пятница, 1 мая 2020 г.

აბადონი, უფსკრული და კალიები



  ყველამ, ვინც ახლოს იცნობს იეჰოვას მოწმეებს, მშვენივრად იცის, თუ როგორი დამოკიდებულება აქვთ მათ ბიბლიის, ღმერთისა და იესო ქრისტეს მიმართ. ისინი იეჰოვა ღმერთს, და მხოლოდ და მხოლოდ მას ეთაყვანებიან. ისინი პატივს სცემენ მის წმინდა სახელს და საკუთარ თავს მის მოწმეებად მიიჩნევენ. ისინი იესო ქრისტეს პატივს სცემენ, მის მითითებებს მიჰყვებიან და მას ზუსტად იმ მესიად და მეფედ აღიარებენ, რომლის დედამიწაზე გამოგზავნაც იეჰოვა ღმერთმა დაგვპირდა. მათ სწამთ, რომ მხოლოდ იესო ქრისტეს მსხვერპლით იფარება ჩვენი ცოდვები. ბიბლია იეჰოვას მოწმეებისთვის – ესაა სულიერი ორიენტირების უმთავრესი წყარო, მათი «კონსტიტუცია», უმთავრესი კანონი.

თუმცაღა რისი მოსმენა არ უწევთ თავის მისამართით იეჰოვას მოწმეებს: "თქვენ – უღმერთოები ხართ! იეჰოვას მოწმეები თავადვე აღიარებთ ანტიქტისტესთან პირად კავშირს! თქვენი მეფე – ეშმაკია"… ამ ყველაფრის მიზეზი ისაა, თუ როგორ განვმარტავთ ზოგიერთ ბიბლიურ მუხლს, რაშიც აბსოლუტურად განვსხვავდებით ქრისტიანული სმყაროს ეკლესიების მოსაზრებებისგან. იეჰოვას მოწმეებს მიაჩნიათ, რომ გამოცხადების მე-9 თავში მოხსენიებულ "აბადონში" უშუალოდ იესო ქრისტე იგულისხმება, ხოლო "უფსკრულიდან ამოსული კალიების გუნდში" - ღვთის მსახურები. მაშინ როდესაც ეკლესიებს განსხვავებული მოსაზრება აქვთ: ყველაფერს, რაც უფსკრულთან და აბადონთანაა დაკავშირებული, ისინი რაღაც საშინლად, სატანურად და დემონურად მიიჩნევენ. შედეგად, "დემონი-აბადონის" ეს უარყოფითი სახე, სხვადასხვა ლიტერატურულ და მუსიკალურ ნაწარმოებებშიც შევიდა. ის თავისებურად აღბეჭდა ბულგაკოვმა "ოსტატსა და მარგარიტაში", მის შესახებ დაწერეს საკუთარი ლექსები ჟუკოვსკიმ და ფეტმა. მრავალ თანამედროვე მუსიკალურ ჯგუფებს უყვართ საკუთარ სიმღერებში ამ სახელის მოხსენიება. ყოველივე ზემოთ ნათქვამის შედეგად, ადამიანთა გონებაში მყარად შეიქმნა აბადონის, როგორც იმის სახე, ვინც "უფსკრულთან" და ბნელ ძალებთანაა დაკავშირებული...


მაგრამ უნდა ვხელმძღვანელობდეთ თუ არა მოცემულ საკითხში უმრავლესობის აზრით? თუ უშუალოდ ბიბლიაში უნდა ჩავიხედოთ – ქრისტიანთა მთავარ სახელმძღვანელოში? ეჭვგარეშეა! ეს თემა საკმაოდ ფართოა, და აქ არ მინდა «ერთგული და გონიერი მმართველის» როლში გამოსვლა (ლუკა 12:42) და ამ საკითხთან დაკავშირებით სულიერი საკვების მიცემა – ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. მე უფრო ორგანიზაციის პოზიციის ციტირება და ამ თემასთან დაკავშირებით საკუთარი პირადი მოსაზრებების გადმოცემა მსურს, ასევე მინდა გადმოვცე აზრები იმასთან დაკავშირებით, ჩემი შეხედულებით, თუ რამდენად ლოგიკურია (ან არალოგიკურია) ესა თუ ის თვალსაზრისი.

ჩემი დაკვირვებით, იქიდან გამომდინარე თუ რა მიმართულებით წავიდა ადამიანთან საუბარი, ეს თემა შეიძლება ერთდროულად მრავალ ქვეთემას შეეხოს, ისეთებს როგორებიცაა: სიტყვების "ჯოჯოხეთი", "შეოლი", "ქვესკნელი", "უფსკრული", "ტარტაროზი" და "აბადონის" მნიშვნელობა, გარდაცვლილთა მდგომარეობის, იესოს პიროვნების, ქრისტიანთა როლისა და ა.შ. თემებს. და ამიტომ, სხვა რწმენის მქონე ადამიანთან საუბარი შეიძლება არასოდეს არ დასრულდეს. ყველაფერს სჯობია ეს საუბარი ძირითად თემებამდე დავიყვანოთ. მაგალითად: როგორ შეიძლება იესო "დამღუპველი" იყოს, ღვთის მსახურები კი - კალიის გუნდი, რომელიც "ტანჯვას" აყენებს? რა აზრია ჩადებული სიტყვა "უფსკრულში" ბიბლიაში? ვინაა "უფსკრულის ანგელოზი" (გამოცხადება 9:11), და რაში მდგომარეობს მისი უშუალოდ ამ სახელით მოხსენიების ლოგიკა? და მაინც რას ნიშნავს ბიბლიური სიტყვა «აბადონი»?


