понедельник, 24 августа 2015 г.

ქრისტიანებს სიყვარულისთვის არ სცალიათ


ვცდილობ, რომ რაც შეიძლება ნაკლებად ვწერო სხვა რელიგიების ნაკლოვანებებზე, მაგრამ ზოგიერთი რამის გვერდის ავლა უბრალოდ შეუძლებელია. ცოტა ხნის წინ ანტიოქიის საპატრიარქომ იერუსალიმის საპატრიარქოსთან ურთიერთობის «სრული გაწყვეტის» შესახებ გააკეთა განცხადება. ალბათ, ამ უკანასკნელმა რაიმე სერიოზული შეცდომა დაუშვა, იტყვით თქვენ. არა, მიზეზი ასე გამოიყურება: იერუსალიმმა თავისი ეპისკოპოსი დანიშნა ყატარში, ყატარს კი ანტიოქია საკუთარ "კანონიკურ ტერიტორიად" თვლის. 

იმ მართლმადიდებლებისთვის, ვინც გარკვეული არ არის: ანტიოქიისა და იერუსალიმის საპატრიარქოები – მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის ოფიციალური და კანონიკური წევრები არიან, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან ერთად. ეს არიან თქვენი ძმები, რომლებმაც ერთმანეთში კონკურირება დაიწყეს ტერიტორიებისა და გავლენის სფეროებისათვის, როგორც ამ ქვეყნიერებაშია მიღებული, და იქამდე "მიკონკურირდნენ" რომ ერთმანეთს ომი გამოუცხადეს. განა არ უნდა უხაროდეთ ქრისტიანებს ის, რომ სადღაც ახალი ეპისკოპოსი გამოჩნდა, თუ ეს ეპისკოპოსი – კარგი ქრისტიანია? არა, შეურიგებელი ბრძოლა მიდის გავლენის სფეროების გამო და სენტიმენტებისათვის არავის სცალია. ეს ხდება ყველაზე მაღალ დონეზე, სრულიად ოფიციალურად. ეს ცალკეული რიგითი მორწმუნეების ცალკეული რიგითი შეცდომები როდია. ეს იგივეა, ვთქვათ, მოციქულ პავლეს რომ განეცხადებინა მოციქულ პეტრესთან ურთიერთობის გაწყვეტის შესახებ, იმის გამო რომ პეტრემ სადღაც "თავისი ეპისკოპოსი" დანიშნა. ბიბლიის მკითხველისთვის ძნელია ასეთი რამის წარმოდგენა, მაგრამ ეს დღევანდელი "საეკლესიო დიპლომატიის" ნორმაა.

ოდესღაც ერთმა რელიგიურმა მასწავლებელმა თქვა: «ჩემი მოწაფეები რომ ხართ, იმით გაიგებენ, რომ ერთმანეთი გეყვარებათ» (იოანე 13:35). თუ ამ კრიტერიუმებს არ გამოვიყენებთ, აბა რისთვის იქნა ისინი მოცემული? რა საჭიროა ბიბლიაში ისეთი პრინციპის არსებობა, რომელსაც არავინ იყენებს? დღეს ქრისტეს მოწაფეობის განსაზღვრა ეროვნული კუთვნილებით, მოციქულთა გადმოცემებით, ღვთაებრივი ცეცხლითა და უძრავი ქონების რაოდენობითაც კი ხდება – ყველანაირად, ოღონდ არა სიყვარულით. 

რა უნდა გააკეთონ ეკლესიებმა ისეთი, რათა მათმა მრევლმა, თუნდაც არა უმრავლესობამ, მაგრამ თუნდაც მათმა მნიშვნელოვანმა ნაწილმა თქვას: «იცით, თქვენს შორის არ არის სიყვარული, ამიტომ თქვენ არ ხართ ქრისტეს მოწაფეები»? გავრისკავ და ვიტყვი, რომ ასეთი საქციელი უბრალოდ ბუნებაში არ არსებობს. 
-------------------------------------------------------------------
თარგმნილია: chivchalov.blogspot.com



Комментариев нет:

Отправить комментарий