вторник, 21 апреля 2020 г.

გამოთქმა EGO EIMI «მე ვარ»-ის მნიშვნელობა იოანეს 8:58-ში



«ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: პირველ აბრაჰამის ყოფადმდე მე ვარ.». (იოანე 8:58, მცხეთური ხელნაწერი)



  წმინდა წერილის ეს ადგილი სამების სწავლების მნიშვნელოვან მტკიცებულებას წარმოადგენს ტრინიტარებისთვის. უშუალოდ ეს მონაკვეთი მოჰყავთ ხშირად ორთოდოქსალურ ღვთისმეტყველებსა და ეკზეგეტებს იესო ქრისტეს ღვთაებრიობის მტკიცებულების სახით. 


  აი, რამოდენიმე კომენტარი მოცემული მუხლის განმარტებასთან დაკავშირებით. მაგალითად, «ლოპუხინის განმარტებით ბიბლიაში» [რუს.] ნათქვამია: «ის [იესო] საკუთარ თავზე აქ ამბობს: «მე ვარ» ანუ მარადიული არსი გამაჩნია, ცვალებადი ადამიანური თაობების საპირისპიროდ. ისეთივე ფრაზას, როგორსაც ძველ აღთქმაში საკუთარი თავის მიმართ იყენებს იეჰოვა».

  «ახალ ჟენევურ სასწავლო ბიბლიაში» მოცემულია შემდეგი კომენტარი: «სიტყვები "მე ვარ" - ესაა ღვთის სახელი, რომლითაც ის მოსეს გაეცნო ცეცხლმოკიდებულ მაყვლის ბუჩქთან და რომელიც პირველად დაბადების 2,4-ში გვხვდება. ეს სახელი ითარგმნება როგორც არსებული, ანუ ის, ვისაც სიცოცხლე (არსებობა) გააჩნია საკუთარ თავში. იუდეველები ღვთის ამ სახელს წმინდად თვლიდნენ და თვლიან და არ წარმოთვამენ მას, არამედ სიტყვა ადონაით (უფალი) ანაცვლებენ». 


  თავის წიგნში «იაჰვეს წმინდა ტეტრაგრამა» ვ.კ. საველიევი წერს: «ახალი აღთქმის ტექსტში ჩვენ ხშირად ვაწყდებით იაჰვეს სახელის ალუზიურ გამოყენებას – უპირველესად ფორმით ego eimi (მე ვარ)»


  ამგვარად, შეიძლება ითქვას, რომ მრავალი ტრინიტარი მიიჩნევს, რომ იოანეს სახარების ორიგინალში (ძირითადად იოანეს 8:58-ში), ფრაზა "ego eimi" ღვთის საკრალურ სახელს წარმოადგენს, და რომ მას თეოლოგიური მნიშვნელობა გააჩნია. და რომ იოანეს 8:58-ში, არსებითად, იესო ამბობს: «მე ვარ YHWH (იაჰვე)». მართლა ასეა თუ არა ეს? და წარმოადგენს თუ არა იოანეს 8:58 სამების შესახებ სწავლების უდავო მტკიცებულებას?


  ამ სტატიაში ჩვენ რამოდენიმე საკითხს განვიხილავთ:

  1) როგორია ბერძნული ფრაზა "ego eimi"-ს მნიშვნელობა იოანეს სახარებაში?

  2) მართლა დაკავშირებულია თუ არა იოანეს 8:58-ში მოცემული იესოს სიტყვები - გამოსვლის 3:14-ში მოცემულ იეჰოვას სიტყვებთან «მე ვარ... მყოფი [არსებული]» (მხც. ხელ.)?

  3) გააჩნია თუ არა ებრაულ ფრაზას "ani hu", – შესაძლოა რომელიც იესომ გამოიყენა იოანეს 8:58-ში – თეოლოგიური და საკრალური მნიშვნელობა?

  4) რისი თქმა სურდა იესოს ებრაელებისთვის იოანეს 8:58-ში?

  5) რატომაა ახალი ქვეყნიერების თარგმანში იოანეს 8:58 ნათარგმნი როგორც: «სანამ აბრაამი გაჩნდებოდა, მე უკვე ვიყავი»?

  6) საუბრობს თუ არა იესო მოცემულ ტექსტში თავისი უწინარესი არსებობის შესახებ?



ფრაზა "ego eimi" იოანეს სახარებაში



  იოანეს სახარებაში ფრაზა "ego eimi" 24-ჯერ გამოიყენება, აქედან 14-ჯერ  (იოანეს 6:35,41,48,51; 8:12,18; 10:7,9,11,14; 11:25; 14:6; 15:1,5) ზმნა "eimi" გამოიყენება როგორც ზმნა კავშირი ქვემდებარესა და პრედიკატს (შემასმენელი) შორის. მაგალითად: «მე ["ego"] ვარ ["eimi"] პური სიცოცხლისა», «მე ვარ კარი», «მე ვარ აღდგომა» (სგ. [საპატრიარქოს გამოცემა]). და ამიტომ "ego eimi"-ს ასეთ გამოყენებას ნამდვილად არ გააჩნია თეოლოგიური მნიშვნელობა. 

  სხვა შემთხვევებში "ego eimi" წარმოადგენს ძველბერძნულ იდიომატიკურ გამოთქმას და მოსაუბრის მიერ თვითიდენტიფიკაციისათვის გამოიყენება (იოანე 6:20; 9:9; 18:5,8), ან თვითიდენტიფიკაციისათვის, სადაც პრედიკატი უშუალოდ კონტექსტშია გაცხადებული ან მოსაუბრის მიერაა ნაგულისხმევი (იოანე 4:26; 8:24, 28, და 13:19).