იეჰოვას მოწმეების ვერსია


ყველა იმ ნიუანსის და შეკითხვის აქ ჩამოთვლა, რომლებიც ჩვენს მოსაუბრეს შეიძლება გაუჩნდეს ამ თემასთან დაკავშირებით, უბრალოდ შეუძლია, თუმცა ეს არც წარმოადგენს ამ სტატიის მიზანს.  ვნახოთ, თუ რა წერია ნაშრომში «წმინდა წერილის საკვლევი ცნობარი» შემდეგი ქვესათაურების ქვეშ:


აბადონი [ებრ-დან, ნიშნავს «განადგურებას»]. ებრაული სიტყვის ტრანსლიტერაცია, რომელსაც გამოცხადების 9:11-ში ვხვდებით. მასში აღწერილია სიმბოლური კალიების შემოსევა, რომელთაც „ჰყავდათ მეფე — უფსკრულის ანგელოზი. ებრაულად მას აბადონი ჰქვია, ბერძნულად კი — აპოლიონი“.

ებრაული სიტყვა ʼავადდონ ნიშნავს განადგურებას. ის შეიძლება „ხრწნის ადგილსაც“ ნიშნავდეს. ʼავადდონ ებრაულ ორიგინალში სულ 5-ჯერ არის ნახსენები, აქედან 4-ჯერ „საფლავთან“, „სამარესა“ და „სიკვდილთან“ ერთად (ფს. 88:11; იობ. 26:6; 28:22; იგ. 15:11). ამ მუხლებში, როგორც ჩანს, ʼავადდონ სიკვდილის შემდეგ ადამიანის სხეულის გახრწნის პროცესს გულისხმობს. იგივე მუხლები ცხადყოფს, რომ ხრწნა ანუ განადგურება შეოლში, კაცობრიობის საერთო სამარეში ხდება. იობის 31:12-ში ʼავადდონ გამოყენებულია მრუშობის საზიანო შედეგის აღსანიშნავად. იობმა თქვა: „ეს [მრუშობა] არის გამანადგურებელი [ʽად-ʼავადდონ], შთამნთქმელი ცეცხლი, რომელიც მთელ ჩემს ნამოქმედარს ძირფესვიანად მოედებოდა“ (შდრ. იგ. 6:26—28, 32; 7:26, 27).


აღსანიშნავია, რომ გამოცხადების 9:11-ში „უფსკრულის ანგელოზი“ „აბადონის“ სახელით გვევლინება. მისი ბერძნული შესატყვისი „აპოლიონი“ გამანადგურებელს ნიშნავს. მე-19 საუკუნეში ცდილობდნენ იმის დამტკიცებას, რომ ეს მუხლი წინასწარმეტყველურად შესრულდა იმპერატორ ვესპასიანეზე, მუჰამადსა და ნაპოლეონზე, ანგელოზს კი სატანის წარმომადგენლად მიიჩნევდნენ. მაგრამ გამოცხადების 20:1—3-ის თანახმად ანგელოზი, რომელსაც „უფსკრულის გასაღები“ უპყრია, ღვთის დავალებით ჩამოდის ზეციდან, ბოჭავს და უფსკრულში აგდებს სატანას. ასე რომ, შეუძლებელია ის სატანის წარმომადგენელი იყოს. გამოცხადების 9:11-ზე ერთ ნაშრომში შემდეგი კომენტარია გაკეთებული: „აბადონი არა სატანის, არამედ ღვთის ანგელოზია, რომელიც ღმერთის დავალებით ანადგურებს“ (The Interpreter’s Bible).


როგორც უკვე ახსნილი იყო, ებრაულ წერილებში ʼავადდონ სამარესთან და სიკვდილთან ერთად გამოიყენება. გამოცხადების 1:18-ში ქრისტე იესო ამბობს: „აი, ცოცხალი ვარ სამარადისოდ და მაქვს სიკვდილისა და სამარის გასაღებები“. ლუკას 8:31-დან ვიგებთ უფსკრულზე მისი ძალაუფლების შესახებ. ის, რომ ქრისტე გამანადგურებელ ძალას, მათ შორის სატანის განადგურების ძალას ფლობს, ჩანს ებრაელების 2:14-დან, რომელშიც ნათქვამია, რომ იესო ეზიარა სისხლსა და ხორცს, რათა „სიკვდილით ბოლო მოუღოს მას, ვინც სიკვდილს იწვევს, ესე იგი ეშმაკს“. გამოცხადების 19:11—16 ქრისტეს წარმოგვიდგენს, როგორც ღვთისგან დანიშნულ გამანადგურებელსა და განაჩენის აღმსრულებელს (იხ. აპოლიონი).



