четверг, 19 декабря 2019 г.

ჩამატება 1 იოანეს 5:7-ში და კვიპრიანე




დენიელ ბ. უოლესი, ფილოსოფიის დოქტორი.


ერთმა მეგობარმა წერილი მომწერა ნაწყვეტზე 1 იოანეს 5:7, 8-დან მეფე იაკობის თარგმანში. მან მიმითითა, რომ ამ ნაწყვეტის შესახებ ჩემს სტატიაში მე არ მიხსენებია კვიპრიანე, რომელიც ასევე ციტირებდა მას. მეფე იაკობის თარგმანის ზოგიერთი მომხრე ამტკიცებს, რომ კვიპრიანეს მართლა აქვს მოყვანილი აზრი, რომელიც მეფე იაკობის თარგმანში ჩნდება («ვინაიდან სამნი მოწმობენ ზეცად: მამა, სიტყვა და სული წმინდა, ხოლო ეს სამი ერთია. და სამნი მოწმობენ ქვეყნად: სული, წყალი და სისხლი, ხოლო ეს სამი ერთია»). ჩნდება კითხვა: ციტირებდა თუ არა კვიპრიანე 1 იოანეს იმ სიტყვებს, რომლებიც 1 იოანეს 5:7-ში სამების ფორმულირების საფუძვლად იქცა?



იმის გათვალისწინებით, რომ კვიპრიანე ახ.წ. ІІІ საუკუნეში ცხოვრობდა, ფორმულის ამგვარად გამოყენების მტკიცებულება საკმაოდ მნიშვნელოვანი იქნებოდა. ეს თუ ასეა, მაშინ კვიპრიანე იქნება ფაქტიურად ყველაზე ადრეული ავტორი, რომელმაც იოანეს დანამატი (Comma Johanneum) გამოიყენა. მანამ, სანამ უშუალოდ კვიპრიანეს მივმართავდეთ, მოდით მცირე ექსკურსი ჩავატაროთ დანამატის ისტორიაში. ჩამატება მხოლოდ 8 ხელნაწერში ჩნდება, უმეტეს შემთხვევებში მინდვრებზე, ხოლო თავად ხელნაწერები საკმაოდ გვიანი პერიოდებით თარიღდება.

თავის წიგნში Textual Commentary (2-nd ed.), ბერძნული წერილების ხელნაწერებზე მითითების შემდეგ, მეცგერი შემდეგს ამბობს (р. 648):
«(2) ეკლესიის ბერძენი მამებიდან არავინ ციტირებს ამ მონაკვეთს, ხოლო მათ რომ სცოდნოდათ მის შესახებ, მაშინ აუცილებლად მოახდენდნენ მის ციტირებას სამების შესახებ დავებში (საველიუსი, არიანე). ბერძნულ ენაზე ეს მონაკვეთი პირველად ჩნდება 1215 წლის ლატერანის საეკლესიო კრების (ლათინური) საქმეების ბერძნულ თარგმანში.
(3) ნაწყვეტი არ გვხვდება ყველაზე ადრეული თარგმანების არცერთ ხელნაწერში (სირიული, კოპტური, სომხური, ეთიოპიური, არაბული, სლავური), ლათინურის გამოკლებით; ასევე არსად გვხვდება: (ა) ადრელათინურ ენაზე გაკეთებულ ნაშრომებში ადრეული ფორმულირებით (ტერტულიანე, კვიპრიანე, ავგუსტინე), ან ვულგატაში (ბ) იერონიმეს თარგმანში … ან ალკვინუსის თარგმანში …
ყველაზე ადრეულ მონაკვეთს, რომელშიც ეს მუხლი ისე იყო ციტირებული, როგორც ავთენტური წერილის ნაწილი (კურსივი ავტორისაა), წარმოადგენს ტრაქტატი Liber Apologeticus (თავი 4), რომლის ავტორობასაც ესპანელ ერეტიკოს პრისცილიანეს (გარდაიცვალა დაახ. 385 წ.) ან მის მოწაფეს, ეპისკოპოს ინსტანტუსს მიაწერენ. დიდი ალბათობით, მინდორზე გაკეთებული შენიშვნა მაშინ გაჩნდა, როდესაც ორიგინალი ტექსტის ისე გაგება დაიწყეს, როგორც სამების სიმბოლოსი (სულის, წყლისა და სისხლის ხსენებაზე დაყრდნობით), და განმარტება შეიძლება გაჩენილიყო ჯერ როგორც მინდორზე გაკეთებული შენიშვნა, შემდეგ კი მან ჩვენთვის ცნობილი ადგილი დაიკავა».

ამგვარად, აუცილებელია მკაფიოდ განისაზღვროს – სად ავთენტური ტექსტია, რომლითაც კვიპრიანე სარგებლობდა, და სად – მისი საღვთისმეტყველო განმარტებები. როგორც მეცგერი ამბობს, ადრელათინურ ტექსტში, რომელსაც კვიპრიანე იყენებდა, არ არსებობს მინდვრებზე არსებული შენიშვნის არანაირი მტკიცებულებები. თუმცა, მეორეს მხრივ, კვიპრიანეს ნაშრომში მოცემულია მტკიცებულება, რომელმაც საღვთისმეტყველო დისკუსიებს ჩაუყარა საფუძველი 1 იოანეს 5:7-თან დაკავშირებით. საკუთარ ნაშრომში De catholicae ecclesiae unitate ის წერს«უფალი ამბობს: "მე და მამა – ერთი ვართ"; და კვლავ დაწერილია მამაზე, ძესა და წმინდა სულზე, "ხოლო ეს სამი ერთია"». რაც მაშინვე თვალში გვხვდება, ესაა 1 იოანეს 5:7-ზე გაკეთებული კვიპრიანეს ინტერპრეტაცია იმის შესახებ, რომ სამი მოწმე სამებას მიეკუთვნება. აშკარაა, რომ ზუსტად ასეთი სახით წაკითხვისაკენ იყო ის აღძრული იმ ერესების გამო, რომლებსაც ებრძოდა (ეკლესიის ადრეულ მამებს შორის გავრცელებული იყო რამოდენიმე მუხლის ერთ მუხლად კომპილაციის მანერა). რამდენადაც იოანეს 10:30 მამასა და ძეზე საუბრობს და ამასთანავე "ერთობის" (გაერთიანების, ერთიანობის) აზრს უსვავს ხაზს, კვიპრიანემ გონივრულად ჩათვალა ეპოვა კიდევ ერთი მუხლი, რომელშიც ასეთივე სახით იქნებოდა საუბარი სულზე. 

