пятница, 2 октября 2020 г.

კიდევ ერთხელ სამების შესახებ


ბროკგაუზის ბიბლიურ ენციკლოპედიაში, ასეთი კომენტარია გაკეთებული სამების სწავლებასთან დაკავშირებით:

«ეკლესიაში სამერთიანობის შესახებ სწავლება მთლიანი ბიბლიური გზავნილის ღრმა გააზრების შედეგად წარმოიშვა. ის პირველი საუკუნეების ქრისტიანების მიერ იქნა ჩამოყალიბებული. მასშია მოქცეული უზენაესი, ადამიანის გონებისათვის ჩაუწვდომელი საიდუმლო, რომელიც "არ უხილავს თვალს, არ სმენია ყურს და არც კაცს გაუვლია გულში" (1კორ 2:9). ვინაიდან ღვთის სამერთიანობის რწმენა ადამიანურ სიტყვებშია მოქცეული, რომელთა უკანაც ყოველთვის დგას განსაზღვრული წარმოდგენები, ამიტომ გასაგები ხდება, თუ უშუალოდ ამ საკითხთან დაკავშირებით რატომ არსებობს მნიშვნელოვანი აზრთა სხვაობები. მით უმეტეს, რომ ბიბლიაში არცერთხელ არაა პირდაპირ ნათქვამი მამის, ძისა და წმ. სულის ღვთაებრივი არსის ერთიანობის შესახებ, არამედ მსგავსი დასკვნა კეთდება მხოლოდ ერთად აღებული ყველა ბიბლიური მტკიცებულებების მიმოხილვის საფუძველზე… ღვთის სამერთიანობის შესახებ სწავლების ძირითადი იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ერთიანი ღმერთი განსხვავებულ ჰიპოსტასებში წარმოდგება; თითოეულ ამ პირში ორი დანარჩენიც არის, თუმცა ჰიპოსტასები ერთმანეთისაგან მაინც განსხვავდებიან და გარკვეული თანამშრომლობა გააჩნიათ ერთმანეთთან. ამ საკითხთან დაკავშირებით უმნიშვნელოვანესი მტკიცებულებების პოვნა ადრეული ეკლესიის რწმენის სიმბოლოებში შეიძლება».

ხოლო გამოცემაში ათანასე დელიკოსტოპულოსი. მართლმადიდებლური რწმენა. მართლმადიდებლური დოგმატიკა თანამედროვე ადამიანისათვის. გამოც. კვიპროსის ეკლესიის მიერ. – ლევკოსია-კვიპროსი/ ბერძ. თარგ. პროფ. ბ. ნელუბოვმა, 1993. – გვ. 61,62 [რუს.] ნათქვამია:

«სამსახოვანი ღვთის ანუ წმინდა სამების დოგმატი, ყოველგვარ ადამიანურ გაგებას აღემატება და მხოლოდ ღვთაებრივი გამოცხადების ავტორიტეტს ეფუძნება. ის ადამიანური აზროვნებისთვის მიუწვდომელია და ჩვენ მას მხოლოდ რწმენით აღვიქვავთ».

როგორც მოყვანილი ციტატებიდან ჩანს, სამების შესახებ დოგმატი «ყოველგვარ ადამიანურ გაგებას აღემატება» და «ადამიანის გონებისათვის ჩაუწვდომელ საიდუმლოს» შეიცავს.  
თუმცა იმის მტკიცება არავის შეუძლია, რომ არავის აქვს უფლება ეჭვქვეშ დააყენოს ის, იმიტომ რომ მისი მიღება არსებითად დაკავშირებულია, მათ თვალსაზრისთან დათანხმებას, ვინც ამ დოგმატის სათავეებთან იდგნენ.

აქედან გამომდინარე, მაგალითად, მე რატომ უნდა მიმაჩნდეს, რომ ღმერთი საკუთარ თავს ისე გვაცნობს, როგორც «უზენაეს, ადამიანის გონებისათვის ჩაუწვდომელ საიდუმლოს», ისეთი გაგების საშუალებით, როგორიც «სამებაა»? მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაც ამ დასკვნამდე «მთლიანი ბიბლიური გზავნილის ღრმა გააზრების შედეგად» მივიდა? მით უმეტეს, რომ, როგორც პირველ ციტატაშია ნათქვამი, «ბიბლიაში არცერთხელ არაა პირდაპირ ნათქვამი მამის, ძისა და წმ. სულის ღვთაებრივი არსის ერთიანობის შესახებ».

