вторник, 27 апреля 2021 г.

რჯულისა და შაბათის შესახებ



შესაძლოა, როდესაც პირველად წავიკითხეთ გამოცხადების წიგნი, იმ საკითხმა დაგვაინტერესა, თუ რას წარმოადგენდა «ნიშანი - მხეცის სახელი» მე-13 თავის მე-17 მუხლიდან (ბიბლია - საპატრიარქოს გამოცემა). უნდა ითქვას, რომ ისტორიის განმავლობაში გამოცხადების წიგნის სიმბოლური სახეებისა და უშუალოდ ამ ფრაზის ახსნის უამრავი მცდელობა არსებობდა.


მაგალითად, მეშვიდე დღის ადვენტისტთა (მდა) ეკლესიის დამაარსებელი, ელენე (ჰელენ) უაითი (1827 -1915) ერთერთ თავის მთავარ თხზულებაში – წიგნში «დიადი ბრძოლა ქრისტესა და სატანას შორის» (1911) – წერს: 


«წინასწარმეტყველება (გამოცხ. 13) ამბობს, რომ ხელისუფლება, რომელიც კრავის რქებიანი მხეცის სახითაა წარმოდგენილი, "აიძულებს დედამიწას და მიწის მკვიდრთ" თაყვანი სცენ პაპობას, რომელიც "ჯიქის მსგავსი მხეცის..." სახითაა წარმოდგენილი. ეს წინასწარმეტყველება მაშინ შესრულდება, როდესაც შეერთებული შტატები გამოსცემს ბრძანებას კვირა დღის სავალდებულო დაცვის შესახებ, რასაც რომი განსაკუთრებულ ნიშნად – მისი ავტორიტეტის აღიარებად აცხადებს... პოლიტიკოსთა გამყიდველობა სამართლიანობისადმი სიყვარულსა და ჭეშმარიტებისადმი პატივისცემას ანგრევს; და თავისუფალ ამერიკაშიც კი, მმართველები და კანონმდებლები, საზოგადოების კეთილგანწყობილება რომ მოიპოვონ, ერთან დათმობებზე წავლენ და კვირა დღის იძულებითი დაცვის შესახებ კანონს გამოსცემენ… როდესაც შეერთებული შტატების წამყვანი ეკლესიები, რომლებიც იმ დოქტრინების გარშემო არიან გაერთიანებულნი, რომელთაც ყველა მათგანი იზიარებს, სახელმწიფოზე დაიწყებენ ზეგავლენის მოხდენას საკუთარი დადგენილებების დანერგვისა და საკუთარი ორგანიზაციების მხარდაჭერის მიზნით, მაშინ შესაძლებელი იქნება იმის თქმა, რომ პროტესტანტულ ამერიკაში რომაული იერარქიის სახეობა ჩამოყალიბდა, რომლის უცილობელი შედეგიც განსხვავებულად მოაზროვნეების მიმართ სასჯელის სამოქალაქო ზომების გამოყენება გახდება... ადამიანებისთვის კვირა დღის დაცვის იძულებით, პროტესტანტული ეკლესიები ამ ყველაფრით პაპობის, ანუ მცეხის თაყვანისცემას აიძულებენ... და, სახელმწიფო ძალაუფლების დახმარებით ხალხისთვის რელიგიური მოთხოვნების აღსრულების იძულებით, ეკლესიები თვითონვე ქმნიან მხეცის ხატებას; შესაბამისად, აშშ-ში ადამიანებისათვის კვირა დღის აღნიშვნის იძულება იგივე იქნება, რაც მოთხოვნა "თაყვანი სცენ მხეცს და მის ხატებას"».

მოკლედ რომ ვთქვათ, ე. უაითის აზრით, ქრისტიანებისთვის სავალდებულო შაბათი დღის დაცვა, საკანონმდებრო დონეზე, იძულებით იქნება შეცვლილი კვირა დღის დაცვით. ამასთანავე, გამოცემაში «ბიბლიური წინასწარმეტყველებები. დანიელის წიგნი და გამოცხადება» (გამომცემლობა «სიცოცხლის წყარო» მეშვიდე დღის ქრისტიან-ადვენტისტთა ეკლესიის ევრაზიული განყოფილება)  ე. უაითის მოსაზრების თანახმად, ნათქვამია: 
«შაბათს ყველა პატრიარქი იცავდა – აბელიდან მოყოლებული მართალ ნოემდე, აბრაამამდე და იაკობამდე» (გვ. 327).

შემდგომ,  ადვენტისტი ავტორის, ა. ბუიონის წიგნში  «მომავლის ზღვარს მიღმა»  ნათქვამია«შაბათი თუ – ღვთის ბეჭედია, მაშინ მხეცის ნიშანი რა არის?» შემდეგ ავტორი ცდილობს (ჩვენი შეხედულებით, სრულიად უსაფუძვლოდ, თუმცა ადვენტისტთა ეკლესიის დამფუძნებლის წინასწარმეტყველებების მიყოლით) მკითხველი იმ აზრამდე მიიყვანოს, რომ მხეცის ნიშანი – კვირა დღის დაცვაა, რის შემდეგაც ასეთ დასკვნას აკეთებს (და კვლავ, ე. უაითის მიხედვით):  «ეს წინასწარმეტყველება მიუთითებს, რომ ამ ქვეყნიერებაში მოვა დრო, როდესაც ისინი, ვინც შაბათს იცავენ, ვეღარც გაყიდვას შეძლებენ და ვეღარც ყიდვას».