 ამგვარი გამოყენების რამოდენიმე მაგალითი განვიხილოთ. თავდაპირველად განვიხილოთ იოანეს 6:20. ამ მუხლის კონტექსტიდან ჩანს, რომ როდესაც ძლიერი შტორმისას იესოს მოწაფეები ნავში იყვნენ, მათ წყალზე მომავალი იესო დაინახეს და შეშინდნენ, რადგან იფიქრეს, რომ ეს მოჩვენება იყო (იხ. მათე 14:26): «ხოლო იესომ უთხრა მათ: “მე ვარ ["ego eimi"], ნუ გეშინიათ!”». აქ, იესო, "ego eimi"-ს გამოყენებით, საკუთარი თავის იდენტიფიცირებას ახდენს, და, არსებითად, ამბობს: «ეს მე ვარ – იესო, და არა მოჩვენება!».

  ასევე იოანეს 13:19-ში, ნათქვამია: «ახლა გეუბნებით, ვიდრე ეს ახდებოდეს, რათა, როცა ახდება, ირწმუნოთ, რომ მე ვარ ["ego eimi"]». კონტექსტიდან ჩანს, რომ სიტყვები «მე ვარ» პრედიკატს მოითხოვს. მე-18 მუხლში ფსალმუნების 41:9-ის (40:10, სგ) ციტირებისას იესო ამბობს: «მაგრამ უნდა აღსრულდეს წერილი: ჩემთან პურის მჭამელმა ჩემზე აღმართა თავისი ქუსლი». და გასაგები ხდება რომ, როდესაც იოანეს 13:19-ში ამბობს სიტყვებს «მე ვარ» ("ego eimi"), იესო თავს ცნობს იმად, ვისზეც შესრულდება ფსალმუნების 41:9 (ანუ მესიად). და ამიტომ ახალი ქვეყნიერების (რუსული) თარგმანი პრედიკატს ამატებს «я и есть тот, кто должен был прийти [ზუსტად მე ვარ ის, ვინც უნდა მოსულიყო]». 

  ასევე იოანეს 8:24-ში, როდესაც ფარისეველებს პასუხობს, იესო ამბობს: «ამიტომაც გითხარით, თქვენს ცოდვებში მოკვდებით-მეთქი; რადგანაც თუ არ იწამებთ, რომ მე ვარ ["ego eimi"], თქვენსავე ცოდვებში მოკვდებით». რადგან ვერ მიხვდნენ, თუ ვისთან ახდენდა იესო საკუთარი თავის იდენტიფიცირებას, ფარისევლები მას ეკითხებიან: «მაინც ვინა ხარ?». ცოტა მოგვიანებით იესო პასუხობს მათ შეკითხვას, და 28-ე მუხლში ამბობს: «როცა კაცის ძეს აამაღლებთ, მაშინ გაიგებთ, რომ მე ვარ ["ego eimi"]». სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ იესო ამბობს, რომ როდესაც გააკრავენ, ისინი მიხვდებიან რომ ის – კაცის ძეა (ვის შესახებაც დანიელის 7:13-ში იყო ნაწინასწარმეტყველები). მაგალითად, ასევე მსგავსი სახით მარკოზის 14:62-ში იესო ამბობს: «მე ვარ ["ego eimi"]. იხილავთ ძეს კაცისას».   რაც იმას ნიშნავს, რომ 24-ე მუხლში იესო საკუთარ თავს კაცის ძედ ცნობს, და ამიტომ ახალი ქვეყნიერების (რუსული) თარგმანი ისევ პრედიკატს ამატებს «я и есть тот, кто должен был прийти [რომ ზუსტად მე ვარ ის, ვინც უნდა მოსულიყო]». (იმ დროს მცხოვრები ებრაელები აღიარებდნენ, რომ დანიელის 7:13, მომავალ მესიაზე უნდა შესრულებულიყო.) (იხ. Greg Stafford Jehovah's Witnesses Defended, გვ. 257, 405-406).

  და იმასაც, რომ "ego eimi"-ს ასეთი გამოყენება იხმარება არა როგორც ღვთის სახელი, არამედ როგორც ჩვეულებრივი იდიომა, გვიჩვენებს იოანეს 9:9, სადაც ნათქვამია: «ერთნი ამბობდნენ: ეს არის; მეორენი: მას ჰგავსო; თვითონ კი (ადამიანი, რომელიც უსინათლო იყო) ამბობდა: მე ვარ ["ego eimi"]».  არავინ დაიწყებს იმაზე დავას, რომ ეს ადამიანი იმას კი არ ამბობს საკუთარ თავზე «მე ვარ YHWH», არამედ უბრალოდ საკუთარ თავს აცხადებს იმ ადამიანად, რომელიც უსინათლო იყო. ასეთივე სახით საქმეების 10:21-ში პეტრე ამბობს: «მე ვარ ["ego eimi"], ვისაც დაეძებთ» (იხ. მათე 24:5; მარკოზი 13:6; ლუკა 21:8).  ზუსტად ამიტომ არ გააჩნია თეოლოგიური მნიშვნელობა ყველა ზემოთ მოყვანილ იესოს სიტყვებს.

  (დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ჯეიმს ბედუნის წიგნში «Truth In Translation: Accuracy and Bias in English Translations of the New Testament» გვ. 108 – 110). 