აპოლიონი [გამანადგურებელი]. ებრაული სიტყვა აბადონის ბერძნული შესატყვისი, რომელიც იოანე მოციქულმა გამოცხადების 9:11-ში გამოიყენა. „აპოლიონი“ ნიშნავს გამანადგურებელს. იგი „უფსკრულის ანგელოზს“ ეწოდება. ნაშრომთა უმეტესობა ამ სახელს ბოროტ ძალას უკავშირებს, მაგრამ მთლიანი აპოკალიფსური ხილვა ამ შეხედულებას აბათილებს, რადგან „გამოცხადებაში“ ანგელოზები ღვთის მტრებზე სასჯელის აღმსრულებლებად გვევლინებიან.

ზემოხსენებულ არგუმენტს ეთანხმება იაკობის 4:12, რომელშიც აპოლიონის ზმნური ფორმა აპოლლიმი არის გამოყენებული. ამ მუხლში ღმერთზე ნათქვამია: „ერთია კანონმდებელი და მოსამართლე. მხოლოდ მას შეუძლია ხსნაც და მოსპობაც“ (შდრ. მთ. 10:28). კაპერნაუმის სინაგოგაში იესოს მიერ განდევნილმა უწმინდურმა სულმა იესო ღვთის წარმომადგენლად აღიარა და თქვა: „რა გვაქვს შენთან საერთო, იესო ნაზარეთელო? ჩვენ მოსასპობად მოხვედი?“ (მრ. 1:24; ლკ. 4:34). იესომ თავისი მოუნანიებელი მსმენელები განადგურების საშიშროების შესახებ გააფრთხილა (ლკ. 13:3—5; 20:16). ეს და სხვა მუხლები იმას მოწმობს, რომ სწორედ განდიდებულ ქრისტე იესოს ეკუთვნის აპოლიონის ტიტული (შდრ. გმც. 19:11—16; ლკ. 8:31;).



უფსკრული. ახალი აღთქმის ბერძნულ-ინგლისური ლექსიკონი ბერძნულ სიტყვა აბისსოსს განმარტავს როგორც „მეტისმეტად ღრმას“ (Greek and English Lexicon to the New Testament, ჯ. პარკჰერსტი, ლონდონი, 1845, გვ. 2). ლიდელისა და სკოტის ბერძნულ-ინგლისური ლექსიკონის (Liddell and Scott’s Greek-English Lexicon, ოქსფორდი, 1968, გვ. 4) თანახმად აბისსოს ნიშნავს „უკიდეგანოსა და უსაზღვროს“. ებრაული სიტყვა თეომ (ღრმა წყალი) ბერძნულ სეპტუაგინტაში ყველგან ითარგმნა, როგორც აბისსოს (მაგ., დაბადების 1:2; 7:11).

ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში აბისსოს ცხრაჯერ გვხდება, ამათგან შვიდჯერ გამოცხადების წიგნში. „უფსკრულიდან“ ამოდიან სიმბოლური კალიები თავიანთი მეფის აბადონის, იგივე აპოლიონის, „უფსკრულის ანგელოზის“ მეთაურობით (გმც. 9:1—3, 11). უფსკრულიდან ამოდის, აგრეთვე, მხეცი, რომელიც ღვთის ორ მოწმეს ებრძვის და კლავს მათ (გმც. 11:3, 7). გამოცხადების 20:1—3-ში აღწერილია სატანის უფსკრულში ჩაგდება ათასი წლით. ეს ის უფსკრულია, რომელშიაც ჩავარდნის დემონთა ლეგიონს ეშინოდა (ლკ. 8:31).
 