თუ ის, რასაც ადვენტისტები ამტკიცებენ, მართალია, მაშინ ყველა, ვინც განსაკუთრებული სახით არ აღნიშნავენ შაბათ დღეს, მსუბუქად რომ ვთქვათ, მაგრად რისკავენ – არც მეტი და არც ნაკლები, რომ მხეცის ნიშნით ან (ბეჭდით) დანიშნულნი აღმოჩნდნენ. ამიტომ კარგი იქნებოდა ამ საკითხში თუ გავერკვეოდით. ქვემოთ მოყვანილია კითხვა-პასუხების სახით წარმოდგენილი მსჯელობები, თანაც წარმოდგენილი შეკითხვები – როგორც წესი, კითხვით ფორმაში მოყვანილი ის მტკიცებულებებია, რომლებიც 10 მცნების (დეკალოგის) და მათ შორის შაბათის დაცვის აუცილებლობასთან დაკავშირებული მეშვიდე დღის ადვენტისტთა არგუმენტაციას უდევს საფუძვლად.

ბიბლიური მუხლები მოყვანილია ბიბლიის საპატრიარქოს გამოცემიდან. 


შეკითხვა: ხდებოდა თუ არა შაბათის დაცვა მანამ, სანამ ის ებრაელებს ეგვიპტიდან გამოსვლის შემდეგ დაევალებოდათ?

პასუხი: ყოველკვირეული 24-საათიანი შაბათის დაცვის ისტორია ისრაელი ერიდან იწყება უდაბნოში, ძვ.წ. 1513 წელს ეგვიპტიდან გამოსვლის შემდეგ  (გამოსვლა 16:1). ღმერთმა მოსეს უთხრა, რომ გასაოცარი მანანა ორჯერ მეტი იქნებოდა მეექვსე დღეს. როდესაც ეს მოხდა, ერის თავკაცებმა ამის შესახებ მოსეს შეატყობინეს, და ამის შემდეგ იქნა გამოცხადებული შაბათ დღესთან დაკავშირებული ხელშეკრულება (გამოსვლა 16:22,23). ის, რომ ისრაელი იმ დროიდან მოყოლებული გახდა ვალდებული შაბათი დაეცვა, ნაჩვენებია გამოსვლის 16:28, 29-ში ჩაწერილ სიტყვებში. გარდა ამისა, ყურადღება უნდა მივაქციოთ შემდეგ გარემოებებსაც.

პირველი, ისრაელიანები თუ უკვე იცავდნენ შაბათს, მაშინ ის ვერ მოემსახურებოდა ღვთის მიერ მათი ეგვიპტიდან დახსნის შეხსენებას, რაც აშკარად ჩანს მეორე რჯულის 5:12-15-ში ჩაწერილის კონტექტიდან (“ამიტომ გიბრძანა უფალმა, შენმა ღმერთმა, შაბათი დღის შენახვა”, როგორც მე-15 მუხლშია აღნიშნული). 

მეორე, ის გარემოება, რომ ზოგიერთი ისრაელიანი, მანანას შესაგროვებლად მეშვიდე დღესაც გავიდა, აკრძალვის მიუხედავად, იმაზე მიუთითებს (თუმცა ირიბად), რომ შაბათის დაცვა მათთვის ახალ რამეს წარმოადგენდა  (გამოსვლა 16:11–30)

მესამე, მაშინ, როდესაც ისრაელიანები ეგვიპტეში მონები იყვნენ, მათ პრინციპში არ შეეძლოთ შაბათის დაცვა, ეს მცნება უკვე მიცემული რომ ჰქონოდათ. თუ მეორე მხრიდან მივუდგებით, ანუ, თუ ვიტყვით, რომ მონობაში მყოფი ისრაელიანები შაბათს იცავდნენ, მაშინ აშკარაა, რომ ამას მათთვის სერიოზული სირთულეები შეიძლება შეექმნა. და ეს, დიდი ალბათობით, ბიბლიაში აისახებოდა, როგორც იმის მაგალითი, რომ ისინი, როგორც ღვთის რჩეული ერი, საკუთარ რწმენასთან დაკავშირებულ არანაირ კომპრომისზე არ მიდიოდნენ. თუმცა ბიბლიაში ამის მსგავსს ვერაფერს ვპოულობთ.


შეკითხვა: ვრცელდებოდა თუ არა კანონისა და შაბათის მცნების დაცვის მოთხოვნა, მათ შორის სხვა ერებზეც? 

