი განსაკუთრებით ძლიერ ეგვიპტე იყო დასნებოვნებული, რომელიც არასოდეს ყოფილა ბოლომდე ევანგელიზირებული. იმის თავდაპირველი ფორმა, რასაც "ქრისტიანული ჯვარი" ჰქვია, ნაპოვნი იქნა ეგვიპტეში ქრისტიანულ ძეგლზე და არაორაზროვნად წარმოადგენს წარმართულ "ტაუ"-ს, ანუ ეგვიპტურ "სიცოცხლის ნიშანს". დაე მკითხველმა ყურადღებით წაიკითხოს ჯ. უილკინსონის შემდეგი სიტყვები: "შეგვიძლია საკმაოდ საინტერესო ფაქტი მოვიყვანოთ ამ იეროგლიფურ ნიშანთან [ტაუ] დაკავშირებით, რომელსაც ადრეული ეგვიპტელი ქრისტიანები ჯვრის მაგივრად იყენებდნენ და მასზე ზუსტად ისევე აკეთებდნენ წარწერებს, როგორც მოგვიანებით ამის კეთება ჯვარზე დაიწყეს. მე ამის მტკიცება შემიძლია "ტაუ"-ზე დაწყებული იმ მრავალრიცხოვანი წარწერების საფუძველზე, რომლებიც ჩვენს დღეებამდე შემორჩა ადრე ქრისტიანულ ძეგლებზე". ამ მონაკვეთის ძირითადი აზრი იმაში მდგომარეობს, რომ ეგვიპტეში იმის ადრეული ფორმა არსებობდა, რასაც მოგვიანებით ჯვარი ეწოდა, და ის სხვა არაფერი ყოფილა, თუ არა "Crux Ansata", ანუ "სიცოცხლის ნიშანი", რომლითაც იყო გამორჩეული ოსირისი და ყველა ეგვიპტური ღმერთები. მოგვიანებით მას დაემატა ზედა ელემენტი - ansa, ანუ "სახელური", რაც უბრალო "ტაუდ", ანუ უბრალო ჯვრად იქცა, როგორი სახითაც მოაღწია ჩვენს დღეებამდე. ამ დიზაინს, რომლის ხილვაც მრავალ საფლავზე შეიძლება, საერთო არაფერი აქვს მესიის სიკვდილით დასჯის იარაღთან და ძველი და ძალიან პოპულარული წარმართული სიმბოლოს უბრალო დასესხებას წარმოადგენს, რომელიც ისე ძლიერ არსებობს მათ შორის, რომლებიც, საკუთარ თავს რომ ქრისტიანებს უწოდებენ, გულში და გონებაში კი წარმართები არიან. ეს, და მხოლოდ ეს, არის "ჯვრის" თაყვანისცემის წყარო. ყოველივე ზემოთ ნათქვამი, ეჭვგარეშეა, შეიძლება ძალიან უცნაური და წარმოუდგენელი გამოჩნდეს მათთვის, ვისაც რომის მიერ მოწოდებული საეკლესიო ისტორია წაუკითხავს, როგორც ეს ადამიანების უმრავლესობას დაემართა, პროტესტანტებსაც კი......და ის, რასაც ოდესღაც სრულიად სხვა მნიშვნელობა გააჩნდა - ტაუ, ჯვრის ნიშანი, თამუზის, ცრუ მესიის უდაო ნიშანი, სრულიად გაუჯდა ახალს. ამგვარად, "ჯვრის ნიშნის" საშუალებით მესია ხელახლა იქნა ჯვარცმული მათ მიერ, ვინც საკუთარ თავს მის მოწაფეებს უწოდებდნენ» (ალექსანდრე ხისლოპი «ორი ბაბილონი», თავი V. რიტუალები და წეს-ჩვეულებები. ნაწილი VI. ჯვრის ნიშანი).


ამგვარად, ახ.წ. III საუკუნეში ჯვრის პოპულარიზება ხდება "ქრისტიანთა" შორის. და ზუსტად ამ დროს მიაწერენ მეცნიერები პალატინის ნახატის გამოჩენას, რომელზეც, როგორც ზოგიერთებს მიაჩნიათ, ჯვარცმული იესოა გამოსახული ვირის თავით. და მაშინაც კი, თუ თეორიულად წარმოვიდგენთ, თითქოსდა ამ ნახატის ავტორს მართლაც ჯვარზე გაკრული იესო ჰყავდა მხედველობაში, მაშინ ასეთი გარემოება არანაირად არ გამოდგება "ყველაზე ადრეულ მტკიცებულებად". იმიტომ რომ ამ გრაფიტოს გამოჩენის თარიღი ემთხვევა მხოლოდ "კოპტურ პერიოდს", იმაზე გაცილებით გვიან პერიოდს, ვიდრე მოციქულთა პერიოდი იყო.



