четверг, 17 сентября 2020 г.

უკვდავია თუ არა სული?



დიდი ალბათობით, ის მკითხველი, რომელსაც ბ რასელისა [2] და კ. ლამონტის [3] მსგავსად, მატერიალისტური (ათეისტური) პოზიცია უკავია, უარყოფით პასუხს გასცემს სტატიის სათაურში მოცემულ შეკითხვას. ამავდრიულად, მცდარი იქნებოდა თუ ვიფიქრებდით, რომ ყველა მათგანი, ვისაც თეისტური პოზიცია უკავია, დადებითად უპასუხებენ ამ შეკითხვას. ამის მაგალითს წარმოადგენს ადვენტისტი ღვთისმეტყველის ს. ბაკკიოკის თხზულება «უკვდავება თუ მკვდრეთით აღდგომა». აშკარაა, რომ ამ კითხვაზე პასუხი შეხედულებების იმ სისტემით განისაზღვრება, რომელიც ადამიანს აქვს, თავად შეხედულებების ეს სისტემა კი, თუ მორწმუნე ადამიანებზე ვისაუბრებთ, განისაზღვრება წმინდა წერილის ინტერპრეტაციით, როგორც ამა თუ იმ რელიგიური ორგანიზაციის (ეკლესიის, კონფესიის, დენომინაციის) მრწამსის საფუძველის წარმოადგენს. ამ სტატიაში ამ წმინდა წერილში ბიბლია იგულისხმება.

სტატიის სათაურში დასმული შეკითხვის განხილვისას, სწორი იქნებოდა თავდაპირველად ის განგვესაზღვრა, თუ ბიბლიის თანახმად, რა უნდა ვიგულისხმოთ სიტყვა «სულში».

ლინგვისტიკის სპეციალისტის ასეთი ციტატით დავიწყოთ: «ძველი აღთქმა სულს (ძვ.-ებრ. nephesh) განსაზღვრავს როგორც სიცოცხლის საფუძველს და, შესაბამისად, როგორც ადამიანის არსებობის განუყოფელ ნაწილს, არ აპირისპირებს სულს სხეულთან. ძველ აღთქმაში მოიხსენიება მკვდრების სამეფო (ეკლ 9, 5, 10), თუმცა უკვდავი სულის შესახებ საუბარი არ არის. ძველ აღთქმაში, ისევე როგორც პირველყოფილ წარმოდგენებში, სული გამოდის როგორც სრულიად მატერიალური არსი, ის მოკვდავია და ჩვეულებრივ ფიზიკურ მოთხოვნებს განიცდის. სული იკვებება (სულის მიერ საკვების მიღების შეუძლებლობა ისე განიხილება, როგორც ნორმიდან გადახვევა), შიმშილისა და წყურვილისაგან დნება, ხმება და კვდება (იობი 33, 20). ამ გაგებით "სული" - ადამიანის მეტონიკური განსაზღვრებაა. ახალ აღთქმაში სულის გაგებას ისე იწყებენ, როგორც რგოლის, რომელიც ადამიანს ღმერთთან აკავშირებს, საწყისის, რომელიც ადამიანს ქვეყნიერებაზე მაღლა აყენებს, როგორც უმაღლეს ადამიანურ ფასეულობას (მათე 6, 25; 16, 26. იოანე 12, 25 და სხ.)» [4].

სულის შესახებ პრაქტიკულად იქივეა ნათქვამი ბიბლიური ღვთისმეტყველების სახარებისეულ ლექსიკონში: «სიტყვა nepeš [ნეფეშ] ძველ აღთქმაში არასოდეს აღნიშნავს „უკვდავ სულს“, ის უბრალოდ სიცოცხლის საწყისი ან ცოცხალი არსებაა. ამის დანახვა შეიძლება დაბად. 1:20, 21, 24, სადაც nepeš ზედსართავი სახელით («ცოცხალი») ცხოველებზე მიუთითებს და ითარგმნება როგორც „ცოცხალი სული“. იგივე ებრაული ტერმინი გვხვდება შემდეგ მონათხრობში ადამიანის შექმნის შესახებ დაბ. 2:7... სიტყვა nepeš ზედსართავი სახელით „მკვდარი“ ნიშნავს მკვდარ ადამიანს, გვამს (რიცხ. 6:6). ... ებრაული აზროვნება არ უშვებს nepeš-ის სხეულის გარეშე არსებობას. ... ახალ აღთქმაში სიტყვა nepeš-ს შეესაბამება სიტყვა psych [ფსიქე]» [5, გვ.294-295].