  თუმცა, "ego eimi" იოანეს 8:58-ში – კონტექსტიდან გამომდინარე – არ მოითხოვს დამატებით პრედიკატს, და "eimi" არ გამოიყენება იესოს მიერ როგორც ზმნა კავშირი. იოანეს 8:58-ში მოცემული ფრაზა "ego eimi"-ს მნიშვნელობას შემდგომ განვიხილავთ. 




მართლა აქვს თუ არა კავშირი გამოსვლის 3:14-ს - იოანეს 8:58-თან?



  ამჯერად კი ჩვენ სხვა მნიშვნელოვან მომენტს განვიხილავთ.  მართლა დაკავშირებულია თუ არა იოანეს 8:58-ში მოცემული იესოს სიტყვები იეჰოვას სიტყვებთან გამოსვლის 3:14-დან «მე ვარ» (სგ)?

  სეპტუაგინტაში გამოსვლის 3:14ა ჟღერს როგორც "ego eimi ho on" [εγω ειμι ό ων], და საპატრიარქოს გამოცემა, ამ მუხლის თარგმნისას, სეპტუაგინტის ტრადიციას მიჰყვება. და აქ უნდა აღინიშნოს, რომ სეპტუაგინტა ამატებს მიმღეობას ზმნიდან "eimi" – "on" (არსებული, მყოფი), რომელსაც წინ არტიკლი "ho" უდგას. ასევე ყურადღებას იქცევს ის ფაქტიც, რომ ზმნა "eimi" გამოსვლის 3:14-ში გამოიყენება როგორც ზმნა კავშირი ქვემდებარეს ["ego"] და პრედიკატს ["ho on"] შორის. იესოს რომ იოანეს 8:58-ში წარმოთქმული ფრაზით "ego eimi", გამოსვლის 3:14-ში მოცემული სიტყვებისათვის მიემართა, მაშინ ის პრედიკატ "ho on"-ს დაამატებდა, თუმცა იოანეს 8:58-ში ამას ვერ ვპოულობთ.  

  ასევე ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, რომ გამოსვლის 3:14 ებრაულ ტექსტში ჟღერს როგორც: "ehye asher ehye" [היהא אשר היהא]. ზმნა "haya", – რომლის ფორმასაც წარმოადგენს "ehye" – პირდაპირი მნიშვნელობით ნიშნავს «ყოფნას». მაგალითად, სტრონგის ებრაულ-რუსული ლექსიკონი ზმნა "haya"-ს შემდეგ მნიშვნელობას აძლევს «ყოფნა, არსებობა, გახდომა, გადაქცევა». თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მხოლობით რიცხვში მდგომი ზმნა "ehye"  ბიბლიაში 50-ჯერ ჩნდება და 5 შემთხვევის გარდა (იობი 3:16; 10:19; 12:4; 17:6 და რუთი 2:13) მომავალი მნიშვნელობა გააჩნია (გამოსვლა 4:12,15; კანონი [მეორე რჯული] 31:23б; იესო ნავეს ძე 1:5; 3:7; მსაჯულები 6:16; 11:9; 1სამუელი 23:17; 2სამუელი 7:14 და ა.შ.). ამიტომ რაში [ბიბლიისა და თალმუდის XI საუკუნის ფრანგი კომენტატორი] გამოსვლის 3:14-ს თარგმნის ფრაზით «მე ის ვიქნები, ვინც ვიქნები». ასევე აკვილასა და თეოდოტიონეს ებრაული წერილების ძველ ბერძნულ თარგმანებში, «ehye asher ehye» ნათარგმნია როგორც «esomai os esomai», რაც პირდაპირი მნიშვნელობით ნიშნავს «მე ვიქნები ის, რომელიც ვიქნები», ამგვარადვე თარგმნის ამ სიტყვებს მ. ლუთერი. დაახლოებით ასეთივე სახით გადმოსცემს ამ სიტყვებს მრავალი თანამედროვე თარგმანი.

  თუმცა მაშინ სეპტუაგინტა რატომ თარგმნის ფრაზას "ehye asher ehye" როგორც "ego eimi ho on"? ეს საინტერესო სახითაა ახსნილი ბიბლიის ერთერთი რუსული თარგმანის (РБО) კომენტარებში: «სეპტუაგინტაში სიტყვები “მე ვარ ის, ვინც ვარ” ნათარგმნია როგორც საღვთისმეტყველო განსაზღვრება: “მე ვარ – არსებული [მყოფი]” (ეგო ეიმი ხო ონ). აქ ეჭვს არ იწვევს ბერძნული პლატონური ფილოსოფიის გავლენა, რომელშიც უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია ისეთ კატეგორიას, როგორიცაა “არსებული [მყოფი]” (ტო ონ) – უზენაესი სიკეთე, ყოველგვარი ყოფის წყარო» (ძველი აღთქმა. ძველებრაულიდან თარგმნილი РБО. გამოსვლის წიგნი გვ. 20 [რუს.]).

