вторник, 9 июня 2020 г.

კურთხევა თუ წყევლა?



ოდესღაც ვიღაცას უთქვამს: «განსაცდელისას მნიშვნელოვანია არა მხოლოდ რწმენის შენარჩუნება, არამედ სიყვარულისაც». ალბათ, ეს აზრი რაღაცით ეხმიანება იმას, რასაც ბიბლია 1 კორინთელების 13:3-ში ამბობს -

«მთელი ჩემი ქონება რომ სხვების დასაპურებლად გავცე და ჩემი სხეული გავიღო, რათა დავიკვეხნო, მაგრამ სიყვარული არ გამაჩნდეს, ეს არაფერს მარგებს».

ჩვენს გარშემო არსებულ სასტიკ ქვეყნიერებაში ათასობით ადამიანი დაექვემდებარა და კიდევ დაექვემდებარება უსამართლო მოპყრობას და დევნას ხელისუფლებების მხრიდან. ამასთან დაკავშირებით იესომ, როგორც ჩანს, არანაკლები გაოცება გამოიწვია საკუთარ მოწაფეებში, როდესაც მათ იმაზე მიუთითა, თუ რით უნდა განესხვავებინათ ისინი სხვებისაგან გამოცდებისა და დევნების დროს:

«თქვენ გსმენიათ, რომ თქმულა: „მოყვასი გიყვარდეს და მტერი გძულდეს“, მე კი გეუბნებით: გიყვარდეთ თქვენი მტრები და ილოცეთ თქვენი მდევნელებისთვის» (მათე 5:43,44).

იესომ უცნაური რაღაც თქვა. არსებითად, მან უთხრა: მსოფლიოში მრავალს დევნიან, თუმცა თქვენ თუ ჩემი მოწაფეები გქვიათ, მაშინ სხვებისგან, მდევნელების მიმართ დამოკიდებულებითაც კი უნდა განსხვავდებოდეთ. სიყვარულით მოექეცით მათ, ნუ დაწყევლით და ნუ დაემუქრებით მათ, პირიქით, დალოცეთ ისინი და ილოცეთ მათთვის! 


ოჰ ეს ქრისტიანობა! რა მოუხერხებელი რამეა იესოს სწავლებები ჩვენი არასრულყოფილი ადამიანური არსისთვის... რწმენაც მაქვს, ცოდნაც გამაჩნია, მზად ვარ გამოცდებს გავუძლო და ჩემი სხეული გავიღო ქრისტესათვის (პეტრეს მსგავსად, მათეს 26:33-35)… თუმცა რა საჭიროა ჩემგან კიდევ იმის მოლოდინი, რომ ჩემი მტრებიც უნდა მიყვარდეს?! რა საჭიროა ეს ყველაფერი?

იესომ ეს შემდგომ სიტყვებში ახსნა:

«რათა იყოთ თქვენი ზეციერი მამის შვილები, რადგან მას მზე ბოროტებისთვისაც ამოჰყავს და კეთილებისთვისაც და წვიმას მართლებსაც უგზავნის და უმართლოებსაცრადგან, თუ ისინი გიყვართ, ვისაც თქვენ უყვარხართ, რა საზღაურს ელით? განა გადასახადების ამკრეფნიც ასევე არ იქცევიანთუ მხოლოდ თქვენს ძმებს ესალმებით, განსაკუთრებულს რას აკეთებთ? განა უცხოტომელებიც ასევე არ იქცევიან?მაშ, იყავით სრულყოფილები, როგორც თქვენი ზეციერი მამაა სრულყოფილი» (მათე 5:45-48).


მათდამი ჩვენი დამოკიდებულება, ვინც უსამართლო შევიწროვებებს ახორციელებს ან თუნდაც სასტიკად ექცევა იესოს მიმდევრებს, აჩვენებს, თუ რა წარმოადგენს პირველ რიგში ჩვენს აღმძვრელ ძალას: ძირითადი სახით ესაა აღშფოთება (თუნდაც სამართლიანი) ან იმის სურვილი რომ გვქონდეს «ისეთივე აზროვნება, როგორიც ქრისტე იესოს ჰქონდა» (რომაელები 15:5).