ამგვარად, ბიბლიის თვალსაზრისით, განსაკუთრებით მისი ძველაღთქმისეული ნაწილის, სული – ესაა ცოცხალი არსება ან ცოცხალი არსების სიცოცხლე. მაგალითად, ბიბლიაში (შემდგომ მოყვანილი ბიბლიური მუხლები [თუ მითითება არ არის] მოცემულია ბიბლიის თარგმანებიდან: საპატრიარქოს გამოცემა და მცხეთური ხელნაწერი - გ. მთაწმინდელი) ნათქვამია, რომ სულს შეუძლია «მოკვდეს» (რიცხვნი 23:10; იესო ნავეს ძე 2:14; მსაჯულნი 16:30; ფსალმუნები 32:19; 77:50; იერემია 38:20; ეზეკიელი 18:4,20; იაკობი 5:20; გამოცხადება 12:11); მას შეიძლება «ხორცის ჭამა» მოუნდეს (მეორე რჯული 12:20 [სბს-სტოკჰოლმი 2001]), «შესძაგდეს გემრიელი საჭმელი» (იობი 33:20), შეიძლება იყოს «მშიერი» (იგავები 6:30; ეკლესიასტე 6:7), შეიძლება მისი «დაამება» (ესაია 58:11), «გაძღომა» (იერემია 31:14), «მარხვით დაძაბუნება» (ფსალმუნები 34:13); მას შეუძლია «წყურვილი მოიკლას» (იერემია 31:25 [სბს-სტოკჰოლმი 2001]), მას შეიძლება «სწყუროდეს» (იგავები 25:25 [მცხეთური ხელნაწერი-გ. მთაწმინდელი]); მას შეუძლია «განცხრომა» (ესაია 55:2); მისთვის შეიძლება «ორმოს გათხრა» (ფსალმუნები 34:7), ის შეიძლება მოხვდეს «მონადირის მახეში» (ფსალმუნები 123:7) და ის შეიძლება «მხეცებს მიეცეს» (ფსალმუნები 73:19); ის შეიძლება «მახვილით» დაზიანდეს (ფსალმუნები 21:20) და მასში შეიძლება «მახვილმა გაიაროს» (ლუკა 2:35); შეიძლება მისი «ხელში დაჭერა» (იობი 13:14) და «სპილენძის ჭურჭელზე გაცვლა» (ეზეკიელი 27:13 [სბს-სტოკჰოლმი 2001]); მას შეუძლია «რაიმე საქმის კეთება» (ლევიანნი 23:30 [სბს-სტოკჰოლმი 2001]).

მრავალი ავტორი მიუთითებს, რომ ბიბლია ადამიანის პიროვნებაზე ისე საუბრობს, როგორც ფსიქოფიზიკურ (ფსიქოსომატურ) ერთობაზე, და ხაზს უსვამს ადამიანის ერთიან ბუნებას. რამოდენიმე ციტატა მოვიყვანოთ ამასთან დაკავშირებით.

აი რას წერს ამასთან დაკავშირებით ახალი აღთქმის მთარგმნელი ვ.ნ. კუზნეცოვა: «ჩვეულებრივ ახალ აღთქმაში, ისევე როგორც მთლიანად ბიბლიაში, სული – ესაა სიცოცხლე, ის ადამიანში ღმერთმა ჩაჰბერა. ამიტომ “სხეული” და “სული” – ესაა არა ორი ნაწილი, რომლისგანაც ადამიანი შედგება, არამედ მისი ორი მხარე» [6, გვ.224].