ბიბლიური მნიშვნელობა 


აღსანიშნავია, რომ ბერძნული სეპტუაგინტა ებრაულ შეʼოლს არ თარგმნის აბისსოსად. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ აბისსოსში სულიერი ქმნილებები არიან ჩაყრილი, მისი მნიშვნელობა მხოლოდ შეოლით ან ჰადესით არ შემოიფარგლება, მით უმეტეს, რომ ეს ორი სიტყვა კონკრეტულად კაცობრიობის საერთო სამარეს აღნიშნავს (იობ. 17:13—16; იხ. ჰადესი; შეოლი). შეუძლებელია აბისსოს იყოს „ცეცხლის ტბა“, რადგან სატანას მასში მხოლოდ უფსკრულიდან გათავისუფლების შემდეგ აგდებენ (გმც. 20:1—3, 7—10). ამასთანავე, რომაელების 10:7-ში ნათქვამია, რომ ქრისტე უფსკრულში იყო, რაც ადასტურებს იმას, რომ აბისსოს არ არის ცეცხლის ტბა და, შესაბამისად, არც ტარტაროზი (იხ. ტარტაროზი).
რომაელების 10:6, 7 მეტ ნათელს ჰფენს უფსკრულის მნიშვნელობას: «რწმენიდან მომდინარე სიმართლე კი ამბობს: „ნუ იტყვი გულში, ვინ ავა ზეცაშიო? (ქრისტეს ჩამოსაყვანად), ან ვინ ჩავა უფსკრულშიო? (ქრისტეს მკვდრეთით აღსადგენად)“ » (შდრ. კნ. 30:11—13). ამ მუხლში ნახსენები უფსკრული აშკარად მიანიშნებს იმ ადგილზე, სადაც ქრისტე იესომ მკვდრეთით აღდგომამდე არასრული სამი დღე დაჰყო (შდრ. ფს. 71:19, 20; მთ. 12:40). გამოცხადების 20:7-ში უფსკრულს „საპყრობილე“ ეწოდება. ასეთი შედარება ზედგამოჭრილია, რადგან „საპყრობილე“, როგორც სრული უმოქმედობის ადგილი, კარგად აღწერს მკვდარი იესოს მდგომარეობას (შდრ. გმც. 20:7; სქ. 2:24; 2სმ. 22:5, 6; იობ. 38:16, 17; ფს. 9:13; 107:18; 116:3).
რელიგიისა და ეთიკის ენციკლოპედიაში (Encyclopædia of Religion and Ethics, ჯ. ჰეისტინგზი, 1913, ტ. I, გვ. 54) „უფსკრულად“ ნათარგმნი ბერძნული სიტყვის შესახებ, რომელიც რომაელების 10:6, 7-ში გვხვდება, ასეთი კომენტარია გაკეთებული: „ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ წმ. პავლე ლაპარაკობს რაღაც უკიდეგანოზე, იმაზე, რაც ბოლომდე ჩაუწვდომელია“. პავლე „ზეცისა“ და „უფსკრულის“ მიუწვდომლობას უპირისპირებს რწმენით სიმართლის მიღწევის შესაძლებლობას. უფსკრულის მიუწვდომლობას მოწმობს აგრეთვე რომაელების 11:33, რომელშიც პავლე აბისსოსის სინონიმს, ბათოსს იყენებს: „ო, ღვთის სიმდიდრის, სიბრძნისა და ცოდნის სიღრმე [ბათოს]! როგორი ჩაუწვდომელია მისი სამართალი და მიუკვლეველია მისი გზები!“ (იხ. აგრეთვე 1კრ. 2:10; ეფ. 3:18, 19). ამრიგად, რომაელების 10:6, 7-დან გამომდინარე, „უფსკრული“, სავარაუდოდ, წარმოადგენს ისეთ რამესაც, რაზეც ხელი არავის მიუწვდება, გარდა ღვთისა და მისი დანიშნული ანგელოზისა, რომელსაც „უფსკრულის გასაღები“ აქვს (გმც. 20:1). ლიდელისა და სკოტის ბერძნულ-ინგლისური ლექსიკონი (Liddell and Scott’s Greek-English Lexicon, გვ. 4) აბისსოსის კიდევ ერთ მნიშვნელობას გვთავაზობს: „უსასრულო სიცარიელე“.
ფსალმუნის 88:6-ში გვხვდება მრავლობით რიცხვში მდგარი ებრაული სიტყვა მეცოლაჰ (ან მეცულაჰ), რომელიც ითარგმნა „დიდ უფსკრულად“ (სიტყვასიტყვით „სიღრმეები“) (შდრ. ზქ. 10:11). იგი სიტყვა ენათესავება ცულაჰს, რაც „ღრმა წყალს“ ნიშნავს (ეს. 44:27).



ჩვენი კრიტიკოსების ვერსია


ეკლესიების უმრავლესობა აბადონს მიიჩნევენ ან სატანად, ან დემონად, ან ერთგვარ «ანტიქრისტედ», ან საერთოდ რომელიღაც კონკრეტულ ისტორიულ პიროვნებად, რომელმაც თან დიდი «განადგურება» მოიტანა. საერთოდ, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ მრავალი კრიტიკოსის სწავლებებში სრული ქაოსია. და ჩვენთვის, იეჰოვას მოწმეებისათვის, რომლებიც კონკრეტიკას ვართ მიჩვეულნი, მათში გარკვევა უკიდურესად რთულია იმ მიზეზის გამო, რომ თავად ჩვენს ოპონენტებსაც კი, როგორც ჩანს, ჯერჯერობით არც იმის დრო აქვთ და არც იმის სურვილი, რომ ამ საკითხებში გაერკვნენ.

მორწმუნეთა უმრავლესობა ყველაფერს ერთ გროვაში აქცევს: ანტიქრისტე იქნება ეს, სატანა თუ აბადონი - მათთვის ეს ერთი და იგივეა და ის, რა თქმა უნდა, ერთგვარ «უფსკრულში» ცხოვრობს, რაც, დამეთანხმეთ, უფრო ალბათ ცრურწმენების სფეროს უფრო მოგვაგონებს, ვიდრე წმინდა წერილის შესწავლისადმი სერიოზულ მიდგომას. ხშირად ერთმანეთში ირევა ისეთი გაგებები როგორებიცაა: ჯოჯოხეთი, ქვესკნელი, ტარტაროზი, უფსკრული, გეენა, ცეცხლოვანი ტბა და შეოლი – ყოველივე ეს ბევრი განხილვის გარეშე ერთი და იგივედ მიიჩნევა. ერთ რამეში ჩვენი კრიტიკოსები ერთსულოვანნი არიან: მოწმეები კატასტროფულად ცდებიან, და აბადონი ასე თუ ისე ბნელ ძალებთანაა დაკავშირებული და ღვთის წინააღმდეგ გამოდის. შესაბამისად «კალიებიც», მათი თვალსაზრისით, არიან არა ღვთის მსახურები, არამედ რაღაც ცუდი რამ, რასაც ხელმძღვანელობას ისევ ის «ბოროტი» აბადონი უწევს.