პასუხი:  არა, რადგანაც კანონის აღთქმა მხოლოდ და მხოლოდ ისრაელთან იქნა დადებული. ეს სრულიად ნათლად ჩანს მეორე რჯულის 4:8-ში, სადაც მკაფიო მითითება კეთდება იმასთან დაკავშირებით, რომ ისრაელის გარდა არ არსებობს ისეთი ერი, “რომელსაც ჰქონდეს ასეთი წესები და სწორი სამართალი, როგორც მთელი ეს რჯულია”. ასევე მეორე რჯულის 4:10–13-ში ჩანს, რომ“ათი მცნება” (მუხლი 13) ეგვიპტიდან გამოსულ ისრაელებს მიეცათ. ის, რომ შაბათის დაცვა მხოლოდ ისრაელებს ეხებოდა, ასევე, მაგალითად, ჩანს  ესაიას 58:13,14-ში (რადგან ეს სიტყვები მათ მიმართაა ნათქვამი, ვისი მამაც იაკობია (ანუ ისრაელი)). მსგავსი აზრია მოცემული იერემიას 17:22-ში, საიდანაც ჩანს, რომ “შაბათ დღეს უქმობა” მოითხოვებოდა არა ყველა ხალხისაგან, ვინც დედამიწაზე ცხოვრობდა, არამედ იმ ისრაელიანთა “მამებისგან”, რომელთა მიმართაც იყო ნათქვამი ეს სიტყვები, და ასევე, რაღა თქმა უნდა, იერემიას თანამედროვე ისრაელიანებისგანაც. ასევე ამაზეა საუბარი ნეემიას  9:9,14-ში. მე-9 და მე-14 მუხლების ერთობლივი განხილვა აჩვენებს, რომ “წმინდა შაბათი”, “მცნებები” და “რჯული”  “მამებისთვის” იქნა დაწესებული. ასევე 2 ნეშტთა 2:4-ში ნათქვამია, რომ შაბათის დაცვა “სამარადისოდ აკისრია ისრაელს”, ხოლო ლევიანთა 19:2,3-დან  ჩანს, რომ შაბათის დაცვის მცნება “ისრაელიანთა მთელ საზოგადოებას” ეხებოდა. თავის მხრივ ეს ყველაფერი უშუალოდ უკავშირდება იმას, რაც ფსალმუნების 77:5–7; 147:8,9-შია ჩაწერილი. (ასევე იხ. გამოსვლა 31:12–17; ლევიანნი 26:46; ეზეკიელი 20:10–13; რომაელები 2:14,15).


შეკითხვა:  იყოფა თუ არა ღვთის მიერ მიცემული კანონი ორ ნაწილად: ათ მცნებად და ცერემონიალურ ნაწილად?

პასუხი:   არა, არ იყოფა, იმიტომ რომ არც იესო და არც მისი მოწაფეები არ აკეთებდნენ არანაირ განსხვავებას ეგრეთ წოდებულ მორალურ და ცერემონიალურ კანონებს შორის, ანუ მოსეს კანონსა და ღვთის კანონს შორის. ისინი კანონის სხვა ნაწილებსაც ისევე ციტირებდნენ, როგორც ათ მცნებას (მათე 5:21–48; 22:37–40; რომაელები 7:6,7; 13:8–10; იაკობი 2:10,11). კანონი ერთ მთლიან სისტემას წარმოადგენდა, რაზეც, მაგალითად, წმინდა წერილის შემდეგი ადგილები მიუთითებენ: დანიელი 9:11,13; 3 მეფეები 2:3; 1 ნეშტთა 16:40; 2 მეშტთა 23:18; საქმეები 23:3; ებრაელები 10:28; 1 კორინთელები  9:8,9,20,21.

ასევე რომაელების 13:8–10-ში ჩაწერილიც იმის შესახებ მოწმობს, რომ მოციქული პავლე კანონში ერთ მთლიან სისტემას გულისხმობდა, რადგან მე-9 მუხლში ჩამოთვლილი დეკალოგის 5 მცნებასთან ერთად (გამოსვლა 20:13–17) ასევე“ყველა სხვა მცნებაც” მოიხსენიება. ამ “ყველა სხვა მცნების” რიცხვს, გამოსვლის 20:1-11-ში მოცემული 1-დან 4-ის ჩათვლით მცნებები არ შედის, რადგან ისინი ისრაელებისა და იეჰოვას შორის ურთიერთობებს შეეხებოდა და არა მოყვასთან ურთიერთობას, რის შესახებაც რომაელების 13:8–10-შია საუბარი. ხოლო თუ ასეა, მაშინ კანონის “ყველა სხვა მცნებაში” პავლეს ის მცნებები ესმოდა, რომლებიც დეკალოგში არ შესულა (მაგალითად, ლევიანნი 19:13–18); და დეკალოგის მცნებებისა და სხვა მცნეებების აღსანიშნავადაც პავლე ერთი და იგივე სიტყვა “რჯულს” იყენებს, მის ორ ნაწილად დაყოფაზე ყოველგვარი მითითების გარეშე. იგივეს თქმა შეიძლება იაკობთან მიმართებაშიც. მაგალითად, იაკობის 2:8–11-ში მოცემული მონაკვეთიდან ჩანს, რომ იაკობი რჯულს ორ ნაწილად არ ყოფს, რადგან თავიდან ის ჯერ “სამეფო რჯულს” ახსენებს (იაკობი 2:8ლევიანნის 19:18-დან, რომელსაც დეკალოგთან შეხება არ აქვს, ხოლო შემდეგ დეკალოგის მცნებებს მოიხსენიებს.


შეკითხვა:  ვრცელდება თუ არა შაბათის დაცვის მოთხოვნა ქრისტიანებზე? ან სხვაგვარად თუ ვიტყვით, ქრისტეს სიკვდილით მთლიანი რჯული გაუქმდა თუ მხოლოდ მისი ცერემონიალური ნაწილი?