ხოლო აი რას ამბობს კათოლიკე ღვთისმეტყველი კ. ტროლი: «არც ძველი და არც ახალი აღთქმა არ იცნობს სულისა და სხეულის დუალისტურ დაყოფას … ბიბლიის თანახმად, ადამიანური არსება არის სხეული, რომელიც დაჯილდოვებულია სიცოცხლითა და სულით. ძველი ბიბლიური წარმოდგენების თანახმად, მთელი ადამიანური არსება კვდებოდა ანუ შეოლში მიდიოდა … ქრისტიანული ისტორიის პირველ ასწლეულში ქრისტიანულ აზროვნებაზე პლატონისა (ძვ.წ. 427-347 წ.) და პლოტინის (205-270) ბერძნული ფილოსოფიის გავლენით, ადამიანის სულისათვის განსაკუთრებული ყურადღების დათმობას იწყებენ, ადამიანის სხეულისგან განცალკევებით. ადამიანის პლატონურ კონცეფციას ღრმა გავლენა ჰქონდა ქრისტიანულ აზროვნებაზე დღევანდელ დღემდეც კი. დღეს, თანამედროვე ანტროპოლოგიის გავლენით, ადამიანის ბიბლიურ კონცეფციასთან დაბრუნების ტენდენცია შეიმჩნევა» [7, გვ.186-187]. 

აი ასევე ციტატები ორი ენციკლოპედიიდან:

«ბიბლიაში ადამიანი ისე განიხილება, როგორც ერთი მთლიანი. იქ არაფერია ნათქვამი უკვდავ სულზე, რომელიც მოკვდავ, ცოდვილ სხეულშია გამოკეტილი. ... როდესაც ძველ აღთქმაში სიტყვა „სულს“ ვხვდებით, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ იქ ის მთლიან ადამიანს ნიშნავს. ... სიტყვა "სული" ახალ აღთქმაშიც მსგავსი სახით გამოიყენება და "ადამიანს" მიშნავს» [8, გვ.145].

«ძ[ველი] ა[ღთქმა] არ აღიარებს ს[ულის] სხეულისგან დამოუკიდებელ არსებობას. არცერთი მუხლი არ საუბრობს გარკვევით ს[ულის] არსებობის შესახებ არც ადამიანის დაბადებამდე და არც მისი სიკვდილის შემდეგ. ... სიტყვები [ული] და სხეული... [ახალ აღთქმაში] ყოველთვის აღნიშნავენ არა ადამიანის ცალკეულ „ნაწილებს“, არამედ მთლიან ადამიანს მის განსხვავებულ ასპექტებში» [9].

უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო ციტატა იმასთან დაკავშირებით, რომ სული და სხეული – ეს არის არა ადამიანის ორი ნაწილი, არამედ ადამიანის პიროვნების ორი ასპექტი ანუ ერთი მთლიანი ორი მხარე ფსიქოფიზიკური გაგებით, ვ.ნ. კუზნეცოვას ნათქვამს ემთხვევა. და ზაქტიურად იგივეს წერს ს. ბაკიოკი თხზულებაში «უკვდავება თუ მკვდრეთით აღდგომა»: «ადამიანურ ბუნებაზე ბიბლიურ შეხედულება წარმოადგენს ხოლისტიკურს და არა დუალისტიკურს. სხეული და სული, ხორცი და სული – ეს ერთი და იგივე პიროვნების მახასიათებლებს წარმოადგენს და არა ცალკეულ შემადგენლებს, რომლებიც სიკვდილის მომენტში «შორდებიან ერთმანეთს»». შემდეგ კი ის აღნიშნავს: «სხეულად და სულად დაყოფა ფესვებით პლატონიზმში მიდის და არა ბიბლიურ გამოცხადებაში».

ფაქტს ის წარმოადგენს, რომ უკვდავი სულის შესახებ სწავლება ერთერთ უმთავრეს დოგმას წარმოადგენს ქრისტიანული ეკლესიების, კონფესიებისა და დენომინაციაბის დიდ უმრავლესობაში. როგორ მოხდა ასე?

როგორც ბოლო ციტატიდან ჩანს, ადამიანის ბუნების დუალისტიკური წარმოდგენა თავისი არსებობისთვის პლატონიზმს უნდა უმადლოდეს (ამის შესახებ წერს კ. ტროლიც – იხ. ციტატა ზემოთ). ამაზე მიუთითებენ ასევე სხვა მრავალი ავტორებიც. რამოდენიმე ციტატა მოვიყვანოთ ამასთან დაკავშირებით.