შემდგომ შევეცდები მოკლედ მოვიყვანო ჩვენი კრიტიკოსების ძირითადი «მტკიცებულებები»  და მათი პრეტენზიები ჩვენს მიმართ:



მოდით გავერკვეთ


1) «უფსკრულიდან» შეუძლებელია რამე კარგი ამოვიდეს, და მით უმეტეს ღვთის მსახურები. იეჰოვას მოწმეები ამბობენ, რომ იმ ადგილიდან ამოვიდნენ, სადაც შემდეგ სატანა იქნება ჩაგდებული. ეს კი იმას ნიშნავს, რომ კალიები – სატანის მსახურები არიან.

- მაშ კარგი, ჩვენს კრიტიკოსებს აშკარად დაავიწყდათ, რომ იესო ქროსტეც უფსკრულიდან ამოვიდა – რომაელების 10:6,7. მაშინვე კანონზომიერი შეკითხვა იბადება: თუ ქრისტიანთა წინამძღოლი (იესო ქრისტე) ამოვიდა უფსკრულიდან, მაშინ განა არ შეიძლება რომ თავად ქრისტიანებიც ამოვიდნენ იქიდან?

ამავდროულად "უფსკრული", როგორც უკვე ითქვა, ასიმბოლოებს უმოქმედობის, სრული შებოჭილობის, ზოგჯერ კი სიკვდილის მდგომარეობას. ვინმეს უფსკრულში ყოფნა სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ამ პიროვნებამ ღმერთი განარისხა (როგორც მაგალითად იესოს შემთხვევაში). თუ ნათქვამია, რომ ვიღაც უფსკრულში იმყოფება, ეს იმას ნიშნავს, რომ მოცემულ ბიბლიურ პერსონაჟს არანაირად და არავითარი სახით არ შეუძლია მოქმედება - მისი მდგომარეობა სიკვდილის მდგომარეობას ჰგავს (ეკლესიასტე 9:10). ჩათვალეთ რომ ის მკვდარია (შეადარეთ გამოცხადების 17:8, სადაც "უფსკრული" მოიხსენიება).

თუ ნათქვამია, რომ კალიები უფსკრულიდან ამოვიდნენ და მოქმედება დაიწყეს, ესე იგი ამით ხაზი იმას ესმევა, რომ ეხლა ის უკვე ძალიან აქტიური იქნება მის ცოტა ხნის წინანდელი მდგომარეობისგან, სრული უმოქმედობისგან განსხვავებით.


2) ჩვენი უფალი იესო ქრისტე – სიყვარული, სინათლე და სიცოცხლეა. ის მხსნელია. აბადონი კი – გამანადგურებელი და დამანგრეველია. მას თან სიკვდილი მოაქვს. იესოს ადამიანები უყვარს, აბადონის მიზანი კი მათი დაღუპვაა. აბადონი – იესოს სრულიად საპირისპიროა.

- ჩვენი ოპონენტები ცბიერობენ. ისინი იესო ქრისტეს მხოლოდ ერთ მხარეს იხსენებენ, და ივიწყებენ (უფრო სწორად, უნდათ დაივიწყონ) სხვა, არანაკლებად მნიშვნელოვანი ჭეშმარიტებების შესახებ. ჩვენი უფალი არ წარმოადგენს «სუსტი ხასიათის» მქონე, ყველაფრის მპატიებელ პიროვნებას, როგორადაც ცდილობენ მის წარმოდგენას. ის არ დაიწყებს უსასრულოდ ლოდინს და არც უსასრულოდ მოითმენს. ისინი აშკარად ცრუობენ იესო ქრისტესთან დაკავშირებით და არასწორ შუქში წარმოაჩენენ მას, რადგან დადგება დღე, როდესაც მოთმინების დრო დასრულდება. და ის გამოვა უშუალოდ როგორც გამანადგურებელი:

ლუკას 4:34: ..."რა გვაქვს შენთან საერთო, იესო ნაზარეთელო? ჩვენ მოსასპობად მოხვედი? ..."

გამოცხადების 2:26–27: [ჩემს რჩეულებს] ჩემი საქმეების ბოლომდე დამცველს მივცემ [ანუ იესო] ძალაუფლებას ხალხებზე, როგორიც მე მივიღე მამაჩემისგან; — დამწყემსავს ის ხალხს რკინის კვერთხით და თიხის ჭურჭელივით
დაიმსხვრევიან...

გამოცხადების 19:14–15: მას [იესოს] მიჰყვებოდა თეთრ ცხენებზე ამხედრებული თეთრი, სუფთა, ძვირფასი სელის სამოსლით შემოსილი ზეციერი ლაშქარი... მისი პირიდან დიდი ბასრი მახვილია გამოშვერილი, რათა დასცეს ის ხალხებს, და რკინის კვერთხით დამწყემსავს მათ. ის წნეხს ყოვლისშემძლე ღვთის რისხვის მძვინვარების საწნახელსაც...

იესოს მოქმედებების შემდეგ ცის ყველა ფრინველს ებრძანა:

«„მოდით, მოგროვდით ღვთის დიდ ვახშამზე, რათა ჭამოთ მეფეთა ხორცი, ათასისთავთა ხორცი, ძლიერთა ხორცი, ცხენთა და მათზე ამხედრებულთა ხორცი, ყველას ხორცი: თავისუფლისა და მონისა, დიდისა და პატარისა“.»... დანარჩენები ცხენზე ამხედრებულის პირიდან გამომავალი დიდი მახვილით დაიხოცნენ. ყველა ფრინველი გაძღა მათი ხორცით.(გამოცხადება 19:17–21).

