вторник, 15 сентября 2015 г.

ღვთის პატარა სანათები



 

სახლში ვზივარ კუთხეში, წასული ვარ ფიქრებში, კაკუნია, გავიხედე, ვინ დგას ბიბლიით ხელში?

ეს ის არის... ეს ის არის...


არა, ეს მართლმადიდებელი მღვდელი არაა, არც ბაპტისტია, არც ადვენტისტი და არც ქარიზმატი. ისინი არ დააკაკუნებენ თქვენს კარებზე, მათ არ სურთ ხალხის "მოსაბეზრებელი" ქადაგებით შეწუხება. და სწორიცაა, აბა რისი მოყოლა შეუძლიათ მათ ხალხისათვის? ღმერთზე "სამი ერთში", რომელსაც თვითონაც ვერაფერს უგებენ? თუ გაუგებარ უკვდავ სუბსტანციაზე, რომელიც არავის უნახია არც რეალურად და არც ბიბლიაში? ან, იქნებ, ციურ სამოთხეზე, რომელშიც სიკვდილის შემდეგ უნდათ მოხვედრა, მაგრამ ამავდროულად ის ვერ გაუგიათ, მაშინ მიწიერი აღდგომა რაღა საჭირო იქნება? ან იქნებ ცეცხლოვან ჯოჯოხეთზე, სადაც ეშმაკები "მოსიყვარულე" ღმერთის დავალებით მარადიულად აწამებენ ადამიანებს დედამიწის შუაგულში? ან იქნებ იმაზე, რომ ისინი არიან - ის "რჩეულები", რომლებიც ხანდახან, დღესასწაულებზე, სასწაულებს ახდენენ და არაადამიანურ ენებზე საუბრობენ, რომელიც თავადაც კი არ ესმით?

ძნელია იმის შესახებ მოყოლა, რაც არც ბუნებაში არსებობს და არც ბიბლიაში. სამაგიეროდ მოსმენაა ადვილი. ზღაპრები ყველა დროს პოპულარული იყო, განსაკუთრებით ბავშვებში. ისინი არავითარ პასუხისმგებლობას არ აკისრებენ მსმენელებს.
სიმართლის მოსმენა კი გაცილებით რთულია, იმიტომ რომ სიმართლე ყველაფერს ააშკარავებს და მოქმედებისაკენ აღძრავს ადამიანს.
იესომ ნათლად დაგვანახა, თუ როგორები უნდა იყვნენ მისი მოწაფეები:

თქვენ ხართ ქვეყნიერების სინათლე... ლამპარს რომ ანთებენ, საწყაოს ქვეშ კი არ დგამენ, არამედ სალამპრეზე, და ისიც ყველას უნათებს სახლში. თქვენი სინათლეც ანათებდეს ადამიანთა წინაშე, რათა ხედავდნენ თქვენს კარგ საქმეებს და განადიდებდნენ თქვენს ზეციერ მამას. (მათე 5:14-16)