პასუხი:  არა, არ ვრცელდება, რადგან ქრისტეს სიკვდილით მთლიანი რჯული გაუქმდა. იესო, როგორც წარმოშობით ებრაელი, რჯულს იცავდა და ღვთის სიტყვის შესაბამისად შაბათსაც იცავდა. მან იცოდა, რომ შაბათს კარგი საქმეების კეთება დასაშვები იყო (მათე 12:12). თუმცა ბიბლია ამბობს, რომ  “რჯულის დასასრული ქრისტეა” (რომაელები 10:4), იმ რჯულის, რომლის ქრისტიანებზე მოქმედებაც წყდება, იმიტომ რომ ისინი “განთავისუფლდნენ მისგან [რჯულისგან]” (რომაელები 7:6). წმინდა წერილი ნათლად აცხადებს, რომ ქრისტეს მსხვერპლმა “გაანაქარა... რჯული” და რომ ღმერთმა “სწავლით წარხოცა ჩვენგამო შეთხზული და ჩვენს წინააღმდეგ მიმართული ხელწერილი; შუაგულიდან აიღო და ჯვარს მიალურსმა იგი”. ეს იყო მოსეს მთლიანი რჯული, რომელიც“განქარვებული” და “წარხოცილი” იქნა (ეფესელთა 2:13–15; კოლასელთა 2:14). შესაბამისად, შაბათების მთელი სისტემა, დღეები იქნებოდა ეს თუ წლები, რჯულის დანარჩენ ნაწილთან ერთად იქნა განქარვებული იესო ქრისტეს მსხვერპლით. ეს განმარტავს იმ ფაქტს, თუ რატომ არ განისჯებიან ქრისტიანები იმ შემთხვევაში, თუ მათთვის "ყველა დღე ერთნაირია" (რომაელები 14:4–6; კოლასელები 2:16). 

     გარდა ამისა, 2 ნეშტთა 2:4-ში “შაბათები” ნახსენებია “დღესასწაულებისა” და “ახალმთვარობების” გვერდით. ასეთივე სახით წერია  ნეემიას 10:33; 4 მეფეების 4:23; 1 ნეშტთა 23:31; 2 ნეშტთა 31:3; ესაიას 1:13; ეზეკიელის 46:1,3,4,6; ამოსის 8:5; და ოსიას 2:11-ში. მაგალითად, ახალ ჟენევურ სასწავლო ბიბლიაში, ფსალმუნის 80:4-ის კომენტარში ნათქვამია: 
«ხშირად ახალმთვარობების აღნიშვნა შაბათის ჩვეულებრივ დაცვასთან ერთად მოიხსენიება. იგივეს თქმა შეიძლება კოლასელების 2:16,17-ზე, სადაც “ახალმთვარობას” - “შაბათთან” ერთად “მომავლის ჩრდილი” ეწოდება». 
ეს, პირველ რიგში, კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ შაბათის დაცვა მხოლოდ ისრაელიანებს ეხებოდა, რომლებიც მოსეს რჯულს ემორჩილებოდნენ. მეორე, აქედან ჩანს, რომ შაბათის დაცვის მოთხოვნა ქრისტიანებზე არ ვრცელდება, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში მათ “დღესასწაულებისა” და “ახალმთვარობების” დაცვაც მოუწევდათ. თუმცა, მოციქული პავლეს სიტყვების თანახმად და როგორც კოლასელების 2:13–16-ის კონტექსტიდან ჩანს, ქრისტიანები არ განიკითხებიან იმის გამო, რომ იესო ქრისტეს მსხვერპლის საფუძველზე “დღესასწაულების”, “ახალმთვარობებისა” და “შაბათების” დაცვას შეწყვეტენ, მიუხედავად იმისა, რომ წარმოშობით იუდეველები შეიძლება იყვნენ. 

     მაგალითად, ბიბლეისტი უილიამ ბარკლის კოლასელების 2:16-ზე გაკეთებულ კომენტარებში ნათქვამია: 
«დღეების გნოსტიკური და იუდაური დაცვა (2,16). ისინი ყოველწლიურ დღესასწაულებს, ყოველთვიურ ახალმთვარობებსა და ყოველკვირეულ შაბათებს იცავდნენ. ისინი სპეციალურად ღვთისთვის მიძღვნილი დღეების სიებს ადგენდნენ, რომელთა დროსაც რაღაცეების გაკეთება შეიძლებოდა, რაღაცეების კი არა. ისინი რელიგიას რიტუალთან აიგივებდნენ. დღეების ამგვარი ხაზგასმისადმი მიმართული პავლეს კრიტიკა, სრულიად ნათელი და ლოგიკურია. პავლე ამბობს: "თქვენ რჯულის ყოველგვარი წესების ამ ტირანიისგან დახსნილები ხართ. რატომ გინდათ საკუთარი თავის კვლავ დამონება? რატომ გინდათ იუდაურ კანონს დაუბრუნდეთ და ქრისტიანული თავისუფლება მიატოვოთ?" დღემდე არ მომკვდარა ის სული, რომელიც ქრისტიანობას ნორმებისა და წესების სისტემად აქცევს». 
     ასევე ამასთან დაკავშირებით გამოცემაში «განმარტებითი ბიბლია; ანუ კომენტარები წმინდა წერილის ყველა წიგნზე. ძველ და ახალ აღთქმაზე» (ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტის მეორე გამოცემა, სტოკჰოლმი, 1987) კოლასელების 2:16-ის კომეტარში ნათქვამია: 
«ვინაიდან ქრისტემ ადამიანები მოსეს კანონის რიტუალური დადგენილებების შესრულების ვალდებულებებისაგან გაანთავისუფლა, ამიტომ არავის აქვს კოლასელების განკითხვის უფლება საკვებისა და სასმელის არჩევისადმი თავისუფალი დამოკიდებულების ან მათ მიერ რომელიმე იუდაური დღესასწაულის (დიდი დღესასწაულის), ახალმთვარობის დღესასწაულის ან თუნდაც ჩვეულებრივი შაბათის აღნიშვნის გამო». 