ვის აქვს იმის უფლება, რომ მე (ან საერთოდ, ნებისმიერ ადამიანს) «მთლიანი ბიბლიური გზავნილის ღრმა გააზრება» ამიკრძალოს? და ამავდროულად თუ საპირისპირო დასკვნამდე მივალ, მაშინ ავტომატურად ჩაითვლება თუ არა ის მცდარად მხოლოდ იმიტომ, რომ მათ შეიმუშავეს ეს დოგმატი, ვისაც «ეკლესიის მამებს» ეძახიან, და ძალისხმევა მოახმარეს იმას, რათა ის, უღმერთო, არსებითად, საერო ხელისუფლების მონაწილეობით დაედგინათ, როგორც უპირობო ჭეშმარიტება?

თვითონ ტერმინი «ომოუსიოს» (ერთარსი), რომელიც მამასთან მიმართებით ძის ბუნებას გამოხატავს, შეთავაზებული იქნა არაქრისტიანი კონსტანტინეს, რომის იმპერატორის მიერ, რომელმაც ეგრეთ წოდებული პირველი მსოფლიო საეკლესიო კრება შეკრიბა ქ.ნიკეაში 325 წელს და თავადვე ხელმძღვანელობდა ამ კრებას. აი როგორ აღწერს ამ სიტუაციას მართლმადიდებელი საეკლესიო ისტორიკოსი ა.ვ. კარტაშოვი საკუთარ ნაშრომში «მსოფლიო საეკლესიო კრებები» [რუს.]:

«I მსოფლიო კრების სასწაული ზუსტად იმაში მდგომარეობს, რომ მან წარმოთქვა საკრამენტალური დოგმატური ფორმულა «Όμοούσιον τω Πατρί» («მამის ერთარსი») მხოლოდ რჩეული უმცირესობის პირით. და კიდევ იმაში, რომ კონსტანტინე დიდმა, რომელიც ვერ სწვდებოდა საკითხის სრულ ტრაგიკულობას, ჭეშმარიტად ღვთის მიერ აღძრულმა, მოცემულ სიტუაციაში იმპერატორული ავტორიტეტის გადამრჩენელი სიმძიმე დადო სასწორის თეფშზე, რომელზეც ეპისკოპოსების უმნიშვნელო უმცირესობის ჭეშმარიტად მართლმადიდებლური ეკლესიის აზრი იდო».

რაც შეეხება იმას, რომ კონსტანტინე «ჭეშმარიტად ღვთის მიერ [იყო] აღძრული», მე ძალიან ეჭვი მეპარება ამაში თუნდაც იმიტომ, რომ ამ ადამიანის ხელებზეა მისი ცოლის, ვაჟისა და დისშვილის სისხლი, რაც საყოველთაოდ ცნობილ ფაქტს წარმოადგენს.

ამ საკითხთან დაკავშირებით, ჟურნალ “ფილოსოფიის საკითხებში”(1999, №2, გვ. 189[რუს.]) გამოქვეყნებული ერთერთი სტატიის ავტორი, ვ. კ. ზაგვოზდინი, თანამედროვე მართლმადიდებელი ღვთისმეტყველის, ა. კურაევის მტკიცებულების კრიტიკისას, რომელმაც თქვა, რომ «უშუალოდ ათანასე დიდი იყო ფორმულირება "ერთარსისა და მხოლოდშობილის" [ძის, მამასთან მიმართებაში] მიღების ავტორი», წერს: «თითოეულისთვის, ვინც ცოტა მაინც იცნობს ეკლესიის ისტორიას, ცნობილია, რომ ეს ფორმულა შესთავაზა კრებაზე დამსწრე [იმპერატორმა] კონსტანტინემ. ნიკეის მსოფლიო საეკლესიო კრებაზე, წმ. ათანასე არანაირ შესამჩნევ როლს არ თამაშობდა».

ამასვე ამბობს ხუსტო ლ. გონსალესი, საკუთარ ნაშრომში «ქრისტიანობის ისტორია»: «კონსტანტინემ შესთავაზა რწმენის სიმბოლოში სიტყვა homoousios [''ერთარსის''] ჩართვა…» (ხუსტო ლ. გონსალესი. «ქრისტიანობის ისტორია». ტომი I. ეკლესიის დაფუძნებიდან რეფორმაციის ეპოქამდე. 2001. – გვ. 152[რუს.]).