მაგალითად, ბ. რასელი ნაწარმოებში “მეცნიერება და რელიგია” წერს: «ბერძნებთან გაგება “სულს” გააჩნდა რელიგიური – თუმცაღა არაქრისტიანული – წარმომავლობა. ის პითაგორელთა სწავლებაში გაჩნდა, რომლებსაც სულების გადასახლების სწამდათ და ჭეშმარირი ხსნისაკენ ილტვოდნენ, ანუ სულის განთავისუფლებას მატერიასთან კავშირისაგან, რომელიც მანამდე გრძელდება, სანამ სული სხეულთანაა მიბმული. პითაგორელებისაგან ეს წარმოდგენები პლატონზე გადავიდა, პლატონიდან კი – ეკლესიის მამებზე. ასე გახდა სულის სწავლება, როგორც ისეთი რამის, რაც სხეულისგან განსხვავდება, ქრისტიანული დოქტრინის ნაწილი» [2, გვ.181].

აქცენტი გავაკეთოთ ბოლო მტკიცებულებაზე იმის შესახებ, რომ უკვდავი სულის შესახებ წარმოდგენა «პლატონიდან – ეკლესიის მამებზე» გადავიდა.

ავღნიშნავთ, რომ უკვდავი სულის სასარგებლოდ პლატონის არგუმენტაციასთან დაკავშირებული საუკეთესო განხილვა, ჩვენი აზრით, მოცემულია ა.ს. ბოგომოლოვის მონოგრაფიაში «ანტიკური ფილოსოფია». სულის უკვდავებსათან დაკავშირებით პლატონის ოთხი მოსაზრების გაანალიზების შემდეგ, ავტორი დასკვნას აკეთებს, რომ «პლატონის ”მტკიცებულებები” ლოგიკურად უსაფუძვლოა», და ასევე, რომ «სულის უკვდავების ყოველ მტკიცებულებაში ღვთისმოსაობა უფრო მეტია, ვიდრე ლოგიკა, რწმენა უფრო მეტია, ვიდრე ცოდნა» [10, გვ.181]. ხოლო აი როგორ აფასებს პლატონის არგუმენტებს კ. ლამონტი: «ეს უმაღლესი დონის გონებაჭვრეტითი და აბსტრაქტული მსჯელობები, რომელიც უბრალო ადამიანისთვის თითქმის სრულიად გაუგებარია, არასოდეს არავის იზიდავდა, გარდა ადამიანთა მცირე ჯგუფისა, რომლებიც დროს დახელოვნებულ საუბრებში ატარებდნენ. თუმცაღა ამ უკანასკნელების მიერაც კი ეს არგუმენტები ძირითადად ისე აღიქმებოდა, როგორც პოეზიის სახეობა ან საინტერესო ფილოსოფიური სავარჯიშო. ნაკლებსავარაუდოა, რომ უკვდავების «მტკიცებულებებს», რომლებსაც «ფედონე» შეიცავს (რომელთა უმრავლესობაშიც თავიდანვე ცბიერულადაა წარმოდგენილი შესაბამისი დასკვნები), როდისმე თავისთავად ეუძულებინა ვინმე, რომ საიქიო ცხოვრება დაეჯერებინა» [3, გვ.171].

ე. რენანის ნაშრომში “იესოს ცხოვრება” ნათქვამია: «ინდივიდუალური მისაგებელის თეორიისაგან განსხვავებით, რომელსაც საბერძნეთი სულის უკვდავების შესახებ სწავლების ფრომით ავრცელებდა, იუდეამ საკუთარ ეროვნულ მომავალზე სიყვარულისა და სურვილების მთელი ძალის კონცენტრირება მოახდინა … ისრაელს რომ ეგრეთ წოდებული სპირიტუალისტური დოქტრინა ჰქონოდა, რომელიც ადამიანს ორ ნაწილად, სხეულად და სულად ყოფს, და სრულიად ბუნებრივად მიაჩნია ის, რომ სული სიცოცხლეს განაგრძობს იმ დროს, როდესაც სხეული იხრწნება, მაშინ სიბრაზისა და ენერგიული პროტესტის ასეთ გამოვლინებას [ისრაელის წარმართი დამპყრობლების მიერ ოკუპირების გათვალისწინებით] არც საფუძველი ექნებოდა და არც მიზეზი. თუმცა ასეთი სწავლება, რომელიც ბერძნული ფილოსოფიიდან წამოვიდა, არ ეთანხმებოდა ებრაული აზროვნების ტრადიციებს. ძველებრაულ წიგნებში მომავალ ცხოვრებაში მისაგებლისა და სასჯელების კვალიც კი არ არსებობს» [11, გვ. 38-39].