  ასევე რამდენადაც იესო, დიდი ალბათობით, ებრაულ ენაზე საუბრობდა (ზოგიერთი მეცნიერი ვარაუდობს, რომ იესო არამეულ ენაზე საუბრობდა), იბადება კითხვა, შეეძლო თუ არა იესოს თავდაპირველად იოანეს 8:58-ში ზმნა "ehye"-ს გამოყენება? როგორც უკვე ნათქვამი იყო, ზმნა "ehye" ძირითადად მომავალ დროში გამოიყენებოდა (მე ვიქნები, გავხდები), ხოლო როგორც 58-ე მუხლის კონტექსტი გვიჩვენებს, იესოს შეუძლებელია თავისი მომავალი არსებობის შესახებ ესაუბრა.  თუმცა, მაგალითად, ფრანც დელიჩისა და სალკინსონი - გინსბურგის ახალი აღთქმის ებრაულ თარგმანებში სიტყვები "ego eimi" იოანეს 8:58-ში გადმოცემულია ფრაზით "ani haiithi" (მე ვიყავი), ამიტომ იესოს შეიძლება ეს ებრაული ფრაზა გამოეყენებინა. ან იესოს შეიძლება სხვა ფრაზა გამოეყენებინა "ani hu" (მე ვარ – ის), რომელიც სეპტუაგინტაში ყველა, რვავე ადგილას ნათარგმნია როგორც "ego eimi" (ნაცვალსახელი "hu" შეიძლება გამოყენებული იქნას ზმნა «ყოფნა»-ს სახით, ხშირად წარსულ დროში (Hebrew and Chaldee Lexicon to the Old Testament by W. Gesenius გვ. 159)). ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ვერ ვხედავთ ვერავითარ პარალელებს იოანეს 8:58-ში მოცემულ იესოს სიტყვებსა და იეჰოვას სიტყვებს შორის გამოსვლის 3:14-დან. 


  თუმცა ზოგიერთი ქრისტიანი-ტრინიტარები პოულობენ პარალელებს იოანეს 8:58-სა და გამოსვლის 3:14-ს შორის საიდური დიალექტის კოპტურ თარგმანში.  თუმცა სინამდვილეში კოპტურ თარგმანში ამ ორ მუხლს შორის განსხვავებები არსებობს. საიდური დიალექტის კოპტურ თარგმანში სიტყვები "ego eimi" იოანეს 8:58-ში ნათარგმნია როგორც «anok tsoop». სიტყვა "anok" წარმოადგენს პირად ნაცვალსახელს «მე», სიტყვა "soop" ზმნას «ყოფნა, არსებობა», რომელსაც წინ პრეფიქსი "ti" უდგას, რომელიც იმაზე მიუთითებს, რომ ზმნა "soop" აწმყო დროში დგას (A Compendious Grammar of the Egyptian Language By Henry Tattam გვ. 46). გამოსვლის 3:14ა კი ნათარგმნია როგორც «anok pe petsoop». და აქაც ჩანს, რომ ზმნა "soop"-ის წინ დგას სიტყვა "pe" (რომელიც), ასევე პრეფიქსები: "p" (განსაზღვრული არტიკლი) და "et" (კუთვნილებითი ნაცვალსახელი «ვინ»), და იოანეს 8:58-სგან განსხვავებით არ არის პრეფიქსი "ti". ამიტომ კოპტურ თარგმანში ამ ორი მუხლის ლინგვისტური ანალიზი ამ ორ მუხლს შორის არსებულ აშკარა განსხვავებებს ავლენს.




ებრაული ფრაზა "ani hu"



  ასევე ტრინიტართა შორის არსებობს მრავალი მომხრე რომლებიც მიიჩნევენ, რომ ესაიას წიგნში ებრაული ფრაზა "ani hu" [אני הוא] გამოიყენება როგორც ღვთის სახელი, რომელსაც იოანეს 8:58-ში იესოც იყენებს.  როგორც უკვე აღინიშნა "ani hu" ებრაულ წერილებში ყველა რვავე ადგილას (კანონი [მეორე რჯული] 32:39; 1მატიანე 21:17;  ესაია 41:4; 43:10, 13; 46:4; 48:12; 52:6) ნათარგმნია როგორც "ego eimi". თუმცა ყველა ამ 8-ვე მუხლის კვლევა აჩვენებს, რომ "ani hu" მათში გამოიყენება თვითიდენტიფიკაციისათვის, – როგორც იოანეს 9:9-ში. განვიხილოთ ფრაზა "ani hu"-ს გამოყენების ერთი ასეთი მაგალითი.

  ესაიას 43:10-ში (სგ) ნათქვამია: «თქვენა ხართ ჩემი მოწმენი, ამბობს უფალი და ჩემი მორჩილნი, რომელნიც ავირჩიე, რომ გცოდნოდათ და გერწმუნათ ჩემი, მიმხვდარიყავით, რომ მე ვარ ეს ["ani hu"/"ego eimi"]». შემდეგ მე-11 მუხლში განიმარტება: «მე ვარ, მე ვარ უფალი (YHWH)», ამიტომ კონტექსტიდან გამომდინარე, მე-10 მუხლში იეჰოვა, არსებითად, ამბობს: «ეს მე ვარ – იეჰოვა»  ("ani hu YHWH»). აღსანიშნავია იეჰოვას სიტყვები ესაიას 42:8-დან, სადაც ნათქვამია: «მე ვარ იეჰოვა. ეს არის ჩემი სახელი» (ებრაულიდან "ani YHWH hu shemi"). "ani hu" თუ – ღვთის სახელის ჩანაცვლებაა, მაშინ ტეტრაგრამატონი (YHWH) ამ ტექსტში უბრალოდ ზედმეტია.  