შეიძლება ვინმე თქვას, რომ ჩემი ასეთი პოზიცია თავმდაბლობის ნაკლებობის მაჩვენებელია, რადგან იმასთან შედავებას ვბედავ, რაც მრავალი მილიონი ადამიანისათვის უდავო ჭეშმარიტებას წარმოადგენს, მათთვის, ვინც იმ რელიგიებს ეკუთვნიან, რომლებშიც სამების შესახებ დოგმატი ცენტრალურს წარმოადგენს და რისიც საუკუნეების განმავლობაში სწამდათ. თუმცა, ერთის მხრივ, როგორც ოდესღაც გ. ლიხტენბერგმა თქვა, «საყოველთაოდ აღიარებული თვალსაზრისი და ის, რასაც დიდი ხნის წინ გადაწყვეტილ საქმედ მიიჩნევენ, ყველაზე ხშირად ჩვენს ყურადღებას იმსახურებს».

მეორეს მხრივ, ასეთი სიტყვების საპასუხოდ მე შემიძლია ვთქვა, რომ ღმერთი, რომელმაც აზროვნების უნარით დაგვაჯილდოვა, ჩვენგან იმას მოელის, რომ ჩვენ ეს უნარი ავამოქმედოთ, მათ შორის მისადმი თაყვანისმცემლობაშიც. და თუ პირადად მე, წმინდა წერილის კვლევისას აზროვნების უნარის ამოქმედების შემდეგ, იმის საკმარის საფუძველს ვერ ვხედავ, რომ ისეთ დასკვნამდე მივიდე, როგორიცაა «ერთიანი ღმერთი განსხვავებულ ჰიპოსტასებში წარმოდგება; თითოეულ ამ პირში ორი დანარჩენიც არის, თუმცა ჰიპოსტასები ერთმანეთისაგან მაინც განსხვავდებიან და გარკვეული თანამშრომლობა გააჩნიათ ერთმანეთთან», მაშინ რატომ უნდა ავაგო ჩემი რწმენა და ღმერთთან ურთიერთობა გონებისთვის ჩაუწვდომელ დოგმატებზე?

ძალიან ხშირად, სამების დოგმატის აპოლოგეტები ამბობენ, რომ ეს დოგმატი ჩაუწვდომელი კი არა, გონებისთვის მიუწვდომელია. და ისევ, რატომ უნდა მივიღო ეს მოსაზრება, თუ წმინდა წერილის კვლევისას, ვერ ვხედავ იმის საფუძველს მიმაჩნდეს, რომ შემოქმედმა თავისი გონიერი ქმნილებებისთვის, საკუთარი თავის შეცნობის ისეთი რამ გაითვალისწინა, რაც იმ გონებას აღემატება, რომელიც თავად შემოქმედმა ჩადო ადამიანში? და სადაა, ბოლოს და ბოლოს, ის კრიტერიუმი, რომელიც სამების დოგმატის მომხრეებს იმის განსაზღვრაში დაეხმარებოდა, რომ ღვთის ან მისი ბუნების შესაცნობად, ზუსტად ასეთი «ზეგონებრივი პოზიციით» მიდგომაა საჭირო?

ამასთან დაკავშირებით, მე ის მამხნევებს, რომ ისტორიის განმავლობაში ყოველთვის არსებობდნენ ადამიანები, რომლებიც არა უბრალოდ არ ეთანხმებოდნენ ამ დოგმატს, არამედ გაბედულად გამოდიოდნენ მის წინააღმდეგ, რადგან მასში ღრმა ცდომილებას და ნათელი ბიბლიური ჭეშმარიტებიდან გადახვევას ხედავდნენ. ამის მაგალითები არიან – ისეთი გამოჩენილი მეცნიერები და მკვლევარები, როგორებიც იყვნენ უილიამ უისტონი, ისააკ ნიუტონი, მაიკლ ფარადეი, მიგელ სერვეტი, ჯონ მილტონი, ჯოზეფ პრისტლი, ასევე “სოცინიანები” ანუ “პოლონელი ძმები”, “კოლეგიანტები” ჰოლანდიაში, ეგრეთ წოდებული “жидовствующие” შუა საუკუნეების რუსეთში და სხვა მრავალი.
  
იგორ ლისენკო (igor.v.lysenko@gmail.com)
-----------------------------------------------------------

ნათარგმნია: jwapologetica.blogspot.com

ასევე წაიკითხეთ:

Комментариев нет:

Отправить комментарий