დასკვნები


ზემოთ განხილული ფაქტები შემდეგი დასკვნების გაკეთების საშუალებას გვაძლევს:

პალატინის გრაფიტოს გამოსახულება საეჭვოა ჯვარცმულ იესოზე მიუთითებდეს. ვირისთავიანი ზოომორფული არსების გარეგნობა არ შეესაბამება სიკვდილით დასჯილთა სახეს: არსების ფეხები ბოძზე არ არის მილურსმული, და მას ტანსაცმელი აცვია (თანაც, აშკარად ისეთივე, როგორიც მარცხნივ მდგომ ადამიანს აცვია), მაშინ როდესაც, სიკვდილმისჯილებს სრულიად აშიშვლებდნენ.

დახატული გრაფიტო შეიძლება მოიაზრებდეს არა ცოცხალ პიროვნებას სიკვდილით დასჯის დროს, არამედ ერთგვარ ხელოვნურ გამოსახულებას, რომელიც შემაღლებულზეა დამაგრებული მისადმი თაყვანისცემის შესრულების მიზნით.

თაყვანისცემის ვირისთავა ობიექტი ცნობილი იყო როგორც ეგვიპტური ღმერთი სეთი, რომლის გარეგანი განმასხვავებელი ნიშანიც ვირის თავი იყო.

აღმოჩენილი მაგიური დაფების თანახმად, რომში გავრცელებული იყო ვირისთავა დემონის თაყვანისცემის კულტი. შესაძლოა, რომ ეს კულტი სეთი-ტიფონის კულტთანაც კი იყო შერწყმული. 

ვირისთავა ფიგურის მარჯვნივ დახატული ნიშანი "Y" შეიძლება სეთის კულტზე მიმანიშნებელი ყოფილიყო. ეგვიპტური მითოლოგიის თანახმად, სეთი ჯაჭვებით შებოჭილი და სიკვდილით დასჯილი იქნა. ძველეგვიპტურ გამოსახულებებზე, სეთის სატანჯველ ძელს სიმბოლო "Y"-ის ფორმა აქვს. ასევე შესაძლებელია, რომ ეს სიმბოლო დაკავშირებული იყოს ე.წ. "სკიპტრა ვასი"-სთან, რომელსაც შესაბამისი გაორება აქვს ცალი მხრიდან, და სეთის თავის გამოსახულება კი - მეორე მხრიდან. 

რიგი მკვლევარების აზრით, "Y"-ის სიმბოლოს პირდაპირი კავშირი აქვს მაგიურ პრაქტიკებთან, რომლებსაც ძველად კულტების წარმომადგენლები ასრულებდნენ. 

ვირისთავას აქეთ-იქეთ გაშლილი ხელები აუცილებელი არაა მის ჯვარცმულობაზე მიუთითებდეს. მრავალი ძველი ღვთაებები არიან წარმოდგენილი ანალოგიური ჟესტით, რომელსაც რელიგიური ხასიათი გააჩნდა.

მაშინაც კი, თუ პირობითად წარმოვიდგენთ, თითქოსდა გრაფიტოზე ჯვარცმული იესოა წარმოდგენილი, ეს ვერანაირად ვერ ადასტურებს ფაქტს მისი სასიკვდილო იარაღის ჯვრის ფორმის შესახებ. მეცნიერთა უმრავლესობა ნახატს ახ.წ. III საუკუნით ათარიღებენ. ზუსტად ამ პერიოდში იწყება ეგვიპტელი ქრისტიანი-კოპტების მიერ წარმართული კულტებიდან ჯვრის ფორმის დასესხება, შემდეგ კი დანარჩენ ეკლესიებსაც გადაეცემა. სამოციქულო ეკლესიის პირველი თაობები არც იცნობდნენ და არც თაყვანისცემაში იყენებდნენ ჯვრის სიმბოლოს. თუ ახ.წ. III საუკუნის ნახატის ავტორი ქრისტეს ჯვარზე გაკვრას გულისხმობდა, მაშინ ეს წარმოდგენა აშკარად ქრისტიანთა გვიან თაობებში გავრცელებული "ჯვრის" ტრადიციის გავლენით იყო გამოწვეული.

--------------------------------------------

ნათარგმნია: sergeiivanov.blogspot.com   


ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ:



Комментариев нет:

Отправить комментарий