მაშ ასე, კიდევ ერთი კანონზომიერი შეკითხვა დავსვათ: იესო აქ გამოდის როგორც "სიყვარული და სიცოცხლე, რომლის მიზანსაც ადამიანთა ხსნა წარმოადგენს და არა დაღუპვა", თუ ის გამანადგურებლის როლში გამოდის? ეჭვგარეშეა, მოუნანიებელ ცოდვილებთან მიმართებით პატიებისა და მოთმინების დრო დასრულდება. იესო დიდი მახვილით იმისთვის არ გამოვა, რომ ძეხვი და ყველი დაჭრას და მშიერ ცოდვილებს ბუტერბროდები მოუმზადოს. ამჯერად მისი დავალება განადგურება იქნება.
ასევე იხილეთ: ფსალმუნები 2:9, 12; მათე 8:12; 24:30, 51; 2თესალონიკელები 2:8; გამოცხადება 12:5.


3) კალიების გუნდი - სატანის მსახურები არიან, იმიტომ რომ კალიების გუნდი კი არ ეხმარება ადამიანებს, არამედ ღუპავს მათ.

- ჯერ, პირველ რიგში, კალიების გუნდს კონკრეტული მითითება მიეცა: დაღუპვა, ანუ დახოცვა, არ შეიძლება (მე-5 მუხლი). მათ მხოლოდ "წამების" უფლება ეძლევათ. მეორე კი, მოდით ვნახოთ ვის წინააღმდეგ გამოდის კალიების გუნდი:

გამოცხადების 9:4: ...[კალიებს] მითითება მიეცათ… ევნოთ… მხოლოდ იმ ადამიანებისთვის, რომელთაც ღვთის ბეჭედი არ ექნებოდათ შუბლზე. 

ასე რომ, კალიების გუნდი მხოლოდ მათ წინააღმდეგ გამოდის, ვისაც იეჰოვა ღმერთი არ იწონებს, და შესაბამისად ამ ადამიანებს არც იესო ქრისტე იწონებს. ჰმ... მაშინვე კიდევ ერთი შეკითხვა ჩნდება: თუ კალიების გუნდი, როგორც ეკლესიები ამტკიცებენ, "სატანის მსახურებს" წარმოადგენენ, მაშინ ღვთის მხარეზე რატომ მოქმედებენ ისინი? მაშინ რატომ "აწამებს" კალიების გუნდი მხოლოდ ღვთის მოწინააღმდეგეებს? ჩვენი კრიტიკოსების ვერსიაში აშკარად რაღაც ვერ არის კარგად.

აი ამგვარად განიმართება ეს ყველაფერი წიგნში "გამოცხადება - მისი დიდებული აპოგეა ახლოსაა" (გვერდი 144): "კალიები ვნებენ მათ, ვისაც შუბლზე ღვთის ბეჭედი არა აქვთ. ესენი ქრისტიანული სამყაროს წარმომადგენლები არიან, რომლებსაც თავი ბეჭედდასმულებად მოაქვთ, მაგრამ საქმეებით საპირისპიროს ამტკიცებენ (ეფესოელები 1:13, 14). როგორც ვხედავთ, კალიების გაცხადებული განაჩენი, პირველ რიგში, ქრისტიანული სამყაროს წინამძღოლებს ტანჯავდა.".


შემდეგი შეკითხვა წინა შეკითხვას ჰგავს:

4) კალიების გუნდს ადამიანების წამება დაევალა, მათი მორიელების მსგავსად დაკბენით. განა ეს ქრისტიანული საქციელია?

- ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა იმავე გამოცხადების წიგნიდან შეგვიძლია. აი რა არის ნათქვამი ღვთის "ორი წინასწარმეტყველის" შესახებ:

გამოცხადების 11:10: ...დედამიწის მკვიდრნი ხარობენ მათი სიკვდილის გამო და მხიარულობენ, ერთმანეთს ძღვენს გაუგზავნიან, რადგან ეს ორი წინასწარმეტყველი ტანჯავდა დედამიწის მკვიდრთ.

მაშ ასე, ღვთის მოწმეები "ტანჯავენ" ზოგიერთ ადამიანებს. რას ნიშნავს ეს? მათი ქადაგება და მათი სიტყვები არ სიამოვნებთ ღვთის მოწინააღმდეგეებს. მათ არ სურთ მათი სიტყვების მოსმენა, რომლებიც მათ საქმეებს აშიშვლებენ, და არ სურთ შეიცვალონ. ერთადერთი რაც მათ უნდათ ისაა, რომ მოწმეები გაჩუმდნენ (შეადარეთ ქადაგებაზე ორი რეაქცია აქ: 2 კორინთელები 2:15,16).


5) სატანა წარმოადგენს "უფსკრულის ანგელოზს" იმიტომ, რომ ის უფსკრულში ზის!

- არა, არ ზის. სატანა ჯერ კიდევ არ გაუგზავნიათ უფსკრულში. მას იქ  "უფსკრულის გასაღების მქონე ანგელოზი" მომავალში ჩააგდებს - ქრისტეს 1000 წლიანი მმართველობის წინ (გამოცხადებს 20:3).