და როგორ აზროვნებდა იესო?

«ისეთივე აზროვნება გქონდეთ, როგორიც ქრისტე იესოს ჰქონდა... თავი დაიმდაბლა და მორჩილი იყო სიკვდილამდე» (ფილიპელები 2:5-8).

«ამისთვის ხართ კიდეც მოწოდებულნი. ქრისტეც ხომ თქვენთვის ეტანჯა და მაგალითიც დაგიტოვათ, რომ ერთგულად მიჰყვეთ მის ნაკვალევსმას არც ცოდვა ჩაუდენია და არც მზაკვრობა იყო მის ბაგეზეროცა ლანძღავდნენ, ლანძღვით არ პასუხობდა, და როცა იტანჯებოდა, არ იმუქრებოდა, არამედ იმას ჩააბარა თავი, ვინც სიმართლით ასამართლებს» (1 პეტრე 2:21-23).

იესოს სიტყვები, მისი საქმეებისაგან არ განსხვავდებოდა. ის როგორც ასწავლიდა, თვითონაც ისე იქცეოდა. არც სინედრიონის წინაშე, არც პილატეს წინაშე, არც მაშინ როდესაც აწამებდნენ და არც ძელზე გაკვრის შემდეგ, ის არ ილანძღებოდა და არც წყევლიდა მათ, ვინც მისი ტანჯვა-წამებისა და შემდგომი სიკვდილის მონაწილე იყო. და ამ ყველაფრით, პეტრეს სიტყვების თანახმად, იესომ «მაგალითიც დაგიტოვათ, რომ ერთგულად მიჰყვეთ მის ნაკვალევს» (შეადარეთ იოანე 13:15).

იესოს მოწაფეების შემდგომი თაობისთვის ეს მაგალითი მისაბაძი გახდა, როდესაც თვითონ შეეჯახნენ სასტიკ დევნებს:

«ლოცეთ თქვენი მდევნელები, ლოცეთ, ნუ დაწყევლით… ნურავის გადაუხდით სამაგიეროს. ის აკეთეთ, რაც ყველას თვალში კარგი იქნება.რამდენადაც თქვენი მხრივ შესაძლებელია, მშვიდობიანად იყავით ყველასთანნუ იძიებთ შურს, საყვარლებო, არამედ ადგილი მიეცით ღვთის რისხვას, რადგან დაწერილია: „ჩემია შურისძიება, მე მივუზღავ, — ამბობს იეჰოვა“მაგრამ, „თუ შენი მტერი მშიერია, დააპურე, თუ სწყურია, დაალევინე, რადგან ამით ნაკვერჩხლებს დააგროვებ მის თავზე“არ დაგძლიოს ბოროტებამ, არამედ შენ სძლიე ბოროტებას სიკეთით» (რომაელები 12:14,17-21).

«გვლანძღავენ — ვლოცავთ, გვდევნიან — ვითმენთ, სახელს გვიტეხენ — შეწყალებას ვთხოვთ. ქვეყნიერების ნაგავი და ყველანაირი ნარჩენი ვართ დღემდე» (1 კორინთელები 4:12,13).

«თუ ვინმე ღვთის წინაშე თავისი სინდისის გამო იტანს მრავალ მწუხარებასა და უსამართლო ტანჯვას, ეს ღვთისთვის მისაღებიამაგრამ, თუ ცოდვის გამო გცემენ და ითმენთ, რა საქებარია? ხოლო, თუ მაშინ ითმენთ, როცა კარგის კეთების გამო იტანჯებით, ეს არის ღვთისთვის მისაღები» (1 პეტრე 2:19,20).