ამ სიტყვებში ასევე ის არის აღსანიშნავი, რომ პავლე არანაირად არ გამოყოფდა შაბათებს დღესასწაულებისა და ახალმთვარობებისაგან ზუსტად ისევე, როგორც ამას ძველი აღთქმის მწერლები აკეთებდნენ ზემოთ მოხსენიებული ბიბლიური მუხლების თანახმად. გარდა ამისა, პავლე საყვედურობდა იმ ზოგ ქრისტიანს, რომლებიც “ქვეყნიერების უმწეო და უბადრუკ საწყისებთან” დაბრუნებას ცდილობდნენ (გალატელები 4:9–11) და ასევე “დღეებს და თვეებს, წელიწადის დროებსა და წლებს” უკვირდებოდნენ. მაგალითად, რაც შეეხება გალატელთა 4:10-ს, ბიბლიის აღდგენილ თარგმანში (რუს.) სიტყვა  “დღეების” სქოლიოში ნათქვამია: «შაბათები, ახალმთვარობები», ხოლო სიტყვა “წლების” სქოლიოში: «სავარაუდოდ, შაბათის წლები». ამის მსგავსად, ვ.ნ. კუზნეცოვას თარგმანში (რუს.) სიტყვა “დღეების” სქოლიოში წერია: «დღეები – შაბათები», ხოლო სიტყვა “წლების” სქოლიოში: «ან შაბათის წლები, ან ახალი წლის აღნიშვნა»

ამგვარად გამოცემაში «განმარტებითი ბიბლია; ანუ კომენტარები წმინდა წერილის ყველა წიგნზე. ძველ და ახალ აღთქმაზე» (ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტის მეორე გამოცემა, სტოკჰოლმი, 1987) გალატელების 4:10-ის კომენტარში ნათქვამია: 
«დღეები – ეს, პირველ რიგში, წმინდა შაბათია, და ასევე, შესაძლოა, ის ორი დღე იყო, რომლის დროსაც ფარისეველები მარხულობდნენ ყოველკვირეულად (იხ. ლუკა XVIII, 12), და 14 ნისანი, რომლისთვის თვალის დევნება და გამოთვლაც იყო საჭირო, და, ბოლოს, ახალმთვარობის დღე … წლები – შაბათის (ყოველი მეშვიდე წელი) და საიუბილეო (ყოველი ორმოცდამეათე)».


იმ მოსაზრების სასარგებლოდ, რომ შაბათის დაცვის მოთხოვნა ქრისტიანებზე არ ვრცელდება, ასევე შემდეგი გარემოებაც მეტყველებს. პირველ რიგში, კითხვა უნდა დაისვას: «როგორი იყო ადრექრისტიანული თემების შემადგენლობა?». სრულიად აშკარაა, რომ თავიდან ეს უპირატესად წარმოშობით იუდეველები (როგორც თავად პალესტინაში, ისე მის გარეთ მცხოვრებნი) და პროზელიტები იყვნენ, ანუ იუდაიზმში მოქცეული წარმართები. შემდეგ, დანიელის 9:27-ში ჩაწერილი წინასწარმეტყველების შესაბამისად (“იგი მრავალთან განამტკიცებს აღთქმას ერთ შვიდეულში”), ქრისტიანები არაიუდეველები ხდებიან. შემდგომ, იმ ყოფილი წარმართების თვალსაზრისით, რომლებიც ქრისტეს მიმდევრები გახდნენ, შაბათის დაცვა ისეთივე სპეციფიკური, უაღრესად იუდაური  ღონისძიება იყო, როგორც წინადაცვეთა, მეათედის გადახდა და უწმინდური საკვების არგამოყენება. ამიტომ სრულიად სამართლიანად გაჩნდა შეკითხვა იმასთან დაკავშირებით, უნდა დაეცვათ თუ არა ქრისტიანობაში მოქცეულ წარმართებს მოსეს რჯული და, კერძოდ, უნდა დაეცვათ თუ  არა წინადაცვეთა. ღვთის სულის ხელმძღვანელობით მოციქულებმა დაადგინეს, რომ “არ აგკიდოთ ზედმეტი ტვირთი, გარდა იმისა, რაც აუცილებელია: ეკრძალეთ ნაკერპალსა და სისხლს, დამხვრჩალს და სიძვას.” (საქმეები 15:6,20,28,29). როგორც ვხედავთ, ამ მოთხოვნებს შორის შაბათის დაცვის მითითება არ არის. და რადგანაც ქრისტიანებს, მათი წარმოშობის მიუხედავად, “ერთსულოვნება” და “ერთიანობა” უნდა შეენარჩუნებინათ (რომაელები 15:5,6; 1 კორინთელები 1:10; 2 კორინთელები 13:11), დროთა განმავლობაში იუდეველი ქრისტიანების მიერ, რომლებიც გარკვეული დროის განმავლობაში ჯერ კიდევ მიჰყვებოდნენ რჯულს და შაბათსაც იცავდნენ, გაცნობიერებული იქნა, რომ “რჯულის დასასრული ქრისტეა” (რომაელები 10:4) და რომ ქრისტემ “გაანაქარა... აღთქმათა რჯული კი - მოძღვრებით, რათა ... ორისაგან [წარმოშობით იუდეველებისა და წარმართებისაგან] ერთი ახალი კაცი შეექმნა თავის თავში” (ეფესელები 2:14–18).