  და იმას, რომ ბიბლიაში "ani hu" არათეოლოგიურ ფრაზას წარმოადგენს, გვიჩვენებს 1მატიანეს 21:17 (1ნეშტთა 21:17, სგ). 1მატიანეს 21:17-ში ნათქვამია: «უთხრა დავითმა ჭეშმარიტ ღმერთს: “განა მე არ ვბრძანე ხალხის აღრიცხვა?! განა მე არ ["ani hu"/"ego eimi"] შევცოდე და ბოროტება მე არ ჩავიდინე?”». აქედან ჩვენ ვხედავთ, რომ დავითი საკუთარ თავთან მიმართებით ფრაზა "ani hu"-ს იყენებს, რაც რა თქმა უნდა იმას არ გულისხმობს რომ ის ყოვლისშემძლე ღმერთია. ამიტომ ებრაულ წერილებში (მათ შორის ესაიაშიც) "ani hu" არ გამოიყენება როგორც ღმერთის საკრალური სახელი.

  ყოველივე ზემოთ თქმულიდან კი ის გამომდინარეობს, რომ იოანეს 8:58-ში ფრაზა "ego eimi"-ს გამოყენებისას, იესო არ მიმართავდა ებრაულ წერილებს.




რისი თქმა სურდა იესოს იოანეს 8:58-ში?



  მაშინ კითხვა ჩნდება: რისი თქმა სურდა იესოს იუდეველებისთვის იოანეს 8:58-ში? 56-ე მუხლში იესო ამბობს: «მამათქვენი აბრაამი ხარობდა იმის გამო, რომ იხილავდა ჩემს დღეს. იხილა და გაიხარა». რადგან ის არ ესმოდათ, რომ იესო მანამდე ცხოვრობდა სანამ ადამიანი გახდებოდა, ებრაელებმა იესოს უთხრეს (57-ე მუხლი): «ორმოცდაათი წლისაც არა ხარ და აბრაამი გინახავს?». (58-ე მუხლი) «უთხრა მათ იესომ: ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: აბრაამზე უწინარესი ვარ» («მე ვარ», მცხეთური ხელმაწერი). კონტექსტიდან ჩანს, რომ იუდეველების მიერ იესოსთვის დასმული შეკითხვა (57-ე მუხლი), შეეხებოდა მის ასაკს და არა იმას, თუ ვინ იყო. ამიტომ ლოგიკურია დავასკვნათ, რომ, მათთვის პასუხის გაცემისას (58-ე მუხლი), იესო საუბრობდა თავის ასაკზე, იმაზე, თუ რა დიდი ხანი იყო რაც ის უკვე არსებობდა. 

  დროის ელემენტი უშუალოდ თავად 58-ე მუხლშიც ჩანს. ამ მუხლის მეორე ნაწილი განვიხილოთ:

  πριν (prin – მდე) Αβρααμ (Abraam – აბრაამი) γενεσθαι (genesthai – გახდომა) εγω (ego – მე) ειμι (eimi – ვარ)

  ზმნა "genesthai" – ესაა ზმნა "ginomai"-ს აორისტის ინფინიტივი (სრულყოფილი სახის წარსული დრო). რობინსონის ლექსიკონი ამ სიტყვას ასეთ მნიშვნელობას აძლევს: «1. ყოფნა, გაჩენა, […] ა) როგორც შესაძლებლობა, წარმოშობა ჩვეულებრივი ბუნებრივი მნიშვნელობით, და ა.შ. (ა) ადამიანებზე საუბრისას, –  დაბადებულად ყოფნა, იოანე 8:58 …» (A Greek and English lexicon of the New Testament, by Edward Robinson გვ. 156).

  ბერძნულ კავშირზე "prin"  ნიუმანის ლექსიკონში ნათქვამია, რომ ის ნიშნავს «მანამ, მანამ სანამ» (ბარკლი მ. ნიუმანის ახალი აღთქმის მოკლე ლექსიკონი РБО-ს თარგ. გვ. 175).

  ზმნა "genesthai" აორისტში მიუთითებს აბრაამის დაბადებაზე წარსულში, ხოლო კავშირი "prin" გვგზავნის დროში, მანამ სანამ აბრაამი ჯერ კიდევ არ იყო დაბადებული. ამ ტექსტში წინდებული "prin" დაკავშირებულია ორ ზმნასთან ("genesthai" და "eimi"), და იმაზე მიუთითებს, რომ აწმყო დროში მდგომმა ზმნამ "eimi" (არის) მოქმედება დაიწყო აორისტში მდგომი ზმნა "genesthai"-ს მოქმედებამდე. საიდანაც გამომდინარეობს, რომ იესო იმის შესახებ საუბრობდა, რომ ის მანამდე არსებობდა სანამ აბრაამი დაიბადებოდა.


  განვიხილოთ ერთი მუხლი, რომელიც ძალიან წააგავს იოანეს 8:58-ს:
 იერემიას 1:5 (LXX) «სანამ ["pro"]  გამოგსახავდი ["plasai"] მუცელში, მე გიცნობდი შენ ["epistamai"], და სანამ ["pro"] გამოხვიდოდი ["ekselthein"] საშოდან, მე განგწმინდე ["hegiaka"] შენ».

  იერემიას 1:5-ში ჩვენ პრაქტიკულად იგივე გრამატიკულ კონსტრუქციას ვხედავთ, როგორსაც იოანეს 8:58-ში. მოცემულ ტექსტში წინდებული "pro" (რომელსაც იგივე მნიშვნელობა გააჩნია, რაც "prin"-ს) მიუთითებს დროზე, სანამ გამოსახული და შობილი იქნა ("plasai" და "ekselthein", აორისტის ინფინიტივი ზმნები) იერემია. და მანამ სანამ იერემია გაჩნდებოდა, იეჰოვა იცნობდა და განწმინდა ("epistamai" და "hegiaka", აწმყო დროის ზმნები) იერემია წინასწარმეტყველად მსახურებისათვის. და ამიტომ აწმყო დროის ზმნები წარსულ დროზე მიუთითებენ (გიცნობდი, განგწმინდე, და არა გიცნობ და განგწმენდ). 