ჩვენთვის თუ დაკარგა ძალა ამ დარიგებამ, თანამედროვე ქრისტიანებისთვის? არავითარ შემთხვევაში. დღეს იესოს მიმდევრებს ისევ ისე «ლანძღავენ», «სახელს უტეხენ» და «დევნიან», მათ ეძახიან «ექსტრემისტებს», აპატიმრებენ, ციხეებში ყრიან და აწამებენ კიდეც. ისინი «უსამართლოდ იტანჯებიან» იმის გამო, რომ «სიკეთეს აკეთებენ». თუმცა ერთია, როდესაც ქრისტიანთა დევნის შესახებ ბიბლიაში კითხულობ და სულ სხვა საქმეა – როდესაც ეს პირდაპირ შენ და შენს თანამორწმუნეებს გეხებათ. პირველ შემთხვევაში ხელს არაფერი გვიშლის იმაში, რომ აღვფრთოვანდეთ იმ თავდამბლობისა და მოთმინების გამო, რომლებსაც დიდი ხნის წინ მცხოვრები ქრისტეს მიმდევრები ავლენდნენ. შენ ამ ყველაფერს თავისთავადად იღებ, ეს ასეც უნდა იყოს. თუმცა რამდენად შეიძლება შეიცვალოს დევნებისა და მდევნელებისადმი დამოკიდებულება, როდესაც ან შენ გდევნიან ან რწმენით შენს ძმებს!

და მაინც, შეუძლია ვინმეს საკუთარ თავზე თქვას: «მე განსაკუთრებული სიტუაცია მაქვს! ჩემს შემთხვევაში მე შემიძლია არც კი მივყვე ბიბლიაში ჩაწერილ სიტყვებს მტრების სიყვარულთან დაკავშირებით»? საეჭვოა. იესოსაც კი არ შეეძლო საკუთარი თავისთვის ამის უფლების მიცემა! ასეთ შემთხვევაში შეუძლია თუ არა რომელიმე ცალკე აღებულ ქრისტიანს იმის პრეტენზია ჰქონდეს, რომ მის შემთხვევაში გამონაკლისი შეიძლება იქნას გაკეთებული? შეუძლია თუ არა მას, რომ მტრების დალოცვისა და მათთვის ლოცვის ნაცვლად, მათი მისამართით წყევლა და მუქარა წარმოთქვას?


მასმედიაში ღვთის მსახურების წინააღმდეგ დევნის შესახებ სულ უფრო გაზრდილი ცნობების ფონზე, ძალიან მნიშვნელოვანია სულიერი საღი აზროვნება არ დავკარგოთ. მრავალი მსგავსი სტატიების ქვეშ, ასევე სოციალურ ქსელებში და სხვა ინტერნეტ-რესურსებზე, საკმაოდ გააფთრებული კომენტარების ხილვაა შესაძლებელი, როგორც მიმდინარე მოვლენების მხარდასაჭერი, ასევე მათ წინააღმდეგ მიმართული. რა თქმა უნდა, ღმერთმა ადამიანი სამართლიანობის თანდაყოლილი გრძნობით შექმნა, თუმცა ღვთის სიტყვა საფრთხის შესახებ გვაფრთხილებს: 

«ჩაგვრისგან ბრძენიც კი შეიძლება გიჟივით მოიქცეს» (ეკლესიასტე 7:7).

როდესაც უსამართლობას ხვდები, იმის ცდუნება ჩნდება რომ საკუთარი გონებისა და ენის გაკონტროლება შეწყვიტო და იმისაგან სრულიად განსხვავებულად მოიქცე, როგორი მოქცევის ხილვაც ღმერთს სურს შენგან. მაგალითად, ზოგიერთი ქრისტიანი, რომლებიც უკიდურესად არიან აღშფოთებულები იმით რასაც მათ თანამორწმუნეებს უკეთებენ, საკუთარ თავს სასტიკი და უხეში კომენტარების გაკეთების უფლებასაც კი აძლევენ მდევნელების მისამართით. «არაუშავს, მალე ღმერთი მათაც მიხედავს!»… «ღვთის რისხვას ვერსად გაექცევიან!»… «ძალიან მინდა ვნახო, როგორ გაასამართლებს ღმერთი მათ თავისი სამართლით»… და ასე შემდეგ.

სამწუხაროა, მაგრამ ზოგიერთი ქრისტიანის მსგავს რეაქციას შეუძლებელია რაიმე საერთო ჰქონდეს თავად ქრისტეს პოზიციასთან, რომელიც თავის მოწაფეებს არიგებდა:

«ისწავლეთ ჩემგან, რადგან რბილი და გულით თავმდაბალი ვარ» (მათე 11:29).