ასევე წმინდა წერილის შემდეგი ადგილები: რომაელები 6:14–17; 2 კორინთელები 3:7–11; 5:5,6; ებრაელები 8:6,7,13; 10:9 მიუთითებენ მთელი კანონის, და მათ შორის შაბათის მცნების გარდამავალ ხასიათზე. 

ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთი გარემოება უნდა აღინიშნოს. პირველ ქრისტიანებს შორის საკმაოდ ბევრი მონა იყო, რომლებიც საკუთარ ბატონებს უნდა დამორჩილებოდნენ (ეფესელთა 6:5; კოლასელთა 3:22). ძალიან რთულია იმის წარმოდგენა, როგორ შეეძლოთ ქრისტიან-მონებს შაბათის დაცვა, თუ ვივარაუდებთ, რომ მისი დაცვა მათთვის სავალდებული იყო, და ამავდროულად საკუთარ ბატონებსაც უნდა დამორჩილებოდნენ (რაც განსაზღვრული სამუშაოს შესრულებას ნიშნავდა), რომლებისთვისაც, აშკარაა, რომ შაბათი, კვირის სხვა დღეებისგან არაფრით განსხვავდებოდა. 


შეკითხვა: თუ რჯული და მასთან ერთად შაბათის მცნებაც გაუქმებულია, მაშინ, ეს იმას ნიშნავს, რომ ღვთის მიერ მოცემული ყველა ზნეობრივი დადგენილებებიც გაუქმებულია?

პასუხი: რაღა თქმა უნდა, არა. ის, რომ ქრისტეს სიკვდილით მთელი კანონი იქნა გაუქმებული, იმას არ ნიშნავს, რომ ღვთის მიერ დადგენილი ყველა ზნეობრივი ნორმები და პრინციპებიც გაუქმდა, როგორც ამის შესახებ ნათლადაა ნათქვამი რომაელების 6:15,16-ში (იხ. ასევე გალატელები 5:24–26; ებრაელები 10:26,27). კანონის გაუქმება ნიშნავს იმ წყობის გაბათილებას, რომელიც ღმერთს ისრაელისთვის ჰქონდა დადგენილი, თავისი რჩეული ერის მესიის მოსვლისთვის მოსამზადებლად (გალატელები 3:23–25). ამიტომ მას შემდეგ რაც ქრისტემ საკუთარი როლი შეასრულა და “რჯული აღასრულა” (მათე 5:17), ღმერთი “ახალ აღთქმას” (ანუ წყობას) ადგენს (2 კორინთელები 3:6), რომლის დროსაც მისი კანონები “მათ გულებში” და “გონებაში” იქნება ჩაწერილი (ებრაელები 10:16), ასე რომ “მსახურება[ს] სიკვდილისა, ქვებზე ასოებით გამოსახული” (2 კორინთელები 3:7) [ქვებზე ანუ ფილებზე იყო დაწერილი 10 მცნება], უკვე ძალა აღარ ექნება (“წარმავალს” 2 კორინთელების 3:11-ის თანახმად), ქრისტიანთაგან კი “სულის მსახურება” მოითხოვება (2 კორინთელები 3:8).


შეკითხვა:  კი მაგრამ განა მათეს 5:17,18; ებრაელების 4:9; იაკობის 2:10,11 და ესაიას 66:23 რჯულისა (10 მცნების) და მათ შორის შაბათის მცნების გარდაუვალობაზე არ მიუთითებენ?

პასუხი:  პირველ რიგში, რაც შეეხება მათეს 5:17,18-ს. რას ნიშნავს ”ყოველივე” მე-18 მუხლში? ეს ნიშნავს, რომ იესომ უნდა გამოისყიდოს კაცობრიობა ცოდვისა და სიკვდილისგან, და ამ გაგებით მოვიდა ის “რჯულის აღსასრულებლად” (მუხლი 17) და, «რაკიღა მიხვდა, რომ უკვე დასრულდა ყველაფერი» (იოანე 19:28), უშუალოდ სიკვდილის წინ ეს დაადასტურა, როცა თქვა: “აღსრულდა” (იოანე 19:29). ზუსტად ამიტომ შეეძლო მოციქულ პავლეს იმის თქმა, რომ “რჯულის დასასრული ქრისტეა” (რომაელები 10:4), ასევე იმის, რომ “რჯული ჩვენი აღმზრდელი აღმოჩნდა, რომელმაც მიგვგვარა ქრისტეს” (გალატელები 3:24). 

ამასთან დაკავშირებით საინტერესოა იმის აღნიშვნა, რომ გალატელების 3:25-ის ბიბლიის აღდგენილი თარგმანის სქოლიოში წერია: «რადგან ქრისტეს რწმენა მოვიდა, აღარაფერში გვჭირდება დამცველი კანონის ქვეშ დარჩენა». კვლავ ამასთან დაკავშირებით, კარგი იქნება თუ იმ სიტუაციას გავიხსენებდით, რომელიც მათეს 19:16–19-შია აღწერილი, საიდანაც ჩანს, რომ იესომ, როდესაც ახალგაზრდა მდიდარი მამაკაცის შეკითხვას პასუხობდა იმასთან დაკავშირებით, თუ რა უნდა გაეკეთებინა, “საუკუნო სიცოცხლე რომ [ჰქონოდა]”, დეკალოგის მოთხოვნები ჩამოთვალა, თუმცა ამავდროულად შაბათი დღის მცნება, როგორც დასაცავად აუცილებელი, არ უხსენებია. 