  თუმცა ზოგიერთი ტრინიტარი ყურადღებას შემდგომ 59-ე მუხლს აქცევს, სადაც ნათქვამია: «მაშინ იუდეველებმა ქვებს დასტაცეს ხელი მის ჩასაქოლად». მაგალითად, ბრიუსელური ბიბლიის კომენტარებში ამ სიტყვებთან დაკავშირებით ნათქვამია: «ებრაელებმა სწორად გაიგეს ეს სიტყვები [58-ე მუხლიდან], რადგან ქვებით სურთ იესო ქრისტეს მოკვლა ღვთის გმობისათვის». მართლა სურდათ თუ არა ებრაელებს იესოს მოკვლა ღვთის გმობის გამო?

  მაგალითად, ბროკგაუზის ბიბლიურ ენციკლოპედიაში ამასთან დაკავშირებით ჩვენ შემდეგ ინფორმაციას ვპოულობთ: «ბიბლიაში არ განიხილება ადამიანის არსებობის საკითხი მის მიწიერ დაბადებამდე; მიუხედავად ამისა აქ მაინც არის იესოს საუკუნეთა უწინარეს არსებობაზე საუბარი. სრულიად გასაგებია ებრაელების აღშფოთება, რომელიც იესოს სიტყვებმა გამოიწვია: «პირველ აბრაჰამის ყოფადმდე მე ვარ» (იოანე 8:58)» (ბროკგაუზის ბიბლიური ენციკლოპედია ფ. რინეკერი, გ.  მაიერი.  სტატია იესო ქრისტე, განყოფილება II. პიროვნება და მესია). აქ ის არაა ნაგულისხმევი, თითქოს ებრაელები იმის გამო აღშფოთდნენ, რომ იესო საკუთარ თავზე ამბობდა «მე ვარ - იეჰოვა», არამედ იმიტომ რომ იესო თავის საუკუნეთა უწინარეს არსებობაზე საუბრობდა.

  და მართლაც, აბა სხვანაირი როგორი რეაქცია შეიძლება ჰქონოდათ ებრაელებს, თუ მათი აზრით, უბრალო მოკვდავი ადამიანი აცხადებდა, რომ უკვე არა ერთი ათასი წელია რაც არსებობდა? მით უმეტეს ის აცხადებდა, რომ აბრაამამდე ცხოვრობდა, რომელსაც ებრაელები ასეთ პატივს სცემდნენ, და რომელიც უკვე მკვდარი იყო (მაგალითად, თალმუდში (ავოტ 6, 10) საუბარია იმის შესახებ, რომ ზეცასა და დედამიწასთან ერთად, აბრაამი წმინდა შემოქმედის ხუთი ფასეულობიდან ერთერთს წარმოადგენდა). ასეთი განაცხადი ებრაელებისთვის ნამდვილი მკრეხელობა იყო. ამიტომ ებრაელების რეაქცია სრულიად გასაგებია. და რა თქმა უნდა იმ დროს ებრაელებს ქვებით შეიძლება ჩაექოლათ არა მხოლოდ მკრეხელობისათვის, როგორც ეს სტეფანეს შემთხვევიდან ჩანს (საქმეები 7:58; იხ. ასევე ლუკა 20:6).




წესების დარღვევა?



  სხვა მნიშვნელოვანი საკითხი განვიხილოთ. რატომაა ახალი ქვეყნიერების თარგმანში აწმყო დროის ზმნა "eimi" (არის) წარსულ დროში «იყო» ნათარგმნი? ეს ბერძნული კოინეს წესების დარღვევას ხომ არ წარმოადგენს?

  უნდა აღინიშნოს, რომ ისტორიული აწმყო (როდესაც აწმყო დროში მდგომი სიტყვა წარსულს გულისხმობს) მსოფლიოს ბევ ენაში გამოიყენება. ის არც რუსული ენისთვისაა უცხო. მაგალითად, რუსულ ენაში ზმნების შესახებ ერთერთ სტატიაში ნათქვამია: «ზმნების აწმყო დროის არასრულყოფილი სახეობა შეიძლება გამოყენებული იქნას იმ დროის განსასაზღვრად, რომელსაც წარსულში ჰქონდა ადგილი. წარსულთან შესაბამისობა გარემოებითი სიტყვით დგინდება, რომლის სემანტიკაც წარსულთანაა დაკავშირებული» (კ.ა. ტიმოფეევი «ზმნის დროებითი ფორმების ტრანსპოზიციის შესახებ რუსულ ენაში»).