ხოლო თხზულებაში “მოციქულები” რენანი წერს: «უკვდავი სულის რწმენა, რომელიც ბერძნული ფილოსოფიის წყალობით, ქრისტიანობის დოგმატი გახდა, საშუალებას იძლევა იოლად მივუდგეთ საკუთარი სიკვდილს, რადგან, ამ ჰიპოთეზის თანახმად, სხეულის ნაწილებად დაშლა – უბრალოდ სულის განთავისუფლებაა, რომელიც შემბოჭველ ბორკილებს იშორებს, რომელთა გარეშე არსებობაც მას შეუძლია. მაგრამ ეს თეორია, რომლის თანახმადაც ადამიანი ორი სუბსტანციისაგან შედგება, არასაკმარისად ნათლად ესმოდათ ებრაელებს. ღვთის სამეფო და სულის ბატონობა მათთვის გამოიხატებოდა ქვეყნიერების სრულ გარდაქმნაში და სიკვდილიდ განადგურებაში» [11, გვ. 219]. იმავე ნაშრომში, თავდაპირველი ქრისტიანობის აღწერისას, ავტორი იტყობინება: «ვინაიდან სექტა ჯერ კიდევ ახალგაზრდა და მცირერიცხოვანი იყო, გარდაცვლილების საკითხი მისთვის ცოტა მოგვიანებით გაჩნდა. შტაბეჭდილებები, რომლებიც თანამოძმეთა რიგებში პირველმა გარდაცვალებებმა მოახდინა, უცნაური იყო. წარმოიშვა ღელვა გარდაცვლილთა ხვედრთან დაკავშირებით; საკუთარ თავს შეკითხვას უსვამდნენ: ნუთუ ისინი იმათზე უბედურები იქნებიან, ვისაც კაცის ძის მოსვლის საკუთარი თვალით ხილვა ელის წინ. ამგვარად, შეიქმნა საერთო გაგება სიკვდილსა და მკვდრეთით აღდგომას შორის მონაკვეთზე, როგორც გარდაცვლილის გონებაში ერთგვარ ხარვეზზე. იდეა, რომელიც ”ფედონე”-შია [პლატონის ნაწარმოები] გადმოცემული, თითქოსდა სული არსებობს როგორც სიკვდილამდე, ისე სიკვდილის შემდეგ, რომ სიკვდილი წყალობაა, რომ მას უპირატესობაც კი აქვს რადგან ფილოსოფიურ მდგომარეობას წარმოადგენს, რადგან ამ დროს სული სრულიად გამოყოფილია სხეულისგან და თავისუფალია, – ეს იდეა სულაც არ ყოფილა ათვისებული პირველი ქრისტიანების მიერ. პირიქით, ისე ჩანს, რომ მათთვის ადამიანი სხეულის გარეშე არ არსებობდა. ასეთი გაგება დიდხანს ბატონობდა და ადგილი სხვას გაგებას მხოლოდ მაშინ დაუთმო, როდესაც სულის უკვდავების შესახებ სწავლებამ, ბერძნული ფილოსოფიის გაგებით, შეაღწია ეკლესიაში და, კარგად თუ ცუდად, მკვდრეთით აღდგომისა და საყოველთაო განახლების ქრისტიანულ დოგმატთან მოახდინა კომბინირება» [11, გვ. 257-258].

ზემოთ ნახსენები ღვთისმეტყველი ს. ბაკიოკი კი, საკუთარ ნაშრომში «უკვდავება თუ მკვდრეთით აღდგომა», ეკლესიის ისტორიკოსებზე დაყრდნობით, წერს, რომ «ადამიანურ ბუნებაზე დუალისტიკური შეხედულება და სიკვდილის შემდეგ სულის სხეულისგან განცალკევების რწმენა, ქრისტიანობაში შეტანილი იქნა ეკლესიის მამების მიერ, რომლებიც პლატონის დუალისტიკური ფილოსოფიის გავლენის ქვეშ იმყოფებოდნენ. ამით აიხსნება ამ წარმოდგენების ფართო გავრცელება ქრისტიანულ ეკლესიაში, მიუხედავად იმისა, რომ ისინი უცხოა ბიბლიური სწავლებებისთვის».