«მიქაელ მთავარანგელოზმა, როცა არ ეთანხმებოდა ეშმაკს და მოსეს სხეულის გამო ეკამათებოდა, ვერ გაბედა მისი შეურაცხმყოფელი სიტყვებით გასამართლება და თქვა: „იეჰოვამ შეგრისხოს“» (იუდა 9).

იობს, რომელმაც მრავალი ტანჯვა და უსამართლო მოპყრობა გადაიტანა, მაგრამ ღვთის თვალში ერთგული დარჩა, სუფთა სინდისით შეეძლო ეთქვა:

«თუ გამხარებოდეს იმის განადგურება, ვისაც ყველაზე მეტად ვძულდიან თუ მემხიარულოს მის ცუდ ამბავზეარ ჩამიდენინებია ცოდვა ჩემი სასისთვის და არ მითხოვია მისი სულის დაწყევლა» (იობი 31:29,30).

ამასთან დაკავშირებით წმინდა წერილი გვაფრთხილებს, რომ გავექცეთ მტრებისადმი არასწორ დამოკიდებულებას:

«შენი მტრის დაცემა ნუ გაგახარებს და მისი წაბორძიკება ნუ გაგიხალისებს გულსთორემ დაინახავს იეჰოვა და ეს მოსაწონი არ იქნება მის თვალში; ის უეჭველად დაიცხრობს რისხვას მის მიმართ» (იგავები 24:17,18).

«თუ შენი მოძულე მშიერია, დააპურე, თუ სწყურია, წყალი დაალევინე, რადგან ამით ნაკვერჩხალს დააგროვებ მის თავზე და იეჰოვა დაგაჯილდოებს» (იგავები 25:21,22. შეადარეთ 4 მეფეები 6:21-23).

ზოგიერთმა ქრისტიანებმა ზემოთმოყვანილი პრინციპი პირდაპირი გაგებით გამოიყენეს, როდესაც თავმდაბლობა და პატივისცემა გამოავლინეს მათ მიმართ, ვინც მათ სახლებში ჩხრეკების ჩასატარებლად მივიდნენ - მათ დაუპატიჟებელ "სტუმრებს" გამასპინძლებაც კი შესთავაზეს, სანამ ისინი თავის საქმეს ასრულებდნენ. ქრისტიანების ასეთმა საქციელმა ღვთის თვალშიც და ადამიანების თვალებშიც გაცილებით დიდი ძალა შეიძინა, ვიდრე მაშინ შეიძენდა, მოულოდნელად რომ გაღიზიანება გამოევლინათ და წყევლა-კრულვა დაეწყოთ!
  
წმინდა წერილი გვიჩვენებს, რომ მათ მიმართ უსამართლო მოპყრობის შემთხვევაში, ქრისტიანებს შეუძლიათ მიმართონ საკუთარი უფლებების «დაცვასა და კანონით განმტკიცება[ს]» (ფილიპელები 1:7). მაგალითად, მოციქულმა პავლემ არაერთხელ გამოიყენა მსგავსი საშუალებები, როდესაც რომაულ კანონმდებლობას იშველიებდა (საქმეები 16:35-38; 22:24-29; 23:27; 25:8-12). დღეს ქრისტიანები ამ მიზნისათვის საკუთარ კეთილ სახელს სასამართლოებისა და მასმედიის საშუალებით იცავენ.

თუმცა, თუ რომელიმე ქრისტიანი, რომელსაც ავიწყდება, რომ «სიყვარული… არ ღიზიანდება», საკუთარ თავს სხვების მისამართით უხეში გამოთქმების უფლებას აძლევს, შესაძლოა, საკუთარ თავს იმით ამართლებს, რომ კეთილი მოტივებიდან გამომდინარე მოქმედებს, რადგან სამართლიანობის აღდგენა სურს (1 კორინთელები 13:5). თუმცა ნამდვილად უწყობს თუ არა ხელს ასეთი საქციელი ჭეშმარიტების საქმეს? სამწუხაროდ, არა მხოლოდ არ უწყობს, არამედ, პირიქით, ზიანს აყენებს მას! რა შეიძლება იფიქროს უცხო ადამიანმა, რომელიც ინტერნეტში იმის თავშეუკავებელ კომენტარს ნახავს, ვინც საკუთარ თავს ქრისტიანს ეძახის? «იქნებ და, არც თუ მთლად ტყუილად აცხადებენ საშიშებად? აბა შეხედე, როგორი რეპლიკები დაუწერია ერთერთ მათგანს… რავიცი რავიცი...» და გამოდის, რომ ერთერთი მორწმუნე ადამიანის მკვეთრი რეაქცია წარმოადგენს არა დამოწმებას, არამედ ანტიდამოწმებას. შედეგად ეს სხვა ადამიანებს მიმდინარე მოვლენებში გარკვევის სურვილს უკარგავს.   