ასე რომ, მაშინ რა ლოგიკა დევს იმაში, რომ სატანას "უფსკრულის ანგელოზი" ეწოდოს?

იესოს კი, პირიქით, უფსკრულის გახსნისა და დაკეტვის ძალაუფლება გააჩნია. გავიხსენოთ "საკვლევ ცნობაში" მოცემული აზრი, სტატიაში "აბადონი": "როგორც უკვე ახსნილი იყო, ებრაულ წერილებში ʼავადდონ სამარესთან და სიკვდილთან ერთად გამოიყენებაგამოცხადების 1:18-ში ქრისტე იესო ამბობს: „აი, ცოცხალი ვარ სამარადისოდ და მაქვს სიკვდილისა და სამარის გასაღებები“. ლუკას 8:31-დან ვიგებთ უფსკრულზე მისი ძალაუფლების შესახებ.". 
მოგვიანებით გამოცხადების 20:1-ში კვლავ ნათქვამია, რომ უშუალოდ ღვთის წარმომადგენელს აქვს უფსკრულის გასაღები. სატანა კი არ აკონტროლებს უფსკრულს, არამედ ღმერთი და მისი "ანგელოზი" - რომელსაც გასაღები აქვს ჩაბარებული. მაშ ვინ ყოფილა "უფსკრულის ანგელოზი"?



6) იობის 28:20-22-ში ნათქვამია, რომ აბადონს სიბრძნე არ აქვს, მხოლოდ ყური მოუკრავს მისთვის. განა ქრისტეს სიბრძნე არ აქვს?

- მე გულწრფელად არ მესმის, როგორ შეიძლება საერთოდ ასე აზროვნება? განა აქ ერთგვარ პიროვნებაზეა საუბარი, რომელსაც აბადონი ჰქვია? მოდით ვნახოთ:

იობის 28:22: განადგურება [ებრ. აბადონ] და სიკვდილი ამბობენ: „ჩვენი ყურით მოვისმინეთ მისი [სიბრძნის] ამბავი“.

დიახ, იობის 28:22-ში საუბარია არა "ვიღაცაზე", არამედ "რაღაცაზე"; არა პიროვნებაზე, არამედ აბსტრაქტულ გაგებაზე. გავიხსენოთ: ებრაული სიტყვა აბადონი "განადგურებას" ნიშნავს, და ზუსტად ასე უნდა იყოს ის ნათარგმნი ამ ადგილას. აქ უბრალოდ საუბარია განადგურებაზე, რომელიც ერთ კონტექსტში დგას მის მსგავს გაგება "სიკვდილთან". არავინ დაიწყებს სერიოზულად იმაზე საუბარს, რომ "სიკვდილი" - ესეც ერთგვარი პიროვნებაა. განა შეიძლება ვინმემ სერიოზულად ისაუბროს ასე "განადგურების" შესახებ? ებრაულ წერილებში არსადაა სწავლება იმის შესახებ, რომ არსებობს ერთგავი პიროვნება სახელად "აბადონი", და არ არსებობს იმის არანაირი საფუძველი მიგვაჩნდეს, რომ აქ საუბარია არა განადგურებაზე, არამედ ამ სახელის მატარებელ რომელიღაც პიროვნებაზე. გარდა ამისა, იობის წიგნის იმავე თავში მარტო განადგურება და სიკვდილი როდი "ლაპარაკობენ". იქ ლაპარაკი დაიწყეს ასევე "ღრმა წყალმა" და "ზღვამ" (მე-14 მუხლი). ნათელია, რომ ესაა პოეტური ენა, რომელსაც იობი იყენებს საკუთარი აზრის გადმოსაცემად.

ამ ყველაფერში დამნაშავე კი შეგახსენებთ, რომ ბიბლიის ზოგიერთი თარგმანებია, რომლებიც ზოგიერთ მუხლებში სიტყვა აბადონს კი არ თარგმნიან, არამედ ისევე ტოვებენ: "აბადონი" (ისეთ ენებში, რომლებშიც მთავრული ასოები გამოიყენება, მას მთავრული ასოთი წერენ, მაგალითად როგორც რუსულში: "Аваддон"). ბიბლიის ქართული თარგმანების შემქმნელებს, ასეთი სახით, დაბნეულობა შეაქვთ მკითხველთა გონებაში, რომლებიც შედეგად ფიქრობენ, რომ საუბარი ასეთი სახელის მქონე რომელიმე პიროვნებაზეა. თუმცა, ამის მცირედი საფუძველიც კი არ არსებობს. შეგახსენებთ, რომ ებრაულ ენაში (ისევე როგორც ქართულში) არ არსებობდა მთავრული (ანუ დიდი) ასოები, და ეს სიტყვა ძველ ტექსტში არანაირად არ არის გამორჩეული. გარდა ამისა, ამ თარგმანის ავტორები არათანმიმდევრულები არიან, იმიტომ რომ ასე "ძველი აღთქმის" ყველა მუხლში როდი იქცევიან. ისინი ასე არ მოქცეულან არც იობის 31:12-ში და არც ფსალმუნების 87:12-ში - რატომ?