ცალკე მოვიყვანთ იმ აზრებს, რომ, როგორც მრავალი ავტორი მიუთითებს, ძველი აღთქმა არ შეიცავს სწავლებას სულის უკვდავების შესახებ.

მაგალითად, ისტორიკოსი ე. გიბონი წერს: «სულის უკვდავება, დიდი წარმატებითაც და დიდი მონდომებითაც იქადაგებოდა ინდოეთში, ასურეთში, ეგვიპტესა და გალიაში… თითქოს და, რელიგიისათვის ასე მნიშვნელოვანი პრინციპი პალესტინის რჩეული ერისთვის შეიძლება გამოცხადების სახით სრულიად ნათელი სიტყვებით გადაცემულიყო, და ის უსაფრთხოდ შეიძლება ყოფილიყო ჩაბარებული აარონის შთამომავალთა სამღვდლო რასისთვის. თუმცა ჩვენ ქედი უნდა მოვიხაროთ განგების საიდუმლო დეკრეტების წინაშე, როდესაც ვხედავთ, რომ სწავლება სულის უკვდავების შესახებ მოსეს კანონში არ არის» [12, გვ. 32].

ასევე ისტორიკოსი ი.რ. ტანტლევსკი მიუთითებს, რომ «არა მხოლოდ საიქიო მისაგებელის იდეა, არამედ საიქიო სამყაროში სიცოცხლის გაგრძელების შესაძლებლობის თავად წარმოდგენაც კი, პრაქტიკულად არ არსებობს ებრაულ ბიბლიაში (გარდა ესაიას 26:19 და დანიელის 12:2-3, 13, რომლებშიც მოცემულია მითითებები მომავალში მკვდრების სხეულებრივი მკვდრეთით აღდგომის შესახებ); შესაბამისი შეხედულებების იუდაიზმში მხოლოდ ელიმიზმის ეპოქაში ჩნდება!». [13, с. 301]

ა. მენის წიგნში “ძე კაცისა” ნათქვამია: «იმის რწმენა, რომ არსებობს სხვა ცხოვრება, რომელიც სხეულის დაშლის შემდეგ გრძელდება, ადამიანებს უძველესი დროიდან ახასიათებდა … ამ გაგებით ძველიაღთქმისეული რელიგია გამონაკლისს წარმოადგენდა … იუდეველები იძულებულნი იყვნენ საიქიო ცხოვრების შესახებ გაგება სხვა ერებისგან დაესესხებინათ … დაახლოებით ძვ.წ. IV საუკუნეში, მან [ისრაელმა] პირველად მოისმინა სასიხარულო ცნობა მარადიული სიცოცხლის შესახებ. თუმცა მას მიეცა არა ”უკვდავი სულის” შესახებ ცოდნა, არამედ ცოდნა მომავალი აღორძინების, ერთიანი ადამიანის მკვდრეთით აღდგომის შესახებ» [14, გვ. 59].

უნდა აღინიშნოს, როდესაც «ერთიან ადამიანზე» საუბრობს, ა. მენი, ფაქტიურად, ადამიანური პირონების ბუნებაზე ხოლისტიკურ შეხედულებას გამოხატავს.
თავის «სტატიებში ფილოსოფიური ლექსიკონიდან» ვოლტერი წერს: «… მოსეს დროს ებრაელებს მცირედი წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ სულის უკვდავებისა და სხვა ცხოვრების შესახებ» [15, გვ. 623], ასევე: «მოსეს კანონები – მართლაც – არ საუბრობდა საიქიო ცხოვრების არსებობაზე, არ იმუქრებოდა სასჯელებით გარდაცვალების შემდეგ, არ ასწავლიდა ძველ ებრაელებს სულის უკვდავების შესახებ» [15, გვ. 642].

ფ. ენგელსის სტატიაში “ბრუნო ბაუერი და თავდაპირველი ქრისტიანობა” კი ნათქვამია, რომ იდეა სულის უკვდავების შესახებ «თავდაპირველად უცხო იყო იუდაიზმისათვის».