      შემდგომ, რაც შეეხება ებრაელების 4:9-ს. წმინდა წერილის ამ ადგილის იმის არგუმენტად გამოყენება, რომ ქრისტიანებზე შაბათის დაცვის მოთხოვნა ვრცელდება, არაკორექტულია, რადგან მთელი კონტექსტი (მე-4 თავის 1-დან მე-11 მუხლამდე) გვიჩვენებს, რომ ღვთის ერს ჯერ კიდევ წინ ელის სიმშვიდეში შესვლა, ანუ, შაბათის მომავალში მიღება (1 და 6 მუხლები). ამიტომ, მაგალითად, ვ.ნ. კუზნეცოვას თარგმანში (რუს.) ეს მუხლი ასე ჟღერს: “ასე რომ, შაბათის დასვენება ჯერ კიდევ წინ ელის ღვთის ხალხს”, ხოლო თანამედროვე თარგმანში (რუს.)“თუმცა ჯერ კიდევ მოვა მეშვიდე დღე, დასვენების დღე ღვთის ხალხისათვის”. ასევე ახალი ჟენევური სასწავლო ბიბლიის ამ მუხლის კომენტარში ნათქვამია: «შაბათის საბოლოო აღნიშვნა (ღვთის მოსვენებაში შესვლა) ღვთის ერს მომავალში ელის».

      რაც შეეხება იაკობის 2:10,11-ს, აქ ორი გარემოება უნდა იქნას გათვალისწინებული. პირველი, როგორც ზემოთ უკვე ვახსენეთ და როგორც კონტექსტიდან ჩანს, თვითონ იაკობი კანონს ორ ნაწილად არ ყოფს, რადგან ჯერ “სამეფო რჯულს” მოიხსენიებს (იაკობი 2:8ლევიანების 19:18-დან, რომელიც დეკალოგს არ ეხება, შემდეგ კი დეკალოგის მცნებები მოჰყავს. მეორე, როგორც უკვე ვთქვით, იუდაური წარმოშობის ქრისტიანები გარკვეული დროის განმავლობაში კვლავ აგრძელებდნენ მოსეს რჯულის დაცვას და წარმართული წარმოშობის ძმებისთვის დასაცავად სავალდებულოდაც კი ცდილობდნენ ქცევას (საქმეების მე-15 თავი). მაგალითად, ბიბლიის აღდგენილ თარგმანში (რუს.), იაკობის 2:10-ის კომენტარში წერია: 
«8-10 მუხლებში ნათქვამიდან ჩანს, რომ იაკობის დროს იუდაური წარმოშობის მორწმუნეები ჯერ კიდევ აგრძელებდნენ ძველიაღთქმისეული კანონის დაცვას. ეს თანხმობაში მოდის საქმეების 21:20-ში ჩაწერილ სიტყვებთან, რომელიც იაკობმა და უხუცესებმა პავლეს უთხრეს იერუსალიმში. იაკობი, იერუსალიმში მყოფი უხუცესები და ათასობით მორწმუნე, კვლავ განაგრძობდნენ ქრისტიანული რწმენისა და მოსეს კანონის ნაზავის მიყოლას … ისინი ვერ აცნობიერებდნენ, რომ კანონის გაუქმება სრულად იყო დასრულებული და რომ მთლიანად უნდა დამორჩილებოდნენ მადლმოსილ წყობას». 
ამიტომ იაკობის 2:10,11-ის კონტექსტის გაუთვალისწინებლად (მუხლები 8,9) განხილვა, არაკორექტულია, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ზემოთ ნათქვამის გათვალისწინებით, იაკობის 2:10,11-ში ჩაწერილი სიტყვები არ შეიძლება იმის არგუმენტად იქნეს გამოყენებული, რომ ქრისტიანებს შაბათის დაცვა ევალებათ.

       რაც შეეხება ესაიას 66:23-ს, ფრაზა «ახალი მთვარობიდან ახალ მთვარემდე, შაბათიდან შაბათამდე» წინასწარმეტყველური აზრი იმ თაყვანისცემის რეგულარულობაზე მიუთითებს, რომელიც ღვთისკენ იქნება მიმართული და არა იმაზე, რომ ის უშუალოდ შაბათ დღეს აღსრულდება. იმაში რომ დავრწმუნდეთ, რომ ეს მართლაც ასეა, შეგვიძლია ყურადღება იმას მივაქციოთ, თუ როგორ ჟღერს ეს წინადადება ბიბლიის სხვა თარგმანებში. მაგალითად, საპატრიარქოს გამოცემაში მოცემული ფრაზა «ახალი მთვარობიდან ახალ მთვარემდე» თანამედროვე თარგმანში (რუს.) ასე ჟღერს «თვის ყოველ პირველ დღეს», ამ სიტყვების კომენტარში კი წერია: «თვის პირველი დღე – ბუკვ.: “ახალმთვარობა”, თვის პირველი დღე და თაყვანისცემის განსაკუთრებული დღე ებრაულ კალენდარში». ეს სრულად ეთანხმება იმას, თუ როგორ ჟღერს საპატრიარქოს გამოცემაში მოცემული ფრაზა “ახალი მთვარობიდან ახალ მთვარემდე” ბიბლიის სხვა თარგმანებში. მაგალითად, ინგლისურენოვან თარგმანებში: American Standard Version (“from one new moon to another” – სიტყვასიტყვით: “ერთი ახალმთვარობიდან მეორემდე”) და ს. ბაინგტონის თარგმანში (“from each new moon” – სიტყვასიტყვით: “ყოველი ახალმთვარობისას”).