7) 1986 წელს იეჰოვას მოწმეებმა შეცვალეს თავისი სწავლება "აბადონის" შესახებ და იმის სწავლება დაიწყეს, რომ ეს უარყოფითი პერსონაჟი იყო, როგორც ეს 1986 წლის საგუშაგო კოშკის მე-13 გვერდზე წერია. თუმცა მოგვიანებით კვლავ დაუბრუნდნენ სწავლებას იმის შესახებ, რომ ეს იესო ქრისტეა. ასე ხშირად რატომ ცვლით საკუთარ სწავლებებს?

- 1986 წელს არაფერი ამის მსგავსი არ მომხდარა. იმ სტატიაში ციტირებული იყო იგავების 27:20, რომელშიც საუბარია "განადგურების ადგილზე". იქ არ განიხილებოდა არავითარი "პერსონაჟი" სახელად "აბადონი". აქ არსის ისეთივე შეხსენებასთან გვაქვს საქმე, როგორც მე-6 პუნქტში (იხილეთ ზემოთ). აი ეს ტექსტი:

*** w86 1.10. გვ. 13 აბზ. 16 [რუს.] «სუფთაა» თუ არა შენი თვალი? *** კარგი იქნება ვახსენოთ ასევე საკვებზე, სასმელზე და ტანსაცმელზე ზრუნვა, რაზეც იესო საუბრობდა (მათე 6:25—32). თუმცა ეს ყველაფერი კი აუცილებელია, მაგრამ იმის გამუდმებულ უადგილო სურვილს, რომ გვქონდეს ყველაზე ახალი, ყველაზე ძვირფასი და ყველაზე პოპულარული, ჩვენი გონებისა და გულის დამონება შეუძლია (რომაელები 16:18; ფილიპელები 3:19). გართობის, ჰობისა და სპორტის შემთხვევაშიც კი სათანადო წონასწორობის დაცვა გვჭირდება და თავი უნდა ავარიდოთ ამ ქვეყნიერების  ახირებებსა და სურვილებს. ყველა ამ სფეროში კარგი იქნებოდა გვხსომებოდა იგავების 27:20-ში ჩაწერილი ბრძნული სიტყვები: «როგორც შავეთი [შეოლი, აქ] და აბადონია [ხრწნის ადგილი, აქ] გაუძღომელი, ასე ადამიანის თვალიც გაუძღომელია». ჩვენ მართლა გვჭირდება თავდაჭერილობის გამოვლენა, რათა საკუთარი თვალის დაკმაყოფილების მცდელობისას, სულიერი საფრთხე არ შევუქმნათ საკუთარ თავს.

- სულ ეს არის მთელი "სწავლებების ცვლილება". თქვენ თუ იპოვეთ ცვლილება? ვერც მე ვიპოვე...


* * *


როგორც ეს-ესაა განვიხილეთ, იეჰოვას მოწმეების მისამართით გამოთქმული ბრალდებები ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს. ფაქტიურად, ამ ქრისტიანებს ყველაზე საშინელ რამეში სდებენ ბრალს: ღვთის მოწინააღმდეგესთან - სატანასთან კავშირში. თანაც ეს ყველაზე რჩეული და არასასიამოვნო ფრაზებით კეთდება. თუმცა არსებობს თუ არა საამისო მიზეზი? რა წარმოადგენს ასეთი შეურაცხყოფების წყაროს? აი რა: უმეცრება, საქმის გამორკვევის სურვილის არარსებობა, საზოგადოებრივი აზრის ზეგავლენა, წმინდა წერილის დამახინჯებული თარგმანები, ელემენტარული უყურადღებობა...

მოწმეების პოზიცია ლოგიკური და წმინდა წერილზე დაფუძნებულია. იესო ქრისტე ბიბლიაში მართლაც ხშირად გამოდის როგორც გამანადგურებელი. კალიების გუნდი, როგორც ბიბლია ამბობს, ღვთის მხარეზე მოქმედებს. უფსკრულში კი თავად იესო ქრისტეც იმყოფებოდა. გარდა ამისა, როგორც გამოცხადებაშია ნათქვამი, ღვთის ერთგული მოწმეებიც "ტანჯავდნენ" მოუნანიებელ ადამიანებს. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, მაშ როგორღა შეიძლება იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ ასეთი დაუფიქრებელი ბრალდებების წაყენება?

გამოცხადების წიგნში ჩაწერილი სიტყვები გამანადგურებლის შესახებ, ჩვენი გაფრთხილების მიზნითაა ჩაწერილი. ღმერთი წარმოადგენს იმას, ვისაც"ხსნაც შეუძლია და მოსპობაც" (იაკობი 4:12). როგორც წარსულში გზავნიდა ის გამანადგურებლებს, ასევე იზავს ეხლაც (გამოსვლა 12:23; ეზეკიელი 9:5). მას არ სურს ჩვენი სიკვდილი, და ზუსტად ამიტომაც გვაფრთხილებს, რათა იესომ, ცხენზე მჯდომმა მეფემ, საკუთარი ძალა გამოიყენოს არა ჩვენს გასანადგურებლად, არამედ ჩვენს დასაცავად (მათე 24:44; გამოცხადებს 19:11).

------------------------------------------------------------

ნათარგმნია: jwapologetica.blogspot.com

Комментариев нет:

Отправить комментарий