  საკმაოდ ხშირად ისტორიული აწმყო ძველბერძნულ ენაშიც გამოიყენება.  ძველბერძნული ენის რამოდენიმე გრამატიკოსის ციტატა მოვიყვანოთ:

  «ისტორიული აწმყო. ეს აშკარა იდიომა ყველა ენაშია გავრცელებული, განსაკუთრებით სასაუბრო დიალექტში […] გაცილებით ხშირად ვხვდებით ბერძნულში, ვიდრე ინგლისურში და წარმოადგენს (ჩვენი ენების თავდაპირველი ოჯახის) გამოვლინებას (ან გადმონაშთს). ეს ფორმა წინ უსწრებს იმპერფექტში  დიფერენციაციას და აორისტს […] მოცემული იდიომა საკმაოდ გავრცელებულია LXX-ში , […] ხოუკინსი «ისტორიულ აწმყო დროს» LXX-ში 337-ჯერ პოულობს. ის ასევე გვხვდება იოსებ ფლავიუსთან. ისტორიული აწმყო დრო ყოველთვის აორისტიკული არ არის. ის შეიძლება განგრძობითი იყოს როგორც იმპერფექტი. ხოუკინსი «ისტორიული აწმყო დროის» გამოყენების 93 მაგალითს პოულობს მათეს სახარებაში (15 მათგანს იგავებში), 162-ს იოანესთან და 151-ს მარკოზის სახარებაში. იშვიათად ახალი აღთქმის სხვა ნაწილებშიც გვხვდება. ყველაზე ხშირად, თანმიმდევრულად, გვხვდება მარკოზში, იოანესა და მათეში… » (A. T. Robertson’s A Grammar of the Greek New Testament in the Light of Historical Research, გვ. 866, 867).  

  «ხანდახან აწმყო დრო საკუთარ თავში წარსულ დროსაც მოიცავს (Mdv . 108), კერძოდ კი, როდესაც ზმნა იმ მდგომარეობას გამოხატავს, რომელიც ადრე დაიწყო, თუმცა ჯერ კიდევ გრძელდება» (A Grammar of the Idiom of the New Testament, by G. B. Winer, seventh edition, გვ. 267).

  «აწმყო დრო, რომელიც აღნიშნავს ხანგრძლივ მოქმედებას წარსულში და საუბრის მომენტში, ფაქტიურად არის პერფექტი, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ მოქმედება ისე ფასდება, როგორც ჯერ კიდევ მოქმედებაში მყოფი. ასეთი ფორმა ხშირად გვხვდება ახალ აღთქმაში …იოანეს 8:58-ში… » (A Grammar of New Testament Greek, by J. H. Moulton, Vol. III, by Nigel Turner, Edinburgh, 1963, გვ. 62).

  (იხ. ასევე A Manual Grammar of the Greek New Testament, by H. E. Dana, 1957, გვ. 183; Greek Grammar Hadley and Allen’s section 828)

  ამიტომ ზმნა eimi იოანეს 8:58-ში იმაზე მიუთითებს, რომ იესო აბრაამამდე არსებობდა და ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, როდესაც ებრაელებს ამ სიტყვებს ეუბნებოდა.


  იოანეს სხვა ადგილებიც აქვს ასეთი სინტაქსისით: 
  იოანეს 14:9 (სგ) «რა ხანია თქვენთანა ვარ (ზმნა eimi აწმყო დროში) და ვერ მიცნობ, ფილიპე?»

  1იოანეს 3:8 (სგ) «ცოდვის ჩამდენი ეშმაკისაგან არის, რადგანაც დასაბამიდან ეშმაკი სცოდავს (ზმნა amartanei აწმყო დროში)». 

   ახალ აღთქმაში ისტორიული აწმყოს მაგალითებს ჩვენ ასევე ვპოულობთ: მათე 3:1; 4:6, 10; 8:4, 7, 20; 12:13; 16:15; 26:36; მარკოზი 1:12,13,40; 3:20; 5:22; 6:31, 38; 9:5; 10:1; 10:23; 14:17; ლუკა 2:48; 8:49; 11:45; 13:7; 15:29; იოანე 1:21; 2:4, 5, 7, 8, 10; 4:7, 9, 11, 15; 15:27; 18:4, 5, 17; 19:4, 5, 6, 9, 10; საქმეები 15:21; 26:31; 2კორინთელები 12:19, 2ტიმოთე 3:18; 2პეტრე 3:4; 1იოანე 2:9.

  ასევე საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ ახალი ქვეყნიერების თარგმანი არ არის ერთადერთი თარგმანი, რომელიც მიიჩნევს, რომ იოანეს 8:58-ში მოცემული ზმნა "eimi" ისე გამოიყენება, როგორც ისტრიული აწმყო. რამოდენიმე მაგალითი მოვიყვანოთ: 

«წინავე აბრაამისა ყოფამდე ვიყავ მე» (ადიშის ოთხთავი 897 წ.)
«მე ვიყავი მანამდე, ვიდრე აბრაამი იშვა» (перевод Л. Лутковского).
«მანამ სანამ აბრაამი დაიბადა, მე ვიყავი» (Новый Завет в переводе РБО)
«მე ვიყავი მანამდე, ვიდრე აბრაამი იშვა» (перевод В. А. Жуковского)
«მე აბრაამამდე ვიყავი» (The New Testament in the Language of the Day-W.G.Beck)
«აბრაამის დაბადებამდე, მე ვიყავი» (G. M. Lamsa’s The Modern New Testament)
«მე მანამდე ვარსებობდი, სანამ აბრაამი დაიბადა!» (სმიტი და გუდსპიდი, «The Bible—An American Translation»).
«სანამ აბრაამი დაიბადებოდა, მე უკვე ის ვიყავი, ვინც ვარ» (იორგ ცინკი, «Das Neue Testament»).
«მე მანამდე ვცხოვრობდი, სანამ აბრაამი დაიბადა!» («The Simple English Bible»).
«სანამ აბრაამი გაჩნდა, მე ვიყავი» («New World Translation of the Holy Scriptures»).
«მე მანამდე ვცხოვრობდი, ვიდრე აბრაამი იქნა შობილი» (Chas. Williams’ The New Testament)
«მე მანამდე ვარსებობდი, ვიდრე აბრაამი იქნა შობილი» (A Bible, A New Translation – J.Moffatt)
«მე აბრაამამდე ვიყავი» (The New Testament Or Rather The New Covenant-S.Sharpe)


  არც ისაა ნაკლებმნიშვნელოვანი, თუ როგორ ჟღერს იოანეს 8:58 ზოგიერთ ძველ თარგმანებში. 