ქრისტიანები - პატარა სანათები არიან სულიერი წყვდიადით მოცულ მსოფლიოში!
მაგრამ რთულია იყო სანათი სულიერი თხუნელების მსოფლიოში, სადაც სინათლე როგორც მინიმუმ არ სჭირდებათ, ხოლო უფრო ხშირად კი უბრალოდ აღიზიანებთ.
მსოფლიოში, სადაც კარჩაკეტილობა ღვთის მსახურებად ცხადდება. კი მაგრამ ვის უნათებენ იქ ეს "მსახურები", მონასტრის "გუმბათით" თავდახურულები?
მსოფლიოში, სადაც ყველას "თავისი ღმერთი ჰყავს გულში". და შენი სინათლით ნუ შეძვრები რა იქ, ვაიდა "შინაური ღმერთუკა" დააფრთხო.
და აი, კარებთან თბილი მისასალმებელი სიტყვების შემდეგ, "სანათებს" ესმით:
- თქვენ რა, მეტი საქმე არა გაქვთ? დადიან აქ, უსაქმურები!
და მართლაც, სხვა რა ვაკეთოთ? სმას და მოწევას თავი დავანებეთ, ნარკოტიკები მივატოვეთ, მრუშობა და სიძვა - წარსულს ჩაბარდა, ტელევიზორში სულელურ გადაცემებს, რომლებიც პიროვნებას ცრუ იდეებითა და მიზნებით აზომბირებს - აღარ ვუყურებთ. ის ადამიანები, რომლებსაც მხოლოდ ერქვათ ჩვენი მეგობრები, რომლებიც მხარს გვიბავდნენ ამ ცოდვილ ქმედებებში, ასევე მივატოვეთ. მაშ სხვა რითი დავკავდეთ სამსახურისაგან თავისუფალ დროს? დივანზე გავერთხათ და ჭერი "ვხვრიტოთ მზერით"? თუ სამ სამსახურში ვიმუშაოთ იმისათვის, რომ მეოთხე ტელევიზორი ვიყიდოთ?
- ქველმოქმედებით დაკავდით, ღარიბებსა და ინვალიდებს დაეხმარეთ! - ისმის პასუხად.
ეს, რა თქმა უნდა, კარგი საქმეა, მაგრამ მე თავად მყავს ოჯახი და არც თუ მაღალანაზღაურებად სამსახურში ვმუშაობ. მე რა, შვილებს წავართვა პური და ლეკვებს გადავუყარო? იმ ნამცეცებით კი, მაგიდიდან რომ ცვივა, მე ისედაც ვეხმარები ჩემს ღარიბ მეგობრებს, ქვრივებსა და ობლებს.
ყველა მსგავსი "კეთილისმსურველის" პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ მათ ელემენტარულადაც კი არ ესმით მიზეზ-შედეგობრივი კავშირის პრინციპი.
ერთხელ ერთი მამაკაცი ძალიან აღშფოთდა იმის გამო, რომ დღეს ღმერთი ისე არ ეხმარება ადამიანებს, როგორც ამ მამაკაცს სურდა. მე შევეკითხე, თუ რაში სურდა მას ამ დახმარების დანახვა? მან მიპასუხა, რომ დასაწყისისთვის ცუდი არ იქნებოდა ყველა ადამიანის გამოკვება. მე შევეკითხე, თუ როგორ წარმოედგინა მას ეს? იესო მოევლინება და სათითაოდ ყველას თითო პურს დაურიგებს? და ის ასე იმოქმედებს ყოველ დღე მთელი მარადიულობის განმავლობაში? ეს რა, ყველა პრობლემას მოაგვარებს? მაგრამ ნუთუ ღატაკი და მშიერი ადამიანები არიან ისეთი პრობლემების მიზეზი - როგორებიცაა ომები, კორუფცია, უსამართლობა და ა.შ.? განა მდიდრები და მაძღრები არ უდგანან ჩვეულებრივ ყოველგვარ ბოროტებას სათავეში?
ადამიანს თუ ჩირქგროვა გამოაჩნდა, მისი უბრალოდ დოლბანდით გადახვევით, ამ პრობლემას ვერ მოაგვარებ. ის მეორე, შემდეგ კი მესამე ადგილასაც გამოჩნდება. პრობლემა სადღაც შიგნითაა.
დღევანდელ მსოფლიოში, ყველაზე დიდი პრობლემა, თავად ადამიანებშია, მათ თავებში: ესაა ეგოიზმი, სიხარბე, პატივმოყვარეობა, სიამაყე და სხვა მრავალი. რამდენი ფულია საჭირო იმისათვის, რომ მსოფლიო ამ ნაკლოვანებებისაგან განიკურნოს? აქ ფული ვერაფერი დამხმარეა.
- თქვენ მაინც ვერ შეცვლით მსოფლიოს! - შემდეგი მოსაზრება ისმის კარს იქიდან.
ესეც მართალია. მსოფლიოს ჩვენ კი არ შევცვლით, არამედ ღმერთი.
როგორც ვიაჩესლავ ბუტუსოვი მღეროდა: "შენ ვერ განკურნავ მსოფლიოს, და მთელი საქმე ამაში მდგომარეობს, დაე მხოლოდ ის გადაარჩინონ, ვისი გადარჩენაც შეიძლება..." ღმერთიც ზუსტად მათ ეძებს, ვისი გადარჩენაც ჯერ კიდევ შეიძლება. და ამისათვის ის მათ იყენებს, ვინც მას ემსახურება.
ერთი გოგონა, რომელსაც ერთხელ რკინიგზის სადგურზე ვესაუბრებოდი, როდესაც გაიგო, ბიბლიის სწავლებით ვიყავი დაკავებული, ნეგატიურად გამოეხმაურა ამას: "ვისაც უნდა, ის თავად მოვა თქვენთან ან მასთან ვისთანაც საჭიროდ ჩათვლის! ასე რომ არ გინდათ ხალხისთვის თავის მობეზრება!"
მე შევეკითხე:
- ღამე დამწვრის სუნმა რომ გაგაღვიძოთ და გარეთ გამოსულმა დაინახოთ, თქვენი სახლი იწვის, რას გააკეთებდით?
მან ძალიან ამაყად მიპასუხა:
- სწრაფად მოვაგროვებდი ყველაზე აუცილებელს და სახლიდან გამოვვარდებოდი!
- შესანიშნავია, - ვუთხარი მე, - და მეზობლებზე, რომლებსაც სძინავთ და ცოცხლად დაიწვებიან, არ დაფიქრებულხართ? მათ ვინ გააღვიძებს და ამით ვინ გადაარჩენს მათ სიცოცხლეს? კი, ისინი ძალიან უკმაყოფილონი იქნებიან იმის გამო, რომ მათ ვიღაც ღამე აღვიძებს! ზოგმა შეიძლება უკანასკნელი სიტყვებითაც კი გაგლანძღოს! მაგრამ ისეთებიც იქნებიან, რომლებიც მთელი ცხოვრების განმავლობაში თქვენი მადლიერები იქნებიან იმის გამო, რომ თქვენ სიმამაცე და დაჟინებულობა გეყოთ იმისათვის, ისინი გაგეღვიძებინათ!
გოგონა დაიბნა: ის არ იყო ნაჩვევი სხვებზე ფიქრს და, შესაძლოა, მას ცოტა შერცხვა კიდეც.
ეს ქვეყნიერება იწვის, კიდევ ცოტა და თავის დაღწევა უკვე შეუძლებელი იქნება. ამ ქვეყნიერების ფასეულობების მთელი სისტემა მალე მბჟუტავ ნაკვერჩხლად იქცევა. და ვერავინ შეძლებს დახმარებას, თუ ადამიანი თავად არ გადადგავს გადამწყვეტ ნაბიჯებს. "მეხანძრეებს" ძალიან ღრმად სძინავთ თავის დიდებულ ტაძრებში. ყველა, ვისი გაღვიძებაც ვერ მოხერხდება - დაიღუპება.


დააკაკუნე მეზობლის კარზე - იქნებ მან გაიღვიძოს? ნუ ჩააქრობ შენ პატარა სანათს - გაუნათე მას გადარჩენის გზა! 

----------------------------------------------------------------

ნათარგმნია: www.teonote.ru 

Комментариев нет:

Отправить комментарий