თუმცა, ამ შემთხვევაში ყურადსაღებია ის, რომ (ა) მას არ გაუკეთებია ამ ნაწყვეტის ისე ციტირება «მამის, ძისა და წმინდა სულის» შესახებ, როგორც ტექსტის ნაწილის, მან თავისებურად განმარტა ფრაზა «სულის, წყლისა და სისხლის» შესახებ; (ბ) შემდგომ – ვინაიდან ჩამატებაში სამების შესახებ მტკიცება საკმაოდ მკაფიოა («მამა, სიტყვა და წმინდა სული»), ხოლო კვიპრიანე მას ისე არ ციტირებს როგორც ტექსტის ნაწილს, უკვე აქედან გამომდინარე შეიძლება იმის მტკიცება, რომ ის ამ ფორმულას არ იცნობდა. ტექსტში რომ ფრაზის მნიშნველობის, როგორც ფორმულის, გაგება შესაძლებელი ყოფილიყო, მაშინ კვიპრიანე დააციტირებდა მას. მაგრამ კვიპრიანემ ეს არ გააკეთა, ეს კი იმაზე მოწმობს, რომ მან ტექსტთან მიმართებით თავისი ტრინიტარული განმარტება გამოიყენა, მაგრამ ამავდროულად ორიგინალის ტექსტის სიტყვები არ შეუცვლია. 

საინტერესოა, რომ მაიკლ მაინარდი, მიღებული თარგმანის დამცველი და დანამატისადმი მიძღვნილი საკმაოდ დიდი ნაშრომის ავტორი (A History of the Debate over 1 John 5:7-8 [Tempe, AZ: Comma Publications, 1995] 38), არა მხოლოდ ციტირებს განსახილველ მონაკვეთს, არამედ ასევე საუბრობს კვიპრიანეს კომენტარის მნიშვნელობაზე, როდესაც ციტატა მოჰყავს კენიონის წიგნიდან Textual Criticism of the New Testament (London, Macmillan1912, р. 212): «კვიპრიანე ცნობილია როგორც ადამიანი, "რომელიც დიდი რაოდენობით და სიტყვასიტყვით ციტირებს"». დიახ, ეს ციტატა კენიონიდანაა, თუმცა ის აქ აშკარად უადგილოა, იმიტომ რომ კვიპრიანემ 1 იოანეს მე-5 თავიდან მხოლოდ მცირე ნაწყვეტის ციტირება მოახდინა – «ხოლო ეს სამი ერთია», და ეს ფრაზა არის ბერძნულ ტექსტში მიუხედავად იმისა, თუ როგორი დამოკიდებულება აქვს ადამიანს ჩამატებისადმი.

ამგვარად, სრულიად ნათელია, რომ კვიპრიანე 1 იოანეს 5:7,8-ის ინტერპრეტირებას აკეთებს სამების დამტკიცების მიზნით, თუმცა საეჭვოა მას ეს ტექსტი ისე დაენახა, როგორც სამების ფორმულა. გარდა ამისა,  ჩამატების ავთენტურობასთან დაკავშირებულ ერთერთ უდიდეს ისტორიულ პრობლემას წარმოადგენს მისი არარსებობა ყველა ბერძნულ ხელნაწერებში თითქმის ათას ხუთასი წლის განმავლობაში. იქიდან გამომდინარე, რომ ის პირველად ლათინურ ენაზე ჩნდება დაახლოებით 380 წელს პრისცილიანეს ნაშრომებში (და მენარდის მიერ მოყვანილია როგორც ყველაზე საფუძვლიანი მტკიცებულება), ნათელი ხდება, თუ რატომ არ არის ის ბერძნული წმინდა წერილების ადრეულ ტექსტებში და გვიანი ასლების უმრავლესობაში. 

ყველა ისტორიული მონაცემები ორ ვარიანტზე მიუთითებენ: 
(1) თავიდან ეს ტექსტი მინდორზე გაკეთებული შენიშვნა იყო, რომელიც ლათინური პატრისტიკის ავტორებმა, საკუთარი თავგამოდებული განმარტების ფონზე, მოგვიანებით წმინდა წერილის ტექსტში ჩაამატეს; 
ან (2) ეს იყო კომენტარი, რომელიც გაკეთებული იწნა 250 და 350 წლებს შორის ზოგიერთი ლათინური ხელნაწერების მინდვრებზე, შემდეგ კი ტექსტში ჩაამატა გადამწერმა, რომელიც დარწმუნებული არ იყო იმაში - უბრალოდ ტექსტის კომენტარი იყო ის თუ თავად ტექსტის ნაწილი (საკმაოდ გავრცელებული მოვლენა იმ დროის გადამწერებს შორის).
-------------------------------------------------------------------

ნათარგმნია: jwapologetica.blogspot.com

Комментариев нет:

Отправить комментарий