     ამიტომ, რადგან არც დღეს და არც მომავალში არ მოითხოვება ქრისტიანებისგან ახალმთვარობების აღნიშვნა, მაშინ, პირველი, როგორც ზემოთ უკვე ითქვა, ესაიას 66:23-ში ჩაწერილი სიტყვები მიუთითებს ღვთის თაყვანისცემის რეგულარულობაზე, და მეორე, იმაზე, რომ ქრისტიანებისთვის არც შაბათის დაცვის აუცილებლობა არსებობს, ეს კი თავის მხრივ იმას ეთანხმება რაც ზევით გალატელთა 4:10,11-თან დაკავშირებით დავწერეთ. აქ გადმოცემული აზრი მხარდაჭერას ახალ ჟენევურ სასწავლო ბიბლიაში ესაიას 66:23-ზე გაკეთებულ კომენტარშიც პოულობს, სადაც ნათქვამია: 
«ახალი ერის დადგომისას, მთელი სამყარო უფალს განადიდებს. ქრისტიანულ ეკლესიაში მარადიული და უწყვეტი ღვთისმსახურების შესაძლებლობა გაჩნდება, რომელშიც ჩართული იქნება “ყოველი ხორციელი”».       


შევაჯამოთ.

იოანეს 13:34-35-ის თანახმად, მათ ნიშანს, ვისაც ღმერთი იწონებს, სიყვარულის გამოვლენა წარმოადგენს და არა შაბათის დაცვა, და ეს თანხმობაშია 1 იოანეს 3:14-თან, საიდანაც ჩანს, რომ ქრისტიანი “სიკვდილიდან სიცოცხლეში” იმიტომ კი არ გადადის, რომ შაბათს იცავს, არამედ იმიტომ რომ სიყვარულს ავლენს, და ზუსტად “ვისაც უყვარს მოყვასი, მან აღასრულა რჯული” (რომაელები 13:8), და არა შაბათის დამცველმა. ხოლო გალატელების 5:6-ის თანახმად, შაბათის დაცვას კი არ აქვს ძალა, არამედ “რწმენას, რომელიც მოქმედებს სიყვარულით”.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე, არ არსებობს იმის საფუძველი, რომ მეშვიდე დღის ადვენტისტთა დამაარსებლის მიმდევართა კვალდაკვალ მიგვაჩნდეს, რომ ღვთის ბეჭდით ისინი ინიშნებიან, ვინც შაბათს იცავს, და რომ «მხეცის ნიშნით» ისინი დაინიშნებიან, ვინც კვირა დღეს ისე იცავს, როგორც თაყვანისმცემლობისთვის განკუთვნილ დღეს.

ამით შეგვეძლო კიდეც დაგვესრულებინა წამოწეული საკითხის განხილვა, თუმცა, ადვენტისტების მიერ შაბათის დამცველებად და არდამცველებად ადამიანთა კატეგორიული დაყოფა, შეუძლებელია გარკვეულ კითხვებს არ იწვევდეს, ასე მაგალითად:

1. იმ მილიარდზე მეტ მუსულმანს რა ვუყოთ, რომლებისთვისაც წმინდა დღეს შაბათი ან კვირა კი არა, პარასკევი წარმოადგენს?

2. ან მილიარდზე მეტ ინდუისტს და ბუდისტს, რომლებთანაც რომელიმე განსაკუთრებულ დღეზე საუბარიც კი არ არის?

3. იმ უამრავ ხალხს რა ვუყოთ, რომლებიც საკუთარი ათეისტური პოზიციის შესახებ აცხადებენ ან აგნოსტიკოსებსა და პანთეისტებს რა ვუყოთ, და შესაბამისად, ისეთ ხალხს, რომელთა წინაშეც ღვთის თაყვანისცემის საკითხი საერთოდ არ დგას?

მეშვიდე დღის ადვენტისტთა ეკლესიის (და მისგან გამოყოფილი რელიგიური გაერთიანებების, რომლებიც ამ საკითხთან დაკავშირებით მათ აზრს იზიარებენ) წარმომადგენლებთან ურთიერთობის მრავალწლიანი გამოცდილება აჩვენებს, რომ ისინი, როგორც წესი, ასეთი შეკითხვებისთვის მზად არ არიან, ხოლო თუ ცდილობენ კიდეც მათზე პასუხის გაცემას (ხშირად ერთმანეთისგან განსხვავებულად), მაშინ ისიც ვარაუდების დონეზე. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს იმის გამო არ ვამბობთ, რომ გულწრფელად მორწმუნე ადვენტისტები განვსაჯოთ, რომელთა შორისაც, აშკარაა, რომ მრავალი კეთილი გულის მქონე ღვთისმოშიში ადამიანია. შეიძლება, განხილულმა საკითხებმა ისინი იმისკენ აღძრას, რომ გაცილებით ფართოდ შეხედონ სიტუაციას და ასეთი კატეგორიულები არ იყვნენ, როდესაც იმას ამტკიცებენ, რომ ადამიანისთვის შაბათის დაუცველობა მარადიული სიცოცხლის შესაძლებლობის დაკარგას უდრის. 


იგორ ლისენკო
igor.v.lysenko@gmail.com
------------------------------------------------

ნათარგმნია: jwapologetica.blogspot.com

Комментариев нет:

Отправить комментарий