განსახილველ საკითხთან დაკავშირებით ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ის, რომ ადამიანის სიკვდილი ბიბლიაში ისე განიხილება როგორც სიცოცხლის საპირისპირო მდგომარეობა (ეს შემდეგი ბიბლიური მუხლებიდან ჩანს: მეორე რჯული [კანონი] 30:15,19; 4 მეფეთა 7:4; ფსალმუნები 6:6; იგავნი 12:28, 14:27, 18:21; ესაია 38:18,19; იერემია 8:3; რომაელები 6:23) და ძილთან ხდება მისი გაიგივება (მაგალითად, ეს ჩანს ისეთი ბიბლიური მუხლებიდან, როგორებიცაა იობი 3:13; ფსალმუნები 12:4; ლუკა 8:52; იოანე 11:11), ასევე გვეხმარება იმის გაგებაში, რომ ადამიანის სიკვდილის შემდეგ მისი გონებრივი საქმიანობა წყდება (ეკლესიასტე 9:5,10), და, შესაბამისად, ბიბლიის თანახმად, არ არსებობს უკვდავი სული, რომელიც სხეულს ტოვებს და არსებობას განაგრძობს.

შესაძლოა, გაკეთებულმა დასკვნამ ზოგიერთ მკითხველში უთანხმოება გამოიწვიოს, მაგრამ, როგორც არ უნდა იყოს, ისტორიული ფაქტები და თავად ბიბლია იმაზე მოწმობენ, რომ სულის უკვდავების შესახებ სწავლებას არ გააჩნია ბიბლიური საფუძველი და ქრისტიანული ეკლესიების დიდი უმრავლესობის ერთერთ უმთავრეს დოგმატად იქცა, «ეკლესიის მამების» მიერ ამ იდეის ბერძნული ფილოსოფიიდან (პლატონიზმიდან) შეთვისების შედეგად.


წყაროების ჩამონათვალი
(ყველა წყარო მოცემულია იმ ენაზე, რომელზეც ის ხელმისაწვდომია)

1. Человек: Мыслители прошлого и настоящего о его жизни, смерти и бессмертии. Древний мир – эпоха Просвещения. – М.: Политиздат, 1991. – 464 с.
2. Рассел Б. Почему я не христианин: Избранные атеист. произведения / Пер. с англ. – М.: Политиздат, 1987. – 334 с.
3. Ламонт К. Иллюзия бессмертия / Пер. с англ. – 2-е изд. – М.: Политиздат, 1984. – 286 с.
4. Яковенко Е.Б. Библейский человек глазами лингвиста // Человек. – 2007. – №1. – с. 79–92.
5. Евангельский словарь библейского богословия. СПб., 2000.
6. Кузнецова В.Н. Евангелие от Матфея. Комментарий. – М.: Фонд имени Александра Меня. Общедоступный православный университет, 2002. – 567 с.
7. Тролль К. Вопросы мусульман – ответы христиан / Пер. c нем. – К.: Дух i лiтера, 2011. – 280 с.
8. Библейская энциклопедия. М.: Российское библейское общество, 1996.
9. Католическая энциклопедия. М., 2002. Т. 1. Стб. 1729–1730.
10. Богомолов А.С. Античная философия. – М.: Издательство Московского университета, 1985. – 367 с.
11. Жизнь Иисуса. Апостолы / Пер. с фр. Е.В. Святловского. – Мн.: Беларусь, 1991. – 492 с.
12. Гиббон Э. Закат и падение Римской империи. В 7 т. Т. 2. М.: Терра, 1997.
13. Тантлевский И.Р. История Израиля и Иудеи до разрушения Первого храма. – СПб.: Изд. СПб Университета, 2005.
14. Мень А. Сын человеческий. – М.: Изд. «Правда», 1991.

15. Вольтер. Философские сочинения / Пер. с франц. С.Я. Шеймана-Топштейна. – М.: Наука, 1998.


ლისენკო იგორ ვლადიმერის-ძე
დაბ. 1969 წ., ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი, მ.ე. ჟუკოვსკის სახელობის ეროვნული აეროკოსმოსური უნივერსიტეტის კომპიუტერული სისტემებისა და ქსელების კათედრის დოცენტი (ხარკოვი).
ელ.მისამართი: Сigor.v.lysenko@gmail.com.

----------------------------------------------------------
ნათარგმნია: jwapologetica.blogspot.com


ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ:



Комментариев нет:

Отправить комментарий