  მაგალითად, ძველ-სირიულ თარგმანში (სინაური პალიმპსესტი, რომელიც IV საუკუნითაა დათარიღებული) იოანეს 8:58 ნათარგმნია როგორც: «სანამ აბრაამი იყო, მე ვიყავი ["hevit"]», სადაც "hevit", წარსული დროის ფორმას წარმოადგენს  (William Jennings, M.A Lexicon to the Syriac New Testament Peshitta გვ. 20). 

  ეთიოპიურ თარგმანში (რომელიც დაახ. V საუკუნით თარიღდება) იოანეს 8:58 ნათარგმნია როგორც «მანამ, სანამ აბრაამი დაიბადა, მე ვიყავი ["aluku"]», და მოცემულ შემთხვევაშიც სიტყვა "aluku" იმპერფექტის ფორმას წარმოადგენს – დაუსრულებელი წარსული დრო (Augusti Dillmann Lexicon Linguae Aethiopicae გვ. 4). 

  ასევე ძველ-ქართულ თარგმანში (დაახლოებით V საუკუნე) იოანეს 8:58 ნათარგმნია როგორც: «სანამ აბრაამი გაჩნდა, მე ვიყავი» (The Old Georgian Version of the Gospel of John, by Robert P. Blake and Maurice Brière, published in Patrologia Orientalis Vol. XXVI, fascicle 4, Paris, 1950).

  მაშასადამე, ჩვენ ვხედავთ, რომ როგორც ძველად, ისე დღეს ზოგიერთი მთარგმნელი არ მიიჩნევს წესების დარღვევად, აწმყო დროის ზმნა "eimi"-ის ისტორიულ დროში თარგმნას - «ვიყავი». ამგვარად, ისინი, ვინც აცხადებენ, რომ იოანეს 8:58 ახალი ქვეყნიერების თარგმანში გრამატიკულად არასწორადაა გადმოცემული, არსებითად ამბობენ, რომ ცნობილი მეცნიერი ბიბლეისტებიც არაკომპეტენტურები არიან ბერძნული კოინეს გრამატიკის საკითხებში. 




ლაპარაკობდა თუ არა იესო თავისი მარადიული არსებობის შესახებ?



  თუმცა შეიძლება სხვა შეკითხვა წამოიჭრას. თუ იოანეს 8:58-ში «მე ვიყავი» გრამატიკულად სწორი თარგმანია, მაშინ იქნებ იესოს ეს სიტყვები, იმაზე მიუთითებენ, რომ ის მარადიულად არსებობდა? 

  ავღნიშნოთ, რომ არც ბიბლიაში და არც არანაირ ბერძნულ ლიტერატურაში ზმნა "eimi" არ ნიშნავს მარადიულ არსებობას.

  ასევე საინტერესოა იესოს სიტყვები, რომლებიც მოციქულებისკენაა მიმართული იოანეს 15:27-ში (სბს-2013): «და თქვენც ხართ ჩემი მოწმენი, რადგან ["oti"] თავიდანვე ["ap arches"] ჩემთან ["met emou"] ხართ ["este"]».  

  მოცემულ ტექსტში ზმნა "este" ("eimi" მე-3 პირის აწმყო დრო მრავლობით რიცხვში) ისტორიულ აწმყოს წარმოადგენს. თუმცა სიტყვა "arkhe"-ს არსებობის შემთხვევაშიც კი (ტრინიტარები მიიჩნევენ, რომ იოანეს 1:1-ში "arkhe" ლოგოსის მარადიულობაზე მიუთითებს) ზმნა "este"-ს ამ მუხლში ვერავითარ გარემოებაში ვერ ექნება ის მნიშვნელობა, რომ მოციქულები იესოსთან იყვნენ მარადიულად. მოცემულ ტექსტში "este" მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ მოციქულები იესოსთან იყვნენ და რჩებოდნენ რომელიღაც გარკვეული დროის განმავლობაში, კერძოდ კი მისი მსახურების დასაწყისიდან.

  ამიტომ იესოს მიერ იოანეს 8:58-ში "eimi"-ს გამოყენება თავისთავად არ ნიშნავს მის მარადიულ არსებობას. იოანეს 8:58 მხოლოდ იმას გვიჩვენებს, რომ იესო - ჯერ კიდევ აბრაამამდე ცხოვრობდა.  ხოლო ისეთი მუხლები როგორებიცაა კოლოსელების 1:15, გამოცხადების 3:14 და იგავების 8:22 გვიჩვენებენ, რომ იესო ღვთის პირველ ქმნილებას წარმოადგენს, საიდანაც ის გამომდინარეობს, რომ თავის ადამიანურ არსებობამდე იესო ისე არსებობდა როგორც სულიერი პიროვნება, შესაძლოა მილიარდობით წლების განმავლობაში.



ბაგრატ მანუჩაროვი


---------------------------------------------------------

ნათარგმნია: jwapologetica.blogspot.com

2 комментария:

  1. ზიარებასთან დაკავშირებით გაქვთ რაიმე სტატია?

    ОтветитьУдалить
  2. უშუალოდ ზიარებასთან დაკავშირებით არა.

    ОтветитьУдалить