თუმცა, წმინდა წერილი ქრისტიანებს სრულიად სხვაგვარი საქციელისაკენ მოუწოდებს:

«თვითონ აჩვენე ყველაფერში კარგი საქმეების მაგალითი; ასწავლე შეურყვნელად, სერიოზულობითდაუძრახავი ჯანსაღი სიტყვით, რათა მოწინააღმდეგე შერცხვეს, ცუდს რომ ვერაფერს იტყვის ჩვენზე» (ტიტე 2:8).

«ახლა კი მოიშორეთ ყოველივე ეს: რისხვა, ბრაზი, ბოროტება; თქვენი პირიდან ნუ ამოვა ლანძღვა და უწმაწური სიტყვები» (კოლოსელები 3:8).

«რადგან ღვთის ნებაა, რომ კარგის კეთებით აუკრათ პირი უგუნურებს, რომლებიც უმეცრებით ლაპარაკობენ» (1 პეტრე 2:15).

და ეს ძალიან მნიშვნელოვანი შეხსენებაა! მიმდინარე უსამართლო ქმედებებზე ქრისტიანის რეაქცია ნებისმიერ შემთხვევაში დამოწმებას მოემსახურება – ან მათი კეთილი სახელის მხარდაჭერას, ვისაც დევნიან და, შესაბამისად, მათ მიმართ წაყენებული ცრუ ბრალდებების გაბათილებას მოემსახურება… ან იმის «დადასტურებას» მოემსახურება, რომ მათ უსაფუძვლოდ როდი დევნიან, იმიტომ რომ იმ მორწმუნეთაგან ზოგიერთი საკუთარ თავს ისეთი საქციელის უფლებას აძლევს, რომელსაც ქრისტიანულს ვერანაირად ვერ ვუწოდებთ. და შენ როგორი დამოწმებისაკენ ილტვი?

საკმარისი არ არის მხოლოდ იმის სურვილის ქონა, რათა გარეშე ადამიანები მორწმუნეთა ჯგუფის უსაფუძვლო დევნაში დარწმუნდნენ. გაცილებით მნიშვნელოვანი ის არის, რათა ისინი, ვინც მიმდინარე მოვლენებს თვალყურს ადევნებენ, დევნილებს აღიქვავდნენ არა უბრალოდ როგორც «მშვიდობიან კანონმორჩილ მოქალაქეებს», არამედ მათში ჭეშმარიტი ქრისტიანების ნიმუში დაინახონ! აი ამ შემთხვევაში იქცევა ის დამოწმებად მთელი მსოფლიოსთვის! იღებენ თუ არა ისინი ასეთ დამოწმებას, დღეს თითოეული ცალკე აღებული ქრისტიანის პირად მაგალითზეა დამოკიდებული, მისი საუბრის მანერასა და საქციელზე.


«ენით ვადიდებთ იეჰოვას, მამას, და ენითვე ვწყევლით ადამიანებს, ღვთის მსგავსებად შექმნილებს.ერთი და იმავე პირიდან ამოდის დიდებაც და წყევლაც არ არის კარგი, ჩემო ძმებო, რომ ასეთი რამ ხდება...ვინ არის თქვენ შორის ბრძენი და შეგნებული? აჩვენოს თავისი საქმეები კარგი საქციელით და სიბრძნისთვის ჩვეული რბილი ხასიათით» (იაკობი 3:9,10,13)
----------------------------------------------

ნათარგმნია: sergeiivanov.blogspot.com

Комментариев нет:

